გიორგი ვაწაძე – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პირველი რექტორი

Поделитесь:

სნეულთა კურნება ვაწაძეთა გვარის მთავარ მოწოდებად მას შემდეგ იქცა, რაც სპირიდონ ვაწაძემ სასულიერო მოღვაწეობას ექიმობა არჩია და ექიმთა დინასტიას დაუდო სათავე. ცნობილმა ფიზიოლოგმა, ჯანდაცვის ორგანიზატორმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პირველმა რექტორმა გიორგი ვაწაძემ მამის საქმე ღირსეულად გააგრძელა.

ადრეული წლები

გიორგი ვაწაძე 1893 წლის 15 დეკემბერს თბილისში დაიბადა. მამამისმა სპირიდონ ვაწაძემ, ნიკოლოზ II-ის ძმის გიორგი რომანოვის მკურნალმა ექიმმა, პირველმა შეისწავლა ბორჯომის მინერალური წყლების სამკურნალო თვისებები, ავლაბარში, არამიანცის საავადმყოფოს ტერიტორიაზე, გახსნა პირველი ინფექციური ბარაკი, შექმნა ტუბერკულოზთან მებრძოლი პირველი მრავალპროფილური კომისია და თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების პირველი სამსახური დააარსა. გიორგის დედა, მარია ხრისტიჩი, მამით სერბი და დედით ქართველი (სურგუნაშვილი) იყო. მისი დიდი პაპა ერეკლე II-ის დროს ქალაქის თავი ყოფილა. სპირიდონსა და მარიას ექვსი შვილი ჰყავდათ. უფროსი, ალექსანდრე, რევოლუციის შემდეგ იტალიაში წავიდა, წლების შემდეგ კი, მოარული ხმების თანახმად, ამერიკაში გადასახლდა და იქვე გარდაიცვალა. მეორე ვაჟი, იოსები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი და მანქანათმცოდნეობის კათედრის გამგე იყო. პირველი ტრამვაი თბილისში მას შემოუყვანია. მასვე მოუწყვია ქალაქში პირველი ელექტრო- და წყალგაყვანილობა. იოსების ინიციატივით დაწყებულა რიონჰესის მშენებლობა. სპირიდონის კიდევ ერთი ვაჟი, ერასტი, ახალგაზრდა გარდაიცვალა. ქალიშვილი ნინა ცნობილი პიანისტი გახდა.

1911 წელს გიორგი ვაწაძემ ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზია, მაგრამ გამოსაშვებ საღამოზე მედლის მიღებაზე უარი განაცხადა – არა ოქროს, არამედ ცოდნის მისაღებად ვსწავლობო. რამდენიმე დღის შემდეგ ის გიმნაზიის დირექტორმა დაიბარა, ჯილდო მაინც გადასცა და აუხსნა, რომ მედალი უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებისას გამოადგებოდა.

მალე მომავალი ექიმი მოსკოვში გაემგზავრა და ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

პირველი მსოფლიო ომის დროს მეხუთეკურსელი გიორგი “წითელი ჯვრის” მოხალისეთა რაზმში ჩაეწერა. 1915 წელს პეტერბურგში, იმპერატორის სასახლეში, დედოფალმა მარიამმა ოფიცერთა ჯგუფი დააჯილდოვა. დაჯილდოებულთა შორის გიორგი ვაწაძეც იყო.

სამედიცინო სასწავლებელის წარჩინებით დამთავრების შემდეგ გიორგიმ რუსეთში განაგრძო სამედიცინო საქმიანობა, მაგრამ მამის ავადმყოფობის გამო თბილისში დაბრუნება მოუხდა.

1918 წლის მაისში თბილისის მაშინდელმა გამგებელმა ახალგაზრდა სპეციალისტი სოფელ დიღმის საერობოს უბნის ექიმად დანიშნა.

მალე რუსეთიდან ახალდაბრუნებულმა ივანე ბერიტაშვილმა გიორგი ვაწაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ფიზიოლოგიის კათედრაზე მუშაობა შესთავაზა. ახალგაზრდა მეცნიერმა სიხარულით მიიღო ეს წინადადება.

1921 წელს გიორგი ვაწაძე სათავეში ჩაუდგა თბილისის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის ჯანმრთელობის განყოფილებას, მოგვიანებით კი ჯანდაცვის სახალხო კომისრის მოადგილედ და საკურორტო სამმართველოს უფროსად დაინიშნა. თანამდებობაზე ყოფნისას ის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებს. მისი ინიციატივითა და ძალისხმევით, საქართველოს აგარაკებზე გაიხსნა ბავშვთა საზაფხულო გამაჯანსაღებელი ბანაკები, ჩვილთა სანატორიუმები.

გიორგი ვაწაძე დაინტერესებული იყო ბორჯომის, აბასთუმნის, უწერის მინერალური წყლების ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედებით. თავადვე იკვლევდა ბორჯომის გავლენას საჭმლის მონელებისა და ნივთიერებათა ცვლის პროცესებზე. მას კარგად ესმოდა ქართული ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობა ტურიზმის განვითარებისთვის.

გიორგი ვაწაძის საოჯახო არქივში ასეთ ისტორიას წავაწყდით: 1924-1925 წლებში ბორჯომში განათლების საკავშირო სახალხო კომისარმა ლუნაჩარსკიმ დაისვენა და ისე მოეწონა იქაურობა, რომ მოისურვა, ბორჯომი რუსეთის გამგებლობაში გადასულიყო. რამდენიმე ხნის შემდეგ საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სახალხო კომისარიატმა ამის თაობაზე ოფიციალური ბრძანება მიიღო. გიორგი ვაწაძე ექიმთა ჯგუფთან ერთად მოსკოვში ჩავიდა რუსეთის ჯანდაცვის სახალხო კომისარ ნიკოლაი სემაშკოსთან შესახვედრად, მაგრამ ვერ გადააფიქრებინა. მაშინ ვაწაძეს დიდი გამბედაობა და გამჭრიახობა გამოუჩენია და უთქვამს, რაკი სხვა გზა არ არის, იძულებული ვარ, ყოველივე, რაც აქ ითქვა, სტალინს მოვახსენოო. ამის გაგონებაზე დამფრთხალ კომისარს უმალვე შეუცვლია გადაწყვეტილება. ასე დარჩა ბორჯომი საქართველოს.

1926 წელს გიორგი ვაწაძე მეუღლესთან, პელაგია ბერეჟიანთან, და ორი წლის ქალიშვილთან თინათინთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა. ბერლინში ის ჯერ რონის ლაბორატორიაში მუშაობდა, მოგვიანებით კი კიოლნის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში პროფესორ რობერტ ვებერთან ერთად. ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართველ ექიმს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

გერმანიაში გიორგი საქართველოდან წასულ სხვა ახალგაზრდა მეცნიერებს დაუახლოვდა. ცნობილი თერაპევტები მიხეილ წინამძღვრიშვილი და ნიკო მახვილაძე, უროლოგი ვლადიმერ ხაზარაძე, ოტორინოლარინგოლოგი დავით თევზაძე, ბიოლოგი ლევან ლეონიძე და სხვები ხშირად იკრიბებოდნენ და, სამშობლოს ბედით შეწუხებულები, ქვეყნის დახმარების გეგმებს სახავდნენ.

გერმანელმა კოლეგებმა გიორგის დარჩენა შესთავაზეს, მაგრამ მან ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნება არჩია.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ გიორგი ვაწაძემ კვლავ ივანე ბერიტაშვილთან განაგრძო მუშაობა.

1930 წელს, როცა სახელმწიფო უნივერსიტეტისგან სამედიცინო ფაკულტეტის გამოყოფისა და დამოუკიდებელ უმაღლეს სასწავლებლად ჩამოყალიბების საკითხი დაისვა, ივანე ჯავახიშვილმა ახალი ინსტიტუტის რექტორის თანამდებობაზე გიორგი ვაწაძეს გაუწია რეკომენდაცია. იმავე წლის ოქტომბრიდან ვაწაძემ თანამოაზრეებთან ერთად დაიწყო სასწავლო-სამეცნიერო პროცესის ხელმძღვანელობა. მისი თაოსნობით აშენდა ორი სასწავლო კორპუსი და საერთო საცხოვრებელი 360 სტუდენტისთვის. ახალ სამედიცინო სასწავლებელში თავდაპირველად სამი ფაკულტეტი იყო: სამკურნალო-პროფილაქტიკური, სანიტარულ-პროფილაქტიკური და ფარმაკოქიმიური, – სადაც დიდი ენთუზიაზმით მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ქართველი მედიკოსები.

დიდი ტერორის ეპოქამ არც გიორგი ვაწაძეს აუარა გვერდი. 1937 წლის დასაწყისში ის კომუნისტური პარტიის რიგებიდან გარიცხეს და ინსტიტუტის რექტორობიდან მოხსნეს, თუმცა გადასახლებასა და დახვრეტას სასწაულებრივად გადაურჩა. უდრეკი ხასიათის წყალობით, ფარ-ხმალი არ დაუყრია. საქართველოს ერთიან სამედიცინო საზოგადოებას ჩაუდგა სათავეში, ჟურნალ “საბჭოთა მედიცინის” რექტორობაც ითავა, ხოლო ფიზიოლოგიის კათედრის ბაზაზე კვების ფიზიოლოგიის ლაბორატორია გახსნა, რომლის პრაქტიკული მნიშვნელობა განსაკუთრებით აშკარა გახდა მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ამ ლაბორატორიაში მიიღეს ჩ ვიტამინი, აციდოფილური რძე დიზენტერიით დაავადებულთათვის, პელაგრის საწინააღმდეგო და ფრუქტოზის შემცველი პრეპარატები.

1944 წელს გიორგი ვაწაძეს მიენიჭა მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება ომის პერიოდში გაწეული ღვაწლისთვის, თუმცა აღიარებასთან ერთად დაიწყო მისი თორმეტწლიანი გოლგოთაც.

1945 წლის 4 აპრილს ლექციიდან გამოსულ პროფესორს კაბინეტში ორი ახალგაზრდა დახვდა, რომლებმაც დასაკითხად უშიშროების მაშინდელი მინისტრის ავქსენტი რაფავას აგარაკზე წაიყვანეს. იქვე დაახვედრეს მეუღლე პელაგიაც. დაკითხვის შემდეგ გიორგი ვაწაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სარდაფში მოათავსეს. რამდენიმე დღის შემდეგ ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ ბრალდებულს ფსიქიკური აშლილობის ნიშნები გამოუვლინდა და თუ მდგომარეობა მოკლე ხანში არ გამოსწორდებოდა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანდნენ. რამდენიმე თვეში ვაწაძეს ათი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. საბედნიეროდ, ოჯახის სხვა წევრებს რეპრესიები არ შეხებიათ – არც მეუღლე დაუპატიმრებიათ და მისმა ერთადერთმა ქალიშვილმა, სამედიცინო ინსტიტუტის მეოთხე კურსის სტუდენტმაც შეინარჩუნა სტალინური სტიპენდია.

გამანაწილებელი ციხიდან მეცნიერი თბილისში, ავჭალის შრომით-გამასწორებელ ბანაკში გადაიყვანეს, ხოლო 1949 წელს, საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის კანდიდ ჩარკვიანის ბრძანებით, შუა აზიაში, ყარაგანდის მახლობლად განლაგებულ სპასკის შრომით-გამასწორებელ ბანაკში განაწესეს. მის ბიოგრაფიაში არის ასეთი ეპიზოდიც: პატიმრები ყარაგანდისკენ უდაბნოს გავლით ფეხით მიჰყავდათ. როცა დასასვენებლად დასხდნენ, გიორგიმ ჩანთა გახსნა და იქიდან შემთხვევით სტეთოსკოპი გადმოუვარდა. ამის დანახვაზე პატიმრები მოწიწებით შემოეხვივნენ გარს და სიხარულით გაიძახოდნენ, ექიმი, ექიმიო.

ყარაგანდაში პროფესორმა მალევე შემოიკრიბა თანამოაზრეთა ჯგუფი, თუმცა განსაკუთრებული სიახლოვე ცნობილ ქართველ ისტორიკოსთან, 1932 წელს გადასახლებულ ალექსანდრე წერეთელთან აკავშირებდა.

სასჯელის ვადის ამოწურვის შემდეგ მამის მოსანახულებლად და სამშობლოში ჩამოსაყვანად თინათინ ვაწაძე გაეგზავრა, თუმცა პირველ ხანებში ექიმს თბილისში ცხოვრება აეკრძალა, მისი საქმე კი სამხედრო პროკურატურას გადაეცა. 1958 წელს მოხდა გიორგი ვაწაძის რეაბილიტაცია.

ყველასგან მიტოვებული მეცნიერი ძველმა მეგობარმა ივანე ბერიტაშვილმა შეიფარა – ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ბიოფიზიკისა და ზოგადი რადიოლოგიის ლაბორატორიის ორგანიზება დაავალა, რომელსაც გიორგი ვაწაძე სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. უკვე ხანში შესულმა მეცნიერმა შესამჩნევი წვლილი შეიტანა იმ დროისთვის სრულიად ახალი მიმართულების, რადიოლოგიის, განვითარებაში. კვლევით საქმიანობასთან ერთად გიორგი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც დაუბრუნდა, უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე რადიობიოლოგიის კურსს კითხულობდა და ამ დარგში ჩატარებული სამუშაოების კოორდინატორიც იყო.

გიორგი ვაწაძე 1971 წლის 4 ოქტომბერს, 77 წლისა, თბილისში გარდაიცვალა.

მარი მარღანია

Поделитесь: