ძაღლი და ტემპერამენტი
Поделитесь:
ძაღლების ხასიათსა და ქცევის თავისებურებებზე დაკვირვება ყოველთვის საინტერესოა, პატრონისთვის კი აუცილებელიც, თუ მისი მიზანი ოჯახის ოთხფეხა წევრთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაა.
თითოეული ძაღლი ინდივიდუალური ხასიათით გამოირჩევა. მისი ხასიათის თვისებები, შესაძლოა, განპირობებული გარემოთი, ჯიშისთვის სახასიათო ნიშნებით, აღზრდის თავისებურებებით, თუმცა ამ ფაქტორების მიღმაც იკვეთება ზოგადი კანონზომიერებანი – სხეულებრივ-დინამიკური (მოძრაობაში ასახული სიზანტე-სიმკვირცხლე) და ფსიქიკური მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც ვლინდება ყოველდღიურობაში, გარემოსა და გარშემო მყოფების მიმართ დამოკიდებულებაში. ამას შეგვიძლია ძაღლის ტემპერამენტი ვუწოდოთ.
ტემპერამენტის ცნებას კაცობრიობა უძველესი დროიდან იცნობს. ჰიპოკრატეს კლასიფიკაციის თანახმად, სანგვინიკი სიცოცხლით სავსე, ენერგიული, გულღია ადამიანია. ახასიათებს სწრაფი რეაქცია, ცვალებადი განწყობა და ახალი გამოცდილებისთვის მუდმივი მზადყოფნა. ადვილად ამყარებს კონტაქტს, სწრაფად ენთება, მაგრამ ასევე მალე უქრება ინტერესი.
ქოლერიკული ტემპერამენტის ადამიანი ძლიერი, მიზანდასახული და ფეთქებადია. აქვს სხარტი გონება და მოქმედების იმპულსი ადვილად უჩნდება. ქოლერიკი ხშირად ხელმძღვანელობს ენთუზიაზმით, თუმცა მისი ენერგია ზოგჯერ დაძაბულობით და ფორიაქით ვლინდება. ეს არის ლიდერობისკენ მიდრეკილი ადამიანების ტემპერამენტი, მათი, ვინც გამოწვევებისკენ მიისწრაფვის.
ფლეგმატიკური ყაიდის ადამიანი მშვიდი, ამტანი და თანმიმდევრულია. იშვიათად კარგავს წონასწორობას, უყვარს სტაბილურობა და გეგმებით ხელმძღვანელობს. ნაკლებად ექცევა გარეგანი სტიმულების გავლენის ქვეშ და ნებისმიერ გამოწვევაზე დინჯად რეაგირებს. ფლეგმატიკი ხშირად საიმედო ადამიანის რეპუტაციით სარგებლობს.
მელანქოლიური ტემპერამენტი მგრძნობიარე, დაფიქრებული და ემოციურად ღრმა ბუნების ადამიანებს აერთიანებს. მელანქოლიკებს ახასიათებთ თვითანალიზი, რეფლექსია, სამყაროს ფაქიზი აღქმა, მომატებული აქვთ მგრძნობელობა ტკივილისა თუ სილამაზის მიმართ.
საინტერესოა, რომელ ბიოლოგიურ, ნეიროფიზიოლოგიურ და ქცევით თავისებურებებზე დაყრდნობით შეიძლება განისაზღვროს ძაღლის ტემპერამენტი.
ვთქვათ, ოქროსფერ რეტრივერს შეეძინა 8 ლეკვი. რვავეს ექნება სახეობისთვის დამახასიათებელი გარეგნობა (მცირე ვარიაციებით): საშუალო ზომის, თხელი ან შედარებით მსხვილი (წონა – დაახლოებით 25-36 კგ, სიმაღლე – 54-57 სმ), მკვრივი, პროპორციული სხეული, ლამაზი მოყვანილობის თავი ფართო შუბლით, თბილი, ყავისფერი ან თაფლისფერი თვალები, სქელი, ორმაგი და ტალღოვანი ოქროსფერ-მოყვითალო-ქერა ბეწვი, მშვიდი, მოსიყვარულე, მეგობრული, მომთმენი ხასიათი... მაგრამ თითოეულ მათგანს ექნება თავისი ინდივიდუალური ტემპერამენტიც.
ძაღლის ტემპერამენტს მის ქცევით მოდელებსა და ემოციურ რეაქციებზე დაკვირვებით ამოიცნობთ. ტემპერამენტი მემკვიდრეობით მიღებულ ფსიქოფიზიოლოგიურ თვისებადაც შეიძლება განვიხილოთ, რაც არ ნიშნავს, რომ ის მთლიანად გენებით არის განსაზღვრული. ძაღლის (ისევე როგორც ადამიანის) ტემპერამენტის ფორმირება ხდება გენეტიკური განწყობისა და გარემო ფაქტორების ერთობლივი ზემოქმედებით. ლეკვი ნამდვილად იბადება ნერვული სისტემის განსაზღვრული ტიპით, მაგალითად, ძლიერი და სწრაფი რეაქციებისკენ მიდრეკილი ან, პირიქით, ფრთხილი და მშიშარა, მაგრამ ნერვული სისტემის ტიპი მხოლოდ პოტენციალია, რომელსაც პირადი გამოცდილება საბოლოოდ აყალიბებს ან ცვლის. შესაბამისად, ერთი ძაღლის ნაშიერები შესაძლოა სხვადასხვა ტემპერამენტისა აღმოჩნდნენ.
ძაღლის ტემპერამენტის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სოციალიზაციის ხარისხი, გარემო სტიმულები და პატრონთან ურთიერთობა. სხვადასხვა გარემოში გაზრდილ ერთი და იმავე ჯიშის ორ ლეკვს შესაძლოა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ტემპერამენტი ჩამოუყალიბდეს. რასაკვირველია, თავად პატრონის ტემპერამენტსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მაგალითად, სანგვინიკის ხელში გაზრდილი ლეკვი აქტიური იქნება, მზრუნველი, მეგობრული, ენთუზიაზმით სავსე, გაბედული, მელანქოლიური ბუნების ადამიანის ხელში გაზრდილი – მგრძნობიარე, ფრთხილი, მშვიდი.
ძაღლის ტემპერამენტის შესწავლას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ კინოლოგები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძაღლებს სპეციალური დანიშნულებისთვის არჩევენ. მომსახურე ძაღლის სწორად გასაწვრთნელად აუცილებელია იმაზე დაკვირვება, როგორ რეაგირებს ის სტრესსა და გარეგან სტიმულებზე. მაგალითად, ცნობილია, რომ სანგვინიკური ტიპის ძაღლები ადვილად ეგუებიან ახალ სიტუაციებს, ინტერესით სწავლობენ და სწრაფად ითვისებენ ახალ ინსტრუქციებს. ქოლერიკული ტიპის ძაღლები ენერგიულები და მტკიცეები არიან, მაგრამ იმპულსურებიც, ამიტომ ადვილად ღიზიანდებიან და ამჟღავნებენ აგრესიას. დამხმარე პროფესიებისთვის მათ არ მოიაზრებენ. ფლეგმატური ხასიათი, სიდინჯე და თანმიმდევრულობა მეტად ფასობს მხედველობის პრობლემების მქონე პირების თანმხლები ძაღლების გაწვრთნისას, რადგან ისინი იშვიათად ჰყვებიან პანიკას, თუმცა მათთან მუშაობას მეტი დრო სჭირდება. მელანქოლიური ძაღლები მგრძნობიარე და ემპათიური ბუნებისანი არიან და ადვილად აღიქვამენ პატრონის განწყობას. ბოლო ხანს მათ ეპილეფსიური შეტევების მქონე პაციენტების კომპანიონებად წვრთნიან. ეპილეფსიურ შეტევას ეს ძაღლები რამდენიმე წამით ადრე ამოიცნობენ. ეს წამები ფასდაუდებელია ადამიანისთვის, რადგან უსაფრთხო პოზის მიღებას ასწრებს.
ძაღლის ტემპერამენტზე დაკვირვება პატრონს ეხმარება, სწორად შეარჩიოს აღზრდის მეთოდი.
სანგვინიკი ძაღლი სიცოცხლით სავსე, ენერგიული და კომუნიკაბელურია. მას სიამოვნებს ხალხთან ურთიერთობა, თამაში და ახალი გამოცდილებები. ასეთ ძაღლს ადვილად უყალიბდება პატრონთან ემოციური კავშირი, თუმცა იმდენად სოციალურია, რომ სწრაფად შეუძლია სხვა სტიმულზე ყურადღების გადატანა. სეირნობისას სიხარულით გარბის სათამაშოდ სრულიად უცნობი ადამიანებისკენ, ამიტომ საჭიროა დისციპლინაზე მუშაობა, ხანგრძლივი სეირნობა, თამაში. მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ყოველდღიური აქტიურობა, სხვაგვარად მოიწყენს და შესაძლოა, დაუმორჩილებელი გახდეს.
ქოლერიკი ძაღლი გაბედული, თავისნათქვამა, დამოუკიდებელი და მიზანდასახულია. მას აქვს ძლიერი ნებისყოფა და სწრაფი რეაქციები. ასეთი ძაღლი ბუნებით ლიდერია, მაგრამ ადვილად ღიზიანდება და მკაფიო მითითებები სჭირდება, რომ კონფლიქტური ხასიათი არ ჩამოუყალიბდეს. მისთვის მნიშვნელოვანია სტრუქტურა, თანმიმდევრობა და პატრონის ავტორიტეტი. საუბარია არა ავტორიტარ პატრონზე, არამედ სწორედ ავტორიტეტულზე. გადამეტებულ სიმკაცრესა და მოდრეკის მცდელობებს ძნელად იტანს ქოლერიკი, ზედმეტი ემოციური ზეწოლა მას აგრესიულს ხდის. მას სჭირდება პატრონის სიმტკიცე, სიდინჯე, ღირსეული მოპყრობა.
ფლეგმატიკი ძაღლი მშვიდი, დამჯერე და თანმიმდევრულია, იშვიათად ავლენს ძლიერ ემოციებს, ერთგულია და საფუძვლიანად ეუფლება ბრძანებებს (შესაძლოა, ოდნავ მეტი დრო დასჭირდეს ასათვისებლად). ასეთი ძაღლი კომფორტულად გრძნობს თავს სტაბილურ და რუტინულ გარემოში. მოულოდნელი ცვლილებები, ხმაურიანი ატმოსფერო შესაძლოა მისთვის სტრესის წყაროდ იქცეს. მოტივაციას უმაღლებს ალერსიანი საუბარი, ქება და ფაქიზი მოპყრობა.
მელანქოლიკი ძაღლი მგრძნობიარე, ფრთხილი და დაკვირვებულია. ადვილად რეაგირებს პატრონის ტონზე, ხმითვე ამოიცნობს მის ემოციას და თავადაც შესაბამისად იქცევა. მას მეტი დრო სჭირდება ახალი ადამიანების მისაღებად და უცხო გარემოსთან შესაგუებლად. ასეთ ძაღლთან საჭიროა მოთმინება, თანმიმდევრულობა, რუტინის შემუშავება და პოზიტიური წამახალისებლების გამოყენება. სასჯელი და მკვეთრი ცვლილებები მასში შიშსა და დაბნეულობას იწვევს.
თითოეულ ტემპერამენტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება და ამ მიდგომების შემუშავება პატრონის პასუხისმგებლობაა.
ნინო ლომიძე







