პოლარული ციალი – ბუნების მეგაშოუ

Поделитесь:

ჩრდილოეთის ციალი უნიკალური ბუნებრივი მოვლენაა და მისი ნახვის შესაძლებლობა ადამიანს არცთუ ისე ხშირად ეძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ვერავის მოუხერხებია ამ ნათების სურვილისამებრ “ჩართვა”, გამოცდილმა მოგზაურებმა იციან, სად და როდის დააკვირდნენ ამ კოსმოსურ სილამაზეს.

ამ საოცრების სანახავად მხოლოდ პოლარული წრის მიღმა მოგზაურობა როდია საკმარისი. სინოპტიკოსებს, რა თქმა უნდა, შეუძლიათ ამ ფენომენის პროგნოზირება, მაგრამ, როგორც წესი, საკმაოდ დიდი ცდომილებით, მოვლენამდე არა უადრეს ერთი კვირისა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღისით ჩრდილოეთის ციალს ვერ დაინახავთ. მისი დანახვის ალბათობა 22:00-დან 2:00 საათამდე იზრდება. ცაც მოწმენდილი უნდა იყოს – ღრუბლებში ციალი არ ჩანს.

ეს ატმოსფერული მოვლენა უმეტესად გაზაფხულსა და შემოდგომაზე შეინიშნება, სიხშირე პიკს ბუნიობის (დღეღამსწორობის) დროს აღწევს. ხილვადობის თვალსაზრისით სოფლები და გარეუბნები ჯობია, რადგან ქალაქის ხელოვნური განათება სანახაობით სრულყოფილად ტკბობის საშუალებას არ იძლევა.

რა არის

ჩრდილოეთის ციალი (მართებულია, გამოვიყენოთ ტერმინი “პოლარული ციალი”, რადგან ეს მოვლენა დედამიწის ორივე მაგნიტურ პოლუსთან გვხვდება) მზის ზედაპირზე მომხდარი აფეთქებების შედეგია. აფეთქებისას დიდი რაოდენობით გამოიყოფა ელემენტარული ნაწილაკები, ძირითადად – ელექტრონები და პროტონები. მათი ნაკადი, რომელსაც მზიურ ქარიშხალს უწოდებენ, სწრაფად გადაადგილდება სივრცეში და დაახლოებით 30-50 საათის შემდეგ დედამიწამდე აღწევს. პლანეტის მაგნიტური ველი მათ აიძულებს, ტრაექტორიიდან გადაუხვიონ და ველის გასწვრივ იმოძრაონ. ასე მიდის ეს ღრუბელი ჩრდილოეთ ან სამხრეთ მაგნიტურ პოლუსამდე. მომაჯადოებელი ნათება კი დედამიწის მაგნიტური ველისა და დამუხტული ნაწილაკების ურთიერთქმედების შედეგია. ჩრდილოეთში მას აურორა ბორეალის-ს – ჩრდილოეთის ნათებას, ხოლო სამხრეთში აურორა აუსტრალის-ს – სამხრეთის ნათებას უწოდებენ.

სად შეიძლება ნახვა

ციალის სანახავად პოლარული რეგიონებისკენ ყოველწლიურად უამრავი ხალხი მიემართება.

იშვიათად თავად ავრორაც ჩნდება მოულოდნელ ადგილას. 2023 წლის 5 ნოემბერს მოვარდისფრო-მოწითალო ნათებით სამხრეთი ევროპის ცა შეიფერა. ამ მოვლენას საბერძნეთის, რუმინეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, უკრაინისა და პოლონეთის მოსახლეობა აკვირდებოდა. წითლად განათდა სტოუნჰენჯიც დიდ ბრიტანეთში. უჩვეულო მოწითალო ელვარება შეინიშნებოდა საქართველოს თავზეც, კერძოდ, რაჭაში, სვანეთში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.

Aurora borealis-ის ხილვის მსურველთათვის დედამიწაზე რამდენიმე ადგილი არსებობს. ფორმულა მარტივია: თუ გსურს იხილო ჩრდილოეთის ციალი, ეწვიე ჩრდილოეთს. ასე რომ, კონტინენტურ ევროპაში მოგზაურები უპირატესობას ისლანდიას, ფინეთსა და ნორვეგიას ანიჭებენ. რამდენიმე ცნობილი ლოკაციაა რუსეთში (მურმანსკი, ტერიბერკა, კარელია, არხანგელსკის ოლქი), აშშ-სა და კანადაშიც.

ამ მართლაც არაამქვეყნიური სანახაობის ხანგრძლივობის წინასწარ განჭვრეტა თითქმის შეუძლებელია – ის რამდენიმე დღეც შეიძლება გაგრძელდეს და რამდენიმე წუთითაც შემოიფარგლოს.

ისლანდია

ამ ქვეყნის კოსმოსური პეიზაჟების ფონზე ჩრდილოეთის ციალი განსაკუთრებით მომაჯადოებელია.

ნათებაზე მონადირენი საუკეთესო ადგილად მშრალ კლიმატურ ზონაში მდებარე ქალაქ აკურეირის მიიჩნევენ. ის ისლანდიის სიდიდით მეორე ქალაქია დედაქალაქ რეიკიავიკის შემდეგ.

კიდევ ერთი პოპულარული ადგილია იეკულსაურლოუნი – ყინულებში მოქცეული ლაგუნა. სწორედ იქ იღებენ მოგზაურები ამ საოცარი სანახაობის ყველაზე ეფექტურ ფოტოებს.

რეიკიავიკიდან 60 კილომეტრის მოშორებით ისლანდიური საოცრებების ცენტრი მდებარეობს და ჩრდილოეთის ციალს მის ექსპოზიციაში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია. ამ ფენომენის უკეთ გასაცნობად ცენტრში უხვ ფოტო- და კინომასალას შემოგთავაზებენ.

ჩრდილოეთის ციალის სეზონი ისლანდიაში ოქტომბრიდან მარტამდე გრძელდება.

ნორვეგია

ჩრდილოეთის ნათების სანახავად ტურისტები იქ 23 სექტემბრიდან 21 მარტის ჩათვლით ჩადიან. ამ პერიოდში საღამოს 6 საათზე ღამდება, რაც ზრდის სანახაობის ხილვის შანსს. პიკი დეკემბერსა და იანვარზე მოდის.

კონტინენტური ნორვეგიის ქალაქებს ალტას და ტრომსეს ჩრდილოეთის ნათების დედაქალაქებად იცნობენ. ალტაში მდებარეობს ამ მოვლენის შემსწავლელი უძველესი ობსერვატორია, თუმცა ამჟამად ის დაკეტილია, შესანიშნავი ხედები კი იქვე განლაგებული სადამკვირვებლო პლატფორმიდანაც იშლება.

კიდევ ერთი ადგილი, სადაც ავრორათი ტკბობა შეგიძლიათ, დასახლება ლონგირია. ის ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში, შპიცბერგენის კუნძულზე მდებარეობს, მისი ადმინისტრაციული ცენტრია და ნორვეგიის სამეფოს უკიდურეს ჩრდილოეთს წარმოადგენს.

პოლარული ნათების მუზეუმი ლუფუტენის კუნძულებზე

თუ გსურთ, გაიმდიდროთ ცოდნა პოლარული ციალის წარმოშობისა და თვისებების შესახებ, ეწვიეთ პოლარული სინათლის ცენტრს ლაუკვიკში, ლუფუტენის არქიპელაგზე.

ჩრდილოეთის ციალზე დასაკვირვებლად ლუფუტენის კუნძულებს ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად მიიჩნევენ. არ არის გასაკვირი, რომ აქ ამ საოცარი ბუნებრივი მოვლენის შესწავლას მთელი მუზეუმი ემსახურება.

ჩრდილოეთის ციალი დღემდე მითურ, ჯადოსნურ ფენომენად, ბოლომდე ჯერაც შეუსწავლელ, ამოუცნობ მოვლენად რჩება. მუზეუმ Pოლარლიგჰტცენტერ-ის დამფუძნებლები, რობი და ტერეზა, დაუღალავად აგროვებენ და მნახველებს წარუდგენენ მათ მიერ მოპოვებულ საინტერესო დოკუმენტურ და სამეცნიერო ფაქტებს. რობი ჩრდილოეთის ნათების პროგნოზირებაზეც მუშაობს.

Pოლარლიგჰტცენტერ-ს პროფესიონალი ფოტოგრაფიც ჰყავს.

მუზეუმის მონახულება შეიძლება როგორც დღის, ისე საღამოს საათებში.

ფინეთი

მყუდრო ფინური ქალაქი ივალო ცნობილია სასტუმროების სიმრავლით და დიდი პოპულარობით სარგებლობს პოლარული ნათების ნახვის მსურველებს შორის. იქვე ახლოს მდებარეობს კურორტი კაკსლაუტანენი თავისი ყინულის ქოხებით – იგლუებით და მათ სახურავებზე მოწყობილი კომფორტული სადამკვირვებლო მოედნებით, საიდანაც ჩვეულებრივ დღეებში ვარსკვლავებით მოჭედილი ცის დაუვიწყარი ხედი იშლება.

Aურორა ბორეალის-ის ნახვა შესაძლებელია როვანიემისა და სოდანკიულას რაიონებშიც. სეზონზე ეს სანახაობა თითქმის ყოველდღიურ ხასიათს იღებს.

ფინეთში ჩრდილოეთის ნათების სანახავად საუკეთესო პერიოდი თებერვლიდან მარტამდე და სექტემბრიდან ოქტომბრამდეა.

კანადა

თუ პოლარული ციალის ნახვა გსურთ, თქვენს სამოგზაურო სიაში აუცილებლად უნდა ჩაამატოთ კანადა. ამ ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ის წელიწადში 240-ზე მეტჯერაც კი ჩანს.

საუკეთესო პერიოდი სექტემბრიდან მარტამდეა.

იელოუნაიფი, უაითჰორსი, იუკონი – ეს ის პოპულარული ადგილებია, სადაც უამრავი ტურისტი იყრის თავს.

ჰადსონის ყურის ნაპირას, კანადის პროვინცია მანიტობაში, პატარა საპორტო ქალაქ ჩერჩილში, რომლის მოსახლეობა სულ რაღაც 923 კაცს შეადგენს (2006 წლის მონაცემებით), მოწყობილია ატრაქციონი სახელწოდებით “ავრორა პოდი”. პოლარული “მეგაშოუს” ყურება ტურისტებს კომფორტულად მოწყობილი მინის კაბინებიდან შეუძლიათ.

ამინდის ხშირი ცვალებადობის გამო სასურველია, ამ რეგიონებში რაც შეიძლება მეტი დღე დაყოთ. ეს ერთიორად ზრდის სასურველი სანახაობის მთელი თავისი მშვენიერებით ნახვის შანსს.

გაეცანით NOAA-ს (National Oceanic and Atmospheric Administration) მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ცენტრი პოლარული ნათების პროგნოზებს მზის აქტივობის მიხედვით აქვეყნებს.

ალასკა, აშშ

ალასკა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ჩრდილოეთის ნათებაზე დასაკვირვებლად, რაც არქტიკულ წრესთან სიახლოვით და შორეულ რაიონებში სინათლით დაბინძურების სიმცირით არის განპირობებული.

ყველაზე აქტიური სეზონი შემოდგომა-ზამთრის პერიოდია – სექტემბრიდან აპრილამდე, რადგან ამ დროს ღამის ხანგრძლივობა იზრდება.

ყველაზე პოპულარული ადგილებია ალასკის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქი ფერბენქსი, მდინარე კოპერის ხეობა და დენალის ეროვნული პარკი.

ალასკის მკვიდრი მოსახლეობისთვის (ატაბასკები, ინუპიატები და სხვები) ჩრდილოეთის ნათებას განსაკუთრებული კულტურული და რელიგიური მნიშვნელობა აქვს. ეს მოვლენა ამ ხალხის მითოლოგიისა და ტრადიციების განუყოფელი ნაწილია.

საინტერესო ფაქტები პოლარული ციალის შესახებ

პოლარული ციალის ერთ-ერთი უძველესი გამოსახულება მეცნიერებმა ჩრდილოეთ ესპანეთში, კანტაბრიის გამოქვაბულებში აღმოაჩინეს. აქ ჩვ. წ. აღ-მდე დაახლოებით 30 000 წლით ადრე კრომანიონელები – ადრეული ევროპელი ადამიანები – სახლობდნენ.

ციალი კოსმოსიდანაც ჩანს. ორბიტაზე მოძრაობის დროს კოსმოსური ხომალდი პერიოდულად კვეთს ციალის ზონას. ეს, როგორც წესი, პლანეტის ზედაპირიდან დაახლოებით 130 კილომეტრის მოშორებით ხდება.

ჩრდილოეთის ციალის ფინური სახელწოდება, რევონტულეტ, “ცეცხლოვან მელას” ნიშნავს. ძველი ფინური ლეგენდის მიხედვით, ციალს პოლარული მელიები კუდით ჰაერში თოვლის ფიფქების ატყორცნით იწვევენ.

ავრორას სიკაშკაშე მზის აქტივობაზეა დამოკიდებული – რაც უფრო მაღალია ის, მით უფრო კაშკაშაა პოლარული ციალი.

1859 წელს მზეზე მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად პოლარული ციალი პლანეტის სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირდა – მექსიკიდან კუბამდე და ჰავაიმდე. მაგნიტური ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ ევროპასა და შეერთებულ შტატებში მწყობრიდან გამოიყვანა ტელეგრაფის სისტემები. ასეთი შტორმი თანამედროვე დედამიწას რომ დასტყდომოდა თავს, გლობალურ საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურას სერიოზულ ზიანს მიაყენებდა. 2012 წლის ამ მოვლენასაც ასეთივე სიმძლავრის მაგნიტუდა ჰქონდა, მაგრამ, საბედნიეროდ, მზის ქარიშხალმა ჩვენს პლანეტას გვერდი აუარა.

ჩრდილოეთის ციალი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის. დედამიწის ზედაპირსა და ნათების გამომწვევ გამოსხივებას შორის დაახლოებით 100 კილომეტრია, შესაბამისად, ის ჩვენამდე ვერ აღწევს.

ირაკლი კარტოზია

Поделитесь: