დიმიტრი ნაზარიშვილი – ექიმი, ქველმოქმედი და საზოგადო მოღვაწე

Поделитесь:

ჩვენი რუბრიკით ამჯერად დიმიტრი ნაზარიშვილზე – XIX საუკუნის მეორე ნახევრის გამოჩენილ მოღვაწეზე, ცნობილ ექიმზე, პედაგოგზე, პუბლიცისტსა და გამომცემელზე გიამბობთ. მისი ცხოვრების შესახებ ფაქტებისა და ფოტომასალის მოძიებაში დახმარებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალს.

დიმიტრი ნაზარიშვილი 1854 წელს ქუთაისში დაიბადა. მისი წინაპარი, დავით ნაზარიშვილი, ვახტანგ VI-ს გაჰყოლია რუსეთში და იქვე დასახლებულა. დავითის მემკვიდრე, პეტრე, მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახთან ერთად დაბრუნებულა სამშობლოში. სწორედ პეტრეს ვაჟი იყო დიმიტრის მამა ალექსანდრე. ის გორში გაიზარდა, მაგრამ ქორწინების შემდეგ, იმერელი მეუღლის თხოვნით, ქუთაისში გადასახლდა. ალექსანდრეს მარიამ მაჭავარიანთან ხუთი შვილი შეეძინა: დიმიტრი, დავითი, ტიტე, რომელიც მცირეწლოვანი გარდაცვლილა, პოლინა (მარო) და ეკატერინე. ოჯახი უქიმერიონის ფერდობთან ახლოს, არქიელის გორაზე ცხოვრობდა, საიდანაც ხელისგულივით მოჩანდა ბაგრატის ტაძარი. დიმიტრი ხშირად ხუმრობდა, გამოუმჟღავნებელი მგოსანი ვარ, ბაგრატის ტაძრის ხავსიანმა კედლებმა პოეტად ბავშვობაშივე მაკურთხაო.

ყრმობის წლები

ვინაიდან ალექსანდრე ნაზარიშვილი მეტწილად სპარსეთსა და თურქეთში მსახურობდა, მისი ყოველი დაბრუნება ოჯახისთვის დღესასწაული იყო. უფროსი შვილის, დიმიტრის (მიტოს) მიმართ მამა განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა, ბავშვობიდანვე უნერგავდა, რომ ოჯახის იმედი და საყრდენი უნდა გამხდარიყო.

ალექსანდრე ნაზარიშვილი მოულოდნელად გარდაიცვალა და ოჯახი მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

პატარა დიმიტრი დედამ ქუთაისის პირველდაწყებით სასწავლებელში მიაბარა, სადაც მასთან ერთად ნიკო ნიკოლაძე და ალექსანდრე გაბაშვილი სწავლობდნენ. სამეულის მეგობრობას სწორედ იქ ჩაეყარა საფუძველი. სასწავლებელს იმხანად ანდრეი მრევლოვი ხელმძღვანელობდა, რომელმაც საგანმანათლებლო დაწესებულებას ისე გაუთქვა სახელი, რომ მას მრევლოვის სკოლას ეძახდნენ.

ახალგაზრდობა

დაწყებითი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, მამის დამსახურებისა და ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, პატარა მიტო სახელმწიფოს ხარჯზე მიიღეს ქუთაისის კავკასიური გიმნაზიის პანსიონატში. დიმიტრი იქაც წარჩინებით სწავლობდა. სრული კურსის დასრულების შემდეგ, გიმნაზიის დირექტორის რეკომენდაციით, მან ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში ქართული ენისა და მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

დიდი სურვილის მიუხედავად, ოჯახს არ ჰქონდა საკმარისი მატერიალური შეძლება, რომ დიმიტრის სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გაეგრძელებინა. თავად დიმიტრიც არაფერს ამბობდა, რადგან უმთავრეს მოვალეობად დედისა და უმცროსი და-ძმის დახმარება მიაჩნდა.

ერთწლიანი პედაგოგიური საქმიანობის შემდეგ 19 წლის დიმიტრი თავისი დანაზოგით პეტერბურგში გაემგზავრა და სამედიცინო ქირურგიულ აკადემიაში ჩაირიცხა. უცხო ქვეყანაში გადახვეწილს, სამშობლოს მონატრებას მეგობრების წრეში ყოფნა უმსუბუქებდა. 1873 წელს მასთან ერთად აკადემიაში ჩაირიცხა ვლადიმირ ბეხტერევიც, შემდგომში -ცნობილი რუსი ნევროლოგი, ფსიქიატრი და ფსიქოლოგი. ის ქართველ მეგობარს ახასიათებდა როგორც გულმოდგინე და შრომისმოყვარე სტუდენტს, რომელმაც არ იცოდა დაღლა და დღედაღამ თავაუღებლად მეცადინეობდა. დიმიტრი პედაგოგებთანაც მეგობრობდა. განსაკუთრებული პატივისცემით იხსენებდა ცნობილ პათანატომ ვენცესლავ გრუბერს, რომელმაც ნიჭიერ მოწაფეს რამდენჯერმე შესთავაზა თავის დარგში მოღვაწეობა, მაგრამ ვერ დაიყოლია.

1878 წელს, სამედიცინო ქირურგიული აკადემიის წარჩინებით დასრულების შემდეგ, დიმიტრი ნაზარიშვილი რუსეთ-თურქეთის ომში, ბულგარეთის ფრონტზე განაწესეს დუნაის მოქმედი არმიის ექიმად, 24-ე ქვეითი დივიზიის ირკუტსკის 39-ე პოლკში, რომელიც ქალაქ ბურგასში იდგა. მეუღლისთვის მიწერილ წერილებში ის დაწვრილებით აღწერდა იმ სირთულეებს, რომლებსაც ყოველწამიერად ეჯახებოდა. რუსეთის სამხედრო ნაწილებში მძვინვარებდა ინფექციური დაავადებები, მათ შორის – მალარია და პარტახტიანი ტიფი. იმავე პერიოდში ბურგასში უფროს ექიმად მიავლინეს დიმიტრის მოგვარე და შორეული ნათესავი ალექსანდრე ნაზარიშვილი, რომელიც დიდ ყურადღებას იჩენდა უმცროსი კოლეგის მიმართ. მისი მზრუნველობა რომ არა, შესაძლოა, დიმიტრი პარტახტიან ტიფს ემსხვერპლა.

ბულგარეთიდან დაბრუნებულმა დიმიტრი ნაზარიშვილმა ქუთაისის სამხედრო ლაზარეთში ორდინატორად დაიწყო მუშაობა. ამავე პერიოდში მან დაამზადა მალარიის საწინააღმდეგო წვეთები, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა და ახალგაზრდა ექიმს რეგიონში სახელი გაუთქვა. ლაზარეთში გამეფებულ სამხედრო-ბიუროკრატიულ რეჟიმთან შეგუება ძნელი აღმოჩნდა, ამიტომ დიმიტრიმ მალევე მიატოვა სამსახური და კერძო პრაქტიკას მიჰყო ხელი. მთელ ძალასა და ენერგიას ის საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ახმარდა. დიმიტრიმ მალე დაიმსახურა ხალხის ნდობა და პატივისცემა.

კვლავ პეტერბურგში

ცოდნის სრულყოფის დაუოკებელმა წყურვილმა დიმიტრი ნაზარიშვილი კვლავ პეტერბურგში, ცნობილი თერაპევტის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ ვიაჩესლავ მანასეინის კლინიკაში მიიყვანა. სწორედ იქ შეარჩია დისერტაციის თემად "ჭლექის მკურნალობის საუკეთესო საშუალებანი" და 1887 წელს მიიღო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

დიმიტრი ნაზარიშვილის ექიმად, მკვლევრად და პედაგოგად ფორმირებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა მისმა ნაყოფიერმა მუშაობამ "ერობაში", სადაც ზაფხულობით, როცა კლინიკა დახურული იყო, ის სხვა ექიმებთან ერთად ებრძოდა გავრცელებულ დაავადებებს. იმ პერიოდში შეკრებილი მასალების საფუძველზე მან ორი მნიშვნელოვანი ნაშრომი დაწერა. პირველი 1884 წელს ნოვოლადოგის მაზრის მოსახლეობაში ჯილეხის გავრცელებას ეხებოდა, მეორე კი ათაშანგის გავრცელებას ფსკოვის გუბერნიაში.

ჯილეხთან, იმავე ციმბირის წყლულთან, საბრძოლველად დიმიტრი სამედიცინო დეპარტამენტმა მაშინ გაგზავნა, როდესაც ნოვოლადოგის მაზრაში უკვე აღნუსხული იყო 1500-მდე დაავადებული საქონელი და ინფექციამ პირუტყვიდან ადამიანებზე დაიწყო გავრცელება. ინფიცირებულ რაიონებში ეტლების მიმოსვლა აიკრძალა და დიმიტრის ყოველდღიურად რამდენიმე ათეული კილომეტრის ფეხით გავლა უხდებოდა.

ქუთაისში დაბრუნება

პეტერბურგში დარჩენას დიმიტრი ნაზარიშვილმა საქართველოში დაბრუნება არჩია, მშობლიურ ქუთაისს მიაშურა დანაყოფიერ მოღვაწეობას მიჰყო ხელი. მისი ინიციატივით ქუთაისში დაარსდა ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოება, რომლის მიზანი ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა და ხალხში სამედიცინო მეცნიერების პოპულარიზაცია იყო. უდიდესი ენერგია შეალია რკინიგზელთა ჯანმრთელობის დაცვას, რის გამოც მადლიერმა რკინიგზელებმა პროფესიული საქმიანობის 45 წლის იუბილეზე ამ სიტყვებით მიმართეს: "ღრმად პატივცემულო დიმიტრი ალექსის ძევ! უკვე მრავალი წელია რაც რკინიგზელი ექიმის მძიმე უღელს ატარებთ, არცე ერთხელ არ გიღალატიათ ექიმის წმინდა მოვალეობისთვის და ყოველ წამს მზად იყავით ავადმყოფისთვის შეგემსუბუქებინათ ხორციელი თუ სულიერი ტკივილი. სიკვდილის ბრჭყალებიდან თქვენი ხელით ათასობით გამოგლეჯილი პაციენტი მადლიერებით იხსენებს თქვენს სახელს. ვამაყობთ, რომ მუდამ ცდილობდით, სიტყვით თუ კალმით, სამსახური გაგეწიათ მშრომელი ხალხისთვის. რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში თქვენი საზოგადო ასპარეზზე მრავალფეროვანი მოღვაწეობით... სავსებით დაიმსახურეთ დიდად საპატიო წოდება საზოგადო მოღვაწისა!’’

იმხანად დასავლეთ საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა ჯერ კიდევ ჩანასახოვან მდგომარეობაში იყო. ცუდი სანიტარული პირობები, წყალსადენისა და კანალიზაციის არარსებობა ინფექციური დაავადებების გავრცელებას იწვევდა. ავადმყოფები უმთავრესად კერძო პრაქტიკოს ექიმებთან ან ექიმბაშებთან მკურნალობდნენ. "1890 წელს ქუთაისში დაარსდა ექიმთა საზოგადოება, რომლის წესდება დიდი გაჭირვებით და ხვეწნით დავამტკიცებინე მთავრობას პეტერბურგში. ამ საზოგადოებას, მეცნიერული ხასიათის გარდა, მიზნად ჰქონდა ექიმების შეკავშირება და საერთო ძალით გუბერნიაში განსაკუთრებით სანიტარიის მუშაობის გამართვა", – ვკითხულობთ დიმიტრი ნაზარიშვილის მემუარებში.

საექიმო და საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან ერთად დროგამოშვებით მნიშვნელოვან სამეცნიერო ნაშრომებსაც აქვეყნებდა. ერთი მათგანი გახლდათ "შავი ჭირი და მასზე არსებული შეხედულებანი". ხშირად გამოდიოდა მოხსენებებით ქოლერის, შავი ჭირისა და სხვა ეპიდემიების გამომწვევი მიზეზებისა და მათ საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ.

1890-იან წლებში საქართველოში ქოლერის ეპიდემიამ იფეთქა. ავადმყოფობა ქუთაისის მოსახლეობასაც მოედო. შეიქმნა ექიმთა სპეციალური კომისია. ცხადია, მასში დიმიტრი ნაზარიშვილიც მონაწილეობდა. მისი რეკომენდაციით ქალაქში დროებითი უფასო ამბულატორია გაიხსნა, ხოლო ქალაქგარეთ მოეწყო ბარაკები ავადმყოფებისთვის. დიმიტრისა და მისი კოლეგების დაუღალავი შრომის შედეგად ეპიდემია სამ თვეში დასრულდა. ქოლერის დამარცხების შემდეგ დროებითი ამბულატორია უნდა გაუქმებულიყო, მაგრამ ნაზარიშვილმა მისი მუდმივ უფასო სამკურნალო დაწესებულებად გადაკეთება არჩია. ის დაჟინებით მოითხოვდა ქუთაისისა და დასავლეთი საქართველოს ღარიბი მოსახლეობისთვის უფასო ამბულატორიის გახსნას. მისი ძალისხმევით 1892 წელს ქუთაისში გაიხსნა პირველი უფასო ამბულატორია ღარიბთათვის. დიმიტრი ნაზარიშვილი 25 წლის განმავლობაში უსასყიდლოდ მუშაობდა ამ დაწესებულების გამგედ და კოლეგებთან ერთად უფასოდ მკურნალობდა მოსახლეობას. ამ ხნის განმავლობაში ამბულატორიაში ორასი ათასამდე პაციენტს ჩაუტარდა თერაპიული და ქირურგიული მკურნალობა. თავად ნაზარიშვილი ქირურგიაში მუშაობდა და საშუალო სირთულის ოპერაციებს ატარებდა. ამასთან ერთად, ქუთაისის თეატრში ხშირად ჩამოჰყავდა თბილისიდან მაიკო და ვასო აბაშიძეები, ლადო მესხიშვილი და სხვა ცნობილი მსახიობები, მართავდა საქველმოქმედო წარმოდგენებს, შემოსული თანხით კი ამბულატორიისთვის საჭირო ხელსაწყოებს და მედიკამენტებს ყიდულობდა.

დიმიტრი ნაზარიშვილმა დიდი როლი შეასრულა წყალტუბოს წყლების სამკურნალო თვისებების შესწავლაში და იქ კურორტის დაარსებაში. ამ წყლების უნიკალური თვისებები ჯერ კიდევ 1905 წელს შეამჩნია ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა, ოდესის უნივერსიტეტის პროფესორმა ვასილ პეტრიაშვილმა, 1919 წელს კი რობერტ კუპცისმა შეისწავლა მათი ქიმიური შემადგენლობა და მათში რადიუმი აღმოაჩინა. 1915 წელს დიმიტრი ნაზარიშვილი პეტერბურგის სამედიცინო საზოგადოების წინაშე გამოვიდა მოხსენებით, რომელიც შემდეგ ცალკე ბროშურად დაიბეჭდა ქუთაისში. პეტერბურგში გამგზავრებამდე ის ესაუბრა ამ წყლების მფლობელებს, იოსელიანებს, რომლებმაც ყოველწლიური იჯარის სახით – 20 ათასი, ხოლო გაყიდვის შემთხვევაში 7,5 მილიონი მანეთი მოითხოვეს. პეტერბურგში ნაზარიშვილს დიდი დახმარება გაუწია ცნობილმა პროფესორმა სერგი ფეოდოროვმა. მისი ძმა ქუთაისში სასამართლოს თავმჯდომარე იყო. საბოლოოდ, პრინც ოლდენბურგელის განკარგულებით, წყალტუბოს კეთილმოწყობისთვის შედგენილ იქნა ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც მომავალ კურორტზე სააბაზანო შენობები უნდა აეგოთ და გზა გაეყვანათ.

დიმიტრი ნაზარიშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის მალარიასთან ბრძოლის საქმეშიც. მისი და ექიმ ვასილ ლორთქიფანიძის ინიციატივით ქუთაისში წითელი ჯვრის სამალარიო დისპანსერი დაარსდა. გარდა იმისა, რომ დაწესებულებას ყველასთვის საყვარელი და სანდო ექიმი ხელმძღვანელობდა, დისპანსერს პოპულარობას მატებდა ისიც, რომ მკურნალობა იქ უფასო იყო.

ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში დიმიტრი ნაზარიშვილი იყო ქალაქის თვითმმართველობის ხმოსანი, ოც წელზე მეტხანს – ქუთაისის თეატრის ექიმი; თხუთმეტ წელს საპატიო მსაჯულად იმსახურა, რამდენიმე წლის განმავლობაში წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებლის მასწავლებელიც გახლდათ. დიდი წვლილი შეიტანა სასოფლო-სამეურნეო სკოლის დაარსებაში. ქალაქის გამწვანება, სანიტარულ-ჰიგიენური დონის ამაღლება, სკოლებისა და კულტურული დაწესებულებების განახლება, ქალაქში წყალსადენისა და კანალიზაციის მოწყობა დიმიტრი ნაზარიშვილის ყოველდღიურ საზრუნავს წარმოადგენდა. როგორც პირად საუბრებში, ისე პრესის ფურცლებზე ის კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდა ქალაქის თვითმმართველობას, მონაწილეობდა ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის მუშაობაშიც და ამ დაწესებულების საქმიანობის საზოგადოების ინტერესებისადმი დაქვემდებარებისთვის იბრძოდა.

საზოგადოებრივ და საექიმო მოღვაწეობას დიმიტრი ნაზარიშვილი პუბლიცისტიკასაც უთავსებდა. ის სხვადასხვა ფსევდონიმით თანამშრომლობდა არაერთ პერიოდულ გამოცემასთან. 1881 წელს დიმიტრი დადიანთან ერთად მან დააარსა ქუთაისში პირველი ქართული ყოველკვირეული გაზეთი "შრომა", რომლის რედაქტორი და გამომცემელიც თავად იყო.

დიმიტრი და ტატიანა ნაზარიშვილებს ხუთი შვილი ჰყავდათ: ელენე (ელო), ისია, ლარა, ლეონიდე და ვლადიმერი (ვოვა). ხუთივე საზოგადოების გამორჩეული წევრი გახდა. მსახიობი ისია ნაზარიშვილი, ულამაზესი, უნატიფესი ქალბატონი, ცისფერყანწელების მუზა იყო, ხოლო ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ელო ნაზარიშვილი, რომელიც ბრწყინვალედ ფლობდა ევროპულ ენებს, მათი უახლოესი მეგობარი გახლდათ და ტექსტების ფრანგულიდან თარგმნაში ეხმარებოდა. ქუთაისში გამოცემული სტეფან მალარმეს ლექსების კრებული ცისფერყანწელებმა სწორედ ელო ნაზარიშვილს მიუძღვნეს.

ქუთაისში ნაზარიშვილების ოჯახი მაშინდელ გენერლის ქუჩაზე ცხოვრობდა. XX საუკუნის ათიან წლებში მათი სახლი წარმოადგენდა ქართული კულტურის მოღვაწეთა სალონს, სადაც არ შეწყვეტილა თანამოაზრეთა სჯა-ბაასი საქართველოს ბედ-იღბალზე, ქართული კულტურის მომავალზე. ამ სალონის ხშირი სტუმრები იყვნენ აკაკი წერეთელი, კირილე ლორთქიფანიძე, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, გიორგი ზდანოვიჩი, გრიგოლ რობაქიძე, კიტა აბაშიძე.

დიმიტრი ნაზარიშვილი 1927 წლის 19 თებერვალს, 73 წლისა გარდაიცვალა. დაკრძალულია ქუთაისში, მწვანეყვავილას მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მისი სახელი ჰქვია ქუთაისის ერთ-ერთ ქუჩას. ნაზარიშვილის სახლი მისმა მემკვიდრეებმა ქალაქს უანგაროდ გადასცეს. 1985 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შენობას ისტორიული ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

მარი მარღანია

Поделитесь: