როგორ შევარჩიოთ და გამოვიყენოთ ინსულინის ტუმბო
Поделитесь:
დღეს ინსულინთერაპია დიაბეტით დაავადებულთა უმრავლესობისთვის ხელმისაწვდომია, თუმცა სისხლში შაქრის დონის რეგულირება კვლავ რთულ ამოცანად რჩება, განსაკუთრებით – შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის მქონე მცირეწლოვან პაციენტებთან.
1960 წელს ამერიკულმა კომპანიამ შექმნა ინსულინის პირველი ტუმბო, რომელიც ადამიანს უწყვეტ რეჟიმში აწვდიდა ინსულინს. მას შემდეგ აპარატის დიზაინი და ფუნქციური მაჩვენებლები საგრძნობლად დაიხვეწა. დღეს საერთაშორისო ბაზარზე ინსულინის ტუმბოს არაერთ მოდელს შეხვდებით.
ძირითადი ცნებები
ჯანმრთელი ადამიანის კუჭქვეშა ჯირკვალი საკვების მიღებისთანავე იწყებს სისხლში ინსულინის გამოყოფას. რაც უფრო მეტ ნახშირწყალს ვიღებთ, მით უფრო მეტი ჰორმონია საჭირო. ასეთ ინსულინს ბოლუსური ინსულინი ეწოდება. კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონი მცირე რაოდენობით კვებათა შორის შუალედში და ღამის ძილის დროსაც გამოიყოფა. მას ბაზალური ინსულინი ჰქვია.
ინსულინთერაპიის დროს საუკეთესო შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია ინსულინის ფიზიოლოგიური სეკრეციის იმიტაცია, რისთვისაც ბაზალური და ბოლუსური ინსულინები გვჭირდება. მოქმედების ხანგრძლივობის მიხედვით განასხვავებენ ხანმოკლე, ულტრახანმოკლე, გახანგრძლივებული და ხანგრძლივი მოქმედების ინსულინებს.
ბოლუსურ ინსულინებს მიეკუთვნება ხანმოკლე და ულტრახანმოკლე მოქმედების ინსულინები, ბაზალურს კი – გახანგრძლივებული და ხანგრძლივი მოქმედებისა.
ინსულინის ტუმბო ორგანიზმს უწყვეტად აწვდის ულტრახანმოკლე მოქმედების ინსულინის საჭირო დოზას, დაახლოებით ისევე, როგორც ამას ჯანმრთელი ადამიანის პანკრეასი (კუჭქვეშა ჯირკვალი) აკეთებს. ბანქოს დასტის ზომის თანამედროვე აპარატებში ჩანერგილია გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის ტექნოლოგია, რომელიც გლუკოზის დონის მიხედით ავტომატურად არეგულირებს ინსულინის ამა თუ იმ მომენტისთვის საჭირო დოზას. ტუმბოს საშუალებით ხდება პანკრეასის მუშაობის მაქსიმალური იმიტაცია:
* ინსულინის მცირე დოზის უწყვეტი მიწოდება ორგანიზმის ბაზალური ინსულინის დონის შენარჩუნებას უზრუნველყოფს. დღე-ღამის სხვადასხვა მონაკვეთში ადამიანს სხვადასხვა რაოდენობის ინსულინი სჭირდება. მაგალითად, დილით – უფრო მეტი, ვიდრე საღამოს, რადგან დილით კორტიზოლის დონე ბუნებრივად მაღალია, რაც თავისთავად სწევს მაღლა სისხლში შაქრის დონეს. ბაზალური დოზების ავტომატური რეგულირების შესაძლებლობა ყველა ტუმბოს აქვს. გარდა ამისა, მოდელების უმეტესობა აღჭურვილია ხელით მართვის სისტემით, რაც ექიმის მიერ შერჩეული დოზის მიღების საშუალებას გვაძლევს.
* კვების შემდეგ და სისხლში გლუკოზის მაღალი დონის დაფიქსირებისას ინსულინის დოზა საჭიროებისამებრ იცვლება – ტუმბო იყენებს პაციენტის მიერ შეყვანილ ინფორმაციას ნახშირწყლების მიღებისა და სისხლში შაქრის დონის შესახებ, რათა გამოთვალოს ბოლუსური ინსულინის ის რაოდენობა, რომელიც მას იმ მომენტისთვის სჭირდება. მაშასადამე, ტუმბოების უმეტესობა თავად არჩევს მედიკამენტის დოზას, რომელსაც მიღებამდე პაციენტი ადასტურებს ან ექიმის რეკომენდაციით აკორექტირებს.
ტუმბოს თითოეულ ტიპსა და ბრენდს სხვადასხვა პარამეტრები და ტექნოლოგიები აქვს. მაგალითად:
* გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის წყალობით აპარატი მუდმივად განსაზღვრავს სისხლში შაქრის შემცველობას, რის მიხედვითაც ამცირებს, აძლიერებს ან წყვეტს ორგანიზმში ინსულინის შეყვანას.
* შეგიძლიათ, დღის განსაზღვრულ მონაკვეთში ბაზალური ინსულინის დონის კორექციისთვის ტუმბოს მუშაობა თავად მართოთ.
* როდესაც ელემენტი განიმუხტება, ინსულინის რეზერვუარი იცლება ან გლუკოზის დონე სახიფათოდ მაღლა ან დაბლა იწევს, აპარატი გამოსცემს სპეციალურ სიგნალს.
* აპარატს შეუძლია სხვადასხვა აპლიკაციასთან დაკავშირება.
არსებობს ინსულინის ტუმბოს ორი ძირითადი ტიპი: მილიანი და უმილო (უსადენო). პირველი მათგანი ტუმბოს გრძელი წვრილი მილით აკავშირებს კანქვეშ ჩადგმულ კათეტერთან. ამ ტიპის აპარატი შემდეგი ნაწილებისგან შედგება:
* ტუმბო – დამზადებულია გამძლე პლასტმასისა და ლითონისგან. აქვს ეკრანი, რომელზეც გლუკოზის მაჩვენებელი გამოისახება და რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ამა თუ იმ პარამეტრის შეცვლა. შეიცავს ინსულინის კარტრიჯს (რეზერვუარს). ელემენტი შესაძლოა იყოს როგორც ერთჯერადი, ისე მრავალჯერადიც (დასამუხტი). რეზერვუარი, აპარატის ტიპისა და მოდელის შესაბამისად, სხვადასხვა ოდენობის ინსულინს იტევს, თუმცა მაქსიმალური ოდენობა არ აღემატება ორი-სამი დღის სამყოფ დოზას.
ინსულინის ტუმბო ისეთი პატარაა, რომ პაციენტი მას ადვილად ეჩვევა და მალე ვეღარც კი გრძნობს მის არსებობას. ზოგი აპარატს პეიჯერივით იმაგრებს ქამარზე, ზოგი კი მობილური ტელეფონივით ჯიბეში იდებს, თანაც ტანსაცმლის ქვეშ მისი დამალვა საკმაოდ ადვილია.
* მილი და საინფუზიო აპარატი – რამდენიმე სანტიმეტრი სიგრძის მილი ინსულინის რეზერვუარს კანქვეშ ჩადგმულ კათეტერთან აკავშირებს. საინფუზიო მოწყობილობას თხელი, მოქნილი, რამდენიმე მილიმეტრი სიგრძის პლასტმასის მილი აქვს, რომელიც კანქვეშ მაგრდება და წებოვანი საფარით ეკვრის მას. საინფუზიო ნაწილის კანქვეშ მოთავსება შესაძლებელია საინექციო ნემსის დახმარებით, რომელიც აპარატს მოჰყვება და კანს უმტკივნეულოდ ხვრეტს (იწვევს მხოლოდ თითში ნემსის ჩხვლეტის მაგვარ შეგრძნებას). ინსულინის ტუმბოს საინფუზიო ნაწილი შეიძლება დამაგრდეს მკლავზე, მუცელზე, თეძოზე, დუნდულაზე ან ბარძაყზე.
ტუმბოს გამართული მუშაობისთვის ინსულინის რეზერვუარი მუდმივად უნდა შეივსოს. 2-3 დღეში ერთხელ რეკომენდებულია მილისა და საინფუზიო მოწყობილობის შეცვლა, თავად ტუმბო კი, წესისამებრ, რამდენიმე წელიწადს უხარვეზოდ მუშაობს.
მიუხედავად იმისა, რომ ინსულინის ზოგიერთი მილიანი ტუმბო წყალგაუმტარია, შხაპისა თუ აბაზანის მიღებისა და ცურვის დროს პაციენტების უმეტესობა მას საინფუზიო მოწყობილობიდან თიშავს. ხელახლა დაკავშირება სირთულეს არ წარმოადგენს და პაციენტს დამოუკიდებლადაც შეუძლია.
გაითვალისწინეთ: შეფუთვაზე მითითებული ტერმინი “წყალგამძლე” არ ნიშნავს წყალგაუმტარს.
ინსულინის უსადენო ტუმბოსაც (კაფსულას) კანქვეშ გამავალი თხელი მილით შეჰყავს წამალი ორგანიზმში, თუმცა, მილიანისგან განსხვავებით, მისი ინსულინის რეზერვუარი და საინფუზიო მოწყობილობა ერთ კაფსულაზეა მოთავსებული, რომელიც წებოვანი ზედაპირით ეკვრის კანს. მაშასადამე, პაციენტს არ უწევს დამატებითი მილისა და მეორე აპარატის დამალვა. მოწყობილობის მუშაობა სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით რეგულირდება.
აპარატის გამოყენება ამ შემთხვევაშიც რეზერვუარის შევსებით იწყება. შემდეგ კაფსულა კანზე უნდა დაწებდეს. პატარა ღილაკზე თითის დაჭერით საჩხვლეტ ნემსს საინფუზიო მილი უმტკივნეულოდ შეჰყავს კანქვეშ. უსადენო ტუმბოს მიმაგრებაც იმავე ადგილებზე შეიძლება, რომლებზეც მილიანისა (მკლავზე, მუცელზე, თეძოზე, დუნდულაზე ან ბარძაყზე). აღნიშნული მოწყობილობაც ერთჯერადია, მისი გამოცვლა აუცილებელია 2-3 დღეში ერთხელ, ხოლო რეზერვუარის დაცლის შემთხვევაში – დაუყოვნებლივ.
უსადენო ტუმბოები წყალგაუმტარია, ამიტომ შხაპის, აბაზანისა და ცურვის დროს მათი მოხსნა აუცილებელი არ არის.
პლუსები და მინუსები
ინსულინის ტუმბოს მოხმარება ნებაყოფლობითია და შეუძლია ნებისმიერ პაციენტს, რომელიც ინსულინთერაპიაზე იმყოფება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მისი გამოყენება განსაკუთრებით ხელსაყრელია:
- შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 (განსაკუთრებით – ბავშვებთან);
- დიაბეტი ტიპი 2-ის ზოგიერთი შემთხვევა;
- ჰიპოგლიკემიის ხშირი ეპიზოდები;
- ორსულობის დაგეგმვის პერიოდი (ორსულობის დადგომამდე, სულ მცირე, 3 თვის განმავლობაში);
- მთელი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
- ლაბილურად მიმდინარე შაქრიანი დიაბეტი, სისხლში შაქრის დონის ხშირი ცვალებადობა;
- შაქრიანი დიაბეტის გართულებები.
ინსულინის ტუმბო რეკომენდებულია მათთვის, ვისაც უბრალოდ სურს, აიმაღლოს ცხოვრების ხარისხი.
ზოგიერთ შემთხვევაში ინსულინის ტუმბოს გამოყენება შესაძლოა არ იყოს მიზანშეწონილი. მაგალითად, ართრიტის ან ნეიროპათიის მქონე პაციენტი ვერ ისარგებლებს ასეთი მცირე ზომის მოწყობილობით, რადგან მისთვის ადვილი არ იქნება ინსულინის რეზერვუარის შევსება და საინექციო ღილაკზე თითის დაჭერა. სენსორული დარღვევის მქონე (განსაკუთრებით – მცირეწლოვანი) და ალერგიული პირებისთვის მუდმივად სატარებელი ადჰეზიური აპარატი შესაძლოა ძნელი შესაგუებელი ან არაკომფორტული აღმოჩნდეს. მოწყობილობით ვერც ის ისარგებლებს, ვისაც მხედველობის დაქვეითება ან დიაბეტური ნეიროპათია აქვს, რადგან მცირე ზომის ეკრანზე გამოსახულების გარჩევა გაუჭირდება.
ხშირად დასმული კითხვები
ყოველდღიური ინექციებისგან განსხვავებით, ინსულინის ტუმბო ორგანიზმს აწვდის ულტრახანმოკლე მოქმედების ინსულინს, რომელიც გაცილებით უკეთ შეიწოვება, ვიდრე ინექციით მიღებული. გარდა ამისა, ტუმბოში ჩაწერილი პროგრამა, ე. წ. ბოლუს-კალკულატორი, ავტომატურად განსაზღვრავს, მიღებული საკვების შესატყვის ინსულინის ოდენობას და დღის ამა თუ იმ მონაკვეთში გლუკოზის დონის კორექციისთვის საჭირო დოზას. სისხლში გლუკოზის დონის მუდმივი მონიტორინგი ენდოკრინოლოგს საშუალებას აძლევს, უკეთ განსაზღვროს პაციენტის ინდივიდუალური მოთხოვნილებები, გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები და საჭიროებისამებრ დააკორექტიროს მედიკამენტის დოზა.
კვლევები ცხადყოფს, რომ, მრავალჯერადი ინექციებისგან განსხვავებით, ინსულინის ტუმბოთი ხანგრძლივი მკურნალობა სისხლში გლუკოზის დონეს ასტაბილურებს. ამის კვალობაზე, მცირდება დიაბეტის გართულების რისკიც.
ინსულინის ტუმბოს ნაკლოვნებათაგან, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ მიმაგრების ადგილას განვითარებული კანის ადგილობრივი რეაქციები. მათგან თავის დასაზღვევად რეკომენდებულია, აპარატი ყოველ ჯერზე სხვადასხვა ადგილას მოთავსდეს. თუ სიწითლემ, ალერგიულმა გამონაყარმა ან კანქვეშა სიმკვრივემ მაინც იჩინა თავი, საჭიროა დერმატოლოგის კონსულტაცია, რათა ერთი შეხედვით უწყინარი სიმპტომი დიდ თავსატეხად არ გექცეთ.
საზღვარგარეთ ინსულინის ტუმბოს გამოყენების დიდი გამოცდილება არსებობს. ჩვენს ქვეყანაში, სიძვირის გამო, პაციენტების უმრავლესობა ამ მოწყობილობის შეძენას ვერ ახერხებს. ყურადსაღებია ისიც, რომ აპარატს სჭირდება ცვეთადი ნაწილების (რეზერვუარის, მილების, ელემენტის) მუდმივი ცვლა. თუ საინფუზიო ხელსაწყოს გამავლობა რაიმე მიზეზით დაიბლოკა ან საკომუნიკაციო მილი შემთხვევით მოსძვრა ტუმბოს, ორგანიზმში საჭირო რაოდენობის ინსულინი ვეღარ მოხვდება და სისხლში შაქრის დონე მოიმატებს, ამიტომ პაციენტმა მუდმივად უნდა აკონტროლოს ხელსაწყოს მუშაობა, ყურადღება მიაქციოს გამაფრთხილებელ სიგნალს და მისი ჩართვის შემთხვევაში სათანადოდ მოიქცეს.
მარი მარღანია







