სეზონური ინფექციები ბავშვებთან - როგორ დავიცვათ პატარები გვიან შემოდგომაზე და ზამთარში
Поделитесь:
ცივი სეზონის დადგომისთანავე განსაკუთრებით ხშირდება სასუნთქი გზების, ყელის, შუა ყურის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები და თითქმის ყველა ოჯახში წამოიჭრება ერთი და იგივე კითხვა: როგორ დავიცვათ ბავშვები ინფექციისგან?
ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ არა იმიტომ, რომ სუსტები არიან, არამედ იმიტომ, რომ მათი იმუნური სისტემა ჯერ კიდევ სწავლობს მიკროორგანიზმებთან ბრძოლას. სეზონური ინფექციები მათი განვითარების ბუნებრივი ნაწილია. მთავარია, დაავადება ისე ვმართოთ, რომ არ გართულდეს.
სიცივე და ინფექციები
გვიან შემოდგომაზე და ზამთარში ბავშვის ორგანიზმი უფრო დაუცველია. ამას მრავალი მიზეზი აქვს:
* სეზონურ ინფექციათა გავრცელების ხელშემწყობი ერთ-ერთი ფაქტორია დახურულ სივრცეში მეტხანს ყოფნა. როცა ადამიანები ბევრ დროს ატარებენ ერთ ოთახში (სკოლაში, ბაღში, ოფისში) ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ვირუსები გაცილებით ადვილად ვრცელდება. სიცივეში ოთახებს უფრო იშვიათად ვანიავებთ და ვირუსებიც მეტხანს რჩება ჰაერში. იმუნური სისტემა ამ დროს შესაძლოა ნორმალურად მუშაობდეს, მაგრამ ვირუსებთან კონტაქტის სიხშირე იმდენად მაღალია, რომ ინფიცირების რისკი მაინც იმატებს.
* შინ (გათბობის სისტემების გამო) თუ გარეთ ჰაერი უფრო მშრალია, ამიტომ ვირუსებიც უფრო მეტხანს რჩებიან ჰაერში და ლორწოვანი გარსის სიმშრალის გამო ორგანიზმშიც ადვილად იჭრებიან.
* ზოგიერთი ვირუსი, მათ შორის – გრიპის და რესპირატორულ-სინციტიური ვირუსები (RSV), განსაკუთრებით აქტიურია ზამთრის თვეებში.
* სიცივიდან სითბოში და, პირიქით, სითბოდან სიცივეში მოხვედრისას ორგანიზმს ადაპტაცია სჭირდება. არსებობს მტკიცებულებები, რომ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება ხელს უშლის იმუნური სისტემის ეფექტურ რეაგირებას, მაშასადამე, ინფექციებისადმი მგრძნობელობას ზრდის.
* იმუნურ სისტემას ასევე ასუსტებს ვიტამინებით ღარიბი საკვები, ძილის ნაკლებობა, გადატვირთული რეჟიმი, ის, რომ ცივ ამინდებში ბავშვები ნაკლებს მოძრაობენ და ნაკლებ დროს ატარებენ სუფთა ჰაერზე.
***
გაციება
ჩვილები და სკოლამდელი ასაკის ბავშვები წელიწადში რამდენჯერმე ცივდებიან. გაციება წარმოადგენს ცხვირის, ყელისა და ცხვირის მიმდებარე წიაღების ვირუსულ ინფექციას. მას სხვადასხვა ვირუსი იწვევს, ყველაზე ხშირად – რინოვირუსი, კორონავირუსი და პარაგრიპის ვირუსი.
ეს ვირუსები უმეტესად ვრცელდება ხველებისა და ცემინების დროს ჰაერში გამოტყორცნილი წვეთებით, თუმცა ადვილად გადაედება შეხებითაც. მაგალითად, მაშინ, როცა ბავშვი ეხება ზედაპირს, რომელზეც ვირუსი მოხვდა, მერე კი დაუბანელ ხელს ცხვირ-პირზე მოისვამს.
გაციების ძირითადი სიმპტომები ეტაპობრივად ვითარდება და მოიცავს:
- სურდოს ან ცხვირის გაჭედვას;
- ხველას;
- ცემინებას;
- თვალების სიწითლეს ან ცრემლდენას;
- მსუბუქ ცხელებას, უმადობას, ზოგად მოთენთილობას.
სიმპტომებმა შესაძლოა გასტანოს რამდენიმე დღეს, ზოგჯერ – ერთ კვირამდეც, ჩვილებთან – უფრო მეტხანსაც.
ვინაიდან გაციებას ვირუსი იწვევს, ანტიბიოტიკებით მკურნალობა საჭირო არ არის.
გაციებისა და ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტები არ არის რეკომენდებული ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რადგან ზოგჯერ მათ სერიოზული თანმხლები ეფექტები აქვთ.
როგორ დავეხმაროთ პატარას
* სიმპტომების შესამსუბუქებლად ასვით საკმარისი სითხე: დედის რძე, ხელოვნური რძე (ფორმულა), ოთხ თვეზე მეტი ხნისებს – წყალი.
* თუ ბავშვი ჩვეულებრივზე იშვიათად შარდავს, თვალები ჩაცვენილი აქვს ან ყიფლიბანდი დარბილებული, შესაძლოა, ეს დეჰიდრატაციის ნიშანი იყოს, ამიტომ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
* ცხვირის გაჭედვისას ჩააწვეთეთ ფიზიოლოგიური ხსნარი და შემდეგ ცხვირის ასპირატორით ამოუტუმბეთ ლორწო.
* მშვიდად რომ იძინოს, დაანოტივეთ ჰაერი მის ოთახში, რათა ლორწოვანი გარსები არ გამოუშრეს.
* საწოლის თავი ოდნავ წამოუწიეთ ლეიბის ქვეშ ამოდებული მჭიდროდ დახვეული პირსახოცით. არ ამოუდოთ თავქვეშ ბალიში ან ფუმფულა, რბილი ქსოვილი (პლედი, პირსახოცი) – მათი გამოყენებისას იმატებს გაგუდვის რისკი.
ნუ შეგეშინდებათ, თავდაპირველად შესაძლოა გაგიჭირდეთ, მაგრამ თანდათან გაიმდიდრებთ გამოცდილებას და ისწავლით, როგორ დაეხმაროთ პატარას.
გაციების რისკის შესამცირებლად
• დაიბანეთ ხელები თბილი საპნიანი წყლით ბავშვის შეხებამდეც და შეხების შემდეგაც, განსაკუთრებით – ცხვირის მოწმენდის შემდეგ.
• ცხვირის მოსაწმენდად გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცი და გამოყენებისთანავე გადააგდეთ.
• ბავშვს თვალები გაუწმინდეთ ბამბის ქსოვილის სუფთა ნაჭრით. თითოეული თვალისთვის გამოიყენეთ სხვადასხვა ნაჭერი.
• ცემინებისა და ხველების დროს აიფარეთ (ბავშვსაც ააფარეთ) ცხვირ-პირზე ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მკლავი.
* ხშირად წმინდეთ სათამაშოები, სკამები, მაგიდები, კარადები, კარის სახელურები – მიკრობები ზედაპირზე 24-დან 48 საათამდე ძლებენ.
• მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტი იმ ადამიანებთან, რომლებსაც გაციების მსგავსი სიმპტომები აქვთ.
როდის უნდა დაუკავშირდეთ ექიმს
დაუკავშირდით პედიატრს, თუ:
* 38°C-ზე მაღალი სიცხე აქვს ჩვილს ან 39°C-ზე მაღალი – სკოლამდელი ასაკის ბავშვს;
* ტემპერატურამ მოულოდნელად აიწია ან ორ დღეზე მეტია გრძელდება;
* ხველა ერთ კვირაზე მეტია გრძელდება და თან ახლავს ხიხინი ან ბავშვს უჭირს სუნთქვა;
* გაჩნდა გამონაყარი ტანზე ან ბავშვის საერთო მდგომარეობა სწრაფად უარესდება.
განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ნაადრევად დაბადებულ ჩვილებთან – ისინი ვერ ასწრებენ, მიიღონ დედისგან საკმარისი რაოდენობის ანტისხეული და უფრო მოწყვლადები არიან ინფექციის მიმართ.
***
გრიპი
გრიპი ვირუსული ინფექციაა, რომელიც აზიანებს ფილტვებს და ზედა სასუნთქ გზებს. მას იწვევს სხვადასხვა ტიპის ვირუსები, მათ შორის – H1N1 (ე.წ. ღორის გრიპი). ვრცელდება ხველებით, ცემინებით, შეხებით – ისევე, როგორც გაციება. სიმპტომებითაც გაციებას ჰგავს, მაგრამ უფრო მძიმედ მიმდინარეობს.
გრიპს ახასიათებს:
- უეცარი სიცხე (ხშირად ის ავადმყოფობის პირველი ნიშანია);
- მშრალი ხველა;
- კუნთების ტკივილი;
- საერთო სისუსტე;
- ცხვირიდან გამონადენი;
- ზოგჯერ – დიარეა ან ღებინება;
- უმადობა.
სხვა სიმპტომები, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღეში ალაგდება, ხველამ და სისუსტემ კი შესაძლოა ორ კვირას და მეტხანსაც გასტანოს.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს
თუ ბავშვი ჯერ კიდევ ძალიან პატარაა, აქვს სიცხე ან შეუძლოდ გეჩვენებათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ პედიატრს. ამასთან ერთად:
- ასვით მეტი სითხე;
- დაასვენეთ;
- სიცხის შემთხვევაში მიეცით ბავშვთა პარაცეტამოლის სუსპენზია (ასაკისა და წონის შესაბამისი დოზით).
ინფექციის პრევენცია
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნებადართულია 6 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის, სასურველია 5 წლამდე ასაკის ყველა ბავშვის აცრა. კარგი იქნება, თუ ბავშვის მოვლაში ჩართული ზრდასრულებიც აიცრებიან. აუცილებელია ხელების რეგულარული ბანა და ხალხმრავალი ადგილებისთვის თავის არიდება ზამთარში.
***
სინუსიტი
სინუსები სახის ძვლებში არსებული ტენიანი, ჰაერით სავსე, ლორწოვანი გარსით ამოფენილი ღრუებია. სინუსი სულ ოთხი წყვილია. სინუსიტი მათი ანთებაა. გარდა ვირუსებისა და ბაქტერიებისა, სინუსიტი შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიამ, თამბაქოს კვამლის ან ჰაერის სხვა დამაბინძურებლის ზემოქმედებამ. გაღიზიანებული სინუსები ჭარბად წარმოქნის ლორწოს, დაგროვილ ლორწოში მიკრობების გამრავლება კი ინფექციას იწვევს. სინუსები შესაძლოა გადიდებულმა ადენოიდებმა და ცხვირის პოლიპებმაც დაბლოკოს.
სიმპტომები
სინუსიტი ხშირად ჩვეულებრივ გაციებას ჰგავს – ვლინდება ცხვირის გაჭედვით ან სურდოთი, ღამღამობით – გაძლიერებული ხველით. გაციების თანმხლები სინუსიტი 7-10 დღეში უმეტესად თავისთავად გაივლის. თუ სიმპტომები უფრო მეტხანს გაგრძელდა ან გაციებიდან ერთ კვირაში დამძიმდა, ეს შესაძლოა ბაქტერიული ინფექციის ნიშანი იყოს. ბაქტერიული სინუსიტის დროს მოსალოდნელია:
- სიცხე, რომელმაც გაციების გავლის შემდეგ აიწია;
- უსიამოვნო სუნი პირიდან;
- გულისრევა და უმადობა;
- ტკივილი ან ზეწოლის შეგრძნება სახის მიდამოში (ხშირად – ყურებში, კბილებში ან ყელშიც);
- მოზარდებში – თავის ტკივილი ან ტკივილი თვალების უკან.
პატარა ბავშვებთან გაციების დროს თავის ტკივილი იშვიათად მიუთითებს სინუსიტზე, რადგან შუბლისა და თვალების უკან მდებარე სინუსების ჩამოყალიბება მხოლოდ 7 წლისთვის სრულდება. მათი ინფიცირებაც მხოლოდ მოზარდი ასაკის დასაწყისში ხდება შესაძლებელი.
იშვიათად ბაქტერიული სინუსიტი მოულოდნელად იწყება – მაღალი სიცხით და ცხვირის ძლიერი გაჭედვით, რაც 3-4 დღეს გასტანს.
დაუკავშირდით ექიმს, თუ:
* ბავშვს სიცხემ აუწია გაციებიდან 7-10 დღის შემდეგ – ეს შესაძლოა ნიშნავდეს როგორც სინუსიტს, ისე სხვა ინფექციას (პნევმონიას, ოტიტს);
* გაციების სიმპტომები, 7-10 დღეა, არ მცირდება და ძლიერდება კიდეც.
მკურნალობა
სინუსების ინფექცია უმეტესად ვირუსებით არის გამოწვეული და მკურნალობის გარეშე გაივლის. სიმპტომების შესამსუბუქებლად:
* დაადეთ ბავშვს სახეზე თბილი საფენი;
* ტკივილის გასაყუჩებლად ან სიცხის დასაწევად მიეცით პარაცეტამოლი ან იბუპროფენი (არ მისცეთ ასპირინი ვირუსული ინფექციის დროს – შესაძლოა, გამოიწვიოს რეის სინდრომი, რომელიც საშიში მდგომარეობაა);
* ცხვირში ჩააწვეთეთ ფიზიოლოგიური ხსნარი (ან ზღვის მარილის წყალხსნარი – გამოდის სპრეის სახითაც). ის უსაფრთხოა, ასუფთავებს ცხვირს, ამცირებს შეშუპებას.
თუ ექიმი ბაქტერიულ ინფექციას ეჭვობს, შესაძლოა, რამდენიმე დღე დააკვირდეს მდგომარეობას ან პირდაპირ დანიშნოს ანტიბიოტიკი.
პრევენცია
ყველა შემთხვევის თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ სინუსიტის განვითარების ალბათობას ამცირებს გაციების პრევენცია, ალერგიის დროული მკურნალობა, ასევე – ზამთარში ჰაერის დამატენიანებლის გამოყენება. ოთახში ჰაერის ტენიანობა 45-50% უნდა იყოს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია დამატენიანებლის რეგულარული წმენდა, რათა მასში ობი არ დაგროვდეს.
***
ლარინგიტი
ლარინგიტი ხორხის ანთებაა. ხორხი ყელის ის ნაწილია, სადაც განლაგებულია მბგერავი ნაოჭები (სახმო იოგები) – ორი წვრილი, კუნთოვანი ზოლი. სუნთქვისას ფილტვებიდან ამომავალი ჰაერი მათ ვიბრაციას იწვევს. ასე წარმოიქმნება ხმა, ენის, ტუჩებისა და რბილი სასის მოძრაობით კი ის სიტყვებად გარდაიქმნება.
ლარინგიტის დროს სახმო იოგები შუპდება, ხმა იხლიჩება, ხრინწიანდება ან სუსტდება, ზოგჯერ კი რამდენიმე დღით საერთოდ იკარგება.
ლარინგიტი უმეტესად ვითარდება ვირუსული ინფექციის, მაგალითად, გაციების ან გრიპის ფონზე (მწვავე ლარინგიტი). თუ ხორხი ხშირად ღიზიანდება (მაგალითად, თამბაქოს კვამლით, ალერგენებით, გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს კუჭის შიგთავსით), შესაძლოა, განვითარდეს ლარინგიტის ქრონიკული ფორმა.
ლარინგიტის გამოწვევა ხმის გადაძაბვასაც შეუძლია.
სიმპტომები
ლარინგიტის სიმპტომებია:
- ხმის ჩახლეჩა ან ჩახრინწვა;
- ხმის ხანმოკლე დაკარგვა;
- ყელის ქავილი ან გაღიზიანება;
- ყელის ტკივილი;
- მშრალი ხველა;
- ჩახველების, ყელის ჩაწმენდის ხშირი მოთხოვნილება.
ეს ნიშნები, ჩვეულებრივ, 2-3 კვირაზე ნაკლებ ხანს გრძელდება. როცა სიმპტომები ძლიერია ან ხანგრძლივდება, მიზეზი შესაძლოა უფრო სერიოზული ინფექცია იყოს.
როდის მივმართოთ ექიმს
დაუკავშირდით პედიატრს, თუ ბავშვს:
* 2 კვირაზე მეტია, ხმა ჩახლეჩილი აქვს;
* რამდენიმე დღეში ხმა არ აღდგა.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვს აღენიშნება:
* ხმაურიანი, მაღალი ტონალობის სუნთქვა (სტრიდორი);
* მყეფავი ხველა;
* უჩვეულოდ უხვი ნერწყვდენა;
* ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება;
* მაღალი ტემპერატურა.
ეს სიმპტომები შესაძლოა მიუთითებდეს კრუპზე ან უფრო საშიშ მდგომარეობაზე – ეპიგლოტიტზე. ამ დროს ხორხსარქველი შუპდება და შესაძლოა, სასუნთქი გზები დაახშოს.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ლარინგიტის სადიაგნოზო ნიშანია ხმის ჩახლეჩა ან შეცვლა. თუ ხმის ცვლილება დიდხანს გაგრძელდა, სხვა გამოკველვებიც ჩატარდება.
რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე პერიოდში ლარინგიტი უმეტესად თავისთავად გაივლის. ამ ხნის განმავლობაში მნიშვნელოვანია სწორი მოვლა შინ:
* ბავშვს დაასვენებინეთ ხმა – დაუშალეთ ხმამაღლა საუბარი, ყვირილი;
* ასვით ბევრი თბილი სითხე;
* დააატენიანეთ ოთახის ჰაერი.
თუ ლარინგიტის მიზეზი რეფლუქსი, კვამლი ან ალერგიაა, აუცილებელია ამ მიზეზების აღმოფხვრა.
ანტიბიოტიკები თითქმის არასდროს არის საჭირო, რადგან ლარინგიტი, წესისამებრ, ვირუსული ინფექცსიის შედეგია.
თუ ბავშვს ლარინგიტის მძიმე ფორმა განუვითარდა ან ჩვილს ლარინგიტზე დაერთო კრუპი, ექიმმა შესაძლოა კორტიკოსტეროიდები გამოწეროს – ისინი ამცირებენ შეშუპებას და ბავშვს თავისუფლად სუნთქვაში ეხმარებიან.
ძალიან იშვიათად, თუ სახმო იოგების დაზიანება სხვა მიზეზით, მაგალითად, კვანძებით ან პოლიპებით არის გამოწვეული, შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.
პრევენცია
ლარინგიტის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია:
* ხელების ხშირი ბანა, რათა შემცირდეს ვირუსული ინფექციის რისკი;
* თამბაქოს კვამლისა და ქიმიური ორთქლის ზემოქმედების თავიდან აცილება;
* ხმის დასვენება
***
კრუპი
კრუპი ზედა სასუნთქი გზების შევიწროებაა. მას იწვევს ხორხის, ტრაქეისა და ბრონქების გაღიზიანება და შეშუპება. როდესაც ხველების დროს ჰაერი შევიწროებულ სასუნთქ გზებში გაივლის, შეშუპებული სახმო იოგები ყეფისმაგვარ ხმას გამოსცემენ (მყეფავი ხველა), ჩასუნთქვისას კი ხშირად გაისმის სტვენისებრი ხმა – სტრიდორი.
კრუპის ყველაზე ხშირი გამომწვევი პარაგრიპის ვირუსია.
6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებთან კრუპის განვითარების რისკი ყველაზე მაღალია. 6 წელზე უფროსებთან ის იშვიათად გვხვდება.
სიმპტომები
კრუპი ხშირად ჩვეულებრივი გაციებით იწყება. შესაძლოა, მას თან ახლდეს:
- ხმამაღალი მყეფავი ხველა, რომელიც ძლიერდება ტირილის, შფოთვის, აღელვების დროს;
- ცხელება;
- ხმის ჩახლეჩა;
- ხმაურიანი ან გაძნელებული სუნთქვა.
სიმპტომები უმეტესად ღამით მძაფრდება და, წესისამებრ, 3-5 დღეს გრძელდება.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს
დაუკავშირდით ექიმს, თუ სიმპტომები მძიმეა ან მძიმდება, კრუპი 3-5 დღეზე მეტია გრძელდება ან არ რეაგირებს შინ ჩატარებულ მკურნალობაზე.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი შვილი:
- გამოსცემს მაღალი სიხშირის მსტვენ ბგერას როგორც ჩასუნთქვის, ისე ამოსუნთქვის დროს;
- მაშინაც კი ხმაურით სუნთქავს, როდესაც არ ტირის და არ ღელავს;
- უხვად გამოყოფს ნერწყვს ან უჭირს ყლაპვა;
- მოუსვენარი, გაღიზიანებული ან დაქანცული და მივარდნილია;
- სუნთქავს ჩვეულებრივზე სწრაფად;
- უჭირს სუნთქვა;
- ტუჩების, ცხვირის ან ფრჩხილების გარშემო კანი მოლურჯო ან მონაცრისფრო აქვს.
კრუპის შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს. იშვიათად მან შესაძლოა გამოიწვიოს სუნთქვის სერიოზული გაძნელება ან ტრაქეის ბაქტერიული ინფექცია ვირუსულთან ერთად.
დიაგნოზი და მკურნალობა
ექიმი დიაგნოზს სვამს ბავშვის გასინჯვის საფუძველზე. საჭიროების შემთხვევაში სხვა დაავადების გამოსარიცხად შესაძლოა დანიშნოს რენტგენოგრაფია ან სხვა გამოკვლევა.
კრუპის მკურნალობა უმეტესად შინაც შესაძლებელია, გააჩნია სიმპტომების სიმძიმეს. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის დამშვიდება, რადგან ტირილმა და შფოთვამ შესაძლოა გააძლიეროს ხორხის შეშუპება და სუნთქვა კიდევ უფრო გააძნელოს.
ჩაეხუტეთ ბავშვს, წაუკითხეთ ზღაპარი, უმღერეთ, მიეცით საყვარელი სათამაშო და დაარწმუნეთ, რომ ყველაფერი რიგზეა.
მიაწოდეთ საკმარისი სითხე, რომ ორგანიზმი არ გამშრეს.
ექიმმა შესაძლოა დანიშნოს კორტიკოსტეროიდი (მაგალითად, დექსამეტაზონი) სასუნთქი გზების შეშუპების შესამცირებლად, ზოგჯერ – ეპინეფრინიც. მძიმე კრუპის შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია.
***
ბრონქიოლიტი და RSV
ბრონქიოლიტი მცირე სასუნთქი გზების, ბრონქიოლების, ანთებაა. ამ დროს მათში გროვდება ლორწო, რომელიც ხელს უშლის ჰაერის მოძრაობას და სუნთქვას აძნელებს. ბრონქიოლიტი საკმაოდ ხშირად აქვთ ჩვილებსა და მცირეწლოვან ბავშვებს. მას ყველაზე ხშირად იწვევს რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი (RSV), თუმცა გაციების სხვა ვირუსებით გამოწვეული ბრონქიოლიტიც გვხვდება.
RSV ყველაზე აქტიურია ოქტომბრიდან მარტამდე. ბავშვების დაახლოებით ორ მესამედს სიცოცხლის პირველი წელს ერთხელ მაინც აქვს გადატანილი ღშV-ინფექცია. მშობლები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ ბავშვის ჩვეულებრივი სურდო და ხველა სწორედ ამ ვირუსით არის გამოწვეული. თუ ბავშვი დღენაკლულია ან აქვს ფილტვის ან გულის თანდაყოლილი პრობლემა, RSV-მ შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, ამიტომ ასეთ ბავშვებთან განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო.
სიმპტომები
ბრონქიოლიტის სიმპტომები პირველ დღეებში ძალიან ჰგავს გაციებისას:
- ცხვირის გაჭედვა ან სურდო;
- ხველა;
- ცემინება;
- მსუბუქი სიცხე.
რამდენიმე დღის შემდეგ მდგომარეობა შესაძლოა დამძიმდეს და განვითარდეს:
- სწრაფი, ზედაპირული სუნთქვა;
- ხიხინი ან დამახასიათებელი ხმაური სუნთქვის დროს;
- ხშირი ან ხანგრძლივი ხველა;
- ზოგჯერ – უმადობა და ძილის დარღვევა.
ავადმყოფობა, ჩვეულებრივ, რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე გრძელდება, მაგრამ ხველა შესაძლოა ორ კვირამდეც გაგრძელდეს, მაშინაც კი, როცა ბავშვი უკვე გამოჯანმრთელებულია. მძიმედ გადატანილ ღშV-ს უკავშირებენ ბავშვობაში ასთმის განვითარებასაც, თუმცა არა ყოველთვის – ინდივიდუალურ ფაქტორებსაც აქვს მნიშვნელობა.
როგორ დავეხმაროთ პატარას
* ეცადეთ, ბავშვმა მიიღოს საკმარისი სითხე – დედის რძე, ხელოვნური ნარევი (ფორმულა) ან წყალი. ეს ხელს შეუშლის სხეულის გამოშრობას და გაათხელებს ლორწოს.
* თუ ბავშვს სიცხე აქვს, თბილად არ ჩააცვათ. ოთახში შეინარჩუნეთ ზომიერი ტემპერატურა.
* სიცხის დასაწევად ან დისკომფორტის მოსახსნელად შეგიძლიათ, გამოიყენოთ პარაცეტამოლის საბავშვო სუსპენზია. ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია ან შეფუთვა – მასზე მითითებული იქნება დოზირება ბავშვის ასაკისა და წონის მიხედვით.
* დაატენიანეთ ოთახის ჰაერი, რათა ბავშვს სუნთქვა გაუადვილოთ.
* ბავშვს ძილის დროს თავი ოდნავ წამოაწევინეთ – ეს ხელს შეუშლის ლორწოს შეგუბებას და გააადვილებს სუნთქვას (ოღონდ ნუ ამოუდებთ თავქვეშ ბალიშს ან რბილ ფუმფულა ქსოვილს).
როდის მივმართოთ ექიმს
დაუყოვნებლივ დაუკავშირდით პედიატრს ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, თუ შეამჩნიეთ, რომ:
- ბავშვი სწრაფად ან ხმაურიანად სუნთქავს;
- სუნთქვისას ნეკნებს შორის კუნთები შიგნით ეზნიქება;
- კანზე ან ტუჩებზე ადევს მომწვანო ან მოლურჯო ფერი;
- უარს ამბობს სითხის მიღებაზე ან იშვიათად შარდავს;
- სიცხე რამდენიმე დღეზე მეტია გრძელდება ან იმატებს.
ბრონქიოლიტი უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს და ინტენსიურ მკურნალობას არ მოითხოვს, მაგრამ ჩვილზე დაკვირვება აუცილებელია. თუ მას უფრო და უფრო მეტად უჭირს სუნთქვა, შესაძლოა, საჭირო გახდეს ჟანგბადის მიწოდება, სუნთქვის დამხმარე მოწყობილობის გამოყენება ან წამლის მიცემა.
მძიმე შემთხვევებში ჰოსპიტალური მკურნალობა, ჩვეულებრივ, 2-3 დღეს გრძელდება, თუმცა ფილტვის ან გულის თანდაყოლილი პრობლემების მქონე ჩვილებს შესაძლოა გამოჯანმრთელებისთვის მეტი დრო დასჭირდეთ.
როგორ შევამციროთ ინფექციის რისკი
RSV, ისევე როგორც სხვა რესპირატორული ვირუსები, ადვილად გადაედება შეხებით ან ხველებისა თუ ცემინების დროს ჰაერში გამოტყოცნილი წვეთებით, ამიტომ განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება იქ, სადაც ბევრი ბავშვია – ბაღებში, სკოლებში, სათამაშო ოთახებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
ინფექციის თავიდან ასაცილებლად:
* მოარიდეთ ბავშვი ხალხმრავალ ადგილებს და საზოგადოებრივ ტრანსპორტს ოქტომბრიდან მარტამდე.
* სთხოვეთ ახლობლებსა და სხვა ბავშვებს, რომლებსაც გაციების მსგავსი სიმპტომები აქვთ, თავი შეიკავონ ბავშვის ხელში აყვანისა და მოფერებისგან.
* ხშირად დაიბანეთ და გაიმშრალეთ ხელები, განსაკუთრებით – ბავშვის შეხებამდე და შეხების შემდეგ.
* რეგულარულად წმინდეთ სათამაშოები, ავეჯი, კარის სახელურები – ღშV-ს შეუძლია, რამდენიმე საათს დარჩეს პლასტმასისა და მეტალის ნივთებზე.
* ყველას აუკრძალეთ ბავშვის სიახლოვეს მოწევა – თამბაქოს კვამლი საგრძნობლად ამძიმებს ღშV-ს მიმდინარეობას, განსაკუთრებით – ნაადრევად დაბადებულ ჩვილებთან.
ამჟამად RSV-ს საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს, თუმცა მაღალი რისკის მქონე ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია სპეციალური ანტისხეულების ინექცია, რომელიც მძიმე ინფექციისგან იცავს. ის კეთდება ყოველთვიურად ღშV-ს მთელი სეზონის განმავლობაში და განსაკუთრებით რეკომენდებულია დღენაკლული და ფილტვის ან გულის ქრონიკული დაავადებების მქონე ჩვილებისთვის.
***
ბრონქიტი
ბრონქიტი ბრონქების ანთებაა. ბრონქები მსხვილი სასუნთქი მილებია, რომლებიც ტრაქეას (სასულეს) ფილტვებთან აკავშირებს. მათი ნაზი ლორწოვანი გარსი გამოიმუშავებს ლორწოს, რომელიც იცავს სუნთქვაში მონაწილე ორგანოებსა და ქსოვილებს.
ბრონქიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც.
მწვავე ბრონქიტი სწრაფად ვითარდება და მკვეთრ სიმპტომებს იწვევს, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე კვირას გრძელდება. მისი გამომწვევი უმეტესად ვირუსია, იშვიათად – ბაქტერია. ადამიანების უმეტესობას სიცოცხლეში ერთხელ მაინც ჰქონია მწვავე ბრონქიტი.
ქრონიკული ბრონქიტი ბავშვებთან იშვიათია. ის რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე გრძელდება. შესაძლოა, იყოს მსუბუქი ან მძიმე. იწვევს: მოწევა, ხანმოკლეც კი; თამბაქოს კვამლთან ხშირი კონტაქტი; ქიმიური ორთქლისა და ჰაერის სხვა დამაბინძურებლების ხანგრძლივი ზემოქმედება.
ქრონიკული ბრონქიტის დროს ბრონქებში მუდმივად მიმდინარეობს ანთებითი პროცესი, გამოიყოფა ჭარბი ლორწო. ბრონქიტის ამ ფორმის მქონე ადამიანებს უფრო ხშირად უვითარდებათ ბაქტერიული ინფექცია, მაგალითად, პნევმონია.
ბრონქიტი იწვევს:
* სუნთქვის გაძნელებას – ჰაერი ფილტვებში დაუბრკოლებლად ვეღარ შედის და გამოდის;
* ბრონქების ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას;
* ზედმეტი ლორწოს წარმოქმნას.
სიმპტომები
ბრონქიტის ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ხველაა. მწვავე ბრონქიტი ხშირად იწყება მშრალი, გამაღიზიანებელი ხველით. შესაძლოა, მას თან ახლდეს სხვა სიმპტომებიც:
- თეთრი, ყვითელი ან მწვანე ნახველი
- ქოშინი, სუნთქვის გაძნელება;
- გულმკერდის არეში ტკივილი ან დაჭიმულობის შეგრძნება;
- ხიხინი (სუნთქვისას დამახასიათებელი მსტვენი ბგერა);
- თავის ტკივილი;
- საერთო სისუსტე;
- ტემპერატურის მომატება, შემცივნება.
ქრონიკული ბრონქიტის დროს
* გაციებისა და სხვა რესპირატორული ინფექციებისგან გამოჯანმრთელებას მეტი დრო სჭირდება;
* ხიხინი, ქოშინი და ხველა შესაძლოა ყოველდღიური იყოს;
* დროთა განმავლობაში სუნთქვა შესაძლოა უფრო და უფრო მეტად გაძნელდეს.
დიაგნოსტიკა
ბრონქიტის დიაგნოზის დასასმელად სამედიცინო გამოკვლევა უმეტესად არ არის საჭირო, მაგრამ შესაძლოა, დაინიშნოს გულმკერდის რენტგენი პნევმონიის გამოსარიცხად ან სუნთქვის ტესტი (სპირომეტრია) ასთმის დასადგენად, რადგან ზოგიერთ ბავშვს, რომელსაც ხშირად აქვს ხველით, ხიხინით და ქოშინით მიმდინარე ბრონქიტი, შესაძლოა, ჰქონდეს ასთმა.
მკურნალობა
თუ ბრონქიტი ვირუსულია, ანტიბიოტიკები არ ინიშნება, ბავშვების უმეტესობა სახლის პირობებში თავს კარგად გრძნობს. ექიმი მშობლებს რეკომენდაციას აძლევს, ბავშვს ბევრი სითხე ასვან და დაასვენონ.
უფროსი ასაკის ბავშვს შესაძლოა დაუნიშნონ ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები ან ბრონქოდილატატორები (მედიკამენტები, რომლებიც აფართოებს სასუნთქ გზებს და აადვილებს სუნთქვას). ეს საშუალებები ხშირად მიიღება ინჰალატორით ან ნებულაიზერით.
ქრონიკული ბრონქიტის დროს აუცილებელია გამაღიზიანებელი ფაქტორებისთვის თავის არიდება. ბავშვები (განსაკუთრებით – ბრონქიტისადმი მიდრეკილები) უნდა დაიცვათ თამბაქოს კვამლისგან, რადგან ეს უკანასკნელი ზრდის ინფექციის რისკს, აძლიერებს ბრონქებში ლორწოს წარმოქმნას და მათ შეშუპებას.
***
პნევმონია
პნევმონია (ერთი ან ორივე ფილტვის ანთება) ხშირად ვითარდება გაციების, გრიპის ან სხვა ინფექციის შემდეგ და ფილტვების ინფექციურ ანთებას წარმოადგენს. მისი სიმპტომებია:
- მაღალი ტემპერატურა;
- ხველა;
- სუნთქვის აჩქარება ან გაძნელება;
- ხიხინი;
- მუცლის შებერილობა ან ტკივილი.
- ძილად მივარდნა.
თუ ეჭვობთ, რომ ბავშვს პნევმონია აქვს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
დიაგნოზის დასასმელად ექიმი გულდასმით გასინჯავს ბავშვს. შესაძლოა, საჭიროდ მიიჩნიოს ფილტვების რენტგენოგრაფია და სისხლის ანალიზიც ანთების ხარისხისა და გამომწვევის დასადგენად.
პნევმონია შესაძლოა იყოს როგორც ბაქტერიული, ისე ვირუსული წარმოშობისაც. ბაქტერიული ფორმების შემთხვევაში საჭიროა ანტიბიოტიკებით მკურნალობა, ხოლო ვირუსულ პნევმონიას სიმპტომური თერაპია (სითხეები, სიცხის დამწევი, დასვენება) სჭირდება. ანტიბიოტიკებს ამ დროს არ გამოწერენ.
უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია შინ მკურნალობაც, თუმცა ჩვილებსა და მაღალი რისკის მქონე ბავშვებს შესაძლოა დასჭირდეთ ხანმოკლე ჰოსპიტალიზაცია. ბავშვებისთვის განკუთვნილი Hib (Haemophilus influenzae tipi B) და პნევმოკოკური (PCV) ვაქცინები, რომლებიც 8 კვირის ასაკიდან კეთდება, პნევმონიის ზოგიერთი ფორმისგან იცავს
***
ტონზილიტი
ტონზილიტი ნუშურა ჯირკვლების ანთებაა – წესისამებრ, გამოწვეული ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციით. ნუშურა ჯირკვლები განლაგებულია ყელის უკანა კედელზე, ორივე მხარეს, და იმუნურ სისტემას ინფექციებისგან ორგანიზმის დაცვაში ეხმარება. ანთებითი პროცესის დროს ეს ჯირკვლები შუპდება, რამაც შესაძლოა ყელის ტკივილი გამოიწვიოს.
სიმპტომები
ანთებადი ნუშურები წითელი და შეშუპებულია. მათ ზედაპირზე შესაძლოა შეინიშნებოდეს თეთრი ან მოყვითალო ნადები ან წერტილები. გარდა ამისა, მოსალოდნელია:
- ყელის ტკივილი;
- ცხელება
- პირიდან უსიამოვნო სუნი;
- კისრის ლიმფური კვანძების გადიდება;
- ყლაპვის გაძნელება;
- მუცლის ტკივილი;
- თავის ტკივილი.
პატარა ბავშვებთან, რომლებიც ჯერ ვერ გამოხატავენ, როგორ გრძნობენ თავს, ტონზილიტის ამოცნობა შეგვიძლია შემდეგი ნიშნებით:
- ნერწყვის ჭარბი დენით ყლაპვის გაძნელების ან ტკივილის გამო;
- ჭამაზე უარით;
- გაღიზიანებით, უჩვეულო მოუსვენრობით.
რა იწვევს
ყველაზე ხშირად ტონზილიტს ვირუსი იწვევს – ადენოვირუსი, გრიპის ვირუსი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი.
ზოგჯერ ტონზილიტი ბაქტერიული ინფექციის შედეგია. ბაქტერიული ფორმების უმეტესობა A ჯგუფის სტრეპტოკოკით არის გამოწვეული (ამ შემთხვევაში მას სტრეპტოკოკულ ყელის ტკივილს უწოდებენ).
იშვიათად ტონზილიტის მიზეზი შეიძლება სხვა, არაინფექციური ფაქტორიც იყოს.
ტონზილიტი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, მაგრამ უმეტესად ბავშვებთან გვხვდება. სტრეპტოკოკული ტონზილიტი განსაკუთრებით ხშირია 5-დან 15 წლამდე ასაკში.
როგორ სვამენ დიაგნოზს
თუ ბავშვს ტონზილიტის ნიშნები აქვს, მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.
ექიმი გამოკითხვით და ყელის დათვალიერებით აფასებს მდგომარეობას – ამოწმებს პირის ღრუს, ნუშურებსა და კისრის ლიმფურ კვანძებს.
შესაძლოა, ჩატარდეს ყელის უკანა ნაწილიდან ბამბის ტამპონით აღებული ნიმუშის სწრაფი ტესტი სტრეპტოკოკის აღმოსაჩენად. სწრაფი ტესტის პასუხის მისაღებად საჭიროა რამდენიმე წუთი. შესაძლოა, ნიმუში გაიგზავნოს ლაბორატორიაში ბაქტერიული კულტურის შესასწავლად – ამ შემთხვევაში კვლევა რამდენიმე დღეს მოითხოვს. თუ სწრაფი ტესტის პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა, საბოლოო დიაგნოზი კულტურის შესწავლის შედეგზეა დამოკიდებული.
როგორ მკურნალობენ
მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევზე:
* ვირუსული ტონზილიტის დროს ორგანიზმი თავად ებრძვის ინფექციას, ამიტომ საკმარისია სიმპტომური თერაპია – სითხეები, დასვენება, ტკივილგამაყუჩებლები.
* ბაქტერიული ტონზილიტის დროს ექიმი გამოწერს ანტიბიოტიკს. მნიშვნელოვანია, ბავშვმა წამალი მიიღოს მითითებული დოზითა და ხანგრძლივობით.
ანტიბიოტიკის კურსის შეწყვეტამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფექციის შებრუნება ან ისეთი გართულებები, როგორებიცაა რევმატული ცხელება (შესაძლოა, დააზიანოს გული), თირკმლის დაავადება, ინფექციის გავრცელება სხეულის სხვა ნაწილებში.
იშვიათად, როცა ნუშურების ანთება მეტისმეტად ხშირია ან ისინი იმდენად გადიდებულია, რომ ხელს უშლის სუნთქვას, შესაძლოა, ექიმმა ტონზილექტომია – ნუშურების ქირურგიული გზით მოცილება გირჩიოთ.
ამჟამად ეს ოპერაცია მხოლოდ მკაფიო სამედიცინო ჩვენებით ტარდება, მაგალითად, მაშინ, როცა ბავშვს უდასტურდება ტონზილიტის შვიდი ან მეტი ეპიზოდი ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ხუთი ან მეტი ეპიზოდი ყოველწლიურად ორი წლის განმავლობაში ან სამი ან მეტი ეპიზოდი ყოველწლიურად სამი წლის განმავლობაში.
როგორ დავეხმაროთ ბავშვს სახლში
* მიეცით ბავშვს ბევრი სითხე და დაასვენეთ.
* თუ ყლაპვა უჭირს, შესთავაზეთ რბილი ან თხევადი საკვები. ზოგს თბილი სუპი ან ჩაი ურჩევნია, ზოგს – ცივი პროდუქტები: ნაყინი, შეიკი, სმუზი.
* დაანოტივეთ ჰაერი ოთახში ან დააყენეთ ორთქლი სააბაზანოში და ბავშვთან ერთად რამდენიმე წუთი იქ გაატარეთ.
* მოზრდილ ბავშვებს შესაძლოა შვება მოჰგვაროს ყელის ტკივილისთვის განკუთვნილმა საწუწნმა ტაბლეტებმა ან ჩვეულებრივმა საწუწნმა კანფეტებმა.
* თუ ბავშვი იმ ასაკისაა, რომ უკვე შეუძლია სითხის ყელში გამოვლება, გამოავლებინეთ თბილი მარილიანი წყალი (ნახევარი ჩაის კოვზი მარილი 250 მლ წყალზე).
* ტკივილის დასაცხრობად და ტემპერატურის დასაწევად გამოიყენეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი (არავითარ შემთხვევაში არ დაალევინოთ ბავშვს ასპირინი!).
თუ ბავშვი იღებს ანტიბიოტიკს და 12 საათზე მეტია აღარ აქვს სიცხე, შეგიძლიათ, სკოლაში გაუშვათ.
ტონზილიტი გადამდებია. ვირუსი ან ბაქტერია შესაძლოა გადაედოს საუბრის, ხველების, ცემინების და უბრალო ხელის ჩამორთმევის დროსაც კი, ამიტომ დაიცავით ინფექციების პრევენციის ზოგადი წესები, მკურნალობის დასრულების შემდეგ კი ბავშვს გამოუცვალეთ კბილის ჯაგრისი.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ:
* ყელის ტკივილი ძლიერდება, განსაკუთრებით – ცალ მხარეს: შესაძლოა, ეს პერიტონზილური აბსცესის ნიშანი იყოს. პერიტონზილური აბსცესი ყალიბდება, როდესაც ბაქტერიები ვრცელდება ნუშურას ირგვლივ არსებულ სივრცეში და მას ჩირქით ავსებს. აბსცესის ნიშნებია: ცხელება, თავის ან ყურის ტკივილი, ლორწოს ან ნერწყვის დენა, ხმის ტემბრის შეცვლა ("დახშული ხმა"). ამ დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია ან ჩირქის დრენაჟი. აბსცესის ხშირი გამეორების შემთხვევაში განიხილება ტონზილექტომიაც.
***
შუა ოტიტი
შუა ოტიტი შუა ყურში მიმდინარე ანთებითი პროცესია. შუა ყური არის ჰაერით სავსე პატარა სივრცე დაფის აპკის უკან, სადაც მდებარეობს ხმის გადამცემი უმცირესი ზომის ძვლები.
ბავშვები ოტიტით გაცილებით ხშირად ავადმყოფობენ, ვიდრე მოზრდილები.
რა იწვევს
ოტიტს იწვევს შუა ყურში მოხვედრილი ბაქტერია ან ვირუსი. ხშირად ანთება მეორეულია, გრიპის, გაციების ან ალერგიის შედეგი, რადგან ეს მდგომარეობები ცხვირის ღრუსა და ევსტაქის მილის შეშუპებას განაპირობებს.
ევსტაქის მილი ვიწრო არხია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს შუა ყურსა და ცხვირის უკანა ნაწილს. მისი ფუნქციებია შუა ყურში წნევის რეგულირება, ჰაერის განახლება და ყურიდან სითხის დრენირება. როცა ევსტაქის მილი შეშუპებულია, ის იბლოკება და სითხე შუა ყურში გროვდება, რასაც ინფექციამდე და ანთებამდე მივყავართ. ბავშვის ევსტაქის მილი მოკლეა და უფრო ჰორიზონტალურად არის მოთავსებული, ამიტომ სითხე მასში უფრო იოლად გროვდება და ანთებაც უფრო ხშირად ვითარდება.
ადენოიდები ცხვირის უკანა ნაწილში მდებარე ორი პატარა, ბალიშის მსგავსი წარმონაქმნია. მათმა შეშუპებამ ან ანთებამაც შეიძლება დაბლოკოს ევსტაქის მილები და შუა ყურის ინფექცია გამოიწვიოს. ბავშვებს შედარებით დიდი ადენოიდები აქვთ, ამიტომ ოტიტიც უფრო ხშირად ემართებათ.
შესაძლოა სითხის დაგროვება შუა ყურში (ექსუდატით მიმდინარე ოტიტი), როცა ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია აღარ არის აქტიური.
ექსუდატით მიმდინარე ქრონიკული ოტიტის დროს ახალი ინფექციის რისკი იმატებს.
ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტის შემთხვევაში კი ინფექცია არ არის ჩამქრალი და დაფის აპკის დაზიანებას ან გახვრეტას იწვევს.
სიმპტომები
ოტიტის სიმპტომები, როგორც წესი, ერთბაშად იჩენს თავს. ბავშვებთან უმეტესად შესამჩნევია:
- ყურის ტკივილი (განსაკუთრებით – წოლისას);
- ყურის ხელით წვალება;
- ჩაძინების გაძნელება;
- ხშირი ტირილი, უხასიათობა;
- მოუსვენრობა;
- ხმებზე რეაქციის დაქვეითება;
- წონასწორობის დაკარგვა;
- ტემპერატურის მატება (38°ჩ-მდე და მეტად);
- ყურიდან სითხის გამოყოფა;
- თავის ტკივილი;
- უმადობა.
უნდა ვიცოდეთ, რომ მსგავსი სიმპტომები სხვა დაავადებებსაც ახასიათებს, ამიტომ სწორი დიაგნოზი აუცილებელია.
მშობელი უნდა დაუკავშირდეს ექიმს, თუ:
- სიმპტომები 2-3 დღეზე მეტია გრძელდება;
- ოტიტის ნიშნები აქვს 6 თვემდე ასაკის ბავშვს;
- ტკივილი ძლიერია;
- გაციების შემდეგ ბავშვს დაერღვა ძილი ან გაღიზიანებულია;
- ყურიდან დის სითხე, ჩირქი ან სისხლიანი სუბსტანცია;
- ბავშვმა დაკარგა სმენა.
რისკფაქტორები
ასაკი: 6 თვიდან 2 წლამდე ბავშვებს განსაკუთრებული მიდრეკილება აქვთ ოტიტისკენ.
ბაღში სიარული: ასეთ გარემოში ვირუსული ინფექციები ადვილად ვრცელდება.
ბოთლით კვება: ჩვილებს, რომლებსაც დაწოლილებს კვებავენ ბოთლიდან, ოტიტი უფრო ხშირად ემართებათ.
სეზონურობა: ინფექციები უფრო ხშირია შემოდგომასა და ზამთარში.
სიგარეტის კვამლი ან დაბინძურებული ჰაერი: ზრდის ოტიტის განვითარების რისკს.
სასის ნაპრალი: ართულებს ევსტაქის მილის დრენაჟს.
შესაძლო გართულებები
ოტიტი უმეტესად გართულებების გარეშე გაივლის, მაგრამ განმეორებითმა ანთებამ შესაძლოა გამოიწვიოს:
* სმენის დროებითი დაქვეითება ინფექციის დროს ან მის შემდეგ სითხის დაგროვების გამო;
* მეტყველებისა და განვითარების შეფერხება სმენის დაქვეითების გამო;
* დაფის აპკის გახვრეტა (თუ ჩირქი ძლიერ ზეწოლას ახდენს) – დაზიანებული აპკი უმეტესად 72 საათში თავისთავად აღდგება, მაგრამ ზოგჯერ საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევაც;
* ინფექციის გავრცელება ახლომდებარე სტრუქტურებში, მაგალითად, მასტოიდურ ძვალში, ტვინსა და მის გარსებში.
პრევენცია
ყურის ინფექციის განვითარების რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია:
* დავიცვათ ბავშვი გაციებისა და სხვა ინფექციებისგან;
* დავიცვათ ბავშვი თამბაქოს კვამლის ზემოქმედებისგან;
* ვკვებოთ ბუნებრივად, თუ შესაძლებელია, სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში, რადგან დედის რძე შეიცავს ანტისხეულებს, რომლებიც ჩვილს ინფექციებისგან იცავს;
* ბოთლით კვებისას დავიკავოთ სწორ პოზაში, არ ვკვებოთ დაწოლილი და არასდროს დავტოვოთ ბოთლით საწოლში;
* დროულად ჩავუტაროთ აცრები – სეზონური გრიპის, პნევმოკოკისა და სხვა ბაქტერიების საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამცირებს ოტიტის განვითარების რისკს.
დიაგნოსტიკა
ექიმი ოტიტის დიაგნოზს უმეტესად სვამს მხოლოდ სიმპტომებისა და გასინჯვის საფუძველზე. ოტოსკოპით, სპეციალური სინათლის წყაროს მქონე აპარატით, ის ათვალიერებს დაფის აპკს. თუ აპკი წითელი და შეშუპებულია, სავარაუდოა ინფექცია. დამატებითი გამოკვლევები ტარდება, თუ დიაგნოზი საეჭვოა, მდგომარეობა, მკურნალობის მიუხედავად, არ უმჯობესდება ან არის სხვა პრობლემებიც.
მკურნალობა
მკურნალობა ასაკზე, ტკივილის ინტენსივობასა და მდგომარეობის სიმძიმეზეა დამოკიდებული. ხშირად მდგომარეობა თავისთავად უმჯობესდება, თუმცა ზოგჯერ საჭიროა მედიკამენტური ჩარევაც.
დაკვირვების ტაქტიკა: თუ ტკივილი სუსტია, ხოლო ტემპერატურა 39°ჩ-ზე ნაკლებია, ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ 1-2 დღის განმავლობაში მდგომარეობაზე დაკვირვება. ამ ხნის შემდეგ სიმპტომები უმეტესად მცირდება და ინფექცია თავისთავად გაივლის.
ტკივილის მართვა: ტკივილის შესამსუბუქებლად გამოიყენება პარაცეტამოლი ან იბუპროფენი. თუ დაფის აპკი დაუზიანებელია, შესაძლოა, სპეციალური წვეთებიც დაინიშნოს.
ანტიბიოტიკოთერაპია: ანტიბიოტიკი ინიშნება მაშინ, როცა ტკივილი ძლიერია, ტემპერატურა 39°ჩ-ზე მაღალია ან ინფექცია 2 დღეზე მეტია გრძელდება.
ყველა ბავშვს არ სჭირდება ანტიბიოტიკი. მისმა ხშირმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს რეზისტენტობა – პრეპარატისადმი გამძლეობის გამომუშავება – და მომავალში წამალმა შედეგი აღარ გამოიღოს.
6 თვემდე ასაკის ბავშვებს ანტიბიოტიკს, წესისამებრ, დაუყოვნებლივ უნიშნავენ გართულების თავიდან აცილების მიზნით.
თუნდაც სიმპტომები სწრაფად ალაგდეს, მნიშვნელოვანია, ბავშვმა სრულად ჩაიტაროს დანიშნული კურსი. მისმა შეწყვეტამ შესაძლოა ინფექციის დაბრუნება გამოიწვიოს.
ტიმპანოსტომიის მილები: თუ ოტიტი ხშირად მეორდება ან შუა ყურში სითხე გროვდება, შესაძლოა, საჭირო გახდეს დაფის აპკში სპეციალური მილების ჩადგმა, რომლებიც ხელს შეუშლის სითხის დაგროვებას და გააუმჯობესებს ჰაერის ცირკულაციას. რამდენიმე თვიდან ორ წლამდე პერიოდში მილები თავისთავად ამოვარდება და დაფის აპკი შეხორცდება.
მშობელმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, თუ ტკივილი არ იკლებს, აღინიშნება მაღალი სიცხე, სმენის დაქვეითება ან გამონადენი ყურიდან.
***
ზამთრის ღებინების ვირუსი
ცივ სეზონზე ხშირია ვირუსული ინფექციები, რომლებიც ღებინებასა და დიარეას იწვევს. მათგან ყველაზე გავრცელებულია ნოროვირუსი – ძალიან გადამდები ვირუსი, რომელიც ადვილად ვრცელდება ოჯახსა და ბავშვთა ჯგუფებში, თუმცა ინფექცია, წესისამებრ, თავისთავად გაივლის და სიმპტომები 2–3 დღეში სრულიად ქრება.
როგორ მოვიქცეთ
მთავარია, თავიდან აიცილოთ გაუწყლოება (დეჰიდრატაცია):
* ასვით ბავშვს ბევრი სითხე – საბავშვო ნარევი (ხელოვნური რძე) ან წყალი;
* სიცხისა და ტკივილის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ საბავშვო პარაცეტამოლი (ექიმის რეკომენდაციისამებრ);
* თუ ბავშვს ჭამა სურს, შესთავაზეთ ადვილად მოსანელებელი საკვები – ბანანი, ბრინჯი, ტოსტი;
* დაიცავით სისუფთავე და ხელების ჰიგიენა, რადგან ნოროვირუსი ძალიან ადვილად ვრცელდება.
ექიმს მიმართეთ, თუ:
- ღებინება ან დიარეა 3 დღეზე მეტია გრძელდება;
- ბავშვს უჭირს სითხის ყლაპვა ან იშვიათად შარდავს;
- აღენიშნება სისუსტე;
- უკვე აქვს სხვა ქრონიკული დაავადება.
მოამზადა მარი აშუღაშვილმა







