ნიღბებს მიღმა: კარნავალის უნივერსალური ენა
Поделитесь:
კარნავალი სათავეს იღებს სატურნალიებად წოდებული საწესჩვეულებო რიტუალებიდან, რომლებიც ძველ რომში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დასრულების აღსანიშნავად იმართებოდა.
კარნავალზე ადამიანებს შორის ყოველგვარი სოციალური ბარიერი იმსხვრეოდა. ამ დღეებში ხალხს ხელისუფლების შეუფარავად დაცინვისა და მისი მკაცრად გაკრიტიკების საშუალება ეძლეოდა. სკოლები და სასამართლოები იხურებოდა, უთანხმოებები დავიწყებას ეძლეოდა, ომებიც კი ჩერდებოდა.
სიტყვა “კარნავალი” ლათინური წარმოშობისაა და, ერთი ვერსიით, “ხორცთან დამშვიდობებას” (carnem levare) ნიშნავს – თავდაპირველად ეს ღონისძიება დიდი მარხვის წინ იმართებოდა ხორციან საკვებსა და გართობასთან დროებით გამოთხოვების აღსანიშნავად.
სხვა ვერსიის თანახმად კი “კარნავალი“ ლათინური “carrus navalis-ისგან” მომდინარეობს. carrus navalis – ეტლ-გემი – რომაულ სატურნალიებში მოძრავ სცენად გამოიყენებოდა.
კარნავალის სამშობლოდ ვენეცია მიიჩნევა. ისტორიულ წყაროებში საერთო-სახალხო ზეიმი ამ სახელით პირველად 1268 წელს იხსენიება. კარნავალის დღეებში ქალაქის ყველა მცხოვრები ნიღაბს ირგებდა, ქუჩებში კი წუთითაც არ წყდებოდა მხატვრების, აკრობატებისა და მუსიკოსების წარმოდგენები, ფესტივალები, მსვლელობები, ტკბილეულის გაყიდვა.
XVIII საუკუნის ვენეციელებს ისე უყვარდათ კარნავალები, რომ მხიარულება შესაძლოა რამდენიმე თვესაც კი გაგრძელებულიყო.
ვენეციის რესპუბლიკის დაცემის შემდეგ დღესასწაული, ნაპოლეონის ბრძანებით, აიკრძალა. ტრადიცია მხოლოდ XX საუკუნის სამოცდაათიან წლებში აღდგა.
გარეგნული სტიქიურობის მიუხედავად, კარნავალი კარგად ორგანიზებული სახალხო დღესასწაულია. მისი განუყოფელი ნაწილია ნიღბები, კოსტიუმები, საზეიმო მსვლელობები, ცეკვები და სიმღერები. მასში პროფესიონალი მსახიობებიც მონაწილეობენ. საგანგებოდ ამ დღისთვის აგებულ ფიცარნაგებზე საყოფაცხოვრებო თემატიკის პატარ-პატარა პანტომიმურ სცენებს გაითამაშებენ.
კარნავალში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, განურჩევლად სქესისა, წოდებისა თუ ასაკისა.
ჭეშმარიტად სახალხო ზეიმმა დღემდე შეინარჩუნა თავისი ძირითადი თვისება – იცინოს და იმხიარულოს ყველაფერზე, რაც მეტისმეტად გასერიოზულებულია ადამიანთა საზოგადოებაში.
გარკვეული ხნის შემდეგ კარნავალების გამართვის ტრადიცია მთელ ევროპაში გავრცელდა, მერე კი მსოფლიოს მოედო, თუმცა თითოეულ ქვეყანაში მას თავისი ისტორია და უნიკალური სტილი აქვს.
ვენეციის კარნავალი
კარნავალის სამშობლოდ, როგორც ვთქვით, ვენეციას მიიჩნევენ. გარდა ტრადიციული ფორმატისა, რომელიც მცირე თეატრალიზებულ დადგმებს გულისხმობს, ვენეციის კარნავალი ყოველწლიურად წინასგან განსხვავებულ თემას ეძღვნება. ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კარნავალად მიიჩნევა. მისტიციზმით გაჯერებული ეს დაუვიწყარი სანახაობა სუნთქვას უკრავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტებს. მთელი ქალაქი მოქმედების სცენად არის ქცეული. კარნავალის გახსნის ცერემონია ქალაქის მთავარ მოედანზე, წმინდა მარკოზ მოციქულის სახელობის ტაძრის წინ იმართება. სწორედ იქიდან იწყება პირველი კოსტიუმირებული აღლუმი.
ვენეციის კარნავალი კოსტიუმებისა და ნიღბების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. “ბაუტა”, “ვოლტო”, “მორეტა”, “გატო” – თითოეულ ნიღაბს თავისი სახელი, ესთეტიკა და ისტორია აქვს.
ყველასთვის კარგად ცნობილი გრძელცხვირა ნიღაბი – “შავი ჭირის მკურნალი” (medico della peste) – ადგილობრივთა ისტორიული მეხსიერების არცთუ სასიამოვნო ფურცლებს აღვიძებს. ვენეციაში ასეთ ნიღბებს ექიმები შავი ჭირის ეპიდემიის დროს ატარებდნენ, უზარმაზარ ცხვირში კი ამ მომაკვდინებელი სენის თავიდან ასაცილებლად ძმრით ან არომატული ზეთებით გაჟღენთილ ნაჭრებს იწყობდნენ.
კარნავალს მხოლოდ ვენეციისთვის დამახასიათებელი შტრიხებიც აქვს, როგორიცაა, მაგალითად გონდოლების რეგატა.
ბრაზილიის კარნავალი
დღეს ძალზე პოპულარული და ქვეყნის სავიზიტო ბარათად ქცეული სახალხო ზეიმი ბრაზილიაში თავის დროზე პორტუგალიიდან ჩამოვიდა.
დამეთანხმებით, საოცარი სანახაობაა, როცა მთელი ქალაქი ცეკვავს. ასეთი რამ ბრაზილიაში, თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში (გააჩნია დიდი მარხვის დაწყების თარიღს) ხდება.
ამ დღეებში ქვეყნის დედაქალაქად რიო-დე-ჟანეირო იქცევა. დღესასწაული ოთხ დღესა და ოთხ ღამეს გრძელდება. დაუვიწყარი შოუ, ფანტასტიკური კოსტიუმები, გამოხატვის სრული თავისუფლება, ყოველ ნაბიჯზე – მგზნებარე სამბა...
რიოს ამ ოთხდღიან მეგაშოუს სამბას აღლუმიც შეგვიძლია ვუწოდოთ. სამბა და რიო ამ დღეებში სინონიმები ხდება. ცეკვის სხვადასხვა სკოლის საუკეთესო წარმომადგენლები ერთმანეთს შვიდასმეტრიან სამბადრომზე ეჯიბრებიან. იქ სამიდან ხუთი ათასამდე შემსრულებელი იყრის თავს. მოცეკვავეთა თითოეული გუნდი საკუთარ სცენას, ქორეოგრაფიას, წარმოდგენას და კოსტიუმებს ქმნის.
შოუში ყოველი დეტალი გააზრებულია. კოსტიუმები, დეკორაციები, თემის მხატვრული განსახიერება, რიტმული სიზუსტე, მაყურებლის აყოლიების ხარისხი – ამ ყველაფერს ექსპერტთა ჯგუფი აფასებს.
კარნავალის დროს რიო-დე-ჟანეიროში უქმეები ცხადდება და ქალაქი სამბას რიტმში ცხოვრობს.
კიოლნის კარნავალი
ეს სახალხო ზეიმი არა მხოლოდ კიოლნსა და გერმანიის რაინის მხარეში, არამედ მთელ ევროპაშია პოპულარული.
მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა და მოედნებზე იმართება. მთავარ დღესასწაულამდე რამდენიმე თვით ადრე ორგანიზატორები კარნავალის სიმღერას, დევიზს და სამ მთავარ პერსონაჟს – თავადს, გლეხსა და ქალწულს – ირჩევენ. მერე მთელ ქალაქში იწყება საზეიმო შეხვედრები, მეჯლისები და მსვლელობები, რაც ექვს დღეს გასტანს.
დღესასწაულის ოფიციალურად გახსნის დღეს ქალაქის ქუჩები დილიდან ქალებით ივსება. ისინი კიოლნის მერიას შტურმით იღებენ და ყველა სურვილის შესრულებას ითხოვენ.
კარნავალის დასასრულს მოედანზე დიდ ჩალის ფიგურას წვავენ. ამ ტრადიციული რიტუალით ქალაქელები მარხვის დაწყებამდე მთელი წლის განმავლობაში დაგროვილ ცოდვებს ინანიებენ.
კარნავალი ნიცაში
ხმელთაშუა ზღვის ლაჟვარდოვან სანაპიროზე მდებარე ამ პატარა ლამაზ ქალაქში დღესასწაული ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. წელს, 2025-ში, ის 14 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით გაგრძელდა.
კარნავალის მთავარი გმირები გიგანტური, თორმეტმეტრიანი პაპიე-მაშეს თოჯინები არიან. მასენას მოედანზე ამ დღეებისთვის საგანგებოდ ეწყობა სტადიონი და გასართობი სივრცეები, მოედნისკენ მიმავალ ქუჩებსა და სახლებს კი მხატვრები და დაზაინერები საზეიმოდ ხატავენ და რთავენ.
კარნავალის დროს ყვავილების აღლუმიც იმართება. ამ ხანგრძლივი და შრომატევადი სამუშაოს შესასრულებლად, რაც, ფაქტობრივად, ქალაქის მთელი ცენტრის მორთვას გულისხმობს, ფლორისტებს 100 000-მდე ყვავილის ღერო სჭირდებათ.
მხიარულ დღესასწაულს თან ახლავს კონცერტები, ფეიერვერკები, მისი უდიდებულესობის – კარნავალის დედოფლის – არჩევა და კულმინაცია: მიმოზების, შროშანებისა და გვირილების წვიმა.
კარნავალი სანტა-კრუს-დე-ტენერიფეში
კარნავალი, რომელიც კანარის კუნძულების დედაქალაქში იმართება, მასშტაბით მხოლოდ ბრაზილიურს ჩამოუვარდება.
ცეცხლოვანი რიტმი, სრული თავისუფლება და, რა თქმა უნდა, ბრწყინვალე სანახაობები – ესპანეთის კარნავალებს შორის ტენერიფეს კარნავალი ყველაზე “ბრაზილიურია”. ის მთელ მსოფლიოშია ცნობილი და დიდი პოპულარობით სარგებლობს.
თხუთმეტი დღის განმავლობაში ქუჩებში სიხარულის, განტვირთვისა და უსაზღვრო ფანტაზიის ზეიმია. კოსტიუმირებულ მსვლელობაში თითქმის ყველა მონაწილეობს. ცოცხალი მუსიკა, ლათინოამერიკული ცეკვები, მეჯლისები, წარმოდგენები და კონცერტები – სანახაობა მართლაც დაუვიწყარია.
კარნავალის დედოფალი, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში წარდგენილი მრავალი კანდიდატურისგან ირჩევენ, არა მხოლოდ სილამაზის სტანდარტებს, არამედ ფიზიკური გამძლეობის განსაზღვრულ კრიტერიუმებსაც უნდა აკმაყოფილებდეს – ბოლოს და ბოლოს, ეს წარმოუდგენელი კოსტიუმები ათეულობით კილოგრამს იწონის.
კარნავალი ბარანკილიაში
სამხრეთ-დასავლეთი კოლუმბიის ქალაქი ბარანკილია მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი და, იმავდროულად, კარიბის ზღვაზე ქვეყნის მთავარი საზღვაო და სამდინარო ნავსადგურია.
ბარანკილიის კარნავალი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვან და მხიარულ კულტურულ დღესასწაულად მიიჩნევენ. წელიწადში ერთხელ, ოთხი დღის განმავლობაში, ბარანკილია სიხარულის, კარიბული ფოლკლორის, მუსიკისა და ცეკვის ეპიცენტრად იქცევა.
კოლუმბიის კარნავალი იუნესკომ კაცობრიობის არამატერიალურ ძეგლთა სიაში შეიყვანა.
სახალხო ზეიმი საუკუნეზე მეტს ითვლის და უნიკალური კოლუმბიური კულტურული ტრადიციების გაცნობასა და შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ახალი ორლეანის კარნავალი
მარდი გრა, “მსუყე სამშაბათი”, ახალი ორლეანის ყოველწლიური კარნავალის კულმინაციაა. მას “ფერფლის ოთხშაბათი” მოსდევს, რომელიც კათოლიკური დიდმარხვის პირველ დღეს ემთხვევა. მარდი გრა ხსნილის ბოლო დღეა.
კარნავალი დიდმარხვის დაწყებამდე ერთი დღით ადრე იმართება. ფრანგული, აფრიკული და ამერიკული ტრადიციების შერწყმა მარდი-გრას უნიკალურ კულტურულ მოვლენად აქცევს.
დღესასწაულის თარიღი მოძრავია. ჩვეულებრივ, ის 3 თებერვლიდან 9 მარტამდე პერიოდში იმართება. ამ დღეებში ახალი ორლეანის ქუჩებში აღლუმები და კოსტიუმირებული მსვლელობები ტარდება. ნიღბიანი და მძივებით მორთული ორლეანელები ტრადიციული ტკბილეულით – სამეფო ნამცხვრით – უმასპინძლდებიან ერთმანეთსა და ქალაქის სტუმრებს.
სახალხო ზეიმი ქალაქის მთავარი ეკლესიის ზარების რეკვით სრულდება, რაც მარხვის, მონანიებისა და თავშეკავების დაწყების მაუწყებელია.
ბარბადოსის კარნავალი
კარნავალების უმრავლესობა კათოლიკური დიდმარხვის წინ იმართება, თუმცა არსებობს ისეთებიც, რომლებსაც ზაფხულში ატარებენ.
კარიბის ზღვის აუზის ყველაზე პოპულარული ზაფხულის დღესასწაული ოდესღაც შაქრის ლერწმის მოსავლის აღების დასრულებას უკავშირდებოდა.
წვეულებების, კონცერტებისა და სხვა გასართობი ღონისძიებების ნონ-სტოპი გრანდიოზული ფინალით – “კადუმენტის აღლუმით” – სრულდება. დედაქალაქ ბრიჯტაუნის ცენტრალურ ქუჩებში მრავალ კილომეტრზე გადაჭიმული კოსტიუმირებული მსვლელობა იმართება.
ნოთინგ-ჰილის კარნავალი
ნოთინგ ჰილის კარნავალი, ორდღიანი ღონისძიება, რომელსაც ლონდონის ერთ-ერთი რაიონის სახელი ჰქვია, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებში დაარსდა. დამფუძნებლის, როუენ ლასლეტის თქმით, ის ადგილობრივი მრავალეთნიკური მოსახლეობის გაერთიანებასა და რასობრივი კონფლიქტების დასრულებას ისახავდა მიზნად.
თავდაპირველად მსვლელობაში რამდენიმე ასეული ადამიანი მონაწილეობდა. ახლა მას მთელი მსოფლიოდან ჩამოსული მილიონამდე ტურისტი სტუმრობს.
დღესასწაულში მთავარ როლს ასრულებს ბრიტანეთის აფროკარიბული თემი, რომელთა შორის ტრინიდადისა და ტობაგოს წარმომადგენლები გამოირჩევიან. 1950-იან წლებში ისინი კენსინგტონისა და ჩელსის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდნენ.
ასე რომ, თუ მზად ხართ, ჩაერთოთ მუსიკისა და აფრიკული ცეკვის ორმოცდარვასაათიან მარათონში და გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში ნამდვილი იამაიკური ქათამიც დააგემოვნოთ, ეწვიეთ კარნავალის დღეებში ლონდონს.
თუ კარნავალზე გამგზავრებას გადაწყვეტთ, მოემზადეთ გრძელი დღეების, ხმაურისა და ხალხმრავლობისთვის. დღეში, სულ მცირე, ოთხ ხალხმრავალ ღონისძიებაზე მოგიწევთ ყოფნა, ამიტომ გამგზავრებამდე:
- შეამოწმეთ ამინდის პროგნოზი და იზრუნეთ შესაბამის ჩაცმულობაზე.
- წაიყოლეთ მაქსიმალურად კომფორტული ფეხსაცმელი.
- წინასწარ დაჯავშნეთ სასტუმრო.
- კარგად დაგეგმეთ ყოველი დღე.
- სვით ბევრი სითხე. მაგალითად, ქოქოსის წვენი შესანიშნავად ავსებს ელექტროლიტურ ბალანსს.
კარნავალები დროში ერთი სეზონის დასასრულს და მეორის დასაწყისს ემთხვევა. გარდა საყოველთაო ზეიმისა, ის ერის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დემონსტრირების ერთ-ერთი საშუალებაა. ამ დროს ქვეყნის სტუმრობა დაუვიწყარ თავგადასავლად იქცევა და მისი განუმეორებელი კოლორიტით ტკბობის საშუალებას გვაძლევს.
ირაკლი კარტოზია







