სოფიო სომხიშვილის ძალა და სიმშვიდე

Поделитесь:

ძიუდოს ქართველი გულშემატკივრებისთვის 2025 წლის ზაფხული გამორჩეული აღმოჩნდა – საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ისტორიაში პირველად მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა და იაპონელების შვიდწლიანი ჰეგემონია დაასრულა. სოფიო სომხიშვილის ქულამ გუნდის წარმატება საბოლოოდ განსაზღვრა.

სოფიოს წარმატებათა ნუსხაში უკვე არის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალი გოგონებს შორის, გრანდ სლემის ბრინჯაო, ევროპის ჩემპიონატის პირველი და მეორე პრიზები გოგონებს შორის, ევროპის ზაფხულის XIV ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ოქრო.

ახალგაზრდა სპორტსმენი გამარჯვებისკენ მიმავალი გზის სირთულეებზე, მიზნისთვის გაღებულ მსხვერპლსა და თავდაუზოგავი შრომით მიღწეულ წარმატებაზე გვესაუბრება:

– შესაძლოა, დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ სპორტმა ოთხი წლის ასაკში გამიტაცა – იმ წელს, როდესაც ზურაბ ზვიადაური ათენში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მამამ მკითხა, ძიუდოზე ხომ არ ივლიდიო. ასეთ პატარას, რა თქმა უნდა, ჭიდაობაზე არავინ მიმიღებდა, მაგრამ ექვსი წლის გავხდი თუ არა, ვარჯიშიც დავიწყე.

რწმენა და შრომა

– თუ ადამიანს სწამს თავისი მიზნისა, სირთულეები ვერ დააბრკოლებს. გამარჯვებამდე სწორედ მიზნის რწმენამ და ყოველდღიურმა შრომამ მიმიყვანა.

ტრავმების გამო მქონდა ხანმოკლე ჩავარდნა ახალგაზრდული ნაკრებიდან დიდებში გადასვლისას, მაგრამ მოთმინებით და თავდაჯერებით გავაგრძელე გზა და დღეს აქ ვარ.

ძალიან მოსიყვარულე ოჯახში გავიზარდე, რომლისგანაც მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. მახსოვს, როგორი სიამაყით ხვდებოდა მამა ჩემს ყოველ წარმატებას. სამწუხაროდ, დღეს გვერდით აღარ მყავს, მაგრამ ყოველ გამარჯვებას მას ვუძღვნი. უფროსი ძმა ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. დედა თავიდან სკეპტიკურად იყო განწყობილი, არ მოსწონდა ძიუდოთი ჩემი გატაცება, მაგრამ როცა ჩემი შედეგები ნახა, აზრი შეეცვალა. დღემდე უჭირს ჩემი შეჯიბრებების ყურება, ნერვიულობს. სამაგიეროდ, ყოველი გამარჯვება მისთვის დიდი სიხარულია.

როცა პოპულარული ხარ...

– ...ეს ნიშნავს, რომ შენი ცხოვრება მაგალითია სხვებისთვის. პოპულარობა პასუხისმგებლობაა. ეს პასუხისმგებლობა მაძლევს სტიმულს, გავხდე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. ბედნიერი ვიქნები, თუ ახალგაზრდა სპორტსმენებს ჩემი მაგალითით დავარწმუნებ, რომ მიზნების მიღწევა შესაძლებელია.

ყველაზე მეტად მეამაყება...

– ...ის, რომ საერთაშორისო შეჯიბრებებზე კარგად წარვდექი და ქვეყანა ღირსეულად წარმოვაჩინე. ჩემი მედალი მტკიცებულებაა იმისა, რომ თავდაუზოგავ შრომას შედეგი მოაქვს. ვაფასებ თითოეულ გამარჯვებას, მაგრამ, ამასთან ერთად, მჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და უფრო დიდი გამარჯვებები წინ მაქვს.

სტერეოტიპების დამსხვრევა

– თავის მოვლა ძალიან მიყვარს და ამაში სპორტი სულაც არ მიშლის ხელს. თავისუფალი დროის უდიდეს ნაწილს ოჯახსა და მეგობრებს ვუთმობ. თავის მოვლის რუტინა მეხმარება, რომ დავაბალანსო საკუთარ თავში სპორტსმენი და ქალი.

ბევრს უკვირდა, რომ ძიუდო ავირჩიე, მაგრამ იყო ისეთი ხალხიც, ვინც მთელი გულით ამომიდგა მხარში. სწორედ მათი მხარდაჭერით მოვედი აქამდე. დღეს ჩემი გამარჯვებები უკვე სხვებს შთააგონებს. მიხარია, რომ სტერეოტიპებს ვამსხვრევ და ყველას ვაჩვენებ, რომ გოგონებსაც შეუძლიათ ნებისმიერ სპორტში საკუთარი თავის რეალიზება. როდესაც დიდ მიზანს ირჩევ, სქესს მნიშვნელობა არ აქვს.

ვისვენებ

– ძალიან მიყვარს მუსიკა. განწყობის მიხედვით, ვუსმენ ყველა ჟანრს. კითხვაც მიყვარს. მოტივაციურ და ბიოგრაფიულ ლიტერატურას ვამჯობინებ, მაგრამ ზოგჯერ რომანებისთვისაც ვპოულობ დროს.

მიყვარს მოგზაურობა და თავგადასავლები. სპორტის გამო ბევრს ვმოგზაურობ და ამ დროს უდიდეს სიამოვნებას ვიღებ სხვადასხვა ქვეყნის ყოველდღიურობის, კულტურისა და ტრადიციების გაცნობით. განსაკუთრებით მაინტერესებს ურთიერთობის კულტურა და ცხოვრების სტილი.

ჩემი კიდევ ერთი გატაცება ფოტოგრაფიაა. ყველაზე მეტად პეიზაჟების გადაღება მიყვარს. ვცდილობ, ბუნების სიმშვიდე და ძალა ფოტოებზე სრულყოფილად ავსახო.

არანაკლებ მსიამოვნების ობიექტივის მეორე მხარეს დგომაც, როდესაც პროფესიონალ ფოტოგრაფთან მაქვს სესია. მომწონს, როდესაც ფოტოებზე ერთდროულად ჩანს ჩემი სპორტული და ქალური საწყისი. ფოტოგრაფის ობიექტივში თითქოს სხვა თვალით ვხედავ საკუთარ თავს.

მსხვერპლი, რომელსაც სპორტი მოითხოვს

– სპორტი მსხვერპლის გარეშე წარმოუდგენელია. ვარჯიშთან შედარებით ძალიან ცოტა დრო მრჩება ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის, მაგრამ ვიცი, რომ ამით დიდი ოცნებისკენ მივიკვლევ გზას. როცა ვხედავ, რამხელა სიხარული მოაქვს ჩემს გამარჯვებას ჩემი ოჯახისთვის, ჩემი გულშემატკივრებისთვის, ვფიქრობ, რომ ყველა დათმობა ამად ღირდა.

ჯანმრთელობისა და სილამაზის რეცეპტი

– მარტივი, მაგრამ ძალიან ეფექტური საშუალებაა ძალების აღსადგენად თაფლში არეული ნიგოზი და ნუში. ბოლო დროს ყოველდღიურ რაციონში შევიტანე იაპონური ჩაი მატჩა, რომელიც იდეალურია ენერგიის მარაგის შესავსებად და სახის კანსაც ძალიან უხდება.

კრედო

– ვცდილობ, ვიცხოვრო ისე, რომ სხვებსაც მივცე მოტივაცია, იბრძოლონ თავიანთი ოცნებისთვის. არასოდეს ვნებდები, რადგან მჯერა, რომ რწმენით, შრომით და ერთგულებით ყოველგვარი მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

თამარ ციბალაშვილი

Поделитесь: