თმის ზეთი: როგორ მივიღოთ მაქსიმალური ეფექტი
Поделитесь:
ზეთი საუკუნეების განმავლობაში მიიჩნეოდა თმის მოვლის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად. უნიკალური შემადგენლობის წყალობით თმის ზეთს შეუძლია, გააუმჯობესოს თმის სტრუქტურა, გაამაგროს ფოლიკულები, ხელი შეუშალოს ბოლოების დაყოფას, შეამციროს თმის ცვენა და ბუნებრივი ბზინვარება მიანიჭოს თმას.
მოდი, გავიგოთ, რომელი ზეთია ჩვენი თმისთვის ოპტიმალური და როგორ მივიღოთ მისგან მაქსიმალური ეფექტი.
რატომ თმის ზეთი
შამპუნით, ნიღბით თუ კონდიციონერით თმის მოვლის დროს ხშირად გვავიწყდება, რომ მხოლოდ თმაზე კი არა, თავის კანზე ზრუნვაც საჭიროა, ამისთვის კი საუკეთესო საშუალებაა სწორად შერჩეული თმის ზეთი.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად საჭიროა ბუნებრივი, განსაკუთრებით ცივი დაწნეხის მეთოდით მიღებული ზეთი ან ზეთების ნარევი. კანის ბუნებრივ ცხიმთან მისი ქიმიური სტრუქტურის მსგავსების გამო ის ადვილად შეიწოვება კანში, ამცირებს მისი გაღიზიანებისა და ალერგიული რეაქციის რისკს, ხელს უწყობს ბუნებრივი ბარიერის აღდგენასა და დაცვას. ზეთი რბილად შეიზილება თავის კანში და რამდენიმე ხანს რჩება, რაც საშუალებას აძლევს, აქტიურად იმოქმედოს.
როგორ მოქმედებს
ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას: ზეთით მასაჟის დროს აქტიურდება სისხლის მიმოქცევა, რის შედეგადაც თმის ფოლიკულებს მეტი ჟანგბადი და საკვები ნივთიერება მიეწოდება. ეს პროცესი ხელს უწყობს თმის ძირების გამაგრებას და ასტიმულირებს ღერების ზრდას.
ატენიანებს და გამოშრობისგან იცავს თავის კანს: ბუნებრივი ზეთი დამცავ აპკს ქმნის კანის ზედაპირზე და ამით ხელს უშლის ტენის კარგვას. შედეგად ქრება სიმშრალით გამოწვეული ქერტლი და ქავილი, უმჯობესდება კანის საერთო მდგომარეობა.
აცხრობს ანთებას და ამშვიდებს თავის კანს: ზეთების უმეტესობას (მაგალითად, არგანის, ქოქოსის, აბუსალათინის, ჩაის ხის ზეთებს) ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები აქვს, რაც მათ სებორეის, ფოლიკულიტის, სიწითლისა და წვის შეგრძნების საწინააღმდეგო ეფექტურ საშუალებად აქცევს. მათი რეგულარული გამოყენება ამცირებს კანის გაღიზიანებას და ხელს უწყობს თავის კანის ბუნებრივი ბალანსის აღდგენას.
აძლიერებს და დაზიანებისგან იცავს თმის ღერებს: ზეთი ეკვრის თმის ღერის გარეთა ფენას (კუტიკულას) და ქმნის დამცავ საფარს, რაც თმას ხელს უწყობს კერატინის შენარჩუნებაში, იცავს ცხელი ჰაერით, ქარით, მზით, ქიმიური ნივთიერებებით გამოწვეული მავნე ზემოქმედებისგან. შედეგად თმა ხდება უფრო ელასტიკური, ბზინვარე და ნაკლებად მტვრევადი.
ზეთის რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს თმის ფოლიკულების გამაგრებას, ამცირებს სტრესით გამოწვეულ თმის ცვენას.
როგორ ვიყენებთ
ჩაიტარეთ ტესტი. ალერგიული რეაქციის ან აუტანლობის გამოსარიცხად სასურველია ზეთის წინასწარი გამოცდა. წაისვით ცოტაოდენი მაჯაზე, შიგნითა მხარეს, და რამდენიმე საათის განმავლობაში დააკვირდით კანს. თუ სიწითლე, ქავილი ან სხვაგვარი გაღიზიანება არ გაჩნდა, შეგიძლიათ, თამამად გამოიყენოთ.
მოამზადეთ თმა. დაიბანეთ თავი. საფუძვლიანად ჩამოიბანეთ დასაბანი საშუალება. თმა ნაზად შეიშრეთ რბილი პირსახოცით ან პირსახოცი თავზე შემოიხვიეთ და დაიტოვეთ, სანამ მაქსიმალურად არ შეიწოვს ტენს. თმა უნდა იყოს ნოტიო, მაგრამ არა სველი.
წაისვით ზეთი. ზეთის ბოთლი ხელისგულებში მოიქციეთ და შეათბეთ. რამდენიმე წვეთი ზეთი აპლიკატორით ან პიპეტით დაიწვეთეთ თავის კანზე (სხვადასხვა ადგილას) და თითებით ან სპეციალური ჯაგრისით წრიული მოძრაობებით კარგად შეიზილეთ 1-2 წუთის განმავლობაში. შეგიძლიათ, პროცედურა მშრალ თმაზეც ჩაიტაროთ, ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ დაბანის შემდეგ ფორები ღიაა და ზეთი კანში უფრო ღრმად აღწევს.
რჩევა: თუ ზეთს მშრალ თმაზე წაისვამთ, თმა წინასწარ კარგად დაივარცხნეთ, რომ თავის კანში სისხლის მიმოქცევა გააქტიუროთ.
ამის შემდეგ ზეთი თმაზეც წაისვით: ბოთლი ისევ შეათბეთ, რამდენიმე წვეთი ხელისგულებზე შეიზილეთ და მთელ თმაზე გადაიტარეთ. ბოლოს ნაზად დაივარცხნეთ ფართოკბილება სავარცხლით.
შეიკარით თმა სწორად. თუ გაშლილმა თმამ შეგაწუხათ, შეგიძლიათ, მსუბუქად დაიწნათ ან თავისუფლად შეიკრათ რბილი დამჭერით, ერიდეთ თმის რეზინს და სარჭებს.
შეგიძლიათ, თავზე პირსახოცი ან სხვა რბილი ქსოვილი შემოიხვიოთ – ეს ხელს შეუწყობს სითბოს შენარჩუნებას და ზეთის უკეთ შეწოვას.
რამდენ ხანს დავიტოვოთ
- თუ სველ თმაზე წაისვამთ – ერთიდან სამ საათამდე;
- თუ მშრალზე – სასურველია არანაკლებ 3 საათისა, რადგან მშრალ თმას მეტი დრო სჭირდება საკვები ნივთიერებების შესაწოვად.
ზეთის 3 საათზე მეტხანს დატოვება არ არის რეკომენდებული.
ჩამოიბანეთ. ზეთი საფუძვლიანად უნდა ჩამოიბანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის კანზე შესაძლოა ჭუჭყი და ცხიმი დაგროვდეს. ზეთის მოსაშორებლად რბილი შამპუნიც საკმარისია. წაისვით, საჭიროებისამებრ, ორჯერ ან სამჯერ. ერიდეთ აგრესიულ დასაბან საშუალებებს. ბოლოს თმის კონდიციონერი გადაისვით.
რა სიხშირით ჩავიტაროთ
გააჩნია თმის ტიპსა და მდგომარეობას. ნაზი და თხელი თმა ზეთმა შესაძლოა დამძიმოს და სწრაფად გააცხიმიანოს. თუ ასეთი თმა გაქვთ, უმჯობესია, პროცედურა თვეში ერთხელ ან ორჯერ ჩაიტაროთ. თუ თმა სქელია, მშრალია, დაზიანებულია, ხვეულია ან გაყოფისა და მტვრევისკენ არის მიდრეკილი, პროცედურის ჩატარება შეიძლება უფრო ხშირადაც, დაახლოებით კვირაში ერთხელ.
ზეთით მასაჟი ძალიან კარგია თმის შეღებვის ან გაბაცების, ქიმიური თუ მექანიკური დახვევის და ნებისმიერი სხვა ისეთი მანიპულაციის წინ, რომელიც თმას აზიანებს. რეკომენდებულია ზამთარშიც, როდესაც კანი და თმა მეტ დატენიანებასა და მოვლას მოითხოვს.
ოღონდ ნუ გადააჭარბებთ. ზედმეტმა მოვლამ შესაძლოა უფრო მეტად გაააქტიუროს თავის კანის ცხიმოვანი ჯირკვლები და ჩვეულებრივზე მეტი ცხიმის გამოყოფა აიძულოს, ამიტომ დაიწყეთ ორკვირიანი ან ერთთვიანი ინტერვალებით და დააკვირდით შედეგს. თუ შეამჩნიეთ, რომ თმის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ესე იგი არჩეული სიხშირე თქვენთვის იდეალურია.
რომელი ჯობია
უპირველეს ყოვლისა, დაფიქრდით, ნამდვილად სჭირდება თუ არა თქვენს თმას დამატებითი მოვლა, რადგან ჭარბმა მოვლამ შესაძლოა საპირისპირო შედეგი გამოიღოს.
ზეთი თმის ტიპის ან მდგომარეობის მიხედვით უნდა შეირჩეს. მთავარია, იყოს ბუნებრივი (არა მინერალური) და არ შეიცავდეს სილიკონს, არომატიზატორებს ან სხვა ტიპის დანამატებს.
არგანის ზეთი
მისი გამოყენება შესაძლებელია ყველა ტიპის თმისთვის. ის მსუბუქია და თმის ღერებს არ ამძიმებს. აღადგენს დაზიანებულ და მტვრევისკენ მიდრეკილ თმას, არეგულირებს ცხიმის გამომუშავებას, კვებავს გამომშრალ და უსიციცხლო ღერებს, ატენიანებს, ანიჭებს ბზინვარებას.
ავოკადოს ზეთი
კარგია შეღებილი, გაბაცებული, ქიმიურად დახვეული თმისთვის. ვიტამინებით, ანტიოქსიდანტებითა და უჯერი ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი ზეთი კვებავს თმას და ჯანსაღ შესახედაობას უნარჩუნებს.
ამლას ზეთი
გამოირჩევა ანტიბაქტერიული თვისებებით, ხელს უწყობს თავის კანის სოკოვანი ინფექციის პრევენციას.
ჟოჟობას ზეთი
გამოირჩევა დამატენიანებელი თვისებებით, საუკეთესოა გამომშრალი თმისა და თავის კანის დასანოტივებლად. ცვილისებრი კონსისტენცია აქვს, ამიტომ განსაკუთრებით კარგია თხელი და ნაზი თმისთვის.
ქოქოსის ზეთი
მდიდარია ლაურინის მჟავათი (Lauric acid), რისი წყალობითაც ხელს უშლის პროტეინების კარგვას და ამცირებს თმის დაზიანების რისკს.
ნუშის ზეთი
იცავს თმას აბურდვისგან, ბიოტინის შემცველობის წყალობით კი შეუძლია ღერების ზრდის სტიმულირება. ვარაუდობენ, რომ მასში შემავალი ცხიმოვანი მჟავები თმას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს.
ზეითუნის ზეთი
მდიდარია E ვიტამინით და ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას. ბზინვარებასა და სირბილეს ანიჭებს თმას.
აბუსალათინის ზეთი
ეს ბუნებრივი ზეთი, რომელსაც სქელი კონსისტენცია აქვს, საუკეთესოა სქელი და ხვეული თმის დასაცავად და გასაჯანსაღებლად. ის ატენიანებს თავის კანს და აძლიერებს თმის ფოლიკულებს.
სეზამის ზეთი
აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები, ამცირებს თმის დაზიანების რისკს და უზრუნველყოფს ტენიანობას. ის ადვილად შეიწოვება კანში, ასტიმულირებს სისხლის მიმოქცევას და ამით ხელს უწყობს თმის ჯანსაღ ზრდას.
შიის კარაქი
იყიდება როგორც შიის კარაქის შემცველი თმის ზეთი, ისე შიის კარაქი სუფთა სახით. მას აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები და ამშვიდებს გაღიზიანებულ თავის კანს.
მზესუმზირას ზეთი
შეიცავს ოლეინის მჟავას, რომელიც ამცირებს თმის ცვენას. აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები და შეუძლია თავის კანის ქავილის შემსუბუქება.
გახსოვდეთ: ნუ გამოიყენებთ სუფთა ეთერზეთებს – მაღალი კონცენტრაციის გამო შესაძლოა კანი გააღიზიანოს. ყოველთვის შეურიეთ ის საბაზისო, მაგალითად, ქოქოსის, არგანის ან ჟოჟობას ზეთს.
ჯილდა გაჩეჩილაძე







