იან პრიბილი – კურორტოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში

Поделитесь:

XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე ცენტრალური ევროპის ისტორიულ რეგიონში, ბოჰემიაში, დაიბადა ადამიანი, რომელმაც ქართული მედიცინის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ნოვატორი ქირურგისა და რეფორმატორის იან პრიბილის შესახებ, სამწუხაროდ, დღეს ცოტამ თუ იცის, თუმცა სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოში ბალნეოკლიმატური კურორტების: ახტალის, ბორჯომისა და აბასთუმნის, – შესწავლა და ათვისება, თბილისში პირველი სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელობა, კავკასიის სამედიცინო საზოგადოების დაარსება. მის მიერ განვლილ გზას თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რატომ მოიხსენიებენ ჩეხ ექიმს ქართული მედიცინის ფუძემდებლებს შორის.

ადრეული წლები

იან პრიბილი (ნამდვილი სახელი და გვარი – იოჰან პშიბილი) 1782 წლის 14 სექტემბერს დაიბადა ჩეხეთის პატარა ქალაქ იიჩინში, შეძლებული გლეხის ოჯახში. მამამისი ანტონინი განთქმული მკერავი იყო და შვილსაც პატარაობიდანვე აჩვევდა შრომას, დედისთვის, ანა შტერბოვასთვის კი ვაჟის წიგნიერება უპირველესი საზრუნავი ყოფილა.

მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ მათ ვაჟს განათლება ჩეხეთის იმ დროისთვის ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებელში, კარლის უნივერსიტეტში (Universitas Carolina) მიეღო, რომელიც ჯერ კიდევ 1348 წელს დააარსა კარლ IV-მ – ჩეხეთის მეფემ და გერმანიის იმპერატორმა. უნივერსიტეტი არა მხოლოდ ჩეხეთში, არამედ მთელ ცენტრალურ ევროპაში აკადემიური განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა იყო.

1799 წელს იან პრიბილი უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რადგან იმხანად ტრადიციული ევროპული განათლების საფუძვლად სწორედ ამ დარგის სიღრმისეული ცოდნა მიიჩნეოდა, მოგვიანებით კი სწავლის გაგრძელება იმავე უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე გადაწყვიტა, სადაც, როგორც თავად ამბობდა, ფასდაუდებელი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მიიღო. პრაღაში სწავლის დასრულების შემდეგ იანი ვენის უნივერსიტეტში მიავლინეს, რომელიც ევროპაში დღემდე სამედიცინო განათლების ერთ-ერთ მთავარ კერად მიიჩნევა. იქ, ქირურგიის განხრით დისერტაციის წარმატებით დაცვის შემდეგ, იან პრიბილს მედიცინის დოქტორის წოდება მიენიჭა, რითაც დაიწყო ახალგაზრდა ექიმის საერთაშორისო სამედიცინო მოღვაწეობა.

შორეულ კავკასიაში

1806 წელს ვენაში, რუსეთის იმპერიის საელჩოში, იან პრიბილმა სამხედრო ექიმის თანამდებობაზე ექვსწლიანი შრომითი ხელშეკრულება გააფორმა. იმდროინდელი წესის თანახმად, ყველა უცხოელ ექიმს სანკტ-პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში დოქტორანტურის გამოცდა უნდა ჩაებარებინა თავისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნის დასამოწმებლად. ახალგაზრდა ჩეხმა ბრწყინვალედ ჩააბარა გამოცდა და უმცროს სამხედრო ექიმად დაიწყო მუშაობა სარატოვის მუშკეტერთა პოლკში, რომელიც საქართველოში იყო დისლოცირებული. სწორედ საელჩოში შეუცვალეს მას სახელი და გვარი და რუსული ყურისთვის ადვილად აღსაქმელი ვარიანტი შეურჩიეს. ახალგაზრდა ექიმის ფართო სამედიცინო ცოდნამ, შრომისმოყვარეობამ და აქტიურმა სამოქალაქო პოზიციამ მალე მიიპყრო ხელმძღვანელობის ყურადღება. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ ჩეხი მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნების კომიტეტის წევრად დანიშნეს, ხოლო 1813 წელს ის ტფილისის პირველი სამხედრო ჰოსპიტლის ორდინატორი გახდა. ეს დაწესებულება ჯერ რუსთაველის გამზირზე მდებარეობდა, მოგვიანებით კი ნავთლუღში გადაიტანეს. ორი წლის შემდეგ იან პრიბილმა ხერსონის სამხედრო ჰოსპიტლის ორდინატურაც დაასრულა, კონტრაქტის ვადის ამოწურვის გამო თადარიგში გავიდა და თბილისში დაბრუნდა.

პრიბილმა კარგად იცოდა ლათინური, გერმანული, ფრანგული და იტალიური ენები. ლაპარაკობდა ინგლისურადაც. რუსეთში მუშაობის დაწყების შემდეგ დაეუფლა რუსულს, ხოლო საქართველოში ჩასვლისთანავე შეუდგა ქართული ენის შესწავლას, რამაც მის სამედიცინო საქმიანობასა და ადგილობრივ საზოგადოებასთან ურთიერთობაში დიდი როლი შეასრულა. საქართველოს ისტორიაში ეს იმ იშვიათ გამონაკლისთაგანი იყო, როცა უცხოელმა ასე მალე დაიმსახურა ადგილობრივი მოსახლეობის პატივისცემა და სიყვარული. ბოჰემიელი ქართულად თურმე ისე კარგად ლაპარაკობდა, რომ “კავკასიაში პირველი ლინგვისტის” წოდებაც კი დაუმსახურებია.

1822 წელს ტფილისის პირველი სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელობა იან პრიბილმა ჩაიბარა. მან მოკლე ხანში მოახერხა, ეს დაწესებულება ახალგაზრდა ექიმებისთვის სანიმუშო კლინიკურ ბაზად გადაექცია. სამხედრო ჰოსპიტალში გერმანული წესრიგი სუფევდა. ის ერთგვარი ევროპული კუნძული გახლდათ ამიერკავკასიაში.

პაციენტებს შორის მრავლად იყვნენ დაბალი სოციალური ფენის წარმომაადგენლები, რომელთაც მკურნალობის საფასურის გადახდა უჭირდათ. პრიბილი ასეთ ავადმყოფებს უსასყიდლოდ მკურნალობდა და წამლებსაც უფასოდ აძლევდა.

საავადმყოფოში გაიხსნა ევროპული სტანდარტების შესაბამისი აფთიაქიც, რომელსაც ცნობილი ექიმი, ქიმიკოსი და ბიოლოგი ვინესი ხელმძღვანელობდა. მის კალამს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი ეკუთვნის, მათ შორის – შავი ჭირის გამომწვევის შესახებ. თანამოაზრეები მხარდამხარ იბრძოდნენ, რომ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო. მათ ზურგს უმაგრებდა ქართველ ექიმთა სახელგანთქმული კოჰორტა სარდიონ ალექსი-მესხიშვილის – ქართველი სამხედრო ექიმის, კრიტიკოსის, მთარგმნელისა და საზოგადო მოღვაწის – მეთაურობით.

ნოვატორი

აღსანიშნავია, რომ საქართველოში პირველი ოპერაცია ნარკოზით ნიკოლოზ პიროგოვის მეთოდით იან პრიბილმა სწორედ სამხედრო ჰოსპიტალში ჩაატარა. მოგეხსენებათ, პიროგოვმა ქირურგიის ისტორიაში პირველმა გამოიყენა ტკივილის გასაყუჩებლად ორგანული ნაერთი – ეთერი.

ჩეხ ექიმს დიდი ცოდნა ჰქონია ბალნეოლოგიის სფეროშიც. ამ ცოდნის გამოყენებით ის გულდასმით შეუდგა საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეთა შესწავლას. იკვლევდა ციხისჯვრის მინერალურ წყაროებს, აბასთუმნისა და ურაველის კლიმატს, ახტალის სამკურნალო ტალახს. გამოავლინა მათი ჩვენებები და უკუჩვენებები, შეიმუშავა სამკურნალო დანიშნულებით მათი გამოყენების მეთოდიკა. განსაკუთრებულ ყურადღებას იან პრიბილი ბორჯომის მინერალურ წყაროებს უთმობდა. სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა პირველი სამეცნიერო-პრაქტიკული სამუშაოები აღნიშნულ ტერიტორიაზე. მისივე შუამდგომლობით დაიწყო კურორტ ბორჯომის მშენებლობა და ბორჯომის მინერალური წყლის პოპულარიზაციაც. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული კურორტოლოგიის აკვანი ბორჯომში დაირწა, დარგის ფუძემდებელი კი ჩეხი ექიმი იყო.

1836 წლიდან იან პრიბილმა აქტიურად დაიწყო ე.წ ეკატერინეს წყაროს კვლევა. სამხედრო ჰოსპიტლიდან ჩაყვანილ ავადმყოფებსა და ახლობლებს ის ბორჯომის მინერალური წყლებით მკურნალოდა. ხშირად იმეორებდა, საქართველო ჯანმრთელობის საგანძურიაო და ამ საგანძურის უკეთ შესწავლას ცდილობდა.

ჩეხი ექიმი კავკასიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მის მუდმივ პაციენტებს შორის იყვნენ ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი და მათი სიძე, პოეტი ალექსანდრ გრიბოედოვი. პრიბილი გახლდათ საქართველოს მთავარმართებლის ალექსი ერმოლოვის ოჯახის ექიმიც. ერმოლოვის ქალიშვილი, რომელსაც ბავშვობიდან ტანჯავდა კუჭის ტკივილი, პრიბილმა სწორედ ბორჯომის მინერალური წყლით განკურნა. 1837 წელს იან პრიბილი თან ახლდა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს კავკასიაში მოგზაურობის დროს, რისთვისაც სამეფო მონოგრამიანი ბრილიანტის ბეჭდით დაჯილდოვდა.

ბოჰემიელს ჯერ კიდევ 1820-იან წლებში მიაჩნდა, რომ ეპიდემიების აღმოფხვრის საუკეთესო გზა მათი პროფილაქტიკა იყო. განუზომელია მისი ამაგი მაშინდელი საქართველოს მოსახლეობის წინაშე, რომელიც შავ ჭირს, ქოლერას, მალარიას და ტიფს ყოველდღე ეწირებოდა. პრიბილი მოსახლეობის დაბალ ფენებს გასაგები ენით მოუთხრობდა ამ დაავადებათაგან თავის დაცვისა და მათი “განრიდების” საშუალებებზე, განმარტებისთვის კი ასეთი მაგალითი მოჰყავდა: “ვინ არ იცის, რომ უადვილეს არს დაცვა სახლისა ცეცხლის მოკიდებისაგან, მინამც მოკიდებულის გაქრობა”.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ინფექციური დაავადებების გავრცელებისა და განვითარების შესახებ ცოტა რამ იყო ცნობილი, პრიბილმა სწორად შეაფასა ტკიპების როლი ტიფის გავრცელებაში და საავადმყოფოში პაციენტის სანიტარულ-ჰიგიენური დამუშავება დააწესა, რაც თმის შეჭრას, წვერის გაპარსვას, შხაპის მიღებას და თეთრეულის გამოცვლას გულისხმობდა. სამხედრო ხელმძღვანელობის მხარდაჭერით და თავისი ურყევი ავტორიტეტის წყალობით იანმა მოახერხა ანტიეპიდემიური ზომების რაციონალური სისტემის დანერგვა, რამაც მნიშვნელოვნად გააიშვიათა ინფექციურ დაავადებათა შემთხვევები.

1812 წელს იან პრიბილი ეკატერინე ყარაშვილზე, ცნობილი ქართველი ექიმის, თავად იოსებ ყარაევის ქალიშვილზე დაქორწინდა. მე-18 საუკუნიდან ყარაშვილები ჯერ მეფე სოლომონის, ხოლო შემდეგ მეფე ერეკლეს კარის ექიმებად მოიხსენიებიან. ქორწილის დღეს ახალციხიდან ცნობა მოვიდა შავი ჭირის ეპიდემიის აფეთქების შესახებ. იანმა დაუფიქრებლად დატოვა საკურთხეველთან მდგარი საცოლე, ცხენს მოახტა და ახალციხისკენ გასწია. ახალგაჩენილი კერა მთლიანად რომ ჩააქრო, მერეღა დაბრუნდა თბილისში და ეკატერინეს სამუდამო სიყვარული შეჰფიცა. ცოლ-ქმარს ექვსი შვილი შეეძინა. სამი ვაჟიდან მხოლოდ ერთი, იაკობი, გაჰყვა მამის ნაკვალევს – მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მამის მსგავსად, ტფილისის სამხედრო ჰოსპიტლის ორდინატორი გახდა, 1840 წელს კი სადოქტორო დისერტაცია დაიცვა. 50-იან წლებში ის ყირიმის ომში იბრძოდა, სადაც სიმამაცისთვის არაერთი ჯილდო მიიღო.

საქართველოს მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენის, კავკასიის საექიმო საზოგადოების, დაარსების ინიციატორი 1860-იან წლებში იან პრიბილი იყო. ამ საზოგადოებამ ერთგვარი სამეცნიერო აკადემიის როლი შეასრულა იმდროინდელ ამიერკავკასიაში. მისი ყურადღება სწვდებოდა საქართველოსა და კავკსიის კლიმატურ-ბალნეოლოგიურ რესურსებს, სამხარეო პათოლოგიებს, მოსახლეობის ანთროპოლოგიას, ეთნოგრაფიას და ხალხურ მედიცინას. კავკასიის საექიმო საზოგადოება ოქმებისა და შრომათა კრებულების სახით აქვეყნებდა საზოგადოების სხდომებზე წაკითხულ მოხსენებებს. საზოგადოების საპატიო წევრები იყვნენ გერმანელი მეცნიერი, პოლიტიკოსი, ექიმი, პათოლოგოანატომი, ჰისტოლოგი, ფიზიოლოგი რუდოლფ ვირხოვი, რუსი ქირურგი ნიკოლაი პიროგოვი და ქართველი ფიზიოლოგი ივანე თარხნიშვილი. საზოგადოებამ 1928 წლამდე იარსება და ექიმთა ორი ყრილობის გამართვა მოასწრო.

იან პრიბილი 1866 წლის თებერვალში თავის მეორე სამშობლოში, საქართველოში გარდაიცვალა. მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად თბილისის ერთ-ერთ ქუჩას იან პრიბილის სახელი ჰქვია.

მარი მარღანია

Поделитесь: