თრომბები
Поделитесь:
თრომბი შედედებული სისხლის კოლტია. ის ჩვენს სხეულს სისხლის დაკარგვისგან იცავს. სისხლი რომ არ დედდებოდეს, სულ პატარა ჭრილობის შედეგადაც კი სისხლისგან დავიცლებოდით.
ხდება ისეც, რომ თრომბი იქ ჩნდება, სადაც ამის საჭიროება არ არის. როდესაც შედედებული სისხლის კოლტი სისხლძარღვს ეცობა, ის აფერხებს იმ ქსოვილებსა და ორგანოებისკენ მიმავალ სისხლის ნაკადს, რომლებსაც ეს სისხლძარღვი კვებავს. ქსოვილები ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების უკმარისობას განიცდიან, ვითარდება იშემია (ჟანგბადოვანი შიმშილი). თუ სისხლის მიწოდების ალტერნატიული გზა არ მოიძებნა, უჯრედები იწყებენ კვდომას და შესაძლოა, განვითარდეს შეუქცევადი დაზიანება – ინფარქტი, ინსულტი, განგრენა.
თრომბოზის დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად სწორედ ამაზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა ორგანო სიცოცხლისუნარიანი, შეინარჩუნებს თუ არა ადამიანი ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.
თრომბი თრომბოციტების, ცილებისა და სისხლის უჯრედების ერთმანეთთან შეწებების გზით ყალიბდება. ის ტრავმის შედეგად განვითარებული სისხლდენის შესაჩერებლად წარმოიქმნება, სისხლდენის შეწყვეტისა და ჭრილობის შეხორცების შემდეგ კი იშლება, თუმცა ზოგჯერ ეს მექანიზმი არასწორად მუშაობს:
* თრომბი ჩნდება იქ, სადაც არ უნდა გაჩნდეს,
* წარმოიქმნება საჭიროზე მეტი ან დიდი თრომბი ან
* თრომბი არასრულფასოვნად იშლება.
ასეთი თრომბები საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. მდგომარეობას, როდესაც სისხლძარღვებში თრომბები ჩნდება, თრომბოზი ეწოდება.
თრომბი შესაძლოა კიდურის, ფილტვის, ტვინის, გულისა და თირკმლის სისხლძარღვშივე წარმოიქმნას ან სხვა ადგილიდან მოხვდეს იქ. სისხლის ნაკადთან ერთად გადაადგილებული თრომბით სისხლძარღვის სანათურის დახშობას ემბოლიას ვუწოდებთ, ხოლო თავად ამ ადგილნაცვალ თრომბს – ემბოლს. ემბოლი ეწოდება აგრეთვე სისხლთან ერთად გადაადგილებულ ცხიმის წვეთს, ჰაერს, სიმსივნურ უჯრედებს, ბაქტერიებს.
რა პრობლემას წარმოშობს თრომბი, მის ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული.
ღრმა ვენების თრომბოზი არის თრომბის ან თრომბების არსებობა ქვედა კიდურის ან მენჯის ღრმა ვენებში.
ფილტვის ემბოლია კიდურის ღრმა ვენებში არსებული თრომბის დაშლისა და მისი მოწყვეტილი ფრაგმენტების ფილტვში მოხვედრის შედეგია. ემბოლიამ შესაძლოა დააზიანოს ფილტვები და სხვა ორგანოებს ხელი შეუშალოს საკმარისი ჟანგბადის მიღებაში.
ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზი (CVST) იშვიათია. ეს არის თრომბის არსებობა თავის ტვინის ვენურ სინუსებში. ვენურ სინუსებს სისხლი თავის ტვინიდან გამოაქვს. მათში წარმოქმნილი თრომბები აფერხებს სისხლის გამოდენას და შესაძლოა, ჰემორაგიული (სისხლის ჩაქცევით მიმდინარე) ინსულტი გამოიწვიოს.
თრომბებს ასევე შეუძლია, გამოიწვიოს იშემიური ინსულტი (ტვინის დაზიანება სისხლის შეფერხების გამო), გულის შეტევა (ინფარქტი), თირკმლის დაზიანება (უკმარისობამდეც კი) და სხვა.
რისკის ფაქტორები
ზოგიერთი ფაქტორი ზრდის თრომბების ჩამოყალიბების რისკს. ესენია:
- ათეროსკლეროზი;
- წინაგულების ფიბრილაცია;
- ჭარბი წონა და სიმსუქნე;
- კიბო და მისი მკურნალობა;
- გენეტიკური დარღვევები;
- ზოგიერთი ოპერაცია;
- COVID-19;
- დიაბეტი;
- თრომბოზის ოჯახური ისტორია;
- ორსულობა და მშობიარობა;
- სერიოზული ტრავმა;
- ზოგიერთი მედიკამენტი, მათ შორის – ჩასახვის საწინააღმდეგო აბები;
- მოწევა;
- ერთ პოზაში დიდხანს ყოფნა, მაგალითად, საავადმყოფოში წოლა ან მანქანით`თვითმფრინავით ხანგრძლივი მგზავრობა.
სიმპტომები
თრომბოზის სიმპტომები თრომბის მდებარეობაზეა დამოკიდებული.
მუცლის ღრუს თრომბოზს ახასიათებს მუცლის ტკივილი, გულისრევა და ღებინება;
კიდურებისას – უეცარი ან თანდათანობით განვითარებული ტკივილი, შეშუპება, მგრძნობელობის მომატება და სითბო;
ფილტვისას – ქოშინი, ტკივილი ღრმა სუნთქვის დროს, სწრაფი სუნთქვა და გულისცემის გახშირება;
ტვინისას – მეტყველების გაძნელება, მხედველობის პრობლემები, კრუნჩხვები, სისუსტე სხეულის ცალ მხარეს და უეცარი ძლიერი თავის ტკივილი;
გულისას – ტკივილი გულმკერდის არეში, ოფლიანობა, ქოშინი, ტკივილი მარცხენა ხელში.
დიაგნოსტიკა
თრომბოზის დიაგნოზის დასასმელად საჭიროა პაციენტის გასინჯვა, მისი სამედიცინო ისტორიის შესწავლა, სისხლის ანალიზები და გამოსახვითი გამოკვლევები.
სისხლის ანალიზები
D-დიმერი არის მარკერი, რომელიც ასახავს ორგანიზმში თრომბის წარმოქმნისა და დაშლის გააქტიურებულ პროცესებს. ის ექიმს ეხმარება:
* თრომბოზის გამოვლენაში – მაგალითად, როდესაც არსებობს ეჭვი ღრმა ვენების თრომბოზზე ან ფილტვის ემბოლიაზე. ტესტის დადებითი პასუხი მიუთითებს, რომ სავარაუდოა თრომბის არსებობა და დიაგნოზის სიზუსტისთვის საჭიროა გამოსახვითი გამოკვლევა (ულტრაბგერითი ან კომპიუტერული ტომოგრაფია);
* დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაციის (DIC) გამოვლენასა და მისი მკურნალობის ეფექტიანობის მონიტორინგში;
* ზოგჯერ – სისხლის შედედების სისტემის სხვა დარღვევების დადგენაშიც.
მნიშვნელოვანია, რომ D-დიმერის მაღალი დონე ყოველთვის არ ნიშნავს თრომბის არსებობას – მან ასევე შეიძლება მოიმატოს ინფექციის, ანთებითი პროცესის, ორსულობის დროს, ახლო წარსულში გადატანილი ოპერაციის შემდეგ, ამიტომ დადებითი პასუხის შემთხვევაში აუცილებელია დამატებითი გამოკვლევა დიაგნოზის დასაზუსტებლად.
პროთრომბინის დრო (PT) აჩვენებს, რამდენი წამი სჭირდება სისხლის შედედებას. სხვადასხვა ლაბორატორიის შედეგები, გამოკვლევის მეთოდის შესაბამისად, შეისაძლოა ოდნავ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, ამიტომ მედიცინაში იყენებენ INR-ს – საერთაშორისო ნორმალიზებულ თანაფარდობას, რომელიც შედეგების უნივერსალური საზომით შეფასების შესაძლებლობას იძლევა. INR განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც იღებს სისხლის გამათხელებელ პრეპარატებს (მაგალითად, ვარფარინს), რათა სისხლი არც მეტისმეტად გათხელდეს და არც ზედმეტად შედედდეს.
პარციალური (ნაწილობრივი) თრომბოპლასტინის დრო (PTT) აჩვენებს, რამდენი წამი სჭირდება სისხლის კოლტის (თრომბის) წარმოქმნას. ეს ტესტი გამოიყენება სისხლის შედედების განსაზღვრულ ფაქტორთა ზემოქმედების შესამოწმებლად. PTT-ზე ანალიზი ტარდება მაშინ, როდესაც ადამიანს უჩვეულოდ ხშირად აქვს სისხლჩაქცევები ან სისხლდენა, ასევე – შედედების პრობლემების მიზეზის დასადგენად. გარდა ამისა, Pთთ მნიშვნელოვანია ჰეპარინით მკურნალობის მონიტორინგისთვის, რადგან ექიმს წამლის დოზის რეგულირებაში ეხმარება.
სისხლის შედედების ფაქტორების ანალიზს და გენეტიკურ ტესტირებას მიმართავენ მემკვიდრეობითი თრომბოფილიების (ფაქტორ V-ის ლეიდენის მუტაციის, პროთრომბინის მუტაციის, ანტითრომბინის, პროტეინ C-ს ან პროტეინ S-ის დეფიციტის) გამოსავლენად.
ფიბრინოგენის მატება შესაძლოა მიუთითებდეს თრომბოზის რისკზე, ხოლო დაქვეითება – სისხლდენის პრობლემებზე.
ანტიფოსფოლიპიდურ ანტისხეულებზე ანალიზი ინიშნება მაშინ, როცა ეჭვი აქვთ ანტიფოსფოლიპიდურ სინდრომზე, რომელიც თრომბოზის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია.
გამოსახვითი გამოკვლევები
ვენების დოპლეროგრაფია არის ულტრაბგერითი გამოკვლევა, რომელიც ბგერით ტალღებს იყენებს სისხლის ნაკადის შესაფასებლად, სისხლძარღვების შევიწროებისა და თრომბების აღმოსაჩენად. ეს მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია ღრმა ვენების თრომბოზის დიაგნოსტიკისთვის და ხშირად პირველი არჩევანია, როცა საჭიროა ქვედა კიდურების თრომბოზის შეფასება.
კომპიუტერული ტომოგრაფიული ანგიოგრაფია (CT-ანგიოგრაფია) – გამოკვლევისას სისხლძარღვში შეჰყავთ კონტრასტული ნივთიერება (საღებავი), რომელიც ზრდის სისხლძარღვების ხილვადობას რენტგენის სხივებისთვის. მეთოდი ეფექტურად გამოიყენება ფილტვის ემბოლიის, ცენტრალური ვენების თრომბოზისა და ტვინის სისხლძარღვების (ცერებრალური) თრომბოზის გამოსავლენად. როცა გამოკვლევა მიზნად ისახავს მხოლოდ ვენების შეფასებას და ტარდება კომპიუტერული ტომოგრაფიით, მას CT ვენოგრაფია ეწოდება.
მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია (MRA) ალტერნატიული მეთოდია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ალერგია კონტრასტულ ნივთიერებაზე ან თირკმლის პრობლემები. MRA უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის გამოსახულებას და განსაკუთრებით გამოსადეგია თავისა და კისრის სისხლძარღვების მდგომარეობის შეფასებისას.
მკურნალობა
მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, სად მდებარეობს თრომბი და რამდენად საშიშია მდგომარეობა. საჭიროებისამებრ, იყენებენ სისხლის გამათხელებლებს, თრომბოლიზურ (თრომბების დამშლელ) საშუალებებს, მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას თრომბის ამოსაღებად.
პრევენცია
თრომბის განვითარების პრევენციის მიზნით:
- რეკომენდებულია რაც შეიძლება მალე ადგომა და სიარული საწოლში იძულებით (ოპერაციის, ავადმყოფობის ან ტრავმის მიზეზით) წოლის შემდეგ;
- რამდენიმე საათში ერთხელ ადგომა და სიარული, თუ დიდხანს გიწევთ ჯდომა, მაგალითად, ხანგრძლივი ფრენის ან მანქანით მგზავრობის დროს;
- ოპერაციის შემდეგ ან ხანგრძლივი ფრენის დროს კომპრესიული წინდების ჩაცმა;
- რეგულარული ფიზიკური აქტიურობა;
- მოწევისგან თავის შეკავება;
- ჯანსაღი წონის შენარჩუნება.
მაღალი რისკის მქონე ზოგიერთ ადამიანს თრომბების წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად შესაძლოა სისხლის გამათხელებლების მიღება დასჭირდეს.
***
ორსულობა და თრომბები
ორსულობის პერიოდში ორგანიზმში მეტი სისხლი მიმოიქცევა, რათა მზარდი ნაყოფის მოთხოვნები დაკმაყოფილდეს. სისხლის ოდენობის მატება ზრდის წნევას სისხლძარღვებში, რამაც შესაძლოა მათი შევიწროება გამოიწვიოს. ამასთან ერთად, ჰორმონული ცვლილებების გამო ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ ხუთჯერ იმატებს თრომბის განვითარების რისკი.
სისხლის შედედების გამომწვევი ზოგიერთი დაავადება, მაგალითად, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (APS), კიდევ უფრო ზრდის ორსულობის დროს თრომბის განვითარების რისკს. ამას შესაძლოა მოჰყვეს ისეთი გართულებები, როგორიცაა მუცლის მოშლა ან პრეეკლამფსია (ორსულობის დროს მაღალი არტერიული წნევა). ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმ ქალებთან, რომლებსაც აქვთ თრომბოზის ისტორია.
თუ ქალს აქვს APS, არის ორსულად ან გეგმავს დაორსულებას, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. APS-ის შემთხვევაში წარმატებული ორსულობა სავსებით შესაძლებელია. ექიმმა შესაძლოა გამოწეროს პროფილაქტიკური მედიკამენტები თრომბების ჩამოყალიბების თავიდან ასაცილებლად და დანიშნოს დამატებითი გამოკვლევები, მაგალითად, ექოსკოპია ნაყოფის ზრდის შესამოწმებლად.
ქალმა უნდა იცოდეს, რომ ზოგიერთი ჰორმონული კონტრაცეპტივი, რომელიც შეიცავს ესტროგენს, ზრდის თრომბების განვითარების რისკს.
***
ღრმა ვენების თრომბოზი
ღრმა ვენების თრომბოზი (DVT) მდგომარეობაა, როდესაც თრომბები ქვედა კიდურების ღრმა ვენებში წარმოიქმნება. დროულად აღმოჩენილი და სწორად ნამკურნალები თრომბი უმეტესად არ არის საშიში, მაგრამ დიდ, ღრმა ვენებში წარმოქმნილი თრომბი ან მისი ფრაგმენტი შესაძლოა მოწყდეს და სისხლის ნაკადს სხეულის სხვა ნაწილისკენ გაჰყვეს. ფეხებიდან ან მენჯიდან წამოსული ემბოლი ფილტვის არტერიაში იჭედება. ვითარდება ფილტვის ემბოლია – მდგომარეობა, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშთა კატეგორიას მიეკუთვნება და დაუყოვნებლივ მოითხოვს სამედიცინო ჩარევას.
რისკფაქტორები
ღრმა ვენების თრომბოზის განვითარების ალბათობა მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. რაც უფრო მეტი რისკფაქტორი მოქმედებს თქვენზე, მით უფრო დიდია თრომბოზის ალბათობა:
. ასაკი – რისკი იმატებს 60 წლის შემდეგ.
. მოძრაობის ნაკლებობა. როდესაც ფეხები დიდი ხნის განმავლობაში უძრავადაა, წვივის კუნთები არ იკუმშება და არ ეხმარება სისხლის გულისკენ გადადენას. ასეა ხანგრძლივი ჯდომის (მანქანით მგზავრობა, ფრენა) და წოლითი რეჟიმის (საავადმყოფოში ყოფნა, დამბლა) დროს.
. ტრავმა ან ოპერაცია. ვენების დაზიანებამ და ვენებზე ოპერაციამ ასევე შეიძლება გაზარდოს სისხლის შედედების ალბათობა.
. ორსულობა. ორსულობის დროს მენჯისა და ქვედა კიდურების ვენებზე ზეწოლა იზრდება, რაც ზრდის თრომბოზის განვითარების რისკს. რისკი შესაძლოა შენარჩუნდეს მშობიარობის შემდეგაც, დაახლოებით 6 კვირის განმავლობაში. განსაკუთრებული ყურადღება მოეთხოვებათ ქალებს, რომლებსაც შედედების მემკვიდრეობითი დარღვევა აქვთ.
. ჩასახვის საწინააღმდეგო აბები და ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია – ზრდის სისხლის შედედების უნარს.
. ჭარბი წონა და სიმსუქნე – ზრდის წნევას მენჯისა და ფეხის ვენებში.
. მოწევა – უარყოფითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევასა და შედედებაზე.
. კიბო – ზოგიერთი სიმსივნე ზრდის სისხლში იმ ნივთიერებათა რაოდენობას, რომლებიც შედედების პროცესში მონაწილეობს. კიბოს მკურნალობის ზოგიერთი მეთოდიც სწევს მაღლა თრომბოზის რისკს.
. გულის უკმარისობა – ამ მდგომარეობაში იმატებს როგორც ღრმა ვენების თრომბოზის, ისე ფილტვის ემბოლიის რისკიც. გულისა და ფილტვების ფუნქციის დარღვევის გამო ფილტვის მცირე ზომის ემბოლიაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი სიმპტომებით გამოვლინდეს.
. ნაწლავის ანთებითი დაავადებები – კრონის დაავადება და წყლულოვანი კოლიტი ასევე ზრდის ღრმა ვენების თრომბოზის რისკს.
. პირადი ან ოჯახური ისტორია – თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს გქონიათ ღრმა ვენების თრომბოზი ან ფილტვის ემბოლია, შესაძლოა, თავადაც საფრთხის ქვეშ იყოთ.
. გენეტიკური ფაქტორები – ზოგ ადამიანს აქვს დნმ-ს მუტაციები, რომლებიც სისხლის შედედებისადმი მიდრეკილებას იწვევს. ერთი მათგანია სისხლის შედედების V ფაქტორის გენში არსებული ლეიდენის მუტაცია. ეს მემკვიდრეობითი ცვლილებები დამოუკიდებლად იშვიათად იწვევს თრომბოზს, სხვა რისკფაქტორებთან ერთად კი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
ზოგიერთ შემთხვევაში ღრმა ვენების თრომბოზი შესაძლოა განვითარდეს ხელშესახები რისკფაქტორის გარეშეც.
სიმპტომები
ღრმა ვენების თრომბოზი ზოგჯერ უსიმპტომოა, ზოგჯერ თანდათანობით ვითარდება, ზოგიერთ შემთხვევაში კი ერთბაშად იჩენს თავს.
არსებობს ნიშნები, რომელთა არსებობისას სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს:
- ფეხის უეცარი შეშუპება;
- ტკივილი ან დისკომფორტი სიარულის ან ფეხზე დგომის დროს;
- კანის გახურება და მტკივნეულობა შეხებისას;
- გადაბერილი ან გამაგრებული ვენები კანქვეშ;
- კანის ცვლილებები – გაწითლება ან გაუფერულება.
სასწრაფო სამედიცინო დახმარებაა საჭირო ფილტვის ემბოლიის სიმპტომების გამოვლენის დროსაც. ესენია: მოულოდნელი, აუხსნელი ქოშინი გულმკერდის არეში, უეცარი ტკივილი ღრმა სუნთქვის ან ხველის დროს, გულისცემის უეცარი აჩქარება, ოფლიანობა, აუხსნელი შფოთვა, უეცარი სისუსტის შეგრძნება ან გულის წასვლა, სისხლის ან სისხლიანი ნახველის ამოხველება.
სიმპტომები სხვადასხვა პაციენტთან სხვადასხვანაირია. იშვიათად ზემოთ ჩამოთვლილთა გვერდით ასევე ვითარდება თავბრუხვევა, ზურგის ტკივილი ან ხიხინი.
გართულებები
ღრმა ვენების თრომბოზის შესაძლო გართულებებია:
. ფილტვის ემბოლია (PE) – სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელიც ვითარდება მაშინ, როდესაც ფეხში ან სხეულის სხვა ნაწილში წარმოქმნილი თრომბი მოწყდება, ფილტვის სისხლძარღვებში აღმოჩნდება და მათში გამავალ სისხლის ნაკადს ბლოკავს.
. პოსტთრომბოზული (პოსტფლებიტური) სინდრომი. თრომბების მიერ ვენების დაზიანება იწვევს სისხლის მიმოქცევის მოშლას. მისი სიმპტომებია ფეხების ტკივილი, ფეხების შეშუპება, კანის ფერის შეცვლა, გაღიზიანება, ნაწიბუროვანი ცვლილებები და წყლულები.
მკურნალობის გართულებები. ღრმა ვენების სამკურნალოდ ხშირად გამოიყენება სისხლის გამათხელებლები, რომელთა თანმხლები მოვლენაა სისხლდენა (ჰემორაგია), ამიტომ სისხლის გამათხელებელი პრეპარატების მიღებისას მნიშვნელოვანია სისხლის რეგულარული მონიტორინგი ლაბორატორიული ანალიზებით.
დიაგნოსტიკა
ღრმა ვენების თრომბოზის დიაგნოსტირებისთვის, წესისამებრ, იყენებენ ულტრაბგერას. მარტივი, უმტკივნეულო ტესტი უსაფრთხო და ფართოდ ხელმისაწვდომია. შესაძლოა, დაგჭირდეთ სისხლის ანალიზიც: ლაბორატორიაში განსაზღვრავენ D-დიმერს. ღრმა ვენების თრომბოზის მქონე თითქმის ყველა ადამიანს მომატებული აქვს სისხლში D დიმერის დონე. ეს ტესტი ექიმებს ხშირად ფილტვის ემბოლიის გამორიცხვაშიც ეხმარება. საჭიროებისამებრ, ტარდება ვენოგრაფია და მრტ.
მკურნალობა
თითოეული პაციენტის მდგომარეობა ინდივიდუალურია. შესაბამისად, მკურნალობის სქემა უნდა ეფუძნებოდეს შემთხვევის დეტალურ ანალიზს და თანამედროვე გაიდლაინებს. მკურნალობის მეთოდებია:
. მედიკამენტური თერაპია. ღრმა ვენების თრომბოზსა და ფილტვის ემბოლიას ძირითადად ანტიკოაგულანტებით – სისხლის გამათხელებლებით – მკურნალობენ. ეს მედიკამენტები ხელს უშლის თრომბების ზრდას და ახლების წარმოქმნას, ამცირებს ფილტვის ემბოლიის რისკს, მაგრამ ვერ შლის უკვე არსებულ თრომბებს. მცირე თრომბების შემთხვევაში ეს თავად ორგანიზმმა უნდა გააკეთოს ბუნებრივი ფიბრინოლიზისის გზით.
სისხლის გამათხელებლების მიღება შესაძლებელია ტაბლეტების, ინტრავენური ან კანქვეშა ინექციების სახით. კურსი შესაძლოა სამ თვეს და უფრო მეტ ხანსაც გაგრძელდეს. კონკრეტული სქემა დამოკიდებულია თრომბოზის სიმძიმესა და პაციენტის ინდივიდუალურ რისკებზე.
. კომპრესია – ღრმა ვენების თრომბოზის მქონე პაციენტებს ხშირად ურჩევენ მუხლებამდე კომპრესიული წინდების ტარებას. ეს წინდები არა მხოლოდ ამცირებს შეშუპებას და აადვილებს გულში ვენური სისხლის დაბრუნებას, არამედ პოსტთრომბოზული სინდრომის განვითარებასაც უშლის ხელს.
ბევრი წინდებს წლობით ატარებს.
განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლოა გამოიყენონ სპეციალური გასაბერი მოწყობილობები – შექუენტიალ ჩომპრესსიონ Device (SCD), რომლებიც ფეხის სხვადასხვა ნაწილს აწვება და ხელს უწყობს ვენურ ცირკულაციას.
. თრომბოლიზისი. მძიმე, სიცოცხლისთვის საშიშ შემთხვევებში, მაგალითად, ფილტვის მასიური ემბოლიის ან თრომბოზის დროს, რომელიც კიდურის სისხლმომარაგების ძლიერ შეზღუდვას იწვევს, ექიმი მიმართავს თრომბოლიზისს. ეს მეთოდი გულისხმობს თრომბის დამშლელი პრეპარატის კათეტერით შეყვანას პირდაპირ ვენაში, თრომბის სიახლოვეს. ზოგჯერ ამას ემატება ვენაში სტენტის მოთავსებაც სისხლის ნაკადის აღსადგენად.
ამ მეთოდს თან ახლავს ძლიერი სისხლდენის რისკი, რის გამოც მას მიმართავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც თრომბი მძიმე გართულებებს იწვევს და პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
. ქირურგიული ჩარევა (თრომბექტომია). არის შემთხვევები, – იშვიათად, მაგრამ მაინც, – როდესაც თრომბის დამშლელი პრეპარატების გამოყენება შეუძლებელი ან უშედეგოა. ასეთ დროს განიხილავენ ქირურგიულ ჩარევას – თრომბექტომიას. ეს პროცედურა გულისხმობს თრომბის ქირურგიულად ამოღებას მცირე ჭრილობით. ოპერაციულ მეთოდს, წესისამებრ, მიმართავენ აქტიურ პაციენტებთან, რომელთა ზოგადი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ რომლებსაც ფეხის ზედა ნაწილში აქვთ დიდი თრომბი და ფეხის ხანგრძლივი შეშუპებისა და წყლულების განვითარების საშიშროება ემუქრებათ.
თრომბექტომიას თან ახლავს განსაზღვრული საფრთხეები, მათ შორის – ძლიერი სისხლდენისაც, ამიტომ ამ მეთოდის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას ექიმი პაციენტის მდგომარეობის გულდასმით შეფასების შემდეგ იღებს.
. ღრუ ვენის ფილტრი (Vena Cava Filter). თუ პაციენტს არ შეუძლია ანტიკოაგულანტების მიღება (მაგალითად, ძლიერი სისხლდენის რისკის გამო) ან მათი გამოყენება შედეგიანი არ არის, განიხილება ალტერნატივა – ღრუ ვენის ფილტრის ჩადგმა. ეს მცირე მოწყობილობა თავსდება ღრუ ვენაში და მუშაობს როგორც ბადე, რომელიც წინ ეღობება ფეხიდან მოწყვეტილ თრომბებს და მათ ფილტვებამდე არ უშვებს.
საჭიროა იმის ცოდნა, რომ ფილტრი ხელს ვერ უშლის ახალი თრომბების წარმოქმნას და თავადაც შეუძლია გამოიწვიოს გართულება, ამიტომ გადაწყვეტილება მისი გამოყენების შესახებ კარგად უნდა იყოს გააზრებული.
მკურნალობის შემდეგ
მკურნალობის შემდეგაც მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას და დაიცვათ განსაზღვრული წესები, რათა გართულებები და ახალი თრომბების გაჩენა თავიდან აიცილოთ:
* აკონტროლეთ დიეტა – თუ იღებთ ვარფარინს ან სხვა ანტიკოაგულანტებს, უნდა იცოდეთ, რომ K ვიტამინით მდიდარმა საკვებმა: ისპანახმა, ბრიუსელის კომბოსტომ და სხვა, – შესაძლოა, მედიკამენტის ეფექტი შეასუსტოს. თქვენს ექიმთან ან დიეტოლოგთან შეთანხმებით შეადგინეთ კვების რაციონი.
* მიიღეთ მედიკამენტები ზუსტად დანიშნულებისამებრ. შეასრულეთ წამლების მიღების ხანგრძლივობასთან დაკავშირებული რეკომენდაციები. ზოგი ანტიკოაგულანტი მოითხოვს პერიოდულ სისხლის ანალიზს, რომ შემოწმდეს შედედების მაჩვენებლები და თავიდან იქნეს აცილებული სისხლის ზედმეტი ან არასაკმარისი გათხელება.
* დააკვირდით სისხლდენის ნიშნებს. ანტიკოაგულანტებმა შესაძლოა გაზარდოს სისხლდენის რისკი. გაარკვიეთ ექიმთან, რომელ სიმპტომებს უნდა მიაქციოთ ყურადღება და როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ეს ნიშნები გამოვლინდა. გაითვალისწინეთ, რომ მცირე დაზიანებაც კი, მაგალითად ნაკაწრი ან სისხლჩაქცევა, შეიძლება სერიოზულ პრობლემად იქცეს. ასევე ჰკითხეთ ექიმს, ხომ არ გჭირდებათ განსაზღვრული აქტივობების შეზღუდვა.
* ივარჯიშეთ და იმოძრავეთ რეგულარულად. თუ ოპერაციის გამო ან სხვა მიზეზით დიდხანს მოგიხდათ უძრავად ყოფნა, სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად რაც შეიძლება მალე დაიწყეთ მოძრაობა და მსუბუქი ფიზიკური აქტივობები. რაც უფრო მალე დაიწყებთ მოძრაობას, მით უფრო დაბალია თრომბების წარმოქმნის შანსი.
* ატარეთ კომპრესიული წინდები. ექიმის რეკომენდაციით, გამოიყენეთ სპეციალური კომპრესიული წინდები. ისინი ამცირებენ ფეხების შეშუპებას და იცავენ ადამიანს ახალი თრომბების წარმოქმნისგან.
პრევენცია
ცხოვრების წესის მცირე ცვლილება ღრმა ვენების თრომბოზის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. მოსინჯეთ შემდეგი სტრატეგიები:
ამოძრავეთ ფეხები. ოპერაციის შემდეგ ან ხანგრძლივი წოლითი რეჟიმის დროს ეცადეთ, რაც შეიძლება მალე წამოდგეთ და დაიწყოთ მოძრაობა.
არ გადააჯვარედინოთ ფეხები ჯდომისას – ეს ხელს უშლის სისხლის თავისუფალ მიმოქცევას.
დიდხანს ჯდომისას ფეხები ასწიეთ. თუ დიდხანს ჯდომა გიწევთ, დროდადრო ფეხები მაღლა ასწიეთ.
მგზავრობისას შეისვენეთ. ოთხ საათზე ხანგრძლივი ფრენისას საათში ერთხელ ადექით და თვითმფრინავში გაიარ-გამოიარეთ. მანქანით მგზავრობისას საათში ერთხელ გაჩერდით, მანქანიდან გადმოდით და გაიარ-გამოიარეთ. თუ ადგომა შეუძლებელია, ფეხები პერიოდულად ამოძრავეთ: თითებით იატაკს დაებჯინეთ და ასწიეთ და დასწიეთ ქუსლები, შემდეგ ქუსლებით დაებჯინეთ, ხოლო თითები ასწიეთ და დასწიეთ.
მიიღეთ მეტი სითხე – ფრენამდე და მოგზაურობისას სვით ბევრი უალკოჰოლო სასმელი. სხვა დროსაც სასურველია დღეში, სულ მცირე, 6 ჭიქა წყალი.
ექიმის რეკომენდაციით ატარეთ კომპრესიული წინდები – ჰკითხეთ თქვენს ექიმს, საჭიროა თუ არა თქვენთვის სპეციალური კომპრესიული წინდების ტარება ყოველდღიურად ან მგზავრობისას.
იცხოვრეთ აქტიურად. რეგულარული ფიზიკური აქტიურობა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევას და ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს. დაგეგმეთ ყოველდღე, სულ მცირე, 30-წუთიანი ზომიერი ვარჯიში. თუ წონის დაკლებას ან ჯანმრთელობის კონკრეტული მიზნების მიღწევას ცდილობთ, შესაძლოა, მეტი აქტიურობაც დაგჭირდეთ.
ყურადღება მიაქციეთ ჩაცმულობას. ერიდეთ ბარძაყებსა და წელზე მოჭერილ ტანსაცმელს, რეზინს, მჭიდრო წინდებს, რომლებიც სისხლის ნაკადს აფერხებს (ეს რჩევა არ ეხება სპეციალურ სამედიცინო კომპრესიულ წინდებს, რომლებიც ექიმის დანიშნულებით გამოიყენება).
აკონტროლეთ წონა და უარი თქვით თამბაქოზე. სიმსუქნე და მოწევა მნიშვნელოვნად ზრდის ღრმა ვენების თრომბოზის რისკს, ორივე ამ ფაქტორის მოშორება კი სასარგებლოა არა მხოლოდ ვენების, არამედ მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის.
***
იშემიური ინსულტი
იშემიური ინსულტი ვითარდება, როდესაც ტვინის ნაწილს სრულიად ან ნაწილობრივ უწყდება სისხლის მიწოდება. ტვინის ქსოვილი ვეღარ იღებს საკმარის ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებებს, რაც იწვევს უჯრედების შიმშილს, ე.წ. იშემიას. ტვინის უჯრედები ძალიან მგრძნობიარენი არიან ჟანგბადის დეფიციტის მიმართ და მათი სიკვდილი სულ რამდენიმე წუთის შემდეგ იწყება.
არსებობს ჰემორაგიული ინსულტიც. ის ვითარდება მაშინ, როდესაც ტვინის სისხლძარღვი სკდება ან სუსტდება და სისხლი ტვინის ქსოვილში ჟონავს. ჩაქცეული სისხლი აწვება მიმდებარე უჯრედებს და აზიანებს.
ინსულტების უმეტესობა (85%) იშემიურია.
ინსულტი გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობაა. თუ ნიშნები მასზე მიუთითებს, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს. მყისიერი სამედიცინო დახმარება საგრძნობლად ამცირებს ტვინის დაზიანებას და გართულების რისკს.
მიზეზი
იშემიური ინსულტი გამოწვეულია ტვინის სისხლძარღვების ბლოკირებით. დაბლოკვა შესაძლოა გამოიწვიოს:
- სისხლძარღვებში დაგროვილმა ცხიმოვანმა ჩანართებმა (ათეროსკლეროზულმა ფოლაქებმა);
- სისხლში მოძრავმა თრომბმა (შედედებული სისხლის ნაწილაკმა);
- ათეროსკლეროზული ფოლაქის ფრაგმენტებმა;
- გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვედრილმა ნაწიბუროვანი ქსოვილის ნაწილაკებმა.
რისკფაქტორები
ინსულტის განვითარებას მრავალი ფაქტორი უწყობს ხელს. ზოგი მათგანის კონტროლი შესაძლებელია, ზოგისა კი – არა.
ცხოვრების წესთან დაკავშირებული რისკფაქტორები: ჭარბი წონა და სიმსუქნე, პასიური ცხოვრების წესი, მოწევა და მეორეული კვამლი, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ჭარბი მოხმარება
სამედიცინო რისკფაქტორები: მაღალი არტერიული წნევა, მაღალი ქოლესტეროლი, შაქრიანი დიაბეტი, ძილის აპნოე, გულის დაავადებები (გულის უკმარისობა, გულის მანკები, ინფექცია, არითმიები, მათ შორის – მოციმციმე არითმია), ინსულტის ან გულის შეტევის პირადი ან ოჯახური ისტორია
არაკონტროლირებადი რისკფაქტორები: ასაკი (55 წლიდან), სქესი (მამაკაცებს ალბათობა ოდნავ უფრო დიდი აქვთ), ჰორმონები — ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ან ესტროგენების შემცველი ჰორმონული თერაპია
როგორ ამოვიცნოთ
თუ საკუთარ თავს ან გვერდით მყოფს ამჩნევთ ინსულტის ნიშნებს, დაიმახსოვრეთ სიმპტომების დაწყების დრო – ეს მნიშვნელოვანია მკურნალობის ტაქტიკის შესარჩევად.
ინსულტის ძირითადი სიმპტომებია:
ლაპარაკის და სხვისი ნათქვამის გაგების გაძნელება. ადამიანი დაბნეული ჩანს, გაუგებრად მეტყველებს ან ვერ იგებს სხვის ნათქვამს.
სახის, ხელის ან ფეხის სისუსტე ან დამბლა, ხშირად – სხეულის ცალ მხარეს. ადამიანს შეუძლია, სცადოს ორივე ხელის თავს ზემოთ აწევა. თუ ცალი ხელი ჩამოუვარდა, ეს შესაძლოა ინსულტის ნიშანი იყოს. გაღიმების მცდელობისას დააკვირდით, დაბლა ხომ არ ეშვება სახის ცალი მხარე.
მხედველობის პრობლემები – მოულოდნელი დაბინდვა, გაორება ან მხედველობის დაკარგვა ცალ ან ორივე თვალში.
უეცარი ძლიერი თავის ტკივილი, რომელსაც შესაძლოა თან ახლდეს თავბრუხვევა, ღებინება ან გონების არევა.
სიარულის გაძნელება – ბორძიკი, წონასწორობის ან კოორდინაციის მოშლა.
სასწრაფოდ იმოქმედეთ
- თუნდაც სიმპტომები გაქრეს ან შესუსტდეს, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დარეკეთ 112-ზე.
- ინსულტის დროს ყოველი წუთი მნიშვნელოვანია – რაც უფრო ადრე დაიწყება მკურნალობა, მით უფრო ნაკლებად დაზიანდება ტვინი და მივა საქმე გართულებამდე.
FAST ტესტი მდგომარეობის შესაფასებლად
Face (სახე): ღიმილის დროს ქვემოთ ხომ არ ეშვება სახის ცალი მხარე?
Arms (ხელები): ორივე ხელის აწევის დროს ხომ არ ეშვება ცალი ხელი დაბლა? ან საერთოდ შეუძლებელი ხომ არ არის მისი აწევა?
Speech(მეტყველება): ხომ არ არის მეტყველება ბუნდოვანი ან უცნაური?
Time (დრო): ნუ დაკარგავთ ძვირფას წამებს! დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე.
გარდამავალი იშემიური შეტევა
გარდამავალი იშემიური შეტევა (გიშ) ვითარდება, როდესაც ტვინის რომელიმე ნაწილისთვის სისხლის მიწოდება დროებით ირღვევა. შედეგად თავს იჩენს ინსულტის მსგავსი სიმპტომები, რომლებიც უმეტესად რამდენიმე წუთში გაივლის და მუდმივ დაზიანებას არ ტოვებს. ამ მდგომარეობას მინიინსულტსაც უწოდებენ.
გიშ-ის მიზეზი ხშირად თრომბი ან ათეროსკლეროზული ფოლაქია, რომელიც დროებით ბლოკავს ან ასუსტებს ტვინისკენ მიმავალ სისხლის ნაკადს.
გახსოვდეთ: გიშ ნიშნავს მომავალში ინსულტის განვითარების მაღალ რისკს, ამიტომ მდგომარეობის დროული შეფასება და პრევენცია აუცილებელია.
გართულებები
ინსულტი ზოგჯერ დროებით ან მუდმივ უნარშეზღუდულობას იწვევს. გართულებების ტიპი და სიმძიმე დამოკიდებულია იმაზე, რამდენ ხანს არ მიეწოდებოდა ტვინს სისხლი და რომელი უბანია დაზიანებული.
დამბლა – კუნთების მოძრაობის უნარის დაკარგვა სხეულის ცალ მხარეს ან განსაზღვრულ უბანზე, მაგალითად, მხოლოდ ხელში ან ფეხში.
საუბრის ან ყლაპვის გაძნელება – პირისა და ყელის კუნთების სისუსტე ხელს უშლის მკაფიო მეტყველებას, ჭამას და ყლაპვას. შესაძლოა, ჭირდეს წაკითხულის გაგება ან აზრის გადმოცემაც.
მეხსიერების დაკარგვა ან აზროვნების გაძნელება – ზოგს მეხსიერება უქვეითდება, ზოგს კი უჭირს მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება.
ემოციური ცვლილებები – შესაძლოა, გართულდეს ემოციების მართვა. ხშირია დეპრესია ან შფოთვა.
ტკივილი და უცნაური შეგრძნებები – სხეულის დაზიანებულ ნაწილებში შესაძლოა იგრძნობოდეს ტკივილი, ჩხვლეტა, დაბუჟება.
ქცევისა და თვითმოვლის ცვლილებები – შესაძლოა, ადამიანი საკუთარ თავში ჩაიკეტოს ან დასჭირდეს დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში.
პრევენცია
ინსულტის თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ იცნობთ მის რისკფაქტორებს და მისდევთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. ცხოვრების წესის კორექცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ უკვე გაქვთ გადატანილი ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა.
ჰიპერტენზიის კონტროლი: მაღალი წნევა ინსულტის მთავარი რისკფაქტორია. რეგულარულად იზომეთ წნევა და შეასრულეთ ექიმის რეკომენდაციები ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტიურობის თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში მიიღეთ გამოწერილი წამლებიც.
ქოლესტეროლის მართვა: შეამცირეთ რაციონში ნაჯერი ცხიმებისა და ტრანსცხიმების წილი. ქოლესტეროლის დონის დასაწევად ხშირად დიეტური ცვლილებებიც საკმარისია, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა მედიკამენტური დახმარებაც.
მოწევისთვის თავის დანებება: მოწევა მნიშვნელოვნად ზრდის ინსულტის რისკს. თამბაქოზე უარის თქმა ყველაზე სწრაფად ამცირებს სისხლძარღვების დაზიანების ალბათობას.
დიაბეტის კონტროლი: შეინარჩუნეთ სისხლში შაქრის ნორმალური დონე დიეტის, ვარჯიშისა და, საჭიროებისამებრ, მედიკამენტების მეშვეობით
ჯანსაღი წონა და დიეტა: ჭარბი წონა ზრდის ჰიპერტენზიის, დიაბეტისა და ინსულტის რისკს. გადადით ხმელთაშუა ზღვის დიეტაზე.
ფიზიკური აქტიურობა: 30-წუთიანი ზომიერი ვარჯიში კვირის უმეტეს დღეებში ამცირებს ინსულტის განვითარების ალბათობას. ფეხით ან ველოსიპედით სიარული და ცურვა იდეალური არჩევანია.
ალკოჰოლის ზომიერად მიღება – დიდი დოზები ზრდის ინსულტის და ჰიპერტენზიის რისკს.
ძილის აპნოეს მკურნალობა – ძილის დროს სუნთქვის ხშირი შეჩერება ზრდის ინსულტის განვითარების ალბათობას. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ გამოკვლევა.
ნარკოტიკებისგან თავის შეკავება – კოკაინი და მეტამფეტამინი პირდაპირ უკავშირდება ინსულტს – მათი ერთჯერადი გამოყენებაც კი მკვეთრად ზრდის რისკს.
პროფილაქტიკური მედიკამენტები
თუ გადაიტანეთ ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა, შესაძლოა, გამოგიწერონ მედიკამენტები განმეორებითი ინსულტის რისკის შესამცირებლად:
ანტითრომბოციტული პრეპარატები – ამცირებს თრომბოციტების წებოვნებას და, ამის კვალობაზე, თრომბების წარმოქმნის შანსს. ყველაზე ხშირად გამოიყენება ასპირინი ან ასპირინისა და კლოპიდოგრელის კომბინაცია (Plavix). თუ ასპირინის მიღება საშიშია, შესაძლოა, გამოწერონ კლოპიდოგრელი ან ტიკაგრელორი (Brilinta).
ანტიკოაგულანტები („სისხლის გამათხელებლები") – ეს წამლები უფრო მეტად აფერხებს შედედებას და მაღალი რისკის შემთხვევაში გამოიყენება. შესაძლოა, დაინიშნოს ჰეპარინის ხანმოკლე ან ვარფარინის (Jantoven) ხანგრძლივი კურსი. ისეთი პრეპარატები, როგორიცაა დაბიგატრანი (Pradaxa), რივაროქსაბანი (Xarelto), აპიქსაბანი (Eliquis) და ედოქსაბანი (Savaysa), არ მოითხოვს ინტენსიურ მონიტორინგს და ახასიათებს სისხლდენის დაბალი რისკი.
ეს მედიკამენტები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით მიიღება და მათი დოზა ზედმიწევნით უნდა იქნეს დაცული.
დიაგნოსტიკა
ინსულტის დროს საავადმყოფოში მოხვედრისთანავე იწყება სწრაფი გამოკვლევა იმის დასადგენად, რა ტიპისაა ინსულტი და როგორი მკურნალობაა საჭირო.
პირველი ნაბიჯებია:
გასინჯვა – არტერიული წნევის, გულისცემისა და ნევროლოგიური სტატუსის შეფასება;
სისხლის ანალიზები – სისხლის შედედების სიჩქარის, შაქრის დონისა და ინფექციის არსებობა-არარსებობის შემოწმება;
კომპიუტერული ტომოგრაფია (CT) – სწრაფად აჩვენებს ტვინში სისხლდენას, თრომბს ან სიმსივნეს. საჭიროების შემთხვევაში იყენებენ კონტრასტულ საშუალებას (ჩთ ანგიოგრაფია) სისხლძარღვების უკეთ დასათვალიერებლად.
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) – განსაკუთრებით ეფექტურია იშემიური ინსულტით დაზიანებული უბნების გამოსავლენად. ზოგჯერ გამოიყენება კონტრასტული საღებავიც (Mღ ანგიოგრაფია ან ვენოგრაფია);
საძილე არტერიების ულტრაბგერითი გამოკვლევა – აჩვენებს ფოლაქებს და სისხლის ნაკადის შეფერხებას კისრის არტერიებში;
ცერებრალური ანგიოგრამა – კათეტერის მეშვეობით დეტალურად ვიზუალიზდება ტვინისა და კისრის სისხლძარღვები;
ექოკარდიოგრამა – ხდება გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა გულში თრომბის შესაძლო წყაროს აღმოსაჩენად.
მკურნალობა
იშემიური ინსულტის დროს სამედიცინო ჩარევის მიზანია ტვინისთვის სისხლის მიწოდების რაც შეიძლება სწრაფად აღდგენა. შედეგი საუკეთესოა, როდესაც ეს პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში ხერხდება.
ინტრავენური თერაპია (TPA): თრომბის დასაშლელად სხეულში შეჰყავთ ინტრავენური მედიკამენტი – რეკომბინანტული ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორი (TPA), მაგალითად, ალტეპლაზა (Activase) ან ტენექტეპლაზა (TNKase). ეფექტიანია მისი შეყვანა სიმპტომების დაწყებიდან 4.5 საათის გასვლამდე, მაგრამ რაც უფრო ადრე მოხდება, მით უკეთესი. ექიმი აფასებს ტვინში სისხლდენის რისკს და ამგვარად წყვეტს, რამდენად უსაფრთხოა ეს წამალი კონკრეტული პაციენტისთვის.
ენდოვასკულარული თერაპია: ეს მეთოდი გულისხმობს თრომბის ამოღებას უშუალოდ სისხლძარღვიდან ან მედიკამენტის პირდაპირ დაზიანებულ უბანში შეყვანას.
საძილე არტერიის ენდარტერექტომია: ეს არის ოპერაცია, რომლის დროსაც ფოლაქს კისრის არტერიიდან იღებენ.
ანგიოპლასტიკა და სტენტირება: არტერიას აფართოებენ მასში სპეციალური ბალონის გაბერვით და დგამენ სტენტს.
რეაბილიტაცია ინსულტის შემდეგ
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შემდეგ პაციენტი, სულ მცირე, ერთი დღე-ღამის განმავლობაში მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ამის შემდეგ მკურნალობის მთავარი მიზანია ფუნქციების აღდგენა და დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობის დაბრუნება. ინსულტის შედეგები დამოკიდებულია იმაზე, ტვინის რომელი ნაწილი დაზიანდა და რამდენად ფართოა დაზიანება.
ტვინის მარჯვენა მხარის დაზიანებისას სუსტდება სხეულის მარცხენა მხარე.
მარცხენა მხარის დაზიანებისას სუსტდება მარჯვენა მხარის ფუნქცია და ხშირად თავს იჩენს მეტყველების დარღვევები.
პაციენტების უმეტესობა გადის რეაბილიტაციის პროგრამას, რომელიც ინდივიდუალურად, ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და საჭიროებების მიხედვით დგება. შესაძლოა, რეაბილიტაცია დაიწყოს საავადმყოფოში და გაგრძელდეს სახლში.
***
სისხლის შედედების დარღვევები
სისხლის შედედების დარღვევა მდგომარეობაა, რომლის დროსაც ორგანიზმი სისხლის შედედების პროცესს სათანადოდ ვერ აკონტროლებს. ასეთ დროს სისხლი ან საკმარისად არ დედდება, რაც ზრდის სისხლდენის რისკს, ან, პირიქით, მეტისმეტად ადვილად დედდება, რასაც თრომბების წარმოქმნა და სისხლძარღვების ბლოკირება მოჰყვება.
სისხლის შედედების (კოაგულაციის) დარღვევას მედიცინაში თრომბოფილიას უწოდებენ. ის შეიძლება იყოს როგორც მემკვიდრეობითი ანუ თანდაყოლილი, ისე შეძენილიც.
მემკვიდრეობითი დარღვევის მაგალითებია:
შედედების V ფაქტორის ლეიდენის მუტაცია – გვხვდება ევროპული წარმოშობის მოსახლეობის დაახლოებით 5%-ში;
შედედების II ფაქტორის (პროთრომბინის) G20210A მუტაცია – გვხვდება მოსახლეობის დაახლოებით 2%-ში.
შეძენილი დარღვევის მაგალითებია ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (APS) და დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია (DIC)
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი ავტოიმუნური დაავადებაა, რომელიც იწვევს თრომბების (სისხლის შედედებული გროვების) წარმოქმნას. ავტოიმუნური დარღვევები ვითარდება, როდესაც იმუნური სისტემა შეცდომით უტევს ჯანსაღ ქსოვილებსა და უჯრედებს.
APS-ის დროს ორგანიზმში წარმოიქმნება ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები, რომლებიც ზრდის ვენებსა და არტერიებში თრომბების ჩამოყალიბების რისკს.
სიმპტომები
სისხლში APS ანტისხეულების მაღალი დონე ზრდის ჯანმრთელობის ზოგიერთი პრობლემის ალბათობას, თუმცა ზოგიერთ ადამიანს არასდროს უჩნდება თრომბები.
სისხლის შედედების დარღვევის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია:
- ტკივილი გულმკერდის არეში და ქოშინი;
- გულისრევა (ღებინების შეგრძნება);
- ხელის ან ფეხის ტკივილი, სიწითლე, სიმხურვალე და შეშუპება;
- მეტყველების ცვლილება;
- დისკომფორტი მკლავებში, ზურგში, კისერსა და ყბაში.
იშვიათი სიმპტომებია:
- მაქმანისებრი წითელი გამონაყარი მაჯებზე ან მუხლებზე;
- ქრონიკული თავის ტკივილი;
- გულის სარქვლების პრობლემები;
- მეხსიერების დარღვევა.
რისკფაქტორები
APS-ის განვითარების ან მისთვის დამახასიათებელი ანტისხეულების გაჩენის ალბათობაზე გავლენას ახდენს:
სქესი – ქალებში უფრო ხშირია, ვიდრე მამაკაცებში;
მემკვიდრეობითი ფაქტორები – ოჯახური ისტორია ზრდის დაავადების განვითარების რისკს;
სხვა ავტოიმუნური დაავადებები – APS ყველაზე ხშირად გვხვდება წითელი მგლურას (ლუპუსის) მქონე პაციენტებთან. ასეთი პაციენტების 20-30%-ს აქვს ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები, მათგან კი ყოველ მესამეს თრომბოზი უვითარდება.
ინფექციები – ზოგიერთმა ვირუსმა ან ბაქტერიამ, მაგალითად, HIV-მა, C ჰეპატიტმა ან ლაიმის დაავადების გამომწვევმა ბორელიამ, შესაძლოა ასწიოს APS-ის განვითარების რისკი.
დიაგნოზი
ექიმი შეკრებს სამედიცინო ანამნეზს და დანიშნავს სისხლის ანალიზებს, რათა გამოავლინოს შემდეგი ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულები:
* ანტიკარდიოლიპინი (aCL);
* ბეტა-2 გლიკოპროტეინ I (β2GPI);
* ლუპუსის ანტიკოაგულანტი (LA).
ანტიფოსფოლიპიდური სინდრომის დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია როგორც ამ ანტისხეულების, ისე კლინიკური ნიშნების (მაგალითად, თრომბოზის ან ორსულობასთან დაკავშირებული გართულებების) არსებობა.
დიაგნოზის დასაზუსტებლად ხშირად საჭიროა კვლევაში ჰემატოლოგის ჩართვაც.
მკურნალობა
ამჟამად APS უკურნებელ ავადმყოფობად მიიჩნევა, მაგრამ შესაძლებელია მისი ეფექტური მართვა. მკურნალობის მიზანია ახალი თრომბების წარმოქმნის თავიდან აცილება და უკვე არსებულთა ზრდის შეჩერება.
ექიმი ინდივიდუალურად შეურჩევს პაციენტს სისხლის გამათხელებელ მედიკამენტს – ვარფარინს, ჰეპარინს ან ასპირინს.
მკურნალობა მნიშვნელოვანია, რადგან მის გარეშე APS-მ შესაძლოა გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები – გულის შეტევა, ინსულტი ან ღრმა ვენების თრომბოზი.
ორსულობის დროს მკურნალობის გარეშე დარჩენილმა ანტიფოსპოლიპიდურმა სინდრომმა შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის მოშლა და პრეეკლამფსია (ორსულობის დროს მაღალი არტერიული წნევა).
დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია
დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაცია (DIC) იშვიათი, მაგრამ საშიში მდგომარეობაა, რომლის დროსაც ირღვევა სისხლის შედედების ბუნებრივი მექანიზმები. გამოყოფენ მის ორ ძირითად ეტაპს:
1. გადაჭარბებული შედედება – კოაგულაციის პროცესი ჭარბად აქტიურდება, რის შედეგადაც სისხლძარღვებში წარმოიქმნება მრავალი თრომბი. ეს თრომბები აფერხებს სისხლის ნორმალურ მიმოქცევას და შესაძლოა, სხვადასხვა ორგანოს დაზიანება გამოიწვიოს.
2. შემდგომი სისხლდენა – თრომბების ინტენსიური წარმოქმნის გამო ორგანიზმი სწრაფად ხარჯავს თრომბოციტებსა და შედედების ფაქტორებს. მათი დეფიციტი იწვევს უკონტროლო სისხლდენას – გარეგანს (ცხვირიდან, ღრძილებიდან) ან შინაგანს (ორგანოებსა და ქსოვილებში).
სიმპტომები
დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაციის დროს მოსალოდნელია:
- სისხლდენა ჭრილობებიდან, ცხვირიდან, ღრძილებიდან ან პირიდან;
- სისხლი შარდში ან განავალში;
- ჩალურჯებები ან წვრილი წერტილოვანი სისხლჩაქცევები;
- გულმკერდის ტკივილი;
- ფეხების ტკივილი, სიწითლე, სიმხურვალე და შეშუპება.
გამომწვევი მიზეზები
DIC-ს გამომწვევი ძირითადი მიზეზები, როგორც წესი, ძლიერი ანთებითი პროცესებია, რომლებიც ვითარდება ინფექციის, ტრავმის ან სხვა მძიმე მდგომარეობის ფონზე. მათგან ყველაზე გავრცელებულია:
. სეფსისი – გავრცობილი პასუხი ინფექციაზე, რომელიც სისტემურ ანთებას იწვევს;
. ორგანოების ან ქსოვილების მძიმე დაზიანება, მაგალითად, ღვიძლის ციროზი, პანკრეატიტი, დიდი ტრავმები, დამწვრობა, მასშტაბური ქირურგიული ჩარევა;
. ძლიერი იმუნური რეაქცია – შესაძლოა, გამოიწვიოს სისხლის წარუმატებელმა გადასხმამ, გადანერგილი ორგანოს უარყოფამ, გველის შხამმა ან სხვა ტოქსინმა;
. ორსულობის გართულებები – პლაცენტის აშრევება მშობიარობამდე, ამნიონური სითხის სისხლში მოხვედრა, მასიური სისხლდენა მშობიარობის დროს ან მის შემდეგ;
. ზოგიერთი ტიპის კიბო.
იშვიათად COVID-19-საც შეუძლია, გამოიწვიოს DIC. ამ დროს იმატებს ორგანოთა უკმარისობისა და ლეტალური შედეგის რისკი.
დიაგნოსტიკა
DIC-ს დასადგენად ექიმი გასინჯავს პაციენტს, შეისწავლის მის სამედიცინო ისტორიას, დაუნიშნავს ლაბორატორიულ ანალიზებს. მნიშვნელოვანია, რომ DIC იშვიათად ვითარდება დამოუკიდებლად, ამიტომ საჭიროა გამომწვევი მიზეზის პოვნა და მკურნალობა.
თუ სავარაუდოა DIC, ტარდება სისხლის რამდენიმე ანალიზი, რომელთა შედეგების შეჯერებით ქულათა სპეციალური სისტემის საფუძველზე ექიმი დასვამს DIC-ს დიაგნოზს: რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო სავარაუდოა დაავადება.
დიაგნოზის სისწორის უზრუნველსაყოფად ანალიზები შესაძლოა გაიმეორონ.
დამატებით შესაძლოა ჩატარდეს გამოკვლევები სხვა მდგომარეობების (თრომბოციტოპენიური პურპურა, ციროზი და სხვა) გამოსარიცხად.
მკურნალობა
დისემინირებული სისხლძარღვშიდა კოაგულაციის მკურნალობის ძირითადი მიზნებია შედედებისა და სისხლდენის კონტროლი და გამომწვევი მიზეზის მართვა.
ექიმმა შესაძლოა გამოწეროს ანტიკოაგულანტები, შედედების ფაქტორების ჩანაცვლებითი თერაპია, პლაზმის ტრანსფუზია, თრომბოციტების გადასხმა.
მკურნალობის გარეშე DIC-ს შესაძლოა მოჰყვეს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები: მწვავე რესპირატორული დისტრესსინდრომი (ARDS), სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, გულის შეტევა, შოკი, ინსულტი, ვენური თრომბოემბოლია.
მოამზადა მარი აშუღაშვილმა







