დაშინებული ძაღლი

Поделитесь:

სკვერში, ეკლესიასთან, თვალებსევდიანი ძაღლი შემოგვეჩვია. ძაღლების მოყვარულებმა მურია დაარქვეს, კვებავენ და პატრონობენ. საცხოვრებლად ცუგამ ჩამონგრეული შენობა აირჩია. როცა სკვერში მოსეირნე ძაღლებიან ადამიანებს ხედავს, თვითონაც უერთდება. პრობლემა მაშინ იჩენს თავს, როცა შორიახლოს საშუალო სიმაღლის შავგრემანი მამაკაცი ჩაივლის: მურია მაშინვე იჯაგრება და იღრინება, ორიოდეჯერ საკბენადაც გაიწია.

საინტერესოა, რა ხდება ამ დროს მის გონებაში და საერთოდ, რატომ აქვს ზოგიერთ ძაღლს მომატებული აგრესია კონკრეტული ტიპაჟის მიმართ?

ავი ძაღლი – ეს არის დაშინებული, მუდმივ სტრესში მყოფი ძაღლი. შიში ყოვლისმომცველი გრძნობაა, შიშის დროს ადამიანებსაც გვიჭირს სწორი გადაწყვეტილებების მიღება, რაციონალურად მოქმედება. დაშინებული ძაღლის ერთადერთი სამარჯვი აგრესიაა. მხოლოდ ამ მიმართულებით მუშაობს მისი თავდაცვის ინსტინქტი.

ისევ ბავშვობის ტრავმა

როგორც ჩანს, მურიას ლეკვობაში ძალიან ცუდად მოექცნენ. სავარაუდოდ, მან დაიმახსოვრა თავისი მწვალებლის ტიპაჟი და ახლა, როდესაც ხედავს მასთან მიახლოებული გარეგნობის ადამიანს, მისი სხეული ავტომატურად გადადის თავდაცვის რეჟიმში.

კინოლოგები ამას ასოციაციურ მეხსიერებას უწოდებენ. ადრეული განვითარების ფაზაში (განსაკუთრებით – სოციალიზაციის პერიოდში, 3-დან 14 კვირამდე) თუ ძაღლი დააშინეს, იძალადეს მასზე, ის იმახსოვრებს მჩაგვრელის გარეგნულ ნიშნებს, – მაგალითად, სქესს, სიმაღლეს, აღნაგობას, ხმის ტემბრს, თმიანობას (წვერიანი-უწვერო...), სუნს, სიარულის მანერას, – და როდესაც ზრდასრულ ასაკში მსგავს ტიპაჟს შეხვდება, ინსტინქტურად ერთვება თავდაცვის მოთხოვნილება.

უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა

იმისთვის, რომ ძაღლი განვითარდეს, დაემორჩილოს წვრთნას და გახდეს ერთგული მეგობარი, მას, უწინარეს ყოვლისა, უსაფრთხო გარემო სჭირდება. უსაფრთხოება ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის საბაზისო მოთხოვნილებაა. ცოცხალი არსება ვერ განვითარდება, თუ უსაფრთხოება არ ექნება გარანტირებული.

როგორ დავიცვათ თავი, თუ ჩვენდა უნებურად "ამოჩემებულთა" რიგებში აღმოვჩნდით?

. შევინარჩუნოთ სიმშვიდე. საპასუხო შეტევა გამოსავალი არ არის. დაშინებულ ძაღლს თავდაცვის ინსტინქტიც გაძლიერებული აქვს.

. ნუ დაუდგებით ძაღლს პირისპირ. სპეციალისტები გვირჩევენ, დავუდგეთ ოდნავ გვერდულად და არავითარ შემთხვევაში არ ვუყუროთ თვალებში. თვალებით კონტაქტს ის გამოწვევად მიიღებს. მკვეთრი მოძრაობებისგან თავი შეიკავეთ.

. თუ ძაღლი მოშორებით დგას და იყეფება, ეს კარგის ნიშანია. ძალიან ნელა, თითქმის შეუმჩნევლად დაიხიეთ უკან. არ აქციოთ ძაღლს ზურგი. თუ თქვენკენ დაიძრა, უმჯობესია, გაჩერდეთ.

. თუ ხშირად გიწევთ გავლა იმ ძაღლის საცხოვრებელთან, რომელსაც ამოჩემებული ჰყავხართ, შეგიძლიათ, სცადოთ მისი მიჩვევა, მაგალითად, გემრიელი სასუსნავით. დამეგობრებას და მოფერებას არ ვგულისხმობთ; მთავარია, თქვენი გამოჩენა მისთვის არა უსიამოვნებასთან, არამედ სასიამოვნოს, გემრიელის მიღებასთან ასოცირდებოდეს.

. თუ ძაღლი შეტევაზე გადმოდის, მტკიცე, შეუვალი ხმით (არა ყვირილით, არა ისტერიკულად) ხმამაღლა უთხარით: "არა!" არ დაიწყოთ ხელ-ფეხის ქნევა მისი მიმართულებით (ადვილად მისწვდება კიდურებს). თუ ხვდებით, რომ შეტევა გარდაუვალია, შეეცადეთ, ჩანთა, ზურგჩანთა, დახვეული ქურთუკი “ჩააკბეჩინოთ”.

ჩვენი მთავარი იარაღი ამ დროს სიმშვიდე და სიმტკიცეა. ძაღლები “კითხულობენ” ჩვენს ემოციებს.

როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენი ძაღლი ამჟღავნებს გადამეტებულ აგრესიას ერთი კონკრეტული ტიპაჟის მიმართ?

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ვეტერინართან მისვლა და ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის შეფასება. ხომ არ აქვს დაზიანებული ძაღლს რამე ისე, რომ პერიოდულად სტკიოდეს? ხომ არ აკლია რომელიმე საკვები ნივთიერება? რამდენად სწორად არის შედგენილი მისი დღისა და მოძრაობის რეჟიმი?

როდესაც ჯანმრთელობის პრობლემები გამოირიცხება, მოთმინებით უნდა აღვიჭურვოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ შევუდგეთ რეაბილიტაციას.

ყვირილი და დასჯა საერთოდ უნდა ამოვიღოთ ჩვენი არსენალიდან. დაშინებულ ძაღლთან სამუშაოდ ერთადერთი სამარჯვი წახალისების ტაქტიკაა. ყოველთვის, როცა ძაღლი გამოავლენს სასურველ ქცევას (მაგალითად, არ მიაქცევს ყურადღებას მანამდე ამოჩემებულ ტიპაჟს ან ფოკუსირებული იქნება თქვენზე, ნაცვლად იმისა, რომ ყეფით გაეკიდოს სხვას) – აჯილდოებთ სასუსნავით ან ქებით.

ამჟღავნებთ სიყვარულს, სითბოს და მზრუნველობას.

როგორც კი შეატყობთ, რომ ძაღლი ემზადება აგრესიული ქმედებისთვის (დაცქვიტა ყურები, ხმადაბლა დაიწყო ღრენა, დიდხანს შეაჩერა მზერა ამოჩემებულ ტიპაჟზე, კუდი აპრიხა, თავი დახარა და მიპარვითი მოძრაობისთვის მოემზადა და ა.შ.), მშვიდად და მტკიცედ უხმობთ სახელით და სთავაზობთ სასუსნავს ან სათამაშოს. როგორც კი ძაღლი ყურადღებას გადმოიტანს თქვენზე, აჯილდოებთ და აგრძელებთ მასთან სასიამოვნო ინტერაქციას.

ძალიან სასარგებლოა თავისუფალ დროს თვალით კონტაქტის გავარჯიშება:

  • ჩაიმუხლეთ ისე, რომ ძაღლს თქვენთან თვალებით კონტაქტის დამყარების შესაძლებლობა მიეცეს. დაუძახეთ მას. როცა მოგიახლოვდებათ, დაელოდეთ და როგორც კი თვალს თვალში გაგიყრით, დააჯილდოეთ.
  • თვალებით კონტაქტის დიდხანს გაგრძელება არ არის საჭირო. მიეცით ძაღლს თავისუფლად ნავარდის საშუალება, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ისევ დაუძახეთ.
  • როგორც კი მეორედ ან მესამედაც შედგება თვალებით კონტაქტი, მყისიერად დააჯილდოეთ და სესიაც დასრულებულია.

ეს სავარჯიშო განამტკიცებს კავშირს პატრონსა და ძაღლს შორის. შეუცვლელია მაშინ, როდესაც ექსტრემალურ პირობებში ძაღლის მთელი ყურადღება გჭირდებათ. სწორი ვარჯიშის შედეგად თქვენი მხოლოდ ჩამუხვლაც კი ძაღლისთვის სიგნალი იქნება და ის მთელ თავის ყურადღებას თქვენ მოგაპყრობთ.

თუ ზუსტად იცით, რა ტიპაჟზე აქვს რეაქცია თქვენს ცუგას, სცადეთ მისთვის ვარიაციების შეთავაზება. სთხოვეთ ძაღლისთვის ნაცნობ პირს, "მიბაძოს" მას, ვიზეც ძაღლს აგრესია აქვს და სეირნობისას "შემთხვევით" ჩაგიაროთ გვერდით. თუ ძაღლმა შორიდანვე მიაქცია ყურადღება, დაუძახოს მას და შესთავაზოს სასუსნავი. ასეთი ჰომეოპათიური დოზებით შიშთან გამკლავების ტაქტიკამ შესაძლოა გაამართლოს, როცა ძაღლი აღნაგობის ან სამოსის შეფერილობის მიხედვით არჩევს აგრესიის ობიექტს.

ამ პროცესში გადამწყვეტია პატრონის განწყობა, მისი თანმიმდევრულობა და სიმშვიდე. მაშინაც კი, როდესაც ძაღლი ამოჩემებული ტიპაჟისკენ იწევს, კი არ უყვირით მას, საბელზე კი არ ექაჩებით, არამედ ჩაიმუხლავთ და მშვიდი, მტკიცე ხმით აწყნარებთ. გახსოვდეთ, ძაღლები ჩვენს ენერგიასა და განწყობასაც ირეკლავენ, ამიტომ პატრონის სიმტკიცე, მისი თავდაჯერება რთულ მომენტებში ცუგას ძალიან ეხმარება.

ამასთან ერთად, ძაღლს აუცილებლად უნდა ჰქოდეს შინ უსაფრთხო ადგილი, სადაც მას არავინ შეაწუხებს, სადაც დაცულად და მყუდროდ იგრძნობს თავს. სეირნობის შემდეგ დასვენების, ძალების აღდგენის საშუალება სრულ სიმშვიდეში უნდა ჰქონდეს. ფსიქიკის სიჯანსაღისთვის სრულფასოვანი დასვენება აუცილებელია.

თუ, მიუხედავად ყოველდღიური მუშაობისა, აგრესიული ქცევა ნარჩუნდება, საჭიროა, მივმართოთ სპეციალისტს და მივიღოთ ძაღლის ინდივიდუალურ თავისებურებებს მორგებული რჩევები.

გახსოვდეთ, არ არსებობს ქცევა, რომლის კორექტირებაც შეუძლებელია.

ნინო ლომიძე

Поделитесь: