მენსტრუაციული ჰიგიენა - კომფორტისა და საუკეთესო თვითშეგრძნებისთვის
Поделитесь:
მენსტრუაცია ნორმალური ბიოლოგიური პროცესია. მენსტრუალური სისხლდენა ვითარდება დაახლოებით თვეში ერთხელ, როდესაც საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი – ენდომეტრიუმი – ჩამოიფცქვნება და საშოს გავლით ტოვებს სხეულს. მენსტრუალური ჰიგიენა ძალიან მნიშვნელოვანია – ის ხელს უწყობს ინფექციების პრევენციას, უსიამოვნო სუნის შემცირებას და კომფორტს.
მენსტრუალური სისხლის გამოჟონვის შესაკავებლად არსებობს არაერთი ჰიგიენური საშუალება: საფენი, ტამპონი, მენსტრუალური ჭიქა, მენსტრუალური დისკი, მენსტრუალური საცვალი.
ჰიგიენური საფენი
საფენი არის შთამნთქმელი მასალის ფენის შემცველი მართკუთხა პაკეტი, რომელიც საცვლის შიგნითა მხარეს მაგრდება. ზოგიერთი მოდელი დამატებით აღჭურვილია ფრთებით, რომლებიც აქეთ-იქიდან იკეცება საცვლის კიდეებზე და უზრუნველყოფს საფენის უკეთეს ფიქსაციას გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.
არსებობს სხვადასხვა ზომისა და ტიპის საფენები სხვადასხვა ინტენსივობის სისხლდენისთვის.
გამოყენებამდე საფენს მოაშორეთ წებოვანი ლენტი და დაიწებეთ საცვალზე.
რეკომენდებულია საფენის გამოცვლა 3-4 საათში ერთხელ, მაშინაც კი, როცა სისხლდენა მცირეა.
ძლიერი მენსტრუაციის დროს გამოცვლა შესაძლოა უფრო ხშირად დაგჭირდეთ.
ტამპონი
ტამპონიც შთანთქავს მენსტრუალურ სისხლს. ის მჭიდროდ შეკუმშული ცილინდრის ფორმის მასაა, რომელიც საშოში თავსდება და დასველებისას ფართოვდება. მის ბოლოზე მიმაგრებულია ძაფი, რომელიც საშოს გარეთ რჩება. ზოგ ტამპონს აქვს აპლიკატორი და დგუში.
აპლიკატორიანი ტამპონის ჩასასმელად:
- კარგად დაიბანეთ ხელები.
- მიიღეთ მოხერხებული პოზა, დაჯექით უნიტაზზე ან ოდნავ ჩაიმუხლეთ.
- იპოვეთ საშოს შესავალი, მოათავსეთ შიგნით აპლიკატორის წვერი.
- ფრთხილად მიაჭირეთ დგუშს ბოლომდე, რათა ტამპონი საშოში მოხვდეს.
- ამოიღეთ აპლიკატორი და გადააგდეთ.
უაპლიკატორო ტამპონი თითებით უნდა ჩაისვათ. ჩასმის შემდეგ ტამპონს მიაწექით, რომ ღრმად შევიდეს.
ტამპონის პირველად მოსინჯვა უმჯობესია იმ დღეებში, როდესაც სისხლდენა უფრო უხვია – ამ დროს ტამპონი უფრო ადვილად სრიალებს.
ტამპონი უნდა ცვალოთ 4-8 საათში ერთხელ. არ დაიტოვოთ ერთი და იგივე ტამპონი 8 საათზე მეტხანს.
საფენისგან განსხვავებით, ტამპონი არ ჩანს და მისი გაჟღენთის ხარისხს ვერ შეამოწმებთ, ამიტომ მნიშვნელოვანია დროის სწორად დამახსოვრება, რათა თავიდან აიცილოთ გაჟონვა.
ტამპონის ამოსაღებად ფრთხილად მოქაჩეთ ბოლოზე მიმაგრებული ძაფი. თუ ძაფის პოვნა გაგიჭირდათ, არ ინერვიულოთ, მოდუნდით და მშვიდად მოძებნეთ. გახსოვდეთ, ტამპონი საშოს ზემოთ ვერ წავა – საშვილოსნოს ყელი ამისთვის მეტისმეტად ვიწროა.
საფენების მსგავსად, ტამპონებიც სხვადასხვა ზომისაა და შთანთქმის უნარითაც განსხვავდება ერთმანეთისგან. ჯანმრთელობისთვის უმჯობესია, გამოიყენოთ თქვენთვის მინიმალურად ეფექტური ტამპონი (თუ გყოფნით ორწვეთიანი, ნუ გამოიყენებთ ექვსწვეთიანს).
ზოგჯერ ქალს ავიწყდება, რომ ტამპონი უკვე აქვს და ახალს იდებს. თუ ასეთი რამ შეგემთხვათ, არ დაპანიკდეთ, უბრალოდ, რაც შეიძლება მალე ამოიღეთ ორივე.
მენსტრუალური ჭიქა
მენსტრუალური ჭიქა მცირე ზომის, ძაბრის ფორმის მრავალჯერადი ან ერთჯერადი ჭიქაა, რომელიც სამედიცინო სილიკონისგან ან რეზინისგან არის დამზადებული. ის საშოში თავსდება მენსტრუალური გამონადენის შესაგროვებლად და ტამპონის ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატივას წარმოადგენს.
ჭიქა უფრო მეტ სითხეს აკავებს, ვიდრე ტამპონი, რის გამოც მისი ტარება 12 საათამდე შეიძლება, ამასთან, როგორც დღისით, ისე ღამითაც.
მენსტრუალური ჭიქები სხვადასხვა ზომისა და ფორმისაა. უმჯობესია, შეარჩიოთ გინეკოლოგის რეკომენდაციების მიხედვით, ისეთი ინდივიდუალური ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიცაა ასაკი, საშვილოსნოს ყელის სიგრძე, გამონადენის ინტენსივობა, მენჯის ფსკერის კუნთების მდგომარეობა, ჭიქის ტევადობა, ბუნებრივი მშობიარობის გამოცდილება.
ჭიქის ჩასასმელად:
შეგიძლიათ, ჭიქის კიდე დაასველოთ წყლით ან ლუბრიკანტით. ჭიქა მოღუნეთ და შეიყვანეთ ტამპონის მსგავსად, შემდეგ ოდნავ დაატრიალეთ, რათა სწორი პოზიცია დაიკავოს და ჰერმეტულად დაეცოს საშოს კედლებს და სითხემ არ გაჟონოს.
სწორად ჩადგმულ ჭიქას ვერ უნდა გრძნობდეთ, ის ხელს არ უნდა გიშლიდეთ მოძრაობაში, ჯდომაში, დგომაში, ხტომაში, სირბილში. ჭიქის გადმოვარდნის გარეშე უნდა შეგეძლოთ ყოველდღიური აქტივობების შესრულება.
ჭიქის ამოსაღებად:
* დაიბანეთ ხელები თბილი წყლითა და საპნით.
* მიიღეთ კომფორტული პოზა. შეგიძლიათ, დაჯდეთ უნიტაზზე ან ოდნავ ჩაიმუხლოთ.
* საჩვენებელი და ცერა თითები ფრთხილად შეიტანეთ საშოში და მოძებნეთ ჭიქის ძირი.
* ჭიქის ძირს ნაზად მოუჭირეთ – ეს დაარღვევს ვაკუუმს.
* ფრთხილად ჩამოსწიეთ ჭიქა ქვემოთ, ისე, რომ შიგთავსი არ დაგეღვაროთ.
* ჩაცალეთ სითხე ნიჟარაში ან უნიტაზში.
* ხელახლა გამოყენებამდე ან შენახვამდე გარეცხეთ ჭიქა თბილი წყლით (სურვილისამებრ, – რბილი, არაპარფიუმირებული საპნით).
სავალდებულოა ჭიქის დაცლა 12 საათში ერთხელ (ან, საჭიროებისამებრ, უფრო ხშირად).
მენსტრუაციის დასრულების შემდეგ საფუძვლიანად გარეცხილ ჭიქას სტერილიზაცია ჩაუტარეთ – მოათავსეთ მდუღარე წყალში 1-2 წუთით, შემდეგ გააშრეთ და მომდევნო ციკლამდე შეინახეთ სუფთა კონტეინერში.
მენსტრუალური დისკი
მენსტრუალური დისკიც ჩასადგმელი საშუალებაა, რომელიც უზრუნველყოფს 12-საათიან დაცვას, საშუალებას გაძლევთ, მენსტრუაციის დროსაც გქონდეთ სქესობრივი კავშირი და ზოგ შემთხვევაში ამცირებს კრამპს. ის ვიზუალურად ჰგავს მენსტრუალურ ჭიქას, მაგრამ ბრტყელია, მოქნილი და საშოში თავსდება უფრო ღრმად, საშვილოსნოს ყელთან ახლოს.
არსებობს ერთჯერადი და მრავალჯერადი დისკები.
დისკის კომფორტულად ჩასმა რომ ისწავლოთ, თავდაპირველად შესაძლოა, ცოტა ვარჯიში დაგჭირდეთ:
* დაიბანეთ ხელები თბილი წყლითა და საპნით.
* აირჩიეთ კომფორტული პოზა – დაჯექით უნიტაზზე, ჩაიცუცქეთ ან ცალი ფეხი მაღალ ზედაპირზე შემოდგით.
* დაკეცეთ დისკი – ორი თითი აქეთ-იქიდან ისე მოუჭირეთ, რომ ტამპონისოდენა გახდეს.
* საშოში მოითავსეთ ისე, რომ მთლიანად დაფაროს საშვილოსნოს ყელი.
* დარწმუნდით, რომ გადააცილეთ ბოქვენის ძვალს.
დისკის ამოსაღებად დაიბანეთ ხელები და დაჯექით უნიტაზზე. საჩვენებელი თითი ფრთხილად შეიტანეთ საშოში, მოძებნეთ დისკის რგოლის კიდე. ნაზად გამოსწიეთ.
ეცადეთ, ამოღებისას დისკი ჰორიზონტალურად დაიჭიროთ, რომ შიგთავსი არ დაიღვაროს.
თუ ვერ სწვდებით, ოდნავ გაიჭინთეთ – დისკი ქვემოთ ჩამოიწევს. შიგთავსი ჩაასხით უნიტაზში, დისკი ტუალეტის ქაღალდში გაახვიეთ და ურნაში ჩააგდეთ.
მენსტრუალური საცვალი
მენსტრუალური საცვალი არის მრავალჯერადი გამოყენების ჰიგიენური საშუალება, რომელიც გარეგნულად ჩვეულებრივ საცვალს ჰგავს, თუმცა სპეციალური შთამნთქმელი შრეების გამო შეუძლია მენსტრუალური გამონადენის შეკავება. ის რამდენიმე ფენისგან შედგება:
* შიგნითა ფენა უზრუნველყოფს სიმშრალის შეგრძნებას;
* შუა ფენა დამზადებულია მიკრობოჭკოვანი პოლიესტერისგან და შთანთქავს სითხეს;
* გარეთა ფენა, ჩვეულებრივ, შედგება ნეილონისგან ან ლიკრისგან და დაფარულია სითხეგამძლე აპკით, რომელიც გაჟონვისგან გვიცავს.
მენსტრუალური საცვლის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს, მათ შორის – ღამით გამოსაყენებელიც. ზოგი ქალი დამატებითი დაცვისთვის ასეთ საცვალზე საფენსაც იმაგრებს, განსაკუთრებით – ძლიერი გამონადენის დროს და ღამით.
საჭირო რჩევები
* აირჩიეთ კომფორტული ზომა – არც მეტისმეტად მჭიდრო და არც მეტისმეტად თავისუფალი.
* გამოიცვალეთ 12 საათში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში – უფრო ხშირადაც. ზოგიერთი მოდელი შეიცავს ანტიმიკრობულ შრეს, რომელიც ხელს უშლის უსიამოვნო სუნის წარმოქმნას, თუმცა რეგულარული ცვლა მაინც საჭიროა.
მენსტრუაციული საცვლის გამოყენება ასევე შეიძლება მენსტრუაციებს შორის პერიოდში, შარდის შეუკავებლობისას, მშობიარობის შემდგომი სისხლდენისას.
საცვლების უმეტესობა კარგად ირეცხება სარეცხ მანქანაში, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ მწარმოებლის მითითებებს – ზოგი მათგანი მოითხოვს დაბალ ტემპერატურას ან სპეციალურ რეჟიმს. გირჩევთ, საცვლები არ გარეცხოთ სხვა ტანსაცმელთან ერთად და გააშროთ ჰაერზე და არა საშრობში.
პლუსები და მინუსები
ჰიგიენური საშუალების არჩევანი მთლიანად თქვენზეა. აირჩიეთ ის, რომელიც თქვენს კომფორტსა და საჭიროებებს ყველაზე მეტად ესადაგება. შეიძლება კომბინირებაც, მაგალითად, დღისით – ტამპონი, ღამით – საფენი.
საფენი
პლუსები:
- მარტივი გამოსაყენებელია, არ მოითხოვს საშოში ჩადგმას.
- გაჟღენთის ხარისხის შეფასება შესაძლებელია თვალით.
- გამოიყენება დამატებით დაცვად სხვა საშუალებებთან ერთად.
მინუსები:
- შესაძლოა, სითხემ გაჟონოს, განსაკუთრებით – აქტიური მოძრაობისას.
- გამოუსადეგარია ცურვისას.
- მოითხოვს ხშირ ცვლას უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად.
- არაეკოლოგიურია – ერთჯერადია და სჭირდება გადაყრა.
ტამპონი
პლუსები:
- კარგად ფიქსირდება და პრაქტიკულად არ იგრძნობა.
- მოხერხებულია სპორტული დატვირთვის, მათ შორის ცურვის დროს.
- კომპაქტურია და ადვილად თავსდება ჩანთასა თუ ჯიბეში.
მინუსები:
- მისი გამოყენებისას არსებობს იშვიათი, მაგრამ მძიმე გართულების – ტოქსიკური შოკის სინდრომის (თშშ) – განვითარების რისკი.
- საჭიროებს გამოცვლას 4-6 საათში ერთხელ.
- არ ჩანს, როდის არის შევსებული.
თშშ-ის სიმპტომებია: მაღალი სიცხე, ღებინება`დიარეა, კუნთების ტკივილი, სისუსტე, თავბრუხვევა, მზის დამწვრობის მსგავსი გამონაყარი. თუ რომელიმე მათგანი გამოგაჩნდათ, დაუყოვნებლივ ამოიღეთ ტამპონი და მიმართეთ ექიმს.
მენსტრუალური ჭიქა
პლუსები:
- ეკოლოგიური და მრავალჯერადია.
- აქვს დიდი ტევადობა.
- მისი გამოყენებისას არ არსებობს თშშ-ის რისკი.
- ფინანსურად მოგებიანია.
- შესაძლებელია ჩასმა მენსტრუაციის დაწყებამდე.
მინუსები:
- შესაძლოა, გაგიჭირდეთ სწორი ზომის შერჩევა.
- სჭირდება გარეცხვა ყოველი გამოყენების შემდეგ.
- ჩასმა`ამოღება მოითხოვს დახელოვნებას.
- არასათანადო მოვლისას შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანება.
- არ შეიძლება მათთვის, ვისაც აქვს ალერგია სილიკონზე ან რეზინზე (ლატექსს არ შეიცავს).
მენსტრუალური დისკი
პლუსები:
- დიდი ტევადობისაა
- თავსდება ღრმად და არ ქმნის ვაკუუმს.
- შესაძლებელია სქესობრივი კავშირის დამყარება მისი მოხსნის გარეშე.
- მისი გამოყენებისას არ არსებობს ტოქსიკური შოკის განვითარების საფრთხე.
- ზოგიერთი ბრენდი სტანდარტულად ერგება ბევრ სხეულს.
მინუსები:
- არ აქვს მოსახსნელი ძაფი, ამოღება მოითხოვს დაკვირვებას.
- შესაძლებელია შიგთავსის დაღვრა ამოღებისას.
თავდაპირველად ჩასმას შესაძლოა მცირე ვარჯიში დასჭირდეს.
მენსტრუაციული საცვალი
პლუსები:
- საშოში არაფრის ჩადგმა არ გჭირდებათ.
- კომფორტული და მარტივი გამოსაყენებელია.
- ზოგი მოდელი იდეალურია ღამით.
- შეიძლება გამოყენება სხვა საშუალებებთან ერთად.
- მრავალჯერადი და ეკოლოგიურია.
მინუსები:
- შესაძლებელია მცირე გაჟონვა.
- საჭიროებს სწორ მოვლას – სპეციალურ რეცხვას, ჰაერზე გაშრობას.
- სისველის შეგრძნება მაინც რჩება.
გახსოვდეთ
მენსტრუალური ჰიგიენის პროდუქტების გამოყენებისას, სპეციალურ ინსტრუქციებთან ერთად, შეასრულეთ შემდეგი რეკომენდაციები:
ყოველთვის დაიბანეთ ხელები ტუალეტით სარგებლობამდე და სარგებლობის შემდეგ, ასევე – ჰიგიენური საშუალების გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ.
გამოყენებული ტამპონი, საფენი და სხვა ერთჯერადი პროდუქტები გაახვიეთ ტუალეტის ქაღალდში ან სპეციალურ პაკეტში და ჩააგდეთ ნაგვის ურნაში. არ ჩაყაროთ უნიტაზში – შესაძლოა, საკანალიზაციო მილების გაჭედვა გამოიწვიოს. თუ შინაური ცხოველი გყავთ, დარწმუნდით, რომ ურნა მისთვის მიუწვდომელია.
მენსტრუაციის პერიოდში:
ჩაიცვით მსუბუქი, მსუნთქავი ტანსაცმელი. საუკეთესო არჩევანია ბამბის საცვლები. მკვრივი და სინთეტიკური ქსოვილები აკავებს სითბოსა და ტენს, რაც მიკრობების გამრავლებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.
რეგულარულად იცვალეთ ჰიგიენური საშუალებები – საფენის ან მენსტრუალური საცვლის დიდხანს ტარებამ შესაძლოა კანის გაღიზიანება გამოიწვიოს, ტენიანობა კი ზრდის გამონაყარის ბაქტერიითა და სოკოთი ინფიცირების რისკს.
შეინარჩუნეთ სასქესო ორგანოების სისუფთავე – ტუალეტით სარგებლობის შემდეგ გაიწმინდეთ წინიდან უკანა მიმართულებით და არა პირიქით. ყოველდღე დაიბანეთ საშოს მიდამო. საშო თვითგამწმენდი ორგანოა, ამიტომ გამორეცხვა არ სჭირდება – ამან შესაძლოა სოკოვანი ინფექცია ან ბაქტერიული ვაგინოზი გამოიწვიოს.
გამოიყენეთ უსუნო ტუალეტის ქაღალდი, ტამპონები და საფენები – სურნელოვანმა დანამატებმა შესაძლოა კანი და ლორწოვანი გააღიზიანოს.
სვით ბევრი წყალი – ეს ხელს შეუწყობს საშარდე გზების გამორეცხვას, შეამცირებს სოკოვანი ინფექციის განვითარების რისკს.
თვალყური ადევნეთ ციკლს. მისი რეგულარულობა ჯანმრთელობის ერთგვარი მარკერია. არარეგულარული მენსტრუაცია შესაძლოა მიუთითებდეს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებაზე, დიაბეტზე, ცელიაკიაზე და სხვა. შეგიძლიათ, გამოიყენოთ კალენდარი ან სპეციალური მობილური აპლიკაცია.
წელიწადში ერთხელ გაიარეთ პროფილაქტიკური შემოწმება (პაპ ტესტი, მენჯის ულტრაბგერითი გამოკვლევა, სარძევე ჯირკვლის გასინჯვა).
მიმართეთ ექიმს, თუ:
* შეამჩნიეთ, რომ ვაგინალურმა გამონადენმა სუნი შეიცვალა;
* გაქვთ უჩვეულოდ ძლიერი ან მტკივნეული მენსტრუაცია;
* სისხლდენა უხვია ან გრძელდება ჩვეულებრივზე მეტხანს;
* გაწუხებთ ქავილი ან წვა.
მარი აშუღაშვილი







