ექსტრავერტი ბავშვი და ინტროვერტი დედა - როგორ ვიპოვოთ ოქროს შუალედი

Поделитесь:

ზოგი მშობელი ადვილად ახერხებს ურთიერთობის დამყარებას საბავშვო მოედანზე, სკვერსა თუ გასართობ ცენტრში. მათ სუნთქვასავით ბუნებრივად გამოსდით სხვა მშობლებთან გამოლაპარაკება, ინტერესების გაზიარება და ბავშვების მომავალი შეხვედრების დაგეგმვა.

და აქვე არსებობენ მშობლები, რომლებსაც სოციალიზაცია უჭირთ. უყურებენ, რა ადვილად პოულობს მათი შვილი ახალ მეგობრებს, თვითონ კი ტელეფონს ჩასცქერიან, თითქოს საქმე აქვთ, არადა უბრალოდ ურთიერთობისთვის თავის არიდება სურთ.

ნაცნობი სიტუაციაა? მაშასადამე, თქვენ ხართ ინტროვერტი დედა, რომელსაც ექსტრავერტი შვილი ჰყავს და ეს საკმაოდ სერიოზული გამოწვევაა.

მოდი, ვისაუბროთ იმაზე, როგორ ავარიდოთ თავი არასასურველ კომუნიკაციას ისე, რომ ბავშვს ხელი არ შევუშალოთ სოციალიზაციაში და, რაც მთავარია, როგორ დავეხმაროთ ჩვენს სოციალურად აქტიურ შვილს მეგობრების გაჩენაში ისე, რომ არ გადავიწვათ, ენერგია არ ამოგვეწუროს.

1. არ იფიქროთ, რომ ცუდი დედა ხართ, თუ საბავშვო მოედანი საშინელებად გეჩვენებათ

თუ small talk-ის გაბმა არ შეგიძლიათ და, საზოგადოდ, ზედაპირული საუბარი თქვენთვის ინტერესს მოკლებულია, გარწმუნებთ, ეს ნამდვილად არ გაყენებთ ცუდი მშობლების რიგებში.

ინტროვერტი დედები იმუხტებიან სიმშვიდით, მარტოობით, ჩუმი გარემოთი და მხოლოდ მათთვის კომფორტულ ადამიანებთან კონტაქტით. და ამ დროს აღმოჩნდით ბავშვებით სავსე მოედანზე, ხმაურში, სადაც სხვა დედები განუწყვეტლივ ახალ-ახალ თემებს არჩევენ. რა გასაკვირია, რომ მსგავსი გარემო თქვენთვის სტრესის მომგვრელია.

მაგრამ როცა ხედავთ, რომ თქვენს შვილს სურს, ითამაშოს, გაერთოს, ურთიერთობა დაამყაროს ბევრ ბავშვთან, სულ მცირე დოზებით მაინც გიწევთ არასასურველი კონტაქტების დამყარება. არ დაისტრესოთ, უბრალოდ დაისწავლეთ რამდენიმე ხრიკი და პრაქტიკაში გამოიყენეთ.

2. ეს განსხვავება პრობლემა არ არის – უბრალოდ ფაქტია

ის, რომ თქვენ და თქვენი შვილი სოციალური უნარებით რადიკალურად განსხვავდებით ერთმანეთისგან, ფაქტია, რომელიც უნდა მიიღოთ და გამოსავალი ეძებოთ.

ამიტომ ნუ შეხედავთ ამ ფაქტს, როგორც პრობლემას. იფიქრეთ ასე:

* თქვენს შვილს სჭირდება სოციალური სცენა, რომ გაიბრწყინოს.

* თქვენ გჭირდებათ საზღვრები, რომ არ გადაიწვათ.

ეს ორი რამ ერთმანეთს არ გამორიცხავს, უბრალოდ გარკვეულ კომპრომისებზე უნდა წახვიდეთ.

3. დამშვიდდით და დაისახეთ გეგმა შინიდან გასვლამდე

შინიდან გასვლამდე გაიაზრეთ და წარმოიდგინეთ ის სიტუაცია, რომელშიც მომავალი რამდენიმე საათი მოგიწევთ ყოფნა.

* დაადგინეთ ვადა – შვილთან ერთად მოიფიქრეთ, რამდენ ხანს დარჩებით მოედანზე. წინასწარ განსაზღვრული ვადა ქმნის სტაბილურობის შეგრძნებას და გვიცავს სოციალური გადაწვისგან.

* თან წაიყოლეთ "თავის გადარჩენის ნაკრები" – მზის სათვალე, ყურსასმენები, წიგნი. ასევე წინასწარ მოამზადეთ ფრაზები: "უკაცრავად, საქმიანი წერილი მაქვს წასაკითხი” ან “ჩემს შვილს ორი წუთით ვერ მოაცილებ თვალს! უნდა შევამოწმო, რას შვრება".

* ნუ დაისტრესავთ თავს, გახსოვდეთ, რომ ვალდებული არ ხართ, ყველას იმდენ ხანს ესაუბროთ, რამდენიც მათ სურთ, სრული უფლება გაქვთ, ზრდილობიანად დაასრულოთ საუბარი მაშინ, როცა თქვენ მოგესურვებათ.

4. იყავით “თბილი, მაგრამ არა ზედმეტად ახლობელი”

საუკეთესო მიდგომაა "პატივისცემით, მაგრამ მოკლედ": თბილი მზერა, მოკლე პასუხი და შემდეგ – საკუთარ სივრცეში დაბრუნება.

დაჯექით დიდი ჯგუფისგან მოშორებით, მაგრამ თუ რომელიმე მზერით შეხვდებით, გაუღიმეთ, თავი დაუკარით, აგრძნობინეთ, რომ იმიტომ კი არ ზიხართ მარტო, რომ მათთან არ გინდათ ან მისვლა გერიდებათ, უბრალოდ თქვენს სივრცეშიც კომფორტულად ხართ.

აჩვენეთ, რომ დაკავებული ხართ – ტელეფონით, წიგნით ან ისევ და ისევ ბავშვით.

5. იპოვეთ სივრცე, სადაც თქვენი შვილი ურთიერთობს, მაგრამ თქვენ ლაპარაკი არ გიწევთ

ჩართეთ შვილი სტრუქტურირებულ აქტივობებში – მიიყვანეთ რომელიმე წრეზე მისი ინტერესების მიხედვით, სადაც ის იბრწყინებს, თქვენ კი გარეთ მშვიდად დაელოდებით.

დაგეგმეთ ბავშვების შეხვედრა თქვენს სახლში, თქვენთვის კომფორტულ გარემოში.

6. განიტვირთეთ მძიმე დღის შემდეგ

თუ იცით, რომ წინ ბევრი ხალხი და ხმაური გელოდებათ, წინასწარ დაგეგმეთ შემდგომი განტვირთვა. გამონახეთ თუნდაც 15 წუთი და დაისვენეთ ყავით ხელში, სერიალის ყურებით ან უბრალოდ სიჩუმეში ჯდომით.

7. ასწავლეთ ბავშვს, პატივი სცეს თქვენს საზღვრებს

როდესაც ბავშვს გათავისებული ექნება, რომ დედას ხანდახან მარტო დარჩენა სურს და ეს ნორმალურია, მას აღარ შეაწუხებს ის ფაქტი, რომ თქვენ ყველა მისი ახალი მეგობრის დედასთან არ იმეგობრებთ.

“შენ გიყვარს ბევრი ხალხი, თამაში და ლაპარაკი, მე კი სიმშვიდე მირჩევნია. ორივე სწორია. უბრალოდ, მოდი, ერთმანეთს დავეხმაროთ, რომ ორივემ კომფორტულად ვიგრძნოთ თავი”.

8. იპოვეთ “თქვენნაირი” დედიკო, თუნდაც მხოლოდ ერთი.

ნუ ელით, რომ ყველა დედა თქვენნაირი ან, პირიქით, ყველა განსხვავებული იქნება. თუ იპოვით თუნდაც ერთ ადამიანს, რომელთანაც თავს კომფორტულად იგრძნობთ მაშინაც კი, როცა უბრალოდ გვერდიგვერდ ისხდებით და არ ისაუბრებთ, ეს უკვე დიდი გამარჯვებაა.

ლიკა ქათამაძე

Поделитесь: