რა არის მეტაკოგნიცია და როგორ ეხმარება ის ბავშვს სწავლის პროცესში

Поделитесь:

როდესაც ბავშვი რთულ ამოცანას ეჯახება, – თხზულებას, რომელიც აუღებელ ციხესიმაგრედ ეჩვენება, მათემატიკის ტესტს, რომელიც ეპიკურ ბრძოლად ექცევა ან სოციალურ პრობლემას, რომლის გადაჭრაც, ჰგონია, მის ძალებს აღემატება, – ხშირად უჩნდება სურვილი, ხელი ჩაიქნიოს და წარმოთქვას ოთხი სიტყვა, რომლებიც წარუმატებლობისკენ მიმავალ გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯია: “მე ამას ვერ გავაკეთებ”.

იმისთვის, რომ ბავშვს აღარასოდეს მოუნდეს ამ ოთხი სიტყვის თქმა, მან უნდა შეძლოს და ნეგატიური “ვერ ვაკეთებ” განწყობიდან გადაინაცვლოს პოზიტიურ კითხვაზე: “როგორ გავაკეთო?”

ამისთვის საჭიროა, ბავშვი დაფიქრდეს, რა უშლის ხელს ამ კონკრეტული დაბრკოლების გადალახვაში, რა სჭირდება იმისთვის, რომ პრობლემას თავი გაართვას.

ასეთ "აზროვნებას აზროვნების შესახებ" მეტაკოგნიციას უწოდებენ.

რა არის და როგორ მუშაობს მეტაკოგნიცია

ჩვენ გვაქვს არა მარტო ფიქრის, აზროვნების, დასწავლის უნარი, არამედ თავად ამ შემეცნებითი პროცესების გაანალიზება და კრიტიკული შეფასებაც შეგვიძლია. სწორედ მეტაკოგნიცია გვეხმარება იმის გაცნობიერებაში, რა ვიცით უკვე და კიდევ რისი სწავლა გვჭირდება ამა თუ იმ საკითხის შესახებ, რომელი სტრატეგიებია ეფექტური ჩვენთვის და როგორ შევარჩიოთ ისინი კონკრეტული საქმიანობისთვის, განსაზღვრაში, რამდენი დრო დაგვჭირდება მასალის ასათვისებლად, შეფასებაში, როგორ მიმდინარეობს დასწავლის პროცესი და რა ფაქტორები ახდენს გავლენას ჩვენზე ამ დროს.

მეტაკოგნიცია არის გზა, რომლითაც ვსწავლობთ, ვმართავთ ემოციებს და ვპოულობთ ახალ სტრატეგიებს გამოწვევების დასაძლევად. ბავშვისთვის მეტაკოგნიციური უნარი სირთულეების გადალახვის ძლიერი ინსტრუმენტია.

კვლევები მოწმობს, რომ ბავშვები, რომლებსაც მეტაკოგნიციური სტრატეგიები ადრეულ ასაკშივე ასწავლეს, სკოლაშიც და ცხოვრებაშიც უფრო წარმატებულები არიან.

როგორ განვუვითაროთ ბავშვს მეტაკოგნიციური უნარები

მიჩნეულია, რომ ბავშვები, რომლებსაც კარგად აქვთ განვითარებული მეტაკოგნიციური უნარები, უკეთესად ახერხებენ თავიანთი სწავლის პროცესის დაგეგმვასა და შეფასებას და უფრო მაღალი აკადემიური მოსწრებითაც გამოირჩევიან. წარმოგიდგენთ რამდენიმე სტრატეგიას, რომლებიც ამ უნარების განვითარებას უწყობს ხელს:

* როდესაც ბავშვი რაიმე თემის შესწავლას იწყებს, წინასწარ ესაუბრეთ მის შესახებ. ჰკითხეთ, რა იცის და კიდევ რის გაგებას ისურვებდა, ახალი ინფორმაციის მიწოდების შემდეგ ჩაეკითხეთ, რამე ხომ არ იყო გაუგებარი და ხომ არ სჭირდება დახმარება.

* როდესაც ბავშვი დავალებაზე მუშაობას დაასრულებს, ჰკითხეთ, რა სირთულეს წააწყდა მუშაობის პროცესში და რომელი სტრატეგია გამოიყენა მის გადასაჭრელად; როგორ ჰგონია, რა გამოუვიდა ყველაზე უკეთესად; ხომ არ ეგულება სხვა მიდგომა, რომელიც ამ შემთხვევაში უფრო ეფექტური იქნებოდა; რას გაითვალისწინებს მომავალში მსგავსი დავალების შესრულებისას.

* თუ ბავშვს დავალების შესრულება უჭირს, ჰკითხეთ, მისი აზრით, რა უშლის ხელს ამ დავალების შესრულებაში; რა დაეხმარა წინათ, როდესაც მსგავსი დავალება მისცეს; შეუძლია თუ არა, მაშინდელი გამოცდილება ამ დავალების შესასრულებლად გამოიყენოს.

* დაეხმარეთ ბავშვს, იპოვოს სწავლის საკუთარი სტილი. ზოგი უკეთ სწავლობს, როდესაც თვალსაჩინო მასალას იყენებს, ზოგი მოსმენილ ინფორმაციას უკეთსად იმახსოვრებს, ზოგს კი შეხება და შეგრძნება სჭირდება.

* მოახდინეთ მეტაკოგნიციური უნარების გამოყენების მოდელირება. მაგალითად, ხმამაღლა იმსჯელეთ იმაზე, როგორ ხვდებით სიტყვის მნიშვნელობას კონტექსტის მიხედვით ან როგორ საზღვრავთ, დაახლოებით რამდენი ხანი დაგჭირდებათ კონკრეტული ამოცანის შესასრულებლად.

როგორ ეხმარება მეტაკოგნიცია სწავლის სირთულეების მქონე ბავშვებს

ბავშვი, რომელსაც განვითარებული აქვს მეტაკოგნიციური უნარები, არასოდეს იტყვის: “მათემატიკის ტესტები საშინელებაა!” ის დაფიქრდება: “რა არის ისეთი მათემატიკის ტესტში, რაც მიჭირს? როგორ გავართვა მას თავი?”

ბავშვები, რომლებიც ფიქრობენ, რომ რაღაც ან გამოსდით, ან არა, იძენენ "ფიქსირებულ აზროვნებას" – მათ ჰგონიათ, რომ ეს თანდაყოლილია. მეტაკოგნიცია ბავშვებს იმის მიხვედრაში ეხმარება, რომ მათი შესაძლებლობები მათ ხელთაა; მთავარია სწორი მიდგომა იპოვონ.

მაგალითად, ბავშვს, რომელსაც ყურადღება ხშირად ეფანტება, ვრცელი თხზულების წერისას შესაძლოა ფრუსტრაცია დაეუფლოს. ის ფიქრობს: “ყველას გამოსდის, მე კი უბრალოდ ცუდად ვწერ”, – მაგრამ თუ ბავშვს განვითარებული აქვს მეტაკოგნიციური უნარი, ის იტყვის: “ყოველთვის ასე ვგრძნობ თავს, როცა დიდხანს მიწევს რაღაცაზე მუშაობა. იქნებ ყოველ ნახევარ საათში დასვენება დამეხმაროს”. ამ გზით ის უკეთ მართავს თავის ემოციებს და პოულობს გამოსავალს.

თვითრეგულაციის უნარის განვითარება

მეტაკოგნიცია ბავშვებს საკუთარი ემოციებისა და ქცევის რეგულირებაშიც ეხმარება. მაგალითად, ორი გოგონა ემზადება სასკოლო სპექტაკლისთვის, მაგრამ ტექსტი რთულია.

ერთი მათგანი, რომელსაც ხშირად ეუბნებიან, რომ ძალიან ნიჭიერია, შესაძლოა დაიბნეს და თქვას: “ვაითუ ცუდად ვითამაშო!”

ხოლო მეორე, რომელსაც იმისთვის აქებენ, რომ ბევრს შრომობს და არასდროს ნებდება, ფიქრობს: “მიჭირს, მოდი, სხვა ხერხს ვცდი ტექსტის დასამახსოვრებლად”. – სწორედ ეს არის მეტაკოგნიცია.

უარყოფითი შინაგანი ხმა

როდესაც ბავშვს ჰგონია, რომ “ჭკვიანია”, მაგრამ ტესტში ცუდ შეფასებას იღებს, შესაძლოა, მასში თავი იჩინოს თვითკრიტიკამ: “თუ ჭკვიანი ვარ, რატომ ჩავიჭერი?“

მშობლებს თვითკრიტიკა ხშირად მოტივაციაში ერევათ. სინამდვილეში ეს უარყოფითი შინაგანი ხმა ზიანს აყენებს ბავშვის თვითშეფასებას.

სწორედ ამაზე უნდა იმუშაონ მშობლებმა, რომ ბავშვის უარყოფითი შინაგანი ხმა მეტაკოგნიციური აზროვნებით შეცვალონ, აზროვნებით, რომელიც ბავშვს პრობლემის გადაჭრის ახალი გზების პოვნაში დაეხმარება.

ამგვარად ის ისწავლის, როგორ მართოს თავისი ფიქრები და ემოციები, როგორ აირჩიოს სწორი სტრატეგია და უნარები, რომლებიც მთელი სიცოცხლე გაჰყვება.

გახსოვდეთ, რომ მეტაკოგნიტიური უნარების განვითარება ხანგრძლივი პროცესია და მისი ხელშეწყობისთვის საჭიროა ბავშვის ემოციური მხარდაჭერა და წახალისება, ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ის თავს ემოციურად უსაფრთხოდ იგრძნობს.

ლიკა ქათამაძე

Поделитесь: