ოტოპლასტიკა: ყველაფერი ყურების ფორმის კორექციის შესახებ
Поделитесь:
ოტოპლასტიკა ყოველთვის არ არის მხოლოდ ესთეტიკური გადაწყვეტილება – ბევრისთვის ის ყურის ნიჟარის თანდაყოლილი ან შეძენილი დეფორმაციის აღმოფხვრის ეფექტური და უსაფრთხო გზაა. ოტოპლასტიკის მიზანი ყურის ნიჟარის სიმეტრიული და ბუნებრივი ფორმის აღდგენაა.
თანამედროვე პლასტიკური ქირურგია თითოეულ პაციენტს ინდივიდუალურ მიდგომას სთავაზობს, თუმცა ოპერაციის დაგეგმვამდე მნიშვნელოვანია, გვქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია იმის შესახებ, რა ტიპის ჩარევაა საჭირო, რა რისკი ახლავს მას თან, როგორ მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი და რა შედეგს უნდა ველოდეთ. სწორედ ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ვესტუმრეთ ესთეტიკური მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელს, მედიცინის დოქტორს, პროფესორ გია გვარამიას.
– ბატონო გია, რა არის ოტოპლასტიკა და როდის არის ის მიზანშეწონილი?
– ოტოპლასტიკა პლასტიკური ქირურგიული ოპერაციაა, რომელიც ყურის ნიჟარის ფორმის, ზომის ან პოზიციის შეცვლას, საჭიროების შემთხვევაში კი მის აღდგენას ითვალისწინებს.
ოპერაციის მიზანია:
* გარეთა ყურისთვის მაქსიმალურად ბუნებრივი ფორმის მიცემა;
* სიმეტრიის გაუმჯობესება;
*პაციენტისთვის ესთეტიკური და ფსიქოლოგიური დისკომფორტის შემცირება.
ოტოპლასტიკა რეკომენდებულია:
1. თანდაყოლილი ანომალიის დროს.
ასეთი ანომალიებია:
- წარზიდული (გადმოწეული) ყურები;
- ასიმეტრია;
- ზედმეტი ნაკეცი (შტაჰლ’ს ეარ);
- არასრული განვითარება ან მიკროტია (პატარა ან დეფორმირებული ყური).
2. შეძენილი დეფორმაციის დროს.
დეფორმაციის გამოწვევა შეუძლია:
- ტრავმას (უბედური შემთხვევა, სპორტული დაზიანება და სხვ.);
- გართულებულ პირსინგს ან ინფექციას;
- საყურეს (ჩახეული ან დაგრძელებული ბიბილო).
3. ესთეტიკური მიზეზების გამო:
- როცა ადამიანს არ მოსწონს თავისი ყურების ფორმა, ზომა ან სიმეტრია;
- უკმაყოფილოა წარსულში ჩატარებული ოპერაციის შედეგით;
- ბავშვებსა და მოზარდებთან – ფსიქოლოგიური დისკომფორტისა და თანატოლების მხრივ ბულინგის თავიდან ასაცილებლად.
– რა მეთოდებით ტარდება ყურის ნიჟარის კორექცია?
– ოტოპლასტიკაში არაერთი მეთოდი გამოიყენება, რომლებსაც ქირურგი ინდივიდუალურად, ყურის დეფორმაციის ხარისხის, პაციენტის სხეულის ანატომიური თავისებურებებისა და სასურველი შედეგის მიხედვით არჩევს. მაგალითად, ყველაზე გავრცელებული დეფორმაციაა წარზიდული ყურები. ამ შემთხვევაში, თუ ხრტილი ჯერ კიდევ რბილია, შესაძლოა, საკმარისი აღმოჩნდეს ე.წ. ნაკერების ტექნიკაც. ამ დროს ხრტილი არ იჭრება – მას ფორმა ეცვლება მხოლოდ სპეციალური შიდა ნაკერების საშუალებით. ქირურგი აკეთებს მცირე განაკვეთს ყურის უკანა მხარეს, ხრტილი იკეცება, ქალას ძვალს ებჯინება და სპეციალური ნაკერებით ფიქსირდება. მოქნილობის წყალობით ხრტილი ადვილად იღებს ახალ ფორმას. ეს მეთოდი მოითხოვს ხანმოკლე აღდგენით პერიოდს და არ ტოვებს ხილულ ნაწიბურებს.
რთული დეფორმაციების დროს უპირატესობა ენიჭება კომბინირებულ ან უფრო რთულ მეთოდებს. მაგალითად, შესაძლოა საჭირო გახდეს ხრტილის დამუშავება ან მისი ნაწილობრივი ამოჭრა.
ბავშვებს რბილი და მოქნილი ხრტილი აქვთ, ამიტომ მათთან დეფორმაციის კორექციისთვის არაინვაზიური მეთოდებიც საკმარისია. მაგალითად, 1-3 თვის ასაკში, როდესაც ყურის ნიჟარა ჯერ კიდევ ელასტიკურია, მისი მოდელირება შესაძლებელია სპეციალური ნახვევებით.
პლასტიკურ ქირურგიაში თანამედროვე მიდგომები ფოკუსირებულია ბუნებრივი შედეგის მიღწევაზე მინიმალური ჩარევით.
– როგორია ოპერაციის მიმდინარეობა და რამდენად უსაფრთხოა ის?
– ოტოპლასტიკა ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქირურგიულ ჩარევად მიიჩნევა, რა თქმა უნდა, როცა ტარდება გამოცდილი ქირურგის მიერ და ყველა სტანდარტის დაცვით.
ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი ანესთეზიის თანხლებით. ბავშვებთან, ცხადია, უპირატესობა ენიჭება ზოგად ანესთეზიას, ხოლო მოზრდილებთან ხშირად ადგილობრივიც საკმარისია.
განაკვეთი უმეტესად კეთდება ყურის ნიჟარის უკანა მხარეს ან ისეთ ადგილას, რომ ნაწიბური რაც შეიძლება შეუმჩნეველი იყოს.
ოპერაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩარევის სირთულეზე, საშუალოდ კი 30 წუთიდან საათ-ნახევრამდე გრძელდება. შედარებით ხანგრძლივია ყურის ნიჟარის რეკონსტრუქციული ოპერაციები, რომლებიც საჭიროა მძიმე დეფორმაციებისა და ტრავმების დროს.
– როგორ ამზადებთ პაციენტს ოპერაციისთვის?
– უპირველეს ყოვლისა, ტარდება დეტალური გასინჯვა, რომ განისაზღვროს დეფორმაციის ხარისხი, სასურველი ესთეტიკური მიზანი და ოპტიმალური ქირურგიული მეთოდი. ინიშნება წინასაოპერაციო კვლევები, საჭიროების შემთხვევაში – დამატებითი ვიზიტი სხვა სპეციალისტთან, რათა გაირკვეს, დამაკმაყოფილებელია თუ არა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციისთვის და ჩაივლის თუ არა რეაბილიტაციის პერიოდი გართულებების გარეშე.
უკიდურესად მნიშვნელოვანია, ოპერაციამდე პაციენტმა ექიმს მიაწოდოს სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის ნებისმიერი ცვლილების შესახებ, ასევე – იმის შესახებაც, იღებს თუ არა რამე წამალს. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ პრეპარატებს, რომლებიც სისხლის შედედებაზე მოქმედებს. ზოგ შემთხვევაში საჭიროა წამლის დოზის შეცვლა ან მიღების დროებითი შეწყვეტა, ეს კი ექიმთან შეთანხმებით უნდა მოხდეს.
– რამდენ ხანს რჩება პაციენტი კლინიკაში?
– ოტოპლასტიკა, როგორც უკვე ვთქვით, მცირე ქირურგიულ ჩარევად მიიჩნევა, ამიტომ პაციენტს სტაციონარში დარჩენა უმეტესად არ სჭირდება. ოპერაციის შემდეგ ის კლინიკაში რჩება მხოლოდ რამდენიმე საათით, ვიდრე სრულად გაივლის ანესთეზიისა და სედაციური საშუალებების მოქმედება.
თუ პროცედურა ჩატარდა ზოგადი ანესთეზიის ფონზე და პაციენტი ბავშვია, შესაძლოა, ერთი ღამით კლინიკაში დავტოვოთ დამატებითი დაკვირვებისთვის და უსაფრთხოების მიზნით.
– რა რეკომენდაციები ეძლევა პაციენტს ოპერაციის შემდეგ?
– რეაბილიტაცია საშუალოდ 3-4 კვირას გრძელდება. მისი ხანგრძლივობა ოპერაციის ტიპსა და მასშტაბზეა დამოკიდებული. ოპერაციის შემდგომ დღეებში შესაძლოა შეინიშნებოდეს მცირე შეშუპება და სიწითლე, რომელიც თანდათან გაქრება.
ამ ხნის განმავლობაში ყური მუდმივად უნდა იყოს დაფიქსირებული სპეციალური ელასტიკური სახვევით, განსაკუთრებით – ძილის დროს.
ნაკერები უმეტესად მე-5 ან მე-6 დღეს იხსნება. შხაპის მიღება შეიძლება ოპერაციიდან 4–5 დღის შემდეგ, ექიმის ნებართვით. ძილის დროს რეკომენდებულია, პაციენტს თავი ედოს ოდნავ შემაღლებულ ბალიშზე და არ იწვეს გვერდულად.
სპორტული და ფიზიკური აქტივობებისგან თავის შეკავება სასურველია, სულ მცირე, 1 კვირის განმავლობაში. 1–1.5 თვე არ არის რეკომენდებული ცხელი პროცედურები (შხაპი, საუნა, აბანო, თერმული მასაჟი და სხვა). რეაბილიტაციის პერიოდში საჭიროა ყურის ნიჟარის დაცვა ტრავმის, ზეწოლისა და მექანიკური დაზიანებისგან.
აუცილებელია კონსულტაციებზე სიარული, რათა ექიმი მდგომარეობის დინამიკას დააკვირდეს.
– როგორც ნებისმიერ ქირურგიულ ჩარევას, ოტოპლასტიკასაც აქვს გართულების რისკი. კერძოდ, რით შეიძლება გართულდეს ოპერაცია?
– ყველაზე გავრცელებული გართულებებია:
- კანქვეშა ჰემატომა (სისხლჩაქცევა) ყურის ნიჟარის მიდამოში;
- ჭრილობის ინფიცირება.
იშვიათად მოსალოდნელია:
- ყურის ნიჟარის მგრძნობელობის დროებითი დაქვეითება;
- ასიმეტრია;
- ნაწილობრივი ნეკროზი (ქსოვილის დაზიანება);
- მეორეული დეფორმაცია, რომელმაც შესაძლოა დამატებითი ჩარევა მოითხოვოს.
– შესაძლოა თუ არა, ოპერაციამ სმენაზე მოახდნოს გავლენა?
– წესისამებრ, ოტოპლასტიკა სმენაზე არ მოქმედებს, რადგან ოპერაცია მხოლოდ გარეთა ყურზე ტარდება, ეს უკანასკნელი კი სმენის პროცესში მხოლოდ ხმის მექანიკური მიღების ფუნქციას ასრულებს. ხმის გადამუშავებასა და გადაცემაში მონაწილეობს შუა და შიგნითა ყური, რომლებსაც ოპერაციის დროს არ ვეხებით.
– რამდენად სტაბილურია შედეგი და შესაძლოა თუ არა, საჭირო გახდეს მეორე ოპერაცია?
– ოპერაციის საბოლოო შედეგი, ჩვეულებრივ, თვე-ნახევრის, ორი თვის შემდეგ ხდება თვალსაჩინო და, წესისამებრ, ხანგრძლივია. ცვლილებები შეიძლება მოხდეს, მაგრამ ისინი ასაკობრივი ფაქტორებით იქნება გამოწვეული. ასეთი ცვლილებები ბუნებრივი პროცესის ნაწილია და ოპერაციასთან კავშირი არ აქვს.
სტაბილური შედეგის შესანარჩუნებლად საჭიროა, ოპერაციის შემდგომ პერიოდში პაციენტმა ზედმიწევნით შეასრულოს ქირურგის რეკომენდაციები.
რეციდივი (განმეორება) იშვიათია, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს დამატებითი კორექცია ქირურგიული გზით.
– ყველა მსურველს შეუძლია ოპერაციის გაკეთება თუ შეზღუდვებიც არსებობს?
– ოტოპლასტიკის ჩატარება შეიძლება 5-6 წლიდან, როცა ყურის ნიჟარა უკვე ბოლომდეა ჩამოყალიბებული. გამოხატული დეფორმაციის შემთხვევაში უმჯობესია, ოპერაცია სკოლამდელ ასაკში ჩატარდეს, რათა ბავშვი დაზღვეული იყოს ბულინგისა და ფსიქოლოგიური ტრავმისგან.
ოტოპლასტიკის ჩატარება ყველა მსურველს შეუძლია, თუ ფიზიკურად ჯანმრთელია და აქვს რეალისტური მოლოდინი. ოპერაცია არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე – მიმდინარე და მწვავე ინფექციური დაავადებების (მაგალითად, ყურის ინფექციის), დიაბეტის (დეკომპენსირებული) და სხვა ისეთი ქრონიკული დაავადებების დროს, რომლებიც ხელს შეუშლის ქირურგიულ ჩარევას ან აღდგენით პროცესს.
ოპერაციის უკუჩვენებაა სისხლის შედედების დარღვევა (ჰემოფილია, თრომბოფილიის ზოგიერთი ფორმა), გულ-სისხლძარღვთა მძიმე პათოლოგიები და სხვა თანმხლები მძიმე დაავადებები, ასევე – 5 წლამდე ასაკი და მენტალური პრობლემები.
ჯილდა გაჩეჩილაძე







