ასაკობრივი სირთულეები: როგორ გავუმკლავდეთ ქაოსს
Поделитесь:
პატარები საყვარლები, ჭკვიანები და სრულიად ქაოსურები არიან. წამის წინ რომ გვკოცნიდნენ და გვეხუტებოდნენ, წამის შემდეგ სათამაშოს გვესვრიან სახეში. ნაცნობი სიტუაციაა? მაშ, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ასაკობრივი სირთულეების სამყაროში.
ეს სირთულეები ბავშვის ნორმალური განვითარების ნაწილია, მაგრამ მათთან გამკლავება მშობლისგან დიდ მოთმინებას მოითხოვს.
ბავშვები გამუდმებით სცდიან ჩვენს მოთმინებას და ამოწმებენ ნებადართულის ზღვარს. ეს საკმაოდ დამღლელია, მაგრამ, იმავდროულად, მნიშვნელოვანიც, რადგან ყველა ამ მიუღებელი ქცევის მიღმა პატარას მუდმივი განვითარების პროცესში მყოფი ტვინი იმალება.
მოდი, ვნახოთ, რა სირთულეებს გვიმზადებს ესა თუ ის ასაკი და როგორ შევინარჩუნოთ მოთმინება, როგორ მივცეთ ბავშვის ტვინს ბიძგი სწორი განვითარებისთვის.
1. ყველაფრისთვის გემოს გასინჯვა – 6-18 თვე
საკმარისია, წამით მოაშოროთ თვალი და ყველაფერი, რაზეც პატარას ხელი მიუწვდება, მაშინვე მის პირში აღმოჩნდება: სათამაშო, ელემენტი, კენჭი, სხვის მიერ გადაგდებული კანფეტის ჯოხი... მშობლისთვის იმის დანახვა, როგორ იდებს ბავშვი პირში ტალახიან ჯოხს, ნამდვილად ელდის მომგვრელია, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს უბრალო ცნობისმოყვარეობა არ არის – ბავშვისთვის ეს სამყაროს შეცნობის გზაა. სწორედ ასე აყალიბებს მისი ტვინი ახალი კავშირებს.
როგორ დავეხმაროთ:
* მოუწყვეთ უსაფრთხო სივრცე. ყველაფერი, რაც ბავშვს მთლიანად ეტევა პირში, შეიძლება გადასცდეს. არასდროს დააწყოთ მსგავსი ნივთები ისეთ ადგილას, სადაც ბავშვი მათ დამოუკიდებლად მისწვდება. პატარა ნივთების ხელში აღება და შეცნობა აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ თქვენი მეთვალყურეობით.
* მოამარაგეთ ისეთი ნივთებით, რომელთა ღეჭვა საშიში არ არის, მაგალითად, სილიკონის სპეციალური საღეჭი სათამაშოებით.
* ერიდეთ მშრალ აკრძალვას. "არას" და "არ შეიძლებას" ნაცვლად შეგიძლიათ უთხრათ: "ეს არ იჭმევა, აი, ეს კი შეგიძლია ღეჭო!"
* დააკვირდით: თუ ბავშვი 18 თვის შემდეგაც აქტიურად იდებს პირში ნივთებს ან უარს ამბობს მყარ საკვებზე, შესაძლოა, ეს სენსორული სირთულის ნიშანი იყოს. სასურველია, მიმართოთ სპეციალისტს.
2. ჩარტყმა და აგრესია – 18 თვე-3 წელი
პატარა იწყებს ჩარტყმას, კბენას, სათამაშოების სროლას. ეს არ არის პირადი აგრესია, უბრალოდ, მას ახლა უყალიბდება იმპულსების კონტროლი და უჭირს ემოციების სიტყვიერად გამოხატვა, ამიტომ ამ გზას ამჯობინებს.
როგორ დავეხმაროთ:
* შეინარჩუნეთ სიმშვიდე. მშობლის სიმშვიდე ბავშვის სიმშვიდის საფუძველია. არასოდეს უყვიროთ ან შეუბრუნოთ ხელი ბავშვს.
* დაეხმარეთ ემოციების სახელდებაში: "მესმის, გაბრაზდი, რადგან მეგობარმა სათამაშო არ გათხოვა. მოდი, სხვა რამით გავერთოთ" ან „ვიცი, გეწყინა, ეზოში რომ ვერ ჩავდივართ. წვიმა გადაიღებს და აუცილებლად ჩავალთ". წინადადება ყოველთვის დაასრულეთ პოზიტიური შეთავაზებით.
* დაუწესეთ მკაფიო საზღვრები: "ცემა არ შეიძლება". იმოქმედეთ მშვიდად, მაგრამ მტკიცედ. არასოდეს გაიცინოთ ბავშვის აგრესიულ საქციელზე, თორემ ის ვერ მიხვდება, რატომ იცინით, მერე კი რატომ უკრძალავთ ამ ქცევას. იყავით თანმიმდევრული.
3. ისტერიკა და ტანტრუმი – 1,5-4 წელი
ისტერიკა შესაძლოა თვალის დახამხამებაში დაიწყოს, თანაც ისეთ სიტუაციაში, როდესაც მას საერთოდ არ ელით. ეს იმიტომ, რომ ბავშვის ტვინი ჯერ კიდევ ვერ ამუშავებს ძლიერ ემოციებს, რაც ემოციურ გადატვირთვას ახასიათებს.
როგორ დავეხმაროთ:
* იცოდეთ, რომ ისტერიკა არ უდრის ცუდ ქცევას. ტანტრუმი ყოველთვის უფროსებით მანიპულაციას არ ისახავს მიზნად, ხშირად ის ემოციური განვითარების ნაწილია.
* დაანახეთ, რომ თანაუგრძნობთ. ჩამოუჯექით გვერდით, მიმართეთ მშვიდი კილოთი: "მე აქ ვარ, შენ არაფერი გემუქრება. ველოდები, როდის დამშვიდდები... როდესაც დამშვიდდები, აირჩიე, რით გავერთოთ". პოზიტივზე ორიენტირება ტანტრუმთან გამკლავების საუკეთესო გზაა.
* მიეცით არჩევანი: "ჯერ კბილების გახეხვა გირჩევნია თუ პიჟამის ჩაცმა?"
* დაიცავით რუტინა. სტაბილურობა ამცირებს ტანტრუმის ალბათობას.
* გაარიდეთ მაპროვოცირებელ გარემოს. თუ ტანტრუმი შუა სავაჭრო ცენტრში დაიწყო, მშვიდად გაარიდეთ იქაურობას და წყნარ გარემოში აცადეთ დამშვიდება.
4. მუდმივი "არა" – 2-3 წელი
ბავშვი ყველაფერს ეწინააღმდეგება, ზოგჯერ შესაძლოა, საყვარელ აქტივობაზეც კი თქვას უარი. ეს იმიტომ, რომ მას დამოუკიდებლობის შეგრძნება უყალიბდება, თქვენ მიერ შეთავაზებულ აქტივობებს კი მისი პატარა ტვინი დამოუკიდებლობის შეზღუდვად აღიქვამს.
როგორ დავეხმაროთ:
* მიეცით არჩევანი: "წითელი ფეხსაცმლის ჩაცმა გირჩევნია თუ ლურჯის?" დაუწყვეთ ფეხსაცმელები ისე, რომ თავად აიღოს და მოგიტანოთ, რომელიც უნდა. ამ პროცესში არ ჩაერიოთ.
* დაუტოვეთ თავისუფალი არჩევანი, მაგრამ მიჰყევით რუტინას: "ჯერ სათამაშოებს ავალაგებთ, მერე შენს არჩეულ ზღაპარს წავიკითხავთ".
5. ქაოსური ქცევა – 2-3 წელი
ნივთების სროლა, ყვირილი, ყველაფრის გაპროტესტება... ამ ეტაპზე ბავშვის ტვინს უვითარდება აღმასრულებელი ფუნქციები, რომლებიც დაგეგმვას, ემოციების კონტროლს და სიახლეებთან ადაპტაციას მოიცავს.
როგორ დავეხმაროთ:
* ჩამოაყალიბეთ პროგნოზირებადი რუტინა. დღის განმავლობაში ბევრ სიახლეს ნუ შესთავაზებთ, აგრძნობინეთ, რომ საკუთარ ყოველდღიურობას თავად აკონტროლებს.
* დაანახეთ მიზეზშედეგობრივი კავშირები: "თუ შენს უმცროს დას სათამაშოს ესვრი, ამ სათამაშოთი დღეს ვეღარ ითამაშებ".
6. დის ან ძმის დაბადება და რეგრესი – 2-3 წელი
უმცროსი დედმამიშვილის დაბადება ბავშვისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა. ტირილი, განვითარების რეგრესი – ადაპტაციის პერიოდში ეს ყველაფერი ნორმალურია, მთავარია, სწორად მართოთ სიტუაცია.
როგორ დავეხმაროთ:
* ნუ გაკიცხავთ "ბავშვური" ქცევისთვის. ნუ მოსთხოვთ, ერთბაშად გაიზარდოს. ის ისედაც სტრესშია, ამიტომ დაანახეთ რაც შეიძლება მეტი სითბო და თანაგრძნობა.
* ჩართეთ ახალშობილის მოვლის პროცესში: სთხოვეთ საფენის მოტანა, დაიხმარეთ ჩვილის დაბანაში, შეაქეთ, უთხარით, რომ მის გარეშე ძალიან გაგიჭირდებოდათ, არასდროს აგრძნობინოთ თავი ზედმეტად.
* დაუთმეთ რამდენიმე წუთი მხოლოდ მას. წუთებს, როდესაც მშობელი მხოლოდ მას ეკუთვნის, ბავშვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ეცადეთ, დღეში 15 წუთი მაინც გამოყოთ მხოლოდ მისთვის.
7. "ჩემია!" – 2-3.5 წელი
ამ ასაკში “ჩემია!” ბავშვის საყვარელ სიტყვად იქცევა. ეს ნორმალურია, გაზიარება ამ ასაკში არ არის ბუნებრივი უნარი.
როგორ დავეხმაროთ:
* მიეცით არჩევანი, მაგრამ ნუ აიძულებთ: "ნახე, ამ ბიჭს შენი ბურთი მოეწონა, ათხოვებ ცოტა ხანს? ის კი თავის მანქანას გათხოვებს".
* მიეცით მაგალითი. აჩვენეთ, როგორ უთმობთ თქვენს ნივთს სხვას, ბევრი უკითხეთ გაზიარების მნიშვნელობაზე.
* გაუღვივეთ ემპათია: "ნახე, შენი ახალი მეგობარი მოწყენილია, რადგან შენი სათამაშო აინტერესებს. ვათხოვოთ?"
ლიკა ქათამაძე







