ყელის ტკივილი ბავშვებთან
Поделитесь:
ბავშვის ყელის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რომელიც მშობლებს აიძულებს, პედიატრს მიმართონ. ტკივილი უმეტესად თავისთავად გაივლის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვგვაროთ ბავშვს შვება, როგორ ამოვიცნოთ ტკივილის შესაძლო მიზეზი და როდის არის აუცილებელი ექიმის ჩარევა.
ყელის ტკივილს ყოველთვის აქვს რაიმე მიზეზი. ყველაზე ხშირად ეს არის ვირუსული ინფექცია, რომელიც გაციებას ან გრიპის მსგავს სხვა დაავადებას იწვევს. სხვა გავრცელებული მიზეზებია სტრეპტოკოკული ინფექცია (ბაქტერიული ინფექცია, რომელიც ანტიბიოტიკებით მკურნალობას მოითხოვს), ალერგია (მტვრის ტკიპაზე, მცენარეულ მტვერზე, ცხოველის ბეწვზე), პასიური მოწევა, ზედა სასუნთქი გზების სხვა დაავადები.
ყელის ტკივილი ზოგჯერ გამოვლინდება სიმშრალით და ფხაჭნით. შესაძლოა თან ახლდეს ხმაურიანი სუნთქვა, ხველა, უმადობა, განწყობის გაუარესება.
ტკივილი განსაკუთრებით საგრძნობია ყლაპვის დროს, რის გამოც ბავშვი ხშირად უარს ამბობს ჭამაზე.
ჩვილებთან ყელის ტკივილი ძნელი ამოსაცნობია. ის შესაძლოა გამოვლინდეს უმადობით და ჭირვეულობით.
ყელის ტკივილის დროს ანთება ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას არ არის ლოკალიზებული. ანთების ადგილის მიხედვით, განასხვავებენ:
* ლარინგიტს – ხორხისა და სახმო ნაოჭების ანთებას;
* ფარინგიტს – სასის უკანა კედლის ანთებას;
* ტონზილიტს – ნუშურა ჯირკვლების ანთებას.
ვირუსული ინფექცია უმეტესად თავისთავად გაივლის ერთ კვირაში და ყელის ტკივილიც მასთან ერთად ქრება.
სიმპტომების შესამსუბუქებლად
თუ ყელის ტკივილი ვირუსით არის გამოწვეული, ანტიბიოტიკები არ გამოგადგებათ. მათმა გამოყენებამ, პირიქით, შესაძლოა გამოიწვიოს თანმხლები მოვლენები, მაგალითად, ალერგიული რეაქცია, დიარეა.
ყელის ტკივილისა და თანმხლები სიმპტომების შესამსუბუქებლად პედიატრმა შესაძლოა გირჩიოთ მედიკამენტები ან შინაური საშუალებები:
* ბევრი სითხე, მაგალითად, თბილი ჩაი, რათა ბავშვს სხეული არ გამოუშრეს.
* ჰაერის დატენიანება. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰაერის დამატენიანებელი სპეციალური მოწყობილობა ან ბავშვთან ერთად შეხვიდეთ სააბაზანოში, ორთქლი დააყენოთ და ცოტა ხანს გაჩერდეთ.
* ყინულის ნატეხები, ნაყინი ან საწუწნი ტაბლეტები. არ მისცეთ ტაბლეტები 4 წლამდე ასაკის ბავშვს და არც ძალიან ცივი სასმელი – ჩვილს.
* მარილიანი წყლის გამოვლება: კარგად გახსენით ერთი ჩაის კოვზი მარილი ნახევარ ლიტრ თბილ, ანადუღარ წყალში ან გამოიყენეთ მზა ფიზიოლოგიური ხსნარი.
* თუ ბავშვს ცხვირიდან გამონადენიც აქვს, შეგიძლიათ, ჩააწვეთოთ ფიზიოლოგიური ხსნარი და ცხვირი რეზინის სპეციალური ტუმბოთი გამოუსუფთაოთ.
* 1 წლისა და ამაზე უფროსი ასაკის ბავშვებს ხველის შესამსუბუქებლად შეგიძლიათ მისცეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი – კოვზით ან ცოტაოდენ სითხეში გაზავებული.
* ჩვილს იმდენჯერ მოაწოვეთ ძუძუ, რამდენჯერაც მოითხოვს. დადასტურებულია, რომ ძუძუთი კვება ყელის ტკივილს ამსუბუქებს.
მედიკამენტები
ბავშვისთვის წამლის მიცემამდე ყურადღებით წაიკითხეთ და ზედმიწევნით დაიცავით ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატის ჩანართში მითითებული ინსტრუქცია. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი ასეთი მედიკამენტის მიცემა განსაზღვრულ ასაკამდე არ არის რეკომენდებული.
ტკივილგამაყუჩებლები:
* 6 თვემდე ნებადართულია მხოლოდ პარაცეტამოლი.
* 6 თვიდან შეიძლება როგორც პარაცეტამოლის, ისე იბუპროფენის მიცემა.
* არასოდეს დაალევინოთ ბავშვს ასპირინი! მას შეუძლია, გამოიწვიოს რეის სინდრომი – იშვიათი, მაგრამ სერიოზული სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც აზიანებს ღვიძლსა და ტვინს.
ხველისა და გაციებისთვის:
* 4 წლამდე ასაკის ბავშვებს ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ მისცეთ ურეცეპტოდ გასაცემი ხველისა და გაციების წამლები – ამ მედიკამენტებმა შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული და ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიში თანმხლები მოვლენები.
* 4 წლისა და ამაზე უფროსი ასაკის ბავშვისთვის ასეთი პრეპარატების მიცემამდე გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან, რომელიც შეაფასებს, რომდენად უსაფრთხოა ესა თუ ის საშუალება თქვენი შვილისთვის.
ნებისმიერი წამლის მიცემამდე აუცილებლად დააზუსტეთ პედიატრთან დოზა – წესისამებრ, ის ბავშვის ასაკსა და წონაზეა დამოკიდებული. აუცილებლად აცნობეთ ექიმს, თუ ბავშვი უკვე იღებს რომელიმე სხვა პრეპარატს.
მიმართეთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვს ყელი სტკივა – შესაძლოა, საჭირო გახდეს ნაცხის აღება სტრეპტოკოკული ინფექციის გამოსარიცხად.
აუცილებლად მიმართეთ ექიმს მაშინაც, როცა ბავშვს აღენიშნება რომელიმე სიმპტომი ქვემოთ ჩამოთლილთაგან:
- სუნთქვის გაძნელება ან აჩქარებული სუნთქვა;
- ყლაპვის გაძნელება;
- სისხლი ნერწყვში ან ნახველში;
- ჭარბი ნერწყვდენა (განსაკუთრებით – მცირეწლოვნებთან);
- დეჰიდრატაციის ნიშნები (პირის სიმშრალე, მოუსვენრობა ან მივარდნილობა, შარდის რაოდენობის შემცირება);
- სახსრების შეშუპება და ტკივილი;
- გამონაყარი;
- სიცხე, რომელიც ოთხ დღეზე მეტია გრძელდება.
დაუკავშირდით ექიმს, თუ სიმპტომები რამდენიმე დღის განმავლობაში არ შესუსტდა, დამძიმდა ან თუ ყელის ტკივილი ხელახლა დაიწყო.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვი 3 თვეზე ნაკლები ასაკისაა და აქვს 38°C ან უფრო მაღალი სიცხე.
პრევენცია
ყელის ტკივილის თავიდან ასაცილებლად შეასრულეთ შემდეგი რეკომენდაციები:
- თავადაც ხშირად იბანეთ ხელები და ბავშვსაც დააბანინეთ – ეს ინფექციის თავიდან აცილების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა.
- მოარიდეთ ბავშვი ახლო კონტაქტს ადამიანებთან, რომლებსაც სტივათ ყელი ან აქვთ ზედა სასუნთქი გზების ინფექციის სხვა ნიშნები.
- მოარიდეთ ბავშვი თამბაქოს კვამლს.
***
გაციება
გაციება ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციაა, რომელიც, წესისამებრ, გრძელდება ერთ კვირაზე ნაკლებ ხანს და გამოწვეულია რესპირატორული ვირუსით. გაციება სკოლისა და ბაღის გაცდენის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. ბავშვების უმეტესობა წელიწადში რამდენჯერმე ცივდება.
სიმპტომები
გაციების ნიშნები და სიმპტომები, წესისამებრ, პიკს აღწევს ინფიცირებიდან 2-3 დღის შემდეგ და მოიცავს:
- სურდოს ან ცხვირის გაჭედვას;
- ხველას;
- ცემინებას;
- ყელის ტკივილს;
- თავის ტკივილს;
- სხეულის მსუბუქ ტკივილს;
- ცხელებას (უმთავრესად – უფროსი ასაკის ბავშვებთან).
რესპირატორული ვირუსული ინფექცია შესაძლოა გართულდეს შუა ყურის ანთებით, სინუსების ანთებით, ასთმის შეტევებით (ხიხინი, სუნთქვის გაძნელება), ბრონქიოლიტით (წვრილი სასუნთქი გზების ანთება), ბრონქიტით, პნევმონიით (ფილტვების ანთება).
ზოგიერთი რესპირატორული დაავადების (მაგალითად, COVID-19-ის, გრიპის, რესპირატორული სინტიციური ვირუსული ინფექციის) დროს ბავშვს, განსაკუთრებით ჩვილს, შესაძლოა ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს.
გამომწვევი მიზეზები
გაციების გამოწვევა 200-ზე მეტ რესპირატორულ ვირუსს შეუძლია. ყველაზე გავრცელებული გამომწვევები არიან რინოვირუსები, კორონავირუსები, პარაგრიპის ვირუსები, ადენოვირუსები, ენტეროვირუსები, ადამიანის მეტაპნევმოვირუსი. შედარებით რთული მიმდინარეობა ახასიათებს გრიპის ვირუსს.
გავრცელება
რესპირატორული ვირუსების უმეტესობა ვრცელდება წვეთებით, რომლებიც ინფიცირებულის ცხვირ-პირიდან იფრქვევა ხველებისა და ცემინების დროს. ეს წვეთები შესაძლოა პირდაპირ ჩაისუნთქოს ბავშვმა; შესაძლოა, ვირუსი ახლომდებარე საგნების ზედაპირზე დაილექოს და იქიდან მოხვდეს ბავშვის სხეულში, თუ ასეთ ზედაპირთან შეხების შემდეგ მან დაუბანელი ხელი თვალზე, ცხვირზე ან პირზე მოისვა. საშიშია ინფიცირებული ადამიანისთვის ხელის ჩამორთმევაც, თუ ბავშვმა ამის შემდეგ გულდასმით არ დაიბანა ხელები.
გაციება წლის ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი. რესპირატორული ვირუსების უმეტესობა, ჩვეულებრივ, ზამთარში ცირკულირებს, მაგრამ სხვა ვირუსები, რომლებსაც ასევე შეუძლიათ გაციების სიმპტომების გამოწვევა, გაზაფხულზე, ზაფხულში და შემოდგომაზეც ბრუნავს გარემოში.
მკურნალობა
გაციების სიმპტომების მქონე ბავშვების უმეტესობას სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდება. ამჟამად არ არსებობს ანტივირუსული საშუალებები, რომლებიც გაციების სიმპტომების გამომწვევი რესპირატორული ვირუსების წინააღმდეგ იმოქმედებდა. სიმპტომები თავისთავად ალაგდება, მაგრამ შეგვიძლია, მივიღოთ ზომები მათ სამართავად და ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. იშვიათად ვირუსული ინფექცია რთულდება ბაქტერიული ინფექციით, მაგალითად, ვითარდება პნევმონია, რომელიც ანტიბიოტიკებით მკურნალობას მოითხოვს.
***
გრიპი
გრიპი უფრო საშიშია, ვიდრე გაციება. ზოგჯერ ის ბავშვის სიცოცხლესაც კი უქმნის საფრთხეს. 5 წლამდე ასაკის ბავშვებს გრიპის დროს ხშირად სჭირდებათ სამედიცინო დახმარება.
გრიპის სიმპტომებია:
- ცხელება, შემცივნება;
- ხველა;
- ყელის ტკივილი;
- სურდო ან ცხვირის გაჭედვა;
- კუნთების ან მთელი სხეულის ტკივილი;
- თავის ტკივილი;
- დაღლილობა;
- ზოგჯერ – ღებინება და დიარეა.
გრიპის გართულებები
გრიპით დაავადებული ბავშვების უმეტესობა რამდენიმე დღიდან ორ კვირამდე პერიოდში გამოჯანმრთელდება, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში გრიპის გართულებამ შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა გამოიწვიოს.
გართულებების განვითარების მაღალი რისკი აქვთ 5 წლამდე ბავშვებს, კიდევ უფრო მაღალი – 2 წლამდე ასაკისებს.
გრიპის გართულებებია სინუსებისა და ყურის ინფექციები, პნევმონია (მისი გამოწვევა შეუძლია როგორც გრიპის ვირუსს, ასევე გრიპის ვირუსისა და ბაქტერიის ერთობლივ მოქმედებას). სერიოზულ გართულებათა რიცხვშია გულის, ტვინის ან კუნთოვანი ქსოვილების ანთება (მიოკარდიტი, ენცეფალიტი, მიოზიტი, რაბდომიოლიზი) და პოლიორგანული უკმარისობა (სასუნთქი გზების, თირკმელების უკმარისობა).
გრიპმა შესაძლოა დაამძიმოს ასთმა და სხვა ქრონიკული დაავადებები.
ამიტომ საეჭვო სიმპტომების გაჩენისას საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მისვლა. ასეთი ნიშნებია:
- სწრაფი სუნთქვა ან სუნთქვის გაძნელება;
- ტუჩების ან სახის მოლურჯო ელფერი;
- ნეკნებს შორის კანის შეწევა ყოველი ჩასუნთქვისას;
- ტკივილი გულმკერდის არეში;
- კუნთების ძლიერი ტკივილი (ბავშვი უარს ამბობს სიარულზე);
- დეჰიდრატაცია (8 საათის განმავლობაში შარდზე გაუსვლელობა, პირის სიმშრალე, უცრემლო ტირილი);
- სიფხიზლის დროს ყურადღების ან უკუკავშირის ნაკლებობა;
- კრუნჩხვები;
- 40 გრადუსზე მაღალი სიცხე, რომელიც სიცხის დამწევ მედიკამენტებს არ ემორჩილება;
- 12 კვირაზე უმცროსი ასაკის ბავშვებთან – ნებისმიერი ცხელება;
- ცხელება ან ხველა, რომელიც სუსტდება, მაგრამ მერე ისევ იმატებს;
- ქრონიკული სამედიცინო მდგომარეობების დამძიმება.
დიაგნოსტიკა
გრიპის დიაგნოზი ექიმმა შესაძლოა სიმპტომების საფუძველზეც დასვას, თუმცა მსგავსი სიმპტომები სხვა რესპირატორულ დაავადებებსაც ახასიათებს, რაც ზუსტ დიაგნოსტიკას ართულებს.
გრიპის ვირუსები უმთავრესად ცივ სეზონზე ვრცელდება, თუმცა ინფიცირება არც წელიწადის სხვა დროს არის გამორიცხული. როცა ექიმს საჭიროდ მიაჩნია, ზუსტად დაადგინოს ავადმყოფობის მიზეზი, იყენებს სწრაფ დიაგნოსტიკურ ტესტს, რომელიც ანტიგენებს ან ვირუსის გენეტიკურ მასალას გამოავლენს. საჭიროებისამებრ, ტარდება უფრო ზუსტი – პოლიმერაზის ჯაჭვურ რეაქციაზე (Pჩღ) დაფუძნებული კვლევა.
სწრაფი ტესტები გრიპს ბავშვებთან უფრო ეფექტურად ავლენს, ვიდრე მოზრდილებთან.
პრევენცია და მკურნალობა
გრიპისგან თავის დაზღვევის ყველაზე ეფექტური გზაა ყოველწლიური ვაქცინაციაა. CDC-ის რეკომენდაციით, ვაქცინაცია აუცილებელია ყველა ბავშვისთვის 6 თვიდან, განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც გრიპის მძიმე გართულებების განვითარების მაღალი რისკი აქვთ (მაგალითად, აქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება). აცრისთვის საუკეთესო დროა სექტემბერ-ოქტომბერი.
გრიპის პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ყოველდღიური ჰიგიენის დაცვაც:
* ავადმყოფებთან კონტაქტისთვის თავის არიდება;
* ხველებისა და ცემინებისას ცხვირ-პირზე ცხვირსახოცის ან იდაყვის აფარება;
* ხელების ხშირი ბანა საპნით და თბილი წყლით;
* ბავშვისთვის ხელების რეგულარული ბანა და მისი უახლოესი გარემოს (მაგალითად, სათამაშოების, კარის სახელურების) რეგულარული დეზინფექცია.
თუ გრიპი დადასტურდა და სიმპტომები მძიმეა ან მაღალია გართულების რისკი, ექიმმა შესაძლოა გრიპის საწინააღმდეგო ანტივირუსულ მკურნალობას მიმართოს. ანტივირუსული პრეპარატები განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც მათი მიღება ავადმყოფობის პირველ 48 საათში ხდება.
***
ინფექციური მონონუკლეოზი
ინფექციური მონონუკლეოზი ვირუსული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ეპშტეინ-ბარის ვირუსი (EBV) – ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსი მსოფლიოში. ის ეკუთვნის ჰერპესვირუსების ოჯახს. ადამიანების უმეტესობა EBV-ით ბავშვობაში ინფიცირდება, თუმცა მხოლოდ მცირე ნაწილს უვითარდება ხილული სიმპტომები.
სიმპტომები
ინფექციური მონონუკლეოზის სიმპტომები განსაკუთრებით ხშირად აღირიცხება მოზარდებსა და ახალგაზრდებთან. ავადმყოფობა შესაძლოა გამოვლინდეს:
- ყელის ტკივილით;
- ძლიერი დაღლილობით;
- მაღალი სიცხით;
- კისრის ლიმფური კვანძების გადიდებით;
- ელენთის გადიდებით;
- ღვიძლის გადიდებით;
- გამონაყარით.
სიმპტომები უმეტესად 2-4 კვირა გრძელდება, თუმცა ზოგიერთ პაციენტს დაღლილობა გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე თვის განმავლობაშიც კი რჩება.
როგორ ვრცელდება
ვირუსი უმეტესად ნერწყვით გადაედება. ინფიცირება შესაძლებელია
- კოცნის,
- ჭურჭლით, სასმლის ან საჭმლის გაზიარების,
- სხვისი კბილის ჯაგრისის გამოყენების,
- დადორბლილ სათამაშოებთან კონტაქტის შედეგად.
ადამიანი გადამდებია სიმპტომების გამოვლენამდეც და ვირუსის ხელახალი გააქტიურების შემთხევვაშიც, თუნდაც ავადმყოფობა უსიმპტომოდ წარიმართოს. EBV ინფექცია ხშირად ლატენტურ (მძინარე) მდგომარეობაში გადადის და სამუდამოდ რჩება სხეულში. დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებს (მაგალითად, იმუნოსუპრესიული თერაპიით მოსარგებლე ბავშვებს და ორგანოგადანერგილ პაციენტებს) ვირუსის გააქტიურების მეტი შანსი აქვთ.
ტესტირება და დიაგნოსტიკა
მხოლოდ სიმპტომების საფუძველზე EBV ინფექციის დადასტურება რთულია, რადგან ის სხვა ვირუსულ ინფექციებს ჰგავს. საჭიროების შემთხვევაში ექიმი ნიშნავს სისხლის ანალიზს, რომელიც ავლენს EBV-ის საწინააღმდეგო სპეციფიკურ ანტისხეულებს ან სისხლის უჯრედების სტრუქტურულ ცვლილებებს. ათიდან ცხრა ზრდასრულ ადამიანს უკვე აქვს ანტისხეულები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უკვე გადაიტანეს EBV, შესაძლოა, უსიმპტომოდ.
EBV-ის სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა არ არსებობს. დაავადება თავისთავად გაივლის. ჩვენ მხოლოდ სიმპტომების შემსუბუქება შეგვიძლია. ამისთვის რეკომენდებულია:
- საკმარისი სითხის მიღება;
- დასვენება და ძილი;
- სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების (მაგალითად, პარაცეტამოლის ან იბუპროფენის) მიღება (ექიმის რეკომენდაციით).
- ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობაზე, განსაკუთრებით სპორტზე, დროებით უარი უნდა ითქვას, რადგან ელენთის გადიდების შემთხვევაში არსებობს მისი დაზიანების რისკი.
პრევენცია
ეპშტეინ-ბარის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს. ინფექციის თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია:
* ინფიცირებულთან ახლო კონტაქტისგან ბავშვის დაცვა;
* ჰიგიენის სწორი ჩვევების განვითარება (მაგალითად, არ ისარგებლოს სხვისი ჭურჭლით ან კბილის ჯაგრისით და არც თავისი ათხოვოს სხვას);
* სათამაშოებისა და ზედაპირების რეგულარული წმენდა.
***
ლარინგიტი
ლარინგიტი ხორხის ანთებაა. ხორხი ყელის ის ნაწილია, რომელშიც მდებარეობს სახმო ნაოჭები (მათ იოგებსაც უწოდებენ). ნორმალურ პირობებში ეს ნაოჭები თავისუფლად იხსნება და იხურება, ხოლო მათი ვიბრაციის შედეგად წარმოიქმნება ხმა. ლარინგიტის დროს ანთების გამო სახმო ნაოჭები შუპდება, რის შედეგადაც ბგერები იცვლება – ხმა სუსტდება, იხლიჩება ან იკარგება.
ლარინგიტი უმეტესად ვირუსული ინფექციით არის გამოწვეული და საშიში არ არის. სხვა შესაძლო მიზეზებია:
* ხმის გადაძაბვა, ხმამაღალი ლაპარაკი ან ყვირილი;
* იშვიათად – ბაქტერიული ინფექცია ;
* ქიმიური ნივთიერებების შესუნთქვა;
* მავნე ნივთიერებების (მაგალითად, სიგარეტის კვამლის) გახანგრძლივებული ზემოქმედება.
სიმპტომები
ლარინგიტი რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე გრძელდება. მას შესაძლოა თან ახლდეს:
- ხმის ჩახლეჩა, დასუსტება ან დაკარგვა;
- ყელში წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება;
- ყელის ტკივილი;
- ყელის სიმშრალე;
- მშრალი ხველა.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს
ლარინგიტის მწვავე შემთხვევების უმეტესობა შინაც შეიძლება ვმართოთ. რეკომენდებულია დასვენება, ხმის დატვირთვის შემცირება, დიდი რაოდენობით სითხის მიღება.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ბავშვს აღენიშნება:
- ხმაურიანი, მსტვენი ჩასუნთქვა (სტრიდორი);
- ჩვეულებრივზე მეტი ნერწყვის გამოყოფა;
- ყლაპვის გაძნელება;
- სუნთქვის გაძნელება;
- მაღალი ტემპერატურა.
ეს სიმპტომები შესაძლოა მიუთითებდეს კრუპზე – ხორხისა და მის ქვემოთ მდებარე სასუნთქი გზების ანთებაზე. ბინაზე უმეტესად მისი მკურნალობაც შესაძლებელია, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა სამედიცინო ჩარევა. იგივე სიმპტომები ახასიათებს ეპიგლოტიტს – სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას, რომელიც გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას მოითხოვს.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ლარინგიტის დიაგნოსტიკისთვის ზოგჯერ საჭიროა ლარინგოსკოპია – სპეციალური ინსტრუმენტით ხორხის დათვალიერება.
* ვირუსული ლარინგიტის დროს ანტიბიოტიკები არ არის ეფექტური და მათი გამოყენება არ არის რეკომენდებული.
* ბაქტერიული ლარინგიტის შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა გამოწეროს ანტიბიოტიკი.
* კორტიკოსტეროიდები (ჰორმონული მედიკამენტები) გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მაგალითად, კრუპის დროს, ხმის დაკარგვის ან ხორხის ძლიერი შეშუპების ფონზე.
***
ტონზილიტი
ტონზილიტი არის ნუშურა ჯირკვლების (ტონზილების) ანთება, რომელიც გამოწვეულია ვირუსული ან ბაქტერიული ინფექციით. ბავშვებთან ის უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მოზრდილებთან.
სიმპტომები
ანთებითი ნუშურა ჯირკვლები წითელი და შეშუპებულია, ზოგჯერ დაფარულია ყვითელი ან თეთრი ნადებით. ამას შესაძლოა თან ახლდეს:
- ყელის ტკივილი;
- სიცხე;
- უსიამოვნო სუნი პირიდან;
- კისრის ლიმფური კვანძების გადიდება;
- ყლაპვის გაძნელება;
- მუცლის ტკივილი;
- თავის ტკივილი.
მიზეზები
ტონზილიტი უმეტესად ვირუსულია. გამომწვევ ვირუსებს შორის ყველაზე ხშირად დიაგნოსტირდება ადენოვირუსი, გრიპის ვირუსი, ეპშტეინ-ბარის ვირუსი (რომელიც მონონუკლეოზს იწვევს), ბაქტერიებს შორის კი A ჯგუფის სტრეპტოკოკი. იშვიათია, მაგრამ არსებობს არაინფექციური ტონზილიტიც.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ექიმი სინჯავს ბავშვს, უთვალიერებს ყელს და საჭიროების შემთხვევაში უღებს ნაცხს ნუშურებიდან ინფექციის გამომწვევის გამოსავლენად.
ვირუსულ ტონზილიტს მკურნალობა, წესისამებრ, არ სჭირდება, ორგანიზმი მას დამოუკიდებლად უმკლავდება, ბაქტერიულს კი ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. თუ ტონზილიტი ხშირად მეორდება ან ნუშურა ჯირკვლები იმდენად დიდია, რომ ღამით სუნთქვას ართულებს, შესაძლოა, ექიმმა ტონზილექტომია (ნუშურების ამოკვეთა) გირჩიონ.
ასვით ბავშვს ბევრი სითხე და მიეცით კარგად დაასვენების საშუალება. თუ ტკივილი ყლაპვაში ხელს უშლის, რბილ საკვებზე გადაიყვანეთ. ზოგ ბავშვს თბილი სასმელები (რძე, ჩაი) ურჩევნია, ზოგსაც ყელში სიცივის (მილქშეიკი, სმუზი, ნაყინი) შეგრძნება ჰგვრის შვებას. მოზრდილ ბავშვს შეგიძლიათ მისცეთ საწუწნი ტაბლეტი ან კანფეტი.
ტკივილის შესამსუბუქებლად შეიძლება პარაცეტამოლის ან იბუპროფენის მიცემა.
თუ ბავშვი ანტიბიოტიკს იღებს, სკოლაში დაბრუნება შეუძლია სიცხის ნორმალურ მაჩვენებლამდე დაწევიდან 12 საათის შემდეგ.
პრევენცია
ტონზილიტი გადამდებია. ინფექცია ვრცელდება საუბრით, ცემინებით, ხველებით, ხელის ჩამორთმევით, ინფიცირებულ საგნებთან შეხებით, ამიტომ მოარიდეთ ბავშვები ყელმტკივან ადამიანს და შეამოწმეთ, ხშირად და კარგად იბანს თუ არა ხელებს ოჯახის ყველა წევრი. თუ ოჯახში ვინმეს ტონზილიტი აქვს, მისი ჭურჭელი ცალკე შეინახეთ და ცხელი საპნიანი წყლით გარეცხეთ, გამოჯანმრთელების შემდეგ კი ამ ადამიანმა ახალი კბილის ჯაგრისით უნდა ისარგებლოს.
თუ ყელის ტკივილმა იმატა, განსაკუთრებით – ცალ მხარეს, მიმართეთ ექიმს – შესაძლოა, ეს პერიტონზილური აბსცესის ნიშანი იყოს.
***
პერიტონზილური აბსცესი
პერიტონზილური აბსცესი არის ჩირქგროვა ნუშურა ჯირკვლის გვერდით. ის ძალიან მტკივნეულია, იმდენად, რომ ზოგჯერ პირის გაღებასაც კი ართულებს.
შეშუპებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტონზილის გადანაცვლება სასის ნაქისკენ (ყელის უკანა ნაწილში მდებარე რბილი, ჩამოკიდებული წარმონაქმნისკენ), რის შედეგადაც ყელი ნაწილობრივ იბლოკება და ყლაპვა, ლაპარაკი და ზოგჯერ სუნთქვაც კი რთულდება.
რა იწვევს
პერიტონზილური აბსცესი უმეტესად გამოწვეულია იმავე ბაქტერიით, რომელიც იწვევს სტრეპტოკოკულ ყელის ტკივილს (A ჯგუფის სტრეპტოკოკი), თუმცა ზოგჯერ მის ჩამოყალიბებაში სხვა ბაქტერიებიც მონაწილეობენ.
პერიტონზილური აბსცესი, წესისამებრ, ტონზილიტის გართულებაა. საბედნიეროდ, ამ ტიპის აბსცესი იშვიათია, რადგან ტონზილიტის ანტიბიოტიკებით მკურნალობა ასეთი გართულებების ალბათობას ამცირებს.
სიმპტომები
პერიტონზილური აბსცესის პირველი ნიშანი, წესისამებრ, ყელის ტკივილია. აბსცესს თან ახლავს:
- ერთ-ერთი ნუშურა ჯირკვლის სიწითლე და შეშუპება;
- ლიმფური კვანძების ტკივილი და გადიდება კისრის ცალ მხარეს;
- ძლიერ გამოხატული ტკივილი ყელის ცალ მხარეს;
- პირის გაღებისა და ყლაპვის გაძნელება;
- ცხელება და შემცივნება;
- თავის ტკივილი;
- ყურის ტკივილი;
- ნერწყვის დენა;
- ხმის ჩახლეჩა ან ჩახრინწვა;
- უსიამოვნო სუნი პირიდან.
თუ აბსცესს დიდხანს არ უმკურნალეს, შესაძლოა, ინფექცია ყბაში, კისერსა და გულმკერდში გავრცელდეს. თუ აბსცესის გასკდა, შესაძლოა, განვითარდეს პნევმონია.
დიაგნოსტიკა
მიმართეთ ექიმს, თუ თქვენს შვილს ქვემოთ აქვს ჩამოთვლილი სიპტომები. თავდაპირველად ექიმი დაუთვალიერებს პირს, ყელსა და კისერს. ამის შემდეგ შესაძლოა, დანიშნოს:
* ყელის (აბსცესიდან ან ტონზილიდან აღებული) ნაცხის გამოკვლევა;
* სისხლის საერთო ანალიზი;
* კისრის ულტრაბგერითი გამოკვლევა ან კომპიუტერული ტომოგრაფია (ჩთ) დიაგნოზის დასაზუსტებლად.
მკურნალობა
პერიტონზილური აბსცესის მკურნალობა, ჩვეულებრივ, გულისხმობს მის დრენირებას. ექიმი ნემსით იღებს ჩირქს (ასპირაცია) ან სკალპელით აკეთებს მცირე ჭრილობას და ჩირქს გარეთ უშვებს.
თუ ჩირქის ამოღება ვერ მოხერხდა ან აბსცესი გამეორდა, შესაძლოა, საჭიროდ იქნეს მიჩნეული ნუშურა ჯირკვლების ქირურგიული ამოკვეთა (ტონზილექტომია). ეს ოპერაცია განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვისაც ხშირად აქვს ტონზილიტი ან უკვე ჰქონდა პერიტონზილური აბსცესი.
ამასთან ერთად, ინიშნება:
* ანტიბიოტიკები (აუცილებელია კურსის სრულად ჩატარება);
* ტკივილგამაყუჩებლები.
ბავშვებს, რომლებსაც ტონზილექტომია ჩაუტარდათ, შესაძლოა, მცირე ხნით საავადმყოფოში დაყოვნება დასჭირდეთ, რათა ექიმი დარწმუნდეს, რომ ყველაფერი საჭიროებისამებრ მიდის.
რაც უფრო ადრე დაისმება პერიტონზილური აბსცესის დიაგნოზი, მით უფრო ადვილია მისი მკურნალობა, ამიტომ, შეამჩნევთ თუ არა სიმპტომებს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
პრევენცია
პრევენციაში დიდი როლი აკისრია პირის ღრუს მოვლასა და ჰიგიენას – კბილების რეგულარულ გამოხეხვას, რეგულარულ ვიზიტს სტომატოლოგთან. რეკომენდებულია ამ პერიოდში თამბაქოსგან თავის შეკავებაც. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მოწევა ზრდის აბსცესის განვითარების რისკს.
***
სტრეპტოკოკული ფარინგიტი
სტრეპტოკოკული ფარინგიტი, A ჯგუფის სტრეპტოკოკით გამოწვეული ყელის ანთება, ბავშვებსა და მოზარდებში ბაქტერიებით გამოწვეული ყელის ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
სიმპტომები
სტრეპტოკოკული ფარინგიტის ტიპური ნიშნებია:
- ყელის ტკივილი, რომელიც უეცრად იწყება და ყლაპვისას ძლიერდება;
- მაღალი სიცხე;
- ნუშურა ჯირკვლების (ტონზილების) შეშუპება და შეწითლება, ხშირად – თეთრი ლაქებით ან ზოლებით;
- კისრის ლიმფური კვანძების გადიდება და ტკივილი;
- თავის ტკივილი;
- მუცლის ტკივილი;
- გულისრევა ან ღებინება;
- უმადობა.
თუ ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს თან ახლავს გამონაყარიც, სავარაუდოდ საქმე გვაქვს ქუნთრუშასთან, რომელსაც ასევე A ჯგუფის სტრეპტოკოკი იწვევს.
3 წლამდე სტრეპტოკოკული ფარინგიტი ძალიან იშვიათია. ის უმეტესად 5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებთან გვხვდება. განსაკუთრებით ხშირია ზამთარში და ადრეულ გაზაფხულზე. ინფექცია გადამდებია და ვრცელდება ხველით, ცემინებით, საუბრით, დაბინძურებულ ზედაპირთან შეხების გზით.
ბავშვი გადამდები ხდება სიმპტომების გაჩენამდე რამდენიმე დღით ადრე და მკურნალობის გარეშე გადამდებია 3 კვირის განმავლობაში.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
თუ ექიმმა სტრეპტოკოკული ფარინგიტი ივარაუდა, ჩაატარებს სწრაფ ტესტს ყელიდან აღებული ნაცხით. უარყოფითი შედეგის შემთხვევაში შესაძლოა, ნაცხი ხელმეორედ, უკვე ლაბორატორიაში გამოიკვლიონ.
წესისამებრ, ტარდება ანტიბიოტიკების ათდღიანი კურსი. პირველი დოზის მიღებიდან დაახლოებით 12 საათის შემდეგ ბავშვი უკვე აღარ ითვლება გადამდებად და ხშირად სიცხეც უწევს, მაგრამ აუცილებელია მკურნალობის ბოლომდე მიყვანა, რათა თავი დავიზღვიოთ ისეთი გართულებებისგან, როგორიცაა რევმატული ცხელება (შეუძლია, გამოიწვიოს გულის სარქველების დაზიანება), თირკმლის ანთება და სხვა ორგანოების ინფექციები.
რჩევები
ასვით ბავშვს ბევრი სითხე, თუნდაც ჩაი. თუ ყლაპვა უჭირს, მიეცით რბილი და თბილი საკვები: ბულიონი, სუპი, ცხელი შოკოლადი. შესაძლოა, შვება მოჰგვაროს ნაყინმა ან ცივმა სმუზიმ. მოარიდეთ მჟავე სასმელებს (ფორთოხლის წვენს, ლიმონათს), რომლებიც ყელს აღიზიანებს. სიცხის დასაწევად და ტკივილის შესამსუბუქებლად ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი.
ანტიბიოტიკის პირველი დოზის მიღებიდან 12 საათის შემდეგ, თუ სხეულის ტემპერატურაც დარეგულირდა, ბავშვების უმეტესობას შეუძლია, სკოლაში დაბრუნდეს.
***
დიფტერია
დიფტერია ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც სწრაფად ვრცელდება და მძიმე გართულებებს იწვევს. უმთავრესად აზიანებს ცხვირსა და ყელს, თუმცა მძიმე შემთხვევებში შესაძლოა გულს, თირკმელებსა და ნერვულ სისტემასაც მიაყენოს ზიანი. ინფექცია განსაკუთრებით საშიშია 5 წლამდე ასაკის ბავშვებისა და 60 წელს გადაცილებული ზრდასრულებისთვის. რეგულარული ვაქცინაციის წყალობით საქართველოში დიფტერია ძალიან იშვიათია.
სიმპტომები
დიფტერიის ადრეული სიმპტომები ხშირად ყელის უბრალო ტკივილს ჰგავს. ტკივილს თან ახლავს დაბალი სიცხე და კისრის ლიმფური კვანძების შესივება.
დამახასიათებელი ნიშანია სქელი ნაცრისფერი ნადები ცხვირსა და ყელში. ის შესაძლოა გადაეფაროს სასუნთქ გზებს და სუნთქვისა და ყლაპვის გაძნელება გამოიწვიოს. ავადმყოფობის პროგრესირებისას ამ სიმპტომებს შესაძლოა დაერთოს:
- მეტყველების დარღვევა;
- მხედველობის გაორება;
- შოკის ნიშნები (სიფითრე, მაჯისცემის აჩქარება, ოფლიანობა).
თუ ტოქსინი სისხლში მოხვდა, შესაძლოა დააზიანოს გული, თირკმელები და ნერვები. ამ უკანასკნელთა დაზიანებამ შესაძლოა დამბლა გამოიწვიოს.
მკურნალობის გარეშე, განსაკუთრებით – მძიმე შემთხვევებში, სიკვდილიანობა 50%-ს აღწევს.
პრევენცია
დიფტერიის საწინააღმდეგო საყოველთაო ვაქცინაცია პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ვაქცინაცია რეკომენდებულია:
* ყველა ბავშვისთვის ასაკის შესაბამისი გრაფიკით;
* ყველა ორსულისთვის (განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ქალს ჩატარებული მანამდე ვაქცინაცია);
* ზრდასრულებისთვის ბავშვობაში ჩატარებული აცრის ეფექტის გასაძლიერებლად.
ვაქცინა იშვიათად იწვევს თანმხლებ მოვლენებს (სიწითლეს, დაბალ სიცხეს). მძიმე რეაქციები კიდევ უფრო იშვიათია.
როგორ ვრცელდება
დიფტერია ძალიან გადამდებია. ის ადვილად ვრცელდება ცემინების, ხველებისა თუ საუბრის დროს, ასევე – ინფიცირებული ნივთების (ხელსახოცი, ჭიქა, კოვზი) საშუალებით. დიფტერიის გამომწვევით ინფიცირებული, თუნდაც არავითარი სიმპტომი არ ჰქონდეს, ინფიცირებიდან 4 კვირის განმავლობაში რჩება გადამდები.
მკურნალობა
დიფტერიით დაავადებულებს სტაციონარში მკურნალობენ. მას შემდეგ, რაც ყელის ნაცხში გამომწვევის არსებობა დადასტურდება, პაციენტს უკეთებენ ანტიტოქსინს, რომელიც ორგანიზმში არსებულ ტოქსინს ანეიტრალებს და ანტიბიოტიკებს. საჭიროებისამებრ, ტარდება სხვა მკურნალობაც.
დიფტერიით დაავადებული ადამიანი იზოლირებული უნდა იყოს.
***
ალერგიული რინიტი
ყელის ტკივილის გამოწვევა ალერგიულ რინიტსაც შეუძლია. თავად ალერგიას იწვევს მტვრის ტკიპა, რომელიც რბილ ავეჯში, ხალიჩებსა და საწოლის ქვეშაგებში ბინადრობს, სეზონურად – მცენარის მტვერი (სეზონური ალერგია, იგივე თივის ცხელება) და სხვა.
ალერგია იწყება მაშინ, როცა იმუნური სისტემა ალერგენს მტრად აღიქვამს და ორგანიზმს აიძულებს, გამოყოს მასთან მებრძოლი ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის – ჰისტამინი. სწორედ ეს ქიმიური შეტევა იწვევს სხვადასხვა სიმპტომს.
სიმპტომები
ალერგიული რინიტის დროს ყელის ტკივილი, ჩვეულებრივ, გამოწვეულია ცხვირიდან ყელში ლორწოს გადასვლით (პოსტნაზალური დრენაჟი) და ზოგჯერ ხველა და ხმის ჩახლეჩაც ახლავს თან.
რინიტის ძირითადი სიმპტომებია:
- ცემინება;
- ცხვირისა და ყელის ქავილი;
- ცხვირის გაჭედვა და სურდო.
რინიტს შესაძლოა დაერთოს თვალების ქავილი, ცრემლდენა და სიწითლეც (ალერგიული კონიუნქტივიტი). ბავშვებს, რომლებსაც ამ სიმპტომებთან ერთად ხველა, ქოშინი ან ხიხინიც აწუხებთ, შესაძლოა, ჰქონდეთ ასთმა.
სეზონური ალერგიის დროს სიმპტომები ყოველწლიურად ერთსა და იმავე დროს იჩენს თავს, ვითარდება მოულოდნელად და გრძელდება ალერგენთან კონტაქტის დასრულებამდე.
ზოგს ალერგიული რეაქცია მხოლოდ ერთი სახეობის მცენარეზე უვითარდება, ზოგს – რამდენიმეზე. სიმპტომები ჩნდება და ძლიერდება იმ პერიოდში, როცა კონკრეტული მცენარის მტვრის კონცენტრაცია ჰაერში განსაკუთრებით მაღალია.
სეზონური ალერგია შეიძლება ნებისმიერ ასაკში დაიწყოს, თუმცა 2 წლამდე, წესისამებრ, არ გვხვდება. უმეტესად კი ის 20 წლამდე ვითარდება.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკისთვის იკრიბება ანამნეზი (ყურადღება ექცევა სიმპტომების სიხშირეს, სეზონურობას, მაპროვოცირებელ გარემო პირობებს) და ტარდება კანის ალერგიული სინჯები, რომელთა მეშვეობითაც ადგენენ, სახელდობრ რომელი ალერგენია პასუხისმგებელი სიმპტომებზე.
მკურნალობა
მკურნალობა სიმპტომების სიმძიმესა და გამომწვევ ფაქტორზეა დამოკიდებული. ალერგენთან კონტაქტისთვის თავის არიდება მნიშვნელოვანია სიმპტომების პრევენციისთვის, ამიტომ ალერგიის სეზონზე რეკომენდებულია:
* ფანჯრების დახურვა;
* კონდიციონერის გამოყენება;
* შინ დაბრუნებისთანავე შხაპის მიღება და ტანსაცმლის გამოცვლა.
სახლში მტვრის ტკიპებს ვერ გააქრობთ, მაგრამ მათი რაოდენობის მნიშვნელოვნად შემცირება შესაძლებელია. ამისთვის:
* საწოლს გადააფარეთ ანტიალერგიული გადასაფარებლები. ლეიბები და ბალიშები ჩასვით ასეთივე შალითებში.
* ყოველკვირა გარეცხეთ თეთრეული არანაკლებ 550ჩ ტემპერატურაზე ან, თუ მისი ცხელი რეცხვა არ შეიძლება, გარეცხვამდე მოათავსეთ საშრობში ამავე ტემპერატურაზე, სულ მცირე, 15 წუთით. შეიძლება გარეცხვამდე 24 საათის განმავლობაში საყინულეში მოთავსებაც.
* სახლში შეინარჩუნეთ 50%-ზე დაბალი ფარდობითი ტენიანობა.
* ბავშვისთვის შეიძინეთ მხოლოდ ისეთი სათამაშოები, რომელთა რეცხვაც შესაძლებელია. ხშირად რეცხეთ ცხელ წყალში და კარგად გააშრეთ. შეინახეთ საწოლიდან შორს.
* მტვერი გადაწმინდეთ ნესტიანი ან ზეთიანი ნაჭრით.
* რეგულარულად მოუსვით მტვერსასრუტი. რეკომენდებულია, ჰქონდეს ორშრიანი მიკროფილტრის პარკი ან ნაწილაკების მაღალეფექტური ჰაერის ფილტრი (HEPA).
* საძინებლიდან გაიტანეთ რბილი ავეჯი, წიგნები, ჟურნალ-გაზეთები.
* აიღეთ და, შეძლებისამებრ, გაიტანეთ სახლიდან ხალიჩები.
თუ ამ ღონისძიებებმა შედეგი არ გამოიღო, დაინიშნება ანტიჰისტამინური საშუალება ან სხვა ანტიალერგიული პრეპარატი. შესაძლოა, ალერგოლოგმა შემოგთავაზოთ იმუნოთერაპიაც ალერგიის საწინააღმდეგო ინექციებით. ეს მეთოდი თანდათან ამცირებს ორგანიზმის მგრძნობელობას კონკრეტული ალერგენების მიმართ.
***
ეპიგლოტიტი
ეპიგლოტიტი არის ხორხსარქველის, ტრაქეის მფარავი პატარა ხრტილოვანი "სახურავის", ანთება ან შეშუპება. ამ მდგომარეობაში ხორხსარქველმა შესაძლოა დაბლოკოს ფილტვებისკენ მიმავალი ჰაერის ნაკადი და სიცოცხლისთვის საშიში სუნთქვის უკმარისობა გამოიწვიოს. ეპიგლოტიტი გადაუდებელ მკურნალობას მოითხოვს.
რა იწვევს
ეპიგლოტიტის გამომწვევი ფაქტორებია:
* ინფექცია, ხშირად – Haemophilus influenzae ტიპი b (Hib), განსაკუთრებით – ბავშვებში (იგივე ბაქტერია იწვევს პნევმონიას, მენინგიტს და სეფსისს);
* ფიზიკური ტრავმა – ყელში დარტყმა;
* დამწვრობა ცხელი სასმლის დალევის, ქიმიური ნივთიერების გადაყლაპვის ან კვამლის ინჰალაციის შედეგად.
ჩვილებში რუტინული Hib ვაქცინაციის შემოღების შემდეგ ეპიგლოტიტი გაცილებით გაიშვიათდა, თუმცა ჯერ კიდევ რჩება სერიოზული საფრთხე მოზრდილებისა და აუცრელი ბავშვებისთვის.
როგორ ვლინდება
ბავშვს ეპიგლოტიტის სიმპტომები შეიძლება რამდენიმე საათში განუვითარდეს. ესენია:
- სიცხე;
- ყელის ტკივილი;
- ხმაურიანი ჩასუნთქვა – სტრიდორი;
- ყელის ტკივილი და ყლაპვის გაძნელება;
- ნერწყვის ჭარბი დენა;
- შფოთვა და გაღიზიანება;
- წამოჯდომა ან წინ გადახრა სუნთქვის გასაადვილებლად.
როდის მივმართოთ ექიმს
ეპიგლოტიტი გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევაა. თუ ბავშვს მოულოდნელად გაუჭირდა სუნთქვა და ყლაპვა ან სუნთქვა ხმაურიანი გაუხდა, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ან წაიყვანეთ უახლოეს კლინიკაში.
რით რთულდება
ეპიგლოტიტმა შესაძლოა გამოიწვიოს:
* სუნთქვის მწვავე უკმარისობა;
* ინფექციის გავრცელება (მენინგიტი, პნევმონია, სეფსისი).
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ექიმი, უპირველესად, უზრუნველყოფს სასუნთქი გზების გახსნას (შესაძლოა, საჭირო გახდეს ინტუბაცია ან ტრაქეოსტომია). დიაგნოსტიკისთვის ტარდება:
* ენდოსკოპია ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინსტრუმენტით;
* სისხლისა და ყელის ნაცხის ანალიზები ინფექციის აღმოსაჩენად;
* საჭიროებისამებრ – რენტგენოგრაფია ან სხვა გამოსახვითი კვლევა.
ეპიგლოტიტის მკურნალობის პირველი ნაბიჯი სუნთქვის მხარდაჭერაა. შემდგომი მკურნალობა ინფექციის გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. ინიშნება ანტიბიოტიკები, სტეროიდები და, საჭიროებისამებრ, სხვა წამლები
პრევენცია
Hib ვაქცინაცია ყველაზე ეფექტური გზაა ეპიგლოტიტის თავიდან ასაცილებლად. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია ხელების ხშირი ბანა, ინდივიდუალური ჭურჭლის გამოყენება, ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რათა ცხელი სითხე ან ქიმიური ნივთიერება არ გადაყლაპონ.
***
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება
გასტროეზოფაგური რეფლუქსი, რომელსაც ზოგჯერ მჟავა რეფლუქსსაც ეძახიან, არის საკვებისა და მჟავას ამოსვლა კუჭიდან საყლაპავში, ზოგჯერ – ცხვირსა და პირშიც. ჩვილებთან რეფლუქსი ნორმალური პროცესია და ერთი წლისთვის უმეტესად გაივლის. თუ რეფლუქსი ხშირია (ამ შემთხვევაში მას შეუძლია გამოიწვიოს ზრდის შეფერხება, ღებინება, საყლაპავის ლორწოვანი გარსის დაზიანება), საქმე გვაქვს გასტროეზოფაგურ რეფლუქსურ დაავადებასთან (GERD), რომელიც მკურნალობას მოითხოვს.
რა იწვევს
საყლაპავსა და კუჭს შორის არის რგოლისებრი კუნთი – სფინქტერი. რეფლუქსის სიმპტომები ვითარდება, როდესაც ეს რგოლი არასწორ დროს დუნდება ან ბოლომდე არ იხურება – მჟავე სითხე კუჭიდან უკან, საყლაპავში, ყელში და ზოგჯერ პირში ან ცხვირშიც კი ამოდის.
როგორ ვლინდება
ბავშვებში რეფლუქსის გავრცელებული ნიშნებია:
- გულძმარვა;
- ხშირი ბოყინი ან სლოკინი;
- ყელის ტკივილი ან ყლაპვის გაძნელება;
- ხშირი გულისრევა ან ღებინება, განსაკუთრებით – ჭამის შემდეგ;
- ცუდი ან მჟავე გემო პირში;
- კუჭის მჟავას ყელის უკანა ნაწილში ამოსვლის შეგრძნება;
- ჭამის სურვილის უქონლობა ან ცოტას ჭამა.
ზოგიერთი სიმპტომი შესაძლოა დამძიმდეს, თუ ბავშვი ჭამის შემდეგ დაწვა.
რეფლუქსის სიმპტომების დროდადრო გამოვლენა ნორმალურია, მაგრამ თუ ისინი ხშირად მეორდება, შესაძლოა, ბავშვს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება ჰქონდეს.
რეფლუქსისკენ უფრო მეტად არიან მიდრეკილნი განვითარების ან ნევროლოგიური პრობლემების (მაგალითად, ცერებრალური დამბლის) მქონე ბავშვები. მათ სიმპტომებიც უფრო ძლიერი და ხანგრძლივად გამოხატული აქვთ.
მოსალოდნელი პრობლემები
კუჭის მჟავას საყლაპავში განმეორებითმა ამოსვლამ შესაძლოა გამოიწვიოს:
* სულის ხუთვა, ხიხინი, ასთმა;
* პნევმონიის განმეორებითი ეპიზოდები;
* კარიესი (განსაკუთრებით – უკანა კბილებისა) პირის ღრუს კარგი მოვლის პირობებშიც კი;
* საყლაპავის სიწითლე და გაღიზიანება (ეზოფაგიტი) ან მისი ისეთი დაზიანება, რომელიც ყლაპვას გაართულებს;
* წონის კლება ან ცუდი მატება.
როგორ სვამენ დიაგნოზს
ექიმი გასინჯავს ბავშვს და სიმპტომებს გამოიკითხავს. თუ თქვენს შვილს აქვს რეფლუქსის სიმპტომები, დააკვირდით, რომელი საკვები იწვევს მას. ხანგრძლივი სიმპტომების მქონე ბავშვებს შესაძლოა დასჭირდეთ გასტროენტეროლოგთან ვიზიტი და რენტგენოლოგიური ან ენდოსკოპიური გამოკვლევა.
რეფლუქსის დროს შვების მოსაგვრელად რეკომენდებულია:
* ბავშვმა ჭამოს ხშირად და მცირე ულუფებით;
* ერიდოს რეფლუქსის გამაძლიერებელ საჭმელსა და სასმელს (შოკოლადს, ცხიმიან, შემწვარ, პომიდვრის შემცველ, ცხარე კერძებს, საწებლებს, პიტნას);
* ერიდოს გვიან ღამით ჭამას;
* შეინარჩუნოს ჯანსაღი წონა (ზოგჯერ ჭარბი წონა იწვევს რეფლუქსს);
* ერიდოს თამბაქოს კვამლს – მანაც შეიძლება დაამძიმოს რეფლუქსი. არავის მისცეთ მოწევის უფლება იქ, სადაც თქვენი შვილია. თუ მოზარდი თავად ეწევა, უნდა შეწყვიტოს.
თუ რეფლუქსი ღამით ხდება, ასწიეთ საწოლის თავი 15-20 სმ-ით. წლამდე ასაკის ჩვილებმა უნდა იძინონ ზურგზე, ბრტყელ, მყარ ზედაპირზე.
თუ ბავშვი იღებს სხვა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს, შესაძლოა, ექიმმა ზოგიერთი მათგანის დროებით შეწყვეტა ან მიღების რეჟიმის შეცვლა (სხვა დროს ან საკვებთან ერთად მიღება) გირჩიოთ.
თუ სიმპტომები გაგრძელდა, შესაძლოა დაინიშნოს ანტაციდები, ჰისტამინის (H2) ბლოკატორები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები.
თუ მკურნალობა არ შველის, შესაძლოა ჩატარდეს ოპერაცია – ფუნდოპლიკაცია (ამ მეთოდს უმეტესად ცერებრალური დამბლის ან სხვა პრობლემების მქონე ბავშვებთან მიმართავენ).
თუ ბავშვს ხშირად აწუხებს გულძმარვა, აღებინებს ან ჭამაზე უარს ამბობს, არ გადადოთ პედიატრთან ან გასტროენტეროლოგთან მისვლა. დროული დიაგნოსტიკა ხელს შეუწყობს როგორც საკუთრივ რეფლუქსის სიმპტომების მოხსნას, ისე ბავშვის ზოგადი განვითარებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
***
უცხო სხეულის გადაყლაპვა
ყელის ტკივილს უცხო სხეულის გადაყლაპვაც იწვევს. ბავშვი ნივთებს მაშინ ყლაპავს, როცა უმეთვალყურეოდ რჩება, ამიტომ გადაყლაპულ ნივთს ზოგჯერ შემთხვევით აღმოაჩენენ ხოლმე მის განავალში.
ყველაზე ხშირად ბავშვები ყლაპავენ მონეტებს (5– ან 10-თეთრიანს, რომელთა დიამეტრი 20-22 მმ-ია), სათამაშოების დეტალებს, ღილებს, მძივებს, ბეჭდებს, საყურეებს, კბილებს. პატარა და ბლაგვი საგნები უმეტესად უსაფრთხოდ გაივლის საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, თუ ბავშვმა გადაყლაპა:
- ბრტყელი (ღილის ფორმის) ელემენტი – საყლაპავში გაჭედვისას იწვევს დამწვრობას;
- მაგნიტი, განსაკუთრებით – რამდენიმე. ისინი ერთმანეთს მიიზიდავენ და შესაძლოა, ნაწლავის პერფორაცია გამოიწვიონ;
- ბასრი ან წვეტიანი საგანი – ნემსი, ქინძისთავი, ჭიკარტი, ლურსმანი, საკინძი, კბილის ჩხირი, ძვალი, ბოთლის თუნუქის თავსახური და სხვა;
- მინის ნამსხვრევი
როგორ ამოვიცნოთ
პატარა ნივთების უმეტესობა არავითარ ზიანს არ აყენებს ორგანიზმს და თავისთავად გამოდის გარეთ.
უცხო სხეულის საყლაპავში გაჭედვაა სავარაუდო, თუ ბავშვს:
* უჭირს საკვების ყლაპვა;
* ჭარბად გამოეყოფა ნერწყვი;
* უჩივის ტკივილს გულმკერდის ან ყელის არეში.
საგნის კუჭში ან ნაწლავებში გაჭედვაზე მიუთითებს:
* მუდმივი ღებინება;
* მუცლის ტკივილი;
* სისხლი პირნაღებ მასაში ან განავალში;
* სიცხე.
სასუნთქ გზებში გაჭედვის ნიშნებია ხველა და სუნთქვის გაძნელება.
დიაგნოსტიკა და მკურნალობა
თუ გადაყლაპული ნივთი რენტგენოკონტრასტულია, უპირველეს ყოვლისა, ჩატარდება რენტგენოგრაფია მისი მდებარეობის დასადგენად. შესაძლოა, ექიმმა საჭიროდ მიიჩნიოს ენდოსკოპიური ან ქირურგიული ოპერაცია მის ამოსაღებად, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს არის ელემენტი, მაგნიტი ან რაიმე ბასრი საგანი. თუ უცხო სხეული რენტგენოგრამაზე არ ჩანს და არც შემაშფოთებელი სიმპტომები შეინიშნება, შინ მეთვალყურეობას გირჩევენ.
რეკომენდაციები
* თუ ნივთი, რომელიც ბავშვმა გადაყლაპა, უვნებელია და არც შემაშფოთებელი სიმპტომები შეინიშნება, ექიმთან მისვლა აუცილებელი არ არის, მაგრამ შეგიძლიათ დაურეკოთ, თუ შფოთავთ.
* არ გამოიწვიოთ ღებინება.
* თუ თავი იჩინა სიმპტომებმა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
მოამზადა მარი აშუღაშვილმა







