ყურების საკითხი
Поделитесь:
როცა რამე სტკივათ, ჩვენი შინაური ცხოველები თოთო ბავშვებივით უმწეოები ხდებიან. გამოთქმა, რასაკვირველია, არაფრისა შეუძლიათ. როგორ გაგვაგებინონ თავიანთი გასაჭირი?
მოყვარულ პატრონს უნდა შეეძლოს ქცევის ცვლილებებსა და გარეგნულ ნიშნებზე დაკვირვებით იმის ამოცნობა, რა სჭირს ცხოველს.
"ვეტკაბინეტში" ამჯერად ძაღლის ყურის ტკივილზე, მის მიზეზებზე, სიმპტომებსა და პრობლემის მოგვარების გზებზე ვისაუბრებთ.
რა უნდა ვიცოდეთ ძაღლის ყურებზე
ყურები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძაღლისთვის – მოსმენა და სხვადასხვა მოქმედების დროს სხეულის ბალანსირება მათი უმთავრესი დანიშნულებაა (საზოგადოდ, ყველა ხერხემლიანი ცხოველის ყური სმენისა და წონასწორობის ორგანოა). იქნებ შეგიმჩნევიათ, რომ ძაღლი მოსვენების დროსაც ხშირად ამოძრავებს ყურებს. ამ დროს ის ყურებით "იყურება" – გარემოდან მომავალ ბგერით სიგნალებს აღიქვამს და წყვეტს, ღირს თუ არა გრძნობის სხვა ორგანოების ჩართვა გარემოს უკეთ შესასწავლად.
ანატომიურად განასხვავებენ შიგნითა, შუა და გარეთა ყურს. შუა ყური მხოლოდ ხმელეთის ხერხემლიანებს აქვთ.
ყური ჰაერის რხევის შედეგად წარმოქმნილ მექანიკურ ენერგიას აღიქვამს. სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმს სხვადასხვა სიხშირის ბგერების აღქმა შეუძლია. ძაღლის სმენითი აღქმის ზედა ზღვარი ადამიანისაზე გაცილებით მაღალია. ეს იმას ნიშნავს, რომ ძაღლს ფაქიზი, კარგად განვითარებული სმენა აქვს და უფრო მეტი ესმის, ვიდრე ადამიანს.
ყურის ანთება
ძაღლის ყურის არხი ლათინური L-ის ფორმისაა, რისი წყალობითაც მექანიკური დაზიანებისგან იცავს შიგნითა ყურს, წინ ეღობება წყალსა და ჭუჭყს, მაგრამ, ძაღლების ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ყური მაინც მოწყვლადი ორგანოა და ადვილიად ზიანდება.
ყურის ანთება ძაღლების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე, ის ყველაზე ხშირად ემართებათ გრძელყურა ჯიშის ძაღლებს: კოკერ-სპანიელს, ბიგლს, ბასეტ-ჰაუნდს, დაქსჰაუნდს (ტაქსას), ავღანურ მწევარს, ინგლისურ სპრინგერ-სპანიელს... ყველაზე ხშირად გვხვდება გარეთა ყურის ანთება, თუმცა ხშირია შუა და შიგნითა ყურის ანთებაც, რომელიც გარეთა ყურის ინფექციის გართულებაა. პრობლემა საკმაოდ სერიოზულია და შესაძლოა, არასასიამოვნო შედეგით დასრულდეს – არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში გამოიწვიოს სმენის დაკარგვა, დრუნჩის ნაწილის პარალიზება, წონასწორობის დარღვევა, თავბრუხვევა-ღებინების შეტევები, სმენის ნერვისა და შიგნითა ყურის ღრუში არსებული სრუქტურების დაზიანება.
გამომწვევი მიზეზები
როგორც ითქვა, ძაღლის ყურს სპეციფიკური ფორმა აქვს. მისი არხი უფრო ვერტიკალურია, ვიდრე ადამიანის ყურისა. ბანაობის ან წყლის პროცედურების დროს მასში წყლის შესვლისა და დაგროვების საფრთხე საკმაოდ დიდია. ყურში შესული და იქვე დაგროვილი სითხე შესაძლოა ინფექციის წყაროდ იქცეს. წესისამებრ, ინფექციას აღძრავს ბაქტერია, სოკო ან ორივე ერთად.
ყურის პრობლემები შესაძლოა გამოიწვიოს პარაზიტმაც. ყურებში ჩაბუდებული ტკიპები მრავლდებიან და აზიანებენ რბილ ქსოვილებს. ძაღლი იწყებს ქექვას, შესაძლოა, გაიკაწროს კანი. გაკაწრულ კანში შეჭრილ ინფექციას ტკიპებისგან დასუსტებული ორგანიზმი ვეღარ უმკლავდება და ცუგა ორმაგი შეტევის მსხვერპლი ხდება.
ყურის ტკივილის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
- სისველე (წვიმის, ცურვის, ბანაობის დროს ყურის არხში მოვედრილი წყალი), რომელიც ოპტიმალურ გარემოს ქმნის მიკრობების გამრავლებისთვის;
- ალერგია – ქავილის დროს ძაღლი იზიანებს კანს;
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა;
- ავტოიმუნური დაავადება;
- ჭარბი გოგირდოვანი ნადები – თუ ყური დიდხანს არ გავასუფთავეთ, ნადები ქერქივით მყარდება, იწვევს ქავილს, ტკივილს, უსიამოვნო სუნს;
- უცხო სხეული, უმეტესად – ბალახი, წიწვი, ქვიშა, მიწა;
- ყურის არხის მექანიკური დაზიანება;
- ყურების ზედმეტი და უხეში წმენდა.
როგორ მივხვდეთ, რომ ძაღლს ყურები სტკივა
ძაღლის ქცევაზე დაკვირვებით პატრონი მიხვდება, რა უჭირს ცუგას. ყურის ტკივილის დროს ძაღლები ხშირად აქნევენ თავს, ცდილობენ, თათებით მოიქავონ მტკივანი ყური ან იატაკზე ახახუნებენ მტკივან მხარეს. დააკვირდით გამონადენსაც – ჯანმრთელი ყური სუფთაა, მტკივანზე კი ნადები შეინიშნება. ხშირია არასასიამოვნო სუნი, სიწითლე და შეშუპება, ძაღლი საყვარელ პატრონსაც კი არ იკარებს, გარბის და იცავს მტკივან ადგილს, ხშირად თავი მტკივანი ყურის მხარეს აქვს გადახრილი, ერღვევა ძილის რეჟიმი, წუხს და სლუკუნებს.
ამ სიმპტომების შემჩნევისას ბრმად ნუ იმოქმედებთ. ძაღლი არც მოგცემთ ყურის მშვიდად დათვალიერების საშუალებას. დაუყოვნებლივ მიმართეთ ვეტერინარს. დროული სამედიცინო ჩარევა უამრავ პრობლემას აგაცილებთ თავიდან და რაც უფრო ადრე დაიწყება ის, მით უფრო ნაკლები გართულება მოჰყვება ყურის ტკივილს.
ყურის ექიმთან
ვიწრო პროფილის ვეტერინარი იშვიათობაა, ამიტომ საგანგებოდ "ძაღლების ოტორინოლარინგოლოგის" ძებნას ნუ მოჰყვებით, ყურის ინფექციური დაავადების დიაგნოზს თქვენი ვეტერინარიც დასვამს. ის სპეციალური აპარატით, ოტოსკოპით, საგულდაგულოდ დაათვალიერებს ყურს. თუ ინფექცია ღრმად არის შეჭრილი, გასინჯვა აუტანელ ტკივილს იწვევს. ამ დროს შესაძლოა, საჭირო იყოს ძაღლის მოდუნება სედაციური საშუალებით. ვეტერინართან გეგმური ვიზიტიც კი სტრესის მომგვრელია ძაღლისთვის. მით უმეტეს გასაგებია მისი მოუსვენრობა ან აგრესიულობა ძლიერი ტკივილის დროს, ამიტომ პატრონს მოთმინება მართებს. ძაღლს არ გაუბრაზდეთ, მისი შეცვლილი ქცევა აგრესიულ შეტევად არ მიიღოთ, დაამშვიდეთ თქვენი მეგობარი, რათა ექიმს მიეცეს საშუალება, სწორი დიაგნოზი დასვას. საკუთარი გამოცდილების საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ პატრონის სწორი განწყობა და დამოკიდებულება ძაღლზე დადებითად მოქმედებს.
მკურნალობა
მას შემდეგ, რაც ექიმი დიაგნოზს დასვამს, ინიშნება ინფექციის გამომწვევისა და მდგომარეობის სირთულის შესაბამისი მკურნალობა. თუ ანთებითი პროცესი ზედაპირულია, ჰიგიენის წესების დაცვა, ყურის ნიჟარის სწორად გასუფთავება და წვეთები შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს. შორს წასულ შემთხვევებში საჭირო იქნება ანტიბიოტიკოთერაპია.
არ შეიძლება სპირტის შემცველი ან ზეთოვანი პრეპარატების თვითნებურად გამოყენება!
არავითარ შემთხვევაში არ "უმკურნალოთ" ძაღლს ნაცნობ-მეგობრების რეკომენდაციებით, მიმართეთ სპეციალისტს და მიიღეთ კვალიფიციური დახმარება.
ნინო ლომიძე







