სიმონ ამირეჯიბი – პრევენციული მედიცინის ფუძემდებელი საქართველოში
Поделитесь:
დიდ მოღვაწეთა სახელი ზოგჯერ ჩრდილში რჩება. სიმონ ამირეჯიბს, გამორჩეულ პიროვნებას, მეცნიერსა და მამულიშვილს, თავის დამსახურებათა წარმოჩენა არ უყვარდა. ხანგრძლივი მოღვაწეობის განმავლობაში მას არ გადაუხდია იუბილე, არ უზრუნია ჯილდოებისა და წოდებების მოპოვებაზე, მატერიალურ კეთილდღეობაზე, არცერთ საჯარო პუბლიკაციაში ირიბადაც კი არ უხსენებია თავისი წვლილი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საქმეში...
სიმონ ამირეჯიბის ცხოვრების შესახებ ფაქტებისა და ფოტომასალის მოძიებაში დახმარებისთვის მადლობას ვუხდით თსუ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის კათედრის პროფესორს ბატონ პაატა იმნაძეს და ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას.
სიმონ ამირეჯიბი 1876 წლის 4 დეკემბერს ქარელის რაიონის სოფელ საღოლაშენში, ნინო ჭავჭავაძის ნათლულის, თავად სარდიონ ამირეჯიბის ოჯახში დაიბადა. სარდიონ და მაკინე ამირეჯიბების სახლი ხელოვანთა თავშეყრის საყვარელი ადგილი იყო, ერთგვარი სალონი, სადაც ლიტერატურულთან ერთად საქველმოქმედო საღამოებიც იმართებოდა. მათი ხშირი სტუმრები იყვნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, შიო არაგვისპირელი, გიორგი არადელი-იშხნელი, ვალერიან გუნია, ვასო აბაშიძე, ზაქარია ფალიაშვილი, ვანო სარაჯიშვილი, შალვა დადიანი და სხვა ცნობილი ადამიანები. სწორედ მაკინე ამირეჯიბს მიუძღვნა აკაკიმ ლექსი "მომღერალ ქალს".
ცოლ-ქმარი დიდ ყურადღებას აქცევდა ქართველი ახალგაზრდების განათლებას. "ივერიის" 1898 წლის ნომერში ვკითხულობთ: "უდიდესი მადლობის ღირსნი არიან კნეინა მაკინე ამირეჯიბისა და მისი მეუღლე, რომელთაც არაფერი დაიშურეს საშვილიშვილო საქმისთვის (მათი წყალობით დაარსებულა საღოლაშენში სამწლიანი სკოლა). ღმერთმა ქნას, რომ მიმბაძავნი ბევრნი აღმოუჩნდნენ".
სარდიონს და მაკინეს სანიმუშოდ აღზრდილი შვილები ჰყავდათ. უფროსი ვაჟი სიმონი საქართველოში ბაქტერიოლოგიისა და ჰიგიენის ფუძემდებელი, თბილისის სანიტარული ჰიგიენის ინსტიტუტის დამაარსებელი და მისი დირექტორი იყო, მომდევნო, გიორგი – გენერალ-მაიორი. გამოჩენილი მკვლევარ-გენეალოგის იური ჩიქოვანის მიერ შედგენილი "ამირეჯიბების გენეალოგიური ნუსხები და კომენტარებიდან" ირკვევა, რომ ორი ძმიდან არცერთს არ დარჩენია შთამომავალი. სიმონ ამირეჯიბს მეუღლესთან, ნინა ივანოვასთან ქორწინებიდან ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი თამარი, რომელიც 1980 წელს გარდაიცვალა. სარდიონისა და მაკინეს მესამე ვაჟის, კონსტანტინეს, შვილი გახლდათ ცნობილი პიანისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, პედაგოგი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი თენგიზ (გიზი) ამირეჯიბი.
ადრეული წლები
1897 წელს, თბილისის I კლასიკური გიმნაზიის წარმატებით დასრულების შემდეგ, სიმონ ამირეჯიბმა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. იქვე ესწრებოდა უმაღლესი მათემატიკის, ასტრონომიისა და ისტორიის ლექციებს, საფუძვლიანად ეუფლებოდა უცხო ენებს.
კვლევა-ძიებისადმი ინტერესი მალევე გამოავლინა. ჯერ კიდევ მესამე კურსის სტუდენტმა, ქიმიის კათედრაზე პროფესორ ვლადიმერ გულევიჩთან მუშაობისას კუნთოვან ქსოვილში შემავალი ნივთიერება კარნოზინი აღმოაჩინა, რასაც მსოფლიოს გამოჩენილი ბიოქომიკოსები გამოეხმაურნენ. ამ აღმოჩენით ცხოველთა ორგანიზმის ექსტრაქტულ ნივთიერებათა შესწავლის ახალ მიმართულებას ჩაეყარა საფუძველი. "სიმონ ამირეჯიბი, – წერდა პროფესორი გულევიჩი დახასიათებაში, – ჩამოყალიბებული მეცნიერია. მას აქვს ფართო ხედვა, მტკიცე ლოგიკური აზროვნება. განსაკუთრებული მიზანსწრაფვა და შეუპოვრობა, დაუცხრომელი შრომისმოყვარეობა, კვლევა-ძიების გზნება, კეთილსინდისიერება და სხვა უაღრესად დადებითი თვისებები, რაც ახალგაზრდა კოლეგას ყველასაგან განასხვავებს".
XX საუკუნის დასაწყისში რუსეთის ინტელიგენციაში გავრცელებული რევოლუციური განწყობა ახალგაზრდა ქართველ ექიმსაც გადაედო და დაიმსახურა კიდეც "არაკეთილსაიმედოს" იარლიყი. ამ მიზეზით მას რამდენჯერმე უთხრეს უარი უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრის ასისტენტობაზე და სადოქტორანტო გამოცდებზეც არ დაუშვეს. უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ სიმონმა ხარკოვის უნივერსიტეტის საფაკულტეტო თერაპიის კლინიკაში შტატგარეშე ასისტენტად დაიწყო მუშაობა, 1904 წლის დასაწყისში კი ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტის ასისტენტი გახდა. იქ 11 წლის განმავლობაში მუშაობდა ისეთ გამოჩენილ მეცნიერებთან ერთად, როგორებიც იყვნენ სტეფან კორშუნი, ვიქტორ ნედრიგაილოვი, ფიოდრ ფავრი და ნიკოლაი გამალეა. სწორედ იმ პერიოდში მიიღო დიდი ცოდნა თეორიულ და პრაქტიკულ ბაქტერიოლოგიაში.
1909 წელს სიმონ ამირეჯიბი სამეცნიერო მივლინებით ევროპაში გაემგზავრა, სადაც ბერლინის, მიუნხენის, ბრიუსელისა და პარიზის ბაქტერიოლოგიური ინსტიტუტების მუშაობას გაეცნო. შემდეგ ვენის სეროლოგიის ინსტიტუტში, პროფესორ რუდოლფ კრაუსთან, შეისწავლა სეროთერაპიისა და იმუნოლოგიის მნიშვნელოვანი საკითხები. იქვე გამოაქვეყნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაშრომი.
ხარკოვში დაბრუნების შემდეგ სიმონმა კვლავ ბაქტერიოლოგიის ინსტიტუტში განაგრძო მუშაობა. აქტიურად მონაწილეობდა ქალთა სამედიცინო ინსტიტუტის დაარსებასა და ხარკოვის სამედიცინო საზოგადოების საზოგადოებრივი მედიცინის, ჰიგიენისა და დემოგრაფიის სექციის ორგანიზაციაში, ერთდროულად მუშაობდა ჰიგიენისა და ეპიდემიოლოგიის კათედრებზე.
პირველი მსოფლიო ომის წლებში ქართველმა მეცნიერმა მიკრობიოლოგიის, ეპიდემიოლოგიისა და ჰიგიენის აქტუალურ საკითხებზე რამდენიმე ნაშრომი შექმნა. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მის ექსპერიმენტულ ნაშრომებს ნატყვიარი და ჩირქოვანი ჭრილობების მკურნალობისა და პარტახტიანი ტიფის შესახებ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ქართული უნივერსიტეტის დაარსებისთანავე, სხვა ქართველ მეცნიერებთან ერთად, სამშობლოს სიმონ ამირეჯიბმაც მოაშურა. 1919 წელს მან უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულეტეტის დაარსებაში მიიღო მონაწილეობა და ამავე ფაკულტეტის ბაზაზე ჩამოაყალიბა ბაქტერიოლოგიისა და ზოგადი ჰიგიენის კათედრები. მისი ხელშეწყობით დაარსდა მიკრობიოლოგიის კათედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტზე. დააფუძნა საქართველოს სსრ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სანიტარიისა და ჰიგიენის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც თვითონვე ჩაუდგა სათავეში. პარალელურად იყო თავისივე პირმშოს, ბაქტერიოლოგიის ლაბორატორის, კონსულტანტი (შემდგომში სწორედ ამ ლაბორატორიის ბაზაზე დაარსდა ბაქტერიოფაგის ცნობილი ინსტიტუტი). ხელმძღვანელობდა პასტერის სადგურსაც – სანიტარულ-პროფილაქტიკურ დაწესებულებას, სადაც ცოფის საწინააღმდეგო აცრები ტარდებოდა.
ბათუმში მეცნიერმა დააფუძნა შავი ჭირის ლაბორატორია, რითაც დასაბამი მიეცა განსაკუთრებით საშიში ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის მეცნიერულად დასაბუთებულ ღონისძიებათა სისტემას. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ინფექციურ სნეულებათა გავრცელების საფრთხე მაღალი იყო, პროფილაქტიკის საშუალებები არ არსებობდა. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელი იყო შრატებისა და ვაქცინების შექმნა, მაგრამ საჭირო ფინანსური რესურსი ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა. თავად არასახარბიელო ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფმა სიმონ ამირეჯიბმა საკუთარი სახსრებით შეძლო ამ მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება.
1920 წელს ბათუმში შავი ჭირი გავრცელდა, 100 ავადმყოფიდან 32 გარდაიცვალა. იმხანად ვაქცინა მხოლოდ საპორტო ქალაქ კრონშტადტში მზადდებოდა, რომელთან დაკავშირებაც შეუძლებელი აღმოჩნდა. დასნებოვნების მაღალი რისკის მიუხედავად, სიმონ ამირეჯიბი უყოყმანოდ გაემგზავრა ბათუმში და შავი ჭირით მკვდარი ვირთაგვა ჩამოიტანა, მისი სხეულიდან დაავადების გამომწვევი ცოცხალი მიკრობები გამოყო და საკუთარი ხელით დამზადებული ვაქცინით ბათუმის მოსახლეობა აცრა, რის შემდეგაც შავი ჭირის გავრცელება შეწყდა.
1931 წელს სიმონ ამირეჯიბმა საბჭოთა კავშირში პირველად ჩაატარა დიფთერიის საწინააღმდეგო აქტიური იმუნიზაცია, რასაც მომავალში ამ სენით ავადობის პრაქტიკული ლიკვიდაცია მოჰყვა. დიფთერიის სამკურნალო ანტიტოქსიკური შრატის დასამზადებლად საჭირო იყო სტანდარტული კონდიციის (ჯიშიანი) რამდენიმე ცხენი, რომელთა შესაძენად შესაბამის უწყებებს სახსრები არ გააჩნდათ. თანხა ისევ სიმონ ამირეჯიბმა გაიღო. გვიანღა გამომჟღავნდა, რომ მან ე.წ. ტორგსინში (ვალუტაზე მოვაჭრე მაღაზიების ქსელი) მიიტანა თავისი საგვარეულო და მეუღლის ძვირფასეულობა, რათა დიფთერიით დაავადებული ბავშვები გადაერჩინა.
ჯანდაცვის ორგანიზატორი
სიმონ ამირეჯიბს ფასდაუდებელი ღვაწლი მიუძღვის თბილისის წყალმომარაგების სისტემის შექმნაში. სწორედ მისმა თანმიმდევრულმა და გააზრებულმა შრომამ უზრუნველყო ამ სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა. ქართველ მეცნიერს უმნიშვნელოვანესი კვლევები აქვს ჩატარებული მტკვრის დაბინძურებისა და თვითგაწმენდის საკითხებზე, გარემოს დაცვის პრობლემებზე. მისივე სახელს უაკვშირდება თბილისის მოსახლეობისთვის ნატახტრის წყაროს სასმელ წყლად გამოყენება. სიმონ ამირეჯიბმა გამოიკვლია თბილისის კანალიზაციის, ბათუმის წყალსადენისა და კანალიზაციის მდგომარეობა, შეიმუშავა მათი კეთილმოწყობის ღონისძიებანი. მანვე შეისწავლა საწარმოო და საყოფაცხოვრებო პირობების გავლენა მუშათა ჯანმრთელობაზე, საწარმოო ადგილების ჰაერის შემადგენლობა, მტვრისა და აირების შემცველობა. მისი ინიციატივითა და მონაწილეობით ჩატარდა ჭიათურის მაღაროელთა შრომის პირობების შემსწავლელი არაერთი ექსპედიცია.
სიმონ ამირეჯიბი ავტორია სამედიცინო მიკრობიოლოგიის პირველი ქართული სახელმძღვანელოსი, რომელიც 1933 წელს გამოქვეყნდა. რა თქმა უნდა, მომდევნო ათწლეულებში მიკრობიოლოგიური კვლევების ტექნიკა კოლოსალურად განვითარდა, პრაქტიკაში დაინერგა მეთოდები, რომლებზეც ადრე მხოლოდ ოცნება თუ შეიძლებოდა, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდანაც კი ამ სახელმძღვანელოს მხოლოდ ისტორიული მნიშვნელობა როდი აქვს – ყურადღებას იპყრობს მისი სტრუქტურა, მასალის გადმოცემის ფორმა და ინფორმაციის მაქსიმალური ათვისების უზრუნველმყოფი მეთოდური მიდგომები.
სიმონ ამირეჯიბის თანამშრომელთა და მოწაფეთაგან დღეს აღარავინაა ცოცხალი, მაგრამ გადმოცემებმა შემოინახა მათი უდიდესი სიყვარული და მოწიწება დიდებული კოლეგისა და მასწავლებლისადმი. ყველა მათგანი ერთხმად აღიარებდა პროფესორის საოცარ ერუდიციას, უმაღლეს პროფესიონალიზმს, შრომისმოყვარეობას, თანამიმდევრულობას ყოველ წამოწყებულ საქმეში, კეთილშობილებას, დახვეწილ არისტოკრატიზმს, უზადო პატიოსნებასა და უანგარობას, მაღალ სალექციო კულტურას, მასალის გადმოცემის უაღრესად მკაფიო სტილს და მსმენელებში განსახილველი თემატიკისადმი ცხოველი ინტერესის გაღვიძების სწორუპოვარ უნარს.
სიმონ ამირეჯიბი 1936 წლის 24 ოქტომბერს 59 წლისა გარდაიცვალა. როგორც უკვე ითქვა, მისთვის სრულიად მიუღებელი იყო საკუთარი პიროვნებისა და ნაღვაწის წარმოჩენა, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების კვალდაკვალ 1919 წელს სწორედ მისი თაოსნობით ჩაეყარა საფუძველი საქართველოში პრევენციულ მედიცინას. მიგვაჩნია, რომ ქართულ სამედიცინო საზოგადოებას მით უფრო მართებს სიმონ ამირეჯიბის ხსოვნისთვის ჯეროვანი პატივის მიგება.
მარი მარღანია







