იუმორი აღზრდაში: როგორ ვიპოვოთ ბალანსი
Поделитесь:
იუმორი მძლავრი ინსტრუმენტია, რომელიც მშობლებსა და შვილებს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირის დამყარებაში ეხმარება, განმუხტავს დაძაბულობას და პოზიტიური ხედვის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, მაგრამ მისი ეფექტიანობაც, ისევე როგორც მშობლებისა და შვილების ურთიერთობის მრავალი სხვა ელემენტისა, დროზე, კონტექსტსა და ბავშვის განვითარების დონეზეა დამოკიდებული.
ქვემოთ განვიხილავთ, რამდენად სასარგებლოა იუმორი, როგორ გამოვიყენოთ ის სხვადასხვა ასაკისა და განვითარების ბავშვებთან და როგორ არ გადავიდეთ ზღვარს.
ოჯახურ გარემოში იუმორს შეუძლია:
- დაძაბულობის განმუხტვა,
- ურთიერთკავშირის განმტკიცება,
- გამძლეობის მაგალითის მიცემა პატარებისთვის.
თუმცა მეგობრულ იუმორსა და მტკივნეულ დაცინვას შორის ზღვარი ზოგჯერ უმნიშვნელოა და შესაძლოა, უნებლიეთ გადაიკვეთოს.
მნიშვნელოვანია, იუმორი ყველასთვის სახალისო იყოს და არ მიიღოს დამცირების ფორმა.
როდის როგორ აღიქვამენ ბავშვები იუმორს
ჩვილობიდან 3 წლამდე
ამ ასაკში ბავშვები მეტწილად ინტონაციაზე, სახის გამომეტყველებასა და თამაშის ხმებზე რეაგირებენ. სიტყვიერ ხუმრობებს ისინი ჯერ ვერ აღიქვამენ.
ფიზიკურ იუმორს აქვს თავისი წესები. სამ წლამდე ასაკის პატარასთან დაუშვებელია უხეში ქცევა, თუნდაც მსუბუქი ხელის კვრა, ხელის ზედმეტად ძლიერი მოთათუნება. თუ ხედავთ, რომ პატარამ ერთხელ გაიცინა, მაგრამ განმეორებით მსგავსი საქციელი აღარ ართობს, აუცილებლად შეწყვიტეთ.
სკოლამდელ ასაკში (3-დან 5 წლამდე)
ამ ასაკში ბავშვები იწყებენ მარტივი ხუმრობებისა და სიტყვებით თამაშის აღქმას. მათ მოსწონთ ვიზუალური იუმორიც და სიტყვიერი ხუმრობებიც – რაღა თქმა უნდა, მშობლისგან სიყვარულით გადმოცემული.
ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია, იუმორი იყოს გააზრებული და მოზომილი. სკოლამდელი ასაკის ბავშვს ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული თვითშეფასება, ამიტომ თუ მის შეცდომაზე, ფეხის წამოკვრაზე, არასწორად ნათქვამ სიტყვაზე გაიცინებთ და იხუმრებთ, შესაძლოა, გაგინაწყენდეთ და თავი დამცირებულად იგრძნოს.
უმცროს სასკოლო ასაკში (6-დან 12 წლამდე)
ამ ასაკში ბავშვები უფრო რთულ იუმორსაც აღიქვამენ. მათ ესმით სარკაზმი, ირონია, სოციალური ხუმრობები.
უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვმა უკვე თავადაც უნდა ისწავლოს იუმორში ზომიერება, რათა თანატოლებს არ გაეხუმროს ისე, რომ მათ თავი შეურაცხყოფილად იგრძნონ, მაგალითის მიმცემი კი თავად მშობელი უნდა იყოს.
მოზარდი ასაკი (13 წლიდან)
მოზარდებს უკვე ჩამოყალიბებული აქვთ იუმორის გრძნობა და მას ისე იყენებენ, როგორც სოციალურ ინსტრუმენტს, მაგრამ თინეიჯერებს მეტისმეტად აქვთ გაფაქიზებული თავმოყვარეობა და სამართლიანობის გრძნობა, ამიტომ მათთან ზომიერებაა საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკის ბავშვები თითქმის ყველანაირ იუმორს აღიქვამენ, ზომიერება მაინც აუცილებელია. ნუ მიაჩვევთ ხუმრობისას შეურაცხმყოფელი ეპითეტების გამოყენებას. ხუმრობით შეხებაც კი ძალზე მოზომილი უნდა იყოს, რათა შემდგომ სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას არ გამოიყენონ შეუფერებელი სიტყვები ან ქცევა.
როდის არის იუმორი ზედმეტი
იუმორი უნდა იყოს თანასწორი და არ ემყარებოდეს ოჯახის რომელიმე წევრის დაცინვას, აბუჩად აგდებას. თუ ხედავთ, რომ ბავშვს თქვენი სიტყვები ეწყინა, აუცილებლად მოუბოდიშეთ. თუ სხვისთვის საწყენად იხუმრა, ესეც აუცილებლად აღნიშნეთ და მიუთითეთ.
დაცინვა ყოველთვის დაუშვებელია. თანატოლებთან, საუკეთესო მეგობრებთან მსგავსი ხუმრობა ზოგჯერ მისაღებია, – ამას ბავშვები თავად დააბალანსებენ, მაგრამ ოჯახში მოზარდი უნდა ხედავდეს, რომ იუმორის იარაღად დაცინვის გამოყენება დაუშვებელია.
რეაქციების ამოცნობა
არაცნობიერი მინიშნებები: არასასიამოვნო განცდებს ბავშვები ხშირად სხეულის ენით გამოხატავენ. თუ დაინახეთ, რომ ბავშვმა თქვენს ხუმრობაზე ნაძალადევად გაიღიმა ან იმ მომენტში გაიღიმა, მაგრამ მოგვიანებით მოიწყინა, არ დატოვოთ ეს ფაქტი უყურადღებოდ, აუცილებლად ჩაეძიეთ, რა ეწყინა, აუხსენით, თუ რამე არასწორად გაიგო და დაარწმუნეთ, რომ მისი წყენა ან შეურაცხყოფა არ გქონიათ მიზნად.
სიტუაციური ცნობიერება
პირადი და საზოგადო: აუცილებელია, ბავშვმა ისწავლოს ბალანსის დაცვა. ის, რაც ოჯახსა და უახლოეს წრეში შეიძლება ხუმრობად ჩაითვალოს, უცხო ადამიანების გარემოცვაში შესაძლოა უადგილო და დამამცირებელი აღმოჩნდეს. ყოველთვის განიხილეთ მსგავსი სიტუაციები და აუხსენით ბავშვს, რატომ არის ასე.
ემოციური მდგომარეობა: ხუმრობისას გაითვალისწინეთ ბავშვის ემოციური მდგომარეობა. თუ მან ცუდი ნიშანი მიიღო და მოწყენილია, ამ თემაზე ხუმრობა შესაძლოა საერთოდ არ აღმოჩნდეს მისთვის შვების მომგვრელი – გულითადი საუბარი უფრო შესაფერისი იყოს.
პრაქტიკული რჩევები
პოზიტიური იუმორის მოდელირება: ეცადეთ, არ გამოიყენოთ იუმორი, რომელიც ბავშვს თუნდაც სულ ოდნავ დამცირებულად აგრძნობინებს თავს. თუ მის შეცდომებზე ხუმრობთ და იმ მომენტში ეს მართლაც სასაცილოა, იქვე გაიხსენეთ და მაგალითად მოიყვანეთ საკუთარიც.
მოიფიქრეთ ოჯახური, საერთო ხუმრობები. ხუმრობა, რომელიც მხოლოდ ოჯახის წევრებს ესმით, ძალიან კარგი გზაა ურთიერთობის განსამტკიცებლად და რთულ სიტუაციებთან გასამკლავებლად.
აუცილებელია, იუმორს თან ახლდეს ემპათია. თუ ბავშვი ნაწყენი, შეურაცხყოფილი ან გაბრაზებულია, სანამ ხუმრობით მისთვის ხასიათის გამოკეთებას ეცდებით, გამოხატეთ თანაგრძნობა, მხარდაჭერა, აგრძნობინეთ, რომ გესმით მისი.
ასწავლეთ ბავშვს თვითირონია, რათა საკუთარი შეცდომები ტრაგედიად არ აღიქვას.
ლიკა ქათამაძე







