სმენის შეძენილი დაქვეითება

Поделитесь:

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 430 მილიონზე მეტ ადამიანს სმენის ამა თუ იმ ხარისხის დაქვეითება აქვს. ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი უამრავ პრობლემას ეჯახებიან: სმენის დაქვეითება, გარდა კომუნიკაციის სირთულეებისა, იწვევს სოციალურ იზოლაციას, დეპრესიას, კოგნიტიური უნარების დაქვეითებას და ცხოვრების ხარისხის გაუარესებას.

დაკარგული სმენის აღდგენა შეუძლებელია, მაგრამ სმენის დარღვევის ადრეული დიაგნოსტირება წარმატებული რეაბილიტაციის საწინდარია.

რა გზას გადის ადამიანი სმენის დარღვევის ადრეული ნიშნებიდან სმენის პროთეზირებამდე?

როგორ გვესმის

ბგერა ტალღებად შედის ყურში, გაივლის მის რამდენიმე სტრუქტურას, გარდაიქმნება ნერვულ იმპულსად და მიემართება ტვინისკენ, სადაც ხმოვანი ინფორმაციის ინტერპრეტაცია ხდება. ყური ამ ინფორმაციის კარიბჭეს წარმოადგენს. ის სამი ძირითადი ნაწილისგან – გარეთა, შუა და შიგნითა ყურისგან შედგება.

ბგერის გატარება გარეთა და შუა ყურის ფუნქციაა, ხოლო ხმოვანი სიგნალის ნერვულ იმპულსად გარდაქმნა – შიგნითა ყურისა.

ამ ჯაჭვის ნებისმიერ რგოლში წარმოშობილი პრობლემა სმენის ფუნქციაზე აისახება. სმენის დაქვეითების ტიპი, სიმწვავე და პროგნოზი დამოკიდებულია იმაზე, ბგერითი ინფორმაციის აღმქმელ რომელ სტრუქტურას უკავშირდება დაზიანება.

ტერმინების განმარტება

განასხვავებენ სმენის დაქვეითებას და სიყრუეს.

ჯანმოს განმარტებით, ადამიანი სმენადაქვეითებულად მიიჩნევა, თუ მას ისევე კარგად არ ესმის, როგორც ნორმალური სმენის მქონე ადამიანს.

ნორმალური სმენა გულისხმობს 20 დბ ან უფრო დაბალ სმენის ზღურბლს ორივე ყურში.

სმენის ზღურბლია ადამიანის მიერ დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ინტენსივობის ბგერა, მაგალითად, ჩურჩული, რომელიც გვესმის, მაგრამ არა სრულად. 0 დბ-ზე დაბალი სიხშირის ბგერებს ადამიანის ყური ვერ აღიქვამს. რაც უფრო მაღალია სმენის ზღურბლი, მით უფრო მეტად არის დაქვეითებული სმენა და პირიქით. ზრდასრულებთან შემზღუდველი გავლენის მქონედ განიხილება 40 დბ-ზე მაღალი სმენის ზღურბლი უკეთესი სმენის მქონე ყურში.

სიყრუედ მიიჩნევა სმენის დაზიანება, რომელიც იმდენად მძიმეა, რომ ადამიანს არ შეუძლია სმენის საშუალებით ინფორმაციის მიღება ან გარემოს ხმების დამუშავება მაშინაც კი, როცა სმენის გამაძლიერებელ მოწყობილობას იყენებს.

სმენის დაზიანების ხარისხი 

ნორმალური სმენა       -  0-20 დბ

მსუბუქი დაქვეითება   -  20-40 დბ

საშუალო დაქვეითება   -  40-60 დბ

მძიმე დაქვეითება        -  60-80 დბ

ძალიან მძიმე დაქვეითება  - 80 დბ და მეტი

რა იწვევს

დაბადების შემდგომ განვითარებულ სმენის დარღვევას სმენის შეძენილი დარღვევა ჰქვია. მის მიზეზად შესაძლოა იქცეს:

ყურის დაცობა

ყურის დაცობა შესაძლოა გამოიწვიოს ე.წ. გოგირდის საცობმა – გარეთა სასმენ მილში დაგროვილმა ცვილმა, სასმენ მილში მოხვედრილმა მწერმა, ნაწიბუროვანმა ქსოვილმა ან სიმსივნემ.

მექანიკური მიზეზით გამოწვეული სმენის დაქვეითების (კონდუქციური სიყრუის) მკურნალობა შედარებით ადვილია, თუმცა პროფესიონალის ჩარევას მოითხოვს. ცვილს ფრთხილად იღებენ ყურიდან სპეციალური ხელსაწყოთი. კიურეტით (მარყუჟიანი იარაღით) ან ტუმბოთი საცობის ამოღება უფრო სწრაფი და უსაფრთხო პროცედურაა, ვიდრე ირიგაცია – სასმენი მილის წყლით გამორეცხვა. როდესაც ირიგაცია იგეგმება, აუცილებელია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება, რადგან მისი ჩატარება არ შეიძლება, თუ:

* პერფორირებულია (გახვრეტილია) ან ოდესმე იყო პერფორირებული დაფის აპკი – ეს წარმოშობს საშიშროებას, წყალმა შუა ყურში შეაღწიოს და ინფექცია გამოიწვიოს;

* პაციენტს ყურიდან გამონადენი აქვს – შესაძლოა, დაფის აპკი პერფორირებული იყოს და გამონადენი შუა ყურიდან მოდიოდეს.

ცვილის ამოღებამდე ზოგჯერ სასმენ მილში აწვეთებენ გამხსნელ ნივთიერებას, რომლებიც საცობს არბილებს: წყალბადის ზეჟანგს, გლიცერინს, მინერალური ზეთს, ბავშვის ზეთს ან თხევად ნატრიუმის დოკუზატს. მათი ხანგრძლივი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, რადგან შესაძლოა, სასმენი მილის კანის გაღიზიანება ან ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს.

ნუ ეცდებით ცვილის ამოღებას თვითნებურად ჩხირით, ქინძისთავით, ფანქრით ან სხვა წვეტიანი საგნით – ამ დროს ცვილი, წესისამებრ, უფრო ღრმად შედის სასმენ მილში და შესაძლოა, დაფის აპკი დააზიანოს.

თუ ადამიანს ვიწრო სასმენი მილი აქვს, მისი ყურის ცვილი მეტისმეტად წებოვანი ან სქელია ან დასტურდება სასმენი მილის კანის ქრონიკული დაავადება, საჭიროა სასმენი მილის რუტინული წმენდა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ექიმმა უნდა ჩაატაროს.

ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტი

ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტი (შუა ყურის ქრონიკული ჩირქოვანი ანთება) დაფის აპკის ხანგრძლივი ან მუდმივი პერფორაციაა. ის, წესისამებრ, გამოწვეულია მწვავე შუა ოტიტით, ევსტაქის მილის დახშობით, ყურის ტრავმით. ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტი შესაძლოა გამწვავდეს უბრალო გაციების შემდეგ, ასევე – ბანაობის ან ცურვის დროს ყურში წყლის შესვლის შედეგად. გამწვავება იწვევს ყურიდან უმტკივნეულო ჩირქოვან გამონადენს, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ძალიან უსიამოვნო სუნი. მუდმივმა გამწვავებამ შესაძლოა გამოიწვიოს პოლიპების გაჩენა, რომლებიც აზიანებს სასმენ ძვლებს და სმენის დაქვეითებას ან დაკარგვას იწვევს.

ქრონიკული ჩირქოვანი ოტიტის დროს ზოგიერთ ადამიანს შუა ყურში ქოლესტეატომა უვითარდება. ეს არის კანის მსგავსი არასიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც ანადგურებს ძვლებს და მნიშვნელოვნად ზრდის ისეთი მძიმე გართულებების ალბათობას, როგორიცაა შიგნითა ყურის ანთება, სახის დამბლა და ტვინის ინფექცია, რასაც საბოლოოდ სმენის ნერვის დაზიანებამდე და სიყრუემდე მივყავართ.

ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტის გამწვავებისას ინიშნება ანტიბიოტიკის შემცველი ყურის წვეთები ან დასალევი ანტიბიოტიკები. მნიშვნელოვანია ყურის სიმშრალის შენარჩუნება. სმენის კორექცია შესაძლებელია ტიმპანოპლასტიკით – დაფის აპკის ქირურგიული აღდგენით. თუ სასმენი ძვლები დაზიანებულია, შესაძლებელია მათი ჩანაცვლებაც, ქოლესტეატომა კი მისი ქირურგიული წესით მოშორების პირდაპირი ჩვენებაა.

ოტოსკლეროზი

ოტოსკლეროზი ძვლის პათოლოგიური რემოდელირებით (განახლებით) გამოწვეული დაავადებაა. შუა ყურის ღრუში იზრდება ღრუბლისებრი ძვლოვანი ქსოვილი, რაც ხელს უშლის სასმენი ძვლების ვიბრაციას და ამცირებს მათ მიერ ბგერის გატარების უნარს.

ახალგაზრდებთან ოტოსკლეროზი სმენის დაქვეითების ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ამასთან, ქალებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს. ვითარდება ერთ ან ორივე ყურზე. მისი მიზეზი უცნობია. რისკის ფაქტორებად მიიჩნევა ორსულობა და სმენის დაქვეითების ოჯახური ისტორია.

ოტოსკლეროზით გამოწვეული სმენის დაქვეითების სამკურნალოდ მიმართავენ სტაპედექტომიას – შუა ყურში დგამენ სპეციალურ პროთეზს, რომელიც უზრუნველყოფს ბგერითი ტალღების გადაცემას შიგნითა ყურში.

ოტოტოქსიკური მედიკამენტები

არსებობს წამლები, რომლებსაც სმენის დაქვეითება შეუძლია. მათ ოტოტოქსიკურ პრეპარატებს უწოდებენ. ოტოტოქსიკური პრეპარატების რიცხვს მიეკუთვნება ანტიბიოტიკები (სტრეპტომიცინი, ტობრამიცინი, გენტამიცინი, ნეომიცინი, ვანკომიცინი), ზოგიერთი ქიმიოთერაპიული საშუალება (მაგალითად, ცისპლატინი), ფუროსემიდი და ასპირინი, თუმცა განვითარდება თუ არა ოტოტოქსიკური ეფექტი, არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული: წამლების რაოდენობასა და დოზაზე, მიღების ხანგრძლივობაზე, იმაზე, დაქვეითებულია თუ არა თირკმლის ფუნქცია და, ამის კვალობაზე, გართულებულია თუ არა წამლის ორგანიზმიდან გამოდევნა, აქვს თუ არა პაციენტს წამლებით გამოწვეული სმენის დაქვეითების ოჯახური ისტორია, არის თუ არა გენეტიკურად უფრო მგრძნობიარე ოტოტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების მიმართ, იღებს თუ არა ერთდროულად ერთზე მეტ ოტოტოქსიკურ პრეპარატს.

იმისთვის, რომ წამლებით გამოწვეული სმენის დაქვეითება თავიდან ავიცილოთ, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მივიღოთ ოტოტოქსიკური პრეპარატების ყველაზე მცირე ეფექტური დოზა, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში, თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, უნდა მოხდეს წამლის დოზის მონიტორინგი სისხლში მისი გაზომვით. ასევე სასურველია, ოტოტოქსიკური პრეპარატებით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტს შეუმოწმდეს სმენა და მკურნალობის პერიოდშიც მოხდეს მისი კონტროლი. თუ არსებობს სხვა ეფექტური მედიკამენტი, ხანდაზმულები და სმენადაქვეითებულები ოტოტოქსიკური საშუალებებით არ უნდა მკურნალობდნენ.

თუ ოტოტოქსიკური ეფექტი გამოვლინდა, პრეპარატის მიღება წყდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მკურნალობის შეწყვეტა საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს, ხოლო ალტერნატივა არ არსებობს. თავად ოტოტოქსიკურობის კონტროლი შეუძლებელია, მაგრამ ზოგჯერ სმენა მედიკამენტის მოხსნის შემდეგ ნაწილობრივ თავისთავად აღდგება.

ხმაური

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცის თანახმად, მთელ მსოფლიოში ზრდასრულთა 17%-ს აღენიშნება სმენის დაქვეითება, რომელიც ხმაურის ზემოქმედებით არის გამოწვეული. ხმაური ანადგურებს შიგნითა ყურის წამწამებს და ადამიანი მგრძნობიარე ხდება მაღალი სიხშირის ბგერების მიმართ. ხმაურის ხანგრძლივი ზემოქმედება სმენის დროებით ან მუდმივ დაკარგვას იწვევს.

ბგერების სიხშირე და ზემოქმედების ხანგრძლივობა თანაბრად მნიშვნელოვანია. რაც უფრო მაღალი სიხშირის ბგერა მოქმედებს თავის ტვინზე, მით უფრო სწრაფად ქვეითდება სმენა. ძალიან მაღალი სიხშირის ბგერებმა შესაძლოა ერთჯერადი ხანმოკლე ზემოქმედების შედეგადაც გამოიწვიოს სმენის დაკარგვა. მაღალი სიხშირის ბგერები ხშირად სმენის დროებით დაკარგვას იწვევს, რომელიც რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება (ე.წ. ზღურბლის დროებითი შეცვლა). სმენის დაკარგვა შესაძლოა სამუდამოც აღმოჩნდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ზემოქედება მრავალჯერადია.

ხმაურის პოტენციურად საშიში წყაროებია: ხმამაღალი მუსიკა, ელექტროხელსაწყოები, მძიმე ტექნიკა, ზოგიერთი ტიპის სატრანსპორტო საშუალება, მაგალითად, თოვლის საწმენდი მანქანები. მავნე ხმაურის ზემოქმედებას ადამიანი შესაძლოა სამუშაო გარემოშიც განიცდიდეს. ასეთი ადამიანებისთვის სმენის დაქვეითება მნიშვნელოვანი პროფესიული რისკია.

პრესბიაკუზია

ასაკთან ასოცირებულ სმენის დაქვეითებას პრესბიაკუზია ეწოდება. ადამიანთა ნაწილს ასაკის მატებასთან ერთად ყურის სტრუქტურების ელასტიკურობა უქვეითდება. ვითარდება დისტროფიული ცვლილებები და ბგერითი ტალღების აღქმის უნარი იკლებს, რაც სმენის დაკარგვას უწყობს ხელს. თუ ხმაურის ზემოქმედება გაგრძელდა, მდგომარეობა თანდათან უარესდება.

ასაკთან ასოცირებული სმენის დაქვეითება ხშირად 30 წლიდან იწყება, თუმცა ნელა პროგრესირებს და შესაძლოა, 60 წლამდეც კი შეუმჩნეველი დარჩეს.

თავდაპირველად ქვეითდება ყველაზე მაღალი სიხშირის ბგერების აღქმის უნარი, მერე კი – დაბალი სიხშირის ბგერებისა. მაღალი სიხშირის ბგერების აღქმის უნარის დაკარგვა ხშირად წარმოშობს მეტყველების პრობლემებს. პაციენტების ნაწილი ხმამაღალ საუბარს ნორმად მიიჩნევს, ვინაიდან განსაზღვრული თანხმოვნების (დ, კ, პ, ს, ც, ტ) გარჩევა უჭირს. ამის გამო სმენადაქვეითებულებს ეჩვენებათ, რომ ბუტბუტებენ, რის გამოც მათი სიტყვები შესაძლოა არასწორად გაიგონ. თუმცა პაციენტები უფრო მეტად იმას უჩივიან, რომ სხვები ლაპარაკობენ გაუგებრად, ვიდრე იმას, რომ თვითონ არ ესმით კარგად. ქალებისა და ბავშვების მეტყველება, რომლებიც უფრო მაღალი სიხშირის ბგერებს გამოსცემენ, მათთვის უფრო რთული გასაგებია, ვიდრე მამაკაცებისა. პაციენტების ნაწილი ამჩნევს ვიბრაციას ზოგიერთი მუსიკალური ინსტრუმენტის, მაგალითად, ვიოლინოსა და ფლეიტის, ხმიანობაში.

სმენის მცირედი დაქვეითებაც კი აუარესებს ბგერების აღქმის უნარს, ამიტომ სმენადაქვეითებული პაციენტები ნელ-ნელა თავს არიდებენ საუბარს. უფრო მეტად უჭირთ სიტყვების გაგება, როცა ფონად ხმაური ან ერთზე მეტი ადამიანის საუბარია, მაგალითად, რესტორანში ან ოჯახური შეკრების დროს, და გამუდმებით სთხოვენ თანამოსაუბრეს, ხმამაღლა ილაპარაკოს. სმენადაქვეითებულმა ადამიანმა შესაძლოა ვერ გაიგოს კითხვის არსი და უცნაური პასუხი გასცეს, რის გამოც თანამოსაუბრეს ექმნება შთაბეჭდილება, რომ ადამიანი დაბნეულია. თავად სმენადაქვეითებულს უჭირს განსაზღვრა, რამდენად ხმამაღლა ლაპარაკობს, იწყებს ყვირილს, რაც თანამოსაუბრეს მასთან ურთიერთობის გაგრძელების ხალისს უკარგავს. ყოველივე ამის გამო სმენის დაკარგვამ შესაძლოა სოციალური იზოლაცია და დეპრესია გამოიწვიოს. დემენციის მქონე პაციენტებთან სმენის დაქვეითება კომუნიკაციას ერთიორად ართულებს.

პრესბიაკუზიით გამოწვეული სიყრუის მკურნალობა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია დაკარგული სმენის რაც შეიძლება მალე და უკეთ კომპენსირება. სმენის ზომიერი ან მძიმე ხარისხის დაქვეითებისას რეკომენდებულია ყურის სასმენი აპარატის გამოყენება. სმენის მძიმე ან სრული დაკარგვის დროს კოქლეარული იმპლანტაცია ტარდება.

მარი მარღანია    

Поделитесь: