თამთა გაბრიჩიძის კინო და ჩრდილში მყოფი ადამიანების ისტორიები
Поделитесь:
ერთ პატარა ოჯახში მამა, დედა და მათი გოგონა ცხოვრობდნენ. გოგონას დიდხანს ეგონა, რომ ამქვეყნად ბოროტება არ არსებობდა. მერე ქვეყანაში ჩამობნელდა, პურისა და შაქრის მოსაპოვებლად ადამიანები ნახევარ ცხოვრებას რიგებში ატარებდნენ. სახლში სანთლის შუქი და ნავთის სუნი ტრიალებდა, ან რადიოს ხმა ისმოდა, ან მეზობლების გაუთავებელი ჭუკჭუკი. დროდადრო ქალაქი განათდებოდა და ათასობით ადამიანი ერთიანად დაიქუხებდა: “შუქი მოვიდააა!”. ეს ბედნიერების შეძახილები, ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრება გოგონას, რომელსაც, მიუხედავად ყველაფრისა, ლაღი და მშვენიერი ბავშვობა ჰქონდა.
ახლა ეს გოგონა, თამთა გაბრიჩიძე, კინორეჟისორია, ლოს-ანჯელესში დევიდ ლინჩთან შეხვედრასა და საუბარს იხსენებს და კვენტინ ტარანტინოს გვერდით ერთი სამუშაო დღის გატარებაზე ოცნებობს. თამთას ფილმ “სოვდაგარს” საერთაშორისო აღიარება ხვდა წილად. ფილმის მთავარი პერსონაჟი მოხეტიალე ვაჭარია, რომელიც კარტოფილის ძიებაში სამცხე-ჯავახეთის სოფლებამდე ჩადის (კარტოფილი აქ მთავარი ვალუტაა – მასზე ცვლიან მეორეულ ტანსაცმელსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს) და გზადაგზა შემხვედრი ადამიანების ისტორიებს გვიამბობს.
“სოვდაგარმა” კანადის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე საუკეთესო მოკლემეტრაჟიანის ნომინაციაში გაიმარჯვა. ამ წარმატების შემდეგ “ნეტფლიქსმა”, მსოფლიოს უდიდესმა ინტერნეტტელევიზიამ, ფილმის დისტრიბუციის ოფიციალური უფლება შეიძინა. ახლახან კი “სოვდაგარმა” სანდენსის კინოფესტივალის მთავარი პრიზი მიიღო.
კინო
– კინო ფიქრით იწყება. მერე მოდის სცენარის წერა, ფინანსების მოპოვება, გუნდის შეკვრა, მასთან ერთად დეტალების დახვეწა-დამუშავება და უშუალოდ გადაღება, ამის შემდეგ – პოსტწარმოება, დაბოლოს – დისტრიბუცია. ფესტივალებში მონაწილეობა დისტრიბუციის ერთ-ერთი ეტაპია. ავტორისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ისეთ ფესტივალებზე მოხვედრა, რომლებსაც დიდი სახელი და ავტორიტეტი აქვს. ასევე მნიშვნელოვანია ფილმის გატანა კინოთეატრებში, ტელეარხებზე... ნამუშევრის მოხვედრა ისეთ მასშტაბურ პლატფორმაზე, როგორიც “ნეტფლიქსია”, რა თქმა უნდა, წარმატებაა, რადგან ფილმს დიდი აუდიტორია ეყოლება, მას ბევრი ადამიანი ნახავს. კინო ხომ იმისთვის კეთდება, რომ ადამიანებმა ნახონ.
მაბედნიერებს მაყურებელთა წერილები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნიდან ვიღებ. მწერენ, რომ ფილმის ნახვის შემდეგ ცხოვრებას სხვა თვალით შეხედეს. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ავსტრალიის, აშშ-სა და კანადის რამდენიმე სკოლაში ფილმი სასწავლო პროგრამაში შეიტანეს.
მთავარი სათქმელი
– ნებისმიერ სცენარზე მუშაობისას ფიქრით იმ ადამიანების გარშემო ვტრიალებ, რომლებიც ჩვენ გვერდით ცხოვრობენ, ფუსფუსებენ, არსებობენ, მაგრამ რატომღაც დიდ ყურადღებას ვერ იმსახურებენ. თითქოს უჩინმაჩინის მანტიით არიან შემოსილნი. იდეას, რა მასშტაბურიც არ უნდა იყოს, სწორედ ამ ჩრდილში მდგომი ადამიანების გარშემო ვავითარებ და მათი “უბრალო” ისტორიებით ვცდილობ ჩემთვის საინტერესო თემების წინ წამოწევას.
ჩვენი საზოგადოების უმთავრეს ნაკლად შიში მიმაჩნია, ახალი სისხლის, ცვლილებების, სიახლეების გადაულახავი შიში.
გულწრფელად მჯერა, რომ თითოეული მოქალაქის უმთავრესი პასუხისმგებლობა ქვეყანაზე ზრუნვაა. როცა შენს მიწაზე, შენს თანამემამულეებზე ამაგი გაქვს, ვერაფრით დათმობ.
სხვა პროექტები
– საქართველოში კინოსგან დღეს ფაქტობრივად სახელიღაა დარჩენილი, შემოსავალი მას თითქმის არ მოაქვს, ამიტომ ძნელია, მხოლოდ კინოთი იყო დაკავებული. ყველა, ვინც დღემდე ამ სფეროში რჩება, ენთუზიასტია. მეც ასე ვარ... წლების განმავლობაში უამრავი საქმე მიკეთებია, ზოგი – კინოსთან მეტ-ნაკლებად ახლოს მყოფი, ზოგიც – მისგან ძალიან შორს, მაგრამ კინოს ჯიუტად არ ვანებებ თავს. რამდენიმე წლის წინ მე და ჩემმა მეგობარმა დავაარსეთ კომპანია “მალბერი გრუპი”, რომელიც მართავს ფესტივალებს, მარკეტინგულ აქტივობებს, ტრენინგებს და სხვა. ერთი წლის წინ კი დავაფუძნეთ კინოსა და ღვინის საერთაშორისო ფესტივალი “ვაინქასთი”. ჩემთვის ეს განსაკუთრებით საყვარელი პროექტია და მინდა, საუკეთესო ფესტივალების რიგს შეუერთდეს. წელს იგეგმება უაღრესად საინტერესო პროგრამა, რომელშიც უამრავი გასართობი და შემეცნებითი აქტივობა შედის.
რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ ერთფეროვნებაში ვერ გავძლებ. პროფესია, რომელიც რუტინას გულისხმობს, ჩემი არ არის.
მოგონება ბავშვობიდან
– ერთხელ მამამ უცხოეთიდან პატარა, ნეკისოდენა თოჯინა ჩამომიტანა. საოცრად ჰგავდა ნამდვილ თოთო ბავშვს და ჩვილისთვის საჭირო მინიატურული ნივთებიც ჰქონდა. სულ ხელში მეჭირა, ჩემთან ერთად იძინებდა და იღვიძებდა. ერთ მშვენიერ დღეს კი დავკარგე... მთელი კვირა ვტიროდი, მერე კი დიდხანს ველოდი მის გამოჩენას. მჯეროდა, რომ ჩემი თოჯინა მეძებდა და აუცილებლად მომაგნებდა.
თუ რამემ აღმაფრთოვანა, ვცდილობ, არ მოვიბეზრო და გამოვიზოგო. მაგალითად სიმღერას, რომელიც ძალიან მომეწონა, ზედიზედ სამჯერ არ მოვუსმენ, მენანება. ორჯერ არ მინახავს არცერთი ფილმი, რომელმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. იმ ადგილას, რომელიც განსაკუთრებით მამშვიდებს, ხშირად არ მივდივარ.
ყველაზე მნიშვნელოვანი
– შვილმა სრულიად შემცვალა. თითქოს მისმა დაბადებამ ჩართო რაღაც ღილაკი, რომელიც მანამდე არასდროს გამომიყენებია და ჩემთვის აქამდე უცნობი შესაძლებლობები გაააქტიურა. დაბადებიდან დღემდე შვილს თითქმის ყოველ ღამით ვწერ წერილებს, რომლებსაც, იმედი მაქვს, სიბერეში წაიკითხავს, მაშინ, როცა მე აღარ ვიქნები, და გაახსენდება, რაოდენ ძვირფასი და მნიშვნელოვანი ადამიანი იყო ჩემთვის.
თამარ ციბალაშვილი







