როგორ მოვაგვაროთ უთანხმოება დედმამიშვილებს შორის

Поделитесь:

დედმამიშვილური ურთიერთობები ხშირად რომანტიზებულია – მათ წარმოაჩენენ როგორც სიყვარულით, ურთიერთგაგებითა და საოცარი საერთო მოგონებებით სავსე კავშირს. რასაკვირველია, საუკეთესო შემთხვევაში ასეც უნდა იყოს, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში ბევრია ოჯახი, სადაც დედმამიშვილებს უბრალოდ არ ესმით ერთმანეთის და არ გამოსდით ურთიერთობა.

მაშინ, როდესაც ნაცნობების შვილები საუკეთესო მეგობრებად იზრდებიან, შესაძლოა, თქვენების ურთიერთობა სავსე იყოს კონკურენციით და ემოციური კავშირის დეფიციტით. მშობელი დილემის წინაშე დგება: ჩაერიოს და შვილების ურთიერთობის გამოსწორება სცადოს თუ აცადოს, თავად გაერკვიონ საკუთარ გრძნობებში?

რატომ არის, რომ ზოგი და-ძმა კარგად უგებს ერთმანეთს, ზოგი კი ვერა? როდის ჩავერიოთ მათ კონფლიქტში და როგორ წავახალისოთ ჯანსაღი, მეგობრული ურთიერთობა დედმამიშვილებს შორის?

უთანხმოების მიზეზები

და-ძმების კონფლიქტი ნორმალური მოვლენაა, მაგრამ როდესაც ის მუდმივი ხდება, როდესაც ბრაზი და აგრესია ყოველდღიურობად იქცევა, შესაძლოა, საქმე უფრო სიღრმისეულ მიზეზებთან გვქონდეს.

უმეტესად რა იწვევს კონფლიქტს დედმამიშვილებს შორის?

* ხასიათის თავისებურებები. დედმამიშვილები ერთმანეთს არ ირჩევენ, მათ უწევთ ერთად ცხოვრება. შესაბამისად, მათი ხასიათები შესაძლოა მკვეთრად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ინტროვერტ, მშვიდ ბავშვს შესაძლოა დისკომფორტს უქმნიდეს თავის ექსტრავერტ, ენერგიულ დედმამიშვილთან ერთ ჭერქვეშ ყოფნა. ასეთი ბუნებრივი განსხვავებები ხშირად იქცევა გაუგებრობისა და კონფლიქტის წყაროდ.

* ასაკი და განვითარების სხვადასხვა ეტაპი. ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ იმის თქმა, რომ ასაკობრივი განსხვავება იწვევს უთანხმოებას დედმამიშვილებს შორის, არასწორია, რადგან თინეიჯერი 3-4 წლის დის ან ძმის მიმართ უფრო მიმტევებელია, ვიდრე სასკოლო ასაკის დის ან ძმის მიმართ – მას მიაჩნია, რომ ამ ასაკის ბავშვს უკვე უნდა ესმოდეს, რა არის სწორი და რა – არა, ამიტომ კონფლიქტიც უფრო ხშირია.

მაშინაც კი, როცა მშობელი ყველანაირად ცდილობს, ხელი არ შეუწყოს კონფლიქტის გაღვივებას, ბავშვს შესაძლოა მაინც გაუჩნდეს განცდა, რომ დედმაშვილთან შედარებით უსამართლოდ ექცევიან, ჩაგრავენ, შეშურდეს და იეჭვიანოს. განსაკუთრებით ხშირად ხდება ასე, როცა ერთი ბავშვი კარგად სწავლობს, მეორეს კი სწავლა უჭირს – მშობელი რომც ცდილობდეს, ერთის გასაგონად მეორე არ შეაქოს, ის ფაქტი, რომ მისი დედმამიშვილი მასზე უკეთესად სწავლობს, ბავშვზე მაინც უარყოფითად მოქმედებს.

* მეტოქეობა მშობლის ყურადღებისთვის. ამგვარი მეტოქეობა ძალიან ხშირია დედმამიშვილებს შორის, მაშინაც კი, როდესაც მშობელი ყველანაირად ცდილობს, ყურადღება თანაბრად გაანაწილოს. განსაკუთრებით ხშირად ხდება ასე, როდესაც პატარა იბადება და უფროსი შვილის ყოველდღიურობა მკვეთრად იცვლება.

* სხვადასხვა ინტერესები და სამეგობრო წრე. თუ დედმამიშვილებს განსხვავებული ინტერესები აქვთ და სხვადასხვა წრეში ტრიალებენ, შანსი იმისა, რომ ერთმანეთს ვერ შეეწყონ, საკმაოდ დიდია. 

რატომ არ უნდა დავაძალოთ დედმამიშვილებს ერთმანეთთან ურთიერთობა

რასაკვირველია, მშობლებს სურთ, მათ შვილებს საუკეთესო ურთიერთობა ჰქონდეთ, მაგრამ აქვს კი აზრი დაძალებას? პასუხი ერთმნიშვნელოვანია: არა. სახლში დადებითი ატმოსფეროს შექმნა, კარგი ურთიერთობის წახალისება და ერთობლივ აქტივობებში ბავშვების ჩართვა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ დაძალება ყოველთვის უარყოფით შედეგს გამოიღებს.

როცა ბავშვს გამუდმებით უმეორებთ, რომ და-ძმასთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, ის ამ ურთიერთობას ვალდებულებად აღიქვამს და, დიდი ალბათობით, უფრო მეტი აგრესია გაუჩნდება დედმამიშვილის მიმართ.

* არ არის აუცილებელი, დედმამიშვილები საუკეთესო მეგობრები იყვნენ. ურთიერთობის დაძალებით თქვენ უგულებელყოფთ იმ ფაქტს, რომ ზოგიერთი ორი ადამიანი ერთმანეთთან უბრალოდ ვერ იმეგობრებს. საკმარისია, კარგი ურთიერთობა შეინარჩუნონ. მეგობრობა არ არის აუცილებელი, თუნდაც ერთ ჭერქვეშ იზრდებოდნენ.

* ნაცვლად იმისა, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა დააძალოთ, დაფიქრდით, რა იწვევს მათ შორის კონფლიქტს – კონკურენცია, ეჭვიანობა, განსხვავებული ხასიათები და ინტერესები თუ სხვა რამ და ამ პრობლემის მოგვარებაზე იზრუნეთ.

როგორ მოიქცეს მშობელი

უკვე გავარკვიეთ, რომ ურთიერთობის დაძალება გამოსავალი არ არის. მაშ, როგორ მოიქცეს მშობელი?

* ეცდეთ, შინ მუდამ დადებითი ატმოსფერო იყოს. მიეცით ბავშვებს საშუალება, ძალდაუტანებლად გაატარონ დრო ერთად. შეგიძლიათ, გამართოთ ფილმების საღამო, როდესაც ჯერ ერთი აირჩევს სასურველ ფილმს, მერე მეორე; გამართოთ პიკნიკი, თან წაიღოთ მათი საყვარელი სასუსნავი და გასართობი – ბადმინტონი, სამაგიდო თამაში თუ სხვა; დროდადრო მოაწყოთ სამაგიდო თამაშების დღე, რომელშიც მთელი ოჯახი მიიღებთ მონაწილეობას. გამარჯვებული აირჩევს, რით გაერთოთ მომდევნო შეკრებისას.

* არ შეადაროთ ბავშვები ერთმანეთს, არ წამოგცდეთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა: "შენი და შენხელა რომ იყო, ასე არ იქცეოდა“; "ნახე, შენი ძმა რა კარგად იქცევა, შენ რა გჭირს, ვის დაემსგავსე?!" პირიქით, ყოველთვის გაუსვით ხაზი თითოეული ბავშვის ძლიერ მხარეებს, ხოლო თუ შენიშვნას მისცემთ, მიეცით მისი საქციელის გამო. და-ძმა აქ არაფერ შუაშია.

* თითოეულ ბავშვთან ცალ-ცალკე გაატარეთ დრო. ბავშვმა უნდა ირძნოს, რომ თუნდაც რამდენიმე წუთის განმავლობაში დედა`მამა მხოლოდ მისია. ხშირად და-ძმებს შორის კონფლიქტი სწორედ იმის გამო იწყება, რომ ისინი ერთმანეთს ეცილებიან მშობლების ყურადღებას.

* სასურველია თითოეულ ბავშვს ჰქონდეს საკუთარი სივრცე, სადაც შეძლებს საკუთარ თავთან მარტო დარჩენას, საკუთარი ჰობით დაკავებას, სიჩუმეში კითხვა იქნება ეს, მუსიკის მოსმენა თუ კედელზე საყვარელი ჯგუფის პოსტერების გაკვრა. ამგვარად, ის დაიკმაყოფილებს თავის სურვილებსა და ინტერესებს და მთელი სახლი აღარ იქცევა იმის გასარკვევ სივრცედ, რომელი შვილის ინტერესებია უფრო მნიშვნელოვანი.

ლიკა ქათამაძე

Поделитесь: