როგორ მივხვდეთ, რომ ცხოველს სტკივა
Поделитесь:
ადამიანებს შეგვიძლია ტკივილის გამოხატვა, მაგრამ როგორ მივხვდეთ, რა და როგორ სტკივათ ჩვენს ოთხფეხებს, როცა დაზიანება ხილული არ არის, ხოლო სიმპტომები – თვალსაჩინო?
ცხოველებში ტკივილის დიაგნოსტირებისა და მისი ინტენსივობის დადგენის ოქროს სტანდარტი არ არსებობს, მაგრამ შემუშავებულია სკალა, რომელიც ტკივილის სუბიექტური აღქმის შეფასებას ეფუძნება. მას ქრონიკული ტკივილის ჰელსინკის ინდექსი (HCPI) ეწოდება. ცხოველის ქცევასა და განწყობაზე დაკვირვებით შემუშავებული ინდექსი უნივერსალური, რასაკვირველია, არ არის, მაგრამ პატრონს, რომელიც კარგად იცნობს თავისი ოთხფეხა მეგობრის ხასიათის თავისებურებებს, არ გაუჭირდება სწორი პასუხების გაცემა და საჭიროების შემთხვევაში ტკივილის ინტენსივობის შეფასებაში ექიმსაც დაეხმარება.
ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია შინაური ცხოველის ტემპერამენტი, ხასიათი, ფიზიოლოგიური და ანატომიური თავისებურებები. მაგალითად, ჰასკი ცნობილია ემოციურობით. ამ ჯიშის ძაღლები ხშირად ისტერიკულად ყმუიან. იმავდროულად, ჰასკი ერთ-ერთი ყველაზე ამტან ჯიშად მიიჩნევა.
მაშ, რას უნდა დააკვირდეს პატრონი, რომ მიხვდეს, რამდენად ძლიერ ტკივილს განიცდის მისი ოთხფეხა?
- როგორ ხვდება ძაღლი პატრონს? ხომ არ შესცვლია გამჯდარი ქცევა (მაგალითად, ადრე პატრონს შინ მოსვლისას კუდის ქიცინით და შეხტომით ეგებებოდა, ახლა კი აღარ)?
- მზად არის თუ არა სასეირნოდ?
- გამოსცემს თუ არა ხმებს? თუ კი – როგორს? თუ ყეფის მანერა შეეცვალა, ესეც უნდა აღინიშნოს.
- ხომ არ ეტყობა უხალისობა? მაგალითად, თუ წინათ თავქუდმოგლეჯილი დარბოდა, ახლა კი სეირნობისას თავს არიდებს სირბილს ან სვენება-სვენებით მოძრაობს, ეს თვალსაჩინო სიმპტომად უნდა ჩაითვალოს.
- ხომ არ უჭირს დივანზე, სკამზე ან რომელიმე სხვა ისეთ შემაღლებაზე ახტომა, რომელზეც აქამდე თავისუფლად ხტებოდა?
- ძილისგან გამოფხიზლებული, ადვილად დგება თუ არა ოთხ ფეხზე? ხომ არ უჭირს წამოდგომა, ხომ არ ეტყობა დეზორიენტაცია?
ყველა არსებითი ცვლილება, რომელსაც პატრონი შეამჩნევს, ექიმთან მისვლის სიგნალია. სკალა, რომელიც ამ მონაცემებს ეფუძნება, ქრონიკული, ანთებითი, ონკოლოგიური, ორთოპედიული და ნევროლოგიური დარღვევების დიაგნოსტირებისას გამოიყენება.
არის თუ არა კანკალი ტკივილის სიმპტომი?
კანკალი, ცახცახი უმეტესად ემოციური ფაქტორებით არის გამოწვეული, თუმცა შეიძლება, ავადმყოფობის სიმპტომიც იყოს. კანკალს უმეტესად წინ უძღვის რამე მაპროვოცირებელი – მოულოდნელობა, ახალი გარემოება, უსიამოვნო გამოცდილების გამეორების შესაძლებლობა (მაგალითად, ვეტერინარიულ კლინიკაში ერთხელ მიყვანილი ცხოველი მეორედ იმავე შენობის დანახვისას შესაძლოა აკანკალდეს). კანკალი საყურადღებო სიმპტომია, თუ არ დაცხრა ემოციური რეაქციის გადავლის შემდეგ, ასევე მაშინ, როდესაც თან ახლავს პირღებინება, პირიდან ქაფის დენა, თვალების ატრიალება – ამ შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა ეპილეფსიური შეტევა იეჭვოს და შესაბამისი კვლევებიც დანიშნოს.
რასაკვირველია, შესაძლოა, კანკალი სიცივით იყოს გამოწვეული. დაბალბეწვიანი, პატარა ტანის ძაღლები ხშირად კანკალებენ შინიდან გასვლისას წელიწადის ცივ დროს. აუცილებელია მათთვის სპეციალური თერმული სამოსის შეძენა ცივ ამინდში სასეირნოდ. ჰაერზე ყოფნა და ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად უმნიშვნელოვანესია.
ლოკვა
ტკივილს ცხოველი დაზიანებული ადგილის მოფრთხილებითაც გამოხატავს. თუ კატა ან ძაღლი ინტენსიურად ილოკავენ კონკრეტულ ადგილს, რომელზეც ხილული დაზიანება არ ჩანს, საჭიროა დაკვირვება ან კონსულტაციისთვის ექიმთან მისვლა.
უმადობა
უმადობაც საყურადღებო ნიშანია. თუ ძაღლი აქამდე კარგი მადით გამოირჩეოდა, ახლა კი უცაბედად უარს ამბობს ჭამაზე ან უხალისოდ ყლაპავს რამდენიმე ლუკმას, სხვა სიმპტომებსაც უნდა დავაკვირდეთ. ჭამაზე ერთჯერადი უარი ან ნაკლების ჭამა არ არის საგანგაშო, მაგრამ გახანგრძლივებული უმადობა უკვე დანამდვილებით ის მიზეზია, რომლითაც ვეტერინარს უნდა მივმართოთ.
მექანიკური ზემოქმედება
მტკივან ადგილს ცხოველები ხშირად იქავებენ ან კედელს`ზედაპირს უხახუნებენ. თუ ასეთი რამ შეამჩნიეთ, სხვა გამოვლინებებსაც დააკვირდით.
თუ ძაღლი უკანა ტანს იატაკს ან მიწას უხახუნებს, ვეტერინართან ვიზიტი არ გადადოთ – შესაძლოა, ცხოველს პარაანალური ჯირკვლების სადინარები ჰქონდეს გადავსებული. ჯანმრთელ ძაღლს ჯირკვლები აქტიური მოძრაობის, დეფეკაციის ან სტრესის დროს ეცლება ხოლმე სეკრეტისგან, მაგრამ ზოგჯერ ჯირკვლები ბუნებრივი გზით ვერ თავისუფლდება და მათში დაგროვილი გამონაყოფი იწვევს შესივებას, ანთებას, ტკივილს. ხახუნთან ერთად ძაღლი ხშირად იკბენს კუდის დასაწყისს, კუდის ძირთან შეხებისას გამოხატავს აგრესიას ან იწყებს წკმუტუნს, აქვს უსიამოვნო სუნი კუდის ქვეშ.
ასეთ დროს ჯირკვლები მექანიკურად უნდა გაიწმინდოს. ამ პროცედურას ვეტერინარი ატარებს. ის არ არის ხანგრძლივი და ტრავმული, ექიმთან დროულად მისვლა კი სერიოზულ გართულებებს აგაცილებთ თავიდან, ამიტომ ნუ უგულებელყოფთ ჩამოთვლილ სიმპტომებს.
ფხანა, ფხაჭნა, კაწვრა
საკუთარი სხეულის ნაწილების, კედლის, ნივთების კაწვრა-ფხაჭნა ასევე საგულისხმო ნიშანია. ლეკვობასა და კნუტობაში ძაღლები და კატები ფხაჭნიან და კაწრავენ ყველაფერს, რაც “თათებში მოხვდებათ”, მაგრამ თუ ამგვარი ქცევა ზრდასრულობაშიც გაიხსენეს, შესაძლოა, ეს ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციის ნიშანი იყოს. ძაღლებიც და კატებიც ხშირად იქექებიან. ეს ნორმალური ქცევაა, მაგრამ თუ ცხოველი კანს, დასისხლიანებამდე იქავებს, ეს ნიშნავს, რომ რაღაც აწუხებს.
წონა და ტკივილი
ზედმეტი წონა ძაღლისთვისაც ისეთივე პრობლემაა, როგორიც ადამიანისთვის. ჭარბწონიან ცხოველებს ხშირად აქვთ გამოხატული ტკივილის სინდრომი. მსუქანი ძაღლები ტკივილს გრძნობენ მოძრაობისას, მათი ცხოვრების ხარისხი გაუარესებულია, ცხიმის სქელი ფენის გამო ზაფხულობით ხშირია სხეულის გადახურება. ძაღლს არ უნდა ჰქონდეს ცხიმის ფენა კისრის გარშემო, კუდის დასაწყისში და მუცლის არეში.
ჭარბწონიან ძაღლებს გულის დაავადებებისკენ, დიაბეტისკენ, ბრონქიტისა და ართრიტისკენაც აქვთ მიდრეკილება. მათ ხშირად აწუხებთ კანის, თვალებისა და თათების პრობლემები. აღსანიშნავია ისიც, რომ საჭიროების შემთხვევაში მსუქანი ძაღლების ანესთეზია რთული და სარისკოა.
ნინო ლომიძე







