თუ თინეიჯერი აღარ გეკონტაქტებათ
Поделитесь:
გარდატეხის ასაკს მრავალი სირთულე ახლავს თან. მისი ერთ-ერთი თავისებურება მშობლებისგან დისტანცირებაა. მშობლები ამას მტკივნეულად განიცდიან, რაც სავსებით გასაგებია. წარმოიდგინეთ, რა გულსატკენია, როდესაც თქვენი ერთ დროს გულღია და ხალისიანი შვილი, ყველა გატანილ გოლზე, მიღებულ ნიშანსა თუ მეგობართან კონფლიქტზე რომ გიყვებოდათ, ახლა სკოლიდან მოსვლისთანავე თავის ოთახში იკეტება და კითხვებზე მხოლოდ კი-ს და არა-ს გპასუხობთ.
თუ ასეთი დრო თქვენს ცხოვრებაშიც დადგა, უპირველეს ყოვლისა, იცოდეთ, რომ ეს ნორმალურია, მეტიც – აუცილებელიც კია მოზარდის დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის. პატარაობიდან, როდესაც მთლიანად მშობელზე იყო დამოკიდებული, მოზარდობაში გადასვლის პერიოდში ბავშვს ძალზე ფაქიზი მიდგომა სჭირდება. მართალია, თავად მას შეიძლება ეგონოს, რომ მშობლის აზრი მისთვის მნიშვნელოვანი აღარ არის, მაგრამ დადგება დრო, როცა მიხვდება, რომ ცდება და ისევ მოვა თქვენთან დახმარების სათხოვნელად ან უბრალოდ გულის გადასაშლელად.
თინეიჯერებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ საკუთარი სივრცე, მაგრამ, იმავდროულად, მათ ცხოვრებაში მშობლის ჩართულობაც აუცილებელია. მეტიც: მოზარდ ასაკში ბევრს პატარაობაზე მეტად სჭირდება მშობელთან სიახლოვე, უბრალოდ, არ იცის, როგორ შეინარჩუნოს ის. ამიტომ მაშინ, როდესაც ბავშვი ყველანაირად ცდილობს თქვენგან დისტანცირებას, თქვენ უნდა იპოვოთ მასთან კავშირის ახალი ფორმა, რათა ამ რთულ პერიოდში მარტო არ დატოვოთ.
მოდი, ვნახოთ, როდის შეიძლება გაწყდეს კავშირი შვილსა და მშობელს შორის და თითოეული სიტუაციისთვის სწორი მიდგომა მოვძებნოთ.
მეგობრობიდან გაუცხოებამდე
ოდესღაც თქვენ და თქვენი შვილი საუკეთესო მეგობრები იყავით და ის თავისი ცხოვრების ყველა წვრილმანს გიზიარებდათ; ახლა მხოლოდ მეგობრებს ესაუბრება, თქვენ კი საერთოდ აღარ გახედებთ მის ცხოვრებაში.
ნუ მიიღებთ ამას როგორც პირადად თქვენკენ მომართულ აგრესიას, ეს პერიოდი აუცილებლად გაივლის, მანამდე კი შეგიძლიათ, სხვადასხვა ხერხით სცადოთ ბავშვთან ურთიერთობის შენარჩუნება.
- ნუ დაუწყებთ ლექციების კითხვას იმის შესახებ, რა არასწორად იქცევა და როგორ გტკენთ გულს.
- ეცადეთ, მხოლოდ საისამოვნო თემებზე ესაუბროთ.
- ეცადეთ, ცოტათი მაინც ჩართოთ იმ აქტივობებში, რომლებსაც ოდესღაც სიამოვნებით ასრულებდით ერთად, ფილმის ყურება იქნება ეს, საღამოობით სეირნობა თუ სამაგიდო თამაშები.
- დროდადრო უბრალოდ გვერდით მიუჯექით და უსიტყვოდ აგრძნობინეთ, რომ მასთან ხართ.
- ნუ ეცდებით, კითხვებით გამოსძალოთ ინფორმაცია მის ცხოვრებაზე. ნაცვლად ამისა, თავად მოუყევით თქვენს თავს გადამხდარი სახალისო ამბები, გაუზიარეთ, რაც გაწუხებთ, ჰკითხეთ აზრი, სთხოვეთ რჩევა.
- ესაუბრეთ, როგორც ზრდასრულს, პატივი ეცით მის პირად სივრცეს და გრძნობებს.
სხვები მის ცხოვრებაში
მეგობრებთან ურთიერთობა აუცილებელია ბავშვის დამოუკიდებელ და სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის, მაგრამ, რასაკვირველია, მათ გამო ოჯახის უგულებელყოფა არ შეიძლება.
* შეახსენეთ, რომ სადილობისას ტელეფონში ყურება აკრძალულია; რომ ოჯახის წევრები ერთმანეთს პატივისცემით ესაუბრებით. მოზარდმა უნდა იცოდეს, რომ მისი პირადი პრობლემები მშობლებისადმი მიუღებელ დამოკიდებულებას არ ამართლებს.
* გახსოვდეთ, რომ აგრესიის მიღმა ყოველთვის სტრესი იმალება, ამიტომ აგრძნობინეთ, რომ მუდამ მზად ხართ მისი დახმარებისთვის: "ვიცი, რომ ახლა ძალიან ემოციური პერიოდი გაქვს, მეც მქონია ასეთი. თუ ჩემთან საუბარი მოგინდება, იცოდე, რომ მე ყოველთვის მზად ვარ შენს მოსასმენად“.
მარტოსულობა
თუ ბავშვი არა მხოლოდ თქვენგან, არამედ მეგობრებისგანაც დისტანცირდა, მუდამ ოთახშია ჩაკეტილი, ცუდად ჭამს, ცუდად სძინავს, აღარ იზიდავს ის აქტივობები, რომლებიც წინათ სიამოვნებას ანიჭებდა, შესაძლოა საკმაოდ სერიოზულ პრობლემასთან გქონდეთ საქმე.
აქვე გაითვალისწინეთ, რომ სოციალური ქსელით მეგობრებთან ურთიერთობა არ არის საკმარისი, რათა ითქვას, რომ ბავშვს მეგობრებთან კავშირი არ გაუწყვეტია. რეალურ სამყაროში სოციალიზაციაზე უარის თქმამ შესაძლოა შფოთვასა და დეპრესიას დაუდოს სათავე.
თუ ბავშვი გამუდმებით გაღიზიანებულია და უხეშად გეპასუხებათ, სთხოვეთ აგიხსნათ, რა იწვევს მის აგრესიას. ამ შემთხვევაში კითხვების დასმა გამართლებულია, რადგან საქმე ბავშვის მენტალურ მდგომარეობას ეხება.
* აუხსენით, რომ პირად სივრცესაც აქვს ლიმიტი, მისი ასაკის ადამიანისთვის მუდმივად ჩაკეტილ ოთახში ყოფნა და მშობლის არშეშვება დაუშვებელია.
* თუ ხვდებით, რომ საკუთარი ძალებით სიტუაციის მართვა გიჭირთ და ბავშვის მდგომარეობა უარესობისკენ იცვლება, აუცილებლად მიმართეთ კვალიფიციურ ფსიქოლოგს. ჯერ თავად აუხსენით ვითარება, რათა წარმოდგენა შეექმნას მასზე და შეიმუშაოს მიდგომები, რომლებსაც ბავშვთან გამოიყენებს.
თინეიჯერები საკუთარ პრობლემებს, წესისამებრ, მხოლოდ თანატოლებს უზიარებენ, მშობლებთან გულახდილ საუბარს კი იმიტომ არიდებენ თავს, რომ საყვედურებისა და რჩევა-დარიგების მოსმენა არ სურთ. თქვენს თინეიჯერ შვილს აუცილებლად უნდა აგრძნობინოთ, რომ მისი გესმით.
თუ შვილის დახმარება გინდათ, აუცილებლად ჰკითხეთ, რა სახის დახმარებას ელის თქვენგან (მაგალითად: "გინდა, რომ შენ გვერდით ვიყო? თუ მარტო ყოფნა გირჩევნია?"). მოზარდმა უნდა იგრძნოს, რომ ყოველთვის მის გვერდით იქნებით და არასოდეს დატოვებთ მარტოს ცხოვრებისეული სირთულეების წინაშე.
ლიკა ქათამაძე







