მხუთავი აირით მწვავე მოწამვლა

Поделитесь:

ნახშირჟანგი, ე. წ. მხუთავი აირი (ქიმიური ფორმულა – CO), ნახშირბადის არასრული დაჟანგვის პროდუქტია და უმეტესად დახურულ სივრცეში ნახშირბადშემცველი ნივთიერებების წვის დროს წარმოიქმნება. სტატისტიკური მონაცემებით, ინჰალაციური ხასიათის მწვავე მოწამვლათა შორის მხუთავი აირით ინტოქსიკაციას განვითარებად ქვეყნებში მყარად უკავია პირველი ადგილი, ამასთან, შემთხვევათა დაახლოებით 17% ლეტალური შედეგით მთავრდება.

მოწამვლის გზები

ნახშირბადის მონოქსიდი უფერო, უსუნო, გემოს არმქონე აირია, რომელიც ბუნებრივი აირის, ხის, პროპანის, ნახშირის ან სხვა საწვავის წვის შედეგად წარმოიქმნება. გამათბობლები და საწვავზე მომუშავე სხვა მოწყობილობები მუშაობის დროს განსაზღვრული რაოდენობის ნახშირბადის მონოქსიდს გამოყოფს. ჩვეულებრივ, ეს რაოდენობა სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი არ არის, მაგრამ დახურულ ან ნაწილობრივ დახურულ სივრცეში მისმა მაჩვენებელმა შესაძლოა საშიშ ზღვარს მიაღწიოს და ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.

მოწამვლა შესაძლოა განვითარდეს ხანძრის ან არასწორად დამონტაჟებული გამათბობელი საშუალების გამოყენების დროს. ნახშირჟანგს განსაზღვრული რაოდენობით (3-7%) ავტომანქანის გამონაბოლქვი აირებიც შეიცავს, რის გამოც აღნიშნული ნივთიერებით მოწამვლა დახურულ სადგომზეც მოსალოდნელია.

ატმოსფერულ ჰაერთან ერთად ფილტვებში მოხვედრილი ნახშირჟანგი კაპილარული მემბრანის გავლით ხვდება სისხლში, სადაც ჰემოგლობინის სტრუქტურაში იკავებს ჟანგბადის ადგილს. ამის შედეგად წარმოიქმნება კარბოქსიჰემოგლობინი, რომელიც კარგავს ჟანგბადის მიერთებისა და ტრანსპორტირების უნარს. მაგრამ ნახშირჟანგის ტოქსიკური ეფექტი ამით არ ამოიწურება. ჰემოგლობინისგან ნახშირჟანგის ჩამოცილების პროცესი გაცილებით ნელია, ვიდრე ჟანგბადისა, ამიტომ ის დიდხანს რჩება სისხლში, რაც ხელს უშლის ოქსიჰემოგლობინის დაშლას და უჯრედებისთვის საჭირო ჟანგბადის მიწოდებას.

მოწამვლის ნიშნები

ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა განსაკუთრებით საშიშია:

* მძინარე ადამიანისთვის – ძილის დროს მოწამლულმა ადამიანმა შესაძლოა ტვინის შეუქცევადი დაზიანება მიიღოს ან მანამდე მოკვდეს, სანამ პრობლემას დაადგენენ;

* ნაყოფისთვის – ნაყოფის სისხლი ნახშირბადის მონოქსიდს უფრო იოლად ითვისებს, ვიდრე მოზრდილი ადამიანისა, ამიტომ უფრო მგრძნობიარეა ნახშირბადის მონოქსიდით ინტოქსიკაციის მიმართ;

* ბავშვისთვის – ბავშვების სუნთქვის სიხშირე უფრო მაღალია, ვიდრე მოზრდილისა, ამიტომ ისინი უფრო სწრაფად იწამლებიან მხუთავი აირით;

* ხანდაზმულისთვის – ხანდაზმულებთან ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლის დროს ტვინის დაზიანება უფრო ხშირია, ვიდრე ახალგაზრდებთან.

საინტერესოა, რომ CO-ს მაღალი კონცენტრაციით ინტოქსიკაციის დროს სუნთქვის სიხშირე იმატებს, თუმცა ადამიანს ჰაერის უკმარისობის შეგრძება არ აქვს. საკმაოდ ხშირია ეიფორიის მდგომარეობა. ქოშინის როგორც საშიშროების სიგნალის არარსებობა ნახშირჟანგით ინტოქსიკაციის მსხვერპლთა გარდაცვალების ძირითადი მიზეზია.

მოწამვლის დროს ყველაზე ადრე ფსიქონევროლოგიური სიმპტომები იჩენს თავს, რაც თავის ტვინზე ჟანგბადის მწვავე უკმარისობის გავლენის შედეგია. მოწამლულს აწუხებს თავის ტკივილი, განსაკუთრებით – საფეთქლისა და შუბლის არეში, თავბრუხვევა, გულისრევა, ღებინება, ცნობიერების სხვადასხვა სიმძიმის დათრგუნვა (კომური მდგომარეობის ჩათვლით).

10-დან 30-მდე პროცენტს უტოლდება გადავადებული ნეიროფსიქიატრიული სინდრომის განვითარების ალბათობა. ეს არის სიმპტომთა კომპლექსი, რომელიც ფაქტობრივად გამოჯანმრთელებულ პაციენტებთან მოწამვლიდან რამდენიმე დღის, კვირის ან თვის შემდეგ იჩენს თავს. გადავადებული ნეიროფსიქიატრიული სინდრომი მოიცავს:

* აზროვნების უნარის დაქვეითებას;

* პიროვნულ ცვლილებებს;

* დემენციას;

* პარკინსონიზმს – ტერმინი, რომელიც გულისხმობს პარკინსონის დაავადებისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს (მოძრაობის შენელება, კუნთების რიგიდულობა და კანკალი).

თუ ეჭვობთ, რომ თქვენ ან თქვენი თანმხლები პირი ნახშირბადის მონოქსიდით მოიწამლეთ, სასწრაფოდ გადით სუფთა ჰაერზე და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა გადაუდებელ ჩარევას მოითხოვს, ამიტომ მკურნალობა პაციენტის კლინიკაში მოხვედრისთანავე იწყება. დიაგნოზის დასაზუსტებლად კეთდება სისხლის ანალიზიც.

პირველი დახმარება

ერთადერთი, რაც სასწრაფოს მოსვლამდე შეგიძლიათ, სუფთა ჰაერზე გასვლაა. დიაგნოზს სვამენ ანამნეზის, მოწამვლისთვის დამახასიათებელი ნიშნებისა და სისხლში კარბოქსიჰემოგლობინის განსაზღვრის საფუძველზე. ანალიზისთვის სისხლის აღება რეკომენდებულია რაც შეიძლება სწრაფად, რადგან სუფთა ჰაერის ჩასუნთქვისა და პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ კარბოქსიჰემოგლობინის დონემ შესაძლოა დაიწიოს, რაც ავადმყოფის ზოგად მდგომარეობას არ შეესაბამება. მიმღებ განყოფილებაში პაციენტებს სპეციალური ნიღბით ასუნთქებენ სუფთა ჟანგბადს. ზოგ შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მოთავსება ჰიპერბარიულ ჟანგბადის კამერაში, სადაც ჰაერის წნევა ჩვეულებრივ გარემოზე 2-3-ჯერ მაღალია. ასე უფრო სწრაფად ხდება ორგანიზმიდან ნახშირბადის მონოქსიდის გამოძევება და ჟანგბადით ჩანაცვლება. ამ გზით შესაძლებელია ტვინისა და გულის დაზიანების თავიდან აცილება, ვინაიდან ეს ორგანოები ყველაზე მგრძნობიარენი არიან ჟანგბადოვანი შიმშილის მიმართ. ეს მეთოდი წარმატებით გამოიყენება ორსულ პაციენტებთანაც.

მოწამვლის პრევენციისთვის

არსებობს ნახშირბადის მონოქსიდის სპეციალური დეტექტორი, რომელიც ოთახში მხუთავი აირის საგანგაშო კონცენტრაციის დროს განგაშის სიგნალს გამოსცემს. მისი დამონტაჟება სასურველია საძინებელთან ახლოს. ზამთრის სეზონის დაწყებამდე აუცილებლად შეამოწმებინეთ სპეციალისტს თქვენი გამათბობელი, ვინაიდან ნახშირბადის მონოქსიდით ინტოქსიკაციას ყველაზე ხშირად სწორედ გაუმართავი გამათბობელი იწვევს.

აღსანიშნავია, რომ ნახშირჟანგით მოწამვლის დროს ლეტალობა საკმაოდ მაღალია. მაგალითად, აშშ-ში ჩO-თი ინტოქსიკაციის გამო (უბედური შემთხვევა და სუიციდი) ყოველწლიურად 3500-მდე ადამიანი კვდება. სამწუხაროდ, საქართველოს სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს.

შემორჩენილია ემილ ზოლას უკანასკნელი სიტყვები, რომლებიც მან სიკვდილის წინ თავის მეუღლეს უთხრა: "ცუდად ვარ, თავი მისკდება, ნახე, ძაღლიც ავადაა, ალბათ ორივეს რაღაცამ გვაწყინა. არაფერია, ნურავის შეაწუხებ". 1902 წლის 28 სექტემბერს დიდი მწერალი პარიზში, თავის ბინაში, ღუმლის გაუმართაობის გამო მხუთავი აირით მოწამვლისგან გარდაიცვალა.

მარი მარღანია

Поделитесь: