ფსიქოსომატური დაავადებები: რასაც ცნობიერება განდევნის, სხეული ავლენს

Поделитесь:

დაავადებათა წარმოშობაზე საუბრისას, წესისამებრ, ფიზიკურ, ქიმიურ, ბიოლოგიურ, გენეტიკურ ფაქტორებს განვიხილავთ. ბევრისთვის ძნელი წარმოსადგენია, რომ ემოციები, სტრესი, ფსიქიკური ტრავმა შეიძლება პირდაპირ აისახოს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე.

საიდან მოდის ფსიქოსომატური დაავადებები და როგორ შეიძლება მათი მართვა? ამ საკითხებზე ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, სერტიფიცირებული იუნგიანელი ფსიქოანალიტიკოსი და ჯგუფური ფსიქოთერაპევტი, საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო ჯგუფური ფსიქოთერაპიისა და ჯგუფური პროცესების ასოციაციის მდივანი და ბორდის წევრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ილიაუნის პროფესორი რევაზ კორინთელი გვესაუბრა:

– ფსიქოსომატურს უწოდებენ ისეთ სომატურ ანუ სხეულთან დაკავშირებულ დაავადებებს, რომლებსაც საფუძვლად უდევს ფსიქოსოციალური ფაქტორები. ამ დაავადებათა მიზეზებს, განვითარების კანონზომიერებებსა და გამოსავალს ფსიქოსომატური მედიცინა სწავლობს. მედიცინის ეს დარგი ავადმყოფობას განიხილავს როგორც ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების ურთიერთქმედების შედეგს.

ფსიქოსომატური მედიცინის კონცეფცია გერმანული წარმოშობის ამერიკელმა ფსიქოანალიტიკოსმა და ფსიქიატრმა ფრანც ალექსანდერმა (1891-1964) ჩამოაყალიბა. მანვე განსაზღვრა ფსიქოსომატური მედიცინის ძირითადი პრინციპები:

1. სომატური დარღვევების გამომწვევი ფსიქიკური მიზეზები სპეციფიკური ბუნებისაა. ისინი ვლინდება გარემოსადმი ან საკუთარი პიროვნებისადმი პაციენტის ემოციური დამოკიდებულებით. ამ მიზეზთა გაცნობიერებაში გვეხმარება ფსიქოანალიტიკური მკურნალობა.

2. ემოციებისა და მოთხოვნილებების დათრგუნვა შინაგან ორგანოთა ფუნქციების ქრონიკულ დარღვევას იწვევს.

3. აქტუალური ცხოვრებისეული სიტუაციები (მოვლენები ან გარემოებები, რომლებიც პაციენტის ყოველდღიურ ცხოვრებაში ემოციურ სტრესს ან დაძაბულობას იწვევს) მხოლოდ აჩქარებს სომატურ დარღვევებს.

როგორ ვითარდება

– თანამედროვე მიდგომით, ფსიქოსომატური დაავადებები მულტიფაქტორულია – მათ წარმოშობაში ბრალი მიუძღვის რამდენიმე ფაქტორის ერთობლივ ზემოქმედებას. ეს ფაქტორებია: მემკვიდრეობა, გარემო, აქტუალური კონფლიქტი და მისი სუბიექტური გადამუშავება. ამ კუთხით საკმაოდ მრავლისმომცველია ალექსანდერის ფორმულა:

დ (დაავადება) = ფ (ა, ბ, გ, დ, ე, ვ, ზ)

სადაც “ფ” არის ფუნქცია, რომელიც მოიაზრებს დაავადების განვითარებაში შემდეგი ფაქტორების როლს:

ა) – მემკვიდრეობა;

ბ) – მშობიარობის ტრავმა;

გ) – ბავშვობაში გადატანილი ისეთი ორგანული დაავადებები, რომლებიც ხელს უწყობს ორგანოების სენსიბილიზაციას;

დ) – ადრეულ ასაკში აღზრდის თავისებურებები, რაც გულისხმობს ძუძუდან ნაადრევ მოწყვეტას, ძილის დარღვევებს, დედასთან არაჯანსაღ მიჯაჭვულობას (ამბივალენტური, დეზორგანიზებული, განრიდებული);

ე) – ჩვილობასა და ბავშვობაში გადატანილი ფიზიკური და ემოციური ტრავმები;

ვ) – ემოციური კლიმატი ოჯახში, მშობლებისა და და-ძმების ხასიათობრივი, პიროვნული თავისებურებები;

ზ) – ფიზიკური დაზიანება და პროფესიასთან, ოჯახთან ან პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ფსიქომატრავმირებელი, სტრესოგენული სიტუაციები.

რა ადგილი უკავია ამ ყველაფერში სტრესს?

– ჰანს სელიე, სტრესის ფენომენის აღმომჩენი, აღნიშნავდა, რომ სტრესი სასარგებლოა. მაგალითად, ცივი შხაპი დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმზე. ფსიქომატრავმირებელია დისტრესი და არა სტრესი. შეიძლება ითქვას, რომ დისტრესი სტრესის ნეგატიურ ფორმას წარმოადგენს. ფსიქოლოგიურ დონეზე დისტრესს შეესაბამება ფსიქოტრავმა, შინაგანი კონფლიქტი, რომელიც ხანგრძლივი არსებობის შემთხვევაში ფსიქიკურ დაღვევებს ან ფსიქოსომატურ დაავადებას იწვევს. სელიეს 65 წლის ასაკში დაუდგინეს თვალის რეტიკოცელულარული სარკომა, რომლის განკურნების შანსი ძალიან მცირეა. ექიმები ვარაუდობდნენ, რომ მას ექვსი თვის სიცოცხლე ჰქონდა დარჩენილი, მაგრამ სელიემ გადაწყვიტა, სიკვდილისთვის კი არ დაეწყო ლოდინი, არამედ ეკეთებინა ის, რაზეც ყოველთვის ოცნებობდა და რისთვისაც ვერასოდეს იცლიდა. გავიდა ექვსი თვე, ერთი წელი, ორი, სამი, მაგრამ სელიე თავს მშვენივრად გრძნობდა. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით მან დაასკვნა, რომ დისტრესს, ისევე როგორც ელექტრობას, როგორც ცუდის, ისე კარგის მოტანაც შეუძლია – შეიძლება მოგკლას, მაგრამ შეიძლება გადაგარჩინოს.

განდევნილი ემოციები

– არსებობს სიტუაციები, რომლებიც გამშვები მექანიზმის ფუნქციას ასრულებს. მათ ტრიგერულ სიტუაციებს ვუწოდებთ. ასეთი სიტუაცია წარმოშობს ემოციას. ეს ემოცია, თავის მხრივ, იწვევს ვეგეტატიური ნერვული სისტემის გააქტიურებას. ეს უკანასკნელი ირჩევს ორგანოს და წარმოიშობა სიმპტომი.

ჩვენი სხეული ქვესისტემებისაგან (ცენტრალური ნერვული, საჭმლის მომნელებელი, ენდოკრინული, საყრდენ-მამოძრავებელი, სასუნთქი, შარდსასქესო და სხვა სისტემები) შედგება. მათ აქვთ არა მარტო ფიზიოლოგიური, არამედ განდევნილი ემოციების გამოხატვის დანიშნულებაც. ის, რასაც ადამიანი ცნობიერ დონეზე თრგუნავს, სხეულებრივად, შესაბამისი სისტემის პრობლემით ვლინდება ("What mind represses, body expresses"). როცა ასეთი რამ სისტემატურად ხდება, შესაძლოა, დაავადება ჩამოყალიბდეს. მაშასადამე, განდევნილი ემოციები ზრდიან დაავადების განვითარების რისკს. ისინი, როგორც უკვე ვთქვით, ააქტიურებენ სიმპათიკურ ან პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას – ვეგეტატიური ნერვული სისტემის ორ ნაწილს, რომლებიც ორგანოებზე აღმგზნებ ან შემაკავებელ ზემოქმედებას ახდენს.

– ყოველთვის აღინიშნება თუ არა ორგანული ცვლილებები ფსიქოსომატური დარღვევების დროს?

– ადამიანს კლინიკურ სურათში შეიძლება ჰქონდეს სომატური ჩივილები, მაგრამ ეს ჩივილები ფუნქციური იყოს და არა ორგანული. ეს ფენომენი ცნობილია ისტერიული კონვერსიის სახელით. მაგალითად, ადამიანს, რომელმაც წყენა ვერ მოინელა, შეიძლება განუვითარდეს ყლაპვის გაძნელება და თუ ამ სიმპტომს საფუძვლად არ უდევს ორგანული დაზიანება, მაშინ ისტერიული ეზოფაგოსპაზმის ანუ ისტერიული ნევროზის დიაგნოზს ვსვამთ.

რთულ, გადაუწყვეტელ, ჩიხურ სიტუაციაში, სადაც არჩევანის გაკეთება რთულია, ადამიანს შეიძლება განუვითარდეს ქვედა კიდურების ისტერიული დამბლა. ამ დროს სხეული ჯანსაღია, მაგრამ მისი ფუნქციაა დარღვეული.

ზოგიერთი მეცნიერის, მაგალითად, გამოჩენილი გერმანელი თერაპევტის გუსტავ ბერგმანის ნაშრომებისა და დაკვირვებების საფუძველზე შემოღებულ იქნა ფუნქციური დარღვევების სტადიის ცნება. ბერგმანის აზრით, ეს სტადია წინ უძღვის ორგანულ დაზიანებებს. მაგალითად, კუჭის წყლულის, კოლიტისა და ჰიპერტონიის დროს ფუნქციური დარღვევები წარმოადგენს პათოგენური ჯაჭვის საწყის ეტაპს, რომელიც შემდგომში სტრუქტურულ ცვლილებებსა და დაზიანებაში გადაიზრდება. მაშასადამე, ფუნქციური აშლილობა წინ უძღვის სტრუქტურულ ცვლილებებს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ფსიქოსომატურ დაავადებასთან და არა ისტერიულ ნევროზთან. ამრიგად, თუ ადამიანს აქვს ფუქციური ხასიათის სომატური ჩივილები, ეს არის ნევროზი, ხოლო თუ იგივე ჩივილები აღინიშნება ორგანული დაზიანების ფონზე, საქმე გვაქვს ფსიქოსომატურ დაავადებასთან.

ცალკეული გამომწვევები

– ფრანც ალექსანდერს მიაჩნდა, რომ:

* დათრგუნული რისხვა, აგრესია და გარემოსადმი მტრული განწყობა ააქტიურებს სიმპათიკურ ნერვულ სისტემას, რაც იწვევს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევებს, უწინარეს ყოვლისა – ჰიპერტენზიას. იგივე მიზეზები განაპირობებს ქრონიკულ კუნთოვან დაძაბულობას, რომელმაც, თავის მხრივ, შესაძლოა ართრიტი გამოიწვიოს, და სისხლძარღვთა ტონუსის მომატებას, რომელიც თავის ტკივილებს და შაკიკს უდებს სათავეს, ენდოკრინულ სისტემაზე ამავე ფაქტორების ზემოქმედებას კი დიაბეტისა და თირეოტოქსიკოზის ჩამოყალიბებამდე მივყავართ.

* არარეალიზებული სექსუალური, აღიარების, თვითდარწმუნების და თვითდაცვის მოთხოვნილებები ააქტიურებს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას, რაც იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიებს (კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, წყლულოვანი კოლიტი), ბრონქულ ასთმას, ნეიროდერმიტს, ხოლო დანაშაულის განცდა საფუძველს უყრის კვებით დარღვევებს.

წარმომშობი ფაქტორების გათვალისწინებით, ზოგიერთი მეცნიერი ფსიქოსომატური დაავადებების სამ ვარიანტს გამოყოფს:

1. სიტუაციური ფსიქოსომატური დაავადებებების წარმოშობაში წამყვან როლს ასრულებს ქრონიკული ფსიქოტრავმა და დისტრესი;

2. პიროვნული ფსიქოსომატური დაავადებების ჩამოყალიბებაში – პიროვნების ფსიქოლოგიური და ემოციური თავისებურებები;

3. ცერებრალური ფსიქოსომატური დაავადებები გამოწვეულია ემოციური რეგულაციის უკმარისობით, რომელსაც, თავის მხრივ, ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანება იწვევს.

– რა ურთიერთმიმართებაა ფსიქოსომატურ დაავადებებსა და პიროვნების თავისებურებებს შორის?

– განსაზღვრული პიროვნული თვისებები, ქცევის სტილი და ემოციური რეაქციები ხელს უწყობს განსაზღვრული დაავადებების განვითარებას. მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები უვითარდება პიროვნების ე.წ. “ა” ტიპს. ამ ტიპის ადამიანებისთვის დამახასიათებელია კონკურენციისადმი მიდრეკილება, ამბიციურობა, სოციალური ნორმების გამო დათრგუნვილი, უკიდურესად მტრული განწყობა, რომელსაც ვერ ამჟღავნებენ. მათ ამოიცნობთ აგრესიული ქცევით, სიჩქარით, შფოთვით, ფეთქებადი ხასიათით და გადაჭარბებული პასუხისმგებლობით. ეს ტიპი მამაკაცებში უფრო გვხვდება.

ფსიქოსომატიკაში პიროვნების პროფილები შემოიღო ამერიკელმა ფსიქოლოგმა, ამერიკის ფსიქოსომატური საზოგადოების ფუძემდებელმა ჰელენ დამბარმა. მისი კლასიფიკაციის თანახმად:

* კორონარული პიროვნება ენერგიულია, ძალაუფლების მოყვარული, ავტორიტარული, წარმატებაზე ორიენტირებული. ის მრავალ მიზანს ისახავს და აღწევს, ეწევა აქტიურ ცხოვრებას და ხშირად აქვს კონფლიქტები.

* კუჭის წყლულის პიროვნება კატეგორიულია, პირდაპირი, რიგიდული, ფორმალურად იცავს სოციალურ ნორმებს, აქვს მხარდაჭერის ფარული მოთხოვნილება, ახასიათებს შფოთვა და მიზანთროპიული განწყობა.

* ბრონქული ასთმის პიროვნება არის საკუთარი თავის რწმენას მოკლებული, დამოკიდებული, აქვს თვითბრალდების განცდა, მერყევი თვითშეფასება, ახასიათებს შფოთვა და დეპრესიისკენ მიდრეკილება.

* შაქრიანი დიაბეტის პიროვნებისთვის დამახასიათებელია ეპილეპტოიდურობა, აფექტურობა.

* ონკოლოგიური პიროვნებისთვის ტიპობრივია დეპრესიისადმი მიდრეკილება, ბრაზისა და შფოთვის განდევნა, ალექსითიმია (საკუთარი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გადმოცემის შეუძლებლობა), კონფლიქტებისგან გაქცევა. ის ერიდება რეაქციების გამომჟღავნებას, რათა სხვებს არ აწყენინოს. ამერიკელი ფსიქოანალიტიკოსის ელიდა ევანსის დაკვირვებით, კიბო ემართებოდათ იმ ადამიანებს, რომელებიც ცხოვრების მნიშვნელობას საკუთარი მე-ს გარეთ, გარე რეალობაში ხედავდნენ. როცა ამ გარე სამყაროსთან კონტაქტი წყდებოდა, იწყებოდა დაავადება.

ცნობილია ფსიქოსომატური დაავადებების ე.წ. ალექსანდერის შვიდეული:

1. ჰიპერტენზიული დაავადება;

2. კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;

3. ბრონქული ასთმა;

4. წყლულოვანი კოლიტი;

5. რევმატოიდული ართრიტი;

6. ნეიროდერმიტი;

7. ჰიპერთირეოზი.

ზოგიერთი მეცნიერი ამ სიას უმატებს იშემიურ დაავადებას, შაქრიან დიაბეტ ტიპ 2-ს, ფსიქოგენურ უნაყოფობას, კიბოს და სხვა პათოლოგიებს. საზოგადოდ, ავადმყოფობის კლინიკურ სურათში მწვავე ან ქრონიკული ფსიქოტრავმის არსებობამ უნდა გააჩინოს ეჭვი ფსიქოსომატური დაავადების შესახებ.

მკურნალობა

– საკმარისია თუ არა ფსიქოთერაპია ფსიქოსომატური დაავადების სამკურნალოდ?

– სწორედ ფსიქოთერაპიაა ფსიქოსომატური დაავადებების მკურნალობის ძირითადი მეთოდი, რადგან ის მიმართულია მიზეზის და არა შედეგის წინააღმდეგ. მხოლოდ წამლებით მკურნალობა დროებით შვებას იძლევა, რადგან შედეგზე ზემოქმედებს და არა მიზეზზე. თუ მიზეზი არ აღმოიფხვრა, დაავადება, წესისამებრ, მეორდება ან ვითარდება სხვა ფსიქოსომატური დარღვევა.

ფსიქოთერაპიული ტაქტიკის არჩევანი დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, მისი ემოციური ინტელექტის დონეზე, პიროვნების პროფილზე, ფსიქოტრავმისა და შინაგანი კონფლიქტის ინტენსივობაზე, მიკროსოციალურ გარემოზე.

წინააღმდეგობა

– ტკივილით შეწუხებული ადამიანისთვის ალბათ ძნელი დასაჯერებელია, რომ მისი პრობლემა ფსიქოსომატური წარმოშობისაა.

– ფსიქოსომატურ ავადმყოფებს ხშირად აქვთ წინააღმდეგობა თავიანთ ცხოვრებაში არსებული სირთულეების გარკვევისა და გაცნობიერების მიმართ. ეს იმით აიხსნება, რომ:

1. დაავადების წარმოშობის სომატური მიზეზებით ახსნა უფრო მისაღებია პაციენტისთვის, ვიდრე ფსიქიკურით. ამასთან, საზოგადოებრივ ცნობიერებაში ღრმად არის ფესვგადგმული წარმოდგენა, რომ სხეულის ავადმყოფობის მიზეზი სხეულშივეა საძიებელი.

2. ფსიქიკური ფაქტორის აღიარებას მოაქვს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. ზოგიერთი პაციენტისთვის დაავადების ფსიქოგენურად აღქმა სტიგმატიზაციის შიშს იწვევს, ხოლო სომატური მიზეზებით ახსნა – შვებას.

3. ფსიქოსომატური დაავადება იქცევა ფსიქიკური კონფლიქტის გადაწყვეტის თავისებურ ფორმად, რომელიც ბავშვობიდან მომდინარე კონფლიქტის გადაწყვეტის ვერბალურ ფორმას ჩაანაცვლებს. ფსიქოსომატური დაავადებები უმთავრესად ისეთ ადამიანებს უდასტურდებათ, რომლებსაც ნაკლებად აქვთ განვითარებული ემოციური ინტელექტი, ვერ აცნობიერებენ და სიტყვიერად ვერ გადმოსცემენ თავიანთ გრძნობებს, ემოციებს, შიშებსა და სურვილებს, უჭირთ მათი მართვა – კრიტიკულ ვითარებაში სიტყვიერ რეაქციას ჩაანაცვლებს ქმედება, მაგალითად, ხელში მოხვედრილი ნივთების მტვრევა.

პრევენცია

– როგორ ავიცილოთ თავიდან ფსიქოსომატური დაავადებების განვითარება?

– ავიმაღლოთ ცნობიერება და ემოციური ინტელექტი. კი არ განვდევნოთ უარყოფითი ემოციები, არამედ სიტყვიერად გამოვხატოთ; გამოვიყენოთ მე-ს ჯანსაღი თავდაცვითი მექანიზმები:

* შეკავება – ეს არის ემოციისგან უშუალო განტვირთვაზე უარის თქმა. ამ დროს ადამიანი აცნობიერებს, რომ მასში აგრესია იბადება, არ განდევნის ამ აგრესიას, მაგრამ თავს იკავებს დესტრუქციული ფორმით მისი გამოხატვისგან, მოგვიანებით კი მის ტრანსფორმაციას ახდენს. ამას შეიძლება აგრესიის კონსტრუქციული გამოყენება ეწოდოს.

* იუმორი – გვეხმარება მარცხისა და უსიამოვნების უვნებელყოფაში საკუთარი თავის დაცინვით.

* სუბლიმაცია – უარყოფითი ემოციების გამოხატვა ხდება სოციალურად მისაღები ფორმებითა და გზებით. მაგალითად, ბრაზის ენერგია შეიძლება გარდაისახოს შემოქმედებით საქმიანობად ან ფიზიკურ აქტივობად.

* ალტრუიზმი – როდესაც ადამიანი უანგაროდ ზრუნავს სხვებზე, მისი ემოციური მდგომარეობაც უმჯობესდება.

დისტრესის მოხსნა შეიძლება მედიტაციით (მისი სხვადასხვა ფორმა არსებობს), აუტოგენური ტრენირება-რელაქსაციის მეთოდებით. რაც შეეხება ცხოვრების ჯანსაღ წესს, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას, ჯანსაღ კვებასა და დასვენებას, ის არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობისთვისაც მნიშვნელოვანია.

მარი აშუღაშვილი

Поделитесь: