ქრონიკული ტკივილი

Поделитесь:

ტკივილი სხეულის თავდაცვითი მექანიზმის ნაწილია. ის ნერვული სისტემის სიგნალია, რომელიც მიგვითითებს, რომ შესაძლოა, სხეულში რაღაც ვერ იყოს რიგზე. სწორედ ტკივილი გვაიძულებს, ხელი მოვაცილოთ გავარვარებულ ქურას, დავასვენოთ დაჭიმული კოჭი. ტკივილი გვიწესებს მოქმედების საზღვრებს და გვასწავლის, შეცდომა აღარ გავიმეოროთ.

ზოგჯერ ტკივილი ქრონიკული ხდება და უკვე აღარაფრისგან გვიცავს, მხოლოდ დისკომფორტს გვიქმნის. ქრონიკული ტკივილი შესაძლოა კვირების, თვეების და წლების განმავლობაშიც კი გაგრძელდეს. შესაძლოა, მისი თავდაპირველი მიზეზი ტრავმა, ინფექცია ან სხვა ფაქტორი იყოს, თუმცა უმეტესად მიმდინარე დაავადებით (ართრიტით, კიბოთი და სხვ.) არის გამოწვეული.

აშშ-ის ეროვნული ჯანმრთელობის ინსტიტუტის (NIH) მონაცემებით, ზრდასრულ პირთა დაახლოებით 20% ქრონიკულ ტკივილს უჩივის, რაც იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ შეერთებულ შტატებში ქრონიკული ტკივილი დაახლოებით 50 მილიონ ადამიანს აწუხებს და ეს უფრო მეტია, ვიდრე ერთად აღებული კიბოს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და დიაბეტის შემთხვევები.

რას ნიშნავს

ტკივილი ქრონიკულია, თუ ტკივილიანი დღეების რაოდენობა უტკივილო დღეების რაოდენობაზე მეტია ან ტკივილი ყოველდღიურად იგრძნობა სამი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში.

ზოგჯერ ქრონიკული ტკივილის მიზეზი ცნობილია, – მაგალითად, ართრიტი, კიბო, გაფანტული სკლეროზი, შიდსი, – ზოგჯერ კი ის აშკარა ფიზიკური დაზიანების ან დაავადების გარეშე ვითარდება. ნორმის ფარგლებშია ანალიზებისა და გამოსახვითი გამოკვლევების (რენტგენი, ექოსკოპია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ–რეზონანსული გამოსახვითი გამოკვლევა) პასუხებიც. ასეთია ფიბრომიალგიით გამოწვეული ტკივილი, მუდმივი თავის ტკივილი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს განვითარებული ტკივილი.

სავარაუდო მექანიზმი

კანში, კუნთებსა და ორგანოებში არის ტკივილის რეცეპტორები, რომელთა გაღიზიანებისას (მაგალითად, თითის გაჭრისას, მუცლის ძლიერი შებერილობისას) მათში წარმოქმნილი იმპულსები ნერვების საშუალებით გადაეცემა ჯერ ზურგის, მერე კი თავის ტვინს. თავის ტვინი აღიქვამს ტკივილს და სათანადო რეაგირებას გვაიძულებს. ტკივილი შეიძლება აღინიშნებოდეს როგორც სხეულის ერთ უბანში, ისე მთელ სხეულში, გამოიხატებოდეს ჩხვლეტით, წიწკნით, სუსხვით, წვით და სხვა. 

ბოლოდროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ ქრონიკული ტკივილი – თავის, კისრის, ზურგის ტკივილი, ფიბრომიალგიური სიმპტომები, განმეორებითი მოძრაობებით გამოწვეული დაძაბულობა – ხშირად არა სტრუქტურული მიზეზების, არამედ ფსიქოფიზიოლოგიური პროცესების შედეგია, რომელთა უკუგანვითარება შესაძლებელია. ასეთ ტკივილს ნეიროპლასტიკურს უწოდებენ.

ნეიროპლასტიკურობა ტვინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარია: ახალი ნეირონული კავშირების ჩამოყალიბება, ძველი კავშირების განმტკიცება ან დასუსტება, ნერვული იმპულსების ახალი მარშრუტებით გადაადგილება ტვინს ცვლილებებსა და ახალ გარემო პირობებთან ადაპტაციაში ეხმარება. ამ უნარის წყალობით ტვინი უფრო ეფექტურად ფუნქციობს.

ნეიროპლასტიკური ტკივილი გამოწვეულია იმით, რომ ტვინი არასწორად ხსნის სხეულისგან მიღებულ უსაფრთხო შეტყობინებებს – თითქოს ისინი საშიში იყოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნეიროპლასტიკური ტკივილი არის ცრუ განგაში, რომელიც ხანძრის დაწყებისას ირთვება, მაგრამ ხანძრის ჩაქრობის შემდეგაც კი აღარ ითიშება. როდესაც ტკივილი დიდხანს გრძელდება, მისი გამტარი გზა მუდმივად აქტიურია. შედეგად წარმოიქმნება ახალი ნერვული კავშირები, ცრუ სიგნალები.

ქრონიკული ტკივილი განსაკუთრებით ხშირია ხანდაზმულებთან. ზოგ ადამიანს ერთდროულად ორი ან მეტი სახის ქრონიკული ტკივილი აწუხებს.

როგორ ვლინდება

ქრონიკულმა ტკივილმა შესაძლოა მნიშვნელოვნად დააქვეითოს ცხოვრების ხარისხი, განწყობა, ურთიერთობები, შრომის ნაყოფიერება, შეზღუდოს აქტივობები, რომლებიც ადამიანს მანამდე სიამოვნებას ანიჭებდა.

ქრონიკული ტკივილის გავრცელებული სიმპტომებია:

  • ტკივილი, რომელიც ადამიანს ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობაში, საკუთარ თავზე ზრუნვაში, დასვენებაში;
  • გულისრევა და ღებინება;
  • მუდმივი დაღლილობა, უენერგიობა;
  • მოძრაობის ავადმყოფური აუტანლობა – მოძრაობის დროს თავბრუხვევა ან ცუდად გახდომის შეგრძნება;
  • თავბრუხვევა – წონასწორობის დაკარგვა, ორიენტაციის მოშლის შეგრძნება;
  • ძილის დარღვევა – ტკივილის გამო ჩაძინების ან ძილის შენარჩუნების გაძნელება;
  • მომატებული მგრძნობელობა სენსორული სტიმულების – ხმაურის, ძლიერი სუნის, ფიზიკური შეხების მიმართ.

ტკივილი და მაღალი წნევა

შეუძლია თუ არა ქრონიკულ ტკივილს მაღალი წნევის გამოწვევა?

ტკივილსა და ჰიპერტენზიას შორის კავშირი ბოლომდე არ არის შესწავლილი, თუმცა, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ქრონიკული ტკივილის ინტენსივობა კავშირშია ჰიპერტენზიის განვითარების ალბათობასთან, განურჩევლად ადამიანის ასაკისა, რასისა, ეთნიკური წარმომავლობისა და ჰიპერტენზიის ოჯახური ისტორიისა. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქრონიკული ტკივილის მართვა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა მაღალი წნევის გაკონტროლებაში დაგვეხმაროს.

ვის ემუქრება

ქრონიკული ტკივილის პროგნოზირება ძნელია. ორი ადამიანიდან, რომლებსაც ჯანმრთელობის ერთნაირი ისტორია ან ერთნაირი ტრავმა აქვთ, ერთს შესაძლოა განუვითარდეს ასეთი ტკივილი, მეორეს კი – არა, თუმცა ცნობილია ფაქტორები, რომლებიც ზრდის მისი განვითარების რისკს.

ქრონიკული ტკივილის განვითარების უფრო დიდი ალბათობა აქვთ:

  • ქალებს;
  • სამხედრო ვეტერანებს, რადგან სამხედრო სამსახური ფიზიკური ტრავმებისა და სტრესის წყაროა;
  • სოფლად მცხოვრებ ადამიანებს – მათ ხშირად არ მიუწვდებათ ხელი ჯანდაცვის სერვისებზე, რაც ართულებს ქრონიკული ტკივილის მიზეზის დადგენას და მის მკურნალობას;
  • 65 წელს გადაცილებულებს – ასაკთან ერთად იმატებს ტკივილის გამომწვევი დაავადებების რისკი;
  • დეპრესიისა და შფოთვის მქონე პირებს – ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ზოგჯერ ამძაფრებს ტკივილის აღქმას;
  • ქრონიკული ანთებითი მდგომარეობის მქონე პირებს – რევმატოიდული ართრიტი და სხვა ანთებითი დაავადებები ხშირად იწვევს ქრონიკულ ტკივილს;
  • ნერვების  დაზიანების, მაგალითად, დიაბეტით გამოწვეული ნეიროპათიის მქონე პირებს.

ტკივილის შეფასება

ტკივილს ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს. მისი გაზომვის მეთოდი, სამწუხაროდ, არ არსებობს. ტკივილის პარამეტრებს ექიმები  პაციენტის სიტყვიერი აღწერის მიხედვით აფასებენ, მაგრამ ასეთი აღწერა სუბიექტურია.

ტკივილის შეფასების სიმარტივისა და სიზუსტისთვის კლინიცისტებმა შექმნეს ტკივილის სკალები, თუმცა მათი გამოყენება ყოველთვის არ იძლევა სასურველ შედეგს.

ტკივილის ინტენსივობის რიცხვით სკალაზე (NPIS) ტკივილი ნულიდან ათ ქულამდე ფასდება. ნული არის ტკივილის გარეშე მდგომარეობა, ათი – ყველაზე ძლიერი ტკივილი, რაც კი შეიძლება ადამიანმა წარმოიდგინოს.

სახეების ტკივილის სკალით (Faces Pain Scale) შეფასებისას პაციენტს აჩვენებენ სხვადასხვა გამომეტყველების მქონე ათი სახის ნახატს და სთხოვენ, აირჩიოს ის, რომელიც მისი ტკივილის ძალას მიესადაგება. ეს სკალა ბავშვებისთვის შეიქმნა, მაგრამ დღეს ნებისმიერი ასაკის ადამიანებთან გამოიყენება.

PEG-3: (Pain, Enjoyment of Life, and General Activity) არის სამკითხვიანი სისტემა, რომელიც ტკივილის დროში მონიტორინგისთვის გამოიყენება. თითოეული კითხვის პასუხად პაციენტი ნულიდან ათამდე ქულით აფასებს ტკივილს. ეს კითხვებია:

1. რა რიცხვით აღწერთ გასული კვირის განმავლობაში თქვენს ტკივილს? (0 = ტკივილი არ მიგრძნია, 10 = წარმოუდგენლად ძლიერ ტკივილს ვგრძნობდი)

2. რა რიცხვით აღწერთ, გასული კვირის განმავლობაში რამდენად შეგიშალათ ხელი ტკივილმა ცხოვრებისეული სიამოვნების მიღებაში? (0 = არ შეუშლია, 10 = არაფრის თავი არ მქონდა)

3. რა რიცხვით აღწერთ, გასული კვირის განმავლობაში როგორ შეგიშალათ ხელი ტკივილმა ზოგად აქტივობაში? (0 = არ შეუშლია, 10 = ვერაფერი გავაკეთე)

მაკგილის ტკივილის კითხვარი (MPQ)  ტკივილთან დაკავშირებული 78 სიტყვის ჩამონათვალია. პაციენტს სთხოვენ, აირჩიოს სიტყვები, რომლებიც საუკეთესოდ აღწერს მის ტკივილს. მაგალითად: "მჩხვლეტი", "ინტენსიური", "მქავანა", "მგრძნობიარე", "დაჭიმული". არჩეული სიტყვების მიხედვით ექიმები მდგომარეობას აფასებენ.

პლუსები და მინუსები

ტკივილის სკალები ექიმს კონკრეტული პაციენტის ტკივილის ისტორიის უკეთ გაგებასა და სამკურნალო გეგმის შედგენაში ეხმარება, აადვილებს ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციას. მათი უპირატესობაა:

* სიმარტივე და სისწრაფე. მაგალითად, სახეების სკალაზე ბავშვსაც შეუძლია, აჩვენოს ტკივილის ინტენსივობა. ამასთან, მარტივი სკალები მინიმალურ აღჭურვილობასა და მომზადებას მოითხოვს.

* ტკივილის მონიტორინგი დროში. ტკივილის სკალის რეგულარული გამოყენება ექიმს იმის შეფასებაში ეხმარება, უმჯობესდება თუ უარესდება პაციენტის მდგომარეობა.

* მკურნალობის დაგეგმვაში დახმარება. ტკივილის სკალა ექიმს იმის შეფასებაში ეხმარება, რამდენად ეფექტურია თერაპია კონკრეტული პაციენტისთვის.

რა ნაკლოვანებები აქვს ტკივილის შეფასების სკალას?

* სუბიექტურია. ტკივილის სკალა ექიმებს მნიშვნელოვან, თუმცა სუბიექტურ ინფორმაციას აწვდის. მაგალითად, ზოგი ტკივილს ათიდან რვა ქულით აფასებს და მაინც ახერხებს მუშაობას, მაშინ როდესაც ზოგი ათიდან სამი ქულის შესაბამისი ტკივილით საწოლიდანაც კი ვერ დგება. კვლევამ აჩვენა, რომ უფრო ვრცელი და საიმედო ინფორმაციის მიღებაში ექიმს ეხმარება დამატებითი კითხვები, მაგალითად, "შეგიძლიათ ტკივილის ატანა?“

* სკალით ვერ მოწმდება, შეუძლია თუ არა ადამიანს ტკივილის ატანა – ეს ინდივიდუალურია და ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ფაქტორებით განისაზღვრება, მათ შორის გენეტიკით.

* სკალა არ იძლევა წარმოდგენას ტკივილის ისტორიის შესახებ. არადა, მისი გათვალისწინება მნიშვნელოვანია იმის გასაგებად, როგორ უმკლავდებოდა ადამიანი ტკივილს და როგორი მკურნალობა იყო ეფექტური.

* სკალა არ ითვალისწინებს ადამიანის ემოციურ მდგომარეობას. არადა ემოციები გავლენას ახდენს ტკივილის აღქმაზე. ტკივილთან ერთად ადამიანი ხშირად განიცდის შფოთვას, ბრაზს, მწუხარებასა და უსუსურობას.

* არ იძლევა წარმოდგენას იმის შესახებ, რა გავლენას ახდენს ტკივილზე აქტივობა. მოძრაობისას ტკივილი შეიძლება შემცირდეს ან გამძაფრდეს. მაგალითად, ქრონიკული ზურგის ტკივილი ძლიერდება სამუშაო მაგიდასთან ჯდომისას, ხოლო იოგას სისტემით ვარჯიშის შემდეგ იკლებს.

* არ ითვალისწინებს ტკივილის დინამიკას დროში. ტკივილის შეფასებისას ბევრი მხოლოდ იმ მომენტში არსებული შეგრძნების ინტენსივობაზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა ტკივილი დღის განმავლობაში იცვლება.

რიცხვითი სკალები განსაკუთრებით ხშირად იქცევა კრიტიკის ობიექტად, რადგან ძნელი სათქმელია, რას ნიშნავს ესა თუ ის რიცხვი ცალკეული ინდივიდისთვის.

ამჟამად ექიმები თავს არიდებენ ტკივილის მხოლოდ სკალებით შეფასებას და მეტ ყურადღებას აქცევენ პაციენტის ზოგად მდგომარეობას. მაგალითად,  შესაძლოა, ჰკითხონ: "რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? მუშაობის გაგრძელება? ბავშვებთან დროის გატარება? კალათბურთის თამაში?“ ასეთი მიდგომა ყურადღების ცენტრში აქცევს არა ტკივილს, არამედ პაციენტს.

როგორ გავუმკლავდეთ

ქრონიკული ტკივილის აღმოფხვრა ყოველთვის ვერ ხერხდება, მაგრამ მისი მართვისა და შემსუბუქების უამრავი გზა არსებობს. წლების განმავლობაში ტკივილს უმთავრესად მედიკამენტებით მკურნალობდნენ, მაგრამ თანამედროვე კვლევებმა აჩვენა, რომ ფიზიკური აქტიურობა, მაინდფულნესი (სრული კონცენტრირების, გაცნობიერების პრაქტიკები), იოგა, მედიტაცია, აკუპუნქუტრა, ტაი-ჩი და სხვა დამხმარე მეთოდები ეფექტურად ამცირებენ ტკივილს და აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს, ამიტომ მკურნალობა წამლებთან ერთად ამ მეთოდებსაც უნდა მოიცავდეს.

მედიკამენტები

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მრავალი ეფექტური ტკივილგამაყუჩებელი არსებობს, ქრონიკული ტკივილის ეფექტური მკურნალობის შერჩევა რთული პროცესია და შესაძლოა, გარკვეული ხანი დასჭირდეს. ის, რაც ერთს შვებას ჰგვრის ქრონიკული წელის ტკივილის დროს, მეორეს შესაძლოა ვერ უშველოს ოსტეოართრიტის დროს. პაციენტმა უნდა ითანამშრომლოს ექიმთან, რათა მიაგნოს შესაფერის წამალს და, ამასთან, თანმხლები რისკიც მინიმუმამდე დაიყვანოს.

ექიმმა შესაძლოა გირჩიოთ:

• პარაცეტამოლი

რეკომენდებულია პირველი რიგის გამაყუჩებელ საშუალებად მსუბუქი და ზომიერი ტკივილის დროს. მისი გამოყენება შეიძლება კანის დაზიანებით გამოწვეული ტკივილის, თავის ტკივილის, იმ მდგომარეობების შემთხვევაში, რომლებიც გავლენას ახდენს კუნთებსა და ძვლებზე. პარაცეტამოლი გამოიყენება ოსტეოართრიტისა და ზურგის ტკივილის სამართავადაც. გარდა ამისა, ის შეიძლება დაინიშნოს ოპიოიდებთან კომბინაციაში მათი დოზის შემცირების მიზნით.

პარაცეტამოლი თრგუნავს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში პროსტაგლანდინების გამომუშავებას. პროსტაგლანდინები ჰორმონის მსგავსი ნივთიერებებია, რომლებიც ტკივილისა და ანთების განვითარებაში მონაწილეობს. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებისგან განსხვავებით, პარაცეტამოლი არ ამცირებს ანთებას –  ის მხოლოდ ტკივილს აყუჩებს.

პარაცეტამოლი, წესისამებრ, უსაფრთხოა და არ იწვევს კუჭის ტკივილს ან სისხლდენას, თუმცა რეკომენდებული დოზის გადაჭარბება ან ალკოჰოლთან ერთად მისი მიღება ზრდის თირკმელების დაზიანებისა და ღვიძლის უკმარისობის განვითარების რისკს.

პარაცეტამოლის გამოყენება შეიძლება ქრონიკული ტკივილის პირველ ეტაპზე, თუმცა  ოსტეოართრიტით გამოწვეული ტკივილის დროს ის ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები.

• ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (NSAIDs)

იბუპროფენი, ნაპროქსენი და ამ ჯგუფის სხვა მედიკამენტები ყველაზე ეფექტურია მსუბუქი და ზომიერი ტკივილის დროს,  რომელიც თან ახლავს ანთებასა და შეშუპებას. ამ წამლებს ხშირად იყენებენ ართრიტის, კუნთების, მყესების ან იოგების დაჭიმვის, ზურგისა და კისრის ტრავმების, მენსტრუაციული ტკივილების დროს.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები აფერხებს ქსოვილებიდან ფერმენტ ციკლოოქსიგენაზის (ჩOX-1 ან`და ჩOX-2) გამოთავისუფლებას, რის შედეგადაც მცირდება ანთება და დაზიანებით გამოწვეული ტკივილი. რეკომენდებული დოზით მიღებისას ეს საშუალებები უმეტესად უსაფრთხოა, თუმცა დოზის გადაჭარბებისა და ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუხვევა, მუცლის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა, წყლულების განვითარება. დიდი დოზებით მიღებამ შესაძლოა დაარღვიოს თირკმელების ფუნქციობა, შეაკავოს სხეულში სითხე და ასწიოს არტერიული წნევა. თანმხლები მოვლენების რისკი განსაკუთრებით იმატებს ასაკოვან, დიაბეტის ან თირკმლის დაავადების, კუჭის წყლულის ან გასტროეზოფაგური რეფლუქსის ისტორიის მქონე პაციენტებთან.

თუ დიდხანს იღებთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს, რეგულარულად ეწვიეთ ექიმს, რათა თანმხლები მოვლენები არ გამოგეპაროთ. ამ მედიკამენტებს აქვს მოქმედების ლიმიტი –  ტკივილის კონტროლი შეუძლია მხოლოდ განსაზღვრულ ზღვრამდე. რეკომენდებულზე დიდი დოზის მიღება არ ზრდის მათ ეფექტს, მაგრამ ზრდის თანამოვლენების განვითარების რისკს.

• COX-2 ინჰიბიტორები

COX-2 ინჰიბიტორები ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ერთ-ერთი ტიპია. ეს მედიკამენტები ტრადიციული არასტეროიდული პრეპარატების გვერდითი ეფექტების შესამცირებლად შეიქმნა. COX-2 ინჰიბიტორები თრგუნავს მხოლოდ COX-2 ფერმენტს,  რომელიც ძირითადად ტკივილსა და ანთებას იწვევს, COX-1 ფერმენტს კი მუშაობის შესაძლებლობა რჩება. ეს უკანასკნელი იცავს კუჭის ლორწოვან გარსს, რითაც ამცირებს კუჭიდან სისხლდენის რისკს. მიუხედავად ამისა, COX-2 ინჰიბიტორებმაც შეიძლება გამოიწვიოს თანმხლები ეფექტები: თავის ტკივილი, თავბრუხვევა, არტერიული წნევის მომატება, თირკმლის პრობლემები, სითხის შეკავება, – და გაზარდოს ინფარქტის ან ინსულტის რისკი, განსაკუთრებით – დიდი დოზებით ხანგრძლივი გამოყენებისას, ამიტომ მათი მიღებაც ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად უნდა მოხდეს.

• ანტიდეპრესანტები და კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტები

ამიტრიპტილინი, ნორატრიპტილინი, სეროტონინისა და ნორეპინეფრინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები, გაბაპენტინი, პრეგაბალინი ხშირად ინიშნება დეპრესიისა და ეპილეფსიური კრუნჩხვის სამკურნალოდ, თუმცა ტკივილის შემცირებაც შეუძლია, განსაკუთრებით – ქრონიკული ნერვული ტკივილისა. ეფექტურია ზურგის ტკივილის, ფიბრომიალგიისა და დიაბეტური ნევროპათიის (ნერვების დაზიანების) დროს. იყენებენ ზოსტერის შემდგომი ნევრალგიის სამკურნალოდაც. ქრონიკული ტკივილი ხშირად ამძიმებს დეპრესიას, ამიტომ განწყობაზე დადებითი ზემოქმედებით ანტიდეპრესანტებს დამატებითი სარგებლობა მოაქვს.

კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატები ხელს უშლის ნერვულ უჯრედებში ტკივილის იმპულსების გავრცელებას. ეს წამლები განსაკუთრებით ეფექტურია ნერვების დაზიანებით გამოწვეული ტკივილის დროს, თუმცა ეფექტი შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ გახდეს შესამჩნევი.

ანტიდეპრესანტებისა და კრუნჩხვის საწინააღმდეგო მედიკამენტების თანმხლები ეფექტები, წესისამებრ, მსუბუქია: გულისრევა, თავბრუხვევა, ძილიანობა. იშვიათად მათ შეუძლიათ, დაამძიმონ დეპრესია ან სუიციდური აზრები გამოიწვიონ. თუ მათი მიღების ფონზე თქვენს აზროვნებაში ან განწყობაში ცვლილებები შეამჩნიეთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თანმხლები ეფექტების რისკის შესამცირებლად ამ მედიკამენტებით მკურნალობა იწყება მცირე დოზით, რომელიც თანდათან იზრდება. მიღების შეწყვეტამდეც საჭიროა დოზის თანდათანობითი შემცირება. ამ პრეპარატების მიღება რეკომენდებულია ძილის წინ.

• ოპიოიდური საშუალებები

ჰიდროკოდონი, ოქსიკოდონი და სხვა ოპიოიდები იმ ნარკოტიკების სინთეზური ანალოგებია, რომლებიც ოპიუმისგან მიიღება. მაგალითად, ჰეროინისა და მორფინისა. მათ უნიშნავენ ახალაღმოცენებული (ოპერაციის შემდგომი, მოტეხილობის თანმხლები) მწვავე ტკივილის დროს. დღესდღეობით ოპიოიდების დოზის გადაჭარბებით გამოწვეული სიკვდილიანობა საკმაოდ მაღალია, ამიტომ ეს მედიკამენტები ინიშნება მინიმალური დოზით და უმეტესად რამდენიმედღიანი კურსით.

ოპიოიდები, ისევე როგორც ნამდვილი ოპიუმი, იმიტირებენ თავის ტვინის მიერ წარმოქმნილ ბუნებრივ ტკივილგამაყუჩებლებს – ენდორფინებს. ისინი ამცირებენ ტკივილის სიგნალების ინტენსივობას, თუმცა, ამავე დროს, თრგუნავენ სხვა ფუნქციებს, მათ შორის – სუნთქვას, გულისცემას, სიფხიზლეს. ორგანიზმი თანდათან ეჩვევა ამ მედიკამენტებს, რაც იწვევს ტოლერანტობას – მდგომარეობას, როცა მედიკამენტის ეფექტი უფრო და უფრო იკლებს. ამ დროს პაციენტს უწევს დოზის გაზრდა, რაც ზრდის დამოკიდებულების (ადიქციის) განვითარების რისკს. კვლევებმა აჩვენა, რომ ხუთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ოპიოიდების გამოყენება ზრდის ალბათობას, პაციენტმა ერთი წლის შემდეგაც განაგრძოს მათი მიღება.

ყოველივე ამის გამო ოპიოიდები უნდა განიხილებოდეს როგორც ქრონიკული ტკივილის მართვის უკანასკნელი საშუალება. ისინი განსაკუთრებით ეფექტურია კიბოსა და მის მკურნალობასთან დაკავშირებული ხანგრძლივი ტკივილის შემთხვევაში. იშვიათად ოპიოიდები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი არასიმსივნური ტკივილის სამკურნალოდ, რომელიც სხვა წამლებზე არ რეაგირებს, თუმცა მათი გამოყენება მოითხოვს ექიმის მხრივ მუდმივ მონიტორინგს და მკაცრ კონტროლს.

ვარჯიში და სხვადასხვა თერაპია

ტკივილის დროს მოძრაობის დაწყება შესაძლოა პარადოქსული მოგეჩვენოთ, მაგრამ კვლევები მოწმობს, რომ ფიზიკური აქტივობა ასუსტებს ქრონიკულ ტკივილს და ანელებს მის პროგრესირებას. გაგაცნობთ ქრონიკული ტკივილის შესამსუბუქებლად რეკომენდებულ აქტივობებს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ყოველ ადამიანს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება:

• აერობული ვარჯიში

ფეხით და ველოსიპედით სიარული, სირბილი, ცურვა, ცეკვა, ხტუნვა აძლიერებს გულისცემას, ამცირებს სტრესს, ამსუბუქებს დეპრესიასა და შფოთვას, ხელს უწყობს ქრონიკული ტკივილის მართვას.

• ძალისმიერი ვარჯიში

ძალისმიერია კუნთების გასაძლიერებელი ყოველგვარი ვარჯიში, რომელიც სრულდება ტვირთით, საკუთარი წონით, ელასტიკური ლენტით და სხვა. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ქრონიკული ტკივილის მქონე ხანდაზმულებს ძალისმიერი ვარჯიშის შემდეგ შეუმცირდათ ტკივილის ზონები და ინტენსივობა.

• გაჭიმვა

ზრდის კუნთებში სისხლის ნაკადს, აფართოებს მოძრაობის დიაპაზონს, ამცირებს დაჭიმვისა და ტრავმის მიღების რისკს. მნიშვნელოვანია, გაჭიმვამდე მოითელოთ (კუნთები გაიხუროთ), რეგულარულად შეასრულოთ გაჭიმვითი ვარჯიშები და აუცილებლად დაჭიმოთ სიმეტრიული კუნთები.

გაჭიმვა სხვადასხვანაირად შეიძლება. კარგია ტაი-ჩი, პილატესი, იოგა.

ტაი-ჩი ჩინური საბრძოლო ხელოვნებაა. კვლევები მოწმობს, რომ მისი ნელი მოძრაობები და მედიტაციური კომპონენტი ამცირებს ტკივილის ინტენსივობას და აუმჯობესებს ადამიანის ყოველდღიურ ფუნქციობას.

• ფიზიკური თერაპია

ფიზიკური თერაპია გვეხმარება ფიზიკური ფუნქციების აღდგენასაა და გაუმჯობესებაში. ის მოიცავს მასაჟს, სითბოსა და სიცივის გამოყენებას და სხვა მეთოდებს.

• ოკუპაციური თერაპია

ოკუპაციური თერაპევტები ადამიანს თავის შეზღუდულ შესაძლებლობებთან ადაპტირებაში ეხმარებიან. კერძოდ, საცხოვრებელ ან სამუშაო გარემოსთან შეგუებაში ან მის შეცვლაში უსაფრთხოების ან საქმიანობის გაადვილების მიზნით. მაგალითად, კიბეზე სახელურების დამონტაჟებით, მაგიდის სიმაღლის შეცვლით, ხელსაწყოების ხელმისაწვდომ ადგილას განთავსებით.

ტკივილის დაძლევაში ადამიანს შესაძლოა დაეხმაროს მისდამი დამოკიდებულების შეცვლა, მაინდფულნესი (გაცნობიერება) და გონება-სხეულის (მინდ-ბოდყ) ტექნიკები. ასეთია:

• კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია (CBT)

კბთ ფსიქოთერაპიის მიმართულებაა. ის ასწავლის ქრონიკული ტკივილის მქონე პაციენტს, როგორ მართოს არაჯანსაღი აზრები, გრძნობები და ქცევები, რომლებიც მის ქრონიკულ მდგომარეობას უკავშირდება.

• ბიოუკუკავშირი

ბიოუკუკავშირი გონება-სხეულზე დაფუძნებული ტექნიკაა, რომლის გამოყენების დროსაც სპეციალური სენსორები ზომავს გულისცემას, კუნთების აქტივობას და სხეულის სხვა რეაქციებს. პაციენტი თავის მონაცემებს ეკრანზე ხედავს და ეს ეხმარება ფიზიოლოგიური რეაქციების გაუმჯობესებაში, მაგალითად, კუნთების მოდუნებაში, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ტკივილის შემსუბუქებას ან ფიზიკური აქტივობის გაუმჯობესებას.

• სულიერი პრაქტიკა

სულიერი პრაქტიკა მოიცავს ისეთ აქტივობებს, რომლებიც ადამიანის შინაგანი მდგომარეობისკენ არის მიმართული და სულიერ განვითარებას ემსახურება. მისი მიზანია პიროვნული სიმშვიდისა და ჰარმონიის მოპოვება. სულიერი პრაქტიკის მაგალითებია ლოცვა, მედიტაცია, მადლიერების გამოხატვა, საკუთარი ქმედებების, მიზნებისა და ღირებულებების გააზრება, კულტურული და რელიგიური რიტუალები, ბუნების წიაღში დროის გატარება.

სულიერი პრაქტიკა ხშირად გამოიყენება ქრონიკული ტკივილის მართვის პროცესში, რადგან ამაღლებს განწყობას და ამცირებს შფოთვასა და სტრესს.

• იოგა

იოგა სუნთქვით ტექნიკასა და მედიტაციას აერთიანებს სხეულის ისეთ პოზებთან, რომლებიც კუნთებს ჭიმავს და აძლიერებს. ის მიზნად ისახავს ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, რელაქსაციას, სტრესის შემცირებასა და ტკივილის შემსუბუქებას.

• მასაჟი

სხეულის სხვადასხვა ნაწილის დაზელა-დამუშავება ამცირებს კუნთების დაჭიმულობას, სტრესს, ტკივილს, იწვევს რელაქსაციას და აუმჯობესებს ზოგად თვითშეგრძნებას.

• აკუპუნქტურა

ჩინური ტრადიციული მეთოდი – სხეულის განსაზღვრულ წერტილებში წვრილი ნემსების ჩარჭობა – ამსუბუქებს ტკივილს და ამცირებს ნერვულ დაძაბულობას.

• ღრმა სუნთქვა

ნელი და განმეორებადი ღრმა სუნთქვა მუცლით, რომელშიც დიაფრაგმაც მონაწილეობს, იწვევს რელაქსაციას, ამცირებს გონებასა და სხეულზე სტრესის გავლენას.

• მუსიკათერაპია

მუსიკის შექმნა და მოსმენა ამცირებს ტკივილისა და დეპრესიის სიმპტომებს.

რა უნდა ვიცოდეთ

ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, თანამშრომლებმა უნდა გააცნობიერონ, რაოდენ დიდი გავლენა აქვს  ქრონიკულ ტკივილს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ქრონიკული ტკივილი ხშირად აიძულებს ადამიანს, თავი არიდოს ისეთ აქტივობებს, რომლებიც ტკივილს აძლიერებს, მაგრამ უმოძრაობა ასუსტებს კუნთებს, აზიანებს სახსრებს და ზრდის ტრავმების ალბათობას. ცხოვრების ასეთი წესი იწვევს ფსიქოლოგიურ იზოლაციას და სტრესს, ოჯახსა და მეგობრებთან ურთიერთობის შეუძლებლობას, შფოთვას, უმწეობისა და უიმედობის განცდას. ამიტომ ახლობლების მხარდაჭერა აუცილებელია, რათა პაციენტმა მაქსიმალურად ფუნქციურად და ხარისხიანად შეძლოს ცხოვრების გაგრძელება.

დახმარების პროცესში მნიშვნელოვანია ზომიერება, რათა ადამიანი საჭიროზე მეტად არ გახდეს დამოკიდებული მომვლელზე.

წესები მათთვის, ვისაც დახმარება სურს

* გაიაზრეთ ქრონიკული ტკივილის ბუნება – გააცნობიერეთ, რომ ის განსხვავდება მწვავე ტკივილისგან და ხშირად მოსალოდნელზე მეტხანს გრძელდება.

* მოუწოდეთ პაციენტს ფიზიკური აქტიურობისკენ – წაახალისეთ მსუბუქი ვარჯიშები, გაწელვები, ფიზიოთერაპია, მიუხედევად იმისა, რომ თავდაპირველად დატვირთვამ შესაძლოა დისკომფორტი გამოიწვიოს. რეგულარული ფიზიკური აქტიურობის დონის თანდათანობითი ამაღლება შეამცირებს ტკივილს და  გააუმჯობესებს ზოგად ფუნქციობას.

* დაეხმარეთ დაბალანსებული რეჟიმის ჩამოყალიბებაში – მათ შორის, ძილის გრაფიკის ჩამოყალიბებაში. დარწმუნდით, რომ დღის სინათლესაც იღებს, წაახალისეთ ჯანსაღი ჩვევები – ბალანსირებული კვება და მავნე ნივთიერებებისგან (სიგარეტი, ნარკოტიკები) თავის შკავება. გაითვალისწინეთ, რომ ქრონიკული ტკივილის მქონე ადამიანის ტკივილის დონე შეიძლება მერყეობდეს. მოტივაცია გაუჩნეთ, მონაწილეობა მიიღონ სოციალურ ღონისძიებებში და ჩაერთონ ოჯახურ შეკრებებში, როცა ამის სურვილი და ძალა ექნებათ.

* გაუწიეთ ემოციური მხარდაჭერა – ქრონიკულ ტკივილს შეუძლია, ზიანი მიაყენოს ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას. მოუსმინეთ პაციენტს, როცა სჭირდება, წაახალისეთ, გესაუბროთ თავის განცდებსა და გამოცდილებაზე, დააკავშირეთ პროფესიონალებთან. გაოთვალისწინეთ, რომ ქრონიკული ტკივილი არაპროგნოზირებადია და ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს ტკივილიანი და უტკივილო დღეები. გამოიჩინეთ მოთმინება, მოერგეთ მის საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.

* ნუ წაახალისებთ პასიურობას – თანაგრძნობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ნუ შეუწყობთ ხელს უმოქმედო, პასიურ ცხოვრებაში. უბიძგეთ დამოუკიდებლობისკენ და გაუჩინეთ მოტივაცია, მაქსიმალურად ჩაერთოს ყოველდღიურ საქმიანობაში.

გაეცანით ინფორმაციას – გაიგეთ მეტი იმ მდგომარეობის შესახებ, რომელიც ქრონიკული ტკივილის მიზეზია, მისი მკურნალობისა და ტკივილის მართვის სტრატეგიების შესახებ. დაეხმარეთ ადამიანს ისეთი სპეციალისტების პოვნაში, რომლებიც ქრონიკულ ტკივილს მართავენ.

* წაახალისეთ თვითზრუნვა – შეახსენეთ ავადმყოფს, რომ იზრუნოს საკუთარ თავზე, მიმართოს რელაქსაციის ტექნიკებს, იპოვოს ჰობი, თუ უკვე აქვს – თავი არ დაანებოს, ჩაერთოს აქტივობებში, რომლებიც სიამოვნებას ჰგვრის და ამცირებს სტრესს.

ტკივილით მიმდინარე მდგომარეობები

ქრონიკული ტკივილი უამრავ დაავადებასა თუ მდგომარეობას ახლავს თან. არსებობს ქრონიკული თავის ტკივილი, ქრონიკული ზურგის ტკივილი, ოპერაციის შემდგომი ქრონიკული ტკივილი; ქრონიკული ტკივილი ახასიათებს ართრიტსა და ართროზს, ფიბრომიალგიას, ნერვის დაზიანებას, დიაბეტს, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს, ინფექციებს, ავთვისებიან სიმსივნეებს და სხვა.

 ***

ოსტეოართრიტი

ოსტეოართრიტი (ოსტეოართროზი) ქრონიკული დაავადებაა, რომელიც სახსრის ხრტილისა და მიმდებარე ქსოვილების დაზიანებით მიმდინარეობს. ახასიათებს ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა და შებოჭილობა, რომელიც სახსრის ამოძრავებიდან 30 წუთში გაივლის.

ოსტეოართრიტი სახსრების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და, წესისამებრ, 40-50 წლის ასაკში იჩენს თავს. 80 წლისთვის თითქმის ყველას აქვს მისი ნიშნები. 40 წლამდე უმეტესად მამაკაცები ავადდებიან, რადგან ქალებზე ხშირად იღებენ ტრავმებს. ოსტეოართრიტის რისკფაქტორებია სახსრების გადატვირთვა, სიმსუქნე (განსაკუთრებით – მუხლის ოსტეოართრიტისთვის) და ზოგიერთი პროფესია (ფერმერის, მაღაროელის). გრძელ დისტანციებზე სირბილი არ ზრდის დაავადების განვითარების რისკს, მაგრამ უკვე არსებულ ოსტეოართრიტს ამწვავებს.

განასხვავებენ ოსტეოართრიტის ორ ძირითად ტიპს:

1. პირველადი (იდიოპათიური) – მიზეზი უცნობია;

2. მეორეული – გამოწვეულია სხვა დაავადებით ან მდგომარეობით: ინფექციით, სახსრის თანდაყოლილი დეფორმაციით, ტრავმით, მეტაბოლური დარღვევით (ჰემოქრომატოზით, ვილსონის დაავადებით), რევმატოიდული ართრიტით, პოდაგრით (ნიკრისის ქარით).

დაავადების დიაგნოზს სვამენ სიმპტომებისა და რენტგენოგრაფიის საფუძველზე.

მკურნალობა

ოსტეოართრიტის მკურნალობის ძირითადი მიზნებია:

  • ტკივილის შემსუბუქება;
  • სახსრის მოქნილობის შენარჩუნება;
  • სახსრისა და მთლიანად ორგანიზმის ფუნქციობის ოპტიმიზაცია.

ეს მიზნები უმთავრესად ფიზიკური ვარჯიშით მიიღწევა, რომელიც ძალის, მოქნილობისა და გამძლეობის გაზრდისკენ არის მიმართული. ვარჯიშთან ერთად მიმართავენ ფიზიოთერაპიასა და ოკუპაციურ თერაპიას. პაციენტებს ასწავლიან, როგორ შეცვალონ ყოველდღიური აქტივობა, რათა ოსტეოართრიტთან ერთად მაქსიმალურად სისხლსავსე ცხოვრების გაგრძელება შეძლონ.

* ვარჯიში ხელს უწყობს ხრტილის ჯანმრთელობის შენარჩუნებას, სახსრის მოძრაობის ამპლიტუდის გაზრდას და კუნთების გაძლიერებას. წყალში ვარჯიში რეკომენდებულია უფრო ძლიერი ტკივილის მქონე ადამიანებისთვის.

* ყოველდღიურად უნდა შესრულდეს გაწელვითი ვარჯიშები.

* მტკივანი სახსრებისთვის რეკომენდებულია ხანმოკლე დასვენება 4-6 საათში ერთხელ. სრული იმობილიზაცია მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს.

სხვა რეკომენდაციები

  • შესაძლოა, სიმპტომები დაამძიმოს ზედმეტად რბილი სკამების, საწოლების, ლეიბებისა და მანქანის სავარძლების გამოყენებამ.
  • წონის დაკლება ამცირებს სახსრების დატვირთვას და აუმჯობესებს მოძრაობას.
  • პაციენტს ტკივილის შემსუბუქებაში ეხმარება სპეციალური აღჭურვილობა (ჯოხი, ყავარჯენი, ჭოჭინა, დასაბანი სკამი და სხვა).
  • თბილ წყალში ვარჯიში და თბილი საფენები აუმჯობესებს კუნთების ფუნქციას.
  • სიარულის დროს ტკივილს ამცირებს კარგად შერჩეული ფეხსაცმელები, მათ შორის – სპორტულიც, და ორთოპედიული საფენები.

მედიკამენტები

მედიკამენტები დამხმარე როლს ასრულებს მკურნალობაში ვარჯიშსა და ფიზიოთერაპიასთან ერთად. წამლები პირდაპირ არ ახდენს გავლენას ავადმყოფობის მიმდინარეობაზე, არ უშლის ხელს მის პროგრესირებას, მაგრამ ასუსტებს მის სიმპტომებს და აუმჯობესებს ყოველდღიური აქტივობის შესაძლებლობას. გამოიყენება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, უმეტესად – გელი ან კრემი, მოკლე ხნის განმავლობაში – დასალევი ფორმებიც. როდესაც ორგანიზმს ამ წამლების შინაგანი მიღება არ შეუძლია, ინიშნება პარაცეტამოლი, თუმცა ის ნაკლებეფექტიანია. შესაძლოა, დაინიშნოს კაპსაიცინის მალამოც, რომელიც სახსარზე ზემოდან ისმება. ზოგჯერ ექიმები რეკომენდაციას უწევენ ლიდოკაინის პატჩებს, თუმცა მათი ეფექტიანობა დადასტურებული არ არის. ზოგიერთ შემთხვევაში ინიშნება ანტიდეპრესანტიც.

ასევე არ არის დადგენილი ოსტეოართრიტის მკურნალობისას კვებითი დანამატების: გლუკოზამინის სულფატისა და ქონდროიტინის სულფატის, – ეფექტიანობა.

ქირურგიული ჩარევა გულისხმობს სახსრის ჩანაცვლებას, ყველაზე ხშირად – მენჯ–ბარძაყისა და მუხლისა. შესაძლებელია ართროსკოპიული პროცედურების ჩატარება, მაგალითად, მენისკის აღდგენა. ახალგაზრდებთან, განსაკუთრებით – ტრავმით გამოწვეული ხრტილის მცირე დაზიანების დროს, აღდგენის სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება. ხრტილის დიდი ნაწილის დაზიანების შემთხვევაში, რაც ხშირია ხანდაზმულებთან, ეს მეთოდები უეფექტოა.

სხვა მეთოდები

მტკიცებულებათა სიმწირის გამო ოსტეოართრიტის თანმხლები ტკივილის სამართავად სხვა მეთოდების რეგულარული გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუმცა ზოგიერთი მათგანი ნებადართულია, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც სხვაგვარ მკურნალობას შედეგი არ მოაქვს. ტკივილის შემსუბუქებას ემსახურება:

* თერმოთერაპია – დაზიანებულ სახსრებზე სათბურის ან თბილი სველი პირსახოცის დადება;

სიცივე  – ყინულის დადება ერთ სახსარში დროებითი გამწვავებული ტკივილის შესამსუბუქებლად;

* აკუპუნქტურა – გამოათავისუფლებს ტვინში სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებას (ნეირომედიატორს), რომლებიც ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია;

* მასაჟი – კვალიფიციური თერაპევტის მიერ ჩატარებული მასაჟი და ღრმა სითბური თერაპია (დიათერმით ან ულტრაბგერითი მეთოდით) შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს;

კორტიზონის ინექციები – სახსარში სპეციალური კორტიზონის შეყვანა დროებით ამსუბუქებს ტკივილს;

* ჰიალურონატის ინექციები – მუხლის სახსარში 1-დან 5-მდე ინექცია კეთდება კვირაში ერთხელ. ამ ინექციებმა შესაძლოა შეამსუბუქოს ტკივილი, მაგრამ არ აჩერებს ართროზის პროგრესირებას და კურსი არ უნდა ჩატარდეს 6 თვეზე ხშირად.

 ***

ნეიროპათიული ტკივილი

ნეიროპათიულ ტკივილს იწვევს ნერვების, ზურგის ტვინის ან თავის ტვინის დაზიანების ან ფუნქციის მოშლა. უშუალო მიზეზი შესაძლოა იყოს:

* ნერვის კომპრესია – ზეწოლა სიმსივნის, ხერხემლის გაგლეჯილი დისკოს შიგთავსის, მიმდებარე ანატომიური სტრუქტურების მიერ (მაგალითად, მაჯის გვირაბის სინდრომის დროს);

* ნერვის დაზიანება, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის, ზოსტერის გამო;

* თავისა და ზურგის ტვინის მიერ ტკივილის სიგნალების არასწორი დამუშავება, მაგალითად, კიდურების ფანტომური ტკივილი (არარსებული კიდურის ტკივილი), პოსტჰერპესული ნევრალგია (ასევე ზოსტერის გადატანის შემდეგ), კომპლექსური რეგიონული ტკივილის სინდრომი.

ნეიროპათიული ტკივილი შესაძლოა ოპერაციის შემდეგაც განვითარდეს.

ნეიროპათიული ტკივილი ხშირად იწვევს შფოთვას და დეპრესიას, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა ტკივილი გაამწვაოს.

სიმპტომები

ნეიროპათიული ტკივილი შეიძლება აღიქმებოდეს როგორც წვა ან ჩხვლეტა, იყოს ძლიერი და მტანჯველი, თან ახლდეს შეხების ან სიცივის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

როცა მოძრაობა ტკივილს იწვევს, ადამიანი ცდილობს, არ ამოძრაოს მტკივანი კიდური. ამის შედეგად კუნთებმა, რომლებიც მტკივან ადგილს აკონტროლებს, შესაძლოა ატროფია განიცადოს, განილიოს, და მოძრაობა უფრო მეტად შეიზღუდოს.

ხშირად ტკივილი მისი მიზეზის აღმოფხვრის შემდეგაც გრძელდება.

დიაგნოსტიკა

ნეიროპათიული ტკივილის დიაგნოზს ძირითადად სიმპტომებისა და გასინჯვის შედეგების საფუძველზე სვამენ. შესაძლოა, დაინიშნოს გამოკვლევები ტკივილის გამომწვევი შესაძლო დარღვევის აღმოსაჩენად: მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI), ნერვული გამტარობის გამოკვლევა, ელექტრომიოგრაფია (EMG), სისხლის ანალიზი.

მკურნალობა

ნეიროპათიული ტკივილის მკურნალობა გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. მაგალითად, დიაბეტის დროს სისხლში შაქრის დონის უკეთესად გაკონტროლებამ შესაძლოა შეანელოს ტკივილის გამომწვევი ნერვული დაზიანების პროგრესირება.

ნეიროპათიული ტკივილის მკურნალობა ხშირად მედიკამენტებით იწყება. წამლები ხელს უწყობს ტკივილის შემცირებას, რაც მას ნაკლებად დამქანცველს ხდის და ცხოვრების ხარისხსაც ამაღლებს, თუმცა მხოლოდ წამლებით ტკივილის აღმოფხვრა ვერ ხერხდება. მედიკამენტები მხოლოდ ნაწილობრივ ხსნის ტკივილს და პაციენტთა ნახევარზე ნაკლებთან არის ეფექტიანი.

მკურნალობის დასაწყისშივე ადგენენ ტკივილზე გავლენის მქონე ფსიქოლოგიური ფაქტორების (შფოთვა, დეპრესია) არსებობას და მაშინვე იწყებენ მკურნალობას.

ნეიროპათიული ტკივილის დროს გამოყენებული ტკივილგამაყუჩებლების ჩამონათვალში შედის ანტიდეპრესიული (ამიტრიპტილინი, დესიპრამინი, ვენლაფაქსინი)  და კრუნჩხვის საწინააღმდეგო (გაბაპენტინი), პრეპარატები. ადგილობრივად გამოიყენება კაპსაიცინის კრემი ან ლიდოკაინის პატჩები. ოპიოიდური ანალგეტიკები ნაწილობრივ ამცირებს ნეიროპათიულ ტკივილს, მაგრამ თანმხლები მოვლენების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ანალგეტიკების გამოყენებისას.

ფიზიკური თერაპია და ოკუპაციური თერაპია ეხმარება პაციენტს, ამოძრაოს სხეულის მტკივანი ნაწილი, რათა თავიდან აიცილოს კუნთების განლევა, გაზარდოს ან შეინარჩუნოს სახსრის მოძრაობის დიაპაზონი, უკეთესად იფუნქციოს; ამცირებს დაზიანებულ უბანში ტკივილისადმი მგრძნობელობას.

შესაძლოა, ოპერაცია გახდეს საჭირო, თუ ტკივილის მიზეზია ტრავმის შედეგად მომხდარი ცვლილებები, რომლებიც ნერვზე ზეწოლას ახდენს.

ელექტრული სტიმულაცია შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს განსაზღვრული ტიპის ქრონიკული ნეიროპათიული ტკივილის დროს.

ნერვული ბლოკადა გამოიყენება იმ ნერვული გზის გადასაკეტად, რომელიც გადასცემს ან აძლიერებს ტკივილის იმპულსებს. ნერვული ბლოკადა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძლიერი ქრონიკული ტკივილის მქონე ადამიანებთან, რომლებსაც წამლები არ შველის. ნერვული ბლოკადა ტარდება საანესთეზიო საშუალების ინექციით კონკრეტული ნერვის ან ნერვული განგლიის ირგვლივ. სხვა მეთოდებია ნერვის განადგურება ფენოლით, გაყინვით ან დაწვით, რისთვისაც რადიოსიხშირულ ზონდს იყენებენ.

 ***

კომპლექსური რეგიონული ტკივილის სინდრომი

კომპლექსური რეგიონული ტკივილის სინდრომი (CRPS) ქრონიკული ნეიროპათიური ტკივილის ნაირსახეობაა. მისთვის დამახასიათებელია მუდმივი წვის ან ტკივილის შეგრძნება, რომელსაც მტკივან ადგილას ემატება სხვადასხვა დარღვევა: ოფლის წარმოქმნის გაძლიერება ან შემცირება, შეშუპება, კანის ფერის ან ტემპერატურის ცვლილება, კანის დაზიანება, თმის ცვენა, ფრჩხილების დაბზარვა ან გასქელება, კუნთების განლევა და სისუსტე, ძვლის მასის დაკარგვა.

კომპლექსური რეგიონული ტკივილის სინდრომი, წესისამებრ, ტრავმის შემდეგ ვითარდება. ამ დროს ტკივილის იმპულსები თავის ტვინსა და ზურგის ტვინში არასწორად მუშავდება. ის უმეტესად ახალგაზრდებთან გვხვდება, ქალებთან – ორ-სამჯერ უფრო ხშირად.

ცნობილია კომპლექსური რეგიონული ტკივილის სინდრომის ორი ტიპი:

* ტიპი პირველი, რომელსაც წინათ რეფლექსურ სიმპათიკურ დისტროფიას უწოდებდნენ – წარმოიშობა ნერვული და სხვა ქსოვილების – ძვლების, იოგების, მყესების დაზიანების შედეგად, მაგალითად, ავარიის დროს. ასევე შესაძლოა განვითარდეს ამპუტაციის, გულის შეტევის, ინსულტის ან კიბოს (მაგალითად, ფილტვის, სარძევე ჯირკვლის, საკვერცხის ან ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის) შემდეგ. ხშირად იწვევს დაზიანებული კიდურის თაბაშირით ან არტაშანით იმობილიზაციაც.

* ტიპი მეორე, რომელიც წინათ ცნობილი იყო კაუზალგიის სახელწოდებით – გამოწვეულია ნერვების დაზიანებით.

არის შემთხვევები, როდესაც სინდრომს აშკარა მიზეზი არ აქვს.

სიმპტომები

კომპლექსური რეგიონული ტკივილის სინდრომი მრავალფეროვანია და რაიმე განსაზღვრულ შაბლონს არ მიჰყვება.

ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია წვა, ჩხვლეტა და ტკივილი დაზიანებულ კიდურში. ტკივილი ხშირად უფრო ძლიერია, ვიდრე შეიძლება მოჰყოლოდა ასეთ დაზიანებას. მას ამძიმებს ემოციური სტრესი და ტემპერატურის ცვლილება. დაზიანებულ ადგილას კანი ხშირად მეტისმეტად მგრძნობიარე ხდება შეხების მიმართ (ალოდინია).

ტკივილის გამო ადამიანი ხშირად ვერ იყენებს დაზიანებულ კიდურს. ამის შედეგად შესაძლოა შეიზღუდოს სახსრის მოძრაობა, დამოკლდეს და გამკვრივდეს კუნთები (განვითარდეს კონტრაქტურა) და ჩამოყალიბდეს ნაწიბუროვანი ქსოვილი.

დაზიანებული კიდური შესაძლოა შესივდეს, თმა გაცვივდეს, ფრჩხილები დაიბზაროს ან გასქელდეს, ძვლებმა დაკარგოს სიმკვრივე, კუნთები გაილიოს ან დასუსტდეს. მოსალოდნელია უჩვეულოდ ძლიერი ოფლიანობა ან ოფლის გამოყოფის შემცირება. შესაძლოა, დაზიანებულ ადგილას სხეულის ტემპერატურა ნორმალურზე მაღლად ან დაბლად აღიქმებოდეს; კანი გაწითლდეს ან ლაქებით დაიფაროს, გაფერმკრთალდეს ან აპრიალდეს, თითები მოიღუნოს, ტერფმა არაბუნებრივი მდგომარეობა მიიღოს  და ასე დარჩეს, დაზიანებულ კიდურს დაეწყოს კანკალი და უნებლიე მოძრაობები. ხშირად ამ მდგომარეობას ერთვის დეპრესია, შფოთვა ან ბრაზი.

სიმპტომები შესაძლოა თანდათან შესუსტდეს ან მრავალი წლის განმავლობაში უცვლელი დარჩეს. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სინდრომი პროგრესირებს და სხეულის სხვა ნაწილებზეც ვრცელდება.

დიაგნოზი

დიაგნოზს სვამენ ზემოთ ჩამოთვლილ სპეციფიკურ სიმპტომებზე დაყრდნობით. შესაძლოა, საჭირო გახდეს სხვა გამოკვლევებიც, მაგალითად, რენტგენი (ძვლის შესაფასებლად), ნერვის გამტარობის გამოკვლევა და ელექტრომიოგრაფია (EMG).

მკურნალობა

კომპლექსური რეგიონული ტკივილის სინდრომის სამკურნალოდ გამოიყენება სხვადასხვა მეთოდის კომბინაცია. მკურნალობის მიზანია, დაეხმაროს ადამიანს დაზიანებული კიდურის გამოყენებასა და გადაადგილებაში.

ფიზიოთერაპია ავადმყოფს იცავს კუნთების განლევისგან, სახსრების ირგვლივ ნაწიბუროვანი ქსოვილის განვითარებისგან და სხვა.

დესენსიბილიზაცია გულისხმობს მტკივან ადგილზე თავდაპირველად ისეთი ნივთით შეხებას, რომელიც არ აღიზიანებს კანს (მაგალითად, აბრეშუმით), გარკვეული ხნის შემდეგ კი უფრო და უფრო გამაღიზიანებელი მასალებით (მაგალითად, ჯინსით). დესენსიბილიზაციის ჩატარება ასევე შესაძლებელია კიდურის ჯერ გრილი, მერე კი თბილი წყლის აბაზანაში მოთავსებით.

სარკისებური თერაპია ამგვარად ტარდება: ადამიანი ზის დიდი სარკესთან და მასში ხედავს მხოლოდ ჯანსაღ კიდურს. დაზიანებული კიდური დამალულია. სარკე პაციენტს უქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ის ამოძრავებს ორივე ნორმალურად მოფუნქციე კიდურს. ეს მეთოდი ცვლის თავის ტვინში არსებულ ნერვულ გზებს, რომლებიც ტკივილის იმპულსების ინტერპრეტირაციას ახდენს. ტარდება დღეში 30-წუთიანი ვარჯიში 4 კვირის განმავლობაში. შედეგად ტკივილმა შესაძლოა საგრძნობლად იკლოს.

ნეირომოდულაცია გულისხმობს ნერვების ან ზურგის ტვინის ელექტროსტიმულაციას ტკივილის ინტენსივობის შესამცირებლად.

ზოგ ადამიანს ტკივილს უმსუბუქებს და მისთვის ფიზიოთერაპიის ჩატარების საშუალებას იძლევა სიმპათიკური ნერვის ბლოკადა. ზოგიერთ შემთხვევაში ამისთვის საკმარისია ტკივილგამაყუჩებლის (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება, ოპიოიდი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატი, ანტიდეპრესანტი) დალევა.

გამოიყენება ზურგის ტვინის სტიმულაცია. ნაკლებშედეგიანია ნერვის ტრანსკუტანული ელექტროსტიმულაცია (TENS).

დეპრესიისა და შფოთვის დასაძლევად მიმართავენ ფსიქოთერაპიას, ზოგჯერ ტკივილს აკუპუნქტურაც ამსუბუქებს.

მოამზადა მარი აშუღაშვილმა

Поделитесь: