უგზობა და ადრენალინი

Поделитесь:

ჯიპი

საავტომობილო სამყაროში, უმთავრესად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, ჯიპად უმართებულოდ მოიხსენიებენ SUV ტიპის (sport-utility vehicle (ინგ.) – სპორტული და მრავალმხრივი გამოყენების) მსუბუქ ან ნახევრად სატვირთო ყველგანმავალ, მრავალდანიშნულებიან ავტომობილს, გამოშვებულს სავაჭრო ნიშნით ჟეეპ.

ინგლისური სიტყვა “ჯიპი” წარმოადგენს ჟარგონიზმს, რომელიც მომდინარეობს აბრევიატურისგან GP (Gენერალ Pურპოსე – ზოგადი დანიშნულების). ჟეეპ ბრენდის სავაჭრო ნიშნის მფლობელი კომპანია “კრაისლერი” უკვე დიდი ხანია ცდილობს, ტერმინი “ჯიპი” “ყველგანმავლით” ჩაანაცვლოს.

მოკლედ, ჯიპი არის მრავალდანიშნულებიანი, სრულამძრავიანი (ოთხთვლიანი) ყველგანმავალი ავტომობილი.

არსებობს ასევე შედარებით ახალი სახეობა – ქროსოვერი (Crossover), SUV-ისა და მსუბუქი ავტომანქანის ერთგვარი ჰიბრიდი. ეს არის ავტომობილი, რომელსაც აქვს SUV-ის მსგავსი მაღალი სავარძლები, მაგრამ გამოარჩევს მსუბუქი მანქანისთვის დამახასიათებელი კომფორტი. ქროსოვერები, წესისამებრ, გათვლილია მაქსიმუმ ხუთ მგზავრზე, ხოლო SUV-ებში უფრო მეტი ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. ისინი ხშირად შვიდ-რვა მგზავრზეა გათვლილი და სავარძლების სამი რიგი აქვს. ამასთან, SUV-ები უფრო დიდი საბარგულით და, შესაბამისად, უფრო დიდი ტევადობით გამოირჩევა.

SUV აგებულია სატვირთო მანქანის შასიზე და ეს ფაქტორი მას გაუვალ გზებზე გადაადგილებისას ქროსოვერთან შედარებით უპირატესობას ანიჭებს. განსხვავდება მათი დიზაინიც: SUV  უფრო დიდი, ბრუტალური და ვიზუალურად ნაკლებად დახვეწილია.

ჯიპინგი

ჯიპინგი სპორტისა და აქტიური დასვენების ნაირსახეობაა,  ოფროუდის (off road – გზის მიღმა) მიმართულებას განეკუთვნება და გაუვალ, გაუკვალავ გზებზე ჯიპით ანუ ყველგანმავალი ავტომობილით სიარულს ნიშნავს. სიარულს იქ, სადაც მთავრდება გზა და იწყება ადრენალინი.

თანამედროვე ავტომობილების ტექნიკური მონაცემები იძლევა იმის საშუალებას, რომ დასვენების ეს ექსტრემალური სახეობა მრავალი თავზე ხელაღებული ავტომოყვარულის შედარებით უსაფრთხო გატაცებად იქცეს ჯიპინგი მთელი წლის განმავლობაშია აქტუალური, მაგრამ საუკეთესო პერიოდად მაინც თბილი სეზონი – გაზაფხულიდან ადრე შემოდგომამდე – მიიჩნევა. არსებობს ზამთრის ჯიპ-ტურებიც მარტივი მარშრუტებითა და გათბობით უზრუნველყოფილი მოსასვენებელი ადგილებით.

ჯიპინგი ორნაირია:

* ორგანიზებული, როცა მარშრუტის დადგენასა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას თავის თავზე იღებს ტურ-ოპერატორი, მონაწილეები კი მგზავრების სტატუსით მხოლოდ ქირაობენ სატრანსპორტო საშუალებას და

* დამოუკიდებელი, როცა მონაწილე ან მონაწილეთა ჯგუფი გიდის გარეშე, საკუთარი ავტომობილით მიემგზავრება თავგადასავლის საძიებლად.

ჯიპ-ტურებს სირთულის მიხედვითაც განასხვავებენ. მარტივ, რამდენიმესაათიან ან ერთ-ორდღიან მოგზაურობას განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება, ხანგრძლივი ოფროუდისთვის კი, რომლის დროსაც ბუნებრივი დაბრკოლებების, მაგალითად, მთის მდინარეების გადალახვა მოგიწევთ, სპეციალური აღჭურვილობაა საჭირო.

ტურის ხანგრძლივობა ერთი დღიდან რამდენიმე კვირამდე მერყეობს და ის სეზონზე, უგზოობის ხარისხსა და მარშრუტის სირთულეზეა დამოკიდებული. თუ ახალბედა ჯიპერი ხართ, თავდაპირველად მარტივ, მოკლე, ერთდღიან ტურზე შეაჩერეთ არჩევანი, თუ გამოცდილება გიმაგრებთ ზურგს და მეტი ექსტრიმი გჭირდებათ – რამდენიმედღიანზე.

შეარჩიეთ კომფორტული ტანსაცმელი, სალაშქრო ფეხსაცმელი, მოიმარაგეთ საჭირო მედიკამენტები და პირადი ჰიგიენის საშუალებები, განსაკუთრებით – მრავალდღიანი ტურებისთვის. თან იქონიეთ მზის სათვალე, საწვიმარი, სალაშქრო ჯოხი, ფარანი, მოხერხებული სალაშქრო ზურგჩანთა და სამყოფი საკვები.

ჯიპინგის მოყვარულებში დიდი პოპულარობით სარგებლობს შემდეგი მიმართულებები: საქართველოში – ხევსურეთი, თუშეთი, სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები; აზია – ომანი, იორდანია, უზბეკეთი, ყირგიზეთი; აფრიკა – მაროკო, ეგვიპტე, სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკა; აქვე, მეზობლად – სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი... მოკლედ, გეოგრაფია საკმაოდ ვრცელია.

ევროპულ ჯიპინგში გამორჩეულია ისლანდია და მასზე ცოტა ვრცლად მოგიყვებით.

ჯიპ-საფარი ყინულსა და ცეცხლში

ისლანდია ევროპის უკიდურესი ჩრდილოეთის ზღაპრულად ლამაზი კუნძულოვანი სახელმწიფოა მდიდარი ისტორიითა და ხელუხლებელი ბუნებით. ის ატლანტის ოკეანეში, შუა ატლანტიკურ ქედზე მდებარეობს და ვულკანურად და გეოთერმულად აქტიურ რეგიონს წარმოადგენს. მისი სახელწოდება “ყინულოვან ქვეყანას” ნიშნავს. რელიეფში ძველი გამყინვარების ნიშნები შეიმჩნევა.

კუნძულზე ორასამდე ვულკანი და გეიზერია. ვულკანებიდან ყველაზე ცნობილია: ჰეკლა, ლაკი, ასკია და ისლანდიის უმაღლესი მწვერვალი ხვანადალსნუკური (2109,6 მ).

აქ, ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მუზეუმებისა და მდიდრული სასახლეების დასათვალიერებლად არ ჩამოდიან. მკაცრი კლიმატი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები და სპეციფიკური კულტურა ისლანდიას იდუმალებით მოცულ, მიმზიდველ ადგილად აქცევს.

ამ ქვეყნის მთავარი ღირსშესანიშნაობები ბუნება, ლანდშაფტი და რელიეფია – ნისლში გახვეული მყინვარები და ქაფქაფა გეიზერები, უკიდეგანო მწვანე ველები და ულამაზესი ჩანჩქერები... და ეს კონტრასტი – ცივისა და ცხელის, ყინულისა და ცეცხლის – დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს.

აკურეირიდან, რომელიც ისლანდიის სიდიდით მეორე ქალაქია დედაქალაქ რეიკიავიკის შემდეგ, შეგიძლიათ ჩახვიდეთ ჰუსავიკში, იქიდან კი გაემგზავროთ “ღმერთის ჩანჩქერზე” – გოდაფოსზე. იქვეა კუნძული გრიმსეიც, სადაც ისლანდიის უკიდურესი ჩრდილოეთით მდებარე დასახლებული პუნქტი, სოფელი სანდვიკი მდებარეობს. აქ დაბუდებული ჩრდილოეთის ზღვის ფრინველების – ალკების, კაირებისა და თოლიების – უდიდესი კოლონიის გამო ადგილობრივ მოსახელობას კატებისა და ძაღლების ყოლა ეკრძლება.

ისლანდიის დასავლეთის ფიორდები (ვესტაფიორდსი) ზღვის მთიან სანაპიროზე განლაგებული ვიწრო ყურეებია. ისინი მყინვარების მოქმედების შედეგად არის წარმოქმნილი. მთის კალთები კლდოვანი, მაღალი და ციცაბოა. თავისი ბუნებით, პეიზაჟებითა და ისტორიით ვესტაფიორდსი ქვეყნის სხვა ნაწილებისგან სრულიად განსხვავდება და მისი ნახვა ნამდვილად ღირს. აქ არ არის მოასფალტებული გზები, ვერ გადაეყრებით ტურისტებს, სამაგიეროდ დატკბებით ბუნების პირველყოფილი სილამაზით.

გეიზერებსა და ვულკანებს ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე შეხვდებით, მაგრამ ისლანდიის მთიანეთის სამხრეთში, ნაკრძალ ფიალაბაკში მდებარე ლანდმანალოიგარი ნამდვილი გეოთერმული ოაზისია. ღია ცის ქვეშ ცხელ წყლებში ბანაობის ტრადიცია აქ საკუნეებს ითვლის. ჰეკლას კრატერიდან გადმონთხეულ და გაქვავებულ ლავაში მომწყვდეული ეს უნიკალური ადგილი ჩრდილოეთის ველური ბუნების მოყვარულებს შორის უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

აუცილებლად სანახავია “ისლანდიური პომპეი” – ნასოფლარი სტონგი. ის XII საუკუნეში ჰეკლას ამოფრქვევის შედეგად სრულიად განადგურდა.

სტოკსნესი ისლანდიის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე კონცხია. ვულკანური წარმოშობის შავი ქვიშის, მწვანე კანიონებისა და თვალუწვდენელი მოცისფრო გაყინული კლდეების ეს სამეფო იდეალურია პეიზაჟური ფოტოგრაფიისთვის.

ისლანდიურ ჯიპ-საფარის ვასრულებთ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, განუმეორებელ ველ თინგველირზე, რეიკიანესის ნახევარკუნძულთან ახლოს. იგივე სახელი ჰქვია ეროვნულ პარკს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ეს ორი ტექტონიკური ფილის და, შესაბამისად, ორი კონტინენტის – ევრაზიისა და ჩრდილოეთი ამერიკის – შერწყმის ადგილია. როგორც ამბობენ, რამდენიმე ასეული წლის წინათ ამ ისტორიულ ადგილას გაიმართა ვიკინგების პირველი საყოველთაო შეკრება – ალტინგი, რის შემდეგაც ევროპის ისტორიის ახალი თავი დაიწყო.

 

მოკლედ, ძვირფასო მეგობრებო, შეარჩიეთ მარშრუტი და გაემგზავრეთ თქვენი ოთხთვალა ბედაურით ახალი ჰორიზონტების დასაპყრობად, თუნდაც ეს ჰორიზონტი ცხრა ზღვასა და ცხრა მთას იქით იყოს. ტყუილად კი არ ამბობენ, სუფთა ჯიპი პატრონის სირცხვილიაო!

ირაკლი კარტოზია

Поделитесь: