კოჭ-წვივის მოტეხილობა

Поделитесь:

კოჭ-წვივის სახსრის – ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე მოძრავი და ფუნქციურად დატვირთული სახსრის – მოტეხილობა არა მარტო სპორტულ, არამედ ყოველდღიურ აქტივობასაც ზღუდავს. მოტეხილობის მიზეზად შესაძლოა იქცეს საყოფაცხოვრებო გარემოში ან სპორტული აქტივობის დროს მიღებული პირდაპირი ან არაპირდაპირი ტრავმა.

როდის არის სავარაუდო კოჭ-წვივის მოტეხილობა და როგორ მკურნალობენ მას?

მოტეხილობის თავისებურება

კოჭ-წვივის სახსარს ჭაღისებრი მოყვანილობა აქვს. მისი ძირითადი ფუნქცია ტერფის მოხრა, გაშლა, განზიდვა, მოზიდვა და ტრიალია. სახსარი სამი ძვლისგან შედგება. ესენია კოჭის ერთი და წვივის ორიდიდი და მცირე – ძვლები. სახსრის ერთიანობას კუნთები, იოგები და მყესები უზრუნველყოფს. წვივის ძვლები ერთმანეთთან მთელ სიგრძეზე ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილით არის დაკავშირებული, ხოლო გარედან წვივის წინა და უკანა იოგები აკრავს. დიდი და მცირე წვივის ძვლების ქვედა ბოლოებზე მდებარეობს მედიალური, ლატერალური და უკანა გოჯები, რომლებიც კოჭ-წვივის სახსრის შემადგენელი  მნიშვნელოვანი ელემენტებია. სწორედ მათი დაზიანების მიხედვით ხდება კოჭ-წვივის სახსრის მოტეხილობის კლასიფიკაცია, მაგალითად, თუ პაციენტს მცირე წვივის ძვლის ქვედა კიდე აქვს მოტეხილი, ვამბობთ, რომ სახეზეა ლატერალური გოჯის მოტეხილობა, ხოლო დიდი წვივის ძვლის ქვედა ბოლოს მოტეხილობას მედიალური გოჯის მოტეხილობა ჰქვია. ხდება ისეც, რომ მედიალური და ლატერალური გოჯები ერთდროულად ზიანდება. ამ შემთხვევაში ორგოჯოვან მოტეხილობაზე ვსაუბრობთ.

მკურნალობის შერჩევისას გასათვალისწინებელია, მოტეხილობა ღიაა თუ დახურული, ცდომის გარეშე თუ ცდომით. ღია ეწოდება მოტეხილობას, როდესაც გატეხილი ძვალი გლეჯს კუნთებსა და კანს და ჭრილობაში მისი ფრაგმენტები მოჩანს, დახურულია მოტეხილობა, როდესაც კანის მთლიანობა დარღვეული არ არის, ცდომითი კი ისეთ მოტეხილობას ეწოდება, როდესაც მოტეხილი ძვლის ფრაგმენტები ერთმანეთს დაშორებული და აცდენილია. როცა მოტეხილი ძვალი ორ ნაწილად იყოფა, მარტივ მოტეხილობაზე ვსაუბრობთ, როცა რამდენიმე ნაწილად – რთულზე.

როგორ სვამენ დიაგნოზს

ექიმი ერთი შეხედვით ყოველთვის ვერ იტყვის, კოჭ-წვივის სახსარი მოტეხილია თუ არა. ცხადია, ღია მოტეხილობის ამოცნობა ადვილია, მაგრამ დახურული მოტეხილობა ცდომის გარეშე სპეციალურ სადიაგნოსტიკო კვლევებს მოითხოვს. კოჭ-წვივის მოტეხილობას ახასიათებს შეშუპება, მოძრაობისას ან შეხებისას ძლიერი ტკივილი. დაშავებულს უჭირს ან ტკივილის გამო თავს არიდებს მოტეხილი კიდურის ამოძრავებას. უტყუარი დიაგნოზის დასმა მხოლოდ კვლევის ვიზუალური მეთოდების (მაგალითად, რენტგენის) დახმარებით არის შესაძლებელი. რენტგენოსკოპია გვიჩვენებს მოტეხილობის ლოკალიზაციას, ცდომის ხარისხს, მოტეხილი ფრაგმენტების რაოდენობას და სინდესმოზის (წვივების შემაერთებელი ქსოვილის) დაზიანებას.  კომპიუტერული ტომოგრაფია რეკომენდებულია პილონის მოტეხილობის შემთხვევაში (ოპერაციის სტრატეგიის დასადგენად). პილონის მოტეხილობა კოჭ-წვივის სახსრის მოტეხილობის განსაკუთრებული ფორმაა, რომელსაც ხშირად ახლავს როგორც მცირე, ისე დიდი წვივის ძვლის ქვედა ბოლოს მოტეხილობა. იოგოვანი აპარატისა და წვივთა დისტალური სინდესმოზის შესაფასებლად მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას იყენებენ.

როგორ მკურნალობენ

კოჭ-წვივის სახსრის ღია და შეცილებული მოტეხილობა იოგოვანი აპარატისა და რბილი ქსოვილების ძლიერ დაზიანებას იწვევს. ნებაზე მიშვებული მოტეხილობა მომავალში სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს, ამიტომ აუცილებელია ამოვარდნილობის სასწრაფოდ ჩასწორება, თუ შესაძლებელია, პირდაპირ შემთხვევის ადგილზე და ექიმთან მისვლამდე – არტაშანით ფიქსაცია.

თუ მოტეხილი ძვლის ფრაგმენტები ერთმანეთს არ არის აცილებული, არ ვლინდება ტერფის ცდომა და სინდესმოზის დაზიანება, ოპერაციული ჩარევა საჭიროდ არ მიიჩნევა. პაციენტს ტერფ-წვივის მიდამოზე 6 კვირით ედება თაბაშირი და კიდურის დატვირთვა ეკრძალება. თუ თაბაშირის დადების შემდეგ ტკივილმა იმატა ან კიდური შეშუპდა, კანი გალურჯდა, პაციენტი თითებს ვერ ამოძრავებს ან დაბუჟების შეგრძნება აქვს, შესაძლოა, მჭიდროდ დადებული  თაბაშირი ნერვს ან სისხლძარღვს აწვებოდეს. ექიმი ნახვევს შეამოწმებს და საჭიროების შემთხვევაში ახლით შეცვლის.

თაბაშირის ალტერნატივაა ტერფ-წვივის ვაკუპედ-ჩექმა-ორთეზი, რომლითაც ასევე 6 კვირის განმავლობაში ხდება კიდურის იმობილიზაცია, თუმცა ამ დროს პაციენტს აქვს ყავარჯნების დახმარებით კიდურის ტკივილთან ადაპტირებული დატვირთვის უფლება. ვაკუპედ-ორთეზის უპირატესობა ის არის, რომ მყარი გარეთა კონსტრუქციის შიგნით მოთავსებულია ვაკუუმის შალითა-ბალიში, რომელიც ყოველი მხრიდან კომპაქტურად ეკვრის კიდურს და მის მყარ ფიქსაციას განაპირობებს. კოჭ-წვივის სახსრის მოტეხილობის კონსერვატიული მკურნალობის დროს აუცილებელია რენტგენოლოგიური კონტროლი პოსტტრავმულად 1, 3 და 6 კვირის შემდეგ, რათა შეფასდეს შეხორცების პროცესის მიმდინარეობა.

თუ დადასტურდა ღია მოტეხილობა ცდომით, ღია წესით ოპერაციას ამჯობინებენ. ამ დროს მოტეხილი ფრაგმენტების სწორი პოზიციის შესანარჩუნებლად იყენებენ სხვადასხვა საფიქსაციო საშუალებას: მეტალის ძაფებს, სახრახნებს, ჭანჭიკებს, ღეროებს და ფირფიტებს. აღნიშნული პროცედურა ზოგადი ანესთეზიის ფონზე ტარდება.

ღია მოტეხილობის, მასიური შესივების ან კოჭ-წვივის სახსრის არასტაბილურობისა და ღრძობის შემთხვევაში რეკომენდებულია გარეგანი ფიქსაციის აპარატი – უჟანგავი ფოლადის ღეროებისა და მეტალის სამაგრებისგან შემდგარი მოწყობილობა, რომელიც კანის გავლით ძვალში მაგრდება. სანამ ძვალი კარგად შეხორცდება, მოტეხილობის ადგილას მაგარი კორძი ჩნდება, რომელიც შესაძლოა მგრძნობიარე ან ოდნავ მტკივნეულიც კი იყოს, მაგრამ ძვლის შეხორცებიდან რამდენიმე თვეში ქრება. საფიქსაცო საშუალებებს ძვლის შეხორცების შემდეგ იღებენ.

გართულებები და შორეული შედეგები

კოჭ-წვივის სახსრის მოტეხილობის პროგნოზი დამოკიდებულია მოტეხილობის ლოკალიზაციაზე, ტიპზე, პაციენტის ასაკსა და თანმხლებ დაავადებებზე. არც გართულებაა გამორიცხული:

  • მოტეხილმა ძვალმა შესაძლოა დააზიანოს ირგვლივ მდებარე რბილი ქსოვილები, რაც დამატებითი ტრავმისა და სისხლდენის წყაროა.
  • თუ მოტეხილობის შედეგად ნერვული უჯრედები დაზიანდა, შესაძლოა, დამბლა განვითარდეს.
  • ინფექცია მოტეხილობის თანმხლები კიდევ ერთი საფრთხეა, ამიტომ ღია მოტეხილობა ზედმიწევნით უნდა გასუფთავდეს.

პოსტოპერაციული გართულებებიდან აღსანიშნავია:

  • რბილი ქსოვილებისა და ძვლის შეხორცების შეფერხება;
  • საფიქსაციო მასალის (ფირფიტისა და ჭანჭიკების) მორყევა ან გატეხვა.

არატრადიციული მეთოდების ფართო გავრცელების გამო, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია კოჭ-წვივის სახსრის პოსტტრავმული ართროზი, რომელიც უმთავრესად მოტეხილობის არასწორი ან დაგვიანებული მკურნალობის შედეგად ვითარდება და კოჭ-წვივის დეფორმაციას და მოძრაობის შეზღუდვას იწვევს.

კოჭ-წვივის სახსრის დროულად და სწორად ნამკურნალევი მოტეხილობა დადებითი პროგნოზით ხასიათდება. პაციენტს შესაძლოა დასჭირდეს სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპია (პროპრიოცეპტული და კოორდინაციის ვარჯიშები). სპორტული დატვირთვის განახლება მკურნალობის დასრულებიდან 3-6 თვის შემდეგ არის ნებადართული. სპორტსმენებისთვის თერაპიის დასრულებიდან 6-12 თვის განმავლობაში ნებისმიერი სპორტული აქტივობის დროს რეკომენდებულია კოჭ-წვივის დისტორსიული დაცვა ფუნქციური ბანდაჟის ან სპეციალური სახვევის მეშვეობით.

მარი მარღანია

Поделитесь: