როგორ კითხულობენ და ეხმარებიან ძაღლები ადამიანებს

Поделитесь:

ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ იმაზე, როგორ ამოვიცნოთ ძაღლების სხეულის ენა. მაგრამ როგორ ესმით ჩვენი თავად ძაღლებს? რას ხვდებიან ისინი ჩვენზე დაკვირვებით? როგორ გვეხმარებიან?

ძაღლებს შეუძლიათ ადამიანის ემოციური მდგომარეობის ამოცნობა, შეფასება და შესაბამისად მოქცევა – ეს დადასტურებული ფაქტია. მას, ვისაც ძაღლების ეშინია, გაგონილი ექნება: არ შეიმჩნიო, რომ გეშინია, თორემ გიკბენსო. მას, ვისაც ძაღლები უყვარს, საკუთარ თავზე ექნება გამოცდილი: ისინი ხარობენ ჩვენი ბედნიერებით და იწყენენ, როდესაც დარდიანები ვართ.

როგორ კითხულობენ ძაღლები ჩვენს ემოციურ მდგომარეობას?

ემპათიური ცუგები

2018 წელს ნეაპოლის უნივერსიტეტის მკვლევარმა ბიაჯიო დ’ანელიომ ჩაატარა ექსპერიმენტების სერია, რომელმაც აჩვენა, რომ ძაღლებს ადამიანის მიერ გამოყოფილი სუნის მიხედვით შეუძლიათ მისი ემოციური მდგომარეობის ამოცნობა. მკვლევარმა შეაგროვა სხვადასხვა სიტუაციაში გამოყოფილი ოფლის ნიმუშები და ძაღლებს დააყნოსვინა. თავიანთი პატრონების შიშის სუნის შეგრძნებისას ძაღლებს გულისცემა უხშირდებოდათ და სტრესის ნიშნები ეტყობოდათ. ბედნიერების ნიმუშების ყნოსვისას გულისცემის მაჩვენებლები შედარებით დაბალი იყო. მეცნიერის დასკვნით, პატრონის განცდები პირდაპირ აისახება ძაღლის ემოციურ მდგომარეობასა და ქცევაზე.

ძაღლები ეპილეფსიით დაავადებულთა სამსახურში

ადამიანებსა და ძაღლებს შორის ათასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობა უნიკალური და ძვირფასი მონაპოვარია. ქიმიურ სიგნალებთან ერთად ძაღლები ჩვენი სხეულის ენასაც "კითხულობენ". ისინი აკვირდებიან სახის გამომეტყველებას, ჟესტებს, სუნთქვის სიხშირეს და შესაბამისად იქცევიან.

გასაოცარია მათი უნარი, წინასწარ განსაზღვრონ ჯანმრთელობის საშიში მდგომარეობა და ამით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარება გაუწიონ თავიანთ ადამიანებს.

ეპილეფსიით დაავადებულები, როგორც ცნობილია, ეპილეფსიური შეტევებით იტანჯებიან. გულყრის დროს ადამიანმა შესაძლოა დაკარგოს გონება. ეს შეტევა შესაძლოა იყოს ხანმოკლე (რამდენიმე წამი, წუთი) ან ხანგრძლივი (უმთავრესად – კრუნჩხვითი გულყრა). ასეთ დროს უსაფრთხოებაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია. დიდ ბრიტანეთში, ბელფასტის Queen’s University-ს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სუნთქვითა და ოფლის სუნით ძაღლები ეპილეფსიური შეტევის წინმსწრებ მდგომარეობას ამოიცნობენ. ექსპერიმენტის დროს ისინი პატრონთან მიდიოდნენ, ყეფდნენ, შფოთვის ნიშნებს გამოხატავდნენ. სათანადოდ გაწვრთნილ ძაღლს შეუძლია, წინასწარ გააფრთხილოს პატრონი ან მისი ოჯახის წევრები ეპილეფსიური შეტევის მოახლოების შესახებ. ეს ოჯახის წევრებსა და თავად ეპილეფსიით დაავადებულებს უსაფრთხოების დამატებით პირობებს უქმნის.

ძაღლი სარკეა

ძაღლების მოყვარულებს აუცილებლად ექნებათ შემჩნეული, რომ წლების განმავლობაში ძაღლები და პატრონები ერთმანეთს ემსგავსებიან ტემპერამენტით, ქცევით, ემოციური გამოძახილებით. მშვიდ, გაწონასწორებული ბუნების ადამიანს ძაღლიც ასეთი ჰყავს – უცხოსთან შეხვედრისას არ ღელავს, არ შფოთავს, უმიზეზოდ არ იყეფება. მას შეუძლია, მშვიდად მიუახლოვდეს უცხო ძაღლს, დაყნოსოს, მისცეს დაყნოსვის უფლება და მშვიდადვე გაერიდოს. ადამიანს, რომელიც ხშირად ღელავს, ფორიაქობს, იოლად ღიზიანდება, უნდობლად ეკიდება სხვებს, ძაღლიც ასეთი ჰყავს. ამ ურთიერთმიმართებას იკვლევს და საინტერესო დასკვნებს გვთავაზობს კინოლოგი კევინ ბეჰანი წიგნში "შენი ძაღლი შენი სარკეა". "ისინი ჩვენს ემოციურ ენერგიას გრძნობენ. წარმოიდგინეთ, რომ დაძაბული ხართ – თქვენი ძაღლიც უმალ წრიალს იწყებს, თითქოს თქვენი შფოთვა გადაედება. როდესაც მშვიდად ხართ, ძაღლიც მშვიდადაა. დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ  ძაღლები ინტუიციურად გრძნობენ ადამიანის ემოციებს. მეტსაც გეტყვით: ისინი იმ ემოციებსაც ამოიცნობენ, რომლებსაც შესაძლოა თავად ვერც კი ვაცნობიერებდეთ. ჩვენი გაუცნობიერებელი ან მიჩქმალული ემოციები ხშირად მათი ქცევის მამოტივირებელი ხდება, ისინი პირდაპირ აირეკლავენ მათ“, – წერს ბეჰანი. მისი აზრით, თუ ვაღიარებთ ჩვენს შინაურ ცხოველებთან ამგვარ კავშირს, ეს დაგვეხმარება, უკეთ გავიცნოთ ისინი. რაც არანაკლებ მნიშნვნელოვანია, ეს დაგვეხმარება, უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი და მეტად კონსტრუქციული, ჰარმონიული ურთიერთობა დავამყაროთ, უპირველესად, საკუთარ თავთან, მერე კი ჩვენს ოთხფეხა მეგობრებთან.

"არეკვლის პრინციპის" აღიარება საუკეთესო შესაძლებლობაა, ემოციური ინტელექტი განვივითაროთ. თუ რამე არ მოგვწონს ჩვენი ძაღლის ქცევაში, თუ ის იმპულსურია, ავი, ყეფია, მოუსვენარი, ნაცვლად იმისა, რომ დავსაჯოთ ან მკაცრი მწვრთნელის დისციპლინირებულ მოწაფედ ვაქციოთ, უმჯობესია, დრო და ყურადღება დავუთმოთ საკუთარი ემოციური მდგომარეობის შესწავლას", – ვკითხულობთ წიგნში.

რა პრაქტიკულ რჩევებს გვთავაზობს სპეციალისტი?

* დააკვირდით თქვენი ძაღლის ქცევას. დაკვირვება უბრალოდ თქვენი მხედველობის თვალსაწიერში მის ყოფნას არ გულისხმობს, დაკვირვება აქ მეცნიერული მნიშვნელობით უნდა გაიგოთ: როგორ იქცევა? როგორ რეაგირებს თქვენს ხმაზე? ბრძანებაზე? როგორია შინ და გარეთ? როდის ამჟღავნებს სტრესის, გაღიზიანების ნიშნებს? სასარგებლო იქნება მოკლე ჩანაწერების გაკეთებაც.

* დააკვირდით საკუთარ ქცევას. რეფლექსია (ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნების, ღირებულებების, ინტერესების, მოტივების, ემოციების, საქციელის გაცნობიერება) ძვირფას ცოდნას შეგძენთ საკუთარ თავზე.

* სეირნობის დროს გამოყავით დრო მედიტაციისთვის, დამამშვიდებელი, ყოველდღიური სტრესისგან თავის დასაღწევი აქტივობებისთვის. ძაღლთან თამაში, მისი სიხარულის გაზიარება ნამდვილი სიამოვნებაა.

თერაპევტი ძაღლები

გასაოცარია, რა ოსტატურად ახერხებენ ძაღლები ჩვენი ფსიქოემოციური მდგომარეობის დიაგნოსტირებას. დადგენილია ისიც, რომ მათ შეუძლიათ, შეუმსუბუქონ ადამიანებს დეპრესიის სიმპტომები და კვებითი ჩვევების დარღვევები. ისინი გვეხმარებიან სტრესის დაძლევაში. ფსიქოლოგიური ტრავმების, აკვიატებული აზრების, ფობიების მკურნალობაში ძაღლების როლი შეუცვლელია. თანამედროვე ფსიქოლოგიაში არის ასეთი მიმართულება – კანისტოთერაპია (ჩანის ლათინურად ნიშნავს ძაღლს, თერაპია კი მკურნალობაა). ძაღლები-კანისტოთერაპევტები უშურველად ეხმარებიან შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებს, აუტისტური სპექტრის და ნერვული სისტემის სხვა დარღვევების, განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს.

ნინო ლომიძე

Поделитесь: