მაკურნებელი კავშირი, თერაპიული ერთობა – მეგობარი ძაღლების სასკოლო პრაქტიკა
Поделитесь:
“როდესაც მეგობრები ერთად არიან, უკეთ აზროვნებენ და უკეთ მოქმედებენ”, – ამბობდა არისტოტელე. ჩვენ დავამატებთ: როდესაც ადამიანს გვერდით ჰყავს ოთხფეხა მეგობარი, მათი კავშირი, მათი ერთობა მაკურნებელია ორივესთვის.
ჩემს ძაღლს, უშბას, რომელიც ხშირად არის “ვეტკაბინეტის” გმირი, ერთი საოცარი თვისება აქვს: უსიტყვოდ შეუძლია ადამიანის განწყობის ამოცნობა. რამდენჯერ შეგვიმჩნევია, რომ როცა ოჯახის რომელიმე წევრი სევდიანი, აღელვებული ან გაღიზიანებულია, უშბა ყველანაირად ცდილობს მის გამხნევებას – ახლოს უჯდება, თავს მუხლებზე ადებს, ხელზე ელამუნება – მომეფერეო.
იმავეს დაადასტურებს ყველა, ვისი ოჯახის სრულფასოვანი წევრიცაა ცუგა. ოჯახურ გარემოში, სიყვარულსა და მზრუნველობაში გაზრდილი ძაღლი ენით გამოუთქმელ სითბოსა და ყურადღებას გამოხატავს თავისი ადამიანების მიმართ.
მე და უშბა ხშირად დავდივართ ბაღებსა და სკოლებში, ვხვდებით ბავშვებსა და მოზარდებს. უშბა გაწვრთნილი და სანდო ძაღლია. ბავშვებთან საოცარ მოთმინებას იჩენს, მათი ჟივილ–ხივილი არ აფრთხობს. შინ დაბრუნებისას ზუსტად ვიცით: თან მოგვაქვს ძვირფასი, ფასდაუდებელი განძი – ბავშვების სიყვარული. მათაც მნიშვნელოვან გზავნილს ვუტოვებთ: ცხოველებთან პატივისცემით, მათი ღირსების შეგრძნებით განმსჭვალული ურთიერთობაა საჭირო. თუ ამ კავშირს გავუფრთხილდებით, ბუნების შვილებისგანაც ბევრს მივიღებთ.
სასწავლო, შემეცნებითი და თერაპიული მიზნებით ძაღლებისა და კატების სასკოლო სივრცეში შეყვანის პრაქტიკა მრავალ განვითარებულ ქვეყანაშია დამკვიდრებული. "ვეტკაბინეტში" ამჯერად სწორედ სკოლის მეგობარ ცუგაზე მოგიყვებით.
თანამედროვე მოზარდებს საკმაოდ სტრესულ გარემოში უწევთ ცხოვრება. ციფრული ეპოქაა და მათ ყოველდღიურობაში გარკვეული ულუფებით აღწევს ფსიქოემოციური ფონისთვის საზიანო ცნობები ომებზე, კატასტროფებზე, ბუნებრივ კატაკლიზმებზე, გაუფილტრავი და ასაკის შეუსაბამო კონტენტი. სოციალიზაციის ახალი წესები, სასკოლო სივრცეში არსებული ეკოლოგიური და სოციალური კლიმატი, მასწავლებლებთან, მშობლებთან, ერთმანეთთან ურთიერთობა, გაუთვალისწინებელი ცხოვრებისეული სიტუაციები – სტრესის გამომწვევი ფაქტორი უამრავია და მათი ამოცნობა, მინიმუმამდე დაყვანა, სტრესულ გარემოში ისეთი აქტივობების დანერგვა-განხორციელება, რომლებიც მოზარდებს სტრესთან გამკლავებაში დაეხმარება, აუცილებელია.
"გაწვრთნილი შინაური ცხოველების მონაწილეობა სასკოლო ცხოვრებაში, აქტივობები, რომლებიც ბავშვებისა და ცხოველების ურთიერთობას აყალიბებს, მნიშვნელოვანია სასკოლო ატმოსფეროს გასაუმჯობესებლად. კვლევები ცხადყოფს, რომ თერაპევტი ძაღლების პროგრამები, რომლებიც დანერგილია სკოლებში, სასიკეთოდ მოქმედებს სტრესის დროს და პრობლემური სიტუაციების გადაჭრის პროცესში", – წერს ჯენიფერ ვონლინტელი, დაწყებითი სკოლის კონსულტანტი, ვებსაიტ "School Therapy Dogs-ის" შემქმნელი.
საიტზე უამრავი საინტერესო და საჭირო მასალაა თავმოყრილი.
"როდესაც მოსწავლე ეჯახება სიტუაციას, რომელიც გადაუჭრელ პრობლემად ექცევა, მას შეუძლია, თავისი განსაცდელი ფურცელზე დაწეროს და სპეციალურ დალუქულ საფოსტო ყუთში ჩააგდოს. სკოლის ადმინისტრაცია ამ ყუთს გარკვეული პერიოდულობით ცლის და წერილებს ყურადღებით ეცნობა. თუ გამოიკვეთება ისეთი სირთულეები, რომელთა მოგვარებაც სისტემურ მიდგომას მოითხოვს, ყველა, ვის ინტერესებშიც ეს შედის, პრობლემების გადაჭრის ოთახში იკრიბება. ასე ვუწოდებთ სპეციალურად გამოყოფილ სივრცეს. როდესაც მოსწავლეებს რაიმე სამწუხარო ან ტრაგიკული ამბავი უნდა ვუთხრათ, ამავე ოთახში ვკრებთ ხოლმე. კუპერი, ჩვენი სკოლის "თერაპევტი ძაღლი", ამ შეხვედრების უცვლელი მონაწილეა. ის უშეცდომოდ გრძნობს, ვის სჭირდება მისი მხარდაჭერა და უშურველად გასცემს სითბოს, სიყვარულს, ეხმარება ბავშვებს რთული მომენტების ემოციურ დონეზე გადამუშავებაში", – ვკითხულობთ ვებსაიტზე.
"ორშაბათობით მე და კუპერი სკოლის შესასვლელთან ვდგავართ და გულითადი სალმით ვეგებებით სკოლის მოსწავლეებსა და მათი ოჯახის წევრებს", – გვიზიარებს ჯენიფერი თავის გამოცდილებას.
დღისა და სასწავლო კვირის დაწყება ღიმილით, კეთილგანწყობით, თავისთავად სასიამოვნოა – ბუთქუჩა და საყვარელი ძაღლის დანახვა ნებისმიერს გამოუკეთებს განწყობას. ამასთან, კუპერი და მისი პატრონი მნიშვნელოვან ინფორმაციას აგროვებენ: "ჩვენ ვაკვირდებით, როგორ გადმოკვეთენ ქუჩას ჩვენი მოსწავლეები, ნამდვილად იცქირებიან თუ არა ზებრას გადმოვლამდე ჯერ მარცხნივ, მერე მარჯვნივ, რამდენად ფხიზლობენ სავალი ნაწილის გადმოკვეთისას". ამ ინფორმაციის შეგროვება-დამუშავების შემდეგ მოსწავლეებთან საუბრები და სხვა აქტივობებიც იგეგმება უბედური შემთხვევების პრევენციისა და სიფხიზლის გაწაფვისთვის.
სკოლაში, რომელშიც ჯენიფერი მუშაობს, მრავალი საინტერესო მიდგომაა დანერგილი. ერთი მათგანია მენტორული პროგრამა "უფროსკლასელები უმცროსკლასელებისთვის". სკოლაში "მეგობარი კლასების" პრაქტიკაა, რაც იმას ნიშნავს, რომ უფროსი კლასების მოსწავლეები ირჩევენ მეგობარ კლასებს და უმცროს მეგობრებს, რომლებსაც ესა თუ ის საგანი ერთულებათ, მეცადინეობაში ეხმარებიან. სასკოლო საგნებში დახმარებისთვის განკუთვნილ შეხვედრებს კუპერიც ესწრება. ხან ვის გაუქიცინებს კუდს, ხან ვის. რაც მთავარია, მისი იქ ყოფნა ბავშვებს გაბედულებას მატებს, ხმამაღლა წარმოთქვან: "არ ვიცი", ან "არ გამომდის, მოდი, ერთად ვცადოთ".
კუპერს, რა გასაოცარიც უნდა იყოს, წერისა და კითხვის უნარების გაუმჯობესებაშიც შეუძლია დახმარება. დაწყებითი კლასების მოსწავლეები მას ხშირად სწერენ ხოლმე წერილებს. მერე ამ წერილებს კლასელები უკითხავენ ძაღლს. ასე, სახალისო და საინტერესო ფორმით სწავლობენ პატარები თვითგამოხატვას, აზრების წერილობით თავმოყრას.
აკადემიური და სოციალური უნარების განვითარება, ფსიქოემოციური მხარდაჭერა – ჩვენს საყვარელ ძაღლებს შეუძლიათ, შეუცვლელი დახმარება გაგვიწიონ. პასუხად კი ჩვენგან სიყვარულს, მზრუნველობასა და ერთგულებას ელიან.
ნინო ლომიძე







