მსოფლიოს 9 უჩვეულო მუზეუმი

Поделитесь:

მოგზაურობის მოყვარულთათვის კარგად ცნობილი ამერიკული საიტის  TripAdvisor-ის მიხედვით, მსოფლიოში მუზეუმების რაოდენობა შთამბეჭდავ რიცხვს – 55 000-ს აღწევს.

მარტო ჩვენთან, საქართველოში, 208 სხვადასხვა ტიპის მუზეუმია.

სიტყვა “მუზეუმი” ბერძნული წარმოშობისაა და “მუზათა ტაძარს” ნიშნავს. ეს სივრცე შესწავლის მიზნით ინახავს, იკვლევს და გამოფენს მნიშვნელოვან ისტორიულ თუ კულტურულ მასალას, რომელიც ადამიანთა შემოქმედებასა და გარემოს აღწერს.

მსოფლიოს მუზეუმების რეიტინგის ერთმნიშვნელოვანი ლიდერი ფრანგული ლუვრია. ის წელიწადში ცხრა მილიონამდე ვიზიტორს მასპინძლობს. ესპანურ პრადოს კი, მაგალითად, 2019 წლის განმავლობაში, როცა მუზეუმის მეორასე წლისთავი აღინიშნებოდა, სამ მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია.

ცოტაა ამქვეყნად ისეთი ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც არ ყოფილა მუზეუმში. ბევრისთვის ალბათ კარგად არის ნაცნობი ის პირველი ემოციაც, რომელსაც დამთვალიერებელი მუზეუმში ყოფნისას განიცდის – თავიდან ძალიან საინტერესოა, მაგრამ მერე ფაქტების მოზღვავებისგან გადაღლილ ტვინს მოწყენილობა ეუფლება, ხოლო ექსკურსიამძღოლის ხმა ძილისპირულად ჩაესმის...

ამიტომ ადამიანმა შექმნა ისეთი მუზეუმები, სადაც, მართალია, მაღალ ხელოვნებას ვერ ეზიარები, მაგრამ მიიღებ საინტერესი გამოცდილებას, დარჩები გაკვირვებული, გაღიმებული, შოკირებულიც კი... მოკლედ, მოწყენას ნამდვილად ვერ მოასწრებ.

მიკრობების მუზეუმი (Micropia)

ამსტერდამი, ნიდერლანდები

აქ გაეცნობით ჩვენი პლანეტის ყველაზე პატარა (ვირუსებს თუ არ ჩავთვლით) ცოცხალ ორგანიზმებს. მართალია, მათი უმრავლესობა ავადმყოფობასთან ასოცირდება, მაგრამ ამ ექსპოზიციის მიზანიც სწორედ ის არის, რომ მიკროსამყარო დადებით ჭრილში დაგვანახოს.

ექსპონატები კატეგორიებად არის დაყოფილი. ესენი უმთავრესად ის მიკროორგანიზმებია, რომლებიც სხვადასხვა პროდუქტის მომზადებისას ფერმენტაციის პროცესში მონაწილეობს ან ამა თუ იმ ვაქცინის შემადგენლობაში შედის.

მოკლედ, ჩვენ ვცხოვრობთ მიკრობების გარემოცვაში და მუზეუმიდან გამოსული ხვდები, რომ კოცნა არც ისეთი რომანტიკული ყოფილა, როგორიც ექსპოზიციის დათვალიერებამდე გეგონა...

პარაზიტების მუზეუმი (Meguro Parasitological Museum)

ტოკიო, იაპონია

ექსპოზიციის დათვალიერების შემდეგ, არ არის გამორიცხული, დიდი ხნით დაკარგოთ მადა, ამიტომ გირჩევთ, ჭამოთ მუზეუმში შესვლამდე.

მუზეუმის შექმნის იდეა იაპონელ ექიმ სატორუ კამეგაის ეკუთვნის. აქ 60 000-ზე მეტი პარაზიტია თავმოყრილი: მცირე ნაწილი – საგამოფენო დარბაზში, უდიდესი კი – ზედა სართულებზე განლაგებულ კვლევით ლაბორატორიაში.

ექსპონატების მრავალფეროვნებით ნამდვილად გაოცებული დარჩებით: ფორმალინში შენახული პარაზიტები და მათი მატარებელი ცხოველები, ჰელმინთები და მათი კვერცხები, პარაზიტების მიერ დაზიანებული ადამიანის ორგანოების მაკეტები... ეს ყველაფერი სათუთად ინახება და დამთვალიერებელს ელის.

ჯაშუშობის საერთაშორისო მუზეუმი (International Spy Museum)

ვაშინგტონი, აშშ

მასალებს, რომლებსაც დღესაც გრიფი “საიდუმლო” ადევს, აქ, რა თქმა უნდა, არავინ გაჩვენებთ, მაგრამ თუ გსურთ, თავი ჯეიმს ბონდად იგრძნოთ, შეიარეთ ამ მისამართზე: 700 L'Enfant Plaza SW, Washington, DC 20024.

მუზეუმში ექსპონატებისა და არტეფაქტების საკმაოდ დიდი კოლექციაა დაცული. დამთვალიერებელს ექმნება წარმოდგენა, რამხელა გავლენას ახდენდა და ახდენს ჯაშუშური საქმიანობა მსოფლიო ისტორიაზე.

განსაკუთრებით აქტიურ ექსკურსანტებს კვესტის ტიპის ინტერაქციულ თამაშს სთავაზობენ, რომლის დროსაც დამთვალიერებელს შეუძლია, საიდუმლო აგენტის როლი მოირგოს.

მუმიების მუზეუმი (The Mummy Museum)

გუანახუატო, მექსიკა

აქ გამოფენილი მუმიების ნაწილი ეკუთვნის XIX საუკუნის მეორე და XX საუკუნის პირველ ნახევარში გარდაცვლილ და ბუნებრივი მუმიფიცირების შედეგად შემონახულ ადგილობრივ მცხოვრებლებს, რომლებიც წმინდა პაულას პანთეონში იყვნენ დაკრძალულნი. ცხედრების ექსჰუმაცია 1865-1958 წლებში ეტაპობრივად განხორციელდა.

ასე რომ, გუანახუატოს მუზეუმში ვერ შეხვდებით ეგვიპტელი ფარაონებისთვის დამახასიათებელ მდიდრულად მორთულ სარკოფაგებს.

ექსპონატებს შორის არის მსოფლიოში ყველაზე პატარა მუმიაც.

გაწყვეტილი ურთიერთობების მუზეუმი (The Museum of Broken Relationships)

ზაგრები, ხორვატია

ამ მუზეუმს გატეხილი გულების მუზეუმსაც ეძახიან.

მუზეუმის დაარსების იდეა ზაგრებელ წყვილს ეკუთვნის. დაშორების შემდეგ მათ ერთად ყოფნის პერიოდში შეძენილი ნივთების საცავის შექმნა გადაწყვიტეს. ვინ იფიქრებდა, რომ ეს სევდანარევი ხუმრობა ნამდვილ მუზეუმად იქცეოდა! ის დიდი პოპულარობით სარგებლობს და ნამდვილად არ უჩივის ვიზიტორთა სიმცირეს.

თავიდან მუზეუმს მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ ჰქონდა, ექსპოზიცია ქალაქიდან ქალაქში გადაჰქონდათ, მაგრამ ექსპონატების რაოდენობის სწრაფმა ზრდამ საბოლოოდ მისი ზაგრებში დამკვიდრება განაპირობა.

დამთვალიერებელს ეძლევა საშუალება, ყოფილი შეყვარებულების პირად ნივთებსა და მათთან დაკავშირებულ მოკლე ისტორიებს გაეცნოს.

თუ ვინმემ გული გატკინათ, გაემგზავრეთ ხორვატიაში, იქნებ გული გადააყოლოთ.

წყალქვეშა მუზეუმი (Museo Subacuatico de Arte, MUSA)

კანკუნი, მექსიკა

კარიბის ზღვისა და მექსიკის სრუტის საზღვარზე, კუნძულ ისლა მუხერესის სიახლოვეს, 2010 წლიდან არაჩვეულებრივი მუზეუმი ფუნქციონირებს. ის ზღვაში, 2-დან 10 მეტრამდე სიღრმეზე მდებარეობს და 420 კვადრატულ მეტრს მოიცავს. ეს ადგილი უნიკალურია დაივინგისა და წყალქვეშა ცურვის მოყვარულთათვის. 500-მდე წყალქვეშა ქანდაკების დათვალიერება შუშის ნავებიდანაც შესაძლებელია. ქანდაკებები ნატურალური ზომისაა და ზღვის ფსკერზეა დამაგრებული.

იდეა ბრიტანელ მხატვარსა და მოქანდაკეს ჯეისონ ტეილორს ეკუთვნის.

უვარგისი ხელოვნების მუზეუმი (Museum of Bad Art, MOBA)

ბოსტონი, აშშ

ბოსტონის სიახლოვეს მდებარე ქალაქების – დედემის, სომერვილისა და ბრუკლაინის – სამ გალერეაში დაათვალიერებთ იმ ხელმოცარული მხატვრების ნამუშევრებს, რომლებსაც სურდათ, შედევრები შეექმნათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. აქ გამოფენილ 500-ზე მეტ ფერწერულ ტილოს ერთი რამ აერთიანებს – ავტორებს წინასწარ არ განუზრახავთ ცუდი რამის შექმნა, მეტიც – თავიანთ ნამუშევრებში სული და გული ჩადეს, მაგრამ გამოუვიდათ ის, რაც გამოუვიდათ...

პირველი რეპროდუქცია, “ლუსი ყვავილების მინდორში”, მუზეუმის დამფუძნებელმა სკოტ უილსონმა სანაგვეზე იპოვა, ზოგიერთი კი საკომისიო მაღაზიებში ძალიან იაფად შეიძინა.

ადამიანის სხეულის მუზეუმი (Corpus)

ლეიდენი, ნიდერლანდები

ამ პატარა ქალაქში სეირნობისას შეუძლებელია, ეს მუზეუმი ვერ შეამჩნიო. Corpus-ს 35 მეტრი სიმაღლის მჯდომარე ადამიანის ფორმა აქვს.

ესკალატორს მუხლამდე აჰყავხარ, იქიდან კი შინაგან ორგანოთა სამყაროში აღწევ. ექსკურსიის მიზანია, გააცნოს ადამიანს საკუთარი სხეულის ანატომია.

თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მუზეუმი 5D-ატრაქციონს უფრო ჰგავს. პავილიონების ინტერიერს შინაგანი ორგანოების ფორმა აქვს. შეგიძლიათ, იხტუნაოთ ენაზე ან კუჭის ოთახში დაესწროთ ბუტერბროდის მონელების პროცესს. ბავშვებს ეძლევათ საშუალება, ინტერაქციული თამაშების  მეშვეობით უკეთ გაეცნონ ამა თუ იმ ორგანოს ფუნქციონირების თავისებურებებს.

ჯადოქრობის მუზეუმი (The Museum of Witchcraft and Magic)

კორნუოლის საგრაფო, დიდი ბრიტანეთი

მისი დაარსების იდეა XX საუკუნის მეორე ნახევარში “ძლევამოსილ ჯადოქარს“ სესილ უილიამსონს დაებადა. ექსპონატები კატეგორიებად არის დაყოფილი: სატანიზმი, წინასწარმეტყველება, მჩხიბავობა, ჯადოს გაბათილება, მაგიური რიტუალები... გამოფენილია ინკვიზიციის მიერ არაერთგზის გამოყენებული ალქაჯებისა და ჯადოქრების საწამებელი ხელსაწყოებიც. ტურისტს შეუძლია, ბროლის ბურთზე ხელის შეხებით იწინასწარმეტყველოს საკუთარი მომავალი, ჯადოსნური სარკის მეშვეობით გამოიძახოს სული, შეიძინოს ამულეტები და სხვა ჯადოსნური ნივთები.

მოკლედ, ძვირფასო მკითხველო, მსოფლიოში უამრავი საინტერესო ადგილია! იმოგზაურე და ათვალიერე რაც შეიძლება მეტი – ეს ხომ საინტერესო გამოცდილება, განსხვავებული ემოცია და, ბოლოს და ბოლოს, სასიამოვნო მოგონებაა!

ირაკლი კარტოზია

Поделитесь: