ოსგუდ-შლატერის დაავადება – მუხლის ტკივილის გავრცელებული მიზეზი მოზარდებთან
Поделитесь:
მოზარდი ბიჭები ჟურნალის ინტერნეტგვერდის მეშვეობით ხშირად გვიგზავნიან კითხვებს ოსგუდ-შლატერის დაავადების შესახებ. ეს დაავადება მოზარდ ასაკში მართლაც ხშირად გხვდება. უმეტესად ბიჭებთან, თუმცა ბოლო დროს გოგონებთანაც იმატა.
რა იწვევს ოსგუდ-შლატერის დაავადებას და რა რეკომენდაციები უნდა შეასრულონ მოზარდებმა იმისთვის, რომ მუხლის ტკივილს თავი დააღწიონ ან სულაც თავიდან აიცილონ მისი განვითარება? ამ და სხვა კითხვებზე მედიცინის დოქტორმა, "ავერსის კლინიკის" ექიმმა რევმატოლოგმა ქეთევან ონიანმა გვიპასუხა:
– ოსგუდ-შლატერის დაავადება მართლაც საკმაოდ გავრცლებულია მოზარდ ბიჭებთან, განსაკუთრებით სპორტსმენებთან. მას იწვევს პუბერტატის პერიოდში მუხლის გადატვირთვის შედეგად განვითარებული მცირე დაზიანებები.
პუბერტატის პერიოდში ბავშვი ინტენსიურად იზრდება, თუმცა მისი ძვლები, კუნთები და მყესები არაპროპორციულად, სხვადასხვა სიჩქარით ვითარდება. ოსგუდ-შლატერის დაავადების შემთხვევაში კვირისტავის იოგი, რომელიც ბარძაყის ოთხთავა კუნთის მყესებისგან წარმოიქმება და კვირისტავს დიდი წვივის ძვლის ხორკლთან აკავშირებს, ძლიერად იჭიმება. დაჭიმული იოგი ქაჩავს წვივის ძვლის ზედა ნაწილში არსებულ ზრდის ფირფიტას – ხრტილის ფენას, რომელიც ზრდას დამთავრების შემდეგ ძვალდება, მანამდე კი ძვლის დანარჩენ ნაწილთან შედარებით რბილია, სუსტია და ადვილად ზიანდება.
ისეთი დატვირთვისას, რომელიც ერთი და იმავე მოძრაობის გამეორებას – ბარძაყის კუნთის ხშირ შეკუმშვას ითხოვს, ძვლები და კუნთები დამატებით სტრესს განიცდის, ზიანდება ზრდის ფირფიტა და ვითარდება დაავადების სიმპტომები.
– უმთავრესად ვის ემუქრება ოსგუდ-შლატერის დაავადების განვითარების რისკი?
– 9-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდებს, რომლებსაც უწევთ ბევრი სირბილი ან ხტუნვა – თამაშობენ ფეხბურთს, კალათბურთს, ფრენბურთს, მისდევენ ტანვარჯიშს, ცეკვავენ ბალეტს და სხვა. სტატისტიკის თანახმად, 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდთა დაახლოებით 10%-ს აღენიშნება ოსგუდ-შლატერის დაავადება, უმთავრესად ბიჭებს, თუმცა მას შემდეგ, რაც გოგონებიც აქტიურად ჩაერთნენ სპორტში, დაავადებამ მათთანაც იმატა.
ნიშნები
– ოსგუდ-შლატერის დაავადების სიმპტომები თანდათანობით ვითარდება. ისინი ყველასთვის ერთნაირი არ არის. ზოგი გამუდმებით უჩივის ტკივილს, ზოგი – მხოლოდ განსაზღვრული აქტივობების დროს. ვითარდება მტკივნეული შეშუპება წვივის ზედა ნაწილში. ეს არე მგრძნობიარეა ზეწოლისას.
დაავადების სიმპტომები ვლინდება ან ერთ, ან ორივე ფეხზე, გრძელდება რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე და შესაძლოა გამეორდეს, სანამ მოზარდი სათანადო ასაკს არ მიაღწვს და ზრდას არ დაასრულებს.
შესაძლოა, ბავშვს სტკიოდეს მხოლოდ მუხლი, შესაძლოა, მთელი ფეხი. ტკივილს აძლიერებს სირბილი, ხტუნვა, კიბეზე ასვლა, მიმართულების სწრაფი შეცვლა. ზოგჯერ ძლიერი დატვირთვის შემდეგ ბავშვი კოჭლობას იწყებს.
დიაგნოსტიკა
– საჭიროა თუ არა რამე სპეციფიკური გამოკვლევა ოსგუდ-შლატერის დაავადების დიაგნოზის დასამელად?
– ოსგუდ-შლატერის დაავადების დიაგნოზის დასმა ექიმს, წესისამებრ, გასინჯვითაც შეუძლია. წვივის ბორცვი მტკივნეულია ან მგრძნობიარეა ზეწოლის მიმართ, ზოგჯერ ბავშვს სთხოვენ სიარულს, სირბილს, ხტუნვას ან დაჩოქებას, რათა შეამოწმონ, იწვევს თუ არა ეს მოძრაობები ტკივილს. თუ ექიმს მუხლის ტკივილის სხვა მიზეზის გამორიცხვა სურს, რენტგენოლოგიურ გამოკვლევასაც დანიშნავს. თვით ოსგუდ-შლატერის დაავადებისთვის დამახასიათებელი ცვლილებები რენტგენის სურათზე ყოველთვის არ ჩანს.
მკურნალობა
– რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე პერიოდში მდგომარეობა თითქმის ყოველთვის თავისთავად უმჯობესდება. დაახლოებით 14-დან 18 წლამდე ასაკში, მას შემდეგ, რაც ძვალი ზრდას დაასრულებს, ოსგუდ-შლატერის დაავადება გაივლის.
მოზარდი უნდა ერიდოს აქტივობებს, რომლებიც ძლიერ ტკივილს აყენებს. მაგალითად, თუ სირბილის დროს ფეხი ოდნავ სტკივა, შეუძლია, ირბინოს, მაგრამ თუ ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ბავშვი კოჭლობას იწყებს, დატვირთვა უნდა შეწყვიტოს და კიდური ერთი–ორი დღე დაასვენოს.
როცა აქტივობა შეზღუდულია, მდგომარეობა უფრო სწრაფად უმჯობესდება. ზოგჯერ საჭიროა დატვირთვის სრულიად შეწყვეტა ან შესამჩნევად შემცირება ორი თვით ან მეტი ხნით. ამ დროს შეიძლება, მოზარდს ალტერნატივად ცურვა ან ველოსიპედი შევთავაზოთ.
დასვენების პერიოდში კუნთების ძალისა და მოქნილობის შესანარჩუნებლად შეიძლება ფიზიოთერაპიის ჩატარებაც.
თუ სიმპტომები 6-8 კვირაში არ გაქრა, შესაძლოა, ბავშვს დასჭირდეს მუხლის დამჭერი და ყავარჯნები, რათა სხეულის წონა მტკივნეულ მუხლს არ დააწვეს.
ზოგ ბავშვს რჩება უმტკივნეულო ბორცვი მუხლის ქვემოთ. ძალიან იშვიათად ეს გამონაზარდი მტკივნეულია. ამ შემთხვევაში ტარდება ოპერაცია.
ოსგუდ-შლატერის გადატანის შემდეგ ზოგიერთ ზრდასრულ ადამიანს დაჩოქებისას მუხლები სტკივა. თუ მუხლის ტკივილი ძვლის ზრდის დასრულების შემდეგაც დარჩა, უნდა მიმართოთ ექიმს, რათა ტკივილის სხვა მიზეზები გამორიცხოს.
ტკივილის დროს
– როგორ მოვიქცეთ ტკივილის შესამსუბუქებლად? გარდა მუხლის დასვენებისა, სხვა მეთოდები თუ არსებობს?
– უშუალოდ ტკივილის დროს:
* 1-2 საათში ერთხელ 15 წუთით დაადეთ ბავშვს მუხლზე ყინული ან ცივი პაკეტი. ყინულსა და ბავშვის კანს შორის აუცილებლად ჩაუფინეთ თხელი პირსახოცი. ყინულის დადება შეიძლება ვარჯიშის შემდეგაც.
* თუ ექიმმა ნება დაგრთოთ, შეგიძლიათ, მისცეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი თანდართული ინსტრუქციის მიხედვით.
*თუ მდგომარეობა მაინც არ გაუმჯობესდა, მიმართეთ ექიმს.
სპორტული დატვირთვა
– ოსგუდ-შლატერის დაავადების მქონე ბავშვს შეუძლია თავისი ნორმალური აქტივობების შესრულება, მათ შორის – სპორტზე სიარული, თუ ტკივილი არც იმდენად ძლიერია, რომ ხელი შეუშალოს აქტივობას და ერთდღიანი დასვენების შედეგად სუსტდება.
სასურველია, სპორტით დაკავებულმა ბავშვებმა:
* სპორტულ და ყოველდღიურ ფეხსაცმელში ჩაიფინონ ამორტიზაციის უნარის მქონე საფენები.
* ვარჯიშის დაწყებამდე მუხლზე 15 წუთით დაიდონ სათბურა ან თბილი პირსახოცი.
* ვარჯიშის შემდეგ 15 წუთით მუხლზე დაიდონ ყინული (პირსახოცის ზემოდან).
* ატარონ მუხლის დამცავი ბალიშები, განსაკუთრებით ჭიდაობის, კალათბურთის, ფრენბურთის დროს.
* გაიჭიმონ, შეასრულონ გაწელვითი ვარჯიშები აქტივობის დაწყებამდე და მის შემდეგ.
მცირე დაზიანებები, რომლებმაც შეიძლება სათავე დაუდოს ოსგუდ-შლატერის დაავადებას, ხშირად შეუმჩნეველი რჩება. გახსოვდეთ, რომ ტრავმის თავიდან აცილებაში ნებისმიერი ასაკის ადამიანს ეხმარება მოთელვა`გაჭიმვა ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ.
მარი აშუღაშვილი







