შევიწროებული სისხლძარღვები

Поделитесь:

სისხლი ცოცხალი, თხევადი ქსოვილია, რომელიც მთელი სხეულის სიცოცხლეს უზრუნველყოფს. მისი საშუალებით აღწევს ყველა საკვები ნივთიერება დანიშნულების ადგილს. სისხლის მოძრაობას თავისი კანონები აქვს. ის მკაცრად განსაზღვრული გზით მიედინება. ეს გზა სისხლძარღვებია.

ჯანსაღი, ელასტიკური, კარგი გამტარობის მქონე სისხლძარღვები სისხლის კარგ მიმოქცევას უზრუნველყოფს, მათი სანათურის შევიწროება და დახშობა კი სისხლის ნაკადის მოძრაობას აფერხებს და დარღვევებს იწვევს.

სისხლძარღვების კლასიფიკაცია

სისხლძარღვები, სისხლის გამტარი ელასტიკური მილები, ორ დახურულ სისტემას ქმნის – სისხლის მიმოქცევის მცირე და დიდ წრეებს. ორივე წრე გულიდან იწყება და გულში მთავრდება.

სისხლის მიმოქცევის მცირე (ფილტვის) წრე ფილტვის სისხლძარღვებისგან შედგება. ამ წრეში სისხლი გულის მარჯვენა პარკუჭიდან (ქვედა მარჯვენა საკნიდან) ფილტვებში გადადის, იქიდან კი გულის მარცხენა წინაგულში (ზედა მარცხენა საკანში) ბრუნდება.

სისხლის მიმოქცევის დიდი (სისტემური) წრე მოიცავს სხეულის დანარჩენ სისხლძარღვებს. მარცხენა პარკუჭიდან სისხლი მიედინება სხეულის თითქმის ყველა ნაწილამდე და ბრუნდება მარჯვენა წინაგულში.

სტრუქტურისა და ფუნქციის მიხედვით სამი სახის სიხლძარღვებს განასხვავებენ: არტერიებს, ვენებსა და კაპილარებს.

არტერიები

არტერიები ის სიხლძარღვებია, რომლებსაც სისხლი გულიდან გამოაქვს და ორგანოებამდე და ქსოვილებამდე მიაქვს. ეს სისხლი ჟანგბადით არის გაჯერებული. გამონაკლისია ფილტვის არტერია, რომლის გავლითაც ფილტვებისკენ ჟანგბადით ღარიბი და ნახშირორჟანგით მდიდარი სისხლი მიედინება.

გულის პარკუჭებიდან სისხლი თავდაპირველად მსხვილ არტერიებში (აორტა, ფილტვის ღერო) გადადის, რომლებიც თანდათან უფრო და უფრო წვრილ არტერიებად იტოტება, სანამ მიკროსკოპულ არტერიებს – არტერიოლებს – არ მიაღწევს. სისხლის საერთო მოცულობის დაახლოებით მეათედი ყოველთვის არის დიდი წრის არტერიულ სისტემაში.

არტერიის კედელი სამი შრისგან შედგება.

შიგნითა შრე, ეპითელიუმი, ამოფენილია შემაერთებელი ქსოვილის ელასტიკური ბოჭკოებით.

შუა შრე უმთავრესად გლუვი კუნთისგან შედგება და სისხლძარღვის კედლის ყველაზე სქელ ფენას წარმოადგენს. ის მხოლოდ სისხლძარღვის კარკასს კი არ ქმნის, არამედ შეუძლია, შეცვალოს მისი დიამეტრი და ამგვარად არეგულიროს სისხლის ნაკადი და არტერიული წნევა.

გარეთა შრით სისხლძარღვი ირგვლივ მდებარე ქსოვილებზეა მიმაგრებული. ის შედგება შემაერთებელი ქსოვილისგან, რომელიც ელასტიკურ და კოლაგენურ ბოჭკოებს შეიცავს.

კაპილარები

კაპილარები ყველაზე პატარა და მრავალრიცხოვანი სისხლძარღვებია. ისინი არტერიოლების განშტოებებს წარმოადგენს. ჩვენი სხეული უამრავი კაპილარით არის დაქსელილი. მათი ძირითადი ფუნქციაა სისხლსა და ქსოვილთა უჯრედებს შორის ნივთიერებათა გაცვლა.

კაპილარული განაწილება ქსოვილის მეტაბოლურ აქტივობაზეა დამოკიდებული. ჩონჩხის კუნთებს, ღვიძლს, თირკმელებს საკმაოდ ფართო კაპილარული ქსელები აქვს, რადგან მეტაბოლურად ძალიან აქტიურია და ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები უხვად სჭირდება. შემაერთებელ ქსოვილში შედარებით ნაკლები კაპილარია, ხოლო კანის ეპიდერმისს, თვალის ბროლს და რქოვანას საერთოდ არ გააჩნია კაპილარული ქსელი.

სისხლის საერთო მოცულობის დაახლოებით 5 პროცენტი მუდმივად არის დიდი წრის კაპილარებში, ხოლო 10 პროცენტი – ფილტვებისაში.

არტერიოლების გლუვი კუნთებით რეგულირდება არტერიოლებიდან კაპილარებში გადასული სისხლის ნაკადი.

ვენები

ვენებში სისხლი ქსოვილებიდან გულისკენ მოაძრაობს. კაპილარებიდან სისხლი გადადის ყველაზე მცირეკალიბრიან ვენებში – ვენულებში, ვენულებიდან კი უფრო და უფრო მსხვილ ვენებში გადაედინება, სანამ გულს არ მიაღწევს.

ფილტვებიდან წამოსული სისხლის ნაკადი, რომელიც მარცხენა წინაგულში ჩადის, ჟანგბადით არის გაჯერებული. სხეულის სხვა ორგანოებიდან და ქსოვილებიდან შეკრებილი სისხლი გულის მარჯვენა წინაგულში ჩაედინება და ჟანგბადით ღარიბია.

ვენის კედელიც, არტერიის კედლის მსგავსად, სამფენოვანია, თუმცა მასში უფრო ნაკლებია გლუვკუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილი. ამის გამო ვენის კედელი უფრო თხელი და დრეკადია და სისხლიც ვენებში ნაკლები წნევით გაივლის. ვენები ბევრ სისხლს იტევს – ნებისმიერ დროს სისხლის საერთო მოცულობის თითქმის 70 პროცენტი სწორედ მათში იმყოფება. საშუალო და მსხვილ ვენებს აქვს სარქველები, რომლებიც სისხლის უკუდენას აფერხებს და გულისკენ მის მოძრაობას უწყობს ხელს. სარქველები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კიდურების ვენებისთვის, რომლებშიც სისხლი დედამიწის მიზიდულობის ძალის საპირისპიროდ მოძრაობს.

 ***

შევიწროების მიზეზები

სისხლძარღვთა შევიწროების ძირითადი მიზეზი ათეროსკლეროზია – სისხლძარღვის (უმთავრესად – არტერიის) კედელზე ცხიმებისა და სხვა ნივთიერებებისგან შემდგარი ნალექის დაგროვება.

სისხლძარღვის სანათური შეიძლება დაახშოს თრომბმაც, რომელიც უმეტესად ვენებში წარმოიქმნება.

სისხლძარღვების სპაზმი, ვაზოკონსტრიქცია, ხშირად ფიზიოლოგიური მოვლენაა, რომელიც სხეულს სხვადასხვა ფუნქციის რეგულაციაში ეხმარება.

სისხლძარღვის შევიწროებას ზოგჯერ წარმონაქმნიც იწვევს, რომელიც მას გარედან აწვება.

იშვიათი პათოლოგიები

იშვიათ პათოლოგიებს, რომლებიც ხელს უშლის სისხლძარღვებში სისხლის მოძრაობას, მიეკუთვნება:

* მუხლქვეშა არტერიის ჩაკეტვის სინდრომი, რომელიც  უმეტესად აღირიცხება ახალგაზრდა სპორტსმენებთან. მუხლის მიმდებარე კუნთი და მყესები აწვება მუხლქვეშა არტერიას, აბრკოლებს სისხლის ნაკადს და აზიანებს არტერიას.

* ბიურგერის დაავადება (მაობლიტერირებელი თრომბოანგიიტი) – ეს უკანასკნელი უმეტესად აზიანებს მცირე და საშუალო ზომის არტერიებს, ვენებს და ნერვებს. მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა შემჩნეულია ძლიერი კავშირი მწეველობასთან, მეორეულთანაც კი. კიდურის არტერიების შევიწროება ან დაბლოკვა იწვევს სისხლის დეფიციტს (იშემიას) ცალკეულ უბანში. თუ დეფიციტი ძლიერია, ქსოვილი შესაძლოა მოკვდეს (განგრენა). ამ დროს, წესისამებრ, საჭიროა კიდურის ამპუტაცია. შესაძლოა, განვითარდეს ზედაპირული ვენების ანთება და რეინოს ფენომენისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

* მეი-თურნერის სინდრომი – მარჯვენა თეძოს არტერია აწვება მარცხენა თეძოს ვენას, რაც ზრდის მარცხენა კიდურში ღრმა ვენების თრომბოზის რისკს.

* გულმკერდის გამოსვლის სინდრომი – დარღვევების ჯგუფი, რომელიც ვითარდება ნერვებზე, სისხლძარღვებზე ან ორივე ზეწოლის შედეგად. გულმკერდიდან გამომავალ ნერვებს ან სისხლძარღვებს ნეკნი, ლავიწის ძვალი ან კისრის კუნთები აწვება. სიმპტომები მოიცავს ხელების, კისრის, გულმკერდის ზედა ნაწილის ტკივილს, ჩხვლეტას, დაბუჟებას. ეს სინდრომი თანდაყოლილი ანატომიური თავისებურების ან ტრავმის შედეგია.

***

სისხლძარღვთა სპაზმი - ვაზოკონსტრიქცია

ვაზოკონსტრიქცია სისხლძარღვების სპაზმია, რომელსაც სისხლძარღვის კედლის გლუვი კუნთის შეკუმშვა იწვევს. უმეტესად ეს ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც სხვადასხვა სიტუაციაში გვეხმარება, მაგრამ არის შემთხვევები, როცა სისხლძარღვების სპაზმი საფრთხეს გვიქადის და ყურადღებას მოითხოვს.

სიცივეში ჩვენი სხეული სწორედ ვაზოკონსტრიქცის შედეგად ინარჩუნებს სითბოს (ასაკში ეს მექანიზმი უწინდებურად ვეღარ მუშაობს, რის გამოც ხანდაზმულებს მომატებული აქვთ სიცივეში ჰიპოთერმიის განვითარების რისკი). გარდა ამისა, ვაზოკონსტრიქციის წყალობით:

  • სტაბილურდება, ხოლო საჭიროებისას იმატებს არტერიული წნევა;
  • კონტროლდება სხეულში სისხლის განაწილება;
  • მეტი საკვები ნივთიერება და ჟანგბადი ეგზავნება იმ ორგანოებს, რომლებსაც ეს სჭირდებათ;
  • სხეული თავს იცავს სისხლისა და სითხეების დაკარგვისგან.

როგორ

როდესაც სხეულს სჭირდება სისხლძარღვების შევიწროება (ვაზოკონსტრიქცია) ან გაფართოება (ვაზოდილატაცია), ვაზომოტორული ნერვები (სიმპათიკური ნერვული სისტემის ნაწილი) იმპულსებს გადასცემს სისხლძარღვების კუნთოვან შრეს, შედეგად ის იკუმშება ან დუნდება და სისხლძარღვიც ვიწროვდება ან ფართოვდება.

არტერიისა და ვენის კედლის შუა შრე გლუვკუნთოვანი ქსოვილისგან შედგება. გლუვი კუნთი ჩვენს ნებას არ ემორჩილება. სისხლძარღვების შევიწროება–გაფართოებაც ავტომატურად კონტროლდება. ეს ხორციელდება ორგანიზმში წარმოქმნილი ქიმიური ნივთიერებების – ნეიროტრანსმიტერების ან ჰორმონების საშუალებით. სიხლძარღვს კუმშავს: ნორეპინეფრინი, ეპინეფრინი, ანგიოტენზინ II, ვაზოპრესინი.

ხელოვნური ვაზოკონსტრიქცია

არსებობს მდგომარეობები, რომელთა დროსაც ექიმები ხელოვნურად, მედიკამენტებით იწვევენ ვაზოკონსტრიქციას. ასეთია შოკი, როზაცეა, შაკიკი, ასთმა, ფქოდი (ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება), გლაუკომა. ვაზოკონსტრიქციულ პრეპარატებს შეუძლია შეაჩეროს არტერიული წნევის ძლიერი ვარდნა სერიოზული ალერგიული რეაქციის დროს და შეამციროს სისხლის კარგვა ტრავმის დროს. ამრიგად, ვაზოკონსტრიქციული საშუალებები გამოიყენება არტერიული წნევის ასაწევად, შოკის, ძლიერი სისხლდენის, მძიმე ალერგიული რეაქციის აღსაკვეთად, ასევე ანთების, შეშუპების ან ჭარბი სისხლდენის (მაგალითად, ცხვირიდან) შესამცირებლად.

ვაზოკონსტრიქციულია ალფა-ადრენორეცეპტორების აგონისტები, ვაზოპრესინის ანალოგები, ეპინეფრინი, ნორეპინეფრინი, ფენილეფრინი, დოფამინი, დობუტამინი, შაკიკისა და თავის ტკივილის სამკურნალო მედიკამენტები (სეროტონინის 5-ჰიდროქსიტრიპტამინის აგონისტები, ტრიპტანები).

მიზეზები

გაციების დროს ხშირად ვიყენებთ ცხვირის დეკონგესტანტებს (მაგალითად, ფსევდოეფედრინს), რომლებიც ავიწროებს ცხვირის სისხლძარღვებს და აცხრობს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას. ვიყენებთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებსაც, რომლებსაც ასევე ახასიათებს სისხლძარღვების შევიწროება. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ადამიანს მაღალი არტერიული წნევა აქვს, ჩამოთვლილი საშუალებები გაზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადების გამწვავების რისკს, ამიტომ ჰიპერტენზიის მქონე ადამიანმა ეს წამლები ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ უნდა გამოიყენოს.

ვაზოკონსტრიქციის სხვა შესაძლო მიზეზებია:

  • ზოგიერთი სამედიცინო მდგომარეობა, მაგალითად, რეინოს ფენომენი;
  • ზოგიერთი ფსიქოლოგიური პრობლემა, მაგალითად, სტრესი. სტრესის დროს სხეული  ათავისუფლებს ნივთიერებებს, რომლებიც იწვევს სისხლძარღვების შეკუმშვას;
  • მოწევა – სიგარეტის კვამლში შემავალი ქიმიკატები აძლიერებს სისხლძარღვების სპაზმს;
  • სიცივეში გარეთ ყოფნა.

ვაზოკონსტრიქცია შესაძლოა საკვებმა ან სასმელმაც გამოიწვიოს, ამიტომ, თუ მაღალი წნევა გაქვთ, უნდა ერიდოთ: კოფეინიან სასმელებს, მარილიან საკვებს (ნატრიუმი იწვევს სისხლძარღვების შეკუმშვას), შებოლილ და გამოყვანილ ხორცს, კონსერვებს.

სიმპტომები

ვაზოკონსტრიქცია შეიძლება გამოიხატოს თავის ტკივილით, თავბრუხვევით, სიფერმკრთალით, შესაბამისი უბნის ციანოზით (მოლურჯო კანით).

ძლიერმა ვაზოკონსტრიქციამ შესაძლოა:

* შეამციროს სისხლის ნაკადი ხელის ან ფეხის თითებში (ისევე, როგორც აკროციანოზის ან რეინოს ფენომენის დროს), გამოიწვიოს წყლულები და განგრენა;

* გაზარდოს სითბური დაკვრის რისკი ჰიპერთერმიის დროს;

* კორონარული არტერიების დაავადების ფონზე სტრესის პირობებში შექმნას გულის პრობლემების გამწვავების მაღალი რისკი;

* გამოიწვიოს არტერიული წნევის მატება;

* გამოიწვიოს ფილტვისმიერი ჰიპერტენზია;

* წარმოშვას ძლიერი თავის ტკივილი (შექცევადი ცერებრალური ვაზოკონსტრიქციის სინდრომი).

***

არტერიული წნევა

რატომ იმატებს წნევა? ვაზოკონსტრიქციის შედეგად მცირდება სისხლძარღვის სანათურის დიამეტრი და სისხლი მის კედლებს მეტი ძალით აწვება. სწორედ ამის შედეგია არტერიული წნევის მატება. მაღალი არტერიული წნევის ნებაზე მიშვებისას შესაძლოა საქმე მხედველობის დაკარგვამდე, ინსულტამდე, გულის დაზიანებამდე მივიდეს.

ვაზოკონსტრიქციის საპირისპირო მდგომარეობაა ვაზოდილატაცია. ამ დროს სისხლძარღვები მოდუნებული და გაფართოებულია, გაზრდილია სისხლის ნაკადი (რომელიც ფართო სანათურში ძალისხმევის გარეშე მიედინება) და დაქვეითებულია არტერიული წნევა.

ძლიერმა ვაზოკონსტრიქციამ შესაძლოა გამოიწვიოს ან დაამძიმოს ჰიპერტენზია, ეს კი ზრდის გულის დაავადებისა და ინსულტის რისკს.

ჯანმრთელობის ზოგიერთმა დარღვევამ და ზოგიერთმა წამალმა შესაძლოა გამოიწვიოს სისლძარღვების ძლიერი სპაზმი სხეულის ისეთ ადგილებში, სადაც ეს განსაკუთრებით საშიშია. მაგალითად, ტვინში.

***

თავის ტკივილი

ვაზოკონსტრიქციის შედეგად შესაძლოა შემსუბუქდეს ან, პირიქით, აღმოცენდეს თავის ტკივილი. თავის ტვინში სისხლძარღვების გაფართოებით გამოწვეული ტკივილის სამკურნალო მედიკამენტები ხშირად ვაზოკონსტრიქციის მექანიზმით მოქმედებს. სწორედ ამ მიზეზით შეიცავს კოფეინს თავის ტკივილისა და შაკიკის ზოგიერთი წამალი.

მეორე მხრივ, ზედმეტმა კოფეინმა თავის ტვინში შესაძლოა გადაჭარბებული ვაზოკონსტრიქცია გამოიწვიოს და ეს იქცეს თავის ტკივილის მიზეზად. ასეთი რამ მოსალოდნელია ყავასა და თავის ტკივილის წამლებში შემავალ კოფეინზე დამოკიდებულების დროსაც. კოფეინის მოხსნის სიმპტომებია თავის ტკივილი, გულისრევა, დაღლილობა.

***

შოკი

შოკი არის სხეულის რეაქცია მწვავე გამღიზიანებელზე. მისი ერთ–ერთი სიმპტომია წნევის დაცემა. ამ დროს სხეულის მთავარი პრიორიტეტია, ჟანგბადისა და საკვები ნივითიერებების დეფიციტისგან დაიცვას თავის ტვინი, გული და ფილტვები, ამიტომ კიდურების სისხლძარღვები ვიწროვდება, არტერიული წნევა დროებით ისევ მაღლა იწევს და სასიცოცხლო ორგანოებში სისხლის მიმოქცევა ნარჩუნდება.

შოკის ტიპური მიზეზებია:

* ალერგიული რეაქცია (ანაფილაქსიური შოკი);

* სეპტიკური ინფექცია (ბაქტერიული, ვირუსული ან სოკოვანი);

* ინფარქტი;

* გულის სხვა დაავადებები;

* სისხლში გლუკოზის ძალიან დაბალი დონე;

* თრომბით სისხლძარღვის დახშობა;

* ბევრი სისხლის დაკარგვა (შინაგანი ან გარეგანი სისხლდენის შედეგად);

* ორგანიზმის გამოშრობა (წყლის უსმელობის, ღებინების, დიარეის გამო);

* ძლიერი დამწვრობა;

* ხერხემლის დაზიანება;

* მწვავე ჰიპოთირეოზი.

***

ინსულტი

თავის ტვინში ვაზოკონსტრიქციამ ანუ ცერებრალურმა ვაზოსპაზმმა შესაძლოა ინსულტი ან ინსულტის მსგავსი დაზიანება გამოიწვიოს. ასეთი რამ შესაძლოა მოხდეს სისხლძარღვის გასკდომის ან ოპერაციის შემდეგ ტვინში სისხლდენის შედეგად. სისხლდენის შემცირების მიზნით სისხლძარღვი ვიწროვდება. სისხლდენა მცირდება, მაგრამ ტვინის გარკვეული ნაწილი სისხლის მიწოდების გარეშე რჩება, რაც ინსულტს იწვევს.

ცერებრალური ვაზოსპაზმის შედეგად განვითარებული ინსულტის სიმპტომებია:

* ძლიერი თავის ტკივილი;

* თავბრუხვევა, წონასწორობის დაკარგვა;

* დაბუჟება ან სისუსტე სახისა და სხეულის ერთ მხარეს;

* მეტყველების გაძნელება;

* ცალ ან ორივე თვალში მხედველობის გაუარესება;

* სიარულის გაძნელება.

 

***

რეინოს ფენომენი

რეინოს ფენომენი მცირე არტერიების სპაზმის შედეგია. ხელ–ფეხის თითები ცივდება ან ბუჟდება. შესაძლოა, იგივე მოუვიდეს ცხვირს, ტუჩებს, ყურებს, ძუძუსთავებს. რეინოს ფენომენს იწვევს სიცივეში ხშირად და დიდხანს ყოფნა (როგორც, მაგალითად, არიან მოციგურავეები), სტრესი.

სისხლძარღვის შევიწროების გამო ქსოვილებამდე ვერ აღწევს საჭირო რაოდენობის ჟანგბადი, საკვები ნივთიერებები და ინფექციასთან მებრძოლი იმუნური უჯრედები, ამიტომ ზოგიერთ შემთხვევაში რეინოს ფენომენის გამო იზრდება კანის ინფექციის რისკი და ფერხდება ჭრილობების შეხორცება. 

***

თავის ტვინის შექცევადი ვაზოკონსტრიქციის სინდრომი

თავის ტვინის შექცევადი ვაზოკონსტრიქციის სინდრომი (RCVS) თავის ტვინში სისხლძარღვთა დროებითი შევიწროებით გამოწვეული სხვადასხვა წარმოშობის დარღვევების ჯგუფია. მდგომარეობა უმეტესად შექცევადია – რამდენიმე თვეში პაციენტი სავსებით გამოჯანმრთელდება, მაგრამ სისხლძარღვების ძლიერი ან ხანგრძლივი  შევიწროება შესაძლოა ინსულტის მიზეზად იქცეს.

RCVS ჩვილებსაც ემართებათ. ამ შემთხვევაში ის ქიმიოთერაპიული მედიკამენტების თანმხლები ეფექტია.

RCVS-ის სიმპტომებია:

* უეცარი, ძლიერი თავის ტკივილი;

* მხედველობის დარღვევა;

* კრუნჩხვები;

* მეტყველების გაძნელება;

* მეტყველების გაგების გაძნელება;

* სისუსტე სხეულის ცალ მხარეს.

მკურნალობა და პრევენცია

ვაზოკონსტრიქცია მაშინვე მოიხსნება, როგორც კი მისი მიზეზი აღმოიფხვრება. მაგალითად, როდესაც გათბებით, სისხლძარღვები გაფართოვდება. ზოგიერთი სამედიცინო პრობლემის, მაგალითად, რეინოს ფენომენის შემთხვევაში სისხლძარღვების გასაფართოებლად შეიძლება დაინიშნოს ვაზოდილატაციური მედიკამენტები – კალციუმის არხის ბლოკატორები, სილდენაფილი და ნიტრატები.

ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია:

* დაწიოთ სტრესის დონე.

* ერიდოთ კოფეინს.

* ივარჯიშოთ, ოღონდ ვარჯიშამდე რამდენიმე წუთის განმავლობაში უნდა გახურდეთ.

* თავი დაანებოთ მოწევას.

სამედიცინო დახმარება უნდა მოითხოვოთ, თუ გაქვთ ჰიპერთერმია, მაღალი არტერიული წნევა, ფილტვის ჰიპერტენზია (მასზე მიგანიშნებთ ქოშინი, მოლურჯო ან მონაცრისფრო კანი, ფეხების შეშუპება). 

***

სისხლძარღვები და ათეროსკლეროზი

ათეროსკლეროზი არის არტერიებზე შიგნიდან ცხიმების, ქოლესტეროლისა და სხვა ნივთიერებების დალექვა. ის არტერიოსკლეროზის (არტერიების გასქელების, გამკვრივების) სპეციფიკური სახესხვაობაა. ამ დანალექ გროვას ფოლაქს (ან ბალთას) უწოდებენ. ათეროსკლეროზული ფოლაქი ავიწროებს ან ახშობს სისხლძარღვს, მისი დაშლისას კი თრომბი წარმოიქმნება. ათეროსკლეროზს ხშირად გულის არტერიების პრობლემად განიხილავენ, თუმცა ფოლაქები ნებისმიერ სხვა არტერიაშიც შეიძლება ჩამოყალიბდეს.

რა იწვევს

ათეროსკლეროზის ზუსტი მიზეზი უცნობია. ის თანდათანობით ვითარდება. ზოგჯერ ბავშვობიდანვე იწყება. ფოლაქი უმეტესად ისეთ ადგილას ჩნდება, სადაც ამის წინაპირობა არსებობს – მიზეზთა გამო დაზიანებულია არტერიის შიგნითა კედელი. ეს მიზეზებია:

  • სისხლის მაღალი წნევა;
  • სისხლში ქოლესტეროლის მაღალი შემცველობა;
  • სისხლში ტრიგლიცერიდების (ცხიმის ერთ-ერთი სახეობა) სიჭარბე;
  • თამბაქოს მოხმარება (მოწევა, ღეჭვა);
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ინსულინრეზისტენტობა;
  • სიმსუქნე;
  • დაუდგენელი წარმოშობის ან ართრიტის, წითელი მგლურას, ფსორიაზის, ნაწლავის ანთებითი დაავადების თანმხლები ანთებითი პროცესები.

დაზიანების ადგილას თავს იყრის სისხლის უჯრედები და სხვა ნივთიერებები. ყალიბდება ათროსკლეროზული ფოლაქი. ის თანდათან იზრდება, ავიწროებს არტერიას და ხელს უშლის სისხლის დინებას, რის გამოც ქსოვილი სათანადოდ ვეღარ მარაგდება სისხლით და შესაძლოა, იშემიაც კი განვითარდეს.

რისკის ფაქტორები

ათეროსკლეროზის განვითარების რისკის მნიშვნელოვანი ფაქტორია დაბერება. ამასთან ერთად რისკს ზრდის:

* გულის ადრეული დაავადების ოჯახური ისტორია;

* არაჯანსაღი კვება;

* შაქრიანი დიაბეტი;

* სისხლის მაღალი წნევა;

* მაღალი ქოლესტეროლი;

* C-რეაქტიული ცილის მაღალი დონე;

* მოძრაობის, ფიზიკური დატვირთვის ნაკლებობა;

* სიმსუქნე;

* ძილის აპნოე;

* თამბაქოს მოხმარება.

როგორ ვლინდება

მსუბუქი ათეროსკლეროზი, წესისამებრ, უსიმპტომოა. ის მაშინ იწყებს გამოვლენას, როდესაც არტერია დაიბლოკება ან იმდენად შევიწროვდება, რომ ორგანოებსა და ქსოვილებს საკმარის სისხლს ვეღარ აწვდის.

ათეროსკლეროზის სიმპტომები მის ლოკალიზაციაზეა დამოკიდებული. მაგალითად:

* გულის მკვებავი არტერიების (კორონარების) ათროსკლეროზის დროს მოსალოდნელია გულმკერდის ტკივილი ან შებოჭილობა (სტენოკარდია);

* ტვინისკენ მიმავალი არტერიების ათეროსკლეროზისთვის დამახასიათებელია ხელების ან ფეხების უეცარი დაბუჟება ან სისუსტე, მეტყველების გაძნელება, მეტყველების გაბუნდოვანება, მხედველობის დროებითი დაკარგვა ცალ თვალში, სახის კუნთების დაშვება. ეს ნიშნები მიუთითებს გარდამავალ იშემიურ შეტევაზე (TIA), რომელიც მკურნალობის გარეშე შესაძლოა ინსულტში გადაიზარდოს.

* ხელებისა და ფეხების არტერიების  ათეროსკლეროზი გამოიხატება ტკივილით სიარულის დროს, დაქვეითებული არტერიული წნევით დაზიანებულ კიდურზე;

* თირკმლის არტერიების ათეროსკლეროზის ტიპური გამოხატულებაა მაღალი წნევა, უარეს შემთხვევაში – თირკმლის უკმარისობა.

ადრეულმა დიაგნოსტიკამ და მკურნალობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ათეროსკლეროზის დამძიმებას და თავიდან აგაცილოთ ინფარქტი, ინსულტი და სხვა სერიოზული მდგომარეობები.

გართულებები

ათეროსკლეროზის გართულებებიც იმაზეა დამოკიდებული, რომელი არტერიაა შევიწროებული ან დაბლოკილი. ეს გართულებებია:

* კორონარული არტერიების დაავადება – ათეროსკლეროზის გამო გულის მკვებავი არტერიების შევიწროება იწვევს გულმკერდის ტკივილს (სტენოკარდია), ინფარქტს, გულის უკმარისობას;

* საძილე (კაროტიდული) არტერიის დაავადება – შევიწროებულია საძილე არტერია, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გარდამავალი იშემიური შეტევა (TIA) ან ინსულტი;

* პერიფერიული არტერიების დაავადება – ვიწროვდება ხელებისა და ფეხების მკვებავი არტერიები. შედეგად კიდურები შესაძლოა ნაკლებად მგრძნობიარე გახდეს სიცხისა და სიცივის მიმართ, რაც ზრდის დამწვრობისა და მოყინვის რისკს. არც განგრენის (ქსოვილის სიკვდილის) განვითარებაა გამორიცხული.

* ანევრიზმა – ათეროსკლეროზს შეუძლია, ნებისმიერ არტერიაზე სისხლძარღვის ტომრისებური გაფართოება გამოიწვიოს. ანევრიზმა უმეტესად უსიმპტომოა. მისი გახეთქვის შედეგად სხეულის შიგნით შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენა განვითარდეს.

* თირკმელების ქრონიკული დაავადება – ამ უკანასკნელს თირკმელებისკენ მიმავალი არტერიების შევიწროება იწვევს. სისხლის მიწოდების შეფერხება თირკმელების ფუნქციას აუარესებს.

დიაგნოსტიკა

ოჯახის ექიმი ან კარდიოლოგი პაციენტს გასინჯავს, გამოჰკითხავს პირად და ოჯახურ ჯანმრთელობის ისტორიას, სტეთოსკოპით მოუსმენს მის არტერიებს, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე დანიშნავს ერთ ან რამდენიმე გამოკვლევას. პაციენტს, სავარაუდოდ, დასჭირდება:

* სისხლში გლუკოზისა და ქოლესტეროლის დონის განსაზღვრა – მათი მაღალი დონე ზრდის ათეროსკლეროზის რისკს;

* C-რეაქტიული ცილის (CRP) განსაზღვრა;

* ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ) გულის ელექტრული აქტივობის გაზომვის მიზნით – ელექტროდები მაგრდება გულმკერდზე, ზოგჯერ – მკლავებზე ან ფეხებზე, ხოლო აპარატი აფიქსირებს გულის აქტივობას;

* დატვირთვის სტრესტესტი – თუ სიმპტომები თავს იჩენს ვარჯიშის დროს, პაციენტს აყენებენ სარბენ ბილიკზე ან სვამენ სტაციონარულ ველოსიპედზე და სირბილის`პედლების ტრიალის დროს გულის მუშაობას აკვირდებიან. ამგვარად შესაძლებელია გულის იმ პრობლემების გამოვლენა, რომლებიც სხვაგვარად არ ჩანს;

* ექოკარდიოგრაფია – ულტრაბგერით გულში სისხლის ნაკადის შეფასება. ზოგჯერ ის დატვირთვის სტრესტესტის პარალელურად ტარდება;

* დოპლერული გამოკვლევა – სპეციალური ულტრაბგერითი მოწყობილობით განისაზღვრება არტერიული წნევა ხელის ან ფეხის გასწვრივ სხვადასხვა წერტილში და ასე ირკვევა არტერიებში სისხლის ნაკადის სიჩქარე;

* მხარ-გოჯის ინდექსი (ABI) – ერთმანეთს ადარებენ არტერიულ წნევას კოჭსა და მკლავზე. განსხვავება შესაძლოა პერიფერიულ სისხლძარღვთა დაავადებით იყოს გამოწვეული;

* კორონაროგრაფია – ეს გამოკვლევა ავლენს გულის მკვებავი კორონარული (გვირგვინოვანი) არტერიების  შევიწროებას ან დაბლოკვას. გრძელი წვრილი მოქნილი კათეტერი შეჰყავთ საზარდულის ან მაჯის სისხლძარღვში, გულისკენ, და შიგნით კონტრასტულ საღებავს უშვებენ. ამის შემდეგ ტარდება ანგიოგრაფია – სისხლძარღვთა გამოსახვითი გამოკვლევა;

* კორონარების კალციუმის ინდექსი – ეს არის გულის სპეციალური სკანირება კომპიუტერული ტომოგრაფიით. ამ დროს ჩანს კალციუმის ჩანართები არტერიების კედლებში. ტესტის შედეგები ქულებით ფასდება. რაც უფრო მაღალია ქულა, მით უფრო მეტია ფოლაქში კალციუმი და  მით უფრო მაღალია გულის დაავადების რისკი.

არტერიების შესასწავლად შეიძლება ასევე ჩატარდეს მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია (MRA) და პოზიტრონულ-ემისიური ტომოგრაფია (PET).

მკურნალობა

ათეროსკლეროზის სამკურნალოდ შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს ცხოვრების წესის შეცვლა – ჯანსაღი კვება და ვარჯიში, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა მედიკამენტების მიღება და ქირურგიული პროცედურების ჩატარებაც.

ათეროსკლეროზის სამკურნალოდ ინიშნება:

* სტატინები და ქოლესტეროლზე მოქმედი სხვა პრეპარატები – დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL) ანუ ცუდი ქოლესტეროლის მკვეთრმა კლებამ შესაძლოა შეაჩეროს ან, უკიდურეს შემთხვევაში, შეანელოს მაინც არტერიებში ცხიმოვანი დეპოზიტების დაგროვება, ზოგჯერ შეამციროს კიდეც ფოლაქის ზომა. ქოლესტეროლის დონის დამწევი სხვა პრეპარატებიდან გამოიყენება ნიაცინი, ფიბრატები, ნაღვლის მჟავების სეკვესტრანტები. შესაძლოა, პაციენტს ქოლესტეროლის საწინააღმდეგო ერთზე მეტი წამალი დასჭირდეს.

* ასპირინი – ეს პრეპარატი ათხელებს სისხლს და ხელს უშლის მის შედედებას. ზოგიერთს ინფარქტის ან ინსულტის პროფილაქტიკის მიზნით უნიშნავენ ასპირინის მცირე ყოველდღიურ დოზას, თუმცა ამ წამლის ყოველდღიურ მიღებას თან ახლავს სერიოზული თანამოვლენების რისკი (შესაძლოა განვითარდეს, მაგალითად, სისხლდენა კუჭიდან და ნაწლავებიდან), ამიტომ მისი თვითნებური გამოყენება არ შეიძლება.

* არტერიული წნევის მარეგულირებელი საშუალებები – ეს წამლები თავად ათეროსკლეროზზე არ მოქმედებს, მაგრამ თავიდან გვაცილებს ან მკურნალობს დაავადებასთან დაკავშირებულ გართულებებს. მაგალითად, ამცირებს ინფარქტის რისკს.

შესაძლოა დაინიშნოს სხვა მედიკამენტებიც დიაბეტის სამართავად, ათეროსკლეროზის სპეციფიკური სიმპტომების, მაგალითად, ვარჯიშის დროს განვითარებული ფეხის ტკივილის სამკურნალოდ.

ზოგჯერ უფრო აგრესიული მკურნალობაა საჭირო. მწვავე სიმპტომების ან არტერიის დახშობის შემთხვევაში შესაძლოა ჩატარდეს:

* ანგიოპლასტიკა და სტენტირება – თხელი მოქნილი კათეტერით აღწევენ დაბლოკილ სისხლძარღვს. არტერიის სანათურის გასახსნელად კათეტერის წვერზე არსებულ ბუშტს ბერავენ (ბალონირება) და გახსნილი სანათურის შესანარჩუნებლად მასში დგამენ ბადისებრ მილს – სტენტს.

* ენდარტერექტომია – ხანდახან საჭიროა ქირურგიული ჩარევა შევიწროებული არტერიის კედლიდან ნადების მოსაშორებლად. საძილე არტერიებზე ჩატარებულ ამ პროცედურას კაროტიდულ ენდარტერექტომიას უწოდებენ.

* ფიბრინოლიზური თერაპია – თუ არტერიაში სისხლის ნაკადი თრომბმა დაბლოკა, პირველ საათებში შესაძლოა თრომბის დამშლელი პრეპარატები გამოიყენონ.

* კორონარული არტერიის შუნტირება –  სხეულის სხვა ნაწილიდან იღებენ ჯანსაღ სისხლძარღვს და დაბლოკილი ან შევიწროებული კორონარული არტერიის სანაცვლოდ სისხლის სავალ ახალ გზას ქმნიან.

ცხოვრების წესი

ცხოვრების წესის შეცვლა ხელს უწყობს არტერიების ჯანმრთელობას, ათეროსკლეროზის თავიდან აცილებას ან მისი პროგრესირების შენელებას.

* არ მოწიოთ. მოწევა კორონარული არტერიების დაავადების მთავარი რისკფაქტორია. ნიკოტინი ამკვრივებს სისხლძარღვებს და გულს უფრო ინტენსიურ მუშაობას აიძულებს. მოწევისთვის თავის დანებება იფარქტის რისკის შემცირების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.

* ივარჯიშეთ კვირაში, სულ მცირე, ოთხ-ხუთჯერ. რეგულარული ვარჯიში აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას, ამცირებს არტერიულ წნევას და მასთან ერთად – ათეროსკლეროზისა და გულის დაავადების რისკს. კვირაში, სულ მცირე, 150 წუთი დაუთმეთ ზომიერ აერობულ აქტივობას (სწრაფი სიარული, ველოსიპედით სეირნობა, წყლის აერობიკა, ცეკვა და სხვა) ან 75 წუთი – ენერგიულ აერობულ აქტივობას (სწრაფი ცურვა, სწრაფი ცეკვა, ველოსიპედით აღმართზე ასვლა, სახტუნაოთი ხტუნვა, კალათბურთის თამაში და სხვა). შეიძლება ამ ორის სახის აქტივობათა კომბინაციაც. შეუხამეთ ვარჯიში თქვენი ცხოვრების რეჟიმს – ლიფტის ნაცვლად იარეთ კიბით, შესვენებაზე ფეხით ისეირნეთ, ტელევიზორის ყურებისას შეასრულეთ წამოჯდომები ან აზიდვები.

* ეცადეთ, შეინარჩუნოთ ჯანსაღი წონა. ჭარბი წონა ზრდის კორონარული არტერიების დაავადების რისკს. წონის თუნდაც მცირედმა კლებამ რისკი შესაძლოა შეამციროს.

* მიირთვით ჯანსაღი საკვები. გულისთვის სასარგებლოა ხილი, ბოსტნეული და მარცვლეული. ერიდეთ მარტივი ნახშირწყლებით, ნაჯერი ცხიმებითა და ნატრიუმით (მარილით) მდიდარ საკვებს. ასეთი კვება წონის, არტერიული წნევის,  ქოლესტეროლისა და გლუკოზის დონის მართვასაც გაგიადვილებთ.  თეთრი პურის ნაცვლად მიირთვით მთლიანი მარცვლეულის პური. წაიხემსეთ ვაშლით, ბანანით, სტაფილოთი. ყურადღებით წაიკითხეთ საკვების ეტიკეტი და შეამოწმეთ მასში მარილისა და ცხიმის შემცველობა. გამოიყენეთ მონოუჯერი ცხიმები (ზეითუნის ზეთი), ერიდეთ შაქარსა და შაქრის შემცვლელებს.

* მოძებნეთ ემოციური სტრესის შემცირების გზა. დაგეხმარებათ პრობლემის გააზრება, ვარჯიში, რელაქსაცია (იოგა, ღრმა სუნთქვა).

* თუ გაქვთ მაღალი ქოლესტეროლი, მაღალი წნევა, დიაბეტი ან სხვა ქრონიკული დაავადება, ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის შესახებ მიიღეთ ექიმის რეკომენდაციები.

***

კორონარული არტერიის დაავადება

კორონარული არტერიის დაავადება (გულის კორონარული დაავადება) საკმაოდ გავრცელებულია. ათეროსკლეროზული ცვლილებები გულის მკვებავ სისხლძარღვში ვითარდება. თავდაპირველად დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან მისი ნიშნები მხოლოდ გულის ძლიერი მუშაობის (მაგალითად, ვარჯიშის) დროს იჩენს თავს. არტერია უფრო და უფრო ვიწროვდება, გულამდე უფრო და უფრო ნაკლები სისხლი მიდის და სიმპტომებიც  უფრო და უფრო მძიმდება ან ხშირდება. ეს სიმპტომებია:

  • გულმკერდის ტკივილი (სტენოკარდია), გულმკერდზე ზეწოლის შეგრძნება ან შებოჭილობა, უმეტესად – გულმკერდის შუაში ან მარცხენა მხარეს. სტენოკარდია შესაძლოა გამოიწვიოს ფიზიკურმა დატვირთვამ ან ძლიერმა ემოციამ. ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება ქრება გამომწვევი მოვლენის დასრულებიდან რამდენიმე წუთში. ზოგიერთ შემთხვევაში, უმეტესად – ქალებთან, თავს იჩენს ხანმოკლე მკვეთრი ტკივილი კისრის, მკლავის ან ზურგის მიდამოში;
  • ჰაერის უკმარისობა;
  • დაღლილობა.

კორონარული არტერიის ძლიერი ან სრული დახშობა იწვევს ინფარქტს – გულის კუნთის ნაწილის სიკვდილს. ის ვლინდება გულმკერდის ძლიერი ტკივილით ან გულმკერდზე ზეწოლის შეგრძნებით, მხრის ან მკლავის ტკივილით, ქოშინით, ოფლიანობით. ქალებთან შესაძლოა თავი იჩინოს ნაკლებად ტიპურმა სიმპტომებმა – კისრის ან ყბის ტკივილმა, გულისრევამ, დაღლილობამ. არის შემთხვევები, როდესაც ინფარქტი არ იწვევს შესამჩნევ ნიშნებსა და სიმპტომებს. თუ გგონიათ, რომ გაქვთ გულის შეტევა, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

კორონარული არტერიის დაავადებამ შესაძლოა არითმია და გულის უკმარისობაც გამოიწვიოს.

***

საძილე არტერიის დაავადება

საძილე ანუ კაროტიდული არტერიის დაავადება არის თავისა და თავის ტვინის მკვებავი არტერიის შევიწროება ათეროსკლეროზული ფოლაქებით. ის ზრდის ინსულტის რისკს. როგორც კი თავის ტვინს ჟანგბადის მიწოდება შეუწყდება, სულ რამდენიმე წუთში ვითარდება ინსულტი. მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – აშშ-ში, ის სიკვდილისა და ინვალიდობის წამყვანი მიზეზია.

ათეროსკლეროზის გამო ინსულტი რამდენიმე მექანიზმით ვითარდება:

  • შევიწროებული სისხლძარღვი ამცირებს ტვინისკენ მიმავალი სისხლის ნაკადს;
  • ათეროსკლეროზული ფოლაქის დაზიანების შემთხვევაში მისი ჩამოშლილი ნაწილები შესაძლოა სისხლს გაჰყვეს, ტვინის რომლიმე პატარა არტერიაში გაიჭედოს და სისხლის მიწოდება შეუწყვიტოს ტვინის შესაბამის უბანს;
  • თუ ფოლაქს ნახეთქი გაუჩნდა და არტერიის კედელმა შიგნიდან სიგლუვე დაკარგა, სხეული ამას ტრავმად აღიქვამს და სისხლდენის შესაჩერებლად წარმოქმნის თრომბს. დიდი თრომბი ბლოკავს ან ანელებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას.

როგორ ვლინდება

დაავადება თანდათანობით ვითარდება, ისე შეუმჩნევლად, რომ შესაძლოა, მისი პირველივე გამოვლენა ინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა იყოს. ადრეულ სტადიაზე სიმპტომები არ შეინიშნება, ხოლო ინსულტისა და გარდამავალი იშემიური შეტევის ნიშნებია უეცრად განვითარებული:

* სახის ან კიდურების დაბუჟება ან სისუსტე, ხშირად – სხეულის ცალ მხარეს;

* მეტყველების დარღვევა და სხვისი ნათქვამის აღქმის გაძნელება;

* მხედველობის დარღვევა ცალ ან ორივე თვალში;

* თავბრუხვევა ან წონასწორობის დაკარგვა;

* ძლიერი თავის ტკივილი.

მსგავსი სიმპტომების არსებობისას აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება, თუნდაც ისინი მცირე ხანს გაგრძელდეს და მალე თავი ისევ კარგად იგრძნოთ.

თუ გაქვთ საძილე არტერიის დაავადების რისკფაქტორები (იგივეა, რაც ათეროსკლეროზისა), აუცილებელია მათი მართვა. ექიმთან დროულად მისვლა ზრდის კაროტიდული არტერიის დაავადების აღმოჩენისა და მისი მკურნალობის შესაძლებლობას, ეს კი ინსულტის განვითარებისგან დაგიცავთ.

მკურნალობა

საძილე არტერიის დაავადების მკურნალობის მიზანი ინსულტის პრევენციაა. მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად არის დაბლოკილი საძილე არტერია, იწვევს თუ არა ეს სიმპტომებს და სხვა დაავადებების რამდენად ხანგრძლივი ისტორია აქვს პაციენტს. მსუბუქი და ზომიერი დაბლოკვის დროს შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს ცხოვრების წესის შეცვლა, სისხლის გამათხელებელი პრეაპრატის მიღება. ძლიერი დახშობისას ტარდება ენდარტერექტომია, ანგიოპლასტიკა, სტენტირება.

***

პერიფერიული არტერიის დაავადება

პერიფერიული არტერიის დაავადება უემტესად კიდურის არტერიის ათეროსკლეროზით არის გამოწვეული. შედარებით იშვიათად მისი მიზეზია სისხლძარღვების ანთება, კიდურის ტრავმა, კუნთებში ან იოგებში მომხდარი ცვლილებები, რადიაცია.

განვითარების რისკს საგრძნობლად ზრდის მოწევა და დიაბეტი,  ასევე – გულის დაავადების, ინსულტის, თავად პერიფერიული არტერიის დაავადების ოჯახური ისტორია, ჰიპერტენზია, მაღალი ქოლესტეროლი, ამინმჟავა ჰომოცისტეინის მომატება, 65 წელზე უფროსი ასაკი, სიმსუქნე.

სიმპტომები

პერიფერიული არტერიის დაავადების დროს ზოგი საერთოდ არაფერს უჩივის, ზოგსაც მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები აქვს. ზოგს ფეხი სტკივა მასზე დაყრდნობისას, რის გამოც სიარულის მანერა ეცვლება. დატვირთვის დროს თავს იჩენს კიდურის ტკივილი ან კრამპი (კუნთების სპაზმი, ე.წ. ძარღვის გაკვანძვა) და მისი შეწყვეტისთანავე გაივლის. ის ყველაზე მეტად წვივში იგრძნობა. ტკივილი მსუბუქიდან მძიმემდე მერყეობს. ფეხის ძლიერი ტკივილის გამო ბევრს უჭირს სიარული და, საზოგადოდ, ფიზიკური დატვირთვა.

პერიფერიული არტერიის დაავადების სხვა სიმპტომებია:

* სიცივე წვივის ან ტერფის არეში;

* ფეხის დაბუჟება ან სისუსტე;

* სუსტი პულსი ან პულსის გაქრობა ფეხებში;

* მტკივნეული კრამპი ერთი ან ორივე ბარძაყის, თეძოს ან წვივის კუნთში სიარულის, კიბეზე ასვლის შემდეგ;

* მბზინავი კანი ფეხებზე;

* კანის ფერის შეცვლა ფეხებზე;

* ფეხის ფრჩხილების ზრდის შენელება;

* შეუხორცებელი წყლულები ფეხის თითებზე, ტერფებზე ან ფეხის სხვა უბანზე;

* მკლავების ტკივილი და კრამპი ხელების გამოყენებისას –  ქსოვისას, წერისას და სხვა;

* ერექციული დისფუნქცია;

* თმის ცვენა ან თმის ზრდის შენელება ფეხებზე.

დაავადების დამძიმების კვალდაკვალ ტკივილმა შესაძლოა დასვენების (ჯდომის, წოლის) დროსაც იჩინოს თავი და ადამიანი არ დააძინოს. ამ დროს მას დროებით ამსუბუქებს საწოლის კიდეზე ფეხების გადმოკიდება ან სიარული.

გართულებები

ათეროსკლეროზით გამოწვეული პერიფერიული არტერიის დაავადების გართულებებია:

* კიდურის კრიტიკული იშემია – ქსოვილი კვდება, კიდურებზე ჩნდება შეუხორცებელი წყლულები, ზოგჯერ გარდაუვალი ხდება დაზიანებული კიდურის ამპუტაცია;

* ინსულტი და ინფარქტი, ვინაიდან ათეროსკლეროზულმა ფოლაქებმა შესაძლოა შეავიწროოს ან დაახშოს გულისა და ტვინის სისხლძარღვები.

***

ანევრიზმა

ანევრიზმა სისხლძარღვის კედლის პათოლოგიური გამობერილობაა. მისი განვითარების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ათეროსკლეროზია. ათეროსკლეროზული ნადების დაგროვება არტერიის კედელს მოქნილობას უკარგავს, მაღალი წნევა ასუსტებს მას და მის გაფართოებას იწვევს. მაღალი წნევა და მაღალი ქოლესტეროლი, რაც უმეტესად ხანდაზმულებს აწუხებთ, ზრდის ათეროსკლეროზის განვითარების რისკს.

ანევრიზმა შეიძლება იყოს: მუცლის აორტის, გულმკერდის აორტის, თავის ტვინის სისხლძარღვების, ფეხების, საზარდულის, კისრის სისხლძარღვების (პერიფერიული ანევრიზმა).

ანევრიზმა უმეტესად უსიმპტომოდ არსებობს. მისი გასკდომა შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს. თუ ანევრიზმა გასკდა, საჭიროა სასწრაფო ოპერაცია.

ზოგიერთი ანევრიზმა მხოლოდ რეგულარულ გამოკვლევას მოითხოვს.

გასკდომის რისკი ფასდება სიმპტომების, პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების სამედიცინო ისტორიის, ანევრიზმის ზომის, ფორმისა და მდებარეობის მიხედვით.

***

თირკმლის არტერიის სტენოზი

თირკმელებმა სისხლი სათანადოდ რომ გაფილტროს, ნივთიერებათა ცვლის ნარჩენებისგან გაასუფთაოს და ჭარბი სითხე სხეულიდან გამოდევნოს, ადეკვატური ოდენობის სისხლი  უნდა მიეწოდებოდეს. სისხლით მომარაგების დარღვევა თირკმელების ფუნქციის შესრულებას ხელს უშლის.

თირკმლის არტერიაც უმეტესად ათეროსკლეროზის გამო ვიწროვდება, თუმცა შევიწროების მიზეზი შესაძლოა იყოს ფიბრომუსკულარული დისპლაზიაც – არტერიის კედლის კუნთის პათოლოგია, რომელიც ხშირად ბავშვობაშივე ვლინდება. ამ დროს თირკმლის არტერიაში ერთმანეთს ენაცვლება ვიწრო და ფართო მონაკვეთები, რაც მას მძივის მსგავს შესახედაობას აძლევს. იშვიათად თირკმლის არტერიის სტენოზს იწვევს სისხლძარღვთა ანთება ან წარმონაქმნი, რომელიც მას გარედან აწვება.

სიმპტომები

თირკმლის არტერიის სტენოზი ხშირად უსიმპტომოა და შემთხვევით აღმოაჩენენ სხვა პრობლემის გამო ჩატარებული გამოკვლევის დროს. ექიმმა შესაძლოა იეჭვოს მისი არსებობა, თუ პაციენტი უჩივის:

* მაღალი წნევას, წნევის მოულოდნელ, უმიზეზო აწევას;

* მაღალ წნევას 30 წლამდე ან 50 წლის შემდეგ.

თირკმლის არტერიის სტენოზის პროგრესირებაზე მინიშნებს:

* მაღალი წნევა, რომელიც ცუდად ემორჩილება კონტროლს;

* მსტვენი ბგერა სტეთოსკოპში თირკმლის პროექციაზე მისი მიდებისას;

* შარდში ცილის მომატება და თირკმელების ფუნქციის დარღვევის სხვა ნიშნები;

* თირკმელების ფუნქციის გაუარესება მაღალი წნევის მკურნალობის ფონზე;

* სხეულის სითხით გადატვირთვა და სხვადასხვა ქსოვილის (ფეხების, ფილტვების) შეშუპება;

* გულის უკმარისობა, რომელიც მკურნალობას არ ემორჩილება.

თირკმლის არტერიის სტენოზი შესაძლოა თირკმლის უკმარისობით გართულეს. ამ დროს საჭიროა დიალიზი ან თირკმლის გადანერგვა.

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ათეროსკლეროზის დასადგენად ფასდება თირკმლის ფუნქცია (სისხლის, შარდის ანალიზებით), ტარდება გამოსახვითი გამოკვლეები, მათ შორის – თირკმლის არტერიოგრაფია. მკურნალობა მოიცავს ცხოვრების წესის შეცვლას (მარილის შეზღუდვა, ჯანსაღი საკვების მიღება და რეგულარული ფიზიკური აქტივობა), მედიკამენტებს და თირკმელებში სისხლის ნაკადის აღდგენის პროცედურას, ზოგჯერ – მათ კომბინაციას.

სწორი მედიკამენტის ან მედიკამენტების სწორი კომბინაციის პოვნას შესაძლოა დრო დასჭირდეს. ქირურგიული მკურნალობა ხდება სტენტირებით ან შუნტირებით.

***

თრომბი

თრომბი შედედებული სისხლის გროვაა. წესისამებრ, ის ჭრილობის ან სხვა დაზიანების საპასუხოდ წარმოიქმნება, კეტავს დაზიანებულ სისხლძარღვს და აჩერებს სისხლდენას. საშიშია თრომბი, რომელიც სისხლძარღვის ტრავმის გარეშე ყალიბდება და შესაძლოა, სისხლს სხეულის სხვა ნაწილებისკენ გაჰყვეს.

იმ მდგომარეობათა ჩამონათვალი, რომლებსაც თრომბის წარმოქმნა სდვს თან, ვრცელია. მათ მიეკუთვნება: ათეროსკლეროზი, ღრმა ვენების თრომბოზი, არითმია, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ინფარქტი, გულის უკმარისობა, სიმსუქნე, პერიფერიული არტერიის დაავადება, კიბო,  მედიკამენტების (ორალური კონტრაცეპტივების, ჰორმონული პრეპარატების) მოხმარება, ორსულობა, ხანგრძლივი ჯდომა ან საწოლს მიჯაჭვულობა, მოწევა, ინსულტი, ოპერაცია.

თრომბი თავისით არ იშლება. ის სამედიცინო მეთვალყურეობას ითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფეხში, ფილტვში ან ტვინშია.

იმაზე, რომ სასწრაფო დახმარება უნდა გამოიძახოთ, მიგანიშნებთ:

* ხველა სისხლიანი ნახველით;

* მეტისმეტად სწრაფი გულისცემა;

* გულის წასვლის შეგრძნება;

* სუნთქვის გაძნელება ან მტკივნეული სუნთქვა;

* გულმკერდის ტკივილი ან შებოჭილობა.

* ტკივილი, რომელიც ვრცელდება მხარზე, მკლავზე, ზურგზე ან ყბაზე;

* სახის, მკლავის ან ფეხის უეცარი სისუსტე ან დაბუჟება;

* მეტყველების ან სხვისი მეტყველების აღქმის უეცარი გაძნელება.

მიმართეთ ექიმს მაშინაც, თუ შეამჩნიეთ, რომ ხელი ან ფეხი შეგიშუპდათ, ფერი იცვალა (უჩვეულოდ წითელი ან მეწამული გახდა), გიხურთ, გტკივათ.

პრევენცია

სისხლის შედედების რისკის შესამცირებლად:

* ერიდეთ დიდხანს ჯდომას. ფრენისას დროდადრო სალონში გაიარ-გამოიარეთ, მანქანით ხანგრძლივი მგზავრობისას ხშირად გააჩერეთ მანქანა, გადმოდით და გაიარ-გამოიარეთ.

* იმოძრავეთ. ეცადეთ, ოპერაციისა და წოლითი რეჟიმის დასრულების შემდეგ რაც შეიძლება მალე წამოდგეთ.

* მოგზაურობისას სვით ბევრი სითხე – დეჰიდრატაცია ზრდის სისხლის შედედების რისკს.

* შეიცვალეთ ცხოვრების წესი. დაიკელით წონა, დაარეგულირეთ წნევა, თავი დაანებეთ მოწევას და რეგულარულად ივარჯიშეთ.

მოამზადა მარი აშურაშვილმა

Поделитесь: