თამაზ მჭედლიშვილის ფერით ნაწერი ფიქრები

Поделитесь:

სამოცდაოთხი წლის ისე გავხდი, ფუნჯი ხელში ერთხელაც არ მჭერიაო, გვითხრა თვითნასწავლმა მხატვარმა თამაზ მჭედლიშვილმა. წლების განმავლობაში საჯარო სამსახურებში – ქალაქის მერიაში, მინისტრთა კაბინეტში, სხვადასხვა რაიონის გამგეობებში მუშაობდა. მერე კერძო ბიზნესი წამოიწყო – ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვის კომპანია დააარსა და უკვე ოცი წელია, წარმატებით უძღვება. და აი, ორი წლის წინ ახალმა გატაცებამ სულ სხვა ფერები შესძინა მის ცხოვრებას.

ორ წელიწადში ორასზე მეტი ნამუშევარი შექმნა, თუმცა  ფართო აუდიტორიისთვის  ჯერ ერთიც არ წარუდგენია.

– პანდემიამ ყოველდღიური ცხოვრების რიტმი შეცვალა, სამაგიეროდ, ახალი პერსპექტივები გააჩინა – მეტი თავისუფალი დრო გამოგვიჩნდა და  მეც ვიყიდე საღებავები, ფუნჯები, ფანქრები, დავიწყე ხატვა.

თამაზ მჭედლიშვილის ნამუშევრებს მრავალი ფერის შეხამებით, ორიგინალური თემებითა და სტილით გამოარჩევთ. მათში ექსპერიმენტების სიყვარული იკითხება – თითოეული ტილო ძიებაა. როგორც მხატვარი ამბობს, შედეგი არასოდეს აკმაყოფილებს, მაგრამ მაინც ხატავს, იმიტომ, რომ სხვაგვარად ცხოვრება ვეღარ წარმოუდგენია.

– ხატვის ტექნიკის, ფერთა შეხამების, კომპოზიციის აგების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში მოვიძიე. თვითნასწავლი ვარ და, ალბათ, ჩემს ნამუშევრებში შეცდომაც ბევრია. ჩემთვის ის არის მთავარი, რომ ნახატით ჩემს განწყობას გადმოვცემ. პირველად ყვავილი დავხატე. მერე სხვადასხვა ამოცანას ვისახავდი. შევეჭიდებოდი იდეას და მაინტერესებდა, დავძლევდი თუ ვერა. სხვადასხვა ჟანრი მოვსინჯე: პეიზაჟი, ნატურმორტი, პორტრეტი... ყველაზე მეტად აბსტრაქცია მიზიდავს – ასეთ ნახატებში ჩემი ფიქრები და ემოციები უფრო თვალნათლივ ჩანს.

აბსტრაქციონიზმს შერეული ტექნიკა უხდება. მინდა, კიდევ უფრო ღრმად შევისწავლო ეს მეთოდები. გრაფიკული ნამუშევრები არ მაქვს, თუმცა ძალების მოსინჯვა აქაც მინდა.

როცა ვხატავ...

– დაღლას ვერ ვგრძნობ. დღეში სამი ნახატიც დამიხატავს. ფუნჯს რომ ავიღებ ხელში, მერე გაჩერება ძნელია. მიყვარს, როცა ხატვისას კლასიკურ მუსიკას ვუსმენ. ჯაზი და ბლუზიც მსიამოვნებს – განწყობა მოაქვს.

ჩემს სამუშაო კაბინეტში ვხატავ. ისე ფაქიზად ვმუშაობ, საღებავის კვალსაც  ვერსად მიაგნებთ, მე კი მინდა, რომ ეს სივრცე ნამდვილ სახელოსნოს ჰგავდეს. ქალაქგარეთ სახლი ავაშენე, სამუშაო სივრცეც მოვიწყვე, სადაც დიდი ტილოების შექმნას ვგეგმავ. იქ ყველაფერი ათასი ფერით იქნება მოსვრილი, ფუნჯებით, პალიტრებით და სხვა სამხატვრო აქსესუარებით სავსე...

შთაგონება მოვა თუ არა, მზად უნდა იყო, რომ ემოცია ტილოზე გადაიტანო, სანამ მუხტი განელდება, გაფერმკრთალდება. გონებაშიც განუწყვეტლივ უნდა ხატო... ამიტომ ვფიქრობ, მეტი დრო მჭირდება შემოქმედებისთვის. ალბათ, მოვიდა დრო, ცხოვრების ყოველი წუთით დავტკბე – ვხატო და ვიმოგზაურო. მიყვარს ბუნება, ძველი ქალაქები. გარემოს ცვლილება თვალსაწიერს აფართოებს, ახალ შთაბეჭდილებებს იდეები და შთაგონება მოაქვს.

მეუღლე და ორი ვაჟი მყავს. გიორგი ბიზნესს უძღვება, სანდროს კი საკუთარი საქმე აქვს, რომელიც მეგობართან ერთად წამოიწყო და საკმაო წარმატებასაც მიაღწია. პირველი ჭკვიანი სახლის ავტორია საქართველოში. ახლახან ჩემთვის სიურპრიზის მოწყობა მოინდომეს და ჩემგან მალულად საგამოფენო სივრცე იქირავეს პერსონალური გამოფენის მოსაწყობად, მაგრამ მე მზად არ აღმოვჩნდი გამოწვევისთვის და უარი ვთქვი. ბევრს ვფიქრობ იმაზე, რას იტყვიან ჩემს ნახატებზე შესახებ უცხო ადამიანები, ეს ქვეცნობიერი რიდი კი შემოქმედს ბოჭავს.

ბოლო დროს ბევრი ხელოვანი გავიცანი. მხატვრებთან ურთიერთობამ, მათმა ქებამ სტიმული მომცა, გამოფენებშიც მივიღო მონაწილეობა და ჩემი რამდენიმე ნამუშევარი საზოგადოებას წარვუდგინო. გადავწყვიტე  ნახატების კატალოგის შექმნაც. ჩემმა რამდენიმე ფერწერულმა ტილომ უკვე გადალახა საქართველოს საზღვარი. ერთმა ოკეანეც კი გადაცურა და ნიუ-იორკში ჩავიდა.

ხატვას შემოსავლის წყაროდ ვერ აღვიქვამ, თუმცა ნამუშევრების გაყიდვა-გაჩუქება  მსიამოვნებს – მომწონს იმის შეგრძნება, რომ ჩემი ნახატები სხვებსაც უქმნის განწყობას, ამიტომ მათთან განშორება არ მიჭირს. პირველი ნაბიჯების შემდეგ უფრო ხმამაღალი განაცხადისთვის მოვემზადები. დიდი გეგმები მაქვს.

ჩემს შვილიშვილებსაც უყვართ ხატვა და მეც ვცდილობ, ეს სიყვარული უფრო მეტად გავუღვივო. მოვლენ თუ არა, დავურიგებ სახატავ ფურცლებს, საღებავებს და ხალისით იწყებენ მუშაობას. ახალ სახელოსნოში ეს პროცესიც უფრო სასიამოვნო იქნება.

თამარ ციბალაშვილი

Поделитесь: