უშვილობა - ხელის შემწყობი და ხელის შემშლელი მიზეზები

Поделитесь:

 

 

 

 

დაორსულების ეტაპები

მამაკაცის უნაყოფობა

ქალის უნაყოფობა

ენდომეტრიოზი და უნაყოფობა

უშვილობის მკურნალობის მეთოდები

 

არც ისე ცოტაა ოჯახი, რომელიც წლობით ელის შვილს. უმეტესობა დახმარებისთვის მედიცინას მიმართავს, მაგრამ არიან ისეთებიც, მკურნალობას რომ არ ჩქარობენ – ჩვენი გვარის ქალები რამდენიმე წელიწადში ერთხელ ორსულდებიანო...

ამის იმედად ყოფნა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. თანამედროვე მიდგომა ასეთია: თუ ქალი, რომელსაც რეგულარული სქესობრივი ცხოვრება აქვს, ერთი წლის განმავლობაში არ დაორსულდა, მას უშვილობის დიაგნოზი ესმება.

უშვილობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. სქესობრივი ცხოვრების ერთი წლის განმავლობაში ქალების დაახლოებით 15 პროცენტი ვერ ორსულდება. მაშასადამე, საშუალოდ შვიდიდან ერთი წყვილი უშვილოა. როდესაც ვამბობთ წყვილს, ვგულისხმობთ სწორედ წყვილს და არა ქალს. საქმე ის არის, რომ შემთხვევათა მესამედში უშვილოა ქალი, მესამედში – კაცი, მესამედში კი ან ორივე პარტნიორს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა, ან მიზეზი ვერ იძებნება.

უშვილობად განიხილება ის შემთხვევებიც, როდესაც ქალი ორსულდება, მაგრამ ნაყოფს ვერ ინარჩუნებს – მუცელი ეშლება ან ნაადრევად მშობიარობს.

იმის გამო, რომ ასაკის მატებასთან ერთად ქალის ნაყოფიერებაც მცირდება, ზოგიერთი ექიმი 35 წლის და ამაზე უფროსი ასაკის ქალებს უკვე ექვსთვიანი სქესობრივი ცხოვრების შემდეგ ურჩევს მკურნალობის დაწყებას.

უშვილობას – როგორც დაორსულების შეუძლებლობას, ისე განმეორებით მუცლის მოშლას –  რეპროდუქტოლოგ-ენდოკრინოლოგები მკურნალობენ.

დაორსულების ეტაპები

ორსულობა მრავალსაფეხურიანი პროცესის შედეგია. იმისთვის, რომ ქალი დაორსულდეს:

* მისი ერთ-ერთი საკვერცხიდან უნდა გამოთავისუფლდეს მომწიფებული კვერცხუჯრედი (კვერცხუჯრედის მომწიფება და გამოთავისუფლება, რასაც ოვულაცია ეწოდება, რეგულარული პროცესია, რომელსაც ერთი სრული მენსტრუალური ციკლი სჭირდება);

* კვერცხუჯრედი მამაკაცის სპერმამ უნდა გაანაყოფიეროს;

* განაყოფიერებულმა კვერცხუჯრედმა უნდა გაიაროს ფალოპის მილი, მოხვდეს საშვილოსნოში

* და მის კედელს მიემაგროს (ან, მედიცინის ენით თუ ვიტყვით, საშვილოსნოში ჩაინერგოს).

მაშასადამე, ქალს უნდა ჰქონდეს რეგულარული მენსტრუაცია (24-დან 38 დღემდე ხანგრძლივობის შუალედით და მაქსიმუმ შვიდდღიანი გამონადენით), ნორმალური ოვულაცია, დაუზიანებელი ფალოპის მილები და ჯანმრთელი საშვილოსნო.

უნაყოფობა შეიძლება ზემოთ აღწერილი ჯაჭვის ნებისმიერ რგოლში არსებულმა დარღვევამ გამოიწვიოს.

კრიტერიუმები მამაკაცისთვის

შთამომავლობის დასატოვებლად მამაკაცს ჯანსაღი სპერმა უნდა ჰქონდეს. საღი სპერმატოზოიდების წარმოსაქმნელად ერთი სათესლე ჯირკვალი მაინც უნდა ფუნქციობდეს სათანადოდ. ორგანიზმი უნდა წარმოქმნიდეს ტესტოსტერონს და სხვა ჰორმონებს, რომლებიც აუცილებელია სპერმატოზოიდების გამომუშავებისთვის.

საჭიროა პროსტატისა და სხვა ჯირკვლების წვენიც, რომელიც სპერმატოზოიდებს ერევა, გადაადგილებასა და განახლებაში ეხმარება და დაზიანებისგან იცავს.

თუ სპერმაში ზღვრულ ოდენობაზე ნაკლები სპერმატოზოიდია, მცირდება კვერცხუჯრედის განაყოფიერების შანსიც. ზღვრულ ოდენობად მიიჩნევა ერთ მილილიტრ სპერმაში – 15 მილიონი, ხოლო მთელ ეაკულატში – 39 მილიონი სპერმატოზოიდი.

ამასთან, სპერმატოზოიდების ნახევარს მაინც უნდა ჰქონდეს მოძრაობის უნარი, რომ კვერცხუჯრედამდე მიაღწიოს, ხოლო მათ უმრავლესობას –  ნორმალური ფორმა.

თუ დრო გადის, მაგრამ პარტნიორი არ ორსულდება, მამაკაცი არ უნდა დაელოდოს ერთი წლის გასვლას და მიმართოს ექიმს, მით უმეტეს – როდესაც:

. აღენიშნება ერექციის, ეაკულაციის ან  სქსობრივ აქტთან დაკავშირებული სხვა პრობლემა, შემცირებული აქვს სექსუალური ლტოლვა;

. აწუხებს ტკივილი, დისკომფორტი, შემკვრივება ან შეშუპება სათესლე ჯირკვლის არეში;

. ადრეც ჰქონია სათესლე ჯირკვლის ან პროსტატის დაავადება ან სექსუალური დარღვევა;

. გადატანილი აქვს საზარდულის, სათესლე ჯირკვლის, ასოს ან სკროტუმის (სათესლე პარკის) ოპერაცია;

. პარტნიორი 35 წელს გადაცილებულია.

რისკის ფაქტორები

მამაკაცის უნაყოფობის რისკს ზრდის:

. ასაკი – 40 წელს გადაცილებულ მამკაცებს ახალგაზრდებთან შედარებით უჭირთ ნაყოფის ჩასახვა;

. ჭარბი წონა, სიმსუქნე;

. მოწევა;

. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;

. მარიხუანას მოხმარება;

. ტესტოსტერონის დამატებითი მიღება – არ აქვს მნიშვნელობა, ტესტოსტერონის პრეპარატი ექიმმა გამოწერა ჩვენებისამებრ თუ მამაკაცი თვითნებურად იღებს მას კუნთების მასის გაზრდის მიზნით;

. რადიაციის ზემოქმედება;

. სათესლე ჯირკვლებზე მაღალი ტემპერატურის ხშირი ზემოქმედება (ეტლში ჯდომა, საუნით ხშირი სარგებლობა, ცხელი აბაზანის ხშირი მიღება);

. ისეთი მედიკამენტები, როგორიცაა ფლუტამიდი, ციპროტერონი, ბიკალუტამიდი, სპირონოლაქტონი, კეტოკონაზოლი, ციმეტიდინი;

. გარემოში არსებული ტოქსინების ზემოქმედება (პესტიციდების, ტყვიის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის ჩათვლით).

ქალებისთვის კი რისკის ფაქტორებია:

. ასაკი – ასაკის მატებასთან ერთად ქალის სხეულში კვერცხუჯრედების რაოდენობა და ხარისხი იკლებს (ეს განსაკუთრებით შესამჩნევია 35 წლიდან); რთულდება ჩასახვა და იზრდება სპონტანური აბორტების რისკი;

. მოწევა – საშვილოსნოს ყელისა და საშვილოსნოს მილების დაზიანებასთან ერთად, მოწევა ზრდის მუცლის მოშლისა და ექტოპიური ორსულობის რისკს, აბერებს საკვერცხეებს და ნაადრევად ფიტავს კვერცხუჯრედებს;

. წონა – ჭარბმა წონამ, ისევე როგორც წონის მნიშვნელოვანმა დეფიციტმა, შესაძლოა გავლენა მოახდინოს ოვულაციაზე. სხეულის მასის ინდექსის (BMI) ნორმალური მაჩვენებლის მიღწევამ შესაძლოა გაზარდოს ოვულაციის სიხშირე და ორსულობის ალბათობა;

. მიმდინარე ან გადატანილი სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია – ქლამიდიამ და გონოკოკმა შესაძლოა ფალოპის მილები დააზიანოს. მრავალ პარტნიორთან დაუცველი სექსი ზრდის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციის რისკს, რამაც მოგვიანებით შეიძლება ნაყოფიერების პრობლემები გამოიწვიოს;

. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება.

რას იკვლევენ

დიაგნოსტიკა უმეტესად სისხლში ჰორმონების დონის განსაზღვრით იწყება. ქალებს, ამასთან ერთად, შესაძლოა ჩაუტარდეთ ულტრაბგერითი გამოკვლევა ტრანსვაგინალურად (აპარატის გადამწოდის საშოში შეყვანით), რაც უფრო ინფორმაციულია, ვიდრე ჩვეულებრივი ულტრაბგერითი კვლევა. ზოგჯერ საჭიროა კონტრასტული რენტგენოგრაფია ფალოპის მილების გამავლობის შესამოწმებლად, ზოგჯერ კი –  მენჯის ღრუს ლაპაროსკოპიაც.

მამაკაცს სპერმის ანალიზთან ერთად შესაძლოა დასჭირდეს, უპირველეს ყოვლისა, გასინჯვა ისეთი მიზეზების მოსაძებნად, როგორიცაა სათესლე ჯირკვლების ან პენისის დაზიანება, პათოლოგიური გამონადენი, პროსტატის გადიდება, ვარიკოცელე; უნდა გაირკვეს, ხომ არ ჰქონია ბოლო ხანს მაღალი სიცხე, ხოლო თუ ჰქონდა –  რატომ; ხომ არ გადაუტანია ყბაყურა და სხვა. ზოგიერთ შემთხვევაში სპერმის უკეთესი ნიმუშის მისაღებად სათესლე ჯირკვლის ბიოფსიაა საჭირო.

შანსის გასაზრდელად

ბუნებრივად დაორსულების შესაძლებლობა რომ გაიზარდოს, ორსულობას ქალის ორგანიზმი მზად უნდა დახვდეს. ამისთვის ქალი უნდა მისდევდეს ცხოვრების ჯანსაღ წესს, იღებდეს ექიმის მიერ გამოწერილ პრეპარატებს (მაგალითად, ფოლიუმის მჟავას), სამედიცინო პრობლემის, მათ შორის გენეტიკური დაავადების შემთხვევაში მკურნალობდეს შესაბამის სპეციალისტთან.

დაორსულების ალბათობის ზუსტი გამოთვლა შეუძლებელია, მაგრამ თუ ქალი ახალგაზრდაა და აქვს რეგულარული მენსტრუაცია, სქესობრივი ცხოვრების პირველი სამი თვის განმავლობაში შანსი 20%-დან 37%-მდეა, ერთი წლის განმავლობაში – 80%-მდე, ორი წლის განმავლობაში – 90%–მდე. 35 წელს გადაცილებულ ქალებს და 50 წელს გადაცილებულ მამაკაცებს ნაყოფიერების შედარებით დაბალი მაჩვენებელი აქვთ.

კონტაქტის სიხშირე

ხანგრძლივმა სქესობრივმა თავშეკავებამ შესაძლოა გააუარესოს სპერმის ხარისხი, ხოლო იშვიათი სქესობრივი კონტაქტი ამცირებს ალბათობას, რომ სექსი ოვულაციის პერიოდს დაემთხვევა. ორსულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება მაშინ, როდესაც წყვილს სქესობრივი კავშირი აქვს 1-2 დღეში ერთხელ ქალის ნაყოფიერი დღეების განმავლობაში. ნაყოფიერი დღეები  – ციკლის ის  პერიოდი, როდესაც შესაძლებელია დაორსულება – იწყება ოვულაციამდე, საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გადმოსროლამდე, 6 დღით ადრე, პიკს აღწევს ოვულაციამდე 2-3 დღით ადრე და გრძელდება ოვულაციიდან 24 საათი. სწორედ ამ ექვსი-შვიდი დღის განმავლობაშია დაორსულების შანსი ყველაზე რეალური.

მიჩნეულია, რომ ოვულაცია ხდება მომდევნო მენსტრუაციის დაწყებამდე 14 დღით ადრე. ოვულაციის განსაზღვრის რამდენიმე მეთოდი არსებობს. მაგალითად, გამონადენზე დაკვირვება –  საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი სქელდება, საშოდან გამონადენი იმატებს ოვულაციამდე 5-6 დღით ადრე და პიკს აღწევს ოვულაციამდე 2-3 დღით ადრე. შესაძლებელია ოვულაციის შარდის ტესტის გამოყენებაც.

სხვა ფაქტორები

ეაკულაციის შედეგად საშოში მოხვედრილი სპერმა რამდენიმე წუთში აღწევს ფალოპის მილებს. არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომ რომელიმე სექსუალური პოზა, ორგაზმის განცდა ან სქესობრივი კავშირის შემდეგ ხანგრძლივი წოლა ზრდის დაორსულების შანსს. ზოგიერთი ლუბრიკანტი (საპოხი საშუალება) სპერმის მოძრაობას აფერხებს, ამიტომ სასურველია შეიცვალოს.

ნაყოფიერებას ამცირებს ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება (დღეში ორ ჭიქაზე მეტი სასმლის მიღება), კოფეინის ჭარბი მოხმარება, მარიხუანას მოხმარება.

მართალია, ჭარბწონიანი და ზედმეტად გამხდარი ქალების ნაყოფიერება ნაკლებია, მაგრამ იმ ქალების ნაყოფიერებაზე, რომლებსაც სხეულის მასის ნორმალური (19-დან 25-მდე) ინდექსი და რეგულარული მენსტრუაცია აქვთ, კვება გავლენას არ ახდენს. ერთადერთი გამონაკლისია ვერცხლისწყლით მდიდარი საკვების ხშირი მიღება (ასეთია, წესისამებრ, სამეფო სკუმბრია, მარლინი, თინუსი, ზვიგენი, ხმალთევზა).

როდესაც ორსულობა იგეგმება, უმჯობესია, მამაკაცი ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას ეწეოდეს და რეგულარულად მიირთმევდეს ვიტამინების, მინერალებისა და ანტიოქსიდანტების შემცველ საკვებს (ხილსა და ბოსტნეულს), ქალებისთვის კი რეკომენდებულია, შეიტანონ რაციონში ადეკვატური რაოდენობის რკინა და ფოლიუმის მჟავა. ეს უკანასკნელი აუცილებელია ნაყოფის ნერვული მილის დეფექტების თავიდან ასაცილებლად, ნერვული მილი კი მუცლად ყოფნის მესამე-მეოთხე კვირებში ვითარდება – იმ პერიოდში, როდესაც ქალების უმეტესობამ არც კი იცის, რომ ორსულად არის, ამიტომ ორსულობის დაგეგმვისას ფოლიუმის მჟავას ექიმი აუცილებლად გამოწერს.

უკეთესი ნაყოფიერებისთვის:

. ქალმა უნდა შეინარჩუნოს ჯანსაღი წონა – წონის როგორც სიჭარბემ, ისე ნაკლებობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ოვულაციას;

. ზედმიწევნით დაიცვას სქესობრივი ცხოვრების ჰიგიენა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების თავიდან ასაცილებლად – ქლამიდიოზი და გონორეა ქალების უნაყოფობის წამყვანი მიზეზებია;

. თუ შესაძლებელია, ერიდოს ღამის ცვლაში მუშაობას – რეგულარულმა ღამისთევამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ჰორმონების გამომუშავებაზე და გაზარდოს უშვილობის რისკი; ღამის ცვლაში მუშაობის შემთხვევაში ეცადოს, არასამუშაო საათებში კარგად გამოიძინოს;

. ეცადოს, მოერიოს სტრესს ჯანსაღი მეთოდებით, მაგალითად, რელაქსაციის ტექნიკის გამოყენებით.

რა უშლის ხელს

ქალის ნაყოფიერებას ამცირებს თამბაქოს წევა. რაც შეეხება ალკოჰოლს, დაორსულების მოსურნე ან უკვე ორსულმა ქალმა ის საერთოდ არ უნდა მიიღოს. ალკოჰოლი ზრდის ოვულაციის დარღვევის რისკს. ნაყოფისთვის უსაფრთხო ალკოჰოლის ოდენობაც დაუდგენელია – მიიჩნევა, რომ  ის უბრალოდ არ არსებობს.

რეკომენდებული არ არის დღეში 1-2 ფინჯანზე მეტი ყავა.

ძლიერმა ფიზიკურმა აქტივობამ შესაძლოა შეაფერხოს ოვულაცია და შეამციროს პროგესტერონის  გამომუშავება, ამიტომ ჯანსაღი წონის მქონე ქალებისთვის რეკომენდებულია, დაორსულებამდე კვირაში ხუთ საათზე მეტი არ დაუთმონ ვარჯიშს.

მამაკაცებსაც მოეთხოვებათ ჯანსაღი წონის შენარჩუნება, თამბაქოსა და ალკოჰოლის შეზღუდვა (აღარაფერს ვამბობთ ნარკოტიკებზე – თუ ნარკოდამოკიდებულ მამაკაცს შვილის ყოლა სურს, ერთმნიშვნელოვნად უნდა მოერიოს თავს და ეს მავნე დამოკიდებულება დაამარცხოს), სტრესისთვის თავის არიდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა გადახურებისგან სათესლეების დაცვა.

რასაკვირველია, ქალებიც და მამაკაცებიც უნდა ერიდონ ტოქსინებს, გარემოს დამაბინძურებელ აგენტებს, პესტიციდებს, ქიმიურ საშუალებებს, ტყვიას.

ფიტოპრეპარატები და შინაური წამლები

არ არსებობს სამედიცინო მტკიცებულება იმისა, რომ მცენარეებით ან საკვები დანამატებით უნაყოფობის მკურნალობა შესაძლებელია. ამ რეკლამირებული საშუალებების შესახებ არსებული მონაცემები ნაკლებდამაჯერებელია და, როგორც წესი, რამდენიმე მცირე კვლევას ემყარება. თუმცა არსებობს დადასტურებული ფაქტებიც. მაგალითად:

. L-კარნიტინის მიღების შემდეგ უნაყოფო მამაკაცებს არ გაზრდიათ სპერმის რაოდენობა და მოძრაობის უნარი;

. E ვიტამინის მიღებამ ოდნავ გააუმჯობესათ სპერმატოზოიდების მოძრაობა, თუმცა უშედეგო აღმოჩნდა მისი მიღება C ვიტამინთან ან სელენთან ერთად;

. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ კოენზიმ Q10-ს შეუძლება გაზარდოს სპერმის რაოდენობა ან გააუმჯობესოს მისი მოძრაობა, მაგრამ არ ზრდის დაორსულების შანსს. კიდევ ერთი კვლევის ფარგლებში კოენზიმ Q10-მა ასწია ლაბორატორიული თაგვების კვერცხუჯრედის ხარისხი, მაგრამ ადამიანებზე იგივე ეფექტი არ მოუხდენია. დამაჯერებელი შედეგისთვის საჭიროა ამ მიმართულებით მეტი კვლევის ჩატარებაა.

. ზოგიერთი კვლევის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ თუთიისა და ფოლიუმის მჟავას ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა სპერმის ოდენობა გაზარდოს, თუმცა სანდო მონაცემების მისაღებად აქაც მეტი კვლევა საჭირო.

. ზოგიერთი წინასწარი კვლევის თანახმად, C ვიტამინი შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს ქალთა უნაყოფობის განსაზღვრულ შემთხვევებში, თუმცა შედეგი ერთმნიშვნელოვანი არ არის. უცნობია მამაკაცებზე მისი გავლენაც. კვლევა გრძელდება.

მცენარეულ დანამატებს, ტრადიციისამებრ, წარადგენენ როგორც ბუნებრივ საშუალებებს, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) რეგულაციებიც მათთან მიმართებით ნაკლებად მკაცრია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი უსაფრთხოა.  უცნობია, როგორ ურთიერთქმედებს ფიტოპრეპარატები უშვილობის სამკურნალო სხვა საშუალებებთან. გამორიცხული არ არის, სერიოზული გვერდითი მოვლენებიც გამოიწვიოს, განსაკუთრებით – დიდი დოზებით მიღებისას.

მამაკაცის უნაყოფობა

მამაკაცის უნაყოფობა შესაძლოა გამოწვეული იყოს სპერმის წარმოქმნის შემცირებით, მისი ფუნქციის დარღვევით ან გამოყოფის შეფერხებით. ამ მდგომარეობამდე მამაკაცი შესაძლოა მიიყვანოს ავადმყოფობამ, ტრავმამ,  ცხოვრების წესმა...

სპერმის ცვლილებები

ყველაზე ხშირი პრობლემაა სპერმატოზოიდების წარმოქმნისა და განვითარების დარღვევა. სპერმატოზოიდებმა შესაძლოა ვერ დაასრულოს ზრდა, მიიღოს უცნაური ფორმა, არ იმოძრაოს სწორად, წარმოიქმნას ძალიან მცირე რაოდენობით (ოლიგოსპერმია) ან საერთოდ არ წარმოიქმნას (აზოოსპერმია).

სპერმის პრობლემები შესაძლოა გამოწვეული იყოს თანდაყოლილი ანატომიური თავისებურებებით, ცხოვრების არაჯანსაღი წესით (მოწევა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, ნარკოდამოკიდებულება), ზოგიერთი მედიკამენტის მიღებით, ხანგრძლივი ავადმყოფობით (მაგალითად, თირკმლის უკმარისობით), ბავშვობაში გადატანილი ყბაყურით, ქრომოსომული ან ჰორმონული პრობლემებით, სასქესო ორგანოების ტრავმით.

სპერმის ანალიზის დროს ყურადღება ექცევა სპერმაში სპერმატოზოიდების რაოდენობას, მათ მოძრაობას და ფორმას. სპერმაში მცირე ცვლილებები იმას არ ნიშნავს, რომ მამაკაცი აუცილებლად უნაყოფოა. სპერმის ანალიზი ექიმს იმის განსაზღვრაში ეხმარება, მონაწილეობს თუ არა უნაყოფობაში მამაკაცის ფაქტორი და თუ მონაწილეობს, რა სახით.

ვარიკოცელე

ვარიკოცელე სათესლე პარკის ვენების შეშუპებაა. ის 100-დან დაახლოებით 16 მამაკაცს აღენიშნება, უნაყოფო მამაკაცებს შორის კი – ათიდან ოთხს. ვარიკოცელე ჰგავს ფეხებზე განვითარებულ ვარიკოზს – დაკლაკნილ და შებერილ ვენებს. სპერმატოზოიდების წარმოქმნის პროცესი ირღვევა სათესლე პარკში სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო. ნორმალურ სკროტუმში მუცლის ღრუსთან შედარებით  ორი-სამი გრადუსით დაბალი ტემპერატურაა. ვარიკოცელეს გამო სისხლის ნაკადი შესაძლოა მუცლის ღრუდან სათესლე პარკში დაბრუნდეს, სათესლე ჯირკვალი ზედმეტად გადახურდეს, ამან კი შეამციროს სპერმატოზოიდების რაოდენობა, შეცვალოს მათი ფორმა და ფუნქციობა.

რეტროგრადული ეაკულაცია

რეტროგრადული ეაკულაცია სპერმის სხეულში დაბრუნებას ნიშნავს. ამ დროს სპერმა ასოს ნაცვლად შარდის ბუშტში გადადის, რადგან ორგაზმის დროს შარდის ბუშტის სფინქტერი არ იკეტება. ამ დარღვევის მიზეზია შარდის ბუშტისკენ მიმავალი ნერვების დაზიანება. ანუ  სპერმა შესაძლოა ნორმალური იყოს, მაგრამ ასოდან ვერ გადმოვიდეს და, შესაბამისად, საშოსაც ვერ მიაღწიოს.

რეტროგრადული ეაკულაცია შესაძლოა გამოწვეული იყოს ქირურგიული ჩარევით, მედიკამენტებით ან ნერვული სისტემის პრობლემებით, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის ფონზე განვითარებული ნეიროპათიით. მისი ნიშნებია ეაკულაციის შემდეგ მღვრიე შარდი და ეაკულატში ნაკლები სითხე ან საერთოდ “მშრალი” ეაკულაცია.

იმუნოლოგიური უნაყოფობა

ზოგჯერ მამაკაცის სხეული წარმოქმნის ანტისხეულებს, რომლებიც თავს ესხმიან მისივე სპერმას. მათი წარმოქმნის ყველაზე ხშირი მიზეზია სასქესო ორგანოების ტრავმა, ოპერაცია ან ინფექცია. ანტისხეულები აფერხებენ სპერმის მოძრაობას და ნორმალურ ფუნქციობას, სავარაუდოდ, ხელს უშლიან ფალოპის მილში სპერმატოზოიდების გადაადგილებას და კვერცხუჯრედში შეღწევას.

ობსტრუქცია

თესლგამომტანი სადინარის ან რეპროდუქციული არხის სხვა ნაწილის ობსტრუქცია, დახშობა, ზოგჯერ თანდაყოლილია. შეძენილი ობსტრუქციის მიზეზად შესაძლოა მოგვევლინოს სასქესო ორგანოების განმეორებითი ინფექცია, ამ ორგანოების ოპერაცია (მაგალითად, ვაზექტომია – თესლგამომტანი სადინარის ამოკვეთა), შეშუპება, განვითარების მანკი. ჩამოთვლილ მიზეზთა გამო სპერმა ვერ ტოვებს სხეულს ეაკულაციის დროს. აზოოსპერმიის მქონე ათი მამაკაციდან ოთხს სწორედ ობსტრუქცია აღენიშნება.

ჰორმონები

უნაყოფობის მიზეზის ძებნისას არ უნდა გამოგვრჩეს ჰორმონული დარღვევები, მათ შორის – ისეთები, რომლებსაც ჰიპოთალამუსის ან ჰიპოფიზის ფუნქციის მოშლა იწვევს. ეს ჯირკვლები თავის ტვინში მდებარეობს და მათ მიერ გამოყოფილი ჰორმონები სათესლე ჯირკვლის ფუნქციობას არეგულირებს. ჰიპოფიზში პროლაქტინის ჭარბმა წარმოქმნამ (რაც ხშირად ჰიპოფიზის ჯირკვლის კეთილთვისებიანი სიმსივნის შედეგია) შესაძლოა შეაფერხოს სპერმის გამომუშავება,  ეს უკანასკნელი შემცირდეს ან საერთოდ გაქრეს.

სპერმის წარმოქმნაზე ასევე ახდენს გავლენას ჰიპოფიზის ავთვისებიანი სიმსივნეები, თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია, ორგანიზმში ჭარბი ესტროგენის ან  ტესტოსტერონის არსებობა,  კუშინგის სინდრომი, გლუკოკორტიკოიდების ქრონიკული გამოყენება.

ქრომოსომები

სპერმატოზოიდს კვერცხუჯრედში დნმ-ს ნახევარი მიაქვს. ნაყოფიერებაზე შესაძლოა იმოქმედოს ქრომოსომების რაოდენობისა და სტრუქტურის ცვლილებებმა. მაგალითად, შესაძლოა, მამაკაცის Y ქრომოსომას ნაწილები დაკარგული ჰქონდეს.

წამლები

ზოგიერთ მედიკამენტს შეუძლია გავლენა მოახდინოს სპერმატოზოიდების წარმოქმნაზე, მათ ფუნქციობასა და მოძრაობის უნარზე. ასეთი მედიკამენტები ხშირად ინიშნება ართრიტის, დეპრესიის, ინფექციის, კიბოს და სხვა დაავადებების სამკურნალოდ.

ქალის უნაყოფობა

შვილოსნობისთვის ქალს სჭირდება ნორმალურად მომუშავე საკვერცხეები, ფალოპის მილები და საშვილოსნო. რომელიმე მათგანის ფუნქციის მოშლას უნაყოფობამდე მივყავართ.

საკვერცხე

საკვერცხის მთავარი ფუნქციაა კვერცხუჯრედის წარმოქმნა და მისი გარეთ გამოტყორცნა – ოვულაცია. როდესაც ქალს აქვს მენსტრუალური ციკლი, მაგრამ არ აქვს ოვულაცია, ამას ანოვულაცია ეწოდება. ანოვულაციის პოტენციური მიზეზებია:

. პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი – მდგომარეობა, რომელიც განაპირობებს არარეგულარულ ოვულაციას ან მის არარსებობას. ზოგიერთ ქალს ამ დროს მომატებული აქვს ტესტოსტერონის დონე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს აკნე და ჭარბთმიანობა. პოლიცისტური საკვერცხის სინდრომი ხშირად უკავშირდება ინსულინრეზისტენტობას და სიმსუქნეს. ის ქალის უნაყოფობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია;

. საკვერცხეების შემცირებული რეზერვი – ქალს დაბადებისთანავე აქვს ყველა კვერცხუჯრედი, ხოლო დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა ბუნებრივად მცირდება. ზოგჯერ საკვერცხეში უფრო ნაკლები კვერცხუჯრედია, ვიდრე მოსალოდნელია მოცემულ ასაკში. რეზერვის შემცირება ზოგჯერ თანდაყოლილია, ზოგჯერ კი რომელიმე დაავადების ან ქირურგიული ჩარევის გამო ვითარდება. ხდება ისეც, რომ მიზეზი აუხსნელი რჩება. ასეთ ქალებს შეუძლიათ ბუნებრივად დაორსულება, თუმცაღა ნაყოფიერების მასტიმულირებელი მკურნალობის საპასუხოდ მათი ორგანიზმი ნაკლებ კვერცხუჯრედს გამოიმუშავებს;

. ჰიპოთალამუსის დისფუნქცია – ჰიპოფიზის მიერ წარმოქმნილი ორი ჰორმონი – ფოლიკულმასტიმულირებელი (FSH) და მალუთეინიზებელი (LH) – პასუხს აგებს ყოველთვიურ ოვულაციაზე. ძლიერმა ფიზიკურმა ან ემოციურმა სტრესმა, მეტისმეტად დიდმა ან მცირე წონამ, ბოლო დროს წონის მნიშვნელოვანმა მატებამ ან კლებამ შესაძლოა შეაფერხოს ამ ჰორმონების წარმოქმნა და ოვულაციაზე იმოქმედოს. ამ მდგომარეობის ტიპობრივი ნიშანია არარეგულარული მენსტრუაცია ან მისი არარსებობა;

. პროლაქტინის ჭარბი წარმოქმნა ჰიპოფიზის კეთილთვისებიანი სიმსივნის ან სხვა დარღვევის შედეგად;

. საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა, რომელსაც ნაადრევ მენოპაუზასაც უწოდებენ – ვითარდება მაშინ, როდესაც ქალის საკვერცხეები ფუნქციას 40 წლამდე ამოწურავს. ეს შესაძლოა იყოს ავტოიმუნური რეაქციის, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის ან გენეტიკური თავისებურების შედეგი. ამ პრობლემის მქონე ქალების 5-10 პროცენტი ბუნებრივად ორსულდება;

. მენოპაუზა, საკვერცხეების ფუნქციის ასაკობრივი დაქვეითება, რომელიც, ჩვეულებრივ, 50 წლისთვის დგება. მენოპაუზაზე საუბრობენ, როდესაც ქალს მინიმუმ ერთი წელია აღარ ჰქონია მენსტრუაცია. ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია ალები, განწყობიის ცვალებადობა, ძილის დარღვევა და სხვა სიმპტომები.

ფალოპის მილები

დაზიანებული ან დახშული ფალოპის მილები ხელს უშლის სპერმის კვერცხუჯრედამდე მისვლას ან აფერხებს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოში გადასვლას. ფალოპის მილის დაზიანება ან დახშობა შესაძლოა გამოიწვიოს მენჯის ანთებითმა დაავადებამ, ქლამიდიოზის, გონორეის ან სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციის შედეგად საშვილოსნოსა და ფალოპის მილების ანთებამ, მუცლის ან მენჯის ღრუზე გადატანილმა ოპერაციამ, მათ შორის – გარე ორსულობის გამოც.

ფალოპის მილების შესამოწმებლად ჰისტეროსალპინგოგრაფიას ან ქრომოპერტუბაციას მიმართავენ. ჰისტეროსალპინგოგრაფია საშვილოსნოსა და ფალოპის მილების კონტრასტული რენტგენოგრაფიაა. მისი მეშვეობით აფასებენ მილის დიამეტრსა და გამტარობას. ქრომოპერტუბაციაც მსგავსი პროცედურაა, ოღონდ ლაპაროსკოპიულად ტარდება.

საშვილოსნო და საშვილოსნოს ყელი

საშვილოსნოს ან მისი ყელის დაზიანებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს კვერცხუჯრედის იმპლანტაციას ან გაზარდოს მუცლის მოშლის რისკი:

. კეთილთვისებიანი პოლიპები და სიმსივნეები (ფიბრომა, მიომა) ზოგჯერ (არა ყოველთვის) ბლოკავს ფალოპის მილებს ან ხელს უშლის იმპლანტაციას;

. საშვილოსნოს თანდაყოლილმა დეფექტმა, მისმა უჩვეულო ფორმამ შესაძლოა გაართულოს დაორსულება ან ორსულობის შენარჩუნება;

. კიდევ ერთი ხელის შემშლელი ფაქტორია საშვილოსნოს ყელის თანდაყოლილი ან შეძენილი სტენოზი ანუ შევიწროება;

. ზოგჯერ საშვილოსნოს ყელი ვერ წარმოქმნის ლორწოს, რომელიც სპერმას საშვილოსნოში გადასვლის საშუალებას მისცემს.

ენდომეტრიოზი

ენდომეტრიოზის დროს ქსოვილი, რომელიც, ჩვეულებრივ, საშვილოსნოში იზრდება, სხეულის სხვა ადგილას ჩნდება. მისი ზრდის და ქირურგიულმა ამოკვეთის შედეგად შესაძლოა გაჩნდეს ნაწიბურები და ფალოპის მილები დაახშოს.

გარდა ამისა, ენდომეტრიოზმა შესაძლოა ხელი შეუშალოს განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციას, დააზიანოს სპერმატოზოიდები ან კვერცხუჯრედი.

აუხსნელი უშვილობა

ზოგიერთ შემთხვევაში უნაყოფობის მიზეზი გაურკვეველია. შესაძლოა, თავი მოიყაროს რამდენიმე უმნიშვნელო ფაქტორმა და შვილოსნობის აუხსნელი პრობლემა გამოიწვიოს. შესაძლოა, ეს პრობლემა დროთა განმავლობაში თავისთავად მოგვარდეს, თუმცა ამის იმედად ქალმა უშვილობის მკურნალობა არ უნდა გადადოს.

ენდომეტრიოზი და უნაყოფობა

ქალის ცხოვრების თანამდევი მოვლენაა მენსტრუალური ციკლი, რომელიც ენდომეტრიუმის – საშვილოსნოს შიდა, ლორწოვანი გარსის – ჩამოფცქვნითა და გარეთ გამოდევნით იწყება. ასე ხდება რეგულარულად, 24-38 დღეში ერთხელ. ციკლის დაწყებამდე ენდომეტრიუმი სქელდება და ნაყოფის მისაღებად ემზადება; თუ მასში განაყოფიერებული კვერცხუჯრედი არ მოხვდა – ჩამოიშლება.

მაგრამ რას უნდა ველოდოთ, თუ ენდომეტრიუმის უჯრედები საშვილოსნოს გარეთ, სხეულის სხვა ადგილას აღმოჩნდა? ამ მდგომარეობას ენდომეტრიოზი ეწოდება და მის შესახებ თსსუ პროფესორი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელი მაკა გეგეჭკორი გვესაუბრა:

– ენდომეტრიოზი ერთ-ერთი გავრცელებული და ძნელად სამართავი სამედიცინო პრობლემაა როგორც დიაგნოსტიკის, ისე რაციონალური სამკურნალო არჩევანის თვალსაზრისით. მსოფლიო სტატისტიკა ენდომეტრიოზის 258 მლნ შემთხვევაზე მიუთითებს.

არასამედიცინო ენით რომ განვმარტოთ, ენდომეტრიოზი არის მოვლენა, როდესაც საშვილოსნოს ფუნქციური ლორწოვანი შრე, ენდომეტრიუმი, განსაზღვრული გზით ხვდება სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილზე და იმუნური წინააღმდეგობის არარსებობის გამო (რაკი ისინი მაინც საკუთარი უჯრედებია) იწყებს ამ სტრუქტურებში გამრავლებას, რითაც სერიოზულად უშლის ხელს მათ ფუნქციობას. ის იმგვარადვე იქცევა, როგორც საშვილოსნოში არსებული ენდომეტრიუმი – სქელდება, სისხლმდენი ხდება და ჩამოიფცქვნება, მაგრამ, საშვილოსნოს ენდომეტრიუმისგან განსხვავებით, გარეთ არ გამოიდევნება. სწორედ ეს იწვევს ტკივილსა და შეხორცებებს. განსაკუთრებით ხშირია ენდომეტრიოზი საკვერცხეებში, სადაც მან შესაძლოა ცისტა, ენდომეტრიომა წარმოქმნას, აგრეთვე – ფალოპის მილებში, მენჯის ღრუს ლორწოვან გარსებზე, საშვილოსნოს კუნთოვან შრეში (ადენომიოზი).

ენდომეტრიოზი იწვევს რეპროდუქციული სისტემის ფუნქციურ და სტრუქტურულ დარღვევებს, გამოხატული ტკივილი კი უარყოფით გავლენას ახდენს ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და ქალის სიცოცხლის ხარისხს საგრძნობლად აქვეითებს.

ენდომეტრიოზი გაცილებით ადრე იწყება, ვიდრე პაციენტი პრობლემური სიმპტომებით ექიმს მიმართავს და დიაგნოზს დაუსვამენ. სტატისტიკურად, დაახლოებით რვა-ნახევარი წლით ადრე. ამიტომ ენდომეტრიოზს მოზარდობაში გამოტოვებულ დაავადებასაც უწოდებენ.

– რა მიანიშნებს ენდომეტრიოზზე?

– ენდომეტრიოზს ახასიათებს ტკივილის სინდრომი – მტკივნეული მენსტრუაცია, მტკივნეული სქესობრივი კონტაქტი, მტკივნეული შარდვა და დეფეკაცია, რასაც ენდომეტრიოზის მქონე ქალების 78% უჩივის, ასიდან 35-50 შემთხვევაში – უნაყოფობაც. მაგრამ მხოლოდ სიმპტომების შეფასებით დიაგნოსტიკა არასრულყოფილია. ენდომეტრიოზის განსაზღვრული ფორმების (საკვერცხის, საშვილოსნოს ენდომეტრიოზი) მიგნება ექოსკოპიურადაც შესაძლებელია, თუმცა დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად მიიჩნევა ლაპაროსკოპია, რომელიც იძლევა მაქსიმალური ვიზუალიზაციის, მანიპულირების და ქირურგიული მკურნალობის შესაძლებლობას.

რეპროდუქციული გამოწვევა

– ერთ-ერთი სერიოზული საკითხი, რომელიც ენდომეტრიოზს უკავშირდება, უნაყოფობაა. თუ გავიხსენებთ ქალის უნაყოფობის ორგანოდამოკიდებულ ფორმებს, ენდომეტრიოზი ყველა ეტაპსა და სტრუქტურას შეეხება – გავლენას ახდენს საკვერცხეში ფოლიკულების მომწიფებაზე, ოვულაციის პროცესზე, საკვერცხეებზე ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში – მათ რეზერვზე, კვერცხუჯრედების ხარისხზე, საშვილოსნოს მილების ფუნქციურ მდგომარეობაზე, მათ გამტარობაზე, კინეტიკაზე, იწვევს შეხორცებებს. ენდომეტრიოზი, მისთვის დამახასიათებელი იმუნური მექანიზმებითა და ბიოაქტიური ნივთიერებების შეუქცევადი ცვლილებებით, უარყოფითად მოქმედებს საშვილოსნოს ფუნქციაზე, კერძოდ, იმპლანტაციაზე, საშვილოსნოს ღრუში სპერმატოზოიდების სრულყოფილ გადაადგილებაზე.

– როგორ მკურნალობენ ენდომეტრიოზით გამოწვეულ უნაყოფობას?

– მკურნალობისას გასათვალისწინებელია ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი და უნაყოფობის ხანგრძლივობა. პაციენტმა უნდა იცოდეს, რომ ენდომეტრიოზი ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა და მისგან სრული განკურნება პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად, ენდომეტრიოზის დროს უნაყოფობის სამართავად უმნიშვნელოვანესია:

. ქირურგიული ჩარევისთვის ოპტიმალური დროის შერჩევა;

. ქირურგიული ჩარევის მასშტაბი;

. რეპროდუქციული ქსოვილების მიმართ მაქსიმალურად დამზოგავი ტაქტიკა;

. რეპროდუქციული დამხმარე ტექნოლოგიის სწორი არჩევანი მოცემულ მომენტში ყველა შესაძლო ფაქტორის გათვალისწინებით.

საკვერცხეები

– როდესაც ენდომეტრიოზის მკურნალობისას ქირურგიულად დამზოგავ ტაქტიკას ვახსენებთ, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობთ საკვერცხის ენდომეტრიოზს – ენდომეტრიომას. რა ქმნის სირთულეს? ერთი მხრივ ის, რომ საკვერცხეში არსებული ენდომეტრიოზი დროთა განმავლობაში რაოდენობრივად და ხარისხობრივად ცვლის საკვერცხის რეზერვს; მეორე მხრივ, ამ ქსოვილების მექანიკურად მოშორება უკვე პრობლემაა თუნდაც იმავე რეზერვისთვის, რადგან ამცირებს კვერცხუჯრედების რაოდენობას. ამდენად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქირურგის კვალიფიკაციას და შერჩეულ ტაქტიკას მაქსიმალურად სწორი მკურნალობის ჩასატარებლად. ამიტომ არის, რომ ენდომეტრიოზთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი სამედიცინო-პრაქტიკული რეკომენდაციები დეტალურად ითვალისწინებს ამ ფაქტორებს ქირურგიული ჩარევის ალგორითმში. ენდომეტრიოზის ლაპაროსკოპიული რაციონალური მკურნალობის შემდეგ უნაყოფო ქალებისთვის დაორსულების შანსი 50%-ით იმატებს.

მილების პრობლემა

– მეორე პრობლემა, რომელსაც დიდი ყურადღება ექცევა, შვილოსნობისთვის მნიშვნელოვანი სტრუქტურების – საშვილოსნოს მილების – გამტარობის დარღვევაა. უნაყოფობის მილისმიერ ფაქტორებში ენდომეტრიოზს და მასთან ასოცირებულ შეხორცებებს ლომის წილი უდევს, თუმცა მათი ერთადერთი მიზეზი  არ არის – საშვილოსნოს მილებს ხშირად აზიანებს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებიც.

– რამდენად შესაძლებელია მილების გამტარობის აღდგენა?

– პაციენტების დიდ ნაწილს, სამწუხაროდ, გამოსავალი ჰგონია მიკროინსტილაცია – მილების გამტარობის აღდგენა საშვილოსნოს ღრუში სამკურნალო საშუალების შეყვანით – და კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამ აზრს ექიმთა გარკვეული ნაწილიც ეთანხმება. მას შემდეგ, რაც დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები მრავალი სამედიცინო პრობლემის შემთხვევაში ხსნად მოგვევლინა, მკურნალობის ამ მოძველებულმა მეთოდებმა მნიშვნელობა დაკარგა. ეს შთამომავლობის ყოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დროის კარგვაა მხოლოდ.

დროის ფასი

– ენდომეტრიოზით გამოწვეული უნაყოფობის მართვის დროს უმნიშვნელოვანესია დროის სწორი მენეჯმენტი, კერძოდ, როგორც უნაყოფობის ხანგრძლივობის, ისე ქალის რეპროდუქციული ასაკის`ეტაპის გათვალისწინება.

დროის მსვლელობასთან ერთად საკვერცხის რეზერვი იკლებს. ეს პროცესი დაახლოებით 30 წლიდან იწყება, 38 წლიდან კიდევ უფრო ინტენსიური ხდება, ხოლო 41 წლის შემდეგ რეზერვი ნახევრდება. ანალოგიური პროგრესით აისახება ბიოლოგიური ასაკი კვერცხუჯრედების ხარისხზე. როცა ამ ფიზიოლოგიურ პროცესებს ერთვის ენდომეტრიოზი, საკვერცხის რეზერვი, ხარისხი და სამკურნალო ჩარევის ეფექტი კიდევ უფრო სავალალოა. ამიტომაც მოიხსენიებენ ენდომეტრიოზს XXI საუკუნის გადაუწყვეტელ და არავერიფიცირებულ პრობლემად, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით გამუდმებით ტარდება კვლევები და მისი მართვის მექანიზმები წლიდან წლამდე იხვეწება.

ენდომეტრიოზის ევროპული ცენტრი

– ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკა 2016 წლიდან ენდომეტრიოზის ევროპული ცენტრია – სერტიფიცირებულია ევროპული სტანდარტით, რომელიც კიდევ ერთხელ დადასტურდა რესერტიფიცირებით 2019 წელს. გარდა იმისა, რომ კლინიკის ბაზაზე ენდომეტრიოზის საკითხზე არაერთი დისერტანტი ამზადებს ნაშრომს, შესაშურია საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობა უცხოელ ექსპერტებთან და კლინიკის სამეცნიერო ნაშრომების სისტემატური წარმატება ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ენდომეტრიოზისა და უნაყოფობის საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამედიცინო-სამეცნიერო ფორუმებზე: ანტალიაში 2017 წელს, ვენაში 2018 წელს, თესალონიკში 2019 წელს კლინიკის მიერ წარდგენილი სამეცნიერო მოხსენებები ევროპის გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა ასოციაციის კონგრესის საუკეთესო ნაშრომებად იქნა  აღიარებული.

უშვილობის მკურნალობის მეთოდები

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში წყვილების 12-15% უშვილოა. უნაყოფობა გლობალური პრობლემაა და თანამედროვე მედიცინა მასთან გამკლავებას სხვადასხვა გზით ცდილობს. აქვე უნდა ითქვას, რომ გინეკოლოგს და ოჯახის ექიმს გამოკვლევისა და მკურნალობის დანიშვნა მხოლოდ საწყის ეტაპზე შეუძლიათ, სასურველი შედეგის მისაღებად კი უმჯობესია ქალმა – რეპროდუქტოლოგს, ხოლო მამაკაცმა ანდროლოგს (ან მონათესავე პროფილის სპეციალისტს – უროლოგს) მიმართოს.

უშვილობის მკურნალობის დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების (Aსსისტედ ღეპროდუცტივე თეცჰნოლოგიეს, Aღთ) განვითარებამ თანამედროვე მედიცინაში რევოლუცია მოახდინა. მათ იმდენად დიდი ყურადღება დაეთმო, რომ ბევრ წყვილს ისინი უნაყოფობის მკურნალობის ერთადერთ და უალტერნატივო გზად მიაჩნია. ამ დროს კი მეცნიერები უამრავ ნაკლებად ინვაზიურ, ხელმისაწვდომ და ნაცად მეთოდს გვთავაზობენ.

უშვილობის მკურნალობის ტაქტიკა გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. დიაგნოზის დასმის შემდეგ უმეტესად ინიშნება კონსერვატიული თერაპია, რომელიც მოიცავს ჰორმონული დარღვევების მედიკამენტურ კორექციას, თანმხლები დაავადებების მედიკამენტურ მკურნალობას და დახშული მილების გამავლობის აღდგენას მათში სპეციალური პრეპარატების შეყვანით.

უნაყოფობის ერთ-ერთი მიზეზი ჰორმონული დისბალანსია, რომელიც ქალებში – ოვულაციის დარღვევას, მამაკაცებში კი რეპროდუქციული ჰორმონების უკმარისობას იწვევს.

ჰორმონული სტატუსის მოწესრიგების შემდეგ ფოლიკულების მოსამწიფებლად ოვულაციის მასტიმულირებელი საშუალებები ინიშნება. ზოგჯერ ფოლიკულის გასახეთქად საჭირო ხდება ჰორმონის – ქორიონული გონადოტროპინის მიღება.

უშვილობის მკურნალობის მეორე საფეხური ტუბოპერიტონეალური ფაქტორის – უმთავრესად სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით (ქლამიდიოზით, ურეაპლაზმოზით, გონორეით) გამოწვეული ფალოპის მილის, თესლგამომტანი სადინარისა და მენჯის ღრუს შეხორცებითი პროცესების – კორექციაა.

ინფექციის აღმოჩენის შემთხვევაში ინიშნება შესაბამისი ანტიბაქტერიული თერაპია. მილების მსუბუქი გაუვალობის დროს, როცა ისინი მცირე მანძილზეა დახშული ან მცირე შეხორცებები აქვს, უპირატესობა ენიჭება მკურნალობის კონსერვატიულ მეთოდს – მილებში სპეციალური მედიკამენტების შეყვანას, რაც მათ გამავლობას აუმჯობესებს.

საზოგადოდ კი საშვილოსნოს მილების გამტარობის აღდგენაში გადამწყვეტ როლს ასრულებს ლაპაროსკოპიული მეთოდი, რომლითაც მარტივად ამოიკვეთება საშვილოსნოს ღრუსა და ყელის კვანძები, თუმცა ზოგჯერ ორგანოები (საკვერცხეები, ფალოპის მილები) ისეა დაზიანებული, რომ აუცილებელია მათი ღია წესით (ლაპაროტომიულად) ამოკვეთა. ამ შემთხვევაში დაორსულების ერთადერთი გზა ხელოვნური განაყოფიერებაა.

ვარიკოცელეს მკურნალობის რამდენიმე ქირურგიული მეთოდი არსებობს. ოქროს სტანდარტად მიიჩნევა ვარიკოზული ვენების ლიგირება (გადაკეტვა) ღია ოპერაციული მიდგომით. არსებობს სხვაგვარი მიდგომაც: ლაპაროსკოპიულად ამოიკვეთება სათესლე ჯირკვლის გაფართოებული ვენა, მერე კი მისი პლასტიკა ხორციელდება. თუ ქრონიკული ვენური უკმარისობის დროს არ ჩატარდა ადეკვატური მკურნალობა – არ აღმოიფხვრა მიზეზი, გამორიცხული არ არის, ვარიკოცელე ხელახლა განვითარდეს.

მსოფლიოს წამყვან კლინიკებში სულ უფრო პოპულარული ხდება ვარიკოცელეს მკურნალობა სკლეროთერაპიით და ემბოლიზაციით: ვენებში შეჰყავთ სპეციალური ნივთიერება, რომელიც მათ სანათურს ახშობს. მანიპულაციის ხანგრძლივობა არ აღემატება 20 წუთს, თანაც ამბულატორიულ პირობებში მინიმალური ჩარევით ტარდება.

როდესაც წყვილი ზედმიწევნით ასრულებს ექიმის მითითებებს, მაგრამ, მკურნალობის მიუხედავად, ორი წელი ისე გადის, რომ ორსულობა არ დგება, რეკომენდებულია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენება.

დარღვეული პარამეტრები

როდესაც სპერმის პარამეტრები ნორმას არ შეესაბამება, უშვილობის პრობლემის გადასაჭრელად პაციენტს სთავაზობენ საშვილოსნოსშიდა ინსემინაციას ან ინ ვიტრო განაყოფიერებას ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექციის გზით (IUI, IVF/ICSI).

საშვილოსნოსშიდა ინსემინაციის დროს ოვულაციის პერიოდში საშოსა და საშვილოსნოს ყელის გავლით საშვილოსნოს ღრუში შეჰყავთ დამუშავებული სპერმა, რაც სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შეხვედრას საკმაოდ ამარტივებს. პროცედურა ბუნებრივ განაყოფიერებას წააგავს და შეიძლება ჩატარდეს როგორც ბუნებრივ ციკლში, ისე საკვერცხეების სტიმულაციის ფონზე. ეს მეთოდი უნაყოფობის ცერვიკალური (საშვილოსნოს ყელისმიერი) ფაქტორის, ვაგინიზმის, ოვულაციის დარღვევის ან სპერმოგრამაში მსუბუქი ცვლილებების არსებობის შემთხვევაში გამოიყენება, თუმცა ამ გზით ორსულობის მიღების შანსი გაცილებით მცირეა, ვიდრე ინ ვიტრო განაყოფიერების შემდეგ, – დაახლოებით 20%, – ხოლო მრავალნაყოფიანი ორსულობის ალბათობა – გაცილებით მეტი.

ინ ვიტრო (ე.წ. ხელოვნური) განაყოფიერება გულისხმობს სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შერწყმას არა ბუნებრივ პირობებში ანუ ქალის ორგანიზმში, არამედ ხელოვნურად შექმნილ გარემოში – ლაბორატორიაში. ხელოვნურ განაყოფიერებას მიმართავენ უშვილობის გამომწვევი ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიც არის შეხორცებითი პროცესი მცირე მენჯის ღრუში, ენდომეტრიოზი, პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ანოვულაცია, დაუდგენელი გენეზის უშვილობა, მძიმე ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია და სხვა. პროცედურა რამდენიმე ეტაპისგან შედგება:

. საკვერცხეების სტიმულაცია – ინ ვიტრო პროცედურის წარმატებით ჩასატარებლად საჭიროა მომწიფებული კვერცხუჯრედების მიღება, რაც ქალის ორგანიზმის მედიკამენტური სტიმულაციით მიიღწევა. ჰორმონული სტიმულაციის მიზანია, ერთი მხრივ, მომწიფებული და ხარისხიანი კვერცხუჯრედების მიღება, მეორე მხრივ კი საშვილოსნოს ენდომეტრიუმის მომზადება ემბრიონის გადასატანად. სტიმულაციის პროცესი ულტრაბგერის საშუალებით კონტროლდება.

. ფოლიკულების პუნქცია –  როდესაც ფოლიკულები მომწიფდება ანუ სასურველ ზომას მიაღწევს, იწყება ინ ვიტრო პროცედურის მომდევნო ეტაპი – ფოლიკულების შიგთავსის ასპირაცია (ამოსრუტვა) კვერცხუჯრედების მისაღებად. ეს პროცედურა ტრანსვაგინალური (საშოსგავლითი) პუნქციის საშუალებით, ულტრაბგერითი კონტროლით ტარდება. მიღებულ სითხეში მოძიებულ კვერცხუჯრედებს იღებენ, წმენდენ და სპეციალურ სითხეში ათავსებენ. ფასდება მათი მომწიფების ხარისხი. კვერცხუჯრედები ინკუბატორში რამდენიმე საათი ინახება.

ამ პერიოდში მუშავდება სპერმაც. სპეციალური ხსნარების მეშვეობით შესაძლებელია მორფოლოგიურად სრულფასოვანი და მოძრავი სპერმატოზოიდების გამოცალკევება სათესლე სითხიდან და ბაქტერიებისა და მკვდარი სპერმატოზოიდებისგან გაწმენდა.

. ხელოვნური განაყოფიერების დროს ექიმი ემბრიოლოგი სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შეერთებით იღებს ემბრიონს. კვერცხუჯრედის განაყოფიერების დაფიქსირება პროცედურის პირველი ეტაპის წარმატებული დასასრულია.

ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის (IVF) სპერმის მაჩვენებლები – მორფოლოგია, კონცენტრაცია, მოძრაობა – ნორმის ფარგლებში უნდა იყოს. კვერცხუჯრედებს დამუშავებული სპერმა ემატება და ინკუბატორში 17-20 საათს ყოვნდება. ამ ხნის განმავლობაში სპერმატოზოიდები ბუნებრივი პროცესის ანალოგიურად არღვევენ კვერცხუჯრედების გარსს და ანაყოფიერებენ მათ.

როცა ინ ვიტრო განაყოფიერება წარმატებულია, ემბრიონები ლაბორატორიაში უმეტესად 2-დან 5 დღემდე, ზოგჯერ – 6, იშვიათად კი 7 დღე რჩება.

. ემბრიონის გადატანა – განაყოფიერებიდან 3-5 დღის შემდეგ საუკეთესო ემბრიონი წვრილი კათეტერით, ექომონიტორინგის თანხლებით, მომავალი დედის საშვილოსნოს ღრუში გადააქვთ.

ემბრიონის გადატანის შემდეგ პაციენტმა საჭირო მკურნალობა უნდა გააგრძელოს. ორსულობის ტესტი კი გადატანიდან მეცხრე-მეთერთმეტე დღეს ტარდება.

იმუნოლოგიური ფაქტორი, რომელსაც უნაყოფობამდე მივყავართ, ანტისპერმული ანტისხეულების წარმოქმნაა. ისინი 1945 წელს აღმოაჩინეს და მას შემდეგ არ ქრება ინტერესი რეპროდუქციის პროცესის დარღვევაში მათი როლის მიმართ.

ანტისპერმული ანტისხეულები წარმოიქმნება ქალის ან მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის სხვადასხვა უბანში და სპერმატოზოიდის სხვადასხვა ნაწილის წინააღმდეგ არის მიმართული. უნაყოფობის ამ ფორმის დროს მოწოდებულია მკურნალობის მრავალი სქემა, რომლებიც ეტაპობრივად ხორციელდება. პირველ ეტაპზე სასურველია ყველა იმ მიზეზის აღმოფხვრა, რომელმაც შეიძლება აღნიშნული პრობლემა გამოიწვიოს. ასეთია უროგენიტალური ინფექცია, ვარიკოცელე, თესლგამომტანი გზების დახშობა და სხვა.

თუ სპერმის საწინააღმდეგო ანტისხეულები ქალის ორგანიზმში წარმოიქმნება, მკურნალობას იწყებენ კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის (კონდომის) მუდმივი გამოყენებით 3-6 თვის განმავლობაში ან ექიმი ურჩევს წყვილს, კონდომის გარეშე სქესობრივი კონტაქტი მხოლოდ ოვულაციის დღეებში ჰქონდეთ. როცა სპერმა იშვიათად ხვდება ქალის საშოში, ანტისხეულების ტიტრი მცირდება, რაც, თავისთავად, ზრდის დაორსულების შანსს. პარალელურად შესაძლოა დაინიშნოს საშვილოსნოს ყელის ლორწოს გამათხელებელი და ანტისხეულების ტიტრის დამაქვეითებელი, მაგალითად, ჰორმონული თერაპია.

თუ კონსერვატიულმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, მოწოდებულია მეუღლის სპერმით ინსემინაციის კურსი ან ინ ვიტრო განაყოფიერება. თუ სპერმის საწინააღმდეგო ანტისხეულები მამაკაცის ორგანიზმში აღმოჩნდა, ჰორმონოთერაპია ან ე.წ. სპერმის “გარეცხვა” ნაკლებეფექტიანია – მიზანშეწონილია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენება (ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია).

თუ სპერმის მახასიათებლები დარღვეულია (სპერმატოზოიდების კონცენტრაცია დაბალია, მოძრაობა – შეზღუდული, ფორმა – ანომალიური), დასმულია აზოოსპერმიის დიაგნოზი ან ინ ვიტრო პროცედურის წინა ციკლში სტანდარტული ინსემინაციით (როდესაც სპერმა და კვერცხუჯრედი ერთ ჭურჭელში თავსდება) კვერცხუჯრედის განაყოფიერება არ მოხდა, გამოიყენება ინტრაციტოპლაზმური სპერმის ინექცია (ICSI). ამ დროს ერთი კვერცხუჯრედის გასანაყოფიერებლად მხოლოდ ერთი სპერმატოზოიდია საჭირო. ემბრიოლოგი სპეციალური მიკროინექტორით არღვევს კვერცხუჯრედის გარსის მთლიანობას და სპერმატოზოიდი მასში მექანიკურად შეჰყავს. მამაკაცის უნაყოფობის ტიპი (ოლიგოსპერმიაა, ასთენოსპერმია თუ ოლიგოასთენოსპერმია) ICSI-ს შედეგზე გავლენას, ფაქტობრივად, არ ახდენს. მთავარია, გარკვეული რაოდენობის ცოცხალი სპერმატოზოიდის მიღება მაინც მოხერხდეს.

ცარიელი ეაკულატი

ინ ვიტრო განაყოფიერების დროს გამოყენებული დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების, კერძოდ, სპერმის ასპირაციის წყალობით გენეტიკური შვილის ყოლის შესაძლებლობა სტერილურ მამაკაცებსაც ეძლევათ. აზოოსპერმიის დროს (როდესაც მამაკაცის რეპროდუქციული სისტემა ვერ წარმოქმნის ან ვერ გამოყოფს სპერმატოზოიდებს) მიკროქირურგიული მეთოდით ხორციელდება სპერმის ასპირაცია სათესლე ჯირკვლიდან ან სათესლე დანამატიდან.

რეტროგრადული ეაკულაცია (შარდის ბუშტის კუნთი ბოლომდე ვერ იკუმშება, რის შედეგადაც ორგაზმის დროს სპერმა და ეაკულატი გარეთ გამოყოფის ნაცვლად ბუშტში ადის) არ არის მტკივნეული და არ იწვევს ერექციულ დისფუნქციას. მისი მკურნალობის ერთადერთი მიზანი მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქციის აღდგენაა. ნერვული დაზიანებით გამოწვეულ (შაქრიანი დიაბეტი, გაფანტული სკლეროზი, ზურგის ტვინის დაზიანება) რეტროგრადულ ეაკულაციას მედიკამენტურად მკურნალობენ. მკურნალობა ეაკულაციის დროს შარდის ბუშტის კუნთის დახურვას უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მეთოდი ხშირად საკმარისია პრობლემის დასაძლევად, ამ დროს გამოყენებულ მედიკამენტებს ახასიათებს გვერდითი მოვლენებიც (არტერიული წნევის მომატება, გულისცემის გახშირება), ამიტომ ისინი სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ გულის დაავადების მქონე პირებს.

რეტროგრადული ეაკულაცია ზოგჯერ სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული პრეპარატების (ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, ფსიქოტროპული წამლები, წინამდებარე ჯირკვლის გადიდების საწინააღმდეგო მედიკამენტები) გვერდითი ეფექტია. ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია აღნიშნული წამლებით მკურნალობის შეწყვეტა (რა თქმა უნდა, ექიმის რეკომენდაციით) და დაკვირვება.

თუ მშრალი ორგაზმი ქირურგიული ჩარევის – შარდის ბუშტზე ან წინამდებარე ჯირკვალზე ოპერაციის – შედეგად განვითარდა, წამლებით  მკურნალობას აზრი არ აქვს. გამოსავალი ამ დროს სპერმის ასპირაციაა.

თუ სპერმას განაყოფიერების უნარი არ გააჩნია, განაყოფიერებისთვის სპერმის დონაციას მიმართავენ.

როდესაც პოტენციური დედის კვერცხუჯრედი განაყოფიერების საშუალებას არ იძლევა, ის შეიძლება დონორის კვერცხუჯრედით შეიცვალოს. მიზეზი შესაძლოა იყოს საკვერცხეების ნაადრევი განლევის სინდრომი, პოსტკასტრაციული (ქირურგიული ჩარევის ან ქიმიოთერაპიის შემდგომი) მდგომარეობა, ე.წ. პოორ რესპონდ (არასათანადო პასუხი სტიმულაციაზე). დონორის კვერცხუჯრედები ინ ვიტრო მეთოდით ნაყოფიერდება.

მედიკამენტური სტიმულაცია უტარდება დონორ ქალს, ხოლო დედა-რეციპიენტის საშვილოსნოს ღრუ იმპლატანციისთვის მზადდება. დონორი ქალისგან მიღებული ოოციტები ლაბორატორიულ პირობებში ნაყოფიერდება პარტნიორის სპერმით, ხოლო მიღებული ემბრიონები რეციპიენტის საშვილოსნოში გადააქვთ.

კვერცხუჯრედისა და სპერმის დონაციის შედეგად მიღებული ორსულობის მიმდინარეობასა და ნაყოფის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები ისეთივეა, როგორიც ჩვეულებრივ პოპულაციაში ბუნებრივად დამდგარი ორსულობის დროს.

უკანასკნელი შანსი

თანამედროვე მედიცინისთვის გადაუჭრელი პრობლემა პრაქტიკულად არ არსებობს. ამას ისიც ადასტურებს, რომ თუ ქალს არ აქვს საშვილოსნო (თანდაყოლილი მანკის, ოპერაციული ჩარევის გამო), მისი მდგომარეობა შეუთავსებელია ორსულობასთან, უჭირს ორსულობის ბოლომდე მიყვანა (მიომური, ადენომიოზური კვანძები, ჩვეული აბორტისკენ მიდრეკილი საშვილოსნო), პრობლემურია მისი ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა ან სხვა მიზეზი (მძიმე შაქრიანი დიაბეტი, ეპილეფსია, აუტოიმუნური დაავადება, თირკმლის უკმარისობა) არ აძლევს დაორსულების საშუალებას, სუროგატი დედის დახმარებით შთამომავლობის ყოლის შანსი მაინც ეძლევა. ბიოლოგიურ დედას უტარდება მედიკამენტური სტიმულაცია, მისი კვერცხუჯრედი ნაყოფიერდება მომავალი მამის სპერმატოზოიდით და მიღებული ემბრიონები წინასწარ მომზადებული სუროგატი დედის საშვილოსნოში გადააქვთ. ორსულობა ბუნებრივად გრძელდება. დაბადებული ბავშვი გენეტიკურად საკუთარი დედ-მამის შვილია. სუროგატ დედას ბავშვის გენეტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს!

“უმიზეზო უშვილობის” განმაპირობებელ ერთ-ერთ ფაქტორად მიიჩნევა არასასურველი ფსიქოემოციური ფონი. უნდა ითქვას, რომ წყვილის შვილოსნობის უნარზე არსებით გავლენას ახდენს თვით უშვილობით გამოწვეული მუდმივი დაძაბულობა. ამ შემთხვევაში თითქოს მანკიერი წრე იკვრება: უშვილობა იწვევს სტრესს, სტრესი კი აქვეითებს როგორც ქალის, ისე მამაკაცის შვილოსნობის უნარს. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ერთწლიანი უშედეგო სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ წყვილმა ექიმს უნდა მიმართოს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ექიმის ჩაურევლად მათ შვილი არასოდეს ეყოლებათ – შესაძლოა, ქალი მომავალში ბუნებრივადაც დაორსულდეს, მაგრამ ლოდინში დაიხარჯება ნერვები და დაიკარგება ძვირფასი დრო. ექიმთან მისვლა იმისთვის არის აუცილებელი, რომ დროულად ჩატარებული გამოკვლევა დაეხმაროს წყვილს, სწორად წარმართოს ურთიერთობა, თავიდან აიცილოს შვილის ყოლის ხანგრძლივი მოლოდინით გამოწვეული შფოთვა და საჭიროების შემთხვევაში იმკურნალოს.

 მოამზადა მარი აშუღაშვილმა

Поделитесь: