მოგზაურობა ძაღლთან ერთად

Поделитесь:

ძაღლი ოჯახის სრულუფლებიანი წევრია და როცა ოჯახის ორფეხა წევრებს ლაშქრობა და მოგზაურობა უყვართ, ოთხფეხებიც განწირულნი არიან თავგადასავლებისთვის.

ამჯერად ვეტკაბინეტში დეტალურად განვიხილავთ ყველაფერს, რაც ძაღლთან ერთად მოგზაურობისა და ლაშქრობისთვის დაგჭირდებათ.

სამგზავრო სამზადისი

თუ საკუთარი ავტომობილით მიემგზავრებით და ძაღლიც თან მიგყავთ, საფუძვლიანი მომზადება მოგიწევთ.

დაგჭირდებათ:

* უსაფრთხოების სპეციალური ღვედი ძაღლისთვის;

* წყლის`საჭმლის ჯამი;

* სველი ხელსახოცები, პოლიეთილინის პარკები (მოსაქმებულის ასაღებად);

* სავარძელზე დასაფენი.

უსაფრთხოების ღვედს ზოომაღაზიაში შეიძენთ. თუ ძაღლი მოზარდია, შეიძინეთ დიდი (M ან L) ზომის რეგულირებადი ღვედი, რათა ძაღლის ზრდასთან ერთად მისი ზომაც არეგულიროთ, პატარა ტანის ზრდასრულ ძაღლს კი შ ზომა შეეფერება.

ხშირად დაინახავთ ავტომობილის ფანჯრიდან თავგამოყოფილ ცუგას, რომელიც აღტაცებით ათვალიერებს გარემოს. უნდა იცოდეთ, რომ ძაღლის ასე გადაყვანა არაფრით არ შეიძლება, რადგან სწრაფად დამუხრუჭების შემთხვევაში ტრავმა გარდაუვალია.

სპეციალური ღვედი მაგრდება როგორც წინა, ისე უკანა სავარძელზე და სწრაფი დამუხრუჭების ან მოხვევის შემთხვევაში ძაღლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

წყლისა და საჭმლისთვის შეიძლება ერთი და იგივე ჯამი გამოიყენოთ. ჭამის შემდეგ სუფთა წყალი გამოავლეთ და ისე შეინახეთ. ყველაზე მოხერხებულია სილიკონის დასაკეცი ჯამი, რომელიც დიდ ადგილს არ იკავებს და საჭიროების შემთხვევაში იშლება, თუმცა ნებისმიერი სხვა არამტვრევადი მასალისაც შეიძლება. არავითარ შემთხვევაში არ გირჩევთ მინის, ფაიფურის, თხელი პლასტმასის ჭურჭლის წაღებას.

სველი ხელსახოცები და სავარძელზე დასაფენი საჭიროა, თუ ძაღლს მგზავრობისას გული ერევა. ასეთი რამ განსაკუთრებით ხშირად ხდება პირველი მგზავრობის დროს. თანდათან ძაღლი ეჩვევა მანქანით მგზავრობას და ეს უსიამოვნებაც წარსულს ბარდება.

წელიწადის ცხელ დროს სავარძელზე დასაფენი არ უნდა იყოს სქელი ქსოვილისა, რომ ძაღლი არ გადახურდეს. ზოომაღაზიებში იყიდება სპეციალური დასაფენები, რომლებიც თერმორეგულაციას უზრუნველყოფს.

მგზავრობის დროს

მგზავრობა ისე დაგეგმეთ, რომ საათში ერთხელ შეჩერება მოახერხოთ. დრო ისე გაანაწილეთ, რომ სიჩქარისა თუ თქვენი გეგმების გამო ძაღლი არ დაზარალდეს. საათში ერთხელ გაჩერება, ძაღლის გადმოყვანა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, გასეირნება, წყლისა და საკვების შეთავაზება აუცილებელია. მოგზაურობა ძაღლისთვის სტრესია. პატრონთან ურთიერთობა, ხანმოკლე სეირნობა, მოთხოვნილებების დროული დაკმაყოფილება სტრესს შეამსუბუქებს. მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ აცალეთ ძაღლს გაზმორება, სხეულის გაწელვა-გავარჯიშება, შესთავაზეთ წყალი და, თუ გული არ ერევა, საკვებიც.

დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას

ძაღლი, კატისგან განსხვავებით, ადვილად ეგუება ახალ სახლს. მისთვის მთავარია, პატრონი დაიგულოს ახლოს, იგრძნოს მისი მზრუნველობა და სიყვარული. ადგილს, პირობებს, გარემოს ნაკლები მნიშვნელობა აქვს.

ჩასვლისთანავე იზრუნეთ იმაზე, რომ ძაღლმა აითვისოს ტუალეტის რუტინა – დაალევინეთ წყალი და მიიყვანეთ იმ ადგილას, სადაც ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას შეძლებს. როცა მოილევს, შეაქეთ, დაუყვავეთ. საათში ერთხელ მიიყვანეთ იქ, სადაც მოსაქმება ნებადართულია.

ადგილის მცველები

როდესაც ძაღლთან ერთად ახალი ადგილების დასალაშქრავად გაემგზავრებით, აუცილებლად შეეჯახებით ერთ პრობლემას – იქ დაგხვდებიან ადგილობრივი ძაღლები, რომლებიც თავიანთ ტერიტორიას იცავენ. შესაძლოა, უპატრონო ძაღლებიც შეგხვდნენ გზად. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ უცხო ძაღლის დანახვისას ადგილობრივებს ერთვებათ თავისა და ტერიტორიის დაცვის ინსტინქტი. ასე რომ, იცოდეთ: თუ თქვენი ძაღლი მარტო ისეირნებს უცნობ ადგილას, დიდია შანსი, “მასპინძლები” თავს დაესხან. ყოველთვის საბლით ასეირნეთ ძაღლი, რადგან ადამიანის დანახვაზე ადგილის მცველები ყეფითა და გამაფრთხილებელი სიგნალებით შემოიფარგლებიან. მკაცრად და გაბედულად შეუძახეთ აყეფებულ უცხო ძაღლებს. თუ საფრთხე რეალურია, თავი ისე მოაჩვენეთ, თითქოს ქვას იღებთ მიწიდან. ადამიანის ასეთ ქცევას ძაღლები, როგორც წესი, გარიდებით პასუხობენ. გახსოვდეთ, ყეფა თავდასხმისთვის მზადყოფნას არ ნიშნავს.

თუ ადგილობრივმა ძაღლებმა თქვენ და თქვენი ძაღლი ალყაში მოგიქციეს, შეეცადეთ, ძაღლი ფეხებთან რაც შეიძლება ახლოს დაისვათ და მედგრად დაუხვდით ხროვას. შიში არ აჩვენოთ. არ გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობები. მოერიდეთ თვალებით კონტაქტს, განსაკუთრებით – ხროვის მეთაურთან, რომელსაც გაბედულებით გამოარჩევთ (სწორედ ის შეეცდება მოახლოებას ან თავდასხმას). საშველად უხმეთ ადგილობრივ მცხოვრებლებს.

სასურველია, ძაღლს ჰქონდეს დასწავლილი ბრძანებები “გვერდით” და “მშვიდად”, რათა ყეფით არ გამოიწვიოს უცხო ძაღლები და მთლიანად თქვენ მოგანდოთ სიტუაციის მართვა.

ნივთები, რომლებიც ძაღლთან ერთად ახალი ადგილების ათვისებას გაგიადვილებთ:

. მანათობელი ყელსაბამი. ამასაც ზოომაღაზიაში შეიძენთ. ღამით უცხო გარემოში დეზორიენტაციის გამო ძაღლი შესაძლოა დიდი მანძლით მოშორდეს საცხოვრებელ`დაბანაკების ადგილს. მანათობელი ყელსაბამის წყალობით მას უფრო ადვილად იპოვით.

. კარავი ძაღლისთვის. ზოგიერთ კარავს აქვს სპეციალური სათავსი, სადაც მოლაშქრეები ბარგს აწყობენ. ძაღლისთვის ეს ადგილი მშვენიერი მოსასვენებელია დღის განმავლობაში, როდესაც ცხელა. ღამით, თუ კარავი ტყეში ან ველურ პირობებშია, უმჯობესია, ძაღლი სპეციალურ “მცირე კარავში” გყავდეთ შიგნით, დიდი კარვის ძირითად სივრცეში, თორემ გარეული ცხოველების კარავთან მოახლოებისას აყეფდება ან შეშინდება.

. სპირალური სამაგრი საბლისთვის. სამაგრი, რომელიც მიწაში ღრმად ერჭობა, სანდოდ დააკავებს საბელს, სანამ თქვენ კარავს გაშლით ან საჭმელს მოამზადებთ.

. ზიპლაინი. ხეებს შორის გაბმული მტკიცე თოკი ძალიან მოხერხებულია ერთ ადგილზე ხანგრძლივად დაბანაკების დროს. ძაღლის საბელი ამ თოკზე მაგრდება. ძაღლი უსაფრთხოდაც იქნება და არც მოიწყენს – შეეძლება, თხაროს, ყნოსოს, შეისწავლოს ნიადაგი.

. თათების დამცავი. თუ კლდოვან ან ქვიან ადგილებზე აპირებთ ლაშქრობას, გაითვალისწინეთ, რომ გავარვარებული, მით უმეტეს ქვიანი და კლდოვანი ზედაპირი ძაღლს თათების ბალიშებს სწვავს. თუ იცით, რომ ასეთ ნიადაგზე მოგიწევთ გადაადგილება, აუცილებლად შეიძინეთ “თათსაცმელები” (თუ ადგილობრივ ბაზარზე ვერ ნახავთ, გამოიწერეთ). თუ ძაღლმა თათის ბალიშების დამწვრობა მიიღო, ის ვეღარ ივლის.

თუ ძაღლი კოჭლობს, სიარულზე უარს ამბობს, თათებს ილოკავს, თათის ბალიშები გამუქებული, შეწითლებული ან დახეთქილი აქვს, გრილ ადგილას უნდა გადაიყვანოთ, ბალიშები ცივი წყლით დაუსველოთ და დაუკავშირდეთ ექიმს, რომელიც შესაბამის მკურნალობას დაუნიშნავს.

. საძილე ტომარა. თუ ძაღლთან ერთად ხანგრძლივ ლაშქრობას გეგმავთ, განსაკუთრებით – წლის ცივ დროს ან იქ, სადაც ღამღამობით ზაფხულშიც ცივა, აუცილებლად შეიძინეთ ძაღლისთვის განკუთვნილი სპეციალური ფორმის საძილე ტომარა.

. ძაღლის აფთიაქი. ვეტერინართან შეთანხმებით შეაგროვეთ მედიკამენტები, რომლებიც ძაღლთან ერთად მოგზაურობისას აუცილებლად უნდა გქონდეთ თან. საზოგადოდ კი ვეტაფთიაქში უნდა იყოს ჭრილობის დასამუშავებლად საჭირო ინვენტარი (ბამბა, ბინტი, სადეზინფექციო ხსნარი, მალამო), ძაღლის თერმომეტრი, პინცეტი (ტკიპების, მწერების, მჩხვლეტავი ბალახების კანიდან უსაფრთხოდ ამოსაღებად), ფარანი და ლუპა (კანის დასათვალიერებლად, თუ ტკიპას ან კანის მექანიკურ დაზიანებას ეჭვობთ), ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება და ალიკაპი, რათა საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარება ადამიანისთვის უსაფრთხოდ განხორციელდეს.

სიმპტომები, რომლებსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება:

. მძიმე სუნთქვა;

. სისუსტე;

. უმადობა;

. დეზორიენტაცია, ბარბაცი;

. ღრძილების სიმშრალე;

. არაბუნებრივად წითელი, გასივებული ენა;

. წყალზე უარი;

. უხასიათობა;

. მაღალი ტემპერატურა;

. ჩირქოვანი გამონადენი ცხვირიდან, თვალებიდან, უკანა ტანიდან;

. სახის, კიდურების შეშუპება;

. აგზნებულობა, ხასიათის მკვეთრი ცვლილებები.

თუ ჩამოთვლილთაგან ერთზე მეტი სიმპტომი დიდი ხანია გრძელდება, დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოეს სამედიცინო პუნქტს.

ნინო ლომიძე

Поделитесь: