თავიდან ავიცილოთ საფენისმიერი დერმატიტი

გააზიარე:

ბავშვის საფენი დედის შრომის შესამსუბუქებელი ერთ-ერთი საუკეთესო გამოგონებაა, მაგრამ ზოგჯერ შესაძლოა ისეთი უსიამოვნების მიზეზადაც იქცეს, როგორიც დერმატიტია. იმის შესახებ, როგორ ავიცილოთ თავიდან საფენისმიერი დერმატიტი ან როგორ მოვიქცეთ მისი განვითარების შემთხვევაში, “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამარ ობგაიძე გვესაუბრება:

– საფენისმიერი დერმატიტი ანუ გამოყელვა ყველაზე ხშირად 9-დან 12 თვემდე ასაკის ჩვილებს ემართებათ. კანის პრობლემების გამო პედიატრთან მიმართვიანობის 10-20% სწორედ ამ დაავადების წილად მოდის. დაავადების სიხშირეს ბავშვის ნაზი, უმწიფარი კანი განაპირობებს. ამ ასაკში კანი უხვად მარაგდება სისხლით, რაც ხელს უწყობს ინფექციის სწრაფ გავრცელებას. იმის გამო, რომ კანის სტრუქტურულ ელემენტებს შორის კავშირი სუსტია, ადვილად ჩნდება ბუშტუკები, ვითარდება აქერცვლა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კანის მჟავატუტოვან წონაწორობას – PH-ს. მჟავა გარემო კანს იცავს, ტუტე კი პირიქით, ხელს უწყობს მის დაზიანებას.

განავალი და შარდი დიდხანს შეხებისას აღიზიანებს პატარას ნაზ კანს. მიკრობები, მათ შორის – სოკოები, მრავლდებიან მასზე და ხელს უწყობენ მის შემდგომ დაზიანებას. კანი ღიზიანდება, წითლდება, გამონაყარით იფარება, მტკივნეული ხდება. ზოგჯერ ამ მოვლენას საფენის შემადგენელ ნივთიერებებზე ალერგიაც იწვევს.

– უმეტესად რომელ ბავშვებს ემართებათ საფენისმიერი დერმატიტი?

– საფენისმიერი დერმატიტი ადვილად უჩნდებათ პატარებს, რომლებსაც:

* იშვიათად უცვლიან საფენს;

* აქვთ ატოპიური დერმატიტი;

* აქვთ თუთიისა და ბიოტინის დეფიციტი;

* არიან ხელოვნურ კვებაზე (ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვების განავალს ტუტე PH აქვს);

* აქვთ ნაწლავთა აშლილობა;

* მკურნალობენ ანტიბიოტიკებით.

– როგორ გამოიყურება საფენისმიერი დერმატიტი?

– ირიტაციული ანუ გაღიზიანებული საფენქვეშა დერმატიტის შემთხვევაში კანი შეწითლებულია, მასზე ჩანს ეროზიული, სველი უბნები. კანის ნაოჭებში სიწითლე სოკოთი ინფიცირების ნიშანია. საფენისმიერი დერმატიტის უფრო მძიმე ფორმების დროს საფენქვეშა არე მკვეთრად წითლდება, ჩნდება ღრმა წყლულები. თუ პატარას საფენის რომელიმე კომპონენტზე ალერგიული რეაქცია განუვითარდა, საფენქვეშა არე მთლიანად შეწითლებულია და კარგად ჩანს მკვეთრი საზღვარი ჯანმრთელ და დაზიანებულ კანს შორის.

–  როგორ ავიცილოთ თავიდან ეს უსიამოვნო მოვლენა?

– უპირველესად, კანის სისუფთავე და სიმშრალე უნდა შევინარჩუნოთ; ხშირად, კუჭის ყოველი მოქმედების შემდეგ და შარდით გადავსებისთანავე ვუცვალოთ ბავშვს საფენი, რათა თავიდან ავიცილოთ კანთან შარდისა და განავლის ხანგრძლივი შეხება; საფენი კარგად მოვარგოთ პატარას, რათა ხახუნმა კანი არ გაუღიზიანოს; საფენის გამოცვლისას შორისის მიდამო ჩავბანოთ თბილი წყლითა და საბავშვო დასაბანი საშუალებით, შემდეგ ქსოვილის ნაზი შეხებით კარგად გავამშრალოთ და მცირე ხანს შიშველი დავტოვოთ, რომ კარგად გაშრეს. ვეცადოთ, კანის ნაოჭებში წყლის წვეთები არ დარჩეს. თუ კანს სველი ხელსახოცით ვუწმენდთ, შევარჩიოთ ისეთი, რომელიც არ შეიცავს სპირტს და ჰიპოალერგენული ქსოვილისგანაა დამზადებული. თუ პატარას კანი უკვე გაღიზიანებული აქვს, უმჯობესია სველი ხელსახოცი საერთოდ არ გამოვიყენოთ.

დაზიანებულ კანზე წავუსვათ მხოლოდ საფენქვეშა არისათვის განკუთვნილი კრემი. ასეთი კრემები შეიცავს თუთიის ოქსიდს, რომელიც სწრაფად აშუშებს გაღიზიანებულ კანს.

თუ საფენით გამოწვეულ ალერგიულ დერმატიტს ეჭვობთ, საფენი აუცილებლად შეცვალეთ. საზოგადოდ, ისეთი საფენი შეარჩიეთ, რომელიც უკეთ იწოვს სისველეს. თანამედროვე საფენების უმეტესობას ახასიათებს შეწოვის მაღალი ხარისხი, კომფორტულობა, ჰიპოალერგენულობა. სადღეისოდ საფენების მწარმოებელები ზემოჩამოთვლილ მახასიათებლებთან ერთად ითვალისწინებენ ეკოლოგიურ საკითხებსაც – რაც უფრო თხელია საფენი, მით ნაკლებ ნაგავს წარმოქმნის ის.

თუ ეს ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა ან მდგომარეობა გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.

 

მარი აშუღაშვილი

 

გააზიარე: