უბრალოდ ფილტვების ანთება

გააზიარე:
პნევმონია ფილტვების ანთებითი დაავადებაა. მას ბაქტერიაც იწვევს, ვირუსიც, სოკოც და ერთუჯრედიანი პარაზიტიც. განურჩევლად გამომწვევის ტიპისა, ფილტვების ანთებას მეტ-ნაკლებად ერთნაირი სიმპტომები ახასიათებს, რომლებიც თავიდან ძალიან ჰგავს ბანალურ გაციებას. საზოგადოდ კი დაავადების სიმწვავე ბევრად არის დამოკიდებული ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობაზე ან, როგორც მედიკოსები იტყვიან – იმუნიტეტზე.

და მაინც...
პნევმონიას თან სდევს:
. ცხელება;
. დაბალი ტემპერატურა, უპირატესად – ასაკოვან პირებში;
. ხველა;
. სუნთქვის უკმარისობა;
. გაძლიერებული ოფლიანობა;
. ტკივილის შეგრძნება გულმკერდის არეში სუნთქვის დროს;
. თავისა და კუნთების ტკივილი;
. ძლიერი მოთენთილობა.
  პნევმონიასთან ხუმრობას არ გირჩევთ. იჩენს თუ არა თავს დაავადების ნიშნები, სპეციალისტს მიმართეთ. რაც უფრო მძაფრად არის გამოხატული ინფექცია, მით უფრო ადრე უნდა მიაშუროთ სამედიცინო დაწესებულებას. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ხანში შესულებს, მწეველებს, ალკოჰოლის მოყვარულებს, ასევე მათ, ვინც ქიმიოთერაპიას იტარებს ან რომელიმე ქრონიკული დაავადების გამო მუდმივად უწევს მედიკამენტების მიღება (მაგალითად, პრედნიზოლონისა, რომელიც იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს). ყურადღებით უნდა იყვნენ ისინიც, ვისაც გულის უკმარისობა და ფილტვების რომელიმე ქრონიკული დაავადება აწუხებთ, რადგან ამ დაავადებების ფონზე პნევმონია გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს და თუ მკურნალობა დროულად არ დავიწყეთ, ლეტალური შედეგიც კია მოსალოდნელი.
ფილტვებში მოხეტიალე მიკროორგანიზმების შესახებ
პნევმონიას იწვევენ მიკროორგანიზმები, რომლებიც იმუნიტეტის დაქვეითების გამო ფილტვებში აღწევენ. “დამნაშავეთა” შორის არიან:
. ბაქტერიები, უმთავრესად – სტრეპტოკოკი. სხვა ბაქტერიებიდან აღსანიშნავია: სტაფილოკოკი, კლებსიელა, ჰემოფილური ჩხირი. არც ის არის გამორიცხული, ფილტვების ანთება რამდენიმე ბაქტერიამ ერთდროულად გამოიწვიოს.
. ვირუსები. ფილტვებს უმეტესად გრიპის გამომწვევი ვირუსები ერჩიან. ვირუსული პნევმონია მძიმედ იშვიათად მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა, ბაქტერიული ინფექციით გართულდეს.
. სოკოები და პარაზიტები. სოკოთი და პარაზიტით გამოწვეული პნევმონია უპირატესად განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობას ემუქრება.
. სხვა მიკროორგანიზმები. მიკოპლაზმა ხშირად გვევლინება ფილტვების ანთების მიზეზად, თუმცა მძიმე ფორმას იშვიათად იწვევს. იგივე შეიძლება ითქვას ლეგიონელასა და ქლამიდიაზე – მიკროორგანიზმებზე, რომლებიც არც ვირუსებსა და არც ბაქტერიებს არ მიაკუთვნებენ.
ვის ემუქრება
არიან ადამიანები, რომლებსაც ფილტვების ანთება იოლად ემართებათ. პნევმონიის განვითარების რისკს ზრდის:
. ასაკი. ფილტვების ანთება იოლად ემართებათ 65 წელს გადაცილებულებსა და მცირეწლოვან ბავშვებს, მეტადრე – ჩვილებს, რომელთა იმუნური სისტემა მოუმწიფებელია და დაავადების გამომწვევთან ბრძოლის უნარი არ შესწევს.
. დაავადებები, რომლებიც მკვეთრად აქვეითებს იმუნიტეტს. ასეთებია, მაგალითად, აივ ინფექცია და შიდსი, გულის დაავადებები და, რაღა თქმა უნდა, თვით ფილტვის სნეულებები, რომლებიც ამ ორგანოთა ფუნქციას ასუსტებს. მათ შორის აღსანიშნავია ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ).
. ქიმიოთერაპია და იმუნოსუპრესორების ხანგრძლივი მიღება, რაც იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს. გამოკვლევებმა ისიც კი აჩვენა, რომ კორტიკოსტეროიდის სპრეის 24 კვირაზე მეტხანს გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის პნევმონიის განვითარების რისკს.
. სიგარეტის წევა. ეს მავნე ჩვევა საგრძნობლად აქვეითებს ფილტვის ქსოვილის დამცველობით უნარს, რაც მავნე ბაქტერიებისა და ვირუსების შეჭრისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
. ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება. თუ ადამიანს ისეთი პროფესია აქვს, რომ გამუდმებით უწევს ტოქსიკურ ნივთიერებებთან კონტაქტი, პნევმონიის განვითარების ალბათობაც დიდია.
თითქოს არაფერი, მაგრამ... 
ფილტვების ანთება, ერთი შეხედვით, იოლად დასამარცხებელ დაავადებათა რიცხვს ეკუთვნის, თუმცა კი შესაძლოა, სხვადასხვა მძიმე გართულებას დაუდოს სათავე, მათ შორის:
. ბაქტერიემიასა და სეპტიკურ შოკს. ფილტვებიდან ბაქტერიამ შესაძლოა სისხლძარღვებში გადაინაცვლოს, სისხლის მეშვეობით სხვა ორგანოებამდეც მიაღწიოს და მათი ინფიცირება და ფუნქციის დარღვევა გამოიწვიოს. ისიც შეიძლება, ბაქტერიები სისხლძარღვებში სწრაფად გამრავლდნენ და სისხლის დინება შეაფერხონ, რასაც სისხლის კაპილარებიდან გამოჟონვა, ქსოვილების შეშუპება, ორგანოთა ფუნქციების მკვეთრი და ზოგჯერ შეუქცევადი დარღვევა მოჰყვება. არც ლეტალური დასასრულია გამორიცხული;
. სითხის დაგროვება პლევრის ღრუში და პლევრიტი;
. ფილტვის აბსცესი – ფილტვის ქსოვილში ჩირქოვანი კერის ჩამოყალიბება;
. მწვავე რესპირაციული დისტრესსინდრომი. ის ვითარდება მაშინ, როდესაც ანთებით პროცესში ორივე ფილტვია ჩართული და სასუნთქი ზედაპირი იმდენად არის შემცირებული, რომ ორგანიზმი საჭირო ოდენობის ჟანგბადს ვეღარ იღებს. ყველაზე ხშირად ეს სინდრომი ფქოდ-ის ფონზე ვითარდება.
მკურნალობის შესახებ
ბაქტერიული ფილტვების ანთების სამკურნალო ყველაზე ეფექტურ საშუალებად დღემდე ანტიბიოტიკები მიიჩნევა, მაგრამ თუ გამომწვევი ვირუსია, მას მხოლოდ და მხოლოდ ანტივირუსული მკურნალობა დაამარცხებს. მიკროორგანიზმის გამანადგურებელ წამალთან ერთად ექიმი ხშირად ნიშნავს სიცხის დამწევ და ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტებს.
პნევმონია, როგორც წესი, ჰოსპიტალიზაციას არ მოითხოვს, მაგრამ ზოგიერთს მაინც უხდება საავადმყოფოში დაწოლა. სახელდობრ, მათ, ვისი ასაკიც აღემატება 65 წელს, ვისაც აღენიშნება სუნთქვის უკმარისობა და უქვეითდება არტერიული წნევა. 
გირჩევთ
ფილტვების ანთების დროს:
. ერიდოთ ფიზიკურ აქტიურობას, რაც შეიძლება მეტხანს დაისვენოთ;
. მაშინაც კი, თუკი სხეულის ტემპერატურა ნორმას დაუბრუნდა და თავს კარგად გრძნობთ, ერიდოთ შინიდან გასვლას;
. სვათ რაც შეიძლება მეტი სითხე;
. არამც და არამც არ შეწყვიტოთ მკურნალობა. თუ ანტიბიოტიკების მიღება შუა გზაზე მიატოვეთ, ბაქტერიების რეზისტენტული (წამალგამძლე) ფორმები ჩამოყალიბდება და შემდგომი მკურნალობა ფუჭი გახდება.
 პნევმონიისალბათობას შეამცირებთ, თუ:
. აიცრებით გრიპზე;
. აიცრებით პნევმოკოკზე – თუ ამგვარი ვაქცინა თქვენს ქვეყანაში არსებობს;
. ხშირად დაიბანთ ხელებს. თუ თქვენს სამუშაო გარემოში ამის საშუალება იშვიათად გეძლევათ, გამოიყენეთ სპეციალური ჟელე-სანიტაიზერი, რომელიც ეფექტურად სპობს მიკროორგანიზმებს;
. ერიდეთ სიგარეტს;
. ივარჯიშეთ;
. უპირატესობა მიანიჭეთ ჯანსაღ საკვებს.
მკურნალობის ფასი
 
ფილტვების ანთება პირველ ადგილს იკავებს ბავშვთა სიკვდილიანობის მიზეზებს შორის. ამ პათოლოგიით ყოველწლიურად 1,4 მილიონი 5 წლამდე ასაკის ბავშვი იღუპება, რაც ამ ასაკში სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლის 18%-ია.
კვლევებმა აჩვენა, რომ სათანადო პრევენციითა და მკურნალობით ყოველწლიურად მილიონამდე სიკვდილის შემთხვევას ავიცილებთ თავიდან. მხოლოდ და მხოლოდ ადეკვატური მკურნალობით 600 000 ბავშვის გადარჩენაა შესაძლებელი.
ანტიბიოტიკებით მკურნალობის საერთო ხარჯი უღარიბეს ქვეყნებში ყოველწლიურად 600 მილიონ დოლარს უახლოვდება. ამ თანხის მესამედი სუბსაჰარული აფრიკისა და სამხრეთ აზიის წილად მოდის (ამ რეგიონებში ბავშვთა 85% პნევმონიით იხოცება).

გააზიარე: