წნევამ რომ არ შეგვაწუხოს

გააზიარე:
 გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები კვლავაც არ თმობენ ლიდერის პოზიციებს სიკვდილიანობის მიზეზთა ნუსხაში. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს არტერიულ ჰიპერტენზიას. მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით მეხუთედს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აქვს და ასაკთან ერთად მათი გავრცელება მკვეთრად იმატებს. მაღალი არტერიული წნევა შესაძლოა ისეთი ფატალური პრობლემების მიზეზად იქცეს, როგორებიცაა ინფარქტი და ინსულტი.

რა იწვევს თავად არტერიულ ჰიპერტენზიას და როგორ ავიცილოთ იგი თავიდან? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე მედიცინის დოქტორი, კარდიოლოგი მამუკა ქობალავა გვესაუბრება.
– ბატონო მამუკა, რა არის არტერიული ჰიპერტენზია და არტერიული წნევის როგორი მაჩვენებელი ითვლება ნორმად?
– არტერიული ჰიპერტენზია ის მდგომარეობაა, როდესაც არტერიული წნევის მაჩვენებლები მაღლა იწეევს: სისტოლური (ზედა) წნევისა – 140-მდე და მეტად, ხოლო დიასტოლური (ქვედა) წნევისა, რომელსაც შეცდომით გულის წნევას ეძახიან – 90-მდე და მეტად. შესაბამისად, 140`90 მმ ვწყ. სვ და ნაკლები ჩვეულებრივი პოპულაციისთვის არტერიული წნევის ნორმალურ მაჩვენებლად მიიჩნევა. არის პაციენტების ჯგუფი, რომლისთვისაც ნორმად ითვლება 130`80 მმ ვწყ. სვ და ნაკლები. ეს ის ხალხია, ვისაც თირკმლის უკმარისობა ან შაქრიანი დიაბეტი აქვს.
– უმთავრესად რა ასაკში იჩენს თავს არტერიული ჰიპერტენზია?
– მამაკაცებში წნევის მატება 35-40 წლიდან იწყება. ქალები მენოპაუზამდე დაზღვეულნი არიან. მენოპაუზის დადგომისას კი ის ჰორმონები, რომლებიც წნევის რეგულირებას უზრუნველყოფენ, წყვეტენ მოქმედებას, ამიტომ რისკი მამაკაცებისას უტოლდება.
– ჩაითვლება თუ არა წნევის მომატების ცალკეული ეპიზოდი არტერიულ ჰიპერტენზიად? საზოგადოდ, რის საფუძველზე სვამენ არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზს?
– წნევის მომატების ცალკეული ეპიზოდი არ შეიძლება არტერიულ ჰიპერტენზიად ჩაითვალოს, რადგან სტრესულ ფაქტორზე წნევის მომატება ორგანიზმის ნორმალური რეაქციაა. გარდა ამისა, არსებობს ე.წ. თეთრი ხალათის ჰიპერტენზია – ექიმთან ვიზიტის დროს წნევა უწევს იმ პაციენტთა 70-80%-ს, რომელთაც შინ მაჩვენებლები ნორმალური აქვთ.
არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზს ვსვამთ წნევის განმეორებადი მომატების დროს. სასურველია, ყოველმა პაციენტმა შინ წნევის დღიური აწარმოოს. თუ დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში, მოსვენებისას გაზომილი წნევა ზედიზედ ერთი კვირა აჩვენებს მაღალ ციფრებს, საჭიროა ექიმთან მისვლა. გარდა ამისა, თუ ექიმთან ორი-სამი ვიზიტის დროს, წნევის ორჯერ გაზომვისას მაინც აღინუსხა მაღალი ციფრები, ეს შეიძლება არტერიულ ჰიპერტენზიად ჩაითვალოს.
განსაკუთრებით მძიმე და აშკარად გამოხატული კლინიკური სიმპტომების შემთხვევაში (ორგანოების საეჭვო მეორეული დაზიანება, ეკგ-სა და გულის ექოზე ძგიდის ჰიპერტროფია) არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზი პირველ ვიზიტზეც შეიძლება დაისვას.
– რა იწვევს არტერიულ ჰიპერტენზიას?
– ჩემთვის ხშირად დაუსვამთ ეს კითხვა. არტერიული ჰიპერტენზია ასიდან 90-95 შემთხვევაში დამოუკიდებელი დაავადებაა და მეტიც – თვითონვე იწვევს გართულებებს სხვა ორგანოების (ე.წ. სამიზნე ორგანოების) მხრივ. ამ შემთხვევაში დაავადებას პირველად ან ესენციურ ჰიპერტენზიას უწოდებენ. დანარჩენი 5-10% მეორეული ჰიპერტენზიის წილად მოდის.
თუმცა არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებას აქვს მრავალი ხელშემწყობი ფაქტორი. ზოგიერთი მათგანი მოდიფიცირებადია, მაშასადამე, შესაძლებელია მათზე ზემოქმედება. ასეთი ფაქტორების მარილიანი საკვების მიღება, თამბაქოს წევა, სითხის ჭარბი მიღება, მუდმივი ფსიქოემოციური სტრესი, სიმსუქნე, ჭარბი წონა, კვების რეჟიმის დარღვევა, ალკოჰოლის ჭარბი მიღება და ჰიპოდინამია. არსებობს არამოდიფიცირებადი რისკფაქტორებიც: ასაკი, სქესი და გენეტიკური განწყობა, რომლებზეც ჩვენ, სამწუხაროდ, ვერავითარ გავლენას ვერ მოვახდენთ.
– გარდა წნევის მაღალი ციფრებისა, რა სიმპტომების არსებობისას შეიძლება ვიეჭვოთ არტერიული ჰიპერტენზია? შესაძლებელია თუ არა, არტერიული ჰიპერტენზია უსიპტომოდ მიმდინარეობდეს?
– არტერიული ჰიპერტენზია, სამწუხაროდ, უსიმპტომოდაც შეიძლება მიმდინარეობდეს. ამ დროს ადამიანს არ აწუხებს მაღალი წნევა. ეს უფრო საშიშიცაა, რადგან არტერიული წნევის მაღალ ციფრებს უშუალო კავშირი აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ისეთ პათოლოგიებთან, როგორებიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი და ამით გამოწვეულ ლეტალობასთან.
სხვა სიმპტომებიდან წამყვანია თავის ტკივილი, ზოგჯერ – გამოკვეთილად კეფის არეში, თავის დამძიმების შეგრძნება, ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე, უგუნებობა. ზოგს აწუხებს არასტენოკარდიული დისკომფორტი, დაჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, ზოგს – გულისრევის შეგრძნება. ზოგ შემთხვევაში არტერიული წნევის მომატება ასოცირებულია გულის აჩქარებასთან. ასეთ პაციენტებს გულის ფრიალის შეგრძნება აქვთ.
– რა მნიშვნელობა აქვს არტერიული ჰიპერტენზიის დროულ დიაგნოსტირებასა და მართვას?
– არტერიული ჰიპერტენზიის დროული გამოვლენა და მკურნალობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მაღალი წნევა სამიზნე ორგანოების დაზიანებას და მძიმე გართულებებს იწვევს.
სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები ჰიპერტენზიის ყველაზე გავრცელებული გართულებებია. არტერიული ჰიპერტენზია იწვევს გულის კუნთის ჰიპერტროფიას (გასქელებას). ჰიპერტროფიას მოსდევს არითმია, იზრდება მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკი. მკვეთრი ჰიპერტროფიისას არსებობს უეცარი კარდიული სიკვდილის საფრთხეც.
თირკმელში არტერიული ჰიპერტენზია ფუნქციის მეორეულ უკმარისობას იწვევს. პირველ ხანებში ეს ცვლილებები კლინიკურად თითქმის არ ვლინდება და პაციენტმა შესაძლოა ვერც კი შეამჩნიოს ისინი. ერთ-ერთი სიმპტომია ღამით ხშირი შარდვა. შარდში შეინიშნება მიკროალბუმინურია. თუ თავი იჩინა ფეხების შეშუპებამ და შარდის შემცირებამ, ეს უკვე შორსწასული შემთხვევაა. ამიტომ სასურველია, პრობლემას იმთავითვე მიექცეს ყურადღება და წნევის ციფრები მოწესრიგდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოყალიბდება თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, მოიმატებს კრეატინინის, შარდოვანი აზოტის დონე და პაციენტს შესაძლოა მუდმივი ჰემოდიალიზიც დასჭირდეს. 
თავის ტვინში არტერიულმა ჰიპერტენზიამ შესაძლოა გამოიწვიოს ცერებროვასკულარული დაავადება. მაღალი წნევის დროს ირღვევა სიხლძარღვის მთლიანობა და ვითარდება ჰემორაგიული ინსულტი. მაღალი წნევა იშემიური ინსულტისთვისაც რისკფაქტორია.
თვალში ცვლილებები ხდება ბადურაზე, კერძოდ, მის მკვებავ სისხლძარღვებში და საბოლოოდ მაღალმა წნევამ შესაძლოა მხედველობის დვრილის შეშუპება და სიბრმავეც გამოიწვიოს. რისკი იზრდება, როდესაც არტერიულ ჰიპერტენზიას შაქრიანი დიაბეტი ერთვის.
– უწინარეს ყოვლისა, რა გამოკვლევებს უნიშნავს ექიმი პაციენტს და რა მიზანს ემსახურებიან ისინი?

– რუტინული გამოკვლევა მოიცავს ხუთ ანალიზს:
. სისხლის საერთო ანალიზით ვადგენთ, მკვეთრად ხომ არ არის მომატებული ჰემოგლობინი ან ხომ არ არის ორგანიზმში ინფექცია;
. შარდის ანალიზი საჭიროა მიკროალბუმინურიის გამოსავლენად;
. კრეატინინისა და შარდოვანა აზოტის დონის განსაზღვრა თირკმლის უკმარისობის ხარისხის დასადგენად არის აუცილებელი;
. ელექტროლიტების განსაზღვრა წარმოდგენას გვიქმნის თირკმლის უკმარისობის ხარისხზე. გარდა ამისა, არსებობს მეორეული ჰიპერტენზია, რომელსაც კალიუმის უკმარისობა ან, პირიქით, მომატება განაპირობებს;
. გლიკემიისა და ლიპიდური ცვლის მაჩვენებლების მიხედვით ვადგენთ, სჭირდება თუ არა პაციენტს ანტილიპიდური პრეპარატი და განვსაზღვრავთ კარდიოვასკულური დაავადებების განვითარების რისკს.
ასევე რუტინული კვლევაა ელექტროკარდიოგრაფია. სასურველია, მასთან ერთად ჩატარდეს კარდიოექოსკოპიაც გულის მდგომარეობის, კერძოდ, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის (გასქელების) ხარისხის შესაფასებლად, ვინაიდან პარკუჭის გასქელება კარდიოვასკულური გართულებების დამატებით პრედიქტორს წარმოადგენს.
– რა არის ჰიპერტენზიული კრიზი, როგორ ვლინდება იგი და როგორ შეიძლება მისი კუპირება სახლის პირობებში?
– ჰიპერტონიული ანუ ჰიპერტენზიული კრიზი – ეს არის წნევის ციფრების მკვეთრი მომატება, რასაც თან ახლავს გულისრევის შეგრძნება, ცნობიერების ხანმოკლე მოშლა ან გაუარესება. ეს მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია, ვინაიდან ამ დროს იზრდება ჰემორაგიული ინსულტის განვითარების რისკი. ამ დროს ვითარების სტაბილიზაციისთვის სწრაფად მოქმედ პრეპარატებს იყენებენ.
სახლის პირობებში შეიძლება ენის ქვეშ ნიფედიპინისა და ნიტროგლიცერინის დადება, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორივე წამალი თავის ტკივილს იწვევს. ჯერ კიდევ არ არის ამოღებული ხმარებიდან კლოფაზოლინის (კლოფელინის) ტაბლეტირებული ფორმა.
– შესაძლებელია თუ არა არტერიული ჰიპერტენზიისგან განკურნება? როგორ მკურნალობენ მას?
– მკურნალობის შედეგად არტერიული ჰიპერტენზია შესაძლოა უკუგანვითარდეს. ამ შემთხვევაში ვამბობთ, რომ ეს იყო ჰიპერტენზიის რევერსიბელური ფორმა. უმეტესად კი ჰიპერტენზია მთელი ცხოვრება გრძელდება და იგი გამუდმებით უნდა ვაწესრიგოთ. ამ კუთხით მე მას შაქრიან დიაბეტს შევადარებდი.
არტერიული წნევის მკურნალობა მოიცავს არამედიკამენტურ და მედიკამენტურ მეთოდებს.
მკურნალობა იწყება არამედიკამენტური მეთოდებით, რაც გულისხმობს წონის კორექციას, სუფრის მარილის ზომიერ მიღებას, სითხის შეზღუდვას, ფიზიკურ ვარჯიშს, კოფეინის, ალკოჰოლის ოდენობის შემცირებას. თუ ყოველივე ამის ფონზე წნევა მოწესრიგდა, შესაძლოა მედიკამენტური მკურნალობა აღარც კი დაგვჭირდეს. თუ არა, მკურნალობაში მედიკამენტები ერთვება. მკურნალობის საბოლოო მიზანია წნევის ციფრების ნორმულ მაჩვენებლებამდე ჩამოყვანა და მეორეული გართულებების თავიდან
აცილება, რასაც ექიმები ორგანოპროტექციას ვუწოდებთ.
არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასაკში შესული ადამიანისთვის შედარებით მაღალი წნევა ნორმალურია. 79 წელს გადაცილებულთათვის დასაშვები წნევა არ აღემატება 150`90 მმ ვწყ სვ-ს.
წნევის მოწესრიგების შემდეგ პრეპარატის შეწყვეტა არ შეიძლება; უნდა მოხდეს დოზის კორექცია და წნევის სამიზნე მაჩვენებლებამდე ჩამოყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში გავა ხანი და წნევა კვლავ აიწევს.
ასევე არ შეიძლება თვითნებური მკურნალობა, ნაცნობების რჩევაზე დაყრდნობით წამლის მიღება. საუკეთესო ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატსაც კი აქვს არასასურველი თანმხლები ეფექტები, რომელთა გამოვლენისას პაციენტს შესაძლოა გული აუცრუვდეს მკურნალობაზე, ხოლო როცა ექიმი ნიშნავს წამალს, აფრთხილებს კიდეც პაციენტს გვერდითი ეფექტების შესახებ და საჭიროებისამებრ ცვლის მკურნალობას.
– რა გვერდითი ეფექტები ახასიათებს ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს და როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი მათი გამოვლენისას?
– ჰიპერტენზიის მკურნალობის არასასურველი თანმხლები ეფექტებია შემაწუხებელი ხველა, ჰიპოკალიემია და მისთვის დამახასიათებელი კუნთების ტკივილი, კრამპი, თავის ტკივილი, სიწითლე, ქვედა კიდურების შეშუპება, ბრონქოსპაზმი და პერიფერიული სისხლძარღვების შევიწროებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. ნებისმიერი მათგანის შემჩნევისას პაციენტი აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს – მკურნალობის ტაქტიკა მხოლოდ ექიმმა უნდა შეცვალოს.
– როგორია არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობისადმი თანამედროვე მიდგომა? რას გვეტყვით ჰიპერტენზიის მკურნალობისა და პრევენციის ხალხურ მეთოდებზე, მაგალითად, შავი ღვინოს მიღებაზე? 
– ჰიპერტენზიის მკურნალობის ერთ-ერთი თანამედროვე მეთოდი, რომელიც, სხვათა შორის, უკვე საქართველოშიც გამოიცადა 4-5 პაციენტზე, არის თირკმლის არტერიების სიმპათიკური დენერვაცია. ამ მეთოდს მსოფლიოში ფართოდ იყენებენ. იგი გულისხმობს თირკმლის არტერიაში სპეციალური აპარატით შესვლას და მის მოწვას (აბლაციას), რის შედეგადაც წნევა 20-25 ერთეულით იკლებს. თუმცა ეს მეთოდი რუტინულად არ გამოიყენება, მას მხოლოდ სხვა საშუალებების უეფექტობის შემთხვევაში მივმართავთ.
რაც შეეხება შავ ღვინოს, მისი რეგულარული და ჭარბი მიღება წნევას, პირიქით, ასწევს, მაგრამ თუ არ გადავაჭარბეთ გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის დროს მითითებულ ოდენობას: 150 მლ შავი ღვინო, 200 მლ თეთრი ღვინო ან 50-100 მლ მაგარი სპირტიანი სასმელი, – ამით ათეროსკლეროზის პრევენციასაც მოვახდენთ და წნევის ციფრების მოწესრიგებასაც შევუწყობთ ხელს. 
– ახასიათებს თუ არა არტერიულ ჰიპერტენზიას სეზონურობა?
– უდავოდ ახასიათებს. ის მწვავდება გაზაფხულზე, შემოდგომაზე და გარკვეულწილად ზამთარში. ზაფხულში კი შეინიშნება წნევის მკვეთრი დაწევა მედიკამენტების მიღების გარეშე. ამის კვალობაზე, სეზონთან მიმართებით რამდენადმე იცვლება მკურნალობაც, კერძოდ, ზაფხულობით ვამცირებთ წამლის დოზას, ოღონდ მოვითხოვთ, პაციენტებმა სულ მთლად არ მიანებონ თავი მკურნალობას და პრეპარატის მინიმალური დოზა მაინც მიიღონ, რადგან ეს აუცილებელია სამიზნე ორგანოთა დასაცავად.
– შესაძლებელია თუ არა არტერიული ჰიპერტენზიის თავიდან აცილება რაიმე პროფილაქტიკური ღონისძიებით?
– საზოგადოდ, გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების საუკეთესო პროფილაქტიკაა ცხოვრების ჯანსაღი წესი.
თანამედროვე კარდიოლოგიაში ფართოდ გამოიყენება ე.წ. ფრემინგემის კალკულატორი – სპეციალური გამომთვლელი სისტემა, რომელიც პაციენტის მონაცემების მიხედვით განსაზღვრავს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის გამო კარდიული გართულებებით სიკვდილის რისკის ათწლიან პროგნოზს. მისი კრიტერიუმები მოიცავს წნევის მაჩვენებლებს, სქესს, ასაკს, ქოლესტერინის დონეს, თამბაქოს წევას. ერთ-ერთი კრიტერიუმია, იტარებს თუ არა პაციენტი მკურნალობას მაღალი წნევის გამო. მე ყველა პაციენტს ვუჩვენებ ამ კალკულატორს, რათა თავად ნახონ, რა რისკის მატარებლები არიან და ცხოვრების წესის მოდიფიცირებით რაოდენ უმცირდებათ ზემოთ აღნიშნული გართულებების განვითარების ალბათობა.
– რეკომენდებულია თუ არა წნევის ხშირი გაზომვა? როგორ გავიზომოთ წნევა სწორად?
– სასურველია, წნევა ტონომეტრით გაიზომოს. ელექტროსაზომი არც ისე საიმედოა, რადგან მცირე მოძრაობაზეც კი დიდ ცდომილებას იძლევა.

ტონომეტრით წნევის გაზომვის წესები
. წინამხარი, რომელზეც იზომება წნევა, სასურველია იყოს გულის მწვერვალის დონეზე.
. მანჟეტი არც მეტისმეტად მჭიდროდ უნდა იყოს შემოხვეული და არც მეტისმეტად მოშვებული – მასა და სხეულის ზედაპირს შორის ერთი თითი უნდა ეტეოდეს.
. პაციენტს უახლოესი 15 წუთის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს დალეული ყავა, მოწეული თამბაქო და შესრულებული სერიოზული ფიზიკური დატვირთვა.
. პაციენტს ფეხი ფეხზე არ უნდა ჰქონდეს გადადებული და წნევის გაზომვისას მშვიდად უნდა იყოს.
. წნევა სასურველია გაიზომოს ზედიზედ 3-ჯერ, 1-2-წუთიანი ინტერვალით. მინიმალური მაჩვენებელი მიიჩნევა რეალურ წნევად.
. წნევა იზომება ორივე ხელზე – რეალურად მიიჩნევა იმ ხელზე მიღებული მაჩვენებლები, რომელზეც წნევა უფრო მაღალია. უმეტესად მარჯვენა ხელზე ზომავენ. მემარჯვენეებს მარჯვენა ხელზე წნევა, როგორც წესი,  5-10 ერთეულით მაღალი აქვთ.
. წნევის გაზომვა მანიად არ უნდა იქცეს. თუ ადამიანს არაფერი აწუხებს, დღე-ღამეში წნევის 3-ჯერ გაზომვა საკმარისია.
მეთოდი: მაჯაზე ვპოულობთ პულსს და ჰაერს ჩავტუმბავთ. როცა პულსი შეწყდება, ავდივართ ზემოთ 30 ერთეულით, მერე კი მანჟეტიდან ჰაერს ნელ-ნელა ვუშვებთ.

გააზიარე: