რატომ უნდა მოვარიდოთ ბავშვი ეკრანს

გააზიარე:

მახსოვს, ბავშვობაში ასანთის კოლოფებისა და ძაფებისგან ტელეფონებს ვაკეთებდით და ერთმანეთს “საიდუმლო” ინფორმაციას გადავცემდით. სურათების გადაღებაც გვიყვარდა, მაგრამ იმდენი წვალება სჭირდებოდა ჩემი “ვილიათი” გადაღებული ფირების გამჟღავნებას და შავ-თეთრი ფოტოების დაბეჭდვას, მალე მომბეზრდა. ხშირად ვნატრობდი ნამდვილ გადამცემს და პატარა მსუბუქ ფოტოაპარატს. ან რა ამბით ველოდი საქართველოს სხვა ქალაქებიდან მეგობრების წერილებს, მულტფილმებს, რომლებსაც მხოლოდ განსაზღვრულ დროს, დღეში თხუთმეტი წუთის განმავლობაში აჩვენებდნენ ტელევიზიით...

ის, რაც თანამედროვე პატარებისთვის ჩვეულებრივი რამა: ციფრული ტექნიკა, ინტერნეტი, ფიჭური კავშირი, – ჩემი თაობის ბავშვებისთვის ფანტასტიკა იყო.

ტექნოლოგიური მიღწევები ძალიან კარგია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ მედალს ორი მხარე აქვს. ბავშვის ჯანმრთელობის გაუარესება ეკრანთან გატარებული დროის პირდაპირპროპორციულია. ძნელია ოქროს შუალედის პოვნა, მაგრამ იქნებ მეტად მოვინდომოთ, მით უმეტეს, თუ იმ ფაქტებსაც გავითვალისწინებთ, რომელთა შესახებაც “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამარ ობგაიძე გვესაუბრება:

 

– წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ტელევიზორი ერთადერთი ეკრანიანი საყოფაცხოვრებო ნივთი იყო. დღეს ადამიანთა დიდი ნაწილი პერსონალური კომპიუტერის, სმარტფონის, პლანშეტის ეკრანთან მეტ დროს ატარებს, ვიდრე ტელევიზორთან. ციფრული მედია უფრო და უფრო ღრმად იჭრება ჩვენს ცხოვრებაში და გვიკვირს კიდეც, როგორ ვცხოვრობდით რამდენიმე ათეული წლის წინ მის გარეშე.

სამეცნიერო-ტექნიკურმა პროგრესმა სიკეთესთან ერთად უცნაური დაავადებებიც მოიტანა, – მაგალითად, ფეისბუქის დეპრესია, ინტერნეტზე დამოკიდებულება, სექსტინგი (პორნოგრაფიული სურათების გადაცემა, გაზიარება, მიღება), ხოლო სამედიცინო და პოპულარულ ლიტერატურაში კიდევ ერთი ახალი ტერმინი გააჩინა – საეკრანო დრო. ეს ის დროა, რომელსაც ადამიანი ტელევიზორთან ან ეკრანის მქონე სხვა ციფრულ მედიამოწყობილობასთან ატარებს. ამ ხნის განმავლობაში ფიზიკური აქტივობა შეზღუდულია და ენერგიის მოხმარება ძალიან დაბალია.

ციფრულ მედიას ბავშვები და მოზარდები უფრო და უფრო ხშირად იყენებენ თანაკლასელებთან, ახლობლებთან და სრულიად უცნობ ადამიანებთან კონტაქტისათვის.

ამ მხრივ სტატისტიკა საკმაოდ დამაფიქრებელია. უკანასკნელ წლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, აშშ-ში 8-10 წლის ბავშვები ეკრანთან დღე-ღამეში 8 საათს ატარებენ, ხოლო 11-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები – 11-ზე მეტს. გამოკითხული ბავშვების 71% ადასტურებს, რომ საკუთარ ოთახში კომპიუტერი და ტელევიზორი აქვს და თითქმის ყველას მიუწვდება ხელი ინტერნეტზე.

ამავე ქვეყნის მონაცემებით, 2004 წელს მოზარდთა 45%-ს ჰქონდა საკუთარი მობილური, 2010 წლისთვის კი მაჩვენებელმა 75%-ს მიაღწია. გამოკითხულთა 88% აქტიურად იყენებს ტექსტური შეტყობინების ფუნქციას. გამოკითხვის საფუძველზე მკვლევრებმა გამოიანგარიშეს, რომ ამ მოზარდების მიერ გაგზავნილ ტექსტურ შეტყობინებათა საშუალო რაოდენობა თვეში 3300-ს აღემატება.

რაც შეეხება სოციალურ ქსელებს, მათი დიდი ნაწილი რეგისტრაციისთვის საჭირო ასაკად ოფიციალურად 13 წელს მიუთითებს, თუმცა დიდ ბრიტანეთში ჩატარებული გამოკვლევები მოწმობს, რომ ბავშვების თითქმის 60% 10 წლის ასაკში უკვე სოციალური ქსელების მოხმარებელია. მათ უმეტესობას მიმოწერა აქვს სრულიად უცნობ ადამიანებთან. მოზარდთა 22% დღის განმავლობაში 10 ჯერ მაინც შედის ამორჩეულ სოციალურ ქსელში.

– მაინც რითია საშიში საეკრანო დროის ზრდა?

– უპირველესად იმით, რომ საეკრანო დროის გახანგრძლივებასთან ერთად მცირდება ფიზიკური აქტივობა და დახარჯული ენერგია, იზრდება სიმსუქნის რისკი. იმავდროულად, ვებგვერდებზე განთავსებული რეკლამიდან ბავშვი იღებს ინფორმაციას არაჯანსაღი საკვების შესახებ, შემდგომ ამ საკვების ჭარბი მოხმარება ზრდის მიღებული კილოკალორიების ოდენობას, რაც ასევე ახდენს გავლენას ბავშვის წონაზე. გასათვალისწინებელია, რომ ეკრანთან ჯდომისას ბავშვი უფრო მეტს ჭამს, რასაც ზოგი მშობელი, სამწუხაროდ, კვების წასახალისებლად იყენებს.

საეკრანო დროის ზრდა ძილის დარღვევებსაც იწვევს. ბავშვს უჭირს ჩაძინება, ხშირად იღვიძებს. უძილობა, თავის მხრივ, ხშირად წახემსებსი სურვილს იწვევს და საბოლოოდ შესაძლოა სიმსუქნემდე მივიდეს საქმე.

საეკრანო დროის ზრდა ქცევაზეც მოქმედებს – ზრდის შფოთვის, დეპრესიის, ყურადღების დეფიციტის განვითარების რისკს. იმავდროულად, იკლებს სასწავლო დაწესებულებებში ბავშვის აკადემიური მოსწრება.

ეკრანის ყურებისას ადამიანი იშვიათად ახამხამებს თვალებს, რაც სკლერის გამოშრობას იწვევს. სწორედ ამას მოჰყვება მშრალი თვალის სინდრომი. ის ვლინდება თვალებში უცხო სხეულის შეგრძნებით, წვით, ცრემლდენით, რაც საკმაოდ უსიამოვნოა და აუცილებელ, დროულ ჩარევას მოითხოვს.

ბრიტანელ ბავშვთა ფსიქოლოგი რიჩარდ ვულფსონი ამბობს, რომ სოციალური ქსელებით ადრეულ ასაკში სარგებლობა ბავშვებს აძლევს საშუალებას, მოიპოვონ ინფორმაცია, რომლის აღქმის უნარი ჯერ კიდევ არ შესწევთ.

ხშირად მშობლები თავადვე არიან ციფრული მედიის გამოყენების ინიციატორები, როდესაც კომპიუტერს, პლენშეტს თუ სმარტფონს ადრეული ასაკის ბავშვების გასართობად იყენებენ. სამწუხაროდ, მათ ავიწყდებათ, რომ ასეთი გართობის შემდეგ ბავშვს უფრო და უფრო ნაკლები დრო რჩება თამაშისთვის, თამაშს კი ამ ასაკში განვითარებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

– თუმცა თანამედროვე ბავშვის ნორმალურ განვითარებაში ტექნოლოგიური მიღწევებიც მონაწილეობს...

– რა თქმა უნდა, უამრავი უარყოფითი გავლენის მიუხედავად, ციფრულ მედიასაშულებებს დიდი სარგებლობა მოაქვთ ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

კომპიუტერული ტექნიკა დღეს აქტიურად გამოიყენება სკოლებში ეფექტური სწავლებისთვის. მოზარდებს ის ეხმარება კომუნიკაციაში, მსგავსი ინტერესების მქონე თანატოლების პოვნაში, საშუალებას აძლევს, დისტანციურად დაგეგმონ სხვადასხვა ღონისძიება, შინიდან გაუსვლელად ერთად მოამზადონ საშინაო დავალება, ერთობლივად იმუშაონ ამა თუ იმ პროექტზე. ყოველივე ეს აძლიერებს მათ ინდივიდუალურ და კოლექტიურ კრეატიულობას.

ამასთან ერთად, ციფრული მედიასაშულებების წყალობით მოზარდებს შეუძლიათ, შესაბამის ფორუმებზე უფასოდ და, რაც მთავარია, ანონიმურად მიიღონ ექიმებისგან რჩევები ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, რომელთა შესახებ კითხვა პირისპირ ურთიერთობისას შესაძლოა უჭირდეთ და სხვა.

საზოგადოდ, საეკრანო დროის საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა უფლებების კონვენციის კომიტეტმა 2014 წლის სექტემბერში მას საგანგებო სესიაც კი მიუძღვნა, მრავალსაათიანი სჯა-ბაასის შემდეგ შესაბამისი რეკომენდაციებიც იქნა მიღებული, რომლებიც ციფრული მედიასაშუალებების ბალანსირებულ და გონივრულ გამოყენებას ისახავს მიზნად. რეკომენდაციები ითვალისწინებს არა მარტო ბავშვის უფლებას, მისთვის ხელმისაწვდომი იყოს ციფრული საკომუნიკაციო საშუალებები, არამედ უსაფრთხოების ნორმების სწავლებას და დაცვასაც.

ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით, ორ წლამდე ასაკის ბავშვს ეკრანთან შეხება არ უნდა ჰქონდეს, ორი წლიდან კი საეკრანო დრო არ უნდა აღემატებოდეს დღეში 2 საათს. კონკრეტული რეკომენდაციები კი ასეთია:

* გაიტანეთ კომპიუტერი და ტელევიზორი ბავშვის ოთახიდან.

* იმისთვის, რომ შვილს მაგალითი მისცეთ, თავადაც 2 საათამდე შეზღუდეთ შინ კომპიუტერით სარგებლობის დრო.

* ნუ გამოიყენებთ ბავშვის გასართობად მედიასაშუალებებს კვების დროს.

* ადრეული ასაკის ბავშვის გასართობად კომპიუტერისა და სხვა ასეთი საშუალებების გამოყენება დაუშვებელია. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მასთან, დაგეგმეთ ოჯახური თამაშები, სეირნობა და აქტიური თამაში სუფთა ჰაერზე.

* ყურადღება მიაქციეთ, რომელ გადაცემებს უყურებს ან რომელ ინტერნეტგვერდებზე აქვს წვდომა თქვენს შვილს.

* ნუ ჩართავთ ტელევიზორს ფონად, მხოლოდ ხმისთვის. ამისათვის, ჯობს, რადიო გამოიყენოთ.

ამერიკის პედიატრიული აკადემია მოუწოდებს მშობლებს, მასწავლებლებს და პედიატრებს, მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმონ ბავშვის ეკრანთან გატარებულ დროს. ამავე ორგანიზაცის რეკომენდაციით, ბავშვისა და მოზარდის კონსულტირებისას პედიატრმა უნდა დასვას ორი დამატებითი კითხვა: “რამდენ ხანს ატარებ ყოველდღიურად ეკრანთან?”; “არის თუ არა კომპიუტერი ან ტელევიზორი შენს ოთახში?” დიდი როლი ენიჭება ამ საკითხებში მშობელთა განათლებას.

იმედი მაქვს, ჩვენი სტატია ქართველ მშობლებსაც დააფიქრებს და უბიძგებს, მეტი გულისყურით იზრუნონ შვილების ჯანმრთელობაზე.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: