როცა გულის რიტმი ირღვევა

გააზიარე:

დარწმუნებული ვარ, ერთხელ მაინც გქონიათ შეგრძნება, თითქოს გული გაჩერდა, ფეთქვა შეწყვიტა ან ძალიან ძლიერად შეიკუმშაო. მედიცინაში გულის ასეთ ქაოსურ შეკუმშვას ექსტრასისტოლია ეწოდება. ასეთი შეგრძნებები მოსახლეობის 70%-ს აწუხებს. თუმცა “აწუხებს” ხშირად გაზვიადებითაა ნათქვამი. ზოგი, მეტად ემოციური და დაკვირვებული, რიტმის ამ ცვლილებას მძაფრად აღიქვამს და მაშინვე ექიმს მიმართავს, ზოგს კი ის იმდენად უმნიშვნელო დისკომფორტს უქმნის, რომ სათვალავშიც არ აგდებს. საინტერესოა, რომელი მიდგომაა მართებული და როგორ მოვიქცეთ, თუ ასეთმა შეგრძნებებმა ჩვენც შეგვაწუხა. ექსტრასისტოლიის შესახებ პროფესორი, მედიცინის დოქტორი, კარდიოლოგი დავით მალიძე გვესაუბრება:

 

– ექსტრასისტოლია – ეს არის გულის ნაადრევი შეკუმშვები, რომლებიც განპირობებულია სინუსის კვანძის გარეთ იმპულსის წარმოქმნით. ექსტრასისტოლიის დროს ადამიანი შეიგრძნობს ძლიერ ან გამოტოვებულ გულის დარტყმას. იმპულსი, რომელიც გულს ამოძრავებს, ჩვეულებრივ, მარჯვენა წინაგულში მდებარე სინუსურ კვანძში რეგულარულად და თანაბრად წარმოიშობა, მერე კი წინაგულ-პარკუჭოვან კვანძსა და პარკუჭებში ვრცელდება. ექსტრასისტოლიის დროს გულის მამოძრავებელი იმპულსი წარმოიშობა არა სინუსურ კვანძში, არამედ პარკუჭებში ან მათ ზემოთ, წინაგულებში, ზოგჯერ კი – წინაგულოვან-პარკუჭოვან კვანძში. ამის მიხედვით განასხვავებენ სუპრავენტრიკულურ ანუ პარკუჭზედა და პარკუჭოვან ექსტრასისტოლიებს. პარკუჭზედა ექსტრასისტოლია, ჩვეულებრივ, საშიში არ არის, ამიტომ უპრიანი იქნება, თუ ყურადღებას პარკუჭოვან ექსტრასისტოლიაზე გავამახვილებთ.

– რით შეიძლება იყოს განპირობებული ექსტრასისტოლია?

– ექსტრასისტოლიას მრავალი მიზეზი აქვს. როგორც კარდიული, ისე არაკარდიულიც (მაშასადამე, გულთან დაკავშირებული და გულთან დაუკავშირებელი). არაკარდიულ მიზეზთაგან ყველაზე ხშირად გვხვდება:

* ელექტროლიტების (კალიუმის, ნატრიუმის, კალციუმის) დისბალანსი სისხლში, მაგალითად, კალიუმის დაბალი დონე;

* ორგანიზმის ინტოქსიკაცია სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებით;

* შფოთვა, სტრესი, პანიკური შიში, ისტერიკა, ნეიროცირკულარული დისტონია;

* კოფეინისა და ნიკოტინის ჭარბი მოხმარება;

* კოკაინისა და სხვა არალეგალური ნივთიერებების გამოყენება;

* მუდმივად დიეტაზე ყოფნა, ზედმეტი ვარჯიში;

* ცხოვრებისა და მუშაობის დაძაბული რეჟიმი;

* ცხელება;

* ანომალიური ვისცერული რეფლექსები მუცლის ღრუდან ქოლეცისტიტის, გასტრიტის, პანკრეატიტის და სხვათა დროს;

* ხერხემლის პათოლოგია – სკოლიოზი, ხერხემლის თიაქარი, ოსტეოქონდროზი, ხერხემლის სვეტიდან მალის გამოვარდნა;

* ზოგიერთი მედიკამენტის (მაგალითად, დიგიტალისის პრეპარატების ან ასთმის სამკურნალო საშუალებების) დოზის გადაჭარბება;

* ჰიპერთირეოზი – სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის მატება;

* სისხლში ჟანგბადის დაბალი შემცველობა (მაგალითად, ანემიის დროს);

* ალკოჰოლიზმი.

ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში აღმოცენებული ექსტრასისტოლია, წესისამებრ, არ არის საშიში და მიზეზის ლიკვიდაციასთან ერთად ქრება. მაგრამ ზოგჯერ ის გულის ორგანული დაავადებითაა განპირობებული და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს. შესაძლოა, უეცარი სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ექსტრასისტოლიას ყველაზე ხშირად გულის შემდეგი პათოლოგიური მდგომარეობები იწვევს:

* გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი;

* გულის ანთებითი დაავადებები – მიოკარდიტი, პერიკარდიტი, ენდოკარდიტი;

* გულის დაავადებებისთვის მნიშვნელოვანი რისკფაქტორების არსებობა – შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერქოლესტერინემია და სხვა;

* გულის სარქველთა დაავადებები, მაგალითად, მიტრალური პროლაფსი;

* დილატაციური კარდიომიოპათია – გულის კამერების მოცულობის მომატება;

* ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია – გულის კუნთის გასქელება.

ექსტრასისტოლიაზე საუბრისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მიზეზები, არამედ სიხშირეც, რომლის დადგენაც ოცდაოთხსაათიანი ჰოლტერმონიტორინგის მეშვეობით ხდება.

– რამდენი ექსტრასისტოლა მიიჩნევა ნორმად და პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის რა სახეები არსებობს?

– ოცდაოთხსაათიანი ჰოლტერმონიტორინის ჩატარებისას ნორმალურად მიიჩნევა დღე-ღამეში ანუ 24 საათში 200 პარკუჭოვანი ექსტრასისტოლა. ეს, წესისამებრ, არავითარ პრობლემას არ წარმოშობს და, შესაბამისად, არც მკურნალობა სჭირდება. ექსტრასისტოლები შეიძლება იყოს ერთეული ან წყვილი. სამ-ხუთ ზედიზედ აღმოცენებულ ექსტრასისტოლას ჯგუფურ ანუ ზალპურ ექსტრასისტოლას უწოდებენ.

ექსტრასისტოლიის ყველაზე ცნობილი კლასიფიკაცია 1971 წელს შემოიღეს ბ. ლაუნიმ და მ. ვოლფმა. ისინი გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ წარმოქმნილ ექსტრასისტოლებს შემდეგნაირად ყოფენ:

* იშვიათი, ერთეული ანუ ერთნაირი ექსტრასისტოლები – როდესაც მათი რაოდენობა საათში 30-ზე ნაკლებია;

* ხშირი ექსტრასისტოლები – საათში 30-ზე მეტი;

* პოლიმორფული ანუ სხვადასხვა გრაფიკული ფორმის ექსტრასისტოლები;

* წყვილი ექსტრასისტოლები;

* ადრეული ექსტრასისტოლები.

აქედან პირველი ორი უმეტესად არ მოითხოვს მკურნალობას, დანარჩენებს კი სხვადასხვაგვარი მართვა სჭირდება. ცნობილია, რომ ადრეული ექსტრასისტოლიის დროს დიდია უეცარი სიკვდილის საფრთხე.

– რამდენად საშიშია ექსტრასისტოლების არსებობა და რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ამას?

– ექსტრასისტოლია, ჩვეულებრივ, საშიში არ არის, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, თუ ის დაკავშირებულია გულის გამოხატულ ორგანულ ცვლილებებთან (როგორებიცაა გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიუმის ჰიპერტროფიული და დილატაციური მიოკარდიოპათია, გულის სარქვლოვანი დაავადებები, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი), შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სიცოცხლეს. ამ შემთხვევაში სათანადო ღონისძიებებია საჭირო.

გარდა ამისა, ხშირი ექსტრასისტოლია შესაძლოა გადაიზარდოს სიცოცხლისთვის საშიშ არითმიებში (პარკუჭოვანი ტაქიკარდია, წინაგულების ან პარკუჭების ფიბრილაცია და სხვა). თუ ექსტრასისტოლია ხშირია და, ამასთან, დიდი ხანია გრძელდება, შესაძლოა გამოიწვიოს გულის კუნთის დასუსტება – კარდიომიოპათია, რასაც გულის უკმარისობა მოჰყვება. ამიტომ, ანამნეზში კარდიოლოგიური პრობლემის არსებობისას, ასევე – ხშირი ექსტრასისტოლიის დროს პაციენტმა დროულად უნდა მიმართოს კარდიოლოგს. ამით თავიდან ავიცილებთ მოსალოდნელ, ზოგჯერ ძალზე სერიოზულ გართულებებს.

– კერძოდ, როდის უნდა მივიდეთ ექიმთან?

– მართალია, ექსტრასისტოლების უმრავლესობას მკურნალობა არ სჭირდება, მაგრამ ყოველთვის არსებობს ალბათობა, მის უკან რომელიმე სერიოზული დაავადება იმალებოდეს. ასეთი რამ რომ არ გამოგვეპაროს, არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი, თუ:

* ადრე არასოდეს გქონიათ ექსტრასისტოლია ან მან ხასიათი შეიცვალა;

* გრძნობთ ხშირ დამატებით გულის შეკუმშვებს (იგულისხმება 6-ზე მეტი 1 წუთის განმავლობაში ან ჯგუფური ექსტრასისტოლის ეპიზოდები);

* გაქვთ გულის დაავადების რისკფაქტორები – დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი, მაღალი არტერიული წნევა;

* ექსტრასისტოლია იწვევს ნერვული სისტემის და ფსიქიკის გადაძაბვას, შიშს და დისკომფორტს ჩვეული საქმიანობის დროს.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როგორ მოიქცეთ შინ, კარდიოლოგთან მისვლამდე, ექსტრასისტოლიის შესამცირებლად. უპირველესად, უნდა დააკვირდეთ და დააზუსტოთ, როდის გეწყებათ ექსტრასისტოლია: როდესაც წევხართ ან ისვენებთ თუ სხეულის მდგომარეობის შეცვლის დროს? ემოციური აღგზნებისა თუ დეპრესიის წუთებში? ხომ არ უკავშირდება იგი საკვების ან ალკოჰოლის მიღებას? იქნებ ნაბახუსევზე ან ფიზიკური ვარჯიშის დროს წარმოიშობა? გახსოვდეთ, ამ თითქოსდა უმნიშვნელო ინფორმაციას ექიმისთვის დიდი დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს, რათა მან სწორად წარმართოს პაციენტის მკურნალობა.

სასწრაფო დახმარების გამოძახება აუცილებელია, როდესაც ექსტრასისტოლიას თან ახლავს:

* გონების ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა;

* ტკივილი გულმკერდის არეში;

* ქოშინი, სუნთქვის გაძნელება;

* პროფუზული ოფლიანობა;

* თავბრუხვევა ან გულის წასვლის შეგრძნება.

ექსტრასისტოლიის შესამცირებლად ერიდეთ კოფეინს, ალკოჰოლ, ნიკოტინს – მათი დოზის შემცირება ხშირად ამცირებს გულის ფრიალს; ისწავლეთ სტრესისა და შფოთვის მართვა – ამაში სუნთქვითი ვარჯიშები ან კუნთების ღრმა მოდუნება დაგეხმარებათ; ეფექტურია იოგა, მედიტაცია, ზოგ შემთხვევაში – ვარჯიში; ეცადეთ, საკვები ხშირად და მცირე ულუფებით მიიღოთ.

თუ ექსტრასისტოლიის ყველა სერიოზული მიზეზი გამოირიცხა, მას ყურადღება აღარ უნდა მიაქციოთ.

– როგორ სვამენ ექსტრასისტოლიის დიაგნოზს და რომელი კვლევების ჩატარებაა აუცილებელი ამ დროს?

– ექსტრასისტოლიაზე ეჭვი პაციენტის ჩივილებისა და მონათხრობის შედეგად მიაქვთ, თუმცა საბოლოო დიაგნოზის დასასმელად და, რაც მთავარია, ექსტრასისტოლიის მიზეზის დასადგენად რამდენიმე კვლევის ჩატარება მაინც აუცილებელია.

უპირველესად, უნდა გამოვიკვლიოთ სისხლში ელექტროლიტების (კალიუმის, ნატრიუმის, კალციუმის) შემცველობა – როგორც უკვე მოგახსენეთ, ექსტრასისტოლიის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ ელექტროლიტური დისბალანსია. აუცილებელია ეკგ, ექოკარდიოგრაფია ანუ გულის ექოსკოპიური გამოკვლევა და ფიზიკური დატვირთვის ტესტი (ველოერგომეტრით ან სარბენი ბილიკით) – ეს იმის დადგენაში დაგვეხმარება, გვაქვს თუ არა საქმე გულის დაზიანებასთან. სასურველია პერიფერიული ნერვული სისტემის ტონუსის შეფასებაც, რათა დადგინდეს, ხომ არ არის მომატებული სიმპათიკური ან პარასიმპათიკური ნერვული სისტემის ტონუსი (აღნიშნულ გამოკვლევას ჩვენში, სამწუხაროდ, იშვიათად იყენებენ).

თუმცა ექსტრასისტოლიის შესაფასებლად ყველაზე ინფორმაციულია ოცდაოთხსაათიანი ეკგ ჰოლტერმონიტორინგი. ამ დროს პაციენტს სხეულზე ვამაგრებთ სპეციალურ მოწყობილობას, რომელიც 24 საათის განმავლობაში იწერს მის ელექტროკარდიოგრაფიულ მონაცემებს. მერე ამ მონაცემებს ჩვენ, ექიმები, ვშიფრავთ და დიაგნოზს ვსვამთ. ამ მეთოდით მხოლოდ რაოდენობრივად კი არ ვაფასებთ ექსტრასისტოლიას, არამედ ვიღებთ ინფორმაციას მისი მიზეზების შესახებაც; ვადგენთ, ექსტრასისტოლიის მიზეზი გულის იშემიური დაავაადებაა, დამატებითი გამტარი გზის არსებობა თუ სხვა კარდიოლოგიური პათოლოგია; რამდენად საშიშია აღმოჩენილი ექსტრასისტოლები უეცარი სიკვდილის განვითარების თვალსაზრისით.

გარდა ამისა, ოცდაოთხსაათიანი ჰოლტერმონიტორინგი გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებაც, არის თუ არა პაციენტის ავტონომიური პერიფერიული ნერვული სისტემა ექსტრასისტოლიის მიზეზი – ხშირი ექსტრასისტოლიის გამოწვევა შეუძლია როგორც სიმპათიკურ, ისე პარასიმპათიკურ ჰიპერტონუსს, თუმცა სამკურნალო მიდგომები პირველ და მეორე შემთხვევებში განსხვავებულია. იშვიათად შესაძლოა საჭირო გახდეს გულის ელექტროფიზიოლოგიური კვლევისა და კორონაროგრაფიული პროცედურის ჩატარება.

– როგორია მკურნალობის ტაქტიკა ექსტრასისტოლიის დროს?

– ექსტრასისტოლიათა უმეტესობა მკურნალობას არ მოითხოვს. მათი უმრავლესობა კარგი დასვენების შემდეგ გაივლის. საინტერესო ფაქტია, რომ საბჭოთა მედიცინა ექსტრასისტოლიების დროს პაციენტს აძლევდა საგზურს კურორტზე დასასვენებლად და მართლაც, ეს იყო საუკეთესო საშუალება ექსტრასისტოლიის სამკურნალოდ. პაციენტთა დიდი უმრავლესობა ექსტრასისტოლიის მოსახსნელად იყენებს დამამშვიდებელ წვეთებს – კატაბალახას, კორვალოლს, ვალოკორდინს.

თუ ექსტრასისტოლია რომელიმე არაკარდიოლოგიური დაავადებითაა გამოწვეული, ამ უკანასკნელს უნდა ვუმკურნალოთ. ძირითადი პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ ექსტრასისტოლიაც ქრება.

მედიცინაში ექსტრასისტოლიის სამკურნალოდ გამოიყენება ეგრეთ წოდებული ბეტა-ბლოკერები (კონკორი, ნებილეტი, ბეტალოკ-ზოკი, ატენოლოლი). მათ შორის ყველაზე სწრაფია ანაპრილინი, რომლის ჩაღეჭვა მყისიერად ხსნის ექსტრასისტოლიას. ხშირი და სერიოზული ექსტრასისტოლიის დროს, როდესაც არც ბეტა-ბლოკერები და არც სხვა ანტიარითმიული მედიკამენტები არ იძლევა შედეგს, გამოიყენება კორდარონი (ამიოდარონი).

ხშირად ექსტრასისტოლიია ქრება კორონარული სისხლმომარაგების აღდგენის შემდეგ – სტენტირების ან აორტოკორონარული შუნტირების შედეგად. იშვიათად (ჭPჭ სინდრომის დროს) გვიხდება არითმოლოგიური პროცედურის – კათეტერული აბლაციის ჩატარება. ამ დროს აღმოვაჩენთ უბანს, სადაც პათოლოგიური იმპულსები გიავლის და მას დაბალი ძაბვის მაღალსიხშირული დენით მოვწვავთ.

 

თამარ არქანია

გააზიარე: