ბედნიერი ახალი წლის რეცეპტი

გააზიარე:

ახალი წელი ყველას უყვარს. დიდებისთვის ის ახალი იმედების, ახალი გეგმების, ახალი მიზნების დასახვის დროა, პატარებისთვის კი ნამდვილი ზეიმი, რომელიც, ზეიმის ყველა წესის თანახმად, უამრავ სიხარულს ჰპირდება მათ.

როგორ მოვემზადოთ, რათა ახალი წელი მათთვის მართლაც დაუვიწყარ დღედ იქცეს? რა შეიძლება გავაკეთოთ საკუთარი ხელით სახლის პირობებში, რომ გარემოც და განწყობაც შესაბამისი შეიქმნას? რის გაკეთებას არ გვირჩევენ სპეციალისტები ამ საყოველთაო ეიფორიის დღეებში და რას უნდა ვარიდოთ ბავშვები, რომ მათი უსაფრთხოებაც დავიცვათ და კომფორტიც უზრუნველვყოთ? ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე პასუხებს სტატიაში იპოვით.

 

ყველაზე პატარები

სამ წლამდე ასაკის ბავშვები მოზეიმეთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებიან, ვინც ჯერ კიდევ ვერ გამოხატავს სათანადოდ საკუთარ განცდებს, ემოციებს, განწყობასა და სათქმელს. მათ შესაძლოა კი ჰქონდეთ გაგონილი ახალი წლისა და თოვლის პაპის შესახებ, მაგრამ, დიდი ალბათობით, არც ერთი წინა ახალი წელი არ ემახსოვრებათ. შესაბამისად, წელს ისინი უამრავი სიახლისა და საინტერესო ამბის მომსწრენი გახდებიან. სავარაუდოდ, თქვენს საოჯახო ალბომშიც მოიპოვება ფოტოები, სადაც საზეიმოდ მორთული, ბრჭყვიალა ნაძვის ხის ფონზე თეთრწვერა კაცის მუხლებზე შემოსკუპებული ბავშვი ზის და... გულამოსკვნილი ტირის. ხშირად ასე გამოხატავენ პატარები შიშს უცხო ადამიანის მიმართ (რომელსაც ადამიანსაც კი ვერ უწოდებ, რადგან ფრიად უცნაურად გამოიყურება – ბამბისმაგვარი წვერი აქვს, უზარმაზარი ჩაჩი ახურავს და დიდი ჯოხი უჭირავს ხელში, ზურგზე კი ვეება გუდა ჰკიდია). მოვლენების ასეთი განვითარებისგან თავი რომ დაიზღვიოთ, წინასწარ შეამზადეთ შვილი თოვლის პაპასა თუ სანტა კლაუსთან შესახვედრად, წაუკითხეთ საშობაო ზღაპრები, დაათვალიერებინეთ სურათები, მოუყევით საინტერესო ამბებს. არასოდეს დააძალოთ სურათის გადაღება ან თუნდაც საჩუქრის მისაღებად იმ “უცხო კაცთან” მისვლა, თუ თავად არ სურს და არ იჩენს ინიციატივას.

გახსოვდეთ ისიც, რომ ზრდასრულისთვის მისაღები და გასაგები რამ ბავშვისთვის შესაძლოა მიუღებელიც აღმოჩნდეს და მავნებელიც. ზედმეტი ხმაური, ბევრი ხალხი, ხმამაღალი მუსიკა ამ ასაკში არცთუ საუკეთესო არჩევანია. მოგვიანებით ბავშვი აუცილებლად გამოხატავს ამ ყველაფერზე თავისებურ რეაქციას – ჭირვეულობით, უგუნებობით, მოთენთილობით.

მათთვის, ვისაც ამ ასაკის პატარა ჰყავს, საუკეთესო გამოსავალი კამერული, მშვიდი საოჯახო ზეიმის მოწყობაა და აქ ნამდვილად არავინ შეგზღუდავთ – შეგიძლიათ ოჯახის წევრებთან ერთად ხელნაკეთი თოჯინებისგან ან ბავშვის სათამაშოებისგან პატარა წარმოდგენის გამართვა იმპროვიზებულ “საოჯახო თეატრში”, ბავშვის ჩართვა სამზადისში და მასთან ერთად ნაირ-ნაირი ფორმის შაქარლამების დაცხობა ან სახლის მოსართავად ფიფქებისა თუ სხვა ხელნაკეთი აქსესუარების დამზადება. ვარიანტი უამრავია, მთავარია, ბავშვის ინტერესები დავაყენოთ წინ და არა საკუთარი პრიორიტეტები.

 

ათ წლამდე

მთავარი, რაც ამ ასაკის ბავშვებს ახალი წლის დღეებში აინტერესებთ, ის არის, არსებობს თუ არა თოვლის პაპა და რას მოუტანს საჩუქრად (ან, თუ არ არსებობს, რას აჩუქებენ დედა, მამა, ბებო თუ პაპა).

პირველ კითხვაზე პასუხი არცთუ იოლი გასაცემია. ფსიქოლოგები ბევრს კამათობენ იმაზე, რა ჯობია – ვუთხრათ ბავშვს, რომ სინამდვილეში არავითარი ირმებშებმული მარხილი და მასზე ამხედრებული კეთილი მოხუცი არ არსებობს, ხოლო საჩუქრები ბუხრიდან კი არ ჩამოცვენიილა, მაღაზიაშია შეძენილი თუ “ვაცალოთ ბავშვობა” და შევუნარჩუნოთ ჯადოსნური, ზღაპრული, ფანტასტიკური ილუზია იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ პოლუსზე ცხოვრობს ლოყებღაჟღაჟა პაპა, რომელიც კარგ ბავშვებს ასაჩუქრებს.

ამ შემთხვევაში ალბათ ყველაზე მართებული იქნება საკითხის გადაწყვეტა საკუთარი შვილის ხასიათის გათვალისწინებით.

ასეთი პრაქტიკული გამოსავალიც შეგვიძლია შემოგთავაზოთ: აუხსენით შვილს, რომ ლაპლანდიაში მართლაც არის დასახლება, სადაც ნამდვილზე ნამდვილი სანტა კლაუსი ცხოვრობს, ირმებიც ჰყავს (რომლებიც, ცხადია, არ დაფრინავენ), ეტლიც აქვს და წერილებსაც იღებს. ეს ფაქტები ინტერნეტში მოძიებული ფოტოებითაც შეგიძლიათ გაამყაროთ. იმისთვის, რომ თქვენი პასუხი დამაჯერებელი იყოს, მცირე ცნობებს აქვე მოგაწვდით (შეგიძლიათ, ჩვენი ჟურნალის ავტორიტეტიც მოიხმოთ – აი, ჟურნალშიც წერენ, ნამდვილად არსებობსო).

 

სად ცხოვრობს სანტა

ამ საკითხზე მცირე გამოკითხვა რომ ჩაატაროთ, პასუხებში არაერთხელ გაიელვებს ჩრდილოეთ პოლუსის სახელი. მართლაც, ბევრს ჰგონია, რომ სანტა-კლაუსი ჩრდილოეთ პოლუსზე ცხოვრობს. სინამდვილეში საქმე სხვაგვარადაა. ჩრდილოეთ პოლუსზე ხომ მიწა არ არის – მხოლოდ ყინულოვანი ოკეანე და უზარმაზარი აისბერგებია, სანტა-კლაუსის სამშობლოდ კი ლაპლანდია ითვლება. ეს რეგიონი, სადაც, ტრადიციულად, საამები, იგივე ლოპარები და ლაპლანდიელები ცხოვრობენ, ახლა ოთხი ქვეყნის: ნორვეგიის, შვედეთის, ფინეთისა და რუსეთის ტერიტორიას მოიცავს. სანტა-კლაუსის ქოხი ფინეთის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზეა. ამ მიდამოებში ლაპლანდიისთვის დამახასიათებელი მთიანი და გორაკებიანი პეიზაჟია. სწორედ აქ არის პოლარული ღამეები და სახელგანთქმული ჩრდილოეთის ციალი. აქ სანტა-კლაუსთან ერთად ჩრდილოეთის ირმებიც ბინადრობენ, ირმები და სანტა კი უერთმანეთოდ მართლაც წარმოუდგენელია. ერთი სიტყვით, ამ მშვიდ, თვალწარმტაც და ლამაზ ქვეყანაში ცხოვრობს ნამდვილი სანტა. დეკემბრის დამდეგს მისი არდადეგები სრულდება და სამუშაო დღეები იწყება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კეთილი ბაბუა ირმებშებმულ მარხილზე სათამაშოებითა და ტკბილეულით სავსე ტომრებს შემოაწყობს და საჩუქრების დასარიგებლად მიემართება!

 

სიფრთხილეს თავი არ სტკივა

ათ წლამდე და ამაზე უფროსი ასაკის ბავშვების მშობლებს წინასაახალწლო დღეებში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ საახალწლო მაშხალებისა და ასაფეთქებლების ხშირი გამოყენების გამოც. გახსოვდეთ, საახალწლო მაშხალების, ფეიერვერკებისა და შუშხუნების არასწორ გამოყენებას ხშირად სავალალო შედეგამდე მივყავართ. ეს პრობლემა ყოველთვის იჩენს თავს დეკემბერსა და იანვარში, რადგან მარკეტებში, მაღაზიებში, ბაზრობებზე უკონტროლოდ იყიდება უხარისხო პროდუქცია. ამ საზეიმო დღეებში ნამდვილად არ გვსურს არავის დაშინება, მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ამიტომ შარშანდელ სტატისტიკას შეგახსენებთ – 2013 წლის 31 დეკემბრის ღამეს პიროტექნიკით დაშავებულთა რაოდენობამ 582-ს(!) მიაღწია!

პიროტექნიკის შეძენისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ვადას (ვადაგასული პროდუქცია ხშირად იყიდება ბაზრობებზე) და შენახვის პირობებს (ნესტიან ადგილას შენახული ასაფეთქებლები და მაშხალები საშიშია!). თვალი ადევნეთ, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად არ ააფეთქოს პიროტექნიკა!

 

ერთად ვაცილებთ ძველს და ვეგებებით ახალს

ახალი წელი ოჯახის წევრების თავშეყრის დროცაა. თუ მთელი წლის განმავლობაში სამსახურებისა და სასწავლებლების წყალობით ერთმანეთს თითქმის ვერ ვხედავთ, ახალი წლის დღეებში თავისუფლად შეიძლება ამის კომპენსირება. გამოიყენეთ ეს დრო ერთობლივი დროსტარებისთვის, დაგეგმეთ საინტერესო ადგილების მონახულება, გაერთეთ სამაგიდო თამაშებით, ერთად მორთეთ ნაძვის ხე, ხელით დაამზადეთ ინტერიერის გადასახალისებელი აქსესუარები, თუ საშუალება გაქვთ, შეცვალეთ ოთახებში ავეჯის განლაგება, შემატეთ რამე სიახლე ინტერიერს...

ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო იქნება ასეთი აქტივობაც: შეკრიბეთ ოჯახის ყველა წევრი და შეაჯამეთ გასული წელი. თითოეულმა თქვას, რა იყო ყველაზე სასიამოვნო, ყველაზე სამახსოვრო და საინტერესო ან, პირიქით, უსიამოვნო, ისეთი, რის გამეორებასაც აღარ ისურვებდა. ჩამოწერეთ მომავალი წლის გეგმები, ისაუბრეთ იმ ცვლილებებზე, რომელთა განხორციელებასაც აპირებთ, ერთად გაიაზრეთ, რას ელით ახალი წლისგან, ერთმანეთისგან, რის მიღწევას ისურვებდით... ეს “საქმიანი” შეხვედრები განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ბავშვებისთვის – ისინი უფროსების თანასწორებად იგრძნობენ თავს და დარწმუნდებიან, რომ მათი ცხოვრების თითოეული წვრილმანი, კარგიც და ცუდიც, მნიშვნელოვანია ოჯახის კეთილდღეობისთვის.

 

დაბოლოს – გასტრონომიული რჩევები

დაფიქრდით, მეტწილად რისგან შედგება საახალწლო სუფრა. როგორც კი ჩამოთვლას დაიწყებთ, უმალ შეამჩნევთ, რომ ბავშვებისთვის მარგებელი და შესაფერისი ამ მენიუში ცოტა რამაა. ამიტომ წინასწარ იზრუნეთ მათ რაციონზე. მოიმარაგეთ ცოცხალი ხილი, ბოსტნეული, ჩირი. მოარიდეთ ბავშვები ზედმეტად ცხიმიან, ნიგვზიან, ცხარე და მჟავე კერძებს. ნურც ტკბილი გაზიანი სასმელების მავნებლობას დაივიწყებთ – მათ ნაცვლად პატარებს ნატურალური წვენები ან ჩაი შესთავაზეთ.

ნინო ლომიძე

გააზიარე: