თირკმლის გადანერგვა – დონორობის პრობლემა საქართველოში

გააზიარე:

წესისამებრ, ამ პრობლემის სიმწვავეს მხოლოდ მაშინ ვგრძნობთ, როდესაც ის ჩვენს ახლობელს შეეხება. მტერს არ ვუსურვებთ! ვერავინ წარმოიდგენს, რას განიცდის თირკმლის დონორის მაძიებელი პაციენტი, რომელიც კვირაში სამჯერ დიალიზს იტარებს, რომლის დონორობა ამა თუ იმ მიზეზით კანონით ნებადართულ არც ერთ ნათესავს არ შეუძლია და რომელიც შეუსვენებლად ეძებს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალებას, რაც ფინანსურთან ერთად მრავალ სხვა სირთულესაც უკავშირდება.

კონსტანტინე ერისთავის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნეფროლოგიის, ჰემოდიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის უფროსი, ქირურგი ტრანსპლანტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ღონღაძე თირკმლის ტრანსპლანტაციისა და საქართველოში დონორობის პრობლემის შესახებ გვესაუბრება.

 

– ტრანსპლანტაციის ოპერაცია თირკმლის იმ პათოლოგიების დროს ტარდება, როდესაც თირკმელი კარგავს ფილტრაციის უნარს და პაციენტს სჭირდება ჩანაცვლებითი თერაპია – ჰემოდიალიზი. ჰემოდიალიზზე მყოფ 60 წლამდე ასაკის პაციენტს შეუძლია (და უმეტესად სასურველიცაა), თირკმლის გადანერგვას მიმართოს, თუმცა საქართველოში ეს ასე მარტივად ვერ ხერხდება. ტრანსპლანტაციაზე მოთხოვნა დიდია, მაგრამ პაციენტებს არ ჰყავთ დონორები. როდესაც საქართველოში 2000 წელს შემუშავდა საკანონმდებლო ბაზა, დაწესდა თირკმლის ტრანსპლანტაციის ლიმიტი: თავდაპირველად – წელიწადში მხოლოდ 10 გადანერგვა, შემდეგ – 15. ორი წელიწადია, ლიმიტი გაუქმდა, რის შედეგადაც 2013 წელს თირკმელი 32 ადამიანს გადაენერგა. ამ კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკა მისასალმებელია – შეზღუდვების მოხსნა, ერთი მხრივ, დარგის განვითარებას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი პაციენტს აღარ ექმნება პრობლემები ოპერაციის გაჭიანურების გამო – ამ მიზეზით გადანერგვა ხშირად იბლოკება და ოპერაცია ვეღარ ტარდება.

– ვის შეუძლია, დონორობა გაუწიოს პაციენტს?

– კანონის თანახმად, დონორი უნდა იყოს პირველი ან მეორე რიგის ნათესავი. უკანასკნელი ცვლილებით, დონორთა არეალი გაფართოვდა, მეორე რიგის ნათესავებში ცოლის ნათსავებიც იგულისხმება. ანუ დონორობა შეუძლიათ ოჯახის წევრებს – მეუღლეს, და-ძმას, ასევე – ბიძაშვილს, მამიდაშვილს, დეიდაშვილს, ბიძას და მეუღლის იმავე რიგის ნათესავებს.

– რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს დონორი? გასათვალისწინებელია თუ არა მისი სქესი და ასაკი?

– სქესისა და ასაკის თანხვედრას დონაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს (დაშვებულია დონაცია 60-65 წლამდე). დონორის შერჩევისას გადამწყვეტია სისხლის ჯგუფი (და არა რეზუსფაქტორი) და ჯვარედინი იმუნოლოგიური შეთავსება – ე.წ. Cross-match test. ეს არის იმუნოლოგიური ანალიზი, რომლისთვისაც დონორის ლიმფოციტები და რეციპიენტის სისხლის შრატი გამოიყენება და რომლის მიხდვითაც დგინდება, როგორ უპასუხებს დონორის ანტიგენები რეციპიენტის ორგანიზმის ექვს ძირითად ანტისხეულს. გადანერგვისათვის გადამწყვეტი სწორედ ეს ჯვარედინი შეთავსებაა. ტესტი შეთავსებულად მიიჩნევა, თუ არ დადასტურდა დონორის ლიმფოციტების ლიზისი (დაშლა). არის შემთხვევები, როდესაც ოჯახის წევრის თირკმელი ვერ ეთავსება პაციენტს და პირიქით, უცხო დონორისა თავსებადია, ამ შემთხვევაში გვამურ დონაციაზეა საუბარი.

– რა მდგომარეობაა საქართველოში გვამურ დონაციასთან დაკავშირებით? რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საქართველოს კანონმდებლობით ეს ნებადართულია...

– დიახ, კანონმდებლობით 2002 წლიდან ნებადართულია გვამური დონაცია, შექმნილია დონორთა ბანკი. ადამიანები აცხადებენ თანხმობას, რომ სიკვდილის შემთხვევაში მათი ორგანოები გამოყენებულ იქნეს ტრანსპლანტაციისთვის. თუმცა ასეთი განცხადება ძალიან ცოტაა. კანონი მიღებულია, მაგრამ, საზოგადოების მენტალიტეტის გამო, ეს პრაქტიკა არ არის დამკვიდრებული. არადა გვამური დონაციის გარეშე ტრანსპლანტაციაზე საუბარი გამორიცხულია, განსაკუთრებით – კენტი ორგანოებისა (ღვიძლისა, გულისა). თირკმლის გაღება, ვინაიდან ის წყვილი ორგანოა, ცოცხალ ადამიანსაც შეუძლია, თუმცა, როგორც აღვნიშნე, დონორობის უფლება შეზღუდულია.

 – რა პირობები უნდა დაკმაყოფილდეს გვამური ორგანოს დონაციის დროს?

– იმისთვის, რომ ორგანო ტრანსპლანტაციისთვის გამოდგეს, უნდა დაფიქსირდეს ადამიანის ტვინის სიკვდილი. უცხოეთის მრავალ ქვეყანაში (საფრანგეთში, ინგლისში, აშშ-ში) პრაქტიკა ასეთია: სპეციალური ეთიკური კომისია განიხილავს კონკრეტული ადამიანის მდგომარეობას(ეთიკურ კომისიაში შედიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები); თუ დადგინდა, რომ ტვინი მკვდარია, სხეული მხოლოდ აპარატის დახმარებით ცოცხლობს, მის ორგანოებს იღებენ დონაციის მიზნით. დონაციის ასეთი კანდიდატები ყველაზე ხშირად ავტოკატასტროფაში მოხვედრილი ადამიანები არიან.

სრული ბიოლოგიური სიკვდილის შემთხვევაში, ანუ როგორც კი სისხლის მიმოქცევა შეწყდება, ორგანოები დონაციისთვის აღარ არის გამოსადეგი.

ორგანო ამოღებიდან მალევე უნდა გადაინერგოს, თირკმლის სპეციალურ ხსნარში შენახვა მაქსიმუმ 72 საათამდეა შესაძლებელი, ღვიძლისა – მხოლოდ 6-7 საათს, რადგან ის უფრო ადვილად ზიანდება, ამიტომ ორგანოს ამოღებამდე იკვლევენ სისხლის ჯგუფს, ბანკიდან იღებენ დონორობის რიგში მყოფი ადამიანის მონაცემებს, იკვლევენ ჯვარედინ იმუნოლოგიურ შეთავსებას და გადანერგვისთვის იმ პაციენტს იძახებენ, ვისი მონაცემებიც ყველაზე მეტად დაემთხვევა გარდაცვლილისას.

– როგორ მზადდება პაციენტი საოპერაციოდ და როგორია გართულებების რისკი ოპერაციის შემდეგ?

– ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანიზმი ახალგადანერგილ თირკმელს უცხო სხეულად აღიქვამს. თუ არ დავთრგუნეთ იმუნიტეტი, ორგანოს მწვავე მოცილება განვითარდება და თირკმელი ამოსაღები გახდება. ამის თავიდან ასაცილებლად პაციენტები ძლიერ იმუნოსუპრესორებს (იმუნიტეტის დამთრგუნველ პრეპარატებს) იღებენ (იმუნოსუპრესია პაციენტს ერთადერთ შემთხვევაში არ სჭირდება – როდესაც მისი დონორი იმავე კვერცხუჯრედიდან განვითარებული იდენტური ტყუპისცალია). დათრგუნული იმუნიტეტის ფონზე კი ათასგვარი გართულებაა მოსალოდნელი, ამიტომ ოპერაციის წინა პერიოდში პაციენტსადა მის  დონორს ყოველმხრივ იკვლევენ – თავის ტვინით დაწყებული, კბილებით დამთავრებული. ყველა რისკი ზედმიწევნით არის გათვალისწინებული.

ისევე როგორც ნებისმიერი ოპერაცია, ტრანსპლანტაციაც შესაძლოა გართულდეს თრომბოზით, სისხლდენით, განვითარდეს ანასტომოზის უკმარისობა, შარდსაწვეთის პრობლემები. მოსალოდნელია თირკმლის მწვავე მოცილება, სხვა თანხმლები დაავადების გამოვლენა, რომლებმაც შესაძლოა, წინასწარი გამოკვლევების მიუხედავად, ამ ეტაპზე წინა პლანზე გადმოინაცვლოს. შესაძლოა, ისეთმა პრობლემამ იჩინოს თავი, რასაც მანამდე დიდი მნიშვნელობა არ ენიჭებოდა. სწორედ ამიტომ სკრუპულოზურად უნდა გამოვიკვლიოთ პაციენტი. რაც უფრო ზედმიწევნით გამოვიკვლევთ, მით უფრო ნაკლებ სირთულეს  შევეჯახებით ოპერაციის შემდეგ.

– რა რისკი ემუქრება დონორს ორგანოს გაცემის შემდეგ?

– ჩვენში რატომღაც ჰგონიათ, რომ თუ ადამიანი თირკმელს გაიღებს, ის ინვალიდად რჩება. ეს მცდარი მოსაზრებაა. ზოგიერთი ადამიანი ცალი თირკმლით იბადება. რა თქმა უნდა, ეს პათოლოგიაა, მაგრამ ამ ცალი თირკმლითაც კი ის უპრობლემოდ გალევს სიცოცხლეს.

ადამიანი, რომელიც გასცემს თირკმელს, არ ინვალიდდება. ის სრულფასოვანი ადამიანია, რომელსაც რაციონიც კი არ ეზღუდება. რაც შეეხება ოპერაციის გართულებას, ასეთი რამ ნებისმიერი ქირურგიული ჩარევის დროს ნებისმიერ პაციენტთან არის მოსალოდნელი.

– როდის არ შეიძლება დონორობა?

– ტრანსპლანტოლოგიაში ზედმიწევნით მნიშვნელოვანია დონორ-რეციპიენტთა სწორი სელექცია. ცოცხალი დონაციის უკუჩვენებებია

* ასაკი – 18 წელზე ნაკლები და 60-65 წელზე მეტი;

* არტერიული ჰიპერტენზია ( >140`90 მმ ვწს) ან ჰიპოტენზიური პრეპარატების პერმანენტული გამოყენება;

* შაქრიანი დიაბეტი (გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა);

* პროტეინურია ( > 250 მგ/24 სთ);

* შარდკენჭოვანი დაავადება;

* გორგლოვანი ფილტრაცია < 80 მლ`წთ;

* მიკროჰემატურია;

* უროლოგიური პათოლოგია;

* სხვადასხვა დაავადება (ფილტვების ქრონიკული პათოლოგია, ონკოპათოლოგია);

* სიმსუქნე (ნორმალურ წონაზე 30%-ით მეტი);

* ანამნეზში თრომბოზისა და თრომბოემბოლიის არსებობა;

* ფსიქიატრიული დარღვევები;

* გენეტიკურად თირკმლის პათოლოგიის, შაქრიანი დიაბეტისა და ჰიპერტენზიის არსებობა.

– რა ბედი ეწევა თირკმლის ტრანსპლანტაციის დროს პაციენტის თირკმელებს?

– თუ გამოკვლევები დაადასტურებს, რომ რეციპიენტის თირკმელები არაფერში გვიშლის ხელს, მათ ვტოვებთ, რათა პაციენტს ზედმეტი ტრავმა არ მივაყენოთ; თუ დიაგნოსტირებულია პოლიკისტოზი ან სხვა პათოლოგია, რომელიც წარმოშობს ინფექციის მაღალ რისკს, მათ ვიღებთ.

– დაახლოებით რამდენი ხნის განმავლობაში ფუნქციობს გადანერგილი თირკმელი?

– ეს მეტად ინდივიდუალურია. ოპერაციიდან მხოლოდ ერთი წლის შემდეგ შეიძლება იმის თქმა, რომ გადანერგვა წარმატებული იყო, მაგრამ არ არის გამორიცხული, გართულებები ამის შემდეგაც განვითარდეს. ეს მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, როგორ უვლის თავს პაციენტი. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ზედმიწევნით იცავენ ექიმის მითითებებს, და ისეთებიც, რომლებსაც ჰგონიათ, რომ გადანერგვით ყველა პრობლემა მოგვარდა, არ იტარებენ საკონტროლო ანალიზებს, დროულად არ იღებენ წამლებს, არ ითვალისწინებენ სხვა რეკომენდაციებს.

– რა რეკომენდაციები ეძლევათ პაციენტებს გადანერგვის შემდეგ?

– ძალიან ბევრი, დაწყებული იმით, რომ ერიდონ მზეს, დამთავრებული გრეიპფრუტის აკრძალვით. მათ ვატანთ სამახსოვროს, სადაც ყველაფერი დაწვრილებით არის ჩამოთვლილი. ყველაზე მნიშვნელოვანია ინსოლაციისთვის თავის არიდება, რადგან იმუნოდეპრესანტების ფონზე იმატებს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით კანის სიმსივნის განვითარების რისკი, გრეიპფრუტი კი იმუნოსუპრესიული მედიკამენტების მოქმედებას აძლიერებს.

 – რას აფინანსებს სახელმწიფო დიალიზის ან ტრანსპლანტაციის შემთხვევაში?

– საქართველოში მოქმედებს დიალიზისა და თირკმლის ტრანპლანტაციის პროგრამა, რომლის ფარგლებში ფინანსდება როგორც დიალიზი, ასევე თირკმლის გადანერგვის ოპერაციაც, რაც მოიცავს ოპერაციისწინარე კვლევების გარკვეულ ნაწილს და ოპერაციის შემდეგ მისაღები პრეპარატების ღირებულებას.

ჩვენს კლინიკაში პაციენტებს, რომლებსაც ძალიან უჭირთ, მფლობელის კეთილი ნებით, მაქსიმალურად ვეხმარებით და დამატებით კველვებსაც უფასოდ ვუტარებთ.

– რა შეიძლება გეკეთდეს იმისთვის, რომ საზოგადოებაში გვამური დონაციის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალოს?

– ვფიქრობ, ამას კომპლექსური მიდგომა სჭირდება. სამწუხაროდ, ჩვენში პრობლემაზე ფიქრს მაშინ იწყებენ, როცა ის უშუალოდ შეეხებათ. იმისთვის, რომ ადამიანებმა გვამური დონაცია მისაღებად ჩათვალონ, თაობების გენერაციაა საჭირო. ეკლესიამაც უნდა შეასრულოს აქტიური როლი. დონაცია ჩვენში არ აღიქმება მომაკვდავის დახმარებად. ეს თემა პრესტიჟული უნდა გახდეს – ადამიანი კვდება, მაგრამ, სულ ცოტა, 4-5 კაცის გადარჩენა, მათი სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. ასეთი მიდგომით პაციენტის პატრონიც უფრო გაბედულ ნაბიჯს გადადგამდა. ჩვენში მუდამ სასწაულის მოლოდინში არიან, რაც, სამწუხაროდ, დადასტურებული ტვინის სიკვდილის შემდეგ აღარ ხდება.

ასევე დიდ როლს ასრულებს ექიმების მიმართ უნდობლობაც. ბევრი არ ენდობა დიაგნოზს, დიდი პრობლემაა ცოდნის დეფიციტი. მოსახლეობამ მეტი უნდა იცოდეს და მეტი ნდობა ჰქონდეს ექიმის  მიმართ.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: