ფილტვებისა და ბრონქების დაავადებები გავრცელებული დიაგნოზი – ბრონქიტი

გააზიარე:
  ზამთრის თვეებში ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება, თუმცა არც წელიწადის სხვა დროს გვავიწყებს თავს. ზედა სასუნთქი გზების ინფექციები ზოგჯერ ქვედა სასუნთქ გზებსაც ითრევს და მათი ანთებით – ბრონქიტით ან პნევმონიით – რთულდება. საქართველოში მწვავე ბრონქიტის დიაგნოზი ხშირად ისმება, უმეტესად – ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებთან, თუმცა არც სხვა კატეგორიის პირებთან არის იშვიათი, მეტადრე _ მწეველებთან.


კიდევ ერთხელ დეტალებზე
ბრონქები სასუნთქი გზების ნაწილია, დატოტვილი მილების სისტემა, რომლის მეშვეობითაც ჰაერი სასულიდან ფილტვებს მიეწოდება. ბრონქიტი კი ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება გახლავთ.
ბრონქიტს უმეტესად  ვირუსი იწვევს. მას ავრცელებს დაავადებული ადამიანი ხველის დროს. შესაძლებელია ინფიცირება ვირუსით დაბინძურებული ხელის პირზე, ცხვირზე, თვალზე მიდებითაც. ბრონქიტის გამომწვევი ვირუსებია: რინოვირუსი, კორონავირუსი, გრიპის ვირუსი, ადენოვირუსი, რს-ვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, მარტივი ჰერპესის ვირუსი. არსებობს ბაქტერიული წარმოშობის ბრონქიტიც. ამ შემთხვევაში გამომწვევი უმეტესად მიკოპლაზმა ან ქლამიდიაა.
აქვე უნდა ითქვას, რომ ინფექციური აგენტი სასუნთქ გზებში ასე იოლად ვერ ხვდება. ამას ხელს უშლის ორგანიზმის დამცავი ბარიერები: ჩასუნთქული ჰაერი ჯერ ცხვირის ღრუში იფილტრება – აქ არსებულ წამწამებზე ილექება მტვერი და ჰაერში არსებული სხვა ნაწილაკები; უფრო შორს შეჭ
რილ ნაწილაკებს ბრონქების ამომფენი ლორწოვანი გარსი აკავებს ლორწოთი და წამწამებით; თუ რომელიმე მიკრობმა ეს ბარიერიც გადალახა, დიდია ალბათობა, დაავადება განვითარდეს.

ყველაფერი ხველით იწყება
ვინაიდან მწვავე ბრონქიტი უმეტესად რესპირაციული ვირუსებით არის გამოწვეული, ხშირად მას წინ უძღვის ამ ინფექციებისთვის დამახასიათებლი სიმპტომები: შემცივნება, სუსტი ცხელება, სისუსტე, ცხვირიდან გამონადენი, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ხმის ჩახლეჩა. თავად ბრონქიტი ლორწოვანის გაღიზიანების გამო მშრალი ხველით იწყება. მასზე მიგვანიშნებს სხვა სიმპტომებიც:
* თეთრი, ყვითელი ან მომწვანო ფერის ნახველი;
* თავის ტკივილი;
* საერთო სისუსტე;
* 37-38-გრადუსიანი ცხელება;
* ქოშინი;
* მტკივნეულობა და დაჭიმულობა მკერდის არეში;
* ხიხინი (სტვენისმაგვარი ხმიანობა სუნთქვისას).
ამ ნიშნებიდან ბრონქიტისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია ხველა. ბრონქების ლორწოვანის ანთებისა და შეშუპების გამო ბრონქში ჰაერის გავლა ჭირს, ჰაერის დეფიციტი აღიზიანებს ლორწოს წარმომქმნელ უჯრედებს და უფრო მეტი ლორწოს წარმოქმნას უწყობს ხელს, ამიტომ ჩნდება უხვი ნახველი.  

ხანმოკლე და ხანგრძლივი ვარიანტები
ბრონქიტი მწვავეც შეიძლება იყოს და ქრონიკულიც. მწვავე ბრონქიტისთვის დამახასიათებელია სიმპტომების სწრაფი განვითარება, მაგრამ ისინი მალე, რამდენიმე კვირაში ალაგდება. თუ ხველა სამ თვეზე მეტხანს გაგრძელდა, ქრონიკულ ბრონქიტზე საუბრობენ. ეს უკანასკნელი თვეობით, წლობით გრძელდება. ქრონიკული ბრონქიტის მიზეზი უმეტესად თამბაქოს კვამლია. სახიფათოა არა მარტო აქტიური, არამედ პასიური მოწევაც. ეს იმას ნიშნავს, რომ მწეველთა გარემოში ქრონიკული ბრონქიტის განვითარების საფრთხე ყველას ემუქრება. 
ქრონიკული ბრონქიტით დაავადებულებს უფრო ადვილად ემართებათ ბაქტერიული ინფექციები, პნევმონია – ფილტვების ანთება. პნევმონიით ყველაზე ხშირად სწორედ მწეველები და პასიური მწეველები ავადდებიან. ბრონქიტის განვითარებასა და მისი სიმპტომების გამწვავებას დაბინძურებული ჰაერიც უწყობს ხელს.
თუ ადამიანს ხშირად უმეორედება მწვავე ბრონქიტი, შესაძლოა, ის ქრონიკულ ფორმაში გადაეზარდოს. ქრონიკული ბრონქიტის დროს შემცივნება და ცხელება არ შეინიშნება, თუმცა თვალსაჩინოა ბრონქიტის სხვა ნიშნები – ხველა, ქოშინი, მკერდის დაჭიმულობა... თუ ბავშვს დროულად არ ვიმკურნალეთ, ეს სიმპტომები შესაძლოა თვეობით და წლობით გაგრძელდეს. 
ბრონქიტის ძირითადი გართულებებია პნევმონია, რომელიც პაციენტთა საშუალოდ 5%-ს უვითარდება, და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

დიაგნოზი და მკურნალობა
ბრონქიტის დიაგნოზს ტრადიციული მეთოდით _ სტეთოსკოპით მოსმენითაც სვამენ. აფასებენ ხიხინს, ანამნეზს – როდის დაიწყო, რას უჩივის პაციენტი, რით მკურნალობდნენ, ჰქონია თუ არა ადრე მსგავსი ეპიზოდები, ხომ არ აწუხებს ალერგია და ასე შემდეგ.
საჭიროებისას პნევმონიის გამოსარიცხად ტარდება რენტგენოგრაფიული კვლევა, სისხლის საერთო ანალიზი, ასთმაზე ეჭვის შემთხვევაში – სპირომეტრია. 
რაც შეეხება მკურნალობას, გაითვალისწინეთ, რომ თუ მწვავე ბრონქიტი ვირუსული წარმოშობისაა, ანტიბიოტიკი უსარგებლოა. მწვავე ბრონქიტი, წესისამებრ, მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს და ჰოსპიტალიზაციას არ მოითხოვს. ავადმყოფს უნდა მივცეთ ბევრი სითხე, მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში – სიცხის დამწევი პრეპარატი. ინიშნება ამოსახველებელი საშუალებებიც, თუმცა  მათი ეფექტიანობა და სარგებლიანობა დადასტურებული არ არის. მეტად საფრთხილოა ხველის დამთრგუნველი მედიკამენტების გამოყენება – კვლევების თანახმად, ასეთი საშუალებები არ აჩქარებს გამოჯანმრთელებას, თანაც ნახველის ევაკუაციის დათრგუნვამ შესაძლოა ბაქტერიულ გართულებას შეუწყოს ხელი. ბევრს უყვარს ამ დროს ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება, რაც ასევე არ არის რეკომენდებული – ისინი აშრობენ ნახველს და შესაძლოა, ხველა გააძლიერონ. 
თუ მაინც გახდა საჭირო ამოსახველებლის ან ბრონქოდილატატორის დანიშვნა, ბავშვებს ისინი უმჯობესია ნებულაიზერით მივაწოდოთ – მოწყობილობით, რომლის წყალობითაც წამალი ბრონქებამდე უკეთ აღწევს. ნებულაიზერით შეიძლება ფიზიოლოგიური ხსნარის მიწოდებაც – დღეში 4-6-ჯერ 10-10 წუთის განმავლობაში. ეს ბრონქების ლორწოვანის შეშუპებას შეამცირებს. 
ქრონიკული ბრონქიტის მკურნალობის მიზანი, უპირველეს ყოვლისა, გამაღიზიანებელი ფაქტორის მოხსნაა.
ანტიბიოტიკი ინიშნება მხოლოდ მაშინ, როდესაც სავარაუდოა ბაქტერიული ინფექცია (ამაზე მიუთითებს ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, ცხელების გაგრძელება კვირაზე მეტხანს, ცხელების მეორე ტალღა, უხვი და ჩირქოვანი ნახველი) და მაშინ, თუ, ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ვეჭვობთ მიკოპლაზმურ, ქლამიდიურ ინფექციას ან ყივანახველას, ანდა მწვავე ბრონქიტის სიმპტომებთან ერთად აღინიშნება სინუსიტი ან ოტიტი.

შეცდომა რომ არ მოგვივიდეს
სტატისტიკა მოწმობს, რომ ბრონქიტი ბავშვთა ასაკში საგრძნობლად გახშირდა. განსაკუთრებით ხშირად ავადმყოფობენ პატარები მსტვენი ბრონქიტით – ასეთი უცნაური სახელი შეარქვეს მშობლებმა მდგომარეობას, როცა პატარა ხველასთან ერთად ხმაურით, სტვენით სუნთქავს, სამედიცინო წრეებში კი მას მწვავე ობსტრუქციული ბრონქიტის სახელით იცნობენ.
სხვადასხვა ავტორის მონაცემებით, ბავშვთა ბრონქიტი ასიდან 25 შემთხვევაში მსტვენი ანუ მწვავე ობსტრუქციული ბრონქიტის სახით მიმდინარეობს. სტვენის მიზეზი ბრონქების სანათურის შევიწროებაა, რასაც მათი ანთებითი დაზიანება იწვევს. შევიწროებულ ბრონქში ჰაერს გავლა უჭირს. სწორედ ამიტომ წარმოშობა ამოსუნთქვისას სტვენისმაგვარი ხმიანობა.
მწვავე ობსტრუქციულ ბრონქიტს ორასამდე ვირუსი და ორმოცდაათამდე ბაქტერია იწვევს. ადრეული ასაკის ბავშვებთან მისი გამომწვევები უმეტესად რესპირაციულ-სინციტიური, გრიპის, პარაგრიპის ვირუსები, ციტომეგალოვირუსი და რინოვირუსი გახლავთ. სკოლამდელ და სასკოლო ასაკის ბავშვებში ჭარბობს ადენოვირუსით, მიკოპლაზმით გამოწვეული ფორმები.
ობსტრუქციული ბრონქიტის მიზეზად შეიძლება იქცეს ბაქტერიაც: პნევმოკოკი, სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი...
ბავშვთა ასაკში მწვავე ობსტრუქციული ბრონქიტის განვითარებას ხელს უწყობს:
. გაციება – ცივ შენობაში დიდხანს ყოფნა, ცივ წყალში ჭყუმპალაობა, შიშველი ხელებით დიდხანს გუნდაობა;
. სიგარეტის კვამლით გაჟღენთილ ოთახში დიდხანს ყოფნა – მსტვენი ბრონქიტი უმეტესად სწორედ იმ ბავშვებს ემართებათ, ვისი მშობლებიც შინ ეწევიან;
. მემკვიდრეობითი განწყობა;
. დიათეზი;
. დაბინძურებული გარემო – ბრონქიტის ამ ფორმით უპირატესად ქალაქის მოსახლეობა ავადდება. დიდია გამათბობლების როლიც, რომელთა წვის პროდუქტები სახლში გროვდება და ძალზე უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ყველაზე მეტად კი სასუნთქი სისტემის ფუნქციაზე.
მწვავე ობსტრუქციული ბრონქიტის საწყის სტადიაზე პატარას იგივე სიმპტომები აწუხებს, რომლებიც ბანალური გაციებისას: ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, სისუსტე, სურდო, სასუნთქი გზების კატარი (ყელის სიწითლე), შედარებით იშვიათად – ხმის ჩახლეჩა, კონიუნქტივიტი (თვალის ლორწოვანი გარსის ანთება). მთავარი ნიშანი, რომელიც პათოლოგიას სხვა ბრონქიტებისგან განასხვავებს, გახანგრძლივებული და მსტვენი ამოსუნთქვაა. ეს სიმპტომი  ზოგჯერ დაავადების პირველსავე დღეს ვლინდება, ზოგჯერ კი მესამე-მეხუთე დღეს იჩენს თავს.
დაავადების პირველ დღეებში პატარას მშრალი ხველა აწუხებს. მეოთხე დღიდან ხველა რბილდება, ჩნდება ნახველი. ზოგჯერ ბავშვი გულმკერდის ტკივილს უჩივის. ხველის დროს ტკივილის შეგრძნება კიდევ უფრო ძლიერდება.
რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს პათოლოგია. თუ მშობლებმა სათანადო ყურადღება არ გამოიჩინეს, გამორიცხული არ არის, პატარას სუნთქვის უკმარისობის ნიშნებიც განუვითარდეს: სუნთქვის გაძნელება, ციანოზი (სილურჯე) ცხვირ-ტუჩის არეში, სიფითრე და სხვა. თუ ბავშვს დროულად მივხედავთ, სულ რაღაც 7-12 დღეში ბრონქიტი უკვალოდ გაივლის.
ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მწვავე ობსტრუქციული ბრონქიტი უყურადღებობის შემთხვევაში შესაძლოა ბრონქულ ასთმაში გადაიზარდოს.
მსტვენი ბრონქიტი ზოგჯერ მეტისმეტად ჰგავს ბრონქულ ასთმას და სწორი დიაგნოზის დასმა მხოლოდ და მხოლოდ დამატებითი კვლევების საშუალებით შეიძლება.
ობსტრუქციული ბრონქიტის დროს ასე მოიქეცით:
. ცხელების პერიოდში პატარა საწოლში ჩააწვინეთ. წოლითი რეჟიმის შენარჩუნება სიცხის დაწევიდან კიდევ 1-2 დღის განმავლობაშია სასურველი.
. განსაკუთრებული დიეტის დაცვა საჭირო არ არის, მაგრამ თუ მენიუდან მცირე ხნით ამოიღებთ ალერგიულ (ციტრუსს, შოკოლადს), ემულგატორებისა და კონსერვანტების შემცველ პროდუქტებს, პატარას ჯანმრთელობას ეს ნამდვილად წაადგება.
ავადმყოფობის პერიოდში სასურველია ბავშვს კალორიული, ვიტამინებით მდიდარი საკვები მიაწოდოთ, ხშირად ასვათ თბილი კომპოტი, ჩაი, ასკილის ნახარში.
. ერიდეთ თვითმკურნალობას, გაითვალისწინეთ პედიატრის რჩევები და მედიკამენტები (ეხინასალი, ლაზოლვანი და სხვა) პატარას დანიშნულებისამებრ მიეცით.

რა უნდა ვიცოდეთ პნევმონიის შესახებ
ფილტვების ანთება პირველ ადგილს იკავებს ბავშვთა სიკვდილიანობის მიზეზთა სტრუქტურაში. ამ დაავადებით ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 1,4 მილიონი ბავშვი იღუპება, რაც ამ ასაკში სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებლის 18%-ია.
კვლევებმა აჩვენა, რომ სათანადო პრევენციითა და მკურნალობით სიკვდილის ყოველწლიურად მილიონამდე შემთხვევას ავიცილებთ თავიდან. მხოლოდ ადეკვატური მკურნალობით 600 000 ბავშვის გადარჩენაა შესაძლებელი.
ანტიბიოტიკებით მკურნალობის საერთო ხარჯი უღარიბეს ქვეყნებში ყოველწლიურად 600 მილიონ დოლარს უახლოვდება. ამ თანხის მესამედი სუბსაჰარული აფრიკისა და სამხრეთ აზიის წილად მოდის (ამ რეგიონებში ბავშვთა 85% პნევმონიით იხოცება).
ამრიგად, პნევმონია ჯერ კიდევ განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ერთი შეხედვით ბანალურ ანთებას შესაძლოა ძალზე არასასიამოვნო გართულებები მოჰყვეს.

თვალსაჩინოებისთვის ბავშვთა ავადობის სტატისტიკა მოვიყვანეთ, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ პნევმონიას ასაკის მიხედვით მსხვერპლის გარჩევა მაინცდამაინც არ სჩვევია. რაც შეეხება სქესს, ის უპირატესობას მამაკაცებს ანიჭებს, მაგრამ არა თავისი ბუნების გამო, არამედ იმიტომ, რომ მწეველთა ორგანიზმში უფრო იოლად იკიდებს ფეხს.
მოდი, უფრო დეტალურად მიმოვიხილოთ დაავადების ნიშნები, მიზეზები, რისკის ჯგუფები და, რაღა თქმა უნდა, მკურნალობის მეთოდებიც. 

რა იწვევს ანთებას
პნევმონიას ბაქტერიაც იწვევს, ვირუსიც, სოკოც და ერთუჯრედიანი პარაზიტიც. განურჩევლად გამომწვევის ტიპისა, ფილტვების ანთებას მეტ-ნაკლებად ერთნაირი სიმპტომები ახასიათებს, რომლებიც თავდაპირველად ძალიან ჰგავს ბანალურ გაციებას. საზოგადოდ კი დაავადების სიმწვავე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობაზე – როგორც მედიკოსები იტყვიან, იმუნიტეტზე.
პნევმონიას თან ახლავს:
. ცხელება;
. დაბალი ტემპერატურა, უპირატესად – ასაკოვან პირებში;
. ხველა;
. სუნთქვის უკმარისობა;
. გაძლიერებული ოფლიანობა;
. ტკივილის შეგრძნება გულმკერდის არეში სუნთქვის დროს;
. თავისა და კუნთების ტკივილი;
. ძლიერი მოთენთილობა.
პნევმონიასთან ხუმრობას არ გირჩევთ. იჩენს თუ არა თავს დაავადების ნიშნები, სპეციალისტს მიმართეთ. რაც უფრო მკვეთრად არის გამოხატული ინფექცია, მით უფრო ადრე უნდა მიაშუროთ სამედიცინო დაწესებულებას. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ხანში შესულებს, მწეველებს, ალკოჰოლის მოყვარულებს, ასევე – მათაც, ვინც ქიმიოთერაპიას იტარებს ან რომელიმე ქრონიკული დაავადების გამო მუდმივად უწევს მედიკამენტების მიღება (მაგალითად, პრედნიზოლონისა, რომელიც იმუნური სისტემის დაქვეითებას იწვევს). ყურადღებით უნდა იყვნენ ისინიც, ვისაც გულის უკმარისობა და ფილტვების რომელიმე ქრონიკული დაავადება აწუხებს, რადგან ამ დაავადებების ფონზე პნევმონია გაცილებით მძიმედ მიმდინარეობს და თუ მკურნალობა დაგვიანდა, ლეტალური შედეგიც კია მოსალოდნელი.

იცნობდე მტერს
პნევმონიას იწვევს მიკროორგანიზმები, რომლებიც იმუნიტეტის დაქვეითების გამო ფილტვებში აღწევს. “დამნაშავეთა” შორის არიან:
* ბაქტერიები, უმთავრესად – სტრეპტოკოკი, ასევე – სტაფილოკოკი, კლებსიელა, ჰემოფილური ჩხირი. არც ის არის გამორიცხული, ფილტვების ანთება რამდენიმე ბაქტერიამ ერთდროულად გამოიწვიოს;
* ვირუსები. ფილტვებს უმეტესად გრიპის გამომწვევი ვირუსები ერჩიან. ვირუსული პნევმონია მძიმედ იშვიათად მიმდინარეობს, თუმცა შესაძლოა, ბაქტერიული ინფექციით გართულდეს;
* სოკოები და პარაზიტები. სოკოთი და პარაზიტით გამოწვეული პნევმონია უპირატესად განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობას ემუქრება;
* სხვა მიკროორგანიზმები. მიკოპლაზმა ხშირად გვევლინება ფილტვების ანთების მიზეზად, თუმცა მძიმე ფორმას იშვიათად იწვევს. იგივე შეიძლება ითქვას ლეგიონელასა და ქლამიდიაზე – მიკროორგანიზმებზე, რომლებსაც არც ვირუსებსა და არც ბაქტერიებს არ მიაკუთვნებენ.

კიდევ ერთხელ რისკებზე
უკვე მოგახსენეთ, რომ არსებობს ადამიანთა რამდენიმე კატეგორია, რომლებსაც ფილტვების ანთება იოლად ერევა. პნევმონიის განვითარების რისკს ზრდის:
* ასაკი. ფილტვების ანთება იოლად ემართებათ 65 წელს გადაცილებულებსა და მცირეწლოვან ბავშვებს, მეტადრე – ჩვილებს, რომელთა იმუნური სისტემა მოუმწიფებელია და დაავადების გამომწვევთან ბრძოლის უნარი არ შესწევს;
* დაავადებები, რომლებიც მკვეთრად აქვეითებს იმუნიტეტს. ასეთებია, მაგალითად, აივ ინფექცია და შიდსი, გულის დაავადებები და, რაღა თქმა უნდა, თვით ფილტვის სნეულებები, რომლებიც ამ ორგანოთა ფუნქციას ასუსტებს. მათ შორის აღსანიშნავია ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ);
* ქიმიოთერაპია და იმუნოსუპრესორების ხანგრძლივი მიღება, რაც იმუნიტეტის დაქვეითებას იწვევს. გამოკვლევებმა ისიც კი აჩვენა, რომ კორტიკოსტეროიდის სპრეის 24 კვირაზე მეტხანს გამოყენება საგრძნობლად ზრდის პნევმონიის განვითარების რისკს;
. თამბაქოს წევა. ეს მავნე ჩვევა საგრძნობლად აქვეითებს ფილტვის ქსოვილის დამცველობით უნარს, რაც მავნე ბაქტერიებისა და ვირუსების შეჭრისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის;
* ქიმიური ნივთიერებების ზემოქმედება. თუ ადამიანს ისეთი პროფესია აქვს, რომ გამუდმებით უწევს ტოქსიკურ ნივთიერებებთან კონტაქტი, პნევმონიის განვითარების ალბათობაც დიდია.

ფილტვების ანთება, ერთი შეხედვით, იოლად დასამარცხებელ დაავადებათა რიცხვს ეკუთვნის, მაგრამ შესაძლოა, მძიმე გართულებებს დაუდოს სათავე, მათ შორის:
* ბაქტერიემიასა და სეპტიკურ შოკს. ფილტვებიდან ბაქტერიამ შესაძლოა სისხლძარღვებში გადაინაცვლოს, სისხლის მეშვეობით სხვა ორგანოებამდეც მიაღწიოს და მათი ინფიცირება და ფუნქციის დარღვევა გამოიწვიოს. ისიც შესაძლოა, ბაქტერიები სისხლძარღვებში სწრაფად გამრავლდნენ და სისხლის დინება შეაფერხონ, რასაც სისხლის კაპილარებიდან გამოჟონვა, ქსოვილების შეშუპება, ორგანოთა ფუნქციების მკვეთრი და ზოგჯერ შეუქცევადი დარღვევა მოჰყვება. არც ლეტალური დასასრულია გამორიცხული;
. სითხის დაგროვება პლევრის ღრუში და პლევრიტი;
. ფილტვის აბსცესი – ფილტვის ქსოვილში ჩირქოვანი კერის ჩამოყალიბება;
. მწვავე რესპირაციული დისტრესსინდრომი. ის ვითარდება მაშინ, როდესაც ანთებით პროცესში ორივე ფილტვია ჩართული და სასუნთქი ზედაპირი იმდენად არის შემცირებული, რომ ორგანიზმი საჭირო ოდენობის ჟანგბადს ვეღარ იღებს. ყველაზე ხშირად ეს სინდრომი ფქოდ-ის ფონზე ვითარდება.
როგორც უკვე ვთქვით, პნევმონიის გამომწვევები ყველაზე მეტად მას ემტერებიან, ვისაც იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული. ასე რომ, ორგანიზმის მომაგრება ურიგო აზრი არ უნდა იყოს. ამისთვის გამოგადგებათ ექინაცეის, ელეუტეროკოკის, ჟენშენის ნაყენი. შესანიშნავი საშუალებაა ეხინასალი, რომელიც მოზრდილებსაც და ბავშვებსაც ეფექტურად უმაღლებს იმუნიტეტს.
მხოლოდ მედიკამენტებით იმუნიტეტის ამაღლებას ვერ შეძლებთ – სრულფასოვანი კვებაც აუცილებელია. დასუსტებული ორგანიზმისთვის მეტად სასარგებლოა ცილოვანი საკვები: ხორცი, კვერცხი, ხაჭო და იოგურტი. თუ მაღალი სიცხის გამო მადა დაკარგეთ, ნუ იდარდებთ, ცოტ-ცოტა მიირთვით და დანაკლისი გამოჯანმრთელების შემდეგ აღიდგინეთ

როგორ ვიქცევით
ბაქტერიული ფილტვების ანთების სამკურნალო ყველაზე ეფექტურ საშუალებად დღემდე ანტიბიოტიკები მიიჩნევა, მაგრამ თუ გამომწვევი ვირუსია, მას მხოლოდ და მხოლოდ ანტივირუსული მკურნალობა დაამარცხებს. მიკროორგანიზმის გამანადგურებელ წამალთან ერთად ექიმი ხშირად ნიშნავს სიცხის დამწევ და ხველის საწინააღმდეგო მედიკამენტებს.
პნევმონია, წესისამებრ, ჰოსპიტალიზაციას არ მოითხოვს, მაგრამ ზოგიერთს მაინც უხდება საავადმყოფოში დაწოლა. სახელდობრ, მათ, ვისი ასაკიც აღემატება 65 წელს, ვისაც აღენიშნება სუნთქვის უკმარისობა და უქვეითდება არტერიული წნევა. 

ფილტვების ანთების დროს:
. ერიდეთ ფიზიკურ აქტიურობას, რაც შეიძლება მეტხანს დაისვენეთ;
. მაშინაც კი, თუკი სხეულის ტემპერატურა ნორმას დაუბრუნდა და თავს კარგად გრძნობთ, ერიდეთ შინიდან გასვლას;
. სვათ რაც შეიძლება მეტი სითხე;
. არამც და არამც არ შეწყვიტოთ მკურნალობა. თუ ანტიბიოტიკების მიღება შუა გზაზე მიატოვეთ, ბაქტერიების რეზისტენტული (წამალგამძლე) ფორმები ჩამოყალიბდება და შემდგომი მკურნალობა ფუჭი გახდება.
პნევმონიის ალბათობას შეამცირებთ, თუ:
. აიცრებით გრიპზე;
. აიცრებით პნევმოკოკზე;
. ხშირად დაიბანთ ხელებს. თუ თქვენს სამუშაო გარემოში ამის საშუალება იშვიათად გეძლევათ, გამოიყენეთ სპეციალური ჟელე-სანიტაიზერი, რომელიც ეფექტურად სპობს მიკროორგანიზმებს;
. ერიდეთ სიგარეტს;
. ივარჯიშეთ;
. უპირატესობა მიანიჭეთ ჯანსაღ საკვებს.

პნევმონიას მალე რომ დააღწიოთ თავი, მოგიხდებათ ამოსახველებელი საშუალებების (მაგალითად, ლაზოლვანის) მიღება. ჩვენი მიზანია, ნახველი ჯერ გავათხიეროთ, მერე კი სასუნთქი გზებიდან გამოვდევნოთ.
ბევრი ჯანმრთელობას მცენარეებს ანდობს. თავისთავად ცხადია, მხოლოდ ფიტოთერაპიის იმედად ყოფნა, მით უფრო – ფილტვების ანთების დროს, არამც და არამც არ შეიძლება, მაგრამ თუ მაინც ბუნებრივი საშუალებებით მკურნალობას ამჯობინებთ, ამოსახველებლად იის, ძირტკბილას, ვირისტერფას, მრავალძარღვას ნაყენს გირჩევთ.

ზამთარს ვიწყებთ პროფილაქტიკით
ზამთარი ისე როგორ ჩაივლის, არც წამოაგვახველოს და არც ყელი აგვტკივდეს?! ამიტომაც უწოდებენ გრიპს სეზონურ ინფექციას. თუმცა შვიდდღიანი ბანალური უქეიფობა ზოგჯერ არცთუ ბანალურ შედეგებს იწვევს. ვირუსი ყველაზე ხშირად სასუნთქ სისტემას აყენებს დარტყმას – არასწორად ნამკურნალები ან სულაც უყურადღებოდ დატოვებული გრიპი ბრონქიტსა და პნევმონიაში გადაიზრდება ხოლმე.
გრიპის პროფილაქტიკის ძირითადი გზა ვაქცინაციაა. ცნობილია, რომ ის 3-4-ჯერ უფრო ეკონომიურია, ვიდრე გრიპისა და მისი გართულებების მკურნალობა. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ხანდაზმულთა სახლებში გრიპის ვაქცინაცია 50-60%-ით ამცირებს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას და 80%-ით – გრიპთან დაკავშირებულ სიკვდილიანობას, ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვების ვაქცინაცია კი დაავადების რისკს 66%-ით აქვეითებს.
გრიპის ვაქცინაცია იმავე პრინციპით ტარდება, რომლითაც ყველა სხვა: ორგანიზმში შეჰყავთ ვირუსის დასუსტებული ფორმა, რომელიც დაავადებას არ იწვევს, მაგრამ ბიძგს აძლევს გრიპის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებას. შედეგად ყალიბდება დაავადების საწინააღმდეგო იმუნიტეტი. 
გრიპის ვაქცინებზე მუშაობა გასული საუკუნის 40-იანი წლებში დაიწყო. თანამედროვე ვაქცინები ზედმიწევნით გაწმენდილი, უსაფრთხო და ეფექტურია.
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემადგენლობასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ადგენს. მისი ექსპერტები მთელი წლის განმავლობაში აგროვებენ და ამუშავებენ მასალას გრიპის გამომწვევი ვირუსების შესახებ, აკეთებენ პროგნოზს და პოტენციური ეპიდემიის გამომწვევი შტამების ჩამონათვალს ჩრდილოეთ თუ სამხრეთ ნახევარსფეროს ვაქცინის მწარმოებელ ქარხნებს გადასცემენ. ვაქცინის შემადგენლობა ყოველწლიურად ახლდება.
გრიპის საწინააღმდეგო აცრა გრიპის სეზონის დაწყებამდეა მიზანშეწონილი. იმუნიტეტის ჩამოყალიბებას საშუალოდ ერთი თვე სჭირდება. ამ ხნის განმავლობაში ვაქცინირებულ ადამიანს დასნებოვნების შანსი ჯერ კიდევ აქვს, ვინაიდან იმუნიტეტი ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, ამიტომ აცრას ოქტომბერშივე გირჩევთ. გრიპის სეზონზე გაკეთებული აცრა გაცილებით ნაკლებეფექტურია, თუმცა რაკი დაავადების შემთხვევები გაზაფხულზეც გვხდება, ზოგიერთი ქვეყნის დაავადებათა კონტროლის ცენტრები რეკომენდაციას იძლევიან, აცრები სეზონის ბოლომდე გაგრძელდეს.
უპირველეს ყოვლისა, ის ადამიანები უნდა აიცრან, რომელთაც გართულებათა მაღალი რისკი აქვთ. ესენი არიან სასუნთქი სისტემის ქრონიკული დაავადებებით, მათ შორის – ბრონქული ასთმით, გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებებით, შაქრიანი დიაბეტით მოავადენი. აცრა აუცილებელია მათთვისაც, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით – აივ-ინფექციის, სისხლის ავთვისებიანი დაავადებისა თუ კორტიკოსტეროიდების დიდი დოზებით გამოყენების გამო – იმუნოდეფიციტური მდგომარეობა აღენიშნება. დაავადებისა და გართულებათა განვითარების ალბათობა დიდი აქვთ ხანდაზმულებს და მცირეწლოვან, განსაკუთრებით – 6 თვიდან 2 წლამდე ასაკის, ბავშვებს.
გრიპით ავადობის მაჩვენებელი მაღალია ბავშვთა კოლექტივებში (ბაღებში, სკოლებში), ამიტომ ავადმყოფობისა და მისი გართულებების თავიდან ასაცილებლად ამ კონტინგენტის აცრაც სასურველია.
ექვს თვემდე ასაკის ბავშვებს გრიპის საწინააღმდეგოდ არ ცრიან. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, მუცლადყოფნის პერიოდში დედისგან მიღებული იმუნიტეტია, მეორე მხრივ კი მათი უმწიფარი იმუნური სისტემა, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ვაქცინაზე სრულყოფილ იმუნურ პასუხს.
გაითვალისწინეთ: ვაქცინაციის შემდეგ იმუნიტეტი ერთ წელიწადს ძლებს, ამიტომ დაავადებისგან თავის დასაცავად ყოველწლიური ვაქცინაციაა რეკომენდებული.
დასასრულ, რამდენიმე სიტყვას პნევმოკოკურ ვაქცინაციაზეც გეტყვით, რომელიც სულ ახლახან დაინერგა საქართველოში. ვაქცინა გვაზღვევს პნევმოკოკისგან, რომელიც, გარდა პნევმონიისა, იწვევს მენინგიტს, გულის გარსების ანთებას, ყურის ანთებას. ინფექცია განსაკუთრებით საშიშია ორ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. რისკის ჯგუფში შედიან დღენაკლულები, მცირეწონიანი და ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები. პნევმოკოკი იოლად (ჰაერწვეთოვანი გზით) გადაედება ადამიანისგან ადამიანს, ამიტომ აცრას დიდი მნიშვნელობა აქვს. სადღეისოდ ის 56 განვითარებულ ქვეყანაშია დანერგილი. 
ამ საკითხების შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.ncdc.ge

როცა სუნთქვა ჭირს
ფქოდი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, კომპლექსური პათოლოგიაა. შეიძლება ითქვას, რომ იგი ორი ნაწილისგან შედგება. მისი კლინიკური ნაწილი ანუ გამოხატულება ქრონიკული ბრონქიტია, ხოლო მორფოლოგიური სუბსტრატი, ანუ ის, რაც ამ დაავადების დროს ფილტვებს ემართება – ემფიზემა. ემფიზემურ ცვლილებებს ფილტვში სწორედ ქრონიკული ბრონქიტი წარმოშობს.
რამდენიმე ათეული წელია, ფქოდი უფრო და უფრო აქტუალური ხდება და, სამწუხაროდ, პერსპექტივა სახარბიელო არ გახლავთ. რა ხდება ამ დროს? ფორმულირება ძალზე მარტივია: თამბაქოსა და სხვა მავნე ფაქტორების ზემოქმედება ბრონქული ხის მუდმივ ანთებას და პროგრესირებად დეფორმაციას იწვევს. იმ მექანიზმების გამო, რომელთა გამშვებიც თამბაქოს კვამლია, იწყება პროცესები, რომლებსაც საბოლოოდ თავად ბრონქული ხის სტრუქტურის დაზიანებამდე მივყავართ. ეს დაავადება, მარტივად რომ ვთქვათ, მუდმივად დეფორმირებადი ბრონქების დაავადებაა, რასაც შემდეგ კლინიკური გამოხატულებაც მოჰყვება. სტატისტიკა საგანგაშოა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 80 მილიონი კაცია დაავადებული საშუალო ან მძიმე ხარისხის ფქოდით. 2005 წელს ფქოდის გამო 3 მილიონი კაცი გარდაიცვალა, რაც გლობალური სიკვდილიანობის 5%-ს შეადგენს. საერთაშორისო კვლევები მოწმობს, რომ 2030 წელს ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება სიკვდილიანობის მიზეზთა შორის მეოთხე ადგილზე იქნება. პირველი ადგილი გულის იშემიურ დაავადებას უკავია, მეორე – ინსულტებს, მესამე – სასუნთქი გზების ინფექციებს, მეოთხე ადგილს კი, შიდსთან ერთად, სწორედ ფქოდი იკავებს. უკანასკნელი გამოკვლევების თანხმად, სიმსივნითა და დიაბეტით გამოწვეული სიკვდილიანობა ნელ-ნელა იკლებს, მაშინ როცა ფქოდი, პირიქით, სულ უფრო მეტ ადამიანს ემართება. საქართველოს სტატისტიკა, სამწუხაროდ, არ არსებობს.
სუნთქვის უნარის მზარდი დაქვეითება ექიმებმა საუკუნეების წინათ შეამჩნიეს და სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელითაც მონათლეს. უკანასკნელ ათწლეულებში ტერმინმა “ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება” თანდათან მოიკიდა ფეხი. ჯანმოს თვალთახედვის არეალში იგი გასული საუკუნის ბოლოდან მოექცა, 1997 წელს კი ამ ორგანიზაციამ აშშ-ის გულის, ფილტვისა და სისხლის ეროვნულ ინსტიტუტთან ერთად დააარსა გლობალური ინიციატივა ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებისთვის – The Global Initiative For Cronic Obstructive Lung  Disease (GOLD). 

მწეველთა დაავადება
ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, თამამად შეიძლება ითქვას, მწეველთა დაავადებაა. ეს ის მწეველები არიან, რომლებიც ეწევიან დიდი ხანია და ბევრს. დაავადების ინიცირება, წესისამებრ, 40 წლის შემდეგ ხდება, მაგრამ ფილტვებსა და ბრონქებში ცვლილებები, ფაქტობრივად, იმ დღიდან იწყება, როცა პაციენტი პირველ სიგარეტს აიღებს ხელში. ფქოდი ორივე სქესის წარმომადგენლებს ემართებათ. ვინაიდან მწეველი მამაკაცი მეტია, ფქოდიც უმთავრესად მამაკაცების პრობლემად მიიჩნევა, მაგრამ უკვე იჩინა თავი სამწუხარო ტენდენციამ – რამდენიმე თანამედროვე გამოკვლევამ დაადასტურა, რომ ქალები ნელ-ნელა ეწევიან მათ. უახლესი გამოკვლევების თანახმად, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება ამა თუ იმ ხარისხით პასიურ მწეველებთანაც გვხვდება. ამ კატეგორიაში ფქოდ-ის განვითარების რისკი 20-40%-ს აღწევს. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ამ დაავადებისგან არც პასიური მწეველები არიან დაზღვეულნი. თუმცა, რა თქმა უნდა, ისეც არ არის საქმე, რომ ყველა აქტიურ და პასიურ მწეველს ფქოდი განუვითარდეს.
მწეველობასთან ერთად, განსაზღვრულ როლს ასრულებს გენეტიკური განწყობაც. ამ დაავადების გენეტიკური ფორმაც არსებობს, რომელსაც ფაქტორ ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტი იწვევს, თუმცა ის დამოუკიდებელი პათოლოგიაა და უმთავრესად ახალგაზრდებს ემართებათ – მწეველებსაც და არამწეველებსაც.
ფქოდის რისკფაქტორია დაბინძურებული სასუნთქი გარემოც, უწინარეს ყოვლისა – დაბინძურებული ინტერიერი, სადაც უმეტესად იმყოფება ადამიანი. მნიშვნელობა არ აქვს, საცხოვრებელი გარემოა ეს თუ სამუშაო. ჩვენში ოთახის გამათბობლები უმეტესად გაზზეა, რომელიც ოთახში იწვის და მავნე ბიომასას გამოყოფს. 
მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს და მეოცე საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთში ფქოდ-ის აფეთქება მოხდა, რაც იმით გახლდათ გამოწვეული, რომ სამზარეულოშიც და გასათბობადაც ნახშირს იყენებდნენ, მისი კვამლი კი, მოგეხსენებათ, გარემოს ძლიერ აბინძურებს.

საეჭვო ხველა
როდესაც ადამიანი მიხვდება, რომ ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აქვს, ფილტვის დიდი ნაწილი უკვე დაზიანებულია. მისი ძირითადი სიმპტომი პროდუქტიული ხველაა, მარტივად რომ ვთქვათ, ხველა ნახველით. აქ ქრონიკულ ხველას ვგულისხმობთ და არა იმას, რომელიც ნებისმიერი სასუნთქი გზების ინფექციის შემდეგ რამდენიმე კვირა ან თვეც კი გრძელდება. იმისთვის, რომ ფქოდის დიაგნოზი დაისვას, უნდა დადასტურდეს, რომ ხველა ორი წელია აღინიშნება, წელიწადში მინიმუმ 3 თვის განმავლობაში. ხველასთან ერთად ხშირად გვხვდება ქოშინი. დაავადების პროგრესირებისას ამ ყველაფერს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანებაც ერთვის. ასეთ პაციენტებს შორს წასულ შემთხვევებში განსაზღვრული ტიპის გულის უკმარისობა უვითარდებათ, რომელიც ფილტვისმიერი გულის სახელწოდებით არის ცნობილი.
ამ პათოლოგიის დიაგნოსტირებას ნატიფი და ძვირად ღირებული გამოკვლევები არ სჭირდება, დიაგნოზი მარტივად ისმება – კლინიკური ნიშნებისა და სუნთქვის ფუნქციური ტესტის, სპირომეტრიის, მონაცემების საფუძველზე. არცთუ იშვიათად ფქოდი ბრონქულ ასთმაში ერევათ. ეს ყველაზე ტიპობრივი შეცდომაა. ასთმა, მოგეხსენებათ, ბრონქოსპაზმით მიმდინარეობს, აქ კი ბრონქების პერმანენტულ დეფორმაციასთან გვაქვს საქმე. 
კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე ანუ მანამდე, სანამ დაავადება ფილტვის დიდ ნაწილს დააზიანებს, ფქოდის დიაგნოსტირება მწეველის ექიმთან პროფილაქტიკური ვიზიტის დროს არის შესაძლებელი.

კომპლექსური, რთული...
ფქოდი კომპლექსური პრობლემაა და კომპლექსურ მართვას მოითხოვს. ცივილიზებულ ქვეყნებში ასეთ პაციენტებთან, წესისამებრ, სამედიცინო პერსონალის საკმაოდ დიდი ჯგუფი მუშაობს: პულმონოლოგი, ფსიქოლოგი და რეაბილიტოლოგები. მკურნალობაში მთავარი ტრიგერული რისკფაქტორების მოხსნაა. უამისოდ დაავადების მართვა შეუძლებელია. რისკფაქტორების აღმოფხვრასთან ერთად, რაღა თქმა უნდა, მედიკამენტური მკურნალობაც საჭიროა – ბრონქოდილატაციური საშუალებებით, სასუნთქი კორტიკოსტეროიდებით, თიოტროპიუმის პრეპარატებით... სამწუხაროდ, დაავადება ბოლომდე არ იკურნება, თამბაქომ რაც დააზიანა, ვეღარ აღვადგენთ. ჩვენი მთავარი ამოცანაა, დაავადების პროგრესირება შევაჩეროთ და მდგომარეობის სტაბილიზებას მივაღწიოთ. დაავადების ინფექციური გამწვავების (ბაქტერიული გართულებების) დროს მკურნალობა ანტიბიოტიკების ჩართვას მოითხოვს. ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტის შემთხვევაში ადამიანის ღვიძლი ამ ფერმენტს არ გამოიმუშავებს, ამიტომ ტარდება მისი ჩანაცვლებითი თერაპიაა – რაც აკლია ორგანიზმს, უნდა გადავუსხათ. ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტი უმთავრესად სკანდინავიური ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, ჩვენში გაცილებით იშვიათია. ამ შემთხვევაში სიგარეტისთვის თავის დანებება არ კმარა. 

ფქოდ-თან დაკავშირებული დანახარჯი მოიცავს როგორც პირდაპირ ხარჯებს (მედიკამენტების, ჰოსპიტალიზაციისა და დაავადებულთა სამედიცინო მომსახურების ღირებულებას), ასევე არაპირდაპირსაც, როცა ადამინი იძულებულია, სამსახური გააცდინოს, რადგან ან თვითონ არის ავად, ან ფქოდ-ით დაავადებულ ნათესავს უნდა მოუაროს. ევროკავშირში ფქოდ-ის პირდაპირი ხარჯი 38.6 ევროს აღწევს. აშშ-ში 2005 წელს ფქოდ-ის პირდაპირი ხარჯი 21.8 მილიარდი იყო, არაპირდაპირი კი – 17 მილიარდი.

ეს თუ გვიშველის
დაავადების პროფილაქტიკის ერთადერთი გზა თამბაქოსთვის თავის დანებებაა. თუ პაციენტმა არ მოინდომა, მხოლოდ ექიმებს არაფერი გამოგვივა. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქრონიკული დაავადების შემთხვევაში, ადრეული დიაგნოსტიკა აქაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, კლინიკურად ფქოდი მაშინ ვლინდება, როცა ფილტვის დიდი ნაწილი დაზიანებულია. მნიშვნელოვანია პაციენტის რეაბილიტაციაც, რაც მედიკამენტურთან ერთად კურორტოლოგიურ მკურნალობას და სხვადასხვა ფიზიკური ფაქტორის გამოყენებას გულისხმობს.
თუ ფქოდ გაქვს და მოწევას განაგრძობ, ფილტვების მდგომარეობა გაგიუარესდება და დაავადება საბედისწეროდ გექცევა.
ფქოდ-ის გაღრმავების შესაჩერბლად მწეველებისთვის ერთადერთი გზა თამბაქოსთვის თავის დანებებაა.
თუ ეწევით, მაგრამ ფქოდ ჯერ არ გაქვთ, დაავადების თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზაა, მოწევა შეწყვიტოთ.
გარდა ფქოდ-ისა, მოწევა იწვევს:
* კიბოს (ფილტვის, ყელის, ენის);
* იმპოტენციასა და უნაყოფობას;
* გულის დაავადებას;
* განვითარების მანკებს;
* კანის დაბერებას;
* კბილების დაზიანებას.
დაბოლოს, გახსოვდეთ:
* ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიაა, რომელიც ნორმალურ სუნთქვას უშლის ხელს. ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ “მწეველის ხველა”.
* სადღეისოდ, მწეველი ქალების რაოდენობის მატების გამო, დაავადება ქალებსა და მამაკაცებში თანაბრად არის გავრცელებული.
* ფქოდ-ისგან განკურნება შეუძლებელია, სამაგიეროდ, მკურნალობას დაავადების პროგრესირების შენელება და მდგომარეობას გაუმჯობესება შეუძლია.
* თუ უახლოეს 10 წელიწადში სათანადო ღონისძიებები არ გატარდა რისკების, სახელდობრ, თამბაქოს კვამლის ზემოქმედების შესამცირებლად, ფქოდ-ით საერთო სიკვდილიანობა 30%-ით გაიზრდება.

ტუბინფიცირებული ფილტვები
მას შემდეგ, რაც 1882 წლის 24 მარტს გერმანელმა მეცნიერმა რობერტ კოხმა ტუბერკულოზის მიკობაქტერია აღმოაჩინა, მსოფლიოს საუკეთესო ექიმები და მეცნიერები ამ უკანასკნელის დამარცხებას ცდილობენ.
ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტუბერკულოზის მიკობაქტერია იწვევს. მიკობაქტერიას ადამიანის ნებისმიერი ორგანოსა თუ ორგანოთა სისტემის დაზიანება შეუძლია, ამიტომ ყველა ორგანოსა და სისტემის ტუბერკულოზი არსებობს, მაგრამ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით განსაკუთრებით საშიშია ფილტვის ან ხორხის ტუბერკულოზის ბაქტერიაგამომყოფი ფორმით დაავადებული ადამიანი, რომელიც ინფექციის რეზერვუარს, მისი გავრცელების წყაროს წარმოადგენს, ვინაიდან ტუბერკულოზი უმთავრესად ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ფილტვგარე ტუბერკულოზი, მაგალითად, შარდსასქესო სისტემისა, ძვალ-სახსართა, პერიფერიული ლიმფური კვანძებისა, ეპიდემიოლოგიურად საშიში არ არის. 

ტუბერკულოზით ყოველწლიურად ინფიცირდება მსოფლიოს მოსახლეობის 1%.  აღირიცხება 8,5 მლნ დაავადებული. კვდება 2 მლნ ადამიანი, მათ შორის – 100 000 ბავშვი. საქართველოში, ბოლოდროინდელი მონაცემებით, ყოველ 100 000 კაცზე ტუბერკულოზის 146 შემთხვევა აღირცხება, რომელთაგან 94 ახალია, სიკვდილიანობა კი 4-ს უტოლდება.

თუ ადამიანს ფილტვის აქტიური ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს, ტუბდაწესებულებებში უფასო გამოკვლევა უტარდება მასთან მჭიდრო კონტაქტში მყოფ ყველა პირს. ფილტვის ტუბერკულოზის ბაქტერიაგამომყოფი ფორმის დადგენის შემთხვევაში იკვლევენ ავადმყოფთან კონტაქტში მყოფ ყველა ასაკის პირებს – როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებსაც.  ტუბერკულოზის დროული დიაგნოსტიკისთვის, სასურველია, ყველა ადამიანი წელიწადში ორჯერ იტარებდეს პროფილაქტიკურ გამოკვლევას პოლიკლინიკაში ან ოჯახის ექიმთან, მოსახლეობა კი სცნობდეს საეჭვო სიმპტომებს.
თუ ავადმყოფი უჩივის:
* 2 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ხველას ნახველის გამოყოფით, ან
* 3 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის მშრალ ხველას და
* ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნებს (სხეულის სუბფებრილურ – 370C ან ოდნავ უფრო მაღალ –  ტემპერატურას, ოფლიანობას, უმადობას, წონის კლებას, საერთო სისუსტეს),
* ჰაერის უკმარისობას, ტკივილს ან სიმძიმეს გულმკერდის არეში, –
აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოს. პროფესიონალი უკეთ მიხვდება, არის თუ არა ეს ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევა და პაციენტის მართვის სწორ ტაქტიკას შეიმუშავებს.
ტუბერკულოზის დიაგნოზის დასასმელად პრიორიტეტი ბაქტერიოლოგიურ კვლევას, ე.წ. ოქროს სტანდარტს ენიჭება. მისი მეშვეობით არა მხოლოდ დაავადების არსებობა დასტურება, არამედ ანტიტუბერკულოზური პრეპარატების მიმართ ბაქტერიის მგრძნობელობაც განისაზღვრება. ტუბერკულოზის გამომწვევის აღმოსაჩენად სხვადასხვა ბიოლოგიურ მასალას იკვლევენ, ფილტვის ტუბერკულოზზე საეჭვო შემთხვევებში – ნახველს. დროული დიაგნოსტიკა წარმატებული მკურნალობის საწინდარია. რაც უფრო დაგვიანდება დიაგნოზის დასმა, მით მეტად აიწევს ამა თუ იმ ორგანოს დაზიანების ხარისხი. ადამიანი ასეთ დროსაც შეიძლება განიკურნოს, მაგრამ როცა იმთავითვე გავრცობილ პროცესთან გვაქვს საქმე, განკურნების შემდეგ რჩება ნარჩენი ცვლილებები: ფილტვის ქსოვილის ფიბროზი, პნევმოსკლეროზი და სხვა, – რასაც სუნთქვის, ზოგჯერ კი ფილტვ-გულის ამა თუ იმ ხარისხის უკმარისობამდე მივყავართ.
მკურნალობის წამყვანი მეთოდი კონსერვატიული მკურნალობაა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, მაშინ, თუ ფილტვში ფიბროზული ღრუ წარმოიქმნა, აუცილებელია ქირურგიული ჩარევაც.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 1993 წელს ტუბერკულოზი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა და მსოფლიოს ქვეყნებს მასთან ბრძოლის ახალი, ე.წ. DOTS სტრატეგია შესთავაზა. ტუბერკულოზთან ბრძოლის თანამედროვე სტრატეგიაზე დაფუძნებული პროგრამა საქართველოში 1996 წლიდან მოქმედებს. თუ ამ სტრატეგიის დანერგვის პირველ წელს 100 000 კაცზე ტუბერკულოზის 206 შემთხვევა იყო რეგისტრირებული, მომდევნო წლებში მდგომარეობა გაუმჯობესდა და შემთხვევათა რაოდენობა თითქმის 2-ჯერ შემცირდა.  ამჟამად საქართველოში ტუბერკულოზის მართვაში არ არსებობს ნიშა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დონეზე არ იდგეს. 
ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების მიმართ მგრძნობიარე ანუ რეგულარული ტუბერკულოზის მკურნალობა თითქმის ყოველთვის წარმატებით სრულდება. ასეთი ფორმების მკურნალობა 6 თვეს გასტანს. ტუბსაწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ პაციენტი გადამდები აღარ არის. რეზისტენტული ტუბერკულოზი უმეტესად ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა. ტუბერკულოზი იმიტომაც არის ვერაგი დაავადება, რომ პაციენტი მკურნალობას იწყებს თუ არა, 10-14 დღეში, მაქსიმუმ 1 თვეში თავს კარგად გრძნობს, აღარაფერი აწუხებს. ამ დროს ბევრი მკურნალობას წყვეტს და ამით რეზისტენტული ტუბერკულოზის განვითარებას უწყობს ხელს.  პაციენტმა მედიკამენტი ყოველდღე უნდა მიიღოს – მისი გამოტოვებაც რეზისტენტული ფორმის ჩამოყალიბების რისკფაქტორია. ამიტომაც არის, რომ ტუბერკულოზის წარმატებული მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად პირობად წამლის ყველა დოზის სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობით მიღება მიიჩნევა.

გააზიარე: