ბავშვის შერყევის სინდრომი

გააზიარე:

რამდენიმე საათია, პატარა ტირის. ეძინება, მაგრამ ვერ იძინებს; ძუძუს პირს მოჰკიდებს, ცოტას მოწოვს და ისევ გულამოსკვნილი ატირდება. ამაოდ არწევ... წუხანდელი ღამეც თეთრად გაგათენებინა... დღე-ღამეში ალბათ 4-5 საათიც არ გძინავს. ერთი სული გაქვს, გაყუჩდეს, რომ შენც მოატყუო თვალი. ინსტინქტურად ბავშვის რწევის ამპლიტუდას ზრდი. არა, ამას რწევაც აღარ ჰქვია – ეს ძლიერი ქანაობაა, დაკვირვებული თვალი მასში აგრესიასაც შეამჩნევს. იცი, რომ შეიძლება, ამით ბავშვი დააზიანო? იცი, რომ ბავშვის შერყევის სინდრომი დღეს ძალადობის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევა?
დარწმუნებული ვარ, როდესაც “ავერსის კლინიკის” პედიატრიული სამსახურის უფროსთან, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორ თამარ ობგაიძესთან ჩვენი საუბრის შინაარსს გაეცნობი, ბავშვის დამშვიდებას სხვაგვარად ეცდები.

– ბავშვის შერყევის სინდრომის მქონე პირველი პაციენტი 1946 წელს აღწერა ბავშვთა რადიოლოგმა John Caffey-მ, XX საუკუნის ბოლოს კი კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევების შედეგად ზედმიწევნით ზუსტად განისაზღვრა ის ცვლილებები, რომლებსაც რყევის დროს ბავშვის თავის ტვინი განიცდის. აღმოჩნდა, რომ რყევა ტვინის სერიოზულ ტრავმას იწვევს: სისხლის ჩაქცევას, შეშუპების განვითარებას. და არამხოლოდ ამას – მოსალოდნელია ძვლებისა და რბილი ქსოვილების დაზიანებაც, ხერხემლის მალების მოტეხილობაც, თვალის ბადურაში სისხლჩაქცევაც, რასაც მხედველობის გაუარესებამდე და დაკრგვამდეც კი მივყავართ.  
შერყევის სინდრომი უმეტესად წლამდე ასაკის ბავშვებთან გვხვდება, თუმცა მისი განვითარება 5 წლამდეც შესაძლებელია. ამაში ბრალი მიუძღვის სხეულთან შედარებით თავის სიდიდეს, კისრის კუნთების სისუსტეს და თავის ტვინის სიხლძარღვების ნაზ და თხელ კედლებს.
შემთხვევათა ანალიზით დადგენილია, რომ ბავშვები უმეტესად ხელმოკლე ოჯახებში ზარალდებიან, იქ, სადაც უფროსებს სიდუხჭირის გამო ბევრი პრობლემა და თავსატეხი აქვთ. სინდრომი ხშირია იქაც, სადაც პატარებს ემოციურად გაუწონასწორებელი მშობლები ან მომვლელები მეთყვალყურეობენ. სტატისტიკა საკმაოდ მძიმეა. აშშ-ის მონაცემებით, ამ ქვეყანაში ყოველწლიურად ბავშვის შერყევის სინდრომის 1000-3000-მდე შემთხვევა აღირიცხება. თითოეული ასეთი პაციენტის სტაციონარული მკურნალობა 65 000 დოლარი ჯდება, სიკვდილობა კი 25%-ს აღწევს.
ტრავმა შეიძლება ისეთმა ერთი შეხედვით უწყინარმა გართობამაც კი გამოიწვიოს, როგორიც ბავშვის ჰაერში აგდება და დაჭერაა.
– რა გვაეჭვებინებს ამ სინდრომის არსებობას?
– შერყეული ბავშვის სინდრომის ნიშნებია:
•    გაურკვეველი ძილიანობა;
•    კანკალი;
•    სუნთქვის გაძნელება;
•    ღებინება;
•    კრუნჩხვები;
•    დამბლა;
•    მხედველობის დაკარგვა.
რა თქმა უნდა, ეს ნიშნები სხვა პათოლოგიებსაც ახასიათებს, მაგრამ თუ მათ გამოვლენას მშობლის ან მომვლელის მიერ ბავშვზე ძალადობა უძღვოდა წინ, სწორედ შერყეულის ბავშვის სინდრომი უნდა ვივარაუდოთ. დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა ინსტრუმენტული გამოკვლევა, კერძოდ – კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, მხედველობის გამოკვლევა, ძვლების რენტგენოლოგიური გამოკვლევა მოტეხილობის გამოსარიცხად.
– რა შორეულ შედეგებს იწვევს ეს სინდრომი?
– შერყეული ბავშვის სინდრომმა შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობისა და სმენის დაქვეითება, თავის ტვინში სისხლჩაქცევა, კრუნჩხვა, კოორდინაციის დარღვევა, მეხსიერების გაუარესება, რაც შემდეგ სწავლის პროცესში იჩენს თავს.
არადა, ამ ყველაფრის თავიდან აცილება ადვილია. ნუ იძალადებთ ბავშვზე. თუ ტირის, ეცადეთ, მიაგნოთ ტირილის მიზეზს, მოთმინებით აღიჭურვეთ, გაჭირვეულებულ ბავშვს ყურადღება მისთვის საინტერესო რამეზე გადაატანინეთ, ხოლო თუ გრძნობთ, რომ თავის მოთოკვა გიჭირთ, ბავშვის მოვლაში დასახმარებლად სხვა იხმეთ. ნუ ააგდებთ ბავშვს ჰაერში – როგორც უნდა გახალისებდეთ ეს უწყინარი გართობა, გახსოვდეთ, ის შესაძლოა თავის ტვინის ტრავმის მიზეზად იქცეს.
მარი აშუღაშვილი

გააზიარე: