ლეიკემიის დამარცხება შესაძლებელია

გააზიარე:

  დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, რაც ლეიკემია, იგივე ლეიკოზი, როგორც მას წინათ უწოდებდნენ, სასიკვდილო განაჩენად მიიჩნეოდა. პანიკური შიში გვიპყრობდა ქიმიოთერაპიის შედეგად თმაგაცვენილი ადამიანების დანახვისას, ახლობლები ავადმყოფს ცოცხლად გამოიტირებდნენ ხოლმე და მისი შემხედვარენი თავადაც იტანჯებოდნენ.
არ გვინდა, შეგიქმნათ ილუზია, რომ ყველა პრობლემა მოგვარებულია და ავადმყოფობა ვერაფერს დაგვაკლებს, მაგრამ მრავალ სფეროში, მათ შორის – ჰემატოლოგიაშიც, შესამჩნევი მიღწევებია.
ინტერვიუსთვის კვალიფიციური რესპონდენტი კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ცენტრში აღმოვაჩინე – გრ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტიდან სწორედ იქ გადავიდა ექიმთა ჯგუფი. ისინი პაციენტებს ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლის დაავადებათა დეპარტამენტში სთავაზობენ. ლეიკემიის შესახებ ამჯერად ონკოჰემატოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ჩხაიძე გვესაუბრება.
– რა არის ლეიკემია და ზოგჯერ რატომ მოიხსენებენ მას ლეიკოზად?
– ლეიკემია სისხლის სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც ღეროვანი უჯრედის მუტაციის შედეგად ვითარდება. ღეროვანი ანუ დედა უჯრედები ძვლის ტვინში – სისხლწარმომქმნელ ორგანოში – სისხლის ყველა უჯრედს აძლევს დასაბამს. შეცვლილი, მუტირებული უჯრედისგან წარმოიქმნება სიმსივნური კლონი, რომელსაც დარღვეული აქვს დიფერენცირებისა და მომწიფების უნარი. მისი გამრავლების შედეგად სისხლის ნორმალური უჯრედების წარმოქმნა ითრგუნება, რაც საფუძვლად ედება დაავადების კლინიკურ გამოვლინებებს.
რაც შეეხება ტერმინოლოგიას, "ლეიკემია" და "ლეიკოზი" ერთსა და იმავეს აღნიშნავს; "ლეიკოზი" რუსულენოვანი ტერმინია, "ლეიკემია" – დასავლური.
– რას მიიჩნევენ ლეიკემიის მიზეზებად?
– მრავალრიცხოვანი კვლევის მიუხედავად, ლეიკემიის უშუალო მიზეზი დაუდგენელია. ამჟამად მიიჩნევენ, რომ ეს არის ჰეტეროგენული ანუ სხვადასხვა მიზეზით განპირობებული დაავადება. შესაბამისად, განიხილება ლეიკემიის გამომწვევი რამდენიმე შესაძლო ფაქტორი: რადიაციული, ქიმიური, ვირუსული, გენეტიკური, – თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტული მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება.
– როგორია ამ დაავადების გავრცელება?
– უკანასკნელი კვლევების თანახმად, ლეიკემიას მეთორმეტე ადგილი უკავია ყველაზე გავრცელებულ სიმსივნურ დაავადებებს შორის. აშშ-ში ყოველწლიურად დაახლოებით 45 000 ახალი შემთხვევა აღირიცხება. ეს რიცხვი შეადგენს სისმსივნურ დაავადებათა საერთო მაჩვენებლის დაახლოებით 3%-ს და სისხლის სისტემის ავთვისებიანი სიმსივნეების 30%-ს.
საქართველოში მოზრდილთა მწვავე ლეიკემიებით ავადობის მაჩვენებელი საშუალოდ 2.64-ს უდრის 100 000 მოსახლეზე, ქრონიკული ლეიკემიებისა კი – 1.27-ს.
ლეიკემიას ახასიათებს გავრცელების თავისებურებები სქესისა და ასაკის მიხედვით. მისი ზოგიერთი ფორმით შედარებით ხშირად ავადდებიან მამაკაცები. მწვავე ლიმფოიდური ლეიკემია უპირატესად ბავშვებთან, 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებთან გვხვდება, საშუალო ასაკში ავადობა კი გაცილებით დაბალია, მაშინ როცა მიელოიდური ვარიანტებით ავადობა დაბალია ბავშვებში და ასაკთან ერთად იმატებს.
– დღეს წინა პლანზე წამოიწია ბავშვთა ლეიკემიის პრობლემამ. ხომ არ გახშირდა ის ბოლო დროს? 
– ბავშვთა ლეიკემიით ავადობის მატების სტატისტიკურად სარწმუნო მონაცემები არ არსებობს. საქართველოში ყოველწლიურად რეგისტრირებული პირველადი შემთხვევების რიცხვი ემთხვევა მსოფლიოს სხვა ქვეყნების მონაცემებს და შეადგენს 4 პირველად შემთხვევას ყოველ 100 000 ბავშვზე. 
გარდა ასაკობრივი გავრცელების თავისებურებისა, ბავშვთა ლეიკემია მოზრდილთა ლეიკემიისგან გამოსავლის თვალსაზრისითაც განსხვავდება. ბავშვებთან გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 70%-ზე მეტია, ხოლო მოზრდილებში – 40%-ზე ნაკლები. 
– რა სახის ლეიკემიები არსებობს?
– განასხვავებენ ლეიკემიის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. ისინი ერთმანეთისგან სიმსივნური მასალით განსხვავდება. მწვავე ლეიკემიების შემთხვევაში იგი წარმოდგენილია სისხლწარმოქმნის უმწიფარი უჯრედებით – ბლასტებით, ხოლო ქრონიკული ლეიკემიების შემთხვევაში – ამ უჯრედთა მომწიფებადი და მწიფე ფორმებით.
მორფოლოგიურად განასხვავებენ ლეიკემიების ორ ძირითად ჯგუფს: მიელოიდურს და ლიმფოიდურს, რომლებიც, თავის მხრივ, ქვეჯგუფებად იყოფა. ასეთ დაყოფას დიდი მნიშვნელობა აქვს პროგნოზის, მიმდინარეობის, სიცოცხლის ხანგრძლივობისა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის. 
– როგორ ვლინდება ლეიკემია?
– ლეიკემიის კლინიკური სურათი მრავალფეროვანია. ლიტერატურაში მას მოიხსენიებენ როგორც დაავადებას ათასი სახით. მას ახასიათებს ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები: საერთო სისუსტე, ცხელება, ოფლიანობა, წონის კლება, თავის ტკივილი, ძვლების (განსაკუთრებით – მკერდის ძვლის) ტკივილი, ღრძილების ტკივილი და შეშუპება. ზოგიერთი ფორმისთვის დამახასიათებელია გინგივიტი, აფთოზურ-ნეკროზული სტომატიტი. ხშირად უშედეგო მკურნალობის შემდეგ სტომატოლოგები სისხლის საერთო ანალიზის გამოკვლევას სთხოვენ პაციენტებს და საბოლოოდ ჰემატოლოგებთან გზავნიან.
ვინაიდან ლეიკემია სისხლის დაავადებაა, სიმპტომატიკაც ხშირად იმაზეა დამოკიდებული, რამდენადაა შეცვლილი სისხლის სურათი. შესაძლოა, გამოხატული იყოს ანემიური სიმპტომები: თავბრუხვევა, გულის ფრიალი, გახშირებული გულისცემა, ჰაერის უკმარისობა და სხვა, – რაც დაბალი ჰემოგლობინის გამო ორგანიზმში ჟანგბადის მიწოდების შეფერხებით არის განპირობებული. 
თრომბოციტების – სისხლის შემდედებელი უჯრედების – ოდენობის შემცირებისას შესაძლოა სისხლდენა და სისხლჩაქცევები განვითარდეს. განსაკუთრებით დამახასიათებელია წერტილოვანი სისხლჩაქცევები კიდურებზე, სისხლდენა ლორწოვანი გარსებიდან:  ღრძილებიდან და ცხვირიდან, ასევე – საშვილოსნოდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; სისხლიანი შარდი, სისხლიანი ცრემლებიც კია აღწერილი. 
ქრონიკული ლეიკემიის ზოგიერთ ფორმას, პირიქით, თრომბოციტების სიჭარბე ახლავს თან და, შესაბამისად, თრომბოზული გართულებები ახასიათებს.
– ტერმინი “ლეიკემია” ლეიკოციტებს უკავშირდება. როგორ იცვლებიან ისინი ამ დაავადების დროს?
– სხვადასხვაგვარად. ქრონიკული ლეიკემიების დროს მათი ოდენობა უმთავრესად იმატებს, მწვავე ლეიკემიების დროს კი ვარიაბელურია – შეიძლება იყოს შემცირებულიც, ნორმალურიც და მომატებულიც. ნებისმიერ შემთხვევაში ლეიკოციტები უმთავრესად სიმსივნური ფორმებით არის წარმოდგენილი, ამიტომაც დაქვეითებულია მათი ძირითადი – დამცველობითი – ფუნქცია და, შესაბამისად, ხშირია ინფექციურ-ანთებითი გართულებები, კანის ინფექციებით დაწყებული, ნებისმიერი ორგანოს ანთებითი პროცესით დამთავრებული.
გარდა ამისა, ლეიკემიის დროს ავადმყოფმა შესაძლოა თვითონვე შეამჩნიოს გადიდებული ლიმფური კვანძები, დისკომფორტი ან ტკივილი მარჯვენა ან მარცხენა ფერდქვეშ, რაც ღვიძლისა და ელენთის გადიდების ნიშანია.
ამ ნიშნებიდან პაციენტს შესაძლოა გამოაჩნდეს რომელიმე ერთი, რამდენიმე ან ყველა ერთად. არსებობს მწვავე ლეიკემიის უსიმპტომო ფორმებიც – ავადმყოფი არაფერს უჩივის და დაავადების გამოაშკარავება მხოლოდ სისხლის საკონტროლო საერთო ანალიზით ხდება.
– მაშასადამე, სისხლის საერთო ანალიზით შესაძლებელია დაავადებაზე ეჭვის მიტანა?
– დაიხ, სისხლის საერთო ანალიზი პაციენტისთვის მარტივი ტესტია, ექიმისთვის კი – უაღრესად მნიშვნელოვანი. ზოგჯერ პაცინტი მოივლის მრავალ სამედიცინო დაწესებულებას, ჩაიტარებს ძვირად ღირებულ გამოკვლევებს, მაგრამ  მას ვერ უსვამენ სწორ დიაგნოზს. კვალიფიციური მორფოლოგის მიერ მიკროსკოპიულად დათვლილი სისხლის ფორმულა მრავალი დაავადების, განსაკუთრებით კი ლეიკემიის შემთხვევაში ხშირად მარტივად ჭრის ურთულეს დიაგნოსტიკურ პრობლემას. ამიტომ ყველას ვურჩევ, წელიწადში ორჯერ გეგმურად გაიკეთონ სისხლის საერთო ანალიზი. ყოფილა არაერთი შემთხვევა, როდესაც დიაგნოზი სწორედ ასეთი პროფილაქტიკური გასინჯვებით დაუსვამთ. 
– აპარატზე გამოკვლეული სისხლის საერთო ანალიზი თუ იძლევა ლეიკემიაზე დაეჭვების საშუალებას?
– რა თქმა უნდა, ეჭვის მიტანა შესაძლებელია. აპარატი განასხვავებს ნორმალურ უჯრედებს არანორმალურისგან, თუმცა ზუსტი დიფერენცირებისთვის ჯობს, ლეიკოციტური ფორმულა კვალიფიციურმა მორფოლოგმა დათვალოს.
– კიდევ რომელ მეთოდებს იყენებენ ლეკემიის დიაგნოსტიკისთვის?
– მწვავე ლეიკემიის დიაგნოზის დასმა ხშირად მხოლოდ სისხლის საერთო ანალიზითაც ხერხდება, მაგრამ დაავადების ვარიანტის დასადგენად და ადეკვატური მკურნალობის შესარჩევად აუცლებელია ძვლის ტვინის პუნქცია მკერდის ან თეძოს ძვლიდან მასალის ციტომორფოლოგიური, ციტოქიმიური, ციტოგენეტიკური, იმუნოფენოტიპური გამოკვლევისთვის.
ლეიკემიების ქრონიკული ფორმების დიაგნოსტირებისთვის ტარდება ტრეპანობიოფსია მასალის ჰისტომორფოლოგიური შესწავლის მიზნით.
– როგორ მკურნალობენ ლეიკემიას?
– მწვავე ლეიკემიების მკურნალობა მოიცავს ეტაპობრივ პროგრამულ ქიმიოთერაპიას მსოფლიოში მიღებული უნიფიცირებული სქემებით. პირველ ეტაპზე მისი მიზანია რემისიის (ავადმყოფობის შენელების, დროებითი გაჯანსაღების) მიღწევა, მეორე ეტაპია მიღწეული რემისიის გამყარება, ხოლო მესამე – ხელშემწყობი თერაპია.
მკურნალობა ორი-სამი წელი გრძელდება. პაციენტები ხშირად გვეკითხებიან, რა საჭიროა ეს, თუ პირველივე კურსი შედეგიანია და რემისიას მივაღწიეთ.
საქმე ის არის, რომ ქიმიოთერაპიული პრეპარატები მხოლოდ გაყოფის სტადიაში მყოფ უჯრედებზე მოქმედებს, მთვლემარე უჯრედებზე კი – არა. ეტაპობრივი მკურნალობის მიზანია, განადგურდეს მთვლემარე მდგომარეობაში მყოფი ყველა სიმსივნური უჯრედი, რომელიც თანდათან გაყოფის ფაზაში გადადის. თეორიულად მიიჩნევა, რომ ორი-სამი წლის შემდეგ ყველა ასეთი უჯრედი განადგურებული იქნება.
– მთვლემარე სიმსივნური უჯრედების აღმოჩენა შეუძლებელია?
– არსებობს მდგომარეობა, რომელსაც ჩვენ მინიმალურ რეზიდუალურ დაავადებას ვუწოდებთ: ავადმყოფობის არც ერთი კლინიკური სიმპტომი აღარ შეინიშნება, სტანდარტული გამოკვლევით, ძვლის ტვინი ნორმის ფარგლებშია, მაგრამ დაავადება არსებობს ნარჩენი სახით. ის მოგვიანებით იჩენს თავს რეციდივით ანუ გამწვავებით. მინიმალური რეზიდუალური დაავადების განსაზღვრა შესაძლებელია გამდინარე ციტომეტრიის საშუალებით. ეს მეთოდი საქართველოშიც მკვიდრდება.
– ყველაზე ხშირად რა სირთულეების დაძლევა უწევთ პაციენტებს ქიმიოთერაპიის დროს?
– პირველი, რასთანაც ქიმიოთერაპია ასოცირდებოდა, ღებინება იყო. თანამედროვე მედიცინამ ეს პრობლემა წარმატებით მოაგვარა ღებინების საწინააღმდეგო სპეციფიკური პრეპარატების წინასწარი შეყვანით. იშვიათად საჭირო ხდება მათი დოზის გაზრდა ან სხვა კომბინაციის შერჩევა.
პაციენტებს აშინებთ თმის ცვენაც. ასეთ დროს ვცდილობთ, ფსიქოლოგიურად დავეხმაროთ მათ – ალოპეცია ხომ ძირითად დაავადებასთან შედარებით უმნიშვნელო, თანაც დროებითი პრობლემაა. მთავარია, ლეიკემიას მოვერიოთ. ქიმიოთერაპიის შემდეგ ხარისხობრივად უკეთესი თმა ამოდის.
– გართულებები თუ აქვს ქიმიოთერაპიას?
– სამწუხაროდ, ეს პრეპარატები სიმსივნურთან ერთად ჯანმრთელ უჯრედებსაც ანადგურებს. ითრგუნება სისხლწარმოქმნა, იკლებს ერითროციტების, თრომბოციტების, ლეიკოციტების რაოდენობა, რაც კლინკურადაც ვლინდება. ვითარდება ანემია, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა, თრომბოციტოპენიის (თრომბოციტების სიმცირის) შემთხვევაში – სისხლჩაქცევები (მათ შორის – თავის ტვინშიც), სისხლდენები. ლეიკოპენიის – ლეიკოციტების სიმცირის – ფონზე კი გზა ეხსნება ნებისმიერ ანთებით პროცესს სეფსისის ჩათვლით.
ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს გართულებების პროფილაქტიკას, რომელსაც ქიმიოთერპიასთან ერთად ვიწყებთ და ვაძლიერებთ მისი დამთავრების შემდეგ სისხლის კომპონენეტების გადასხმით, ანტიბიოტიკოთერაპიით, სოკოს საწინააღმდეგო, სიხლდენის შემაჩერებელი პრეპარატებით და ა.შ. 
– როდის ითვლება პაციენტი განკურნებულად?
– როგორც მოგახსენეთ, მწვავე ლეიკემიების მკურნალობა ორი-სამი წელი გრძელდება. თუ ამ ხნის განმავლობაში რეციდივი არ განვითარდა, მკურნალობას ვწყვეტთ და პაციენტს მეთვალყურეობის ქვეშ ვტოვებთ. ხუთი წელი ურეციდივო ანუ გამწვავების გარეშე მიმდინარეობა გაჯანსაღებად მიიჩნევა. ამ პერიოდის შემდეგ გამოვლენილი ლეიკემია, რაც ძალიან იშვიათია, ახალი დაავადებაა და ამას გამოკველვებიც ადასტურებს. ამ შემთხვევაში ორგანიზმს მიდრეკილება აქვს განსაზღვრული ლეიკემოგენური ფაქტორების გავლენით ახალი სიმსივნის წარმოქმნისკენ.
– რას გულისხმობს მეთვალყურეობა?
– მეთვალყურეობა გულისხმობს პერიოდულ კონტროლს სისხლის საერთო ანალიზით, ექვს თვეში ერთხელ ძვლის ტვინის გამოკვლევას და, თუ საშუალება არის, მინიმალური რეზიდუალური დაავადების განსაზღვრას. 
– როდის მიმართავენ ძვლის ტვინის გადანერგვას?
– ძვლის ტვინის გადანერგვა ურთულესი ოპერაციაა, თუმცა არა ტექნიკური თვალსაზრისით (ტექნიკურად ღეროვანი უჯრედები პაციენტის ორგანიზმში ინტრავენურად შეჰყავთ). პრობლემა იწყება დონორის შერჩევიდან. რთული პროცესია პაციენტის მომზადებაც – ღეროვანი უჯრედების გადანერგვამდე უნდა დაითრგუნოს მისი ძვლის ტვინი და იმუნური სისტემა, საამისოდ კი მიმართავენ მაღალდოზირებულ ქიმიოთერაპიას, რომელსაც, რა თქმა უნდა, მძიმე გართულებები ახასიათებს.
გადანერგვის შემდგომ იმუნოლოგიურ გართულებებს მიეკუთვნება შეუთავსებლობა – ტრანსპლანტატის  მოშორების რეაქცია ან, პირიქით, მასპინძელი ტრანსპლანტატის წინააღმდეგ. ამ იმუნოლოგიურ პრობლემებს იმუნოდეპრესიული მკურნალობით ებრძვიან. მის ფონზე იმატებს თანდართული ინფექციების რისკი, რომლებიც, თავის მხრივ, ფართო სპექტრის ანტიმიკრობულ მკურნალობას მოითხოვს. არსებობს სხვა ორგანოთა დაზიანების ალბათობა და სხვა გართულებებიც.
ვინაიდან ქიმიოთერაპიის თანამედროვე პროგრამების წყალობით გამოჯანმრთელების მაჩვენებლები სულ უფრო იმატებს, საწყის ეტაპზე ტრანსპლანტაციას არ მიმართავენ – მიიჩნევა, რომ დაავადებას ასეც შეიძლება მოვერიოთ. ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციიის საკითხი აქტუალურად განიხილება უმთავრესად ლეიკემიის რეციდივის (გამწვავების) ან დაავადების რეზისტენტობის (ქიმიოთერაპიის უეფექტობის) შემთხვევაში.
– ამ თვალსაზრისით ალბათ ძალზე პერსპექტიული იქნება ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების შენახვა...
– რა თქმა უნდა, ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების ბანკი დიდი მნიშვნელობის სამომავლო საქმეა. საკუთარი ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია ხსნის იმუნოლოგიური გართულებების პრობლემას და ამაღლებს ოპერაციის ეფექტურობას.
– იკურნება თუ არა ლეიკემია?
– საზოგადოდ ჰემატოლოგია და, კერძოდ, ლეიკემიების მკურნალობა ძალზე აქტუალური თემაა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში განუწყვეტლივ ტარდება დიდმასშტაბიანი კვლევები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ვითარება დღიდან დღემდე იცვლება, ჩნდება პრეპარატები, რომლებიც რადიკალურად ცვლის გამოსავალს. მაგალითად, მწვავე ლეიკემიის ერთ-ერთი ფორმა, მწვავე პრომიელოციტური ლეიკემია, რომელსაც გამოვლენიდან მოკლე ხანში ყველაზე მაღალი სიკვდილიანობა ახასიათებდა, დღეს პროგნოზულად ყველაზე კეთილსაიმედოდ მიიჩნევა, რადგან აღმოაჩინეს მიზეზი – გენების ტრანსლოკაციის შედეგად ორგანიზმში ირღვევა A ვიტამინის სინთეზი და უჯრედები წყვეტს მომწიფებას, ამიტომ მის სამკურნალოდ ქიმიოთერაპიასთან ერთად დიდი დოზით იყენებენ A ვიტამინის დერივატს. დაავადება პრაქტიკულად განკურნებადი გახდა.
ქრონიკული მიელოლეიკემიის დროს სიცოცხლის ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 5-7 წელს. აქედან ბოლო 1-2 წელი – ბლასტური კრიზის ფაზა – პაციენტისთვისაც და მისი ახლობლებისთვისაც უმძიმესი გახლდათ. ეს პრობლემაც პრაქტიკულად მოგვარებულია – გამოჯანსაღების მაჩვენებელი 90%-ს აღემატება. აქაც აღმოჩენილ იქნა გენეტიკური დარღვევა, რომლის შედეგაც ირღვევა დაპროგრამებული სიკვდილის პროცესი და უჯრედები უსასრულოდ მრავლდება. თიროზინ-კინაზის ინჰიბიტორები სწორედ ამ დარღვევას აღმოფხვრის და უჯრედები ნორმალურ საციცოცხლო რეჟიმს უბრუნდება.
ეს მიღწევები ქიმიოთერაპიული პროგრამების დახვეწასთან ერთად იმედით განგვაწყობს, რომ საბოლოოდ ჰემატოლოგიის ყველა პრობლემა მოგვარდება. მართალია, ლეიკემია კვლავ უმძიმეს დაავადებად ითვლება, მაგრამ მისი დამარცხება უკვე შესაძლებელია, მომავალში კი, ვიმედოვნებთ, უკურნებელი შემთხვევები პრაქტიკულად აღარ იარსებებს.
მარი აშუღაშვილი

გააზიარე: