თმახუჭუჭა გოგოს მეთოდი - როგორ აღვიდგინოთ ბუნებრივი კულულები

გააზიარე:

ბოლო ხანს თმის ბუნებრივი სტრუქტურის აღდგენისა და შენარჩუნების ძლიერი ტენდენცია შეინიშნება. სულ უფრო მეტი ქალი ამბობს უარს აგრესიულ ქიმიურ პროცედურებსა და თერმოხელსაწყოებზე და ნაზ, დამზოგველ მოვლას ამჯობინებს, რომელიც თმის ჯანმრთელობაზეა ორიენტირებული.

გვინდა, გაგაცნოთ თმახუჭუჭა გოგოს მეთოდი (Curly Girl Methode, SemoklebiT — CGM) — თმის მოვლის პოპულარული სისტემა, რომელიც ბუნებრივად ტალღოვანი და ხვეული თმის სპეციფიკას არის მორგებული.

თუ არც იდეალურად სწორი თმა გაქვთ და არც მკვეთრი კულულები, შესაძლოა, საუკეთესო გამოსავალი თქვენთვის სწორედ CGM აღმოჩნდეს. სწორი მიდგომითა და რამდენიმე ძირითადი წესის დაცვით შესაძლებელია, ურჩი, ქაოსური ხვეულები უფრო სტრუქტურირებულ, ელასტიკურ და ჯანსაღ კულულებად ვაქციოთ.

როგორ შეიქმნა

მეთოდის ავტორია ლორეინ მესი (Lorraine Massey), ბრიტანელი სტილისტი, რომელმაც თავისი დაკვირვებები და გამოცდილება სისტემად ჩამოაყალიბა და ფართო აუდიტორიას წიგნ “თმახუჭუჭა გოგოს სახელმძღვანელოს” ("Curly Girl: The Handbook") მეშვეობით გააცნო.

1990-იანებსა და 2000-იანების დასაწყისში იდეალურად სწორი თმის კულტი იყო. ამ ტენდენციის გამო ხვეულთმიანების უმეტესობა ფენით, უთოთი ან ქიმიურად ისწორებდა თმას. შედეგად თმის ღერები თანდათან შრებოდა, ზიანდებოდა და სრულიად კარგავდა ბუნებრივ ფორმას.

ლორეინი თავადაც წლების განმავლობაში ებრძოდა კულულებს და თან წუხდა, რომ თმა მუდამ უსიცოცხლო და აბურდული ჰქონდა. პირადმა გამოცდილებამ ის თანდათან იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ პრობლემის თავიდათავი თმა კი არა, მოვლისადმი არასწორი მიდგომა იყო. ამ დაკვირვების საფუძველზე მესიმ შეიმუშავა სისტემა, რომელიც თმის ბუნებრივი სტრუქტურის შეცვლის ნაცვლად მისი სწორი მოვლისა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე ზრუნვის პრინციპს ეფუძნებოდა.

ინტერნეტის ეპოქაში სახელმძღვანელო ვირუსულად გავრცელდა. შეიქმნა ფორუმები, სადაც თმახუჭუჭა ადამიანები სიამოვნებით უზიარებდნენ ერთმანეთს გამოცდილებას. CGM მუდმივად განვითარებად, ცოცხალ პროცესად იქცა.

რა არის

თმახუჭუჭა გოგოს მეთოდი შექმნილია ბუნებრივად ტალღოვანი და ხვეული თმის სტრუქტურის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად. მისი მთავარი პრინციპი მარტივია: თმას ბუნებრივ ფორმა უნდა ვუნარჩუნებდეთ და გამუდმებით არ ვცდილობდეთ მის შეცვლას.

რატომ მოითხოვს ხვეული თმა განსხვავებულ მიდგომას?

სწორისგან განსხვავებით, ხვეულ თმაზე თავის კანის მიერ გამომუშავებული ბუნებრივი ცხიმი მთელ სიგრძეზე ვერ ნაწილდება. ამის გამო ხვეული თმა ბუნებრივად უფრო მშრალი, ფოროვანი, დაზიანებისადმი უფრო მგრძნობიარეა და ძნელად ინარჩუნებს ტენიანობას.

მეთოდი მიზნად ისახავს:

* თმის ინტენსიურ დატენიანებას და ტენიანობის შენარჩუნებას;

* მოვლის საშუალებებიდან აგრესიული ინგრედიენტების ― სულფატების, სილიკონის, ალკოჰოლის ― გამორიცხვას;

* ქიმიური და თერმული დაზიანებების შემცირებას.

ეს არის თანმიმდევრული მოვლის პროცესი, რომლის დროსაც თმა ეტაპობრივად აღიდგენს ტენიანობას, ელასტიკურობასა და ჯანსაღ სტრუქტურას.

ვისთვის არის

CGM საკმაოდ მოქნილი სისტემაა, თუმცა მისი ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თმის ტიპსა და მდგომარეობაზე.

თუ თმა ოდნავ ტალღოვანია, ადვილად იბურდება და კარგავს ფორმას, ჩურლყ Gირლ მეთოდი ტალღების უკეთ გამოკვეთასა და სტრუქტურირებაში დაგეხმარებათ.

კლასიკურად ხვეული და კულულებიანი თმა ხშირად მშრალი და ძნელად დასამორჩილებელია. ჩურლყ Gირლ მეთოდი ხელს უწყობს კულულების ფორმის შენარჩუნებას, მატებს თმას ელასტიკურობას და სძენს ბუნებრივ ბზინვარებას. შედეგად კულულები უფრო შეკრული და გამოკვეთილი ხდება და ცალკეულ, უფორმო ღერებად აღარ იშლება.

მჭიდრო, სპირალივით ხვეულ თმას სიმშრალისა და მტვრევადობისკენ განსაკუთრებული მიდრეკილება აქვს. ამ ტიპის თმის დატენიანება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩურლყ Gირლ მეთოდი ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას, ელასტიკურობის მომატებას, ზიანის შემცირებას.

შეიძლება თუ არა ამ მეთოდის გამოყენება სწორი თმისთვის? ― მისი განსაზღვრული ელემენტები შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სწორი თმა დაზიანებული, გამომშრალი ან ქიმიურად დამუშავებულია.

ვისთვის არ არის

* ბუნებრივად სწორი თმისთვის. Curly Girl მეთოდი ვერ შექმნის ხვეულებს იქ, სადაც ამას გენეტიკა არ ითვალისწინებს. თუ თქვენი თმა ბუნებრივად სწორია, ინტენსიური დამატენიანებლები მას უფრო მეტად დაამძიმებს და მოცულობას დაუკარგავს.

* მეტისმეტად თხელი თმისთვის. თხელი თმა ხშირად ვერ იტანს მძიმე დამატენიანებელ პროდუქტებს, ზედმეტად დავარდნილი ხდება და უსიცოცხლოდ გამოიყურება.

* ცხიმიანი თმისთვის. უსულფატო შამპუნები ყოველთვის სრულფასოვნად ვერ აცილებს ცხიმსა და ჭუჭყს. დაბანის შემდეგ ასეთი თმა უფრო მალე იბრუნებს ცხიმიან და ჭუჭყიან შესახედაობას.

სიფრთხილეა საჭირო თავის კანის ზოგიერთი პრობლემის, მაგალითად, სებორეული დერმატიტის, გამოხატული ქერტლის ან ძლიერი ცხიმიანობის დროს, რადგან შესაძლოა, სპეციალური სამკურნალო შამპუნი დაგჭირდეთ. ასეთ ვითარებაში უმჯობესია, მოვლის რეჟიმი ინდივიდუალურად შეარჩიოს სპეციალისტმა.

თმახუჭუჭა გოგოს რუტინა ნაბიჯ-ნაბიჯ

ნაბიჯი 1: დაბანა

ტრადიციული მოვლისგან განსხვავებით, ჩურლყ Gირლ მეთოდი გულისხმობს სულფატების შემცველი შამპუნების უფრო ნაზი, უსულფატო საშუალებებით ჩანაცვლებას ან ე.წ Co-washing-ს ანუ თავის დაბანას სპეციალური კონდიციონერით. სულფატები თმის ღერებს ბუნებრივ ცხიმს აშორებს, რაც განსაკუთრებით აშრობს ხვეული სტრუქტურის მქონე თმას.

Co-washing-ის დროს დაიდეთ სველ თმაზე სპეციალური კონდიციონერი (Co-washing) და თავის კანი, სულ მცირე, 60 წამის განმავლობაში ნაზად და საფუძვლიანად იმასაჟეთ თითებით. კონდიციონერი თმის მთელ სიგრძეზე გადაინაწილეთ. ვინაიდან ის არ ქაფდება, ჭუჭყის მოსაცილებლად მექანიკური მასაჟი ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლოს თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

თუ შედარებით თხელი თმა ან ნაკლებად გამოკვეთილი კულულები გაქვთ, შეგიძლიათ, რბილი, უსულფატო და უსილიკონო შამპუნი გამოიყენოთ. შამპუნი უმთავრესად თმის ძირებზე უნდა დაიდოთ — ჩამობანის დროს ის თმის მთელ სიგრძეზე ბუნებრივად განაწილდება.

ნაბიჯი 2: დატენიანება

დატენიანება ჩურლყ Gირლ მეთოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. დაბანის შემდეგ თმის შუა ნაწილიდან ბოლოებამდე უხვად წაისვით უსილიკონო კონდიციონერი, ისე, რომ თმა წყალმცენარესავით სრიალა გახდეს, მერე კი ფართოკბილება სავარცხლით ან თითებით ნაზად დაივარცხნეთ, რომ კონდიციონერი მთელ სიგრძეზე თანაბრად გადანაწილდეს. ნუ დაივარცხნით მშრალ თმას.

კონდიციონერის ჩამობანისას გამოიყენეთ ე.წ. ჭრაჭუნის (scrunching) ტექნიკა — თმა ქვემოდან ზემოთ ნაზად მომუჭეთ. ეს ხელს შეუწყობს ტენის შენარჩუნებას, კულულების ფორმირებას და თმის ღერში პროდუქტების უკეთეს გადანაწილებას.

თუ თმა განსაკუთრებით სქელი, ხვეული, მშრალი ან დაზიანებულია, რეკომენდებულია, კვირაში ერთხელ დამატებით გამოიყენოთ ინტენსიურად დამატენიანებელი თმის ნიღაბიც.

ნაბიჯი 3: სტაილინგი

სტაილინგის მთავარი მიზანია კულულების ფორმის დაფიქსირება, რათა გაშრობის შემდეგ თმამ სტრუქტურა შეინარჩუნოს და არ აიბურდოს, ამიტომ თავის დაბანის შემდეგ რეკომენდებულია ლეავე-ინ კონდიციონერის, კრემის ან გელის წასმა. ეს პროდუქტი თმას დამატებით ატენიანებს, მატებს ელასტიკურობას, ხელს უწყობს კულულების ფორმირებასა და ფიქსაციას.

სტაილინგის საშუალება, უმჯობესია, ნამიან თმაზე დაიდოთ პირსახოცით გაშრობამდე. გაინაწილეთ ხელისგულებზე და ხელები ნაზად ჩამოისვით თმის მთელ სიგრძეზე. ეს უზრუნველყოფს პროდუქტის თანაბარ განაწილებას ისე, რომ კულულის სტრუქტურა არ დაირღვეს. ბოლოს ისევ გამოიყენეთ სცრუნცჰინგ ტექნიკა ― თმის ბოლოები ხელში მოიქციეთ, ძირებისკენ აკეცეთ და ნაზად მოუჭირეთ.

თუ დამატენიანებელ კრემს და მასთან ერთად გელსაც იყენებთ, ჯერ კრემი წაისვით, მერე კი ― გელი, რომელიც კულულებს ფორმას უფრო მეტხანს შეუნარჩუნებს.

თმის ტიპის მიხედვით პროდუქტების სწორ შერჩევასაც დიდი მნიშვნელობა აქვს:

* თხელი თმისთვის უმჯობესია მხოლოდ მსუბუქი ტექსტურის გელი ან მუსი გამოიყენოთ, რათა თმა არ დამძიმდეს;

* სქელი, მშრალი და ძალიან ხვეული თმისთვის კი კრემისა და გელის კომბინაცია ხშირად უფრო ეფექტურ შედეგს იძლევა.

ნაბიჯი 4: გაშრობა

თმის გასაშრობად უბჯობესია გამოიყენოთ მიკროფაიბერის პირსახოცი ან რბილი ბამბის მაისური. პირსახოცი ან მაისური ბრტყელ ზედაპირზე დააფინეთ, თავი დახრეთ ისე, რომ თმა ქსოვილის ცენტრში მოექცეს, პირსახოცი თავზე შემოიხვიეთ და 15-20 წუთს გაჩერდით ამ მდგომარეობაში. ქსოვილი ზედმეტ ტენს შეიწოვს, თან კულულებს უფრო მეტად შეუნარჩუნებს ფორმას. თუ ბუნებრივად გაშრობის დრო არ გაქვთ, გამოიყენეთ ფენი მხოლოდ დიფუზორის თავით, დაბალ ტემპერატურასა და სიჩქარეზე.

მას შემდეგ, რაც თმა მთლიანად გაშრება, ხელისგულებით კვლავ ნაზად აზიდეთ კულულები ბოლოებიდან ძირებისკენ. ეს ტექნიკა გელის გამაგრებულ ზედაპირს არბილებს და თმას უფრო რბილ, ელასტიკურ და ბუნებრივ იერს აძლევს.

მთავარი პრინციპები

იმისთვის, რომ კულულებმა ჯანსაღი სტრუქტურა და ბზინვარება შეინარჩუნოს, რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ:

  • მაქსიმალურად ერიდოთ თმის თერმულად დამუშავებას. მაღალი ტემპერატურა ხვეული თმის მთავარი მტერია. ფენი და თმის უთო აორთქლებს ტენს, რის გამოც თმის ღერი ფოროვანი და მტვრევადი ხდება.
  • ერიდოთ ლითონისდეტალებიან თმის სამაგრებს, რომლებიც მექანიკურად აზიანებს თმის კუტიკულას; უპირატესობა მიანიჭოთ აბრეშუმს, ატლასს და სხვა რბილ ქსოვილებს, რომლებიც თმას ზედმეტი დაჭიმვისა და დაზიანების გარეშე აფიქსირებს.
  • თმას ხშირად არ შეახოთ ხელი, მშრალი თმის დავარცხნასაც ერიდოთ. ხვეული თმა, უმჯობესია, მხოლოდ სველი ივარცხნოთ, იდეალურ შემთხვევაში — შხაპის მიღებისას, სასურველია კონდიციონერის გამოყენებისას, ფართოკბილებიანი სავარცხლით ან თითებით.
  • რეგულარულად შეიჭრათ ბოლოები. თმის ჯანსაღი იერსახის შესანარჩუნებლად რეკომენდებულია ბოლოების შეჭრა 6-8 კვირაში ერთხელ. ეს ხელს უშლის გაყოფილი ბოლოების (ე.წ. ბოლოჭამიების) გავრცელებას, რაც დროთა განმავლობაში აზიანებს თმას.

გაითვალისწინეთ: Curly Girl მეთოდი სწრაფ შედეგზე არ არის ორიენტირებული. თმას აღსადგენად ხშირად რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე სჭირდება, რადგან დაზიანებული და გამომშრალი ღერი ეტაპობრივად იბრუნებს ბუნებრივ ტექსტურას. პირველ ეტაპზე ცვლილებები ყოველთვის არ არის იოლად შესამჩნევი, თუმცა სწორი და რეგულარული მოვლის პირობებში კულულები უფრო და უფრო გამოკვეთილი, ელასტიკური და ჯანსაღი ხდება.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: